ნეტგაზეთი • RU

დოპინგკონტროლი კონტროლის გარეშე



  საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს მონაცემებით, 2014 წელს 5 სპორტსმენს დაუდგინდა დოპინგის მოხმარება, მიმდინარე წელს კი აკრძალული ნივთიერების მოხმარებაში ერთი სპორტსმენია გამოვლენილი. როგორც საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს ვიცე-თავმჯდომარე თეიმურაზ უკლება ამბობს, „ეს რაოდენობა ჩვენნაირი ქვეყნისთვის ცოტა არ არის.“

 

 

 

„თუმცა არც კატასტროფული“, –  დასძენს თეიმურაზ უკლება, რადგან 2011-2012 წლებში ცხრა სპორტსმენს აღმოუჩნდა ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი. დოპინგი არის ნივთიერება, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში სიმხნევესა და მეტ ენერგიას მატებს სპორტსმენს. მისი გამოყენება აკრძალულია საერთაშორისო და სახელმწიფო სპორტული ორგანიზაციების მიერ. ხოლო მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო დევიზით – „Play True“ სპორტსმენებს მოუწოდებს რეალურად ითამაშონ.

 

მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს მონაცემებით (World Anti-Doping Agency), რომელიც სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი ორგანოა, რომელიც შეიმუშავებს და ადგენს ანტიდოპინგურ ღონისძიებებს, ასევე რეგულაციებს, აკრძალულია 6500-ზე მეტი დასახელების პრეპარატი. პრეპარატები სხვადასხვა კატეგორიად იყოფა. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ექიმის, ზურაბ კახაბრიშვილის თქმით, „აკრძალულ სიაში“ შედის პრეპარატები, რომელთა გამოყენებაც დაშვებულია თერაპიული მიზნისთვის და პრეპარატები, რომლებიც საერთოდ დაუშვებელია.

 

„2500 დასახელების პრეპარატი საერთოდ არ უნდა მიიღოს სპორტსმენმა, რაც არ უნდა ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდეს, ესენია ჰორმონებზე დამზადებული სინთეზური პრეპარატები“. ევროსაბჭოსა და იუნესკოს კონვენციები, რითაც სახელმწიფო დონეზე რეგულირდება სპორტში დოპინგის მოხმარება, სახელმწიფოებს ავალდებულებს გაატარონ ღონისძიებები და აღმოფხვრან დოპინგის გამოყენება სპორტში. ევროსაბჭოს კონვენცია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია 2004 წელს, ხოლო იუნესკოს კონვენციას საქართველო 2009 წლიდან შეუერთდა.

 

ქვეყანაში ანტიდოპინგური ღონისძიებების გატარება საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს პრეროგატივაა. სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით, 2014 წელს 251 სპორტსმენს ჩაუტარა დოპინგტესტირება, აქედან 124 ტესტი განხორციელდა ეროვნული ტესტირების პროგრამის ფარგლებში, 127 ტესტი კი – სხვადასხვა საერთაშორისო ფედერაციის, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოსა და სხვა სპორტული ორგანიზაციების შეკვეთების საფუძველზე.

 

2014 წელს აკრძალული ნივთიერება აღმოაჩნდა გურამ ფაშურიშვილს (მკლავჭიდელი, დისკვალიფიკაცია 2 წელი); ოთარ თავართქილაძეს (მკლავჭიდელი, დისკვალიფიკაცია 2 წელი); ალექსანდრე გილედანს (ძალოსანი, დისკვალიფიკაცია 2 წელი); ლევან ჯომარდაშვილს (ბოქსიორი, დისკვალიფიკაცია 2 წელი); გენო პეტრიაშვილს (თავისუფალი სტილით მოჭიდავე, დისკვალიფიკაცია 6 თვე).

 

თეიმურაზ უკლება ამბობს, რომ არსებობს სპორტის დისციპლინები, რომლებიც დოპინგის გამოყენების მაღალ რისკებს შეიცავენ, მაგალითად, ველოსპორტი, ძალოსნობა, მძლეოსნობა. აკრძალული ნივთიერების გამოყენება ძალოსნობაში წელსაც დადასტურდა. მიმდინარე წელს დოპინგტესტირება 193 სპორტსმენს ჩაუტარდა, 91 – ეროვნული ტესტირების პროგრამის ფარგლებში, ხოლო 102 ტესტი – საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების შეკვეთის საფუძველზე. აკრძალული ნივთიერება ორგანიზმში აღმოაჩნდა ძალოსან დავით გოგიას. „ფედერაცია დაბნეულია გოგიას ჩავარდნაზე“, – გვითხრა აჭარის ძალოსნობის ფედერაციის მთავარმა მწვრთნელმა აბესალომ ბასილიამ, რადგან დავით გოგიამ ორწლიანი დისკვალიფიკაცია ახლახან მოიხადა და შეჯიბრებისთვის ემზადებოდა.

 

„დავით გოგიას ორგანიზმში სტანაზოლოლი, იგივე პრეპარატი აღმოჩნდა, რაც გასულ წელს. მე, როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა, არ ვიცი, არც ნაკრების მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ და არც თვითონ სპორტსმენმა არ იცის როგორ აღმოჩნდა ეს ნივთიერება მის ორგანიზმში. აუცილებლად გამოსაძიებელია. საქმის კურსში ჩავაყენე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და რამდენიმე დღეში დაიწყება გამოძიების პროცესი. ერთი კვირაა რაც ფედერაციის პრეზიდენტი ვარ, აუცილებლად გავარკვევ ამ ამბავს და ინფორმაციას მივაწვდი საზოგადოებას“, – გვითხრა საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა. ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ სპორტის სამინისტროსთან დადებული მემორანდუმის ფარგლებში დავით გოგიას საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიძიებს. „დავით გოგია პოლონეთში იმისთვის იყო გასაუბრებაზე, რომ თავისი სიმართლე აეხსნა, ალბათ, რაღაც გავლენა მოახდინა მისმა საუბარმა, და იქ, სადაც ველოდებოდით სამუდამო დისკვალიფიკაციას, სიტყვიერად უთხრეს, რომ ხუთ წელზე იქნება საუბარი. ჯერ არ მიგვიღია წერილი სანქციების შესახებ და ველოდებით ოფიციალურ დასკვნებს“, – ამბობს ის.

 

ყოფილა შემთხვევები, როცა სპორტსმენს ჩემპიონობის ტიტული ჩამორთმევია. მაგალითად, 2015 წლის მაისში +105 კილოგრამ წონით კატეგორიში ევროპის ჩემპიონ ოლეგ პროშაკს ეს ტიტული მას შემდედ ჩამოართვეს, რაც დოპინგის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა და მის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერების, კონკრეტულად დეჰიდროქლორმეთილტესტოსტერონის არსებობა დადასტურდა. ასეთ შემთხვევებში ტიტული ავტომატურად ვიცე-ჩემპიონს გადაეცემა.

 

26 წლის ლევან ჯომარდაშვილი ამბობს, რომ შეჯიბრებისთვის ემზადებოდა და წონის დაკლების გამო შარდმდენი პრეპარატი „ფურასემიდი“ მიიღო, რის გამოც ორწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. „ეს ინფორმაცია უნდა მქონოდა, მაგრამ არ ვიცოდი თუ ფურასემიდი აკრძალულ ნივთიერებებს შეიცავდა. მე ვიტამინებსაც არ ვხმარობდი, რადგან არ მქონდა სურვილი და არც შესაძლებლობა. დოპინგკონტროლი რომ გავიარე, მკითხეს წამალი, ვიტამინი ხომ არ გაქვს მიღებულიო. „ფურასემიდი“ იმდენად არარეალურად მიმაჩნდა, წონის დაკლების გამო რომ დავლიე, არ დამისახელებია. მერე მომივიდა ფოსტით წერილი, რომ მქონდა დისკვალიფიკაცია“. ლევანი ამბობს, რომ დისკვალიფიკაციის შემდეგ სპორტს დაანება თავი. საკუთარი გამოცდილებიდან ის სპორტსმენებს მიმართავს, მეტი ყურადღებით იყვნენ ვიტამინებისა და პრეპარატების მიღების დროს, არ აქვს მნიშვნელობა რა მიზნით აკეთებენ ამას – წონის დაკლებისა თუ სხვა პროფილაქტიკური დანიშნულებისთვის.

 

როგორ იბრძვის სახელმწიფო დოპინგის წინააღმდეგ მაშინ, როცა არ არსებობს დოპინგის ამკრძალავი კანონი? სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც სპორტსმენისთვის შეიძლება აკრძალული იყოს, თავისუფლად შემოდის ქვეყანაში. გარდა ამისა, ოლიმპიური ნაკრების ექიმის, ზურაბ კახაბრიშვილის თქმით, სპორტსმენის დოპინგზე ჩავარდნის ერთ-ერთი რისკ-ფაქტორი ექიმის მიერ დანიშნული წამალიც არის. „მქონდა ასეთი შემთხვევა, სპორტსმენს რენტაბოლინი დაუნიშნა ექიმმა, მან არ იცოდა, რომ აკრძალულ პრეპარატებში შედიოდა ეს წამალი. ექიმმა აუცილებლად უნდა გაარკვიოს პაციენტი არის თუ არა სპორტსმენი და მას ჩვენ გარეშე არ დაუნიშნოს წამალი“, – თქვა მან „ბათუმელებთან“. თეიმურაზ უკლება ამბობს, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ინიციატივით აპრილში ევროკავშირის ექსპერტები იმყოფებოდნენ საქართველოში, რომლებმაც ორდღიანი სემინარი გამართეს. „თვის ბოლომდე ალბათ გვექნება სტრატეგია შემუშავებული დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომელიც საფუძვლად დაედება კანონს დოპინგის შესახებ“.




ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი