სიახლეები

წიგნი ქალაქზე, რომელიც შეიძლება ძალიან გიყვარდეს და მაინც ყოველდღე კარგავდე

26.07.2015 • 1639
წიგნი ქალაქზე, რომელიც შეიძლება ძალიან გიყვარდეს და მაინც ყოველდღე კარგავდე

 

სულხან სალაძე
სულხან სალაძე

ეს არის წიგნი იმ ქალაქის შესახებ, სადაც ყველა ერთიანად ცდილობდა გამდიდრებას და მთელი იმპერიიდან აწყდებოდნენ აქაურობას. აწყდებოდნენ და თანაც როგორ. დარბოდნენ, ყვიროდნენ, ეძებდნენ, პოულობდნენ, ქირაობდნენ და ყიდულობდნენ ყველაფერს. ბათუმი, ქალაქი პორტო-ფრანკოს სტატუსით.

 

„ბათომი“ ერთადერთი წიგნია იმ ქალაქის შესახებ, რომელიც 1883 წელს ორჯერ დაიბადა. ერთხელ როგორც „ნავთის ქალაქი“ და მეორეჯერ, როგორც ქალაქი, რომელშიც ორთქმავალი პირველად შევიდა. 

 

ეს წიგნი იმ ქალაქის შესახებაც არის, 1901-ში აკაკი რომ ჩამოვიდა ბათუმში და გიმნაზიელებმა ზედ სადგურზე გამოხსნეს ცხენები ეტლიდან. მერე მისცვივდნენ პოეტს, ჩასვეს ეტლში, თავად შეებნენ ცხენების მაგივრად და ასე მიიყვანეს ქალაქის მაშინდელ საკრებულოში.

 

ეს არის წიგნი დაუჯერებელი ამბით, თუ როგორ გახდა ლუკა ასათიანი ქალაქის პირველი არჩეული თავი და როგორ დატოვა ამ საქმეში ილია ჭავჭავაძისა და გრიგოლ ვოლსკის მონდომებამ წინასწარ მოზეიმე რუსები პირდაღებული.

 

მხოლოდ აქ, ამ წიგნში ნახავთ ამბავს პირველი კლასის სასტუმროს შესახებ, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში ბათუმში განვითარებული პოლიტიკური პროცესების უმთავრესი ეპიცენტრი იყო. სასტუმრო, რომელში გამართულ მოლაპარაკებებზეც ბათუმის საქართველოს შემადგენლობაში დარჩენის საკითხი გადაწყდა და დღეს ამ სასტუმროს შენობისგან აღარაფერია დარჩენილი.

 

კიდევ ამბავი სახლისა, რომელშიც ერთმანეთის მონაცვლეობით ცხოვრობდნენ ჯერ ბათუმის გენერალ-გუბერნატორი, მერე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი და ერთ-ერთი ვერსიით, 1921 წლის 21 თებერვალს სულაც ამ  სახლში მიიღეს დემოკრატიული საქართველოს პირველი კონსტიტუცია.

 

ამბავი კაცისა, ივანე მესხი რომ იყო და გრიგოლ ვოლსკისა და დავით კლდიაშვილთან ერთად იმაზე მეტი გააკეთა ბათუმის ქალაქად გადაქცევისთვის, ვიდრე ჩვენ ვიცით. ასევე ამბავი გენერალი მაზნიაშვილისა, იმ მაზნიაშვილისა, 1921-ში ქიაზიმ-ბეის კუდით ქვა რომ ასროლინა და ბათუმი საქართველოს შემადგენლობაში დატოვა.

 

და განა მარტო ეს ამბები? უცნობი და გულისამაჩუყებელი ისტორიები, რომლებიც შეიძლება მხოლოდ ბათუმში მომხდარიყო. მაგალითად, ისეთი, ქართულ-გერმანული სიყვარულის ისტორია რომ ჰქვია და კინოთეატრისა და ღვინის უცნაური ნაზავია. იმ ღვინისა, რომელმაც გერმანიაში გადახვეწილ შვილებს, მრავალი წლის შემდეგ, მამის საფლავი აპოვნინა სოუქსუზე, ბათუმში.

 

ამბები ადგილისა, სადაც ახალი პრესა პირველი მიჰქონდათ ბათუმში და საათი, რომლის ქვეშაც პაემნები ინიშნებოდა. შაქრო ლომთათიძის ცნობილი საპარიკმახერო. აი, იმ შაქროსი, კაცი რომ არ დარჩენია გაუკრეჭავი. „ღიმილის ბიჭებში“ რომ გადაიღეს და იქაც პარიკმახერი იყო. სციპიონ ბათუმელის ისტორია და მსოფლიოში ყველაზე მაგარი ბიჭიკოს ამბავი, ბათუმში რომ ცხოვრობდა. უცნობი ადგილები ქალაქიდან, სადაც ფაეტონის სადგომები იყო და თითქმის ერთწინადადებიანი საკამათო ჩანაწერი, თუ ვინ გაიარა პირველად  ბათუმში ავტომობილით.

 

უამრავი სხვა სევდიანი ამბავი ქალაქზე, რომელიც  დროსა და სივრცეში გაქრა. ძველი ბათუმის ორასამდე ფოტო, რომელთა დიდი ნაწილი სრულიად უნიკალურია და ასე ერთად თავმყორილს ვერსად ნახავთ. ფოტოისტორიები, რომლებიც სულ სხვა თვალით დაგანახებთ ქალაქს. ქალაქს, რომელიც შეიძლება ძალიან გიყვარდეს და მაინც ყოველდღე კარგავდე.

 

ახლა მხოლოდ ისღა დამრჩენია გითხრათ, რომ კარგად მოკალათდით, გადაშალეთ „ბათომი“ და დაიწყეთ მოგზაურობა ქალაქში. ქალაქში, რომელსაც, ვერასოდეს დაივიწყებთ.

იყო და არა იყო რა. იყო ბათომი…

 

გადაბეჭდვის წესი