სიახლეები

ბათუმის ფასიანი პლაჟი

26.07.2015 • 3074
ბათუმის ფასიანი პლაჟი

 

 

ბათუმის ზღვის სანაპიროზე, პლაჟზე არსებობს მონაკვეთები, რომლებიც მერიის განცხადებით, ფასიანია. სანაპირო ზოლის იჯარით გაცემის გამო, მოიჯარეები როგორც დამსვენებლებს, ასევე ადგილობრივ მცხოვრებლებს პლაჟის წინ ზღვაში შესვლასაც უზღუდავენ. როგორ არეგულირებს კანონი პლაჟის სარგებლობის წესებს და რისი უფლება აქვთ მოიჯარეებს?

 

ბათუმელი თიკო აბაშიძე ამბობს, რომ „ივერია ბიჩის“  მიმდებარედ, ზღვასთან ახლოს, მას კაფეს მენეჯერმა ზღვაში შესვლის უფლება არ მისცა:  „ ასლარიანი ადგილების წინ პირსახოცს არ დაგადებინებთო, მითხრა. მე არ ვყოფილვარ მათ ტერიტორიაზე, თითქმის ზღვასთან მეწყო ნივთები და ამის მიუხედავად, სანაპიროზე დაჯდომის უფლება არ მოგვცეს“. 

 

თიკოს აზრით, სანაპირო საზოგადოებრივი ადგილია და მერია ამ სივრცის შეზღუდვით მოქალაქეების უფლებას არღვევს. 

 

ბულვარის ხელმძღვანელი გიორგი ზირაქიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პლაჟზე არსებობს გარკვეული მონაკვეთები, რომლებიც ბულვარის დაქვემდებარებაში არ შედის.

 

„ასეთი ადგილებია „ივერია ბიჩის“ მიმდებარედ სანაპირო ზოლი; პლაჟი სასტუმრო „კემპინსკის“  წინ – ესეც არ გადმოუცია მერიას ჩვენთვის და ალბათ ეს მონაკვეთიც აღებული აქვთ სასტუმროს მფლობელებს სარგებლობაში. იგივე მდგომარეობაა საცხოვრებელ კომპლექს „მაგნოლიასთან“ მიმართებაშიც; პლაჟი გაცემულია კერძო მფლობელზე სასტუმრო „შერატონისა“ და „აკვაპარკის“  წინაც. „აკვაპარკს“ დაახლოებით ხუთი სექტორი აქვს აღებული“, – ამბობს გიორგი ზირაქიშვილი.   

როგორც ბათუმის ბულვარის ხელმძღვანელმა თქვა, პლაჟი ფასიანია კაფე-ბარ  „პიერ -ბათუმის“  წინაც.  

 

ბათუმის მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის, ქონების მართვისა და განკარგვის განყოფილების უფროსი რეზო ხახვა ამბობს, რომ მოიჯარეებს პლაჟზე ან სანაპიროს წინ ადამიანებისთვის გადაადგილების ან ზღვაში ჩასვლის შეზღუდვის უფლება არ აქვთ:

 

„ხელშეკრულებაში წერია, რომ მათ უნდა მოაწესრიგონ პლაჟი, დადგან ქოლგები, შეზლონგები, მოაწყონ ინფრასტრუქტურა, მაგრამ არსად წერია, რომ პლაჟზე დაჯდომის უფლება შეუზღუდონ მოქალაქეებს. ასე არ უნდა იყოს“.

 

რეზო ხახვას თქმით, ბუნებრივია, მოქალაქეები იჯარით გაცემულ ტერიტორიაზე თავიანთ შეზლონგებს ვერ დადგამენ, თუმცა ნაპირზე დაჯდომის ან მიმდებარედ ზღვაში ცურვის უფლებას ვერ აუკრძალავენ.  მისივე თქმით, თუ მოიჯარეები მოქალაქეებს პლაჟზე გადააგილებას შეუზღუდავენ, ამის თაობაზე მათ მერიას წერილობით უნდა აცნობონ: `წერილობით უნდა მოგვმართონ და ჩვენ მივცემთ გაფრთხილებას კაფე-ბარების მფლობელებს, რომ დაიცვან ხელშეკრულების პირობები“.

 

რეზო ხახვას ინფორმაციით, ექვს მოიჯარეზე სულ პლაჟის 11 სექტორია გაცემული, წლიური საიჯარო თანხა კი 129 690 ლარს შეადგენს.

 

 

გადაბეჭდვის წესი