ხვალ ქობულეთობა გაიმართება

 

 

13:30 – პროექტ ,,მეგობრობის ხეივანის“ პრეზენტაცია.


13:45 – გურჯაანის მუნიციპალიტეტთან დამეგობრების მემორანდუმის გაფომება. 


14:00 – ფოტოგამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ბოლო ორი წლის მანძილზე განხორციელებული პროექტების ფოტომასალა, ასვე მსოფლიო და ევროპის ქობულეთელ ჩემპიონთა და ქობულეთის 10 საინტერესო ტურისტული ადგილის ფოტოები.


14:30 – ეთნოგრაფიული კუთხეების დათვალიერება. ეთნოგრაფიულ სივრცეში წარმოდგენილი იქნება სამუზეუმო ექსპონატები და ქობულეთის სოფლების ეთნოგრაფიული კუთხეები, სადაც განთავსდება სოფლისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ნიმუშები, ხელნაკეთი ნივთები, რეწვის ნიმუშები, ასევე ქობულეთური სამზარეულო. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ბურმეს ჩახვევაში, ბორანოს მომზადებაში, თევზის შესუნელებაში.

 

15:00 – „თევზის კუთხის“ დათვალიერება. წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი მეთევზეების მიერ დაჭერილი ზღვის თევზის ნაირსახეობა. ადგილზე მოხდება თევზეულის მომზადება და დაგემოვნება.

 

16:00 – კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.
ზეიმის ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა სპორტული შეჯიბრებები ჭიდაობაში, ჭადრაკსა და ნარდში, ასევე გაიმართება ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოებული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.


21:00 – მაგდა ვასაძის სოლო კონცერტი – ზღვისპირა პარკის ამფითეატრი.


ლიტვის ელჩის – გიედრიუს პუოჯუნსის ვიზიტი აჭარაში

 

არჩილ ხაბაძემ ლიტვის ელჩს რეგიონის საინვესტიციო გარემო და ტურისტული პოტენციალი გააცნო. არჩილ ხაბაძის განცხადებით, მომავალში შესაძლებელი იქნება ლიტვის რომელიმე რეგიონისა და აჭარის რეგიონის დამეგობრება და პარტნიორობის გაგრძელება სხვადასხვა მიმართულებით.


 

 

გიედრიუს პუოჟიუნასს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე და საკრებულოს თავმჯდომარემ სულხან ოქროპირიძეც შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა განხორციელრებულ ერთობლივ პროექტებსა  და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.



ელჩმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად ქობულეთის მუზეუმი დაათვალიერა. რამდენიმე წლის წინ ლიტვის სახელმწიფოს დახმარებით ქობულეთის მუზეუმის შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. 


ქობულეთის მუნიციპალიტეტი რამდენიმე წელია ლიტვის ქალაქ პალანგასთან მეგობრობს და სექტემბრის თვეში პალანგაში ვიზიტი იგეგმება.



ავტოავარია ბათუმში

 

მოტოციკლეტი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს ბათუმის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან შეეჯახა. საავადმყოფოში გადაყვანილია მოტოციკლეტის მძღოლი. შემთხვევის ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც.

სარფის საბაჟოზე შსს-მ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი 120 აბი ამოიღო

შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაკავებულის ხელბარგის ჩხრეკისას, 0,9 გრ ნარკოტიკული საშუალება კოდეინის მარილის შემცველი 60 აბი სამედიცინო პრეპარატი „დოლადამონი“ და 3,6 გრ ფსიქოტროპული ნივთიერება ფსევდოეფედრინის შემცველი 60 აბი სამედიცინო პრეპარატი „სუდაფედი“ ამოიღეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს აღნიშნული 120 აბი სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოჰქონდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვის და საქართველოში ფსიქოტროპული ნივთიერების დიდი ოდენობით უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 263-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

მსოფლიო ჩემპიონატი ბიატლსა და ტრიატლში ბათუმში გაიმართება

 


ჩემპიონატის პროგრამა:


18 სექტემბერი

  • 09:30-13:00 ტრიატლის მიქს ესტაფეტა
  • 13:00 შეჯიბრის გახსნის ცერემონიალი

19 სექტემბერი

  • 10:00-16:00 ტრიატლი ინდივიდუალური შეჯიბრი

20 სექტემბერი

  • 10:00-16:00 ბიატლი ინდივიდუალური შეჯიბრი
 ჩემპიონატი თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირისა და საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდის და ტრიატლონის ეროვნულ ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება.

 

პოლიციელი: ”ბრალდებული ბულვარში ორფეხა ძაღლებს გვეძახდა”

 

საპატრულო პოლიცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან
საპატრულო პოლიცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან

პირველი სასამართლო პროცესი მოსამართლემ იმიტომ გადადო, რომ მხარეებმა ფაქტები სადაოდ გახადეს, მოსამართლემ კი მათ მოწმეების მოყვანა დაავალა. გასულ კვირას, განმეორებით პროცესზე, მოწმის სახით სასამართლომ ორი პოლიციელი დაკითხა. ორივე პოლიციელი 8 აგვისტოს ღამეს, ბათუმის სანაპიროსთან, კლუბ „სექტორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებდა.
განმეორებით პროცესზე ბრალდებულმა თქვა, რომ ნასვამ მდგომარეობაში იყო და დეტალები არ ახსოვს.

 

„თქვენ წინა სასამართლო პროცესზე ამბობდით, რომ უდანაშაულო იყავით, პოლიციელების მიერ მოყვანილ ფაქტებს სადაოდ ხდიდით. ახლა ამბობთ, რომ ინანიებთ და ბოდიშს იხდით, რატომ შეიცვალეთ აზრი? რა მოხდა?“ –  ჰკითხა მოსამართლემ ბრალდებულს, რომელმაც თქვა, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დეტალები კარგად არ ახსოვს.

 

პოლიციელმა ომარ აბაშიძემ, რომელიც სასამართლომ მოწმის სტატუსით დაკითხა, სასამართლოს უთხრა: „სამართალდარღვევაში ბრალდებული დისკო კლუბ „სექტორთან“ იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. იგინებოდა და ჩვენ, პოლიციელებს გვეძახდა ორფეხა ძაღლებს. მოვუწოდეთ სიმშივიდისკენ, მოგვაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეურაცხყოფის მოყენებას აგრძელდებდა მას შემდეგ, რაც ის დავაკავეთ და განყოფილებაში გადავიყვანეთ“.

 

მოწმის სახით სასამართლოს ჩვენება ბათუმის მე-6 განყოფილების გამომძიებელმა ირაკლი მიქელაძემაც მისცა: „ჩვენ და ასევე მივლინებაში მყოფი ჩვენი კოლეგები თბილისიდან ზღვისპირა პარკში ვმორიგეობთ 24 საათის განმავლობაში. გაძლიერებული პატრულირება იმიტომ მიმდინარეობს, რომ ეს პრევენციაა, დანაშაული არ მოხდეს, ბევრი დამსვენებელია. კლუბ „სექტორთან“ დაახლოებით ღამის პირველ საათზე იგინებოდა და ილანძღებოდა ახალგაზრდა მამაკაცი. იქ დადიან მოქალაქეები, ამ ხმაურზე კი მათი სიმყუდროვე ირღვეოდა. მე, ბატონო მოსამართლევ, მრცხვენია იმ სიტყვების გამეორება სასამართლოს წინაშე, რასაც ის გაიძახოდა. წვრილმანი ხულიგნობის გამო ის დავაკავეთ და ჩავსვით მანქანაში, გადავიყვანეთ პოლიციის შენობაში, ის გვიგდებდა აბუჩად და გვიწევდა წინააღმდეგობას“.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მოსამართლეს ყველაზე მკაცრი სასჯელის გამოყენება სთხოვა: „ჩვენ მოგვაყენა შეურაცხყოფა და არ მინდა ეს წახალისდეს“.

 

მოსამართლე დაინტერესდა, სამართალდარმღვევი რატომ იყო აგრესიული, თუმცა მან ამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო: „მე მაინტერესებს პოლიციელების მიმართ რატომ ხართ აგრესიული, ისინი ხომ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას იცავენ? ამჯერად გამოვიყენე ნაკლებად მძიმე სასჯელი, თუმცა გპირდებით, ფაქტის განმეორების შემთხვევაში, თუ თქვენი საქმე ისევ მე დამეწერება, ვიქნები ძალიან მკაცრი“.

 

ბრალდებული მამაკაცი 30 წლისაა. სასამართლომ ის ხულიგნობის გამო 100 ლარით დააჯარიმა, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო კი – 250 ლარით. უფრო მაღალმა სასჯელმა შთანთქა დაბალი სასჯელი და საბოლოო ჯამში, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სამართალდარღვევაში ბრალდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ 250 ლარის გადახდა დაევალა. კანონი ამ ბრალდებისთვის მაქსიმუმ ორი ათასლარიან ჯარიმას ან პატიმრობას ითვალისწინებს.

 

მოსამართლის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების დროს მან გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა აღიარა და მოინანია თავისი საქციელი.

რას აკეთებს უსკო? – ”მინდორში ვერ გავა ხორბლის დასათესად”


არჩილ მიქელაძე

„ჩვენი მოვალეობა არჩევნების ჩატარებაა. თუ არ არის არჩევნები, მას ვერ ვატარებთ, ანუ ამ დროს ძირითადი საქმე არ გვაქვს. რაც შეეხება არჩევნებს შორის პერიოდს. ეს გასული არჩევნების შეჯამების, ინფორმაციის თავმოყრის, ვებგვერდზე ატვირთვისა და სისტემატიზაციის პერიოდია. ხშირად არასამთავრობოები საუბრობენ, რომ უსკოს საქმე არ აქვს. ის, რომ როცა არჩევნები არ არის, ძირითადი საქმე არ გვაქვს, რეალობაა. როგორ წარმოგიდგენიათ, რა უნდა აკეთოს ამ დროს უსკომ? – ის საარჩევნო ადმინისტრაციაა და მინდორში ვერ გავა ხორბლის დასათესად, ვერც ქალაქის ინფრასტრუქტურას მიხედავს. ჩვენი მისიაა, ასევე, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდა, რომელიმე წევრი გავიდა უმაღლესი საბჭოდან, მზად ვიყოთ ახალი არჩევნების ჩასატარებლად“, – ამბობს უსკოს თავმჯდომარე არჩილ მიქელაძე.

უსკოს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის, ფრიდონ ბათნიძის ინფორმაციით კი, არასაარჩევნო პერიოდში უსკო „მიმდინარე საქმეებით“ შემოიფარგლება. `ზოგჯერ პარტიები მოდიან კითხვებით, მათ იურიდიულ კონსულტაციას ვუწევთ“.

კანონმდებლობით უსკოს საქმიანობას აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონი და უსკოს რეგლამენტი არეგულირებს. უმაღლესი საბჭოს არჩევნები ერთადერთი არჩევნებია, რომლის ჩატარებაზეც უსკოა პასუხისმგებელი. ამ არჩევნებს ის მუნიციპალიტეტების საარჩევნო ოლქებისა და მასზე დაქვემდებარებული უბნების დახმარებით ატარებს. სხვა დროს ოლქები უსკოს არ ექვემდებარებიან და არც უსკოა მათ საქმიანობაზე პასუხისმგებელი. უსკო არც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ექვემდებარება.

უსკო პასიურ რეჟომშია, როცა ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის, საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, თუ მათ შორის რომელიმე დროში უმაღლესი საბჭოს არჩევნებს არ დაემთხვა. უსკომ ბოლოს არჩევნები 2012 წლის ოქტომბერში ჩაატარა. მას შემდეგ თითქმის სამი წელი გავიდა, ანუ ამდენივე დრო ჰქონდა უსკოს, თავმჯდომარის არჩილ მიქელაძის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ინფორმაციის სიტემატიზაციისთვის“.

მიუხედავად გრძელვადიანი პასიური პერიოდისა, უსკოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არასრულია. მართალია, უსკოს მიერ გამოცემული აქტები ატვირთულია, თუმცა გრაფაში „პროაქტიული გამოქვეყნება“ მხოლოდ იმის გაგება შეიძლება, თუ ვინ არის უსკოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხიმგებელი პირი.

უსკოს ვებგვერდზე არ იძებნება პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ მთავრობის დადგენილებით მოთხოვნილი ინფორმაცია მივლინებების, შესყიდვების, გაცემული პრემია-დანამატების შესახებ და არც უსკოს მუშაობის შესახებ ანგარიშებია ატვირთული. უსკოში ამბობენ, რომ „ინფორმაცია ასატვირთია“.

უკვე ატვირთული ინფორმაციის მიხედვით კი, 2015 წელს უსკოს ერთი სხდომა ჩაუტარებია. სხდომაზე ორი საკითხი განუხილავთ: პირველი – საარჩევნო კომისიის წევრებსა და აპარატის თანამშრომლებზე გასაცემი დანამატის ზღვრული ოდენობის განსაზღვრა იყო, მეორე კი – აპარატში საჯარო ინფორმაციის გამცემისა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის შერჩევა.

საიტზე ატვირთულ ოქმში წერია: „დანამატი განისაზღვროს თანახმად დანართისა“, ხოლო დანართი ატვირთული არ არის. რაც წესით ისეთივე საჯარო ინფრომაციაა, როგორც უსკოს თავმჯდომარის განკარგულება ან რაიმე სხვა აქტი.

უსკოს თავმჯდომარის ინფორმაციით, დანამატის ოდენობა სარგოს 75% პროცენტით განსაზღვრეს ყველა თანამშრომელზე, მიუხედავად რანგისა: „თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დანამატი ყოველთვის სარგოს 75 %-ის ოდენობით გაიცემა. შეიძლება ეს იყოს 50-60% და მისი გაცემის ინტენსივობაც ფინანსებზე იქნება დამოკიდებული.“

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: აჭარის კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ საარჩევნო პერიოდში უსკოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებზე გასაცემი ანაზღაურების გაორმაგებას ითვალისწინებს. „საარჩევნო პერიოდში, სამი თვის განმავლობაში, ხელფასი ორმაგდება“. ანუ, ამ დროს უსკოს თავმჯდომარის ხელფასი 5000 ლარს აღწევს, სამსახურის ხელმძღვანელის ხელფასი კი 3000-მდე ლარს.

სხდომა უსკოში

სხდომა უსკოში

უსკო და ამომრჩეველი: კითხვაზე, რატომ არ შეიძლება უსკომ იზრუნოს ამომრჩეველის ცნობიერების ამაღლებაზე მაშინ, როცა ის არჩევნების სამზადისით არ არის დატვირთული, გადაამზადოს საარჩევნო მოხელეები, მოაწყოს საჯარო შეხვედრები? _ უსკოს თავმჯდომარე პასუხობს: „როცა ენჯეოები საუბრობენ: უსკოს რა ენაღვლება საქმე არა აქვსო, ამბობენ, რომ კარგი იქნება უსკომ სწავლების ცენტრი გააკეთოს. ამ დროს არავინ ამბობს, რომ ამას სჭირდება სახსრები. თანაც ჩვენ ადამიანური რესურსი არ გვეყოფა“.

უსკოს თავმჯდომარე იმასაც ადასტურებს, რომ მსგავსი იდეის დასაფინანსებლად უმაღლესი საბჭოსთვის არასოდეს მიუმართავს. მისივე ინფორმაციით, მსგავს პროექტს ცენტრალური საარჩევნო კომისია ახორციელებს, ამიტომ იდენტური ცენტრის შექმნა ორმაგი რესურსის ხარჯვა იქნებოდა.

კანონმდებლობით უსკოს თავმჯდომარისა და წევრის უფლებამოსილების ვადა 5 წლით განისაზღვრება, გარდა კანონით განსაზღვრული წესით პოლიტიკური გაერთიანებების მიერ დანიშნული კომისიის 8 წევრისა, რომელთა უფლებამოსილების ვადაც არჩევნების დანიშვნიდან ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობამდე მონაკვეთით განისაზღვრება, ხოლო შუალედური ან ხელახალი არჩევნების შემთხვევაში არჩევნების შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე.
უსკოს თავმჯდომარეს ან წევრს (გარდა პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრებისა) გათვალისწინებული უფლებამოსილების ვადა უწყდება ახალარჩეული თავმჯდომარის ან წევრის არჩევის შესახებ უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან. უსკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრი. უსკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი წევრობის უფლებამოსილების შეწყვეტას. უსკოს თავმჯდომარესა და 5 წევრს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის წარდგინებით, ირჩევს უმაღლესი საბჭო. უსკოს თავმჯდომარეობის ან წევრობის კანდიდატები ირჩევა ღია კონკურსის წესით.

უსკოს სამი ახალი წევრი უმაღლესმა საბჭომ 6 აგვისტოს დაამტკიცა. უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით უსკოს ახალი წევრები არიან: ზურაბ გოლიაძე, რამაზ გოლომანიძე და თორნიკე მჟავანაძე.

კითხვა: უსკო რომ არ იყოს ? – უსკოს თავმჯდომარემ „ლეგიტიმურ კითხვად“ შეაფასა, მისი თქმით ან არ უნდა იყოს უსკო ან მას ფუნქციები უნდა დაემატოს: „სხვა ფუნქციებთან ერთად კარგი იქნება თუ  თვითმმართველობის არჩევნების ორგანიზებაშიც მიიღებს უსკო მონაწილეობას.“

უნდა იყოს თუ არა უსკო და რა დააკლდება აჭარას, თუ ის არ იქნება – ეს უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტია, თუმცა საკითხი ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას.

საბჭო აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადაყენებაზე მსჯელობას იწყებს

 

ტელევიზიის დირექტორის, სოსო სტურუას გადაყენების მოთხოვნით ბეჟან გობაძემ ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს გასულ კვირას მიმართა. დირექტორის გადაყენებას ხუთწევრიანი საბჭოს სამი წევრი თუ დაუჭერს მხარს, მაშინ სოსო სტურუა გადაყენებული იქნება. თუ საბჭოს ერთი წევრი თავს შეიკავებს და ხმები თანაბრად გადანაწილდება, დირექტორი თანამდებობაზე რჩება.

 

საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ნატა იმედაიშვილი არ გამორიცხავს, რომ დირექტორის გადაყენების მოთხოვნის პროცესი შეიძლება პოლიტიკური ძალების მიერ იყო ინსპირირებული. საბჭოს ის წევრები, რომლებიც დირექტორის გადაყენებას ითხოვენ, ანუ ირაკლი დარცმელიძე და ბეჟან გობაძე, საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არიან წარდგენილები. თავის დროზე მათ ამ პოზიციაზე დამტკიცებას სახელისუფლებო დეპუტაციამ უმაღლეს საბჭოში მხარი არ დაუჭირა. ირაკლი დარცმელიძე და ბეჟან გობაძე სასამართლო დავების შედეგად, რამდენიმე თვის წინ დაინიშნენ თანამდებობაზე.  

 

აჭარაში მშენებარე სკოლები

 

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და 2015 წელს დასრულება. ქვეპროგრამის „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შპს „კავკასუს ინვესტს „ შორის 2015 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ხელშეკრულება სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლის შენობის დასრულების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე.

 

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 182 855 ლარით, ხოლო მთლიანად შენობის მშენებლობისა და მოწყობის ღირებულება შეადგენს 930 000 ლარს.

სკოლის შენობის მშენებლობა დაიწყო 2013 წელს, თუმცა კომპანია შპს „ნიუ კონსტრაქშენმა“ სამუშაოების დასრულება შესაბამის ვადაში ვერ შეძლო, რის გამოც მასთან მიმდინარე წელს შეწყდა ხელშეკრულების მოქმედება და დარჩენილ სამუშაოებზე გამოცხადდა ახალი ტენდერი. პროექტის მიხედვით სკოლის შენობა არის 3 სართულიანი, დაკავშირებული ცალკე არსებულ სპორტულ დარბაზთან. სრული რემონტი ჩაუტარდა საკლასო ოთახებს და სხვა დანიშნულების ფართებს. განთავსდება სველი წერტილები და დამხმარე სათავსოები. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, კერძოდ მოეწყობა პანდუსი და შესაბამისი სველი წერტილები. სამუშაოები უნდა დასრულდეს 2015 წლის 22 ოქტომბრამდე. სკოლაში სწავლობს 292 მოსწავლე და დასაქმებულია 23 პედაგოგი.

ბათუმის N1 საჯარო სკოლის 7-8-9 კლასის მოსწავლეთათვის უკვე წლების განმავლობაში სასწავლო პროცესი ცალკე განთავსებულ შენობაში მიმდინარეობს. 2015 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლის მიმდებარედ დაიწყო ახალი კორპუსის მშენებლობა, რომელიც გათვლილია 300 მოსწავლეზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შპს „ბილდ მენეჯმენტს“ შორის 2015 წლის 11 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება სსიპ ბათუმის N1 საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობის სამუშაოების (2015-2016 წელი) სახელმწიფო შესყიდვაზე. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 1 006 855 ,66 ლარით. პროექტის მიხედვით არსებული სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენდეს დამოუკიდებელი 4 სართულიანი შენობა. პირველ, მეორე და მესამე სართულებზე განთავსდება საკლასო ოთახები, ხოლო მეოთხე სართულზე სპორტული და სააქტო დარბაზები. განთავსდება ასევე სველი წერტილები და დამხმარე სათავსოები. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. შენობაში დამონტაჟდება სამგზავრო ლიფტი. მშენებლობა უნდა დასრულდეს 2016 წლის 1 სექტემბრამდე, ამ დროისათვის დასრულებულია საძირკვლის სამუშაოები. სკოლაში სწავლობს 1934 მოსწავლე და დასაქმებულია 123 პედაგოგი.

რას ნახავენ ტურისტები მაღალმთიან აჭარაში

მახუნცეთი/ფოტო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი

თემურ დევაძეს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის ცენტრში საოჯახო ტიპის სასტუმრო აქვს. იგი ამბობს, რომ ერთდროულად 6-8 სტუმრის მიღება შეუძლია. ერთი ადამიანი 50 ლარად სამჯერადი კვებით – ასეთია საოჯახო ტიპის სასტუმროს ფასი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში. თემური „ბათუმელებთან” ამბობს, რომ ხელშეკრულებით დაქირავებული ჰყავს ათი ავტომანქანა და სურვილის შემთხვევაში სტუმრებს ტურისტულ მარშრუტს სთავაზობს. მისივე თქმით, გასულ წელთან შედარებით წელს უცხოელი ტურისტების რაოდენობამ სოფელში იმატა. სოფელს სტუმრობენ ქართველი დამსვებელებიც, თუმცა ქართველი ტურისტები სოფელში ღამისთევით იშვიათად ჩერდებიან.
“ახალგაზრდები ამოდიან ერთი დღით და უკან ბრუნდებიან, ჩვენთან რამდენიმე დღით 35 წლის ზემოთ ადამიანები რჩებიან”, – ამბობს თემური.

ფოტო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი

საფეხმავლო ტური სოფელ მერისის გარშემო, ბუნებისა და კულტურის ძეგლების მონახულება (ნამონასტრევის ჩანჩქერი, მერისის ისტორიული მუზეუმი) ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თემური ამბობს, რომ უცხოელ ტურისტებს ყველაზე მეტად ველური ბუნება მოსწონთ, აჭარული სამზრეულოდან კი ყველაზე მეტად – ხაჭაპური. ამ სოფელში მყოფ ტურისტებს შეუძლიათ გასინჯონ ახლომდებარე სოფლის, გუნდაურის მინერალური წყალი, რომელიც ერთ-ერთი მოსახლის ეზოში მიწიდან ბუნებრივად ამოდის. ადგილობრივი მოსახლეობა მას სასმელად იყენებს.

სოფელ გუნდაურში ტურისტებს შეუძლიათ გაგრილდნენ მდინარე აკავრეთაში. მიუხედავად იმისა, რომ საბანაო არც ისე ღრმაა, ზაფხულობით იგი ადგილობრივებისა და მათი სტუმრების საყვარელი ადგილია, რადგან ძალიან გრილა.
სოფელ მერისის გარშემო ბევრი ჩანჩქერი, იქვე ახლოს კი საპიკნიკე ადგილია. ბათუმიდან ქედის მიმართულებით ტურისტს შესაძლებლობა აქვს მოინახულოს: “აჭარული ღვინის სახლი”, მახუნცეთის თემში, საავტომობილო გზასთან ახლომდებარე ისტორიული ძეგლი – თამარის ხიდი, მახუნცეთის ჩანჩქერი; პირველი მაისის თემში – ცივასულას ციხე-კოშკი, მიწის ხიდი, შერვაშიძეების მარანი; დაბა ქედაში – ისტორიული მუზეუმი, ზვარეს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. სოფელ გობრონეთის მიმდებარედ შესაძლებელია წონიარისის, ლატევრას, ცხმორისის ხიდებისა და ახოს მეჩეთის ნახვა.

შუახევის მუნციპალიტეტში, სოფელი ნიგაზეულში (ბათუმიდან – 78 კმ, ზღვის დონიდან – 800 მეტრი) ვიზიტისთვის საუკეთესო დროა გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა. სოფელი ნიგაზეული მდებარეობს ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე, რომელიც მდინარე აჭარისწყლის ხეობას მიუყვება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ამ გზაზე გირჩევთ გაჩერებას დანდალოს ხიდთან, აქვე მსურველებს შეგიძლიათ ოთოლთისა და კავიანის ციხეებზე ასვლა, ჭვანას ხიდის მონახულება.

მაჭახელა/ფოტო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი

დანდალოს ხიდი გზასთან სულ ახლოსაა, ხოლო ოთოლთის ციხე – გზიდან 2,3 კმ-ის მოშორებით.

ღირსშესანიშნაობები: ნიგაზეულის ციხე-გალავანი (XVIIIს), მეჩეთი და მუზეუმი, ყველა ეს ობიექტი მდებარეობს სოფლის ტერიტორიაზე. ნიგაზეულის ჩანჩქერის სიმაღლე დაახლოებით 20 მეტრია. ჩანჩქერი სეზონურია და მხოლოდ გაზაფხულზე ჩამოედინება. სხვა სეზონზე, ძირითადად დამშრალი ან გაყინულია. ჩანჩქერთან მისასვლელი გზა რთულია, ამიტომ ბევრს შორიდან დათვალიერება ურჩევნია. სოფლის ქვემოთ, ნიგაზეულის გადასახვევთან, არის ფურტიოს ხიდი, აქვეა რესტორანი, აგრეთვე საპიკნიკე და დასასვენებელი ადგილები. შესაძლებელია საცხენოსნო და საფეხმავლო ტურების მოწყობა ჩანჩხალოს ციხეზეც. სამარშრუტო ტაქსი “ბათუმი-ნიგაზეული” ბათუმის ავტოსადგურიდან ყოველ დღეს გადის. მგზავრობის ფასი 5 ლარია.

კურორტი ბეშუმი ბათუმიდან 123 კმ-ში, ხულოს მუნცალიტეტში მდებარეობს. აქ ვიზიტისთვის საუკეთესო დრო ზაფხულია. ბეშუმი არსიანის ქედის აღმოსავლეთ ფერდობზეა შეფენილი, (გოდერძის უღელტეხილიდან 7 კილომეტრი, სიმაღლე- ზღვის დონიდან 2000 მეტრი). კურორტი გარშემორტყმულია წიწვოვანი ტყეებით. ბეშუმი საუკეთესო კურორტია მათთვის, ვისაც სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები და ბრონქიალური ასთმა აწუხებს. კურორტი ფუნქციონირებს ივნისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის დასაწყისამდე. აგვისტოს შუა რიცხვებში აქ ტრადიციული სახალხო დღესასწაული შუამთობა ტარდება, შუამთობის ყველაზე ეფექტური სანახაობა კი დოღია. კურორტი თოვლითაა დაფარული ნოემბრიდან აპრილამდე.

გოდერძის უღელტეხილი. ფოტო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი

ბეშუმთან ახლოს, გოდერძის უღელტეხილის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს ულამაზესი ტბა, რომელსაც ადგილობრივები “მწვანე ტბას” უწოდებენ. ტბა ნაძვნარითა და წიფლნარით შემოსაზღვრულ უზარმაზარ მთებს შორისაა მოქცეული. ტბას მიწისქვეშა წყაროები ასაზრდოებს. წყალი ისეთი კამკამაა, სარკესავით ირეკლავს მთებს. ტურისტებს შორის ეს ადგილი ხულოს მუნიციპალიტეტში ყველაზე პოპულარულია.

მწვანე ტბა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლის, თამუნა კაიკაციშვილის ინფორმაციით, ტურისტების რაოდენობაზე სტატისტიკური ინფორმაცია ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია. მისი ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით წელს მაღალმთიან აჭარაში ტურისტების რაოდენობამ იმატა. განსაკუთრებით ბევრი ტურისტი ღვინის სახლებს სტუმრობს, უკრაინელები ველომარშრუტს ირჩევენ. ბათუმის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში მაღალმთიანი აჭარიდან ყველაზე მოთხოვნადი მახუნცეთის ტურია, ხოლო თავად მაღალმთიან აჭარაში პოპულარობით სარგებლობს შემდეგი ტურისტული ობიექტები:

ქედა:
მახუნცეთის ხიდი და ჩანჩქერი; 2. ზენდიდის ციხე; 3. ზვარეს ეკლესია; 4. დანდალოს ხიდი.

ხულო:
თაგოს საბაგირო გზა; 2. მწვანე ტბა; 3. სხალთის მონასტერი 4. ხიხანის ციხე

შუახევი:
სელიმ ხიმშიაშვილის მუზეუმი და ციხე გალავანი; 2. ფურტიოს თაღოვანი ხიდი; 3. თამარის ციხე; 4. ოთოლთას ციხე.

ტრენინგი ბავშვთა საკითხების გაშუქებაზე [ანონსი]

 

ტრენინგი ერთდღიანია და გაიმართება 2015 წლის, 12 სექტემბერს, შაბათს, დილის 11:00 სთ-დან, საღამოს 18:00 სთ-მდე,  ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. ტრენინგი იმართება გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) პროექტის „ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში“ ფარგლებში.

ტრენერები: ნინო ჯაფიაშვილი, ზვიად ქორიძე

მონაწილეობის მსურველებმა,  განაცხადი და რეზიუმე უნდა გააგზავნოთ 2015 წლის, 6 სექტემბრის 18:00 სთ-მდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: trainingcharter@gmail.com

მიმტანი ხომ არ გჭირდებათ?!

 

კახა გურგენიძე

სეზონზე ბათუმში მართლაც შეგიძლია ბევრი ფული იშოვო მიმტანმა. ცხადია, მეც, დამიმთავრდა გამოცდები თუ არა, გადავწყვიტე მუშაობა ამ პოზიციაზე. ყოველთვის, როდესაც შედიხარ რესტორანში, პირველად გიყურებენ როგორც სტუმარს, გიღიმიან და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც გაიგებენ, რომ “სამუშაოს თაობაზე ხარ მისული”, რატომღაც მენეჯერებს სახიდან დაყენებული ღიმილი უქრებათ და ღებულობენ მედიდურ, ისეთ სახეს, რომ გასაუბრებაზე “ენა ჩაგივარდება”.

 

პირველ რიგში გეკითხებიან რა ენებს ფლობ? ეს კითხვა დიდად არ მაწუხებს, მაგრამ ბევრისთვის ეს სერიოზული დაბრკოლებაა. ვეუბნები, რომ ინგლისურად, რუსულად და ქართულად ვლაპარაკობ. ბოლოზე ყბა ეღრიცებათ. შემდეგ გამოცდილებას მიმოწმებენ. ისე დავრწმუნდი, რომ ამ საკითხში მენეჯერის “დაბოლება” ყველაზე მარტივია, არ ამოწმებენ მართლა თუ გიმუშავია სადმე… უბრალოდ, სიტყვაზე გენდობიან და გასაუბრების დასრულებისთანავე აყვანილი ხარ სამუშაოზე, მაგრამ ვაი ამ აყვანას.

 

წელს ჩემი პირველი მიმტანობა სამდღიანი პრაქტიკით დაიწყო. ზოგადად, თურმე “სტანდარტი” ერთკვირიანი ყოფილი. მეც დავიჯერე, 3 დღეს ვიმუშავებ და ამიყვანენ-მეთქი. გავიდა სამი დღე. მენეჯერი მგონი მემალება, არადა ბევრჯერ შემამკო ისეთი სიტყვებით, რომ გავწითლდი, ანუ მაქებდა. მაგრამ როდესაც მოვიდა ჩემი ოფიციალური “აყვანის” დრო, ათასი მიზეზს იგონებს, რომ ეს არ გააკეთოს. ხან პანაშვიდზე ეჩქარება, ხან სად და ხანაც “შენი დრო არ აქვს”.

წამოვედი. მტკიცედ გადავწყვიტე, რომ აღარსად აღარ ვაპირებდი პრაქტიკანტობას. ჩემს თავს ვუთხარი, ან პირველივე დღეს ინიშნავ ხელფასს, ან კარგად იყავი… მივედი ერთ ფრიად პრესტიჟულ რესტორანში. დახვედრა იგივე, მედიდური სახეები…

ხვალ დილით მოდი და დაიწყე მუშაობა, შეგხედავ და თუ მომეწონე, გამუშავებ – მითხრა ამ რესტორნის მენეჯერმა. ცხადია, ზედაც არ შემოუხედია. კარგი-მეთქი, მაგრამ ფულს გადამიხდი, არანაირი პრაქტიკა.
შევთანხმდით.

 

დღის ბოლოს გაცილებით ნაკლები მომცეს, ვიდრე სხვა მიმტანებს. მაინც კმაყოფილი ვარ.
მეორე დღეს საღამოს ისეთი მუშაობა გვაქვს, რომ წყალის დასალევადაც ვერ იცლი. ძალიან მომწყურდა და გავედი წყალის დასალევად. ვიღაც მეძახის.

მე არ ვიცოდი ვინ იყო ამ რესტორნის დირექტორი. დავლიე წყალი და მეორე ჭიქა გავავსე, მართლა ძალიან მწყუროდა. არ მაცალა და მომაძახა – “მოდი ბიჯო აქ”. ძალიან უტაქტო მომართვის ფორმა ჰქონდა ამ ადამიანს. არ მესიამოვნა და რა გნებავთ-მეთქი, მისივე ტონით შევეპასუხე.

“იცი მე ვინ ვარ? რესტორანის მეპატრონე ვარ და რო გეძახი ეგრევე უნდა მოხვიდე”. ვუთხარი, მერე რა თუ მეპატრონე ხარ? – ეს ჩემთვის სულ ერთია-მეთქი. ძალიან გაცხარდა, მაგრამ ეგრევე არ გამოვუგდივარ – წადი მერე დაგელაპარაკებიო. გავაგრძელე მუშაობა.

სამსახურიდან მაშინვე იმიტომ ვერ გამიშვებდა, რომ მიმტანების ნაკლებობას განიცდიდა. მეორე დღეს ამ რესტორანის მენეჯერმა დატოვა სამსახური. ეს ერთადერთი მენეჯერი იყო, ვინც ამ ქალაქში მომეწონა, ამიტომაც გადავწყვიტე მეც დამეტოვებინა იქაურობა… ენებს ვფლობ, გამოცდილება მაქვს, ამ მედიდური სახის ყურება არ მაწყობს, ყველგან ვიშოვი სამუშაოს-მეთქი. სხვაგან წავედი.

 

მაგრამ ყველგან იგივე სახეებია. უკვე ვიცი, რომ მიმტანებზე ზემოდან ყურება მენეჯერისთვის აუცილებელელი ატრიბუტია. ნუ თუ მისი ნათესავი ან მეგობარი არ ხარ – ხშირ შემთხვევაში ისედაც სანათესაოს ან სამეგობრობს ასაქმებს მენეჯერი.

კიდევ ერთ რესტორანს მივაკითხე – მგონი იქ ჩემს გარდა ინგლისური არც ერთმა მიმტანმა არ იცოდა. ვითომ გაუხარდა მენეჯერს “ჩემი აღმოჩენა” და პირველივე დღეს ამიყვანა სამუშაოზე, თუმცა დაამატა, რომ “შემხედავდა”, ანუ მაინც პრაქტიკანტი გამოვედი. დღის ბოლოს მიმატანები იკრიბებოდნენ და მიყოფდნენ მათ “ჩაის”. როდესაც ამოიწურა პრაქტიკის დრო, მენეჯერთან იმ იმედით მივედი, რომ `ხვალიდან ამიყვანდა ოფიციალურად”, მაგრამ აყოვნებდა პასუხს. ბოლოს მითხრა, ნელი ხარ და ცოტა კიდევ უნდა იპრაქტიკოო. სხვა მიმტანები ისეთი სწრაფები ჰყავდა, პირდაპირ “ცეცხლი ეკიდათ”.

 

წამოვედი.

რა ენაღლებათ, წახვალ და იმდენი მსურველია, რომ სხვა შენნაირს ადვილად იპოვნიან. გზაში შემხვდა კიდევ ერთი სტუდენტი, სამუშაოს დაწყება უნდოდა და გადავულოცე ჩემი ადგილი. თან გავიფიქრე, რომ იცოდე წინ რა გელის-მეთქი – აგიყვანენ, 16 საათს გამუშავებენ და თუ გაგიმართლა თეთრებს მოგცემენ, თუ არა სხვა კაფეს მენეჯერს “ეახლები”.

ახლა რიგით მეოთხე კაფეში ვმუშაობ.

ასეა თუ ისე უკვე დავასკვენი, რომ დიდად არ უნდა მადარდებდეს ფული, ამ ეტაპზე გართობის თვალით ვუყურებ სამუშაოს.

ბათუმის ავტოსადგურთან ორი მამაკაცი დაჭრეს

 

 

როგორც სასამართლო პროცესზე პროკურორმა შოთა ხორავამ განმარტა, საქმის მასალების მიხედვით, ბათუმში, მაიკოვსკის ქუჩაზე, დაახლოებით ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა დანით იმის გამო დაჭრა თავისი ნათესავი, რომ ის მას არ მიესალმა. დაზარალებულს ხელის არეში მიყენებული აქვს ჭრილობები და ადევს ათი ნაკერი.

 

ორი მამაკაცის ჩხუბს შეესწრო გზაზე გამვლელი მოქალაქე, რომელმაც სცადა ბრალდებულისთვის დანის წართმევა, ბრალდებულმა კი ეს მოქალაქეც დაჭრა, ასევე ხელისა და სახის არეში. მეორე მოქალაქეს სახეზე ადევს ათი ნაკერი.
პროკურორის თქმით, ამ პროცესის დროს დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი, შეფერხდა იქვე მომუშავე მაღაზიების მუშაობის პროცესი და ეს ამბავი სახელმწიფომ ისე შეაფასა, როგორც ხულიგნობა ჩადენილი ძალადობრივი გზით.
პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდანაც მიიმალა.

 

დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა იმ არგუმენტით, რომ მამაკაცს ჰყავს სამი შვილი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა თქვა, რომ გირაოს შეფარდების საკითხს წინასასამართლო სხდომაზე ისევ განიხილავს, ამ ეტაპზე კი საპატიმრო სასჯელი გამოყენება იმით ახსნა, რომ საქმის მასალების მიხედვით ორი დაზარალებულია და ორივეს სხეულის დაზიანება აქვს მიღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურორმა თქვა, რომ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მუხლი შესაძლოა შეიცვალოს.

რელიგიური შეუწყნარებლობის საფრთხეები – დისკუსია

 

რა საფრთხეებს შეიცავს რელიგიური შეუწყნარებლობა, როგორია სახელმწიფოს, მედიის და საზოგადოების როლი – ამ თემაზე დისკუსიის მთავარი მომხსენებლები არიან ეთერ თურაძე, გაზეთ „ბათუმელების” მთავარი რედაქტორი და სულხან ღლონტი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი. დისკუსიის მოდერატორია ჟურნალისტი ნანა კვაჭაძე. 

 

ღონისძიება ტარდება პროგრამის – „კავკასიის სიმბოლური სასამართლო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით და სამოქალაქო მოსმენები კავკასიის ქვეყნების დემოკრატიის სამსახურში“ – ფარგლებში. პროგრამის მხარდამჭერია ამერიკული ფონდი “ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის” (National Endowment for Democracy – NED).

 

სამოქალაქო მოსმენა გაიმართება მისამართზე: ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. 62–64, დემოკრატიული ჩათულობის ცენტრი. 

დასაწყისი: 14 საათზე. 

დასწრება თავისუფალია. 

პრემიერ-მინისტრმა ქედაში ხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა

 

 KTW „აგრო ქედას” საწარმოს მშენებლობას გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი. საწარმო უკვე მზადაა ხილის მისაღებად. ქარხანაში დამონტაჟებულია თანამედროვე დანადგარები. ამ ეტაპზე ქარხანაში 36 ადგილობრივია დასაქმებული. სრული დატვირთვის შემთხვევაში დასაქმებულთა რაოდენობა 50-მდე გაიზრდება.

 

“ამ საწარმოს ამოქმედება არის ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონისთვის. ჩვენს გლეხებს, ჩვენს ფერმერებს, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ეძლევა, ჩააბარონ ამ საწარმოში მათ მიერ მოწეული ყველა სახეობის ხილი. წლების განმავლობაში ეს მოსავალი იყრებოდა, ფუჭდებოდა, მოსახლეობას არ ჰქონდა შესაძლებლობა სადმე ჩაებარებინა ხილი. წელს ზურაბ ჩხაიძის წამოწყებით ამ საწარმოში ჩააბარებენ ხილს. ჩვენი მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი ასეთი პროექტის ხელშეწყობა. აქტიური მონაწილეობა მიიღო სახელმწიფომ ამ საწარმოს მშენებლობაშიც – შარშან ჩვენ გავეცით 400 ათასი დოლარის სახელმწიფო თანადაფინანსება და ნახევარმილიონიანი შეღავათიანი აგროკრედიტი. სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენ ვხედავთ შედეგს – კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ უკვე მეორე საწარმოს ხსნის ამ რეგიონში,”- განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

 

ქედაში ასევე იმყოფებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

5 პოპულარული კაფე ბათუმში


I – გარდენს [ხმა მისცა 234-მა ადამიანმა, გამოკითხულთა 17,31 %]


გარდენს
გარდენს


II  – პრივეტ იზ ბათუმა [ხმა მისცა 218-მა ადამიანმა, გამოკითხულთა 16,12 %]

პრივეტ იზ ბატუმა
პრივეტ იზ ბატუმა


III  – BK [ხმა მისცა 172-მა ადამიანმა, გამოკითხულთა 12,72 %]

ბკ
ბკ


IV – ვინილი [ხმა მისცა 111-მა ადამიანმა, გამოკითხულთა 8,21 %]

ვინილი
ვინილი


V  – ტერასა [ხმა მისცა 101-მა ადამიანმა, გამოკითხულთა 7,47 %]

ტერასა
ტერასა

გამოკითხვაში სულ 19 კაფე და კაფე-რესტორანი მონაწილეობდა. 

მექსიკის გასტრონომიული ფესტივალი ქობულეთში

 

ფესტივალის შეფმზარეული
ფესტივალის შეფმზარეული

ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება 24 აგვისტოს, საღამოს 19:00 საათზე და 5 დღეს გაგრძელდება. ფესტივალი სასტუმროში არსებულ რესტორან „აჭარაში“ გაიხსნება, ხოლო ვახშამზე წარმოდგენილი იქნება მექსიკელი მზარეულების მიერ მომზადებული პიკანტური კერძები.

 

როგორც „ჯორჯია პალასის“ გენერალური მენეჯერის ასისტენტი, ლელა წულუკიძე განმარტავს, „ფესტივალს, რომლის მიზანიც საქართველოსა და მექსიკას შორის სავაჭრო და ეკონომიური ურთიერთობების განვითარებაში წვლილის შეტანაა, დაესწრებიან საქართველოში აკრედიტირებული  დიპლომატიური კორპუსის წევრები და სხვა ოფიციალური სტუმრები.

 

ფესტივალი გახსნის დღეს მხოლოდ მიპატიჟებულ სტუმრებს მიიღებს, ხოლო სხვა დღეებში დასწრება თავისუფალია.

 

”სამართლიანი არჩევნები”: უსკოში კანდიდატები პოლიტიკური ნიშნით შეირჩა

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის თანახმად, უსკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატი უპარტიო პირი უნდა იყოს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა არ არის მხოლოდ ფორმალური ხასიათის და კანდიდატის პოლიტიკურ ნეიტრალურობას გულისხმობს. მიუხედავადა ამისა, ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, დარეგისტრირებული 24 კანდიდატიდან 19 კანდიდატის საარჩევნო გამოცდილება სწორედ პოლიტიკურ პარტიებთან გაწეულ საქმიანობას უკავშირდება და ისინი ცალსახად ასოცირდებიან საზოგადოების თვალში ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან.


„სამართლიანი არჩევნები“ მუშაობის დაწყებისთანავე მოუწოდებდა კომისიას, რომ მომხდარიყო მხოლოდ პოლიტიკურად ნეიტრალური კანდიდატების პროფესიული ნიშნით შერჩევა და შესაბამისად აჭარის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოს პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ მისცემოდა. აღნიშნული მოთხოვნა კომისიის მუშაობის პროცესში არ იქნა გათვალისწინებული. შესაბამისად, კომისიის მიერ მთავრობის თავმჯდომარისთვის წარდგენილი 9 კანდიდატიდან მხოლოდ 3, ხოლო მთავრობის თავმჯდომარის მიერ უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენილი 6 კანდიდატიდან მხოლოდ ერთი არ იყო ასოცირებული არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან.

 

მიგვაჩნია, რომ უსკოს წევრებად არჩეული სამივე პირის პოლიტიკური ასოციაცია ამა თუ იმ პარტიასთან სრულიად აშკარაა და შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ სწორედ პოლიტიკური ნიშნით მოხდა მათი არჩევა უმაღლესი საბჭოს მიერ. უსკოს წევრად არჩეული ზურაბ გოლიაძე ბოლო წლებში კოალიცია „ქართული ოცნების“ ქობულეთის საარჩევნო შტაბში იურისტად მუშაობდა, 2012 წლის არჩევნებზე კი კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო ქობულეთის საარჩევნო ოლქში. კიდევ ერთი ახლადარჩეული წევრი, რამაზ გოლომანიძე, ქედის საკრებულოს წევრია და ამავე საკრებულოს მიერ მოწოდებული 6 ივლისის წერილის თანახმად ფრაქცია „ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარე; მესამე წევრი კი, თორნიკე მჟავანაძე, 2013 წელს პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ წარდგენილი ბათუმის საარჩევნო ოლქის წევრი იყო.

 

მიგვაჩნია, რომ უსკო საზოგადოების განსაკუთრებული ნდობით უნდა სარგებლობდეს და მისი დაკომპლექტება პროფესიული ნიშნით უნდა მოხდეს, რადგან საზოგადოებაში არ გაჩნდეს ამ ორგანოს პოლიტიკური მიკერძოებულობის განცდა.


გარდა ამისა, საკონკურსო კომისია, რომელიც აჭარის მთავრობის აპარატისა 5 წევრისა და არასამთავრობო სექტორის 2 წარმომადგენლისგან შედგება, ვერ უზრუნველყოფს რეალურ პარიტეტს. მიგვაჩნია, რომ კომისიის მუშაობის მეტი ნეიტრალურობისა და ობიექტურობისთვის, ის თანაბრად უნდა იყოს დაკომპლექტებული სამთავრობო და არასამთავრობო სექტორით. შესაბამისად, მოვუწოდებთ აჭარის მთავრობას სამომავლოდ გადაიხედოს აღნიშნული კომისიის დაკომპლექტების წესი“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ დღეს გაავრცელა. 

ბათუმში სასტუმრო ”მარინა კოლიზეუმი” გაიხსნა

 

10 სართულიანი სასტუმრო 101 ნომერს მოიცავს. „Colosseum Marina Hotel”- ში ყველა ნომერი ზღვის ხედითაა. სასტუმროს 80 ადგილიანი ავტოსადგომი, ჩოგბურთის ღია და დახურული ორი მოედანი, სატრენაჟორო დარბაზი, 1200 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ორი ვერანდა, ღია და დახურული აუზები, ორი საკონფერენციო დარბაზი, სპა ცენტრი და ბავშვებისთვის განკუთვნილი იზოლირებული გასართობი კუთხე გააჩნია. ადგილობრივ მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სასტუმროს მშენებლობა 2013 წლის 1 მარტს დაიწყო. მშენებლობაში “მარი ჯგუფმა” 14 მლნ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

 

სასტუმროში ამჟამად 100 ადგილობრივი კადრია დასაქმებული, სრულად ამოქმედების შემდეგ კი სულ 170 ადამიანი დასაქმდება.

 

“წელს ბათუმში 20 სასტუმროს პროექტი ხორციელდება, რომელთა საერთო ღირებულებაც შეადგენს 700 მილიონ დოლარს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ რა თქმა უნდა მოთხოვნა არის მზარდი და ტურისტების რაოდენობა მატულობს ბათუმში და ზოგადად აჭარაში. ჩვენ უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა გვქონდა ტურისტების გასულ წლებში და წელსაც მათი რიცხვი მნიშვნელოვნად დიდია. ტურიზმი არის მზარდი და ამ მიმართულებით საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდაჭერა და წახალისება,”-განაცხადა პრემიერმა სასტუმროს დათვალიერების შემდეგ. 

”პრემიერმა თქვა, რომ ამ წუთში დარეკავს” – რას სთხოვდნენ დევნილები ღარიბაშვილს

დევნილების განცხადებით, მათ ჯერ  ბიძინა ივანიშვილი დაჰპირდა დახმარებას, მიმდინარე წელს კი დევნილთა და განსახლების მინისტრთან, სოზარ სუბართანაც იმყოფებოდნენ მათი წარმომადგენლები, მაგრამ მათი ბინებით დაკმაყოფილების საკითხი არ წყდება. დევნილების თქმით, მათ 2006 წელს ძალით გამოსახლების შემდეგ მიიღეს კონპენსაცია, 7 000 დოლარი, თუმცა ამ თანხად საცხოვრებელი ფართის შეძენა ვერ შეძლეს და დღემდე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ.

„სულ გვპირდებიან, ეს აშენდება, ის აშენდება… სააკაშვილის მთავრობის დროს ასე იყო და იგივე გრძელდება ამ მთავრობასთან. ჩვენ გვინდოდა კონვერტის გადაცემა, არ მჯერა, რომ კონვერტი მიდის ადრესატამდე. მინდოდა ხელიდან ხელში გადამეცა, რომ დავრწმუნებულიყავი, რომ პრემიერ-მინისტრმა ნამდვილად მიიღო ჩემი წერილი. მივცემდი წერილს და ეს იქნებოდა“,  – თქვა ეკატერინე დოლიძემ.

„დაახლოებით ოთხასი ოჯახია ასეთი, ქირით ვცხოვრობთ და იმ ქირის ფულსაც ვერ ვიხდით“,  – ამბობს ნანა პერტია.

სასტუმრო „კოლიზეუმის“ გახსნის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი დევნილებთან შესახვედრად გამოვიდა და დაახლოებით 10-15 წუთის მანძილზე ესაუბრა მათ რამდენიმე წარმომადგენელს. „პრემიერმა  ბოდიში მოგვიხადა, რომ ძალით გაგვიყვანა დაცვამ“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთმა მოქალაქემ. დევნილების თქმით, ღარიბაშვილი მათ სიტუაციაში გარკვევას დაჰპირდა:

„ორი ბინა შეისყიდა მთვრობამ, სადაც გავიგეთ, რომ ჩვენ არ ვხვდებით. ჩვენ შევხვდით სოზარ სუბარს, მან თქვა, თუ სახელწიფო კანონს არ მიიღებს, მე ამის შეცვლა არ შემიძლიაო. თქვა, რომ მე თვითონ ვიცავდი თქვენს უფლებებს და სახელმწიფომ უნდა მომცეს საშუალება, რომ მე მოგცეთ ბინებიო. პრემიერმა თქვა, რომ ამ წუთში დარეკავს სოზარ სუბართან და გიორგი ვოლსკისთან, რომელსაც ჩვენ ასევე შევხვდით და ყველაფერში გაერკვევა. ჩაიწერა ჩვენი საკონტაქტო ნომერი. ვიმედოვნებთ, რომ ზუსტად ასე იქნება“, – განაცხადა ნანა ჭანტურიამ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ. 

დაპირისპირება მერსა და საკრებულოს შორის

 

სხდომა ბათუმის საკრებულოში
სხდომა ბათუმის საკრებულოში

აქვს თუ არა მერს საკრებულოსთან სუბორდინაციის პრობლემა? – გიორგი ერმაკოვმა საკრებულოს სხდომაზე ანგარიშის წარდგენის დროს არმისვლაზე კომენტარი „ტელეარხ 25-თან“ გააკეთა, სადაც მან თქვა, რომ არ არის ვალდებული ყველა სხდომას დაესწროს.

 

თვითმმართველობის შესახებ კოდექსის მიხედვით, მერს მართლაც არ აქვს ვალდებულება საკრებულოს ყველა სხდომას დაესწროს, თუმცა იგივე კანონი და საკრებულოს რეგლამენტი მას ავალდებულებს საკრებულოს ბიუჯეტის ანგარიში თავად წარუდგინოს და შესაბამის კითხვებსაც გასცეს პასუხები.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მერი საკრებულოს საფინანსო-ეკონომიკური კომისიის მიერ ბიუჯეტის შესრულებაზე მომზადებულმა დასკვნამ გაანაწყენა.

 

„დასკვნა კრიტიკული იყო, ამან შიდა დაპირისპირება გამოწვია“, – უთხრა „ბათუმელებს“ წყარომ, რომელმაც კონფიდენციალურობა ითხოვა.

 

ბიუჯეტის შესახებ კითხვები ამჯერად საკრებულოს უმრავლესობასაც ჰქონდა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, დიმა დარჩია სხდომაზევე ამბობდა, რომ ის ამ კითხვებს მერთან აუცილებლად დასვამდა. ფრაქციის თავმჯდომარე თამაზ თურმანიძე კი ამბობს, რომ საკრებულოს მერთან ურთიერთობის პრობლემა არ აქვს.

 

„მერს აქვს ბევრი საქმე, ქალაქში ჩამოდიან სტუმრები. ის ყველა სხდომას ვერ დაესწრება, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მისგან პასუხების მიღების პრობლემა“, – უთხრა თამაზ თურმანიძემ „ბათუმელებს“.

 

რა კითხვები აქვს საკრებულოს ოპოზიციას მერთან? – „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ჯაბა ბერიძე ამბობს, რომ მთავარი პრობლემა ბიუჯეტის შეუსრულებლობაა: „პირველი კითხვაა, თუ ვინ აიღებს პასუხისმგებლობას წლის ბოლოს ბიუჯეტის შეუსრულებლობასა და დაუხარჯავ მილიონებზე; რატომ ვერ ხერხდება იაფი სახლის პროგრამის დაწყება, რატომ არ იკრიბება შესაბამისი კომისია, რომ შეიმუშაოს კრიტერიუმები და რატომ არ ემორჩილება ვიცე-მერს სამსახურის უფროსი“.

 

ჯაბა ბერიძის აზრით, ბათუმის მერიაში ელემენტარული საკითხები ვერც აპარატის უფროსის და ვერც ვიცე-მერის დონეზე ვერ წყდება და მერის ჩართვას საჭიროებს, რაც, მისივე თქმით, ისეთივე პრობლემაა, როგორიც ბიუჯეტის შეუსრულებელობა.

 

მერის მოადგილე: ბათუმობაზე ჯერ ჩამოყალიბებული არ ვართ

 

გაზეთ „ბათუმელებს“ აინტერესებდა, როგორ ემზადება მერია „ბათუმობისათვის“, მაგრამ სამზადისის შესახებ ინფორმაციის მიღება „ბათუმელებისთვის“ წელს იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წინა ორ წელში. ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება უშედეგო აღმოჩნდა მერიის პრესსამსახურთან. ამის მიღწევა ასევე შეუძლებელი აღმოჩნდა უფრო მაღალი პასუხისმგებლობის მქონე თანამდებობის პირთან. მერის მოადგილემ, ალექსანდრეე მითაიშვილმა სატელეფონო საუბარში აღნიშნა: „თუ პრესსამსახურთან უკვე ისაუბრეთ, რაღა გინდათ? – ჯერ ჩამოყალიბებული არ ვართ. მიდის მუშაობა და როცა ჩამოვყალიბდებით, მაშინ ვილაპარაკებთ“.

 

კითხვაზე: ანუ დავწეროთ, რომ სექტემბრამდე ორი კვირით ადრე „ბათუმობის“ შესახებ მერია ჩამოყალიბებული არ არის? – მერის მოადგილემ ასე გვიპასუხა: „თქვენ მოტივირებული ხართ, რომ ეს დაწეროთ. დიახ, ვართ ჩამოყალიბებული, ვმუშაობთ და რომ დასრულდება, შევჯერდებით და ყველაფერზე შემდეგ ვილაპარაკებთ“.

 

2015 წლის ბიუჯეტში „ბათუმობისთვის“ 200 000 ლარია გათვალისწინებული.

 

წინა წლებში ჩატარებული „ბათუმობა“ საზოგადოების განხილვის საგანი არა ერთხელ გახდა. „ბათუმობისათვის“ გათვალისწინებული თანხა წინა წლებშიც სოლიდური იყო, მაგრამ ყველა ხარვეზი, რაც „ბათუმობას“ ახლდა, საზოგადოების შეფასებით, არასწორი და დაგვიანებული დაგეგმვის შედეგი იყო.

 

ბათუმის მერია
ბათუმის მერია

ყოფილი საჯარო მოხელეები სამსახურში აღდგენას ითხოვენ – სასამართლოს გადაწყვეტილება

3 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აიპი „ბათუმის კორპუსს“ აპრილში სამსახურიდან გათავისუფლებული თომა ხალვაშის, ირაკლი მექვაბიშვილისა და ლაშა კილაბერიას სამსახურში აღდგენა დაავალა, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ ძალაში არ შესულა.  მოსარჩელეები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან და მათი სამსახურიდან გათავისუფლებას პოლიტიკური ნიშნით ხსნიან. „როგორც ბრძანებაში ეწერა, სამსახურიდან რეორგანიზაციის შედეგად გაგვათავისუფლეს, სინამდვილეში ჩვენი გათავისუფლების მოტივი პოლიტიკური იყო, რადგან 21 მარტს თბილისში, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე ვიმყოფებოდით. დაგვიბარეს და მოგვაწერინეს რეორგანიზაციის განცხადებაზე ხელი, თან გაგვაფრთხილეს, ვინც ხვალ აქციაზე წახვალთ, სამსახურიდან იქნებით გათავისუფლებულებიო,“ -ამბობს ლაშა კილაბერია.

 

 

ლელა დევაძე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მარკეტინგისა და რეკლამის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენას ბათუმის საქალაქო სასამართლოს სთხოვდა. მოსამართლე ლაშა თავართქილაძის 2015 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით უწყებას ლელა დევაძის სამსახურში აღდგენა დაევალა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს ასევე უნდა აუნაზღაურდეს განაცდური ხელფასი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან.

 

მოსამართლემ 2015 წლის 15 მაისის #15 ბრძანება „ლელა დევაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ გააუქმა. როგორც „ბათუმელებს“ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში განუმარტეს, ლელა დევაძის სამსახურში აღდგენას იგივე პოზიციაზე გეგმავენ, თუმცა ამის პარალელურად აპირებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას.

 

სამსახურში აღდგენას ბათუმის საკრებულოს აპარატის კიდევ ერთი თანამშრომელი ცდილობს. მისი საქმეც სასამართლოშია, მაგრამ, ჯერჯერობით, ეს საქმე განხილვის პროცესშია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში არ ინახება სტატისტიკა იმის შესახებ, მაგალითად, ბოლოს ერთი წლის განმავლობაში რამდენი ადამიანი აღადგინეს სამსახურში სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. სასამართლო მსგავსი სახის სტატისტიკას არ ამზადებს.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2012 წლიდან უწევს უფასო იურიდიულ დახმარებას გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებს. ამ ხნის განმავლობაში ორგანიზაციის იურისტებმა სხვადასხვა ინსტანციაში 60-ზე მეტი პროცესი მოიგეს, რის შედეგადაც 40-მდე ადამიანი სასამართლომ უკანონო გათავისუფლებულად მიიჩნია და სამსახურში აღადგინა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან 6 თვის განმავლობაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებიდან 5 ათასზე მეტი საჯარო მოსამსახურე გაათავისუფლეს, მათგან 2,300 (45%) – საკუთარი განცხადების საფუძველზე, რაც არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრებით: “გონივრულ ეჭვებს ბადებდა, რომ ხშირ შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეები საკუთარი ნებით არ ტოვებდნენ სამსახურს.“

4 424 ბიზნეს იდეა პროგრამისთვის – „აწარმოე საქართველოში“

 

პროექტის განმხორციელებლის ინფორმაციით, რეგიონებიდან სულ 4 424 განაცხადი მიღებულია (აჭარა, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1 937; კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი-2 487). განმცხადებელ პირთა რაოდენობამ კი ჯამში 7 336-ს მიაღწია.

 

ამ რეგიონებიდან მეორე ეტაპისთვის შერჩეული ბიზნეს-იდეების შესახებ ინფორმაცია პირველ სექტემბერს გახდება ცნობილი. 

 

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ამ დროისთვის მეორე ტური – ტრენინგების ეტაპიც დასრულებულია. ამ რეგიონებიდან ბიზნეს-გეგმის შემუშავების სასწავლო კურსებს 827 პირი დაესწრო.

 

წინასწარი ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში შერჩეული ბიზნეს იდეის ავტორი, მეწარმე სუბიექტი იდეის მხარდასაჭრეად  5000 ლარს მიიღებს (ორკაციანი ჯგუფის შემთხვევაში 10 000 ლარი, ხოლო სამკაციანი ჯგუფის არსებობის შემთხვევაში კი 15 000 ლარს).

 

ბიზნეს იდეებს სპეციალური კომისია არჩევს. პროგრამის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარია გამოყოფილი. 

დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ბათუმში შემეცნებით-გასართობი შეჯიბრი გამართა

 

უწყების ცნობით, პროექტის მიზანია არასრულწლოვნებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ლოგიკური აზროვნებისა და შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება, არასრულწლოვნების თავისუფალი დროის სწორად წარმართვა. შეჯიბრში იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამის „ლიდერთა სახლის“ მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

 

ღონისძიებას დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე დაესწრო. მისი განცხადებით, შეჯიბრი „ლიდერთა სახლის“ აქტიური მონაწილეებისთვის ერთგვარი წამახალისებელი ღონისძიება იყო: „თამაშში ჩაერთვნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულები იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ ჩატარებულ სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე მიმართულ ტრენინგებში. შეჯიბრი ძალიან დაძაბულად წარიმართა. მონაწილეებს რთული მინიშნებების მოძიება და ისტორიულ-გეოგრაფიულ კითხვებზე პასუხების მომზადება ბათუმის ბულვარში დაევალათ. გამარჯვებული გუნდი გარდამავალი თასით და სხვადასხვა შინაარსის ლიტერატურით დასაჩუქრდა“, განაცხადა დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ.

 

თამაშში 35 მოსწავლე ( 7 გუნდი, გუნდში – 5 მოსწავლე) მონაწილეობდა. თამაშის საორგანიზაციო და ტექნიკურ დეტალებზე „ლიდერთა სახლის“ შვიდმა მოხალისე სტუდენტმა იზრუნა. წიგნების სასაჩუქრე კომპლექტი გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ დააწესა, ხოლო ყველა მონაწილეს საჩუქრად გადაეცა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ გამოცემული, ახალგაზრდებისთვის ადაპტირებული იურიდიული შინაარსის წიგნი – „სამართლის ქალაქი“.

 

 იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის პროგრამა „ლიდერთა სახლი“ საქართველოს მასშტაბით 13 ქალაქში, იუსტიციის სახლებში მიდმინარეობს. 

ნატა იმედაიშვილი აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის შესახებ

 

ნატა იმედაიშვილი
ნატა იმედაიშვილი

ნატა, თუ იცნობთ ბეჟან გობაძის საჩივრის შინაარს და დაუჭერთ თუ არა მას მხარს? – ცნობილია, რომ თქვენი ერთი ხმა გადაწყვეტს შეიცვალოს თუ არა აჭარის ტელევიზიაში დირექტორი.

განცხადება რეგისტრირებული რომ არის, ამის შესახებ ვარ ინფორმირებული, საბჭოს თავმჯდომარემაც შემატყობინა ამის შესახებ და ჩვენმა იურისტმაც. ანუ ვიცი, რომ განცხადება არის შესული და დირექტორის იმპიჩმენტის საკითხია დაყენებული. რა თქმა უნდა, ჩვენ პროცედურის სრული დაცვით ჩავატარებთ პროცესს. მოვიწვევთ დირექტორს, რომელიც მგონია, რომ მზად იქნება კითხვებზე პასუხის გასაცემად.

 

ჩემს სუბიექტურ მოსაზრებას რაც შეეხება – ჩემთვის მნიშვნელოვანია სოსო სტურუა რა პასუხებს გაგვცემს იმ ხარვეზებასა და პრობლემებზე, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებობს. მაგრამ ერთ ფაქტორს მინდა ხაზი გავუსვა: ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიტიკამ არ განაპირობოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის იმპიჩენტის საკითხის დაყენება. პოლიტიკური ძალებისგან არ იყოს ეს ინსპირერებული. მე დავაკვირდები, გარე ძალებისგან, პოლიტიკისგან რამდენად შეინიშნება ამ პროცესებში ჩარევა.

 

ეს ჩემთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია და ამიტომაც ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს. მე ვიმყოფები ქალაქ გარეთ, მივდივარ დღეს ბათუმში და ვფიქრობ, ორი დღე მეყოფა იმისათვის, საბჭოს სხდომას მომზადებული რომ შევხვდე, ანუ  ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში ვიყო დარწმუნებული.

 

რას გულისხმობთ პოლიტიკასა და გარე ძალებში?

რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ რუსეთს ან ამერიკას. მაინტერესებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი იყო თუ არა პოლიტიკური პარტიების კარნახით დაყენებული. იყო თუ არა ეს პროცესი პოლიტიკისგან დისტანცირებული. მე, რა თქმა უნდა, არავინ მეტყვის ამის შესახებ, თუ ამის თქმა არ სჭირდებათ და არც იმის მექანიზმები არსებობს, რომ მე ეს გადავამოწმო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შევძლებ ანალიზს, ჰქონდა თუ არა პოლიტიკურ პარტიას ზემოქმედების საშუალება. მე არ ვამბობ, რომ ეს ოპოზიციაა ან ხელისუფლება, მე ვამბობ, ზოგადად, პოლიტიკაზე. ვიმედოვნებ, ორ დღეში შევძლებ სათანადო ანალიზის გაკეთებას.

 

ბეჟან გობაძე ამბობს, რომ გარკვეული კითხებით მიმართავდა დირექტორს. მაგალითად, საგამოძიებო ფილმის არგაშვების თაობაზე, ვებ-გვერდიდან ეთერში გასული მასალის ჩამოხსნაზე. თქვენ პირადად თუ გაქვთ კონკრეტულად ამ საკითხებზე კითხვები?

რა თქმა უნდა, კითხვები არსებობდა. ამ კითხვების შესახებ ჩვენ არაერთხელ ვიმსჯელეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს სხდომაზე. ამავე დროს, მივწერეთ დირექტორს, მათ შორის ჩემი ხელმოწერითაც, როგორც საგამოძიებო გადაცემის არგაშვებაზე, ისე ვებ-გვერდიდან მასალის ჩამოხსნაზე. ჩვენ მივიღეთ ამ კითხვებზე პასუხები, მაგრამ ეს არ იყო ისეთი პასუხები, რომელიც პასუხისმგებლობას აარიდებდა დირექტორს. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არ იყო დირქტორის შეცდომა, რა თქმა უნდა, ეს იყო დირექტორის დიდი შეცდომა.

 

პირადად მე ვფიქრობდი, რომ ამის გამო დირექტორისთვის, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, საყვედური გამოგვეცხადებინა, მსგავის ქმედების განმეორების შემთხვევაში კი ის დატოვებდა თანამდებობას.

 

რაც შეეხება საგამოძიებო გადაცემას, რომელიც არ გავიდა ეთერში – რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შეცდომა იყო, როცა ანონსი გადიოდა ტელევიზიით და შემდეგ გადაცემა დაანონსებულ დროზე არ გავიდა. მაგრამ ვიცი, რომ გადაცემას დაემატა რამდენიმე სინქრონი და ერთი კვირის დაგვიანებით გავიდა. ჩვენ ამის თაობაზეც მოვთხოვეთ პასუხი დირექტორს. მაგრამ ერთიც იყო – როცა მე გამზადებული ფილმი ვნახე, ეს იყო ჟურნალისტური ეთიკის ყველა სტანდარტის დარღვევით მომზადებული გადაცემა. ის გადაცემა იმ შინაარსით რომ გასულიყო ეთერში, მგონი უფრო დიდ სკანდალს გამოიწვედა, ვიდრე მისი არგაშვება.

 

მე მესმის ბატონი ბეჟან გობაძის, ის აქტიური წევრია საბჭოში. ის დიდი ხანი  ითხოვდა პასუხებს ამ კითხვებზე, კითხვებზე, რომელიც შესაძლო ტელევიზიის განვითარებას ნაწილობრივ უშლის ხელს. ჩვენ ამ კითხვებზე ვიყავით შეთანხმებული და მთელი ამ ხნის განმავლობაში პასუხის მიღების მოლოდნიში ვიყავით.

 

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ბეჟან გობაძე ჩივის – გადაცემა “ეკონომისტი” და მისი ტენდერის საკითხია. გადაცემის სახელშეკრულებო პირობა დაირღვა იმის გამო, რომ გადაცემის წამყვანი გადავიდა საკრებულოში სამუშაოდ. ბეჟან გობაძე ამბობს, რომ დირექტორმა ხელშეკრულების პირობის თანახად არ დააჯარიმა მხარე ხელშეკრულების დარღვევისთვის, რითაც ტელევიზიამ იზარალა. თქვენი აზრით, საჩივრის ეს ნაწილი რამდენად არგუმეტირებულია?

ამ ნაწილში ჩვენ ვიყავით ერთსულოვნები და მე ვეთანხმები ბეჟან გობაძეს. მხარემ დეკემბერში მოგებული ტენდერის პირობა დაარღვია. ჩვენ სოსო სტურუამ მოგწერა ხელშემშლელ პირობებზე – როცა თორნიკე მჟავანაძე წავიდა საკრებულოში იყო კონფლიქტი, რომ საკრებულოში წასულ თანამშრომელს ემუშავა ტელევიზიაში. მაშინ ეს შინაგანაწეს არ ეწინააღმდეგებოდა და თორნიკესაც შეეძლო ემუშავა სხვაგან, ვიდრე შინაგანაწსს არ შევცვლიდით.

 

რაც შეეხება ფინანსებს – ის, რომ ფინანსური პასუხისგებლობა არ დაეკისრა ტენდერში გამარჯვებულს, ეს იყო მეორე გადაცდომა. მაგრამ პასუხი სოსო სტურუამ ამის შესახებაც მოგვწერა, თუმცა ამ წერილის შინაარს მე ჯერ არ გავცნობივარ. ვიცი, რომ უნდა იყოს კიდევ ერთი ხელშეკრულება იგვე პირთან გაფორმებული, რომელიც ფინანსურ პასუხისმგებლობას ხსნის.

 

გადაცემა „ეკონომისტთან“ დაკავშირებით, რომელიც დიდი ხანია აღარ გადის ეთერში, კიდევ იმის თქმა შემიძლია, რაც მარეგულრებელმა კომისიამ მოგვწერა. მარეგულრებელმა თქვა, რომ საკითხი – დაჯდებოდა თუ არა საკრებულოს თანამშრომელი ტელევიზიის ეთერში, თავად ტელევიზიას უნდა გადაეწყვიტა, ეთიკის ქარტიამ კი კატეგორიულად გამორიცხა საკრებლოს თანამშრომლის ეთერში დაჯდომა.

 

ბეჟან გობაძის საჩივარში ასევე საუბარია აჭარის ტელევიიზის ხუთი თანამშრომლის ხელშეკრულებით დათქმულ ვადაზე ერთი თვით ადრე დათხოვნასა და მათთვის კომპენსაციის გაცემით მიყენებულ ფინანსურ ზარალზე. მით უფრო, რომ დათხოვნილთაგან ერთ-ერთი ტელევიზიას სამსახურში ისევ დაუბრუნებია. ამაზე თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?

 

იყო ასეთი ფაქტი. დირექტორი ამ ნაბიჯს ხსნიდა იმით, რომ ამ ხალხის დათხოვნით ეკონომიკური სარგებელი იქნებოდა უფრო მეტი, ვიდრე კომპენსაციაზე გაცემული თანხა. მაშინ სოსო სტურუამ თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებით დაზოგა თუ არ ვცდები 1000 ლარი და მას ტელევიზიისთვის არ მიუყენებია ზიანი. ევროპის ასოციაციის რეკომენდაცია კი ის იყო, რომ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს მოეწოდებინა აჭარის ტელევიზიისთვის ინფორმაციები და ვიდეო მასალა.

 

რაც შეეხება მე-5 პირის დაბრუნებას, რომელიც ასევე დათხოვნილი იყო. ის ნამდვილად დაბრუნდა ტელევიზიაში, ამას კი იმით ხსნიან, რომ აჭარის ტელევიზიამ კვლავ შექმნა კორპუნქტი, მაგრამ ეს არის უფრო მცირერიცხოვანი ჯგუფი. ამ ეტაპზე აჭარის ტელევიზიას საზოგადოებრივ მაუწყებელიც აწვდის მასალებს და თავისი კორპუნქტიც.

 

თქვენი აზრით, ეს რამდენად მართებული გადაწყვეტილება იყო?

ხელშეკრულება ამ ადამიანებთან არსებობდა დეკემბრის ბოლომდე, მათ უნდა ემუშავათ და საჭირო არ იყო მათთვის კომპენსაციების გაცემა. ჩემი აზრით, ეს ნაბიჯი დირექტორის მხრიდან იყო არაგამიზნული, თუმცა, როგორც ფინანსურ ნაწილში ჩანს, ძალიან დიდ ხარჯებთან ეს არ არის დაკავშირებული. მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ მაშინ დირექტორმა არასწორი ნაბიჯი გადადგა, ისე როგორც არასწორი იყო ხულოში ბიუროს გაუქმება. მე მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც ვამბობ, რომ პირიქით, დირექტორმა ჯგუფები უნდა გააძლიეროს ხულში, ქედასა და შუახევში. ჩვენი მითითებით მან ხულში კორპუნქტი  მართლაც დააბრუნა.

 

რეგიონული მედიის გამოწვევები [ვიდეო]

 

გადაცემა მომზადდა “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მიერ, პროექტის ფარგლებში “დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში”. პროექტის  მხარდამჭერია ნედი( NED), დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდი

რუსუდან გორდეზიანი 250 კილომეტრის გაცურვისთვის ემზადება

  რუსუდან გორდეზიანმა პირველი რეკორდი 2013 წელს 16-17 ივნისს დაამყარა – თბილისში საცურაო აუზ „ოლიმპიკში“ 46 კილომეტრი და 500 მეტრი გაცურა შეუჩერებლად, 24 საათის განმავლობაში. 2014 წელს მან უფრო გაზარდა მასშტაბები და სარფიდან ფოთამდე 73 კილომეტრი გაცურა, რითაც 13 კილომეტრით გააუმჯობესა კაცებში არსებული რეკორდი. მან ეს გაცურვა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლებს მიუძღვნა.

წელს ის თურქეთის ქალაქ ესპიედან სარფამდე 250 კილომეტრის გაცურვასა და მსოფლიო რეკორდის დამყარებას აპირებს, რისთვისაც 80 საათი მოუწევს წყლიდან ამოუსვლელად ცურვა. მარათონი 16 ან 17 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო. „თითქმის ყველა პირობა შექმნილია ამისათვის, მაგრამ რჩება რაღაც დეტალები, რაც მოითხოვს ხარჯებს და ამ ეტაპზე ვეძებთ სპონსორებს“, – ამბობს რუსუდანი და დასძენს, რომ თუ 25 აგვისტომდე მაინც არ განახორციელა მარათონი მერე ზღვის წყალი ცივდება და შეუძლებელი გახდება ამ მანძილის გაცურვა. „გულსატკენია ეს ფაქტი, ამისთვის მთელი წელი ვემზადებოდი. ბოლო მომენტში აღმოვჩნდი ასეთი პრობლემის წინაშე. იმედს მაინც არ ვკარგავ, რომ გამოჩნდება სპონსორი და 250 კილომეტრს გავცურავ“. რუსუდანის მარათონული ცურვის ორგანიზატორი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტროა. ის ამბობს, რომ ამ გაცურვას საქართველოსა და ქართველ ხალხს მიუძღვნის. „წელს მინდოდა გადამეცურა შავი ზღვა თურქეთიდან ყირიმის მიმართულებით – 265 კილომეტრი, მაგრამ პოლიტიკური ვითარების გამო არ მოხერხდა იქით გადასვლა და უარი მითხრეს. თუმცა შემდგომში მინდა ამ მანძილის გაცურვაც“.

რუსუდან გორდეზიანი 27 წლისაა, ის პროფესიით ქორეოგრაფია. ცხოვრობს

რუსთავში, ცურავს ბავშვობიდან და ამბობს, რომ არ იღლება ცურვის დროს. „არც ვიცოდი თუ ვინმეს აინტერესებდა ეს შესაძლებლობა. ბატონმა ჯუმბერ ლეჟავამ რომ გაიგო, ჩამჭიდა ხელი და აღარ გამიშვა. მას ძალიან სჯეროდა ჩემი. წლებია რაც ამ საქმეში ვარ და მისნაირი ერთგული ადამიანი არ ყოფილა ჩემს გვერდით. ზამთარში ვემზადებოდი თბილისში საცურაო აუზ „ტონუსში“. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ აუზის დირექტორს საბა ყიფშიძეს და მის პერსონალს, რადგან ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ აუზზე უსასყიდლოდ ვარჯიშის უფლება მომცეს. ძალიან დამეხმარა გასულ წელს აჭარა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ და მის დირექტორს მამუკა ახალაძეს, ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდში მედგა ნებისმიერი გაცურვის დროს და მგულშემატკივრობდა“.

რუსუდან გორდეზიანი ამჟამად შავი ზღვის სანაპიროზე ვარჯიშობს და ცურავს ყოველდღე მხოლოდ რამდენიმე კილომეტრს. ამბობს, რომ მარათონის წინა პერიოდში აქტიური ვარჯიში ორგანიზმისთვის არ შეიძლება.

რუსუდან გორდეზიანი

ქობულეთში 29 წლის ტურისტი ჭრილობით გარდაიცვალა

 

პოლიცია
პოლიცია

თვითმხილველის თქმით, 29 წლის მოქალაქე 16 აგვისტოს, გამთენიისას, ქობულეთში, ერთ-ერთ კაფეში იმყოფებოდა. ის და კიდევ ერთი მოქალაქე გარეთ გავიდნენ. ცოტა ხანში 29 წლის მოქალაქე კაფეში დაბრუნდა ჭრილობით და თქვა, რომ ნაცნობმა, რომელიც რუსთავიდან იყო, ის დაჭრა“.

 

თვითმხილველის თქმით, დაჭრილი სასწრაფო დახმარების მანქანამ ქობულეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თვითმხილველის თქმით, საავადმყოფოს დაჭრილისთვის საჭირო სისხლის ჯგუფი არ აღმოაჩნდა.

 

შს სამინისტრომ ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება დღეს, 18 აგვისტოს გაავრცელა. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

“შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული რევაზ ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქობულეთში დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ქობულეთში, ღამის კლუბ „ტროპიკანკას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გამთენიისას, ურთიერთშელაპარაკებისას, 1986 წელს დაბადებულ გიორგი ნ-ს ცივი იარაღით გულმკერდის არეში რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიმალვა სცადა, რა დროსაც სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილთან ახლოს დააკავეს.

 

დაჭრილი გიორგი ნ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)”.

 

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება

ამასთან ბიბლიოთეკაში არსებული ყველა რესურსი – წიგნები და კომპიუტერები პირველ სართულზე იქნება ხელმისაწვდომი შშმ პირთათვის.

სხვადასხვა საჯარო შენობებზე სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის პანდუსების დამონტაჟება, ბათუმში ჯეოსელის ინიციატივით და ორგანიზაცია “სთეფ ფორვარდის” მხარდაჭერით, რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

ჯეოსელის დაფინანსებით უკვე გაკეთდა ბათუმის მეორე საჯარო სკოლის (სადაც ეტლით მოსარგებლე ბავშვები სწავლობენ) და ვეტერანთა კლუბის პანდუსებით აღჭურვა.

ქობულეთის გამგეობის განცხადება პლაჟის უკანონოდ შემოღობვაზე

 

„გამგეობა ინფორმირებული გახდა იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „ლუგამინო ჰოლდინგის“ მიერ ხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უკანონო დაკავება. აღნიშნულზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ განხორციელდა შესაბამისი რეაგირება. კერძოდ, სამართალდარღვევა გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55-ე პრიმა მუხლით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 1000-2000 ლარამდე. თვითნებურად აღნიშნული ღობის ნებაყოფლობის აუღებლობის შემთხვევაში დემონტაჟი განხორციელდება აღსრულების წესით.

 

ხოლო რაც შეეხება შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ მიერ განხორციელდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება. აღნიშნულზე მას მიეცა გაფრთხილება ნებაყოფლობით განეხორციელებინა უკანონოდ აღმართული ღობის დემონტაჟი, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული. რისი გათვალისწინებით გამგეობის მიერ მის მიმართ შედგენილი იქნა სამართალდარღვევათა ოქმი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55-ე პრიმა მუხლის შესაბამისად, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 1000-2000 ლარამდე. ოქმი რეაგირებისათვის წარედგინა ქობულეთის მაგისტრატ სასამართლოს“.

Exit mobile version