სიახლეები

ყოფილი საჯარო მოხელეები სამსახურში აღდგენას ითხოვენ – სასამართლოს გადაწყვეტილება

19.08.2015 • 1506
ყოფილი საჯარო მოხელეები სამსახურში აღდგენას ითხოვენ – სასამართლოს გადაწყვეტილება

3 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აიპი „ბათუმის კორპუსს“ აპრილში სამსახურიდან გათავისუფლებული თომა ხალვაშის, ირაკლი მექვაბიშვილისა და ლაშა კილაბერიას სამსახურში აღდგენა დაავალა, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ ძალაში არ შესულა.  მოსარჩელეები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან და მათი სამსახურიდან გათავისუფლებას პოლიტიკური ნიშნით ხსნიან. „როგორც ბრძანებაში ეწერა, სამსახურიდან რეორგანიზაციის შედეგად გაგვათავისუფლეს, სინამდვილეში ჩვენი გათავისუფლების მოტივი პოლიტიკური იყო, რადგან 21 მარტს თბილისში, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე ვიმყოფებოდით. დაგვიბარეს და მოგვაწერინეს რეორგანიზაციის განცხადებაზე ხელი, თან გაგვაფრთხილეს, ვინც ხვალ აქციაზე წახვალთ, სამსახურიდან იქნებით გათავისუფლებულებიო,“ -ამბობს ლაშა კილაბერია.

 

 

ლელა დევაძე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მარკეტინგისა და რეკლამის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენას ბათუმის საქალაქო სასამართლოს სთხოვდა. მოსამართლე ლაშა თავართქილაძის 2015 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით უწყებას ლელა დევაძის სამსახურში აღდგენა დაევალა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს ასევე უნდა აუნაზღაურდეს განაცდური ხელფასი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან.

 

მოსამართლემ 2015 წლის 15 მაისის #15 ბრძანება „ლელა დევაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ გააუქმა. როგორც „ბათუმელებს“ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში განუმარტეს, ლელა დევაძის სამსახურში აღდგენას იგივე პოზიციაზე გეგმავენ, თუმცა ამის პარალელურად აპირებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას.

 

სამსახურში აღდგენას ბათუმის საკრებულოს აპარატის კიდევ ერთი თანამშრომელი ცდილობს. მისი საქმეც სასამართლოშია, მაგრამ, ჯერჯერობით, ეს საქმე განხილვის პროცესშია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში არ ინახება სტატისტიკა იმის შესახებ, მაგალითად, ბოლოს ერთი წლის განმავლობაში რამდენი ადამიანი აღადგინეს სამსახურში სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. სასამართლო მსგავსი სახის სტატისტიკას არ ამზადებს.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2012 წლიდან უწევს უფასო იურიდიულ დახმარებას გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებს. ამ ხნის განმავლობაში ორგანიზაციის იურისტებმა სხვადასხვა ინსტანციაში 60-ზე მეტი პროცესი მოიგეს, რის შედეგადაც 40-მდე ადამიანი სასამართლომ უკანონო გათავისუფლებულად მიიჩნია და სამსახურში აღადგინა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან 6 თვის განმავლობაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებიდან 5 ათასზე მეტი საჯარო მოსამსახურე გაათავისუფლეს, მათგან 2,300 (45%) – საკუთარი განცხადების საფუძველზე, რაც არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრებით: “გონივრულ ეჭვებს ბადებდა, რომ ხშირ შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეები საკუთარი ნებით არ ტოვებდნენ სამსახურს.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: