Batumelebi | მიმტანი ხომ არ გჭირდებათ?! მიმტანი ხომ არ გჭირდებათ?! – Batumelebi
RU | GE  

მიმტანი ხომ არ გჭირდებათ?!

 

სად შეიძლება სტუდენტმა ბათუმში ზაფხულში იშოვო ისეთი სამუშაო, სადაც კარგადაც გაერთობი და თან ანაზღაურებითაც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი იქნები? რა თქმა უნდა კაფე/ბარ-რესტორნებში. მე სკოლის ასაკიდან მიმუშავია მიმტანად და საკმაო გამოცდილებაც დამიგროვდა, მაგრამ ახლა საკუთარ გამოცდილებაზე არ ვაპირებ წერას. იმაზე მინდა მოგიყვეთ, რომ ივლისის თვეში 4 კაფეში მოვასწარი მუშაობა და იმაზეც, რომ უმეტესად უფასოდ მამუშავეს.

 

კახა გურგენიძე

სეზონზე ბათუმში მართლაც შეგიძლია ბევრი ფული იშოვო მიმტანმა. ცხადია, მეც, დამიმთავრდა გამოცდები თუ არა, გადავწყვიტე მუშაობა ამ პოზიციაზე. ყოველთვის, როდესაც შედიხარ რესტორანში, პირველად გიყურებენ როგორც სტუმარს, გიღიმიან და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც გაიგებენ, რომ “სამუშაოს თაობაზე ხარ მისული”, რატომღაც მენეჯერებს სახიდან დაყენებული ღიმილი უქრებათ და ღებულობენ მედიდურ, ისეთ სახეს, რომ გასაუბრებაზე “ენა ჩაგივარდება”.

 

პირველ რიგში გეკითხებიან რა ენებს ფლობ? ეს კითხვა დიდად არ მაწუხებს, მაგრამ ბევრისთვის ეს სერიოზული დაბრკოლებაა. ვეუბნები, რომ ინგლისურად, რუსულად და ქართულად ვლაპარაკობ. ბოლოზე ყბა ეღრიცებათ. შემდეგ გამოცდილებას მიმოწმებენ. ისე დავრწმუნდი, რომ ამ საკითხში მენეჯერის “დაბოლება” ყველაზე მარტივია, არ ამოწმებენ მართლა თუ გიმუშავია სადმე… უბრალოდ, სიტყვაზე გენდობიან და გასაუბრების დასრულებისთანავე აყვანილი ხარ სამუშაოზე, მაგრამ ვაი ამ აყვანას.

 

წელს ჩემი პირველი მიმტანობა სამდღიანი პრაქტიკით დაიწყო. ზოგადად, თურმე “სტანდარტი” ერთკვირიანი ყოფილი. მეც დავიჯერე, 3 დღეს ვიმუშავებ და ამიყვანენ-მეთქი. გავიდა სამი დღე. მენეჯერი მგონი მემალება, არადა ბევრჯერ შემამკო ისეთი სიტყვებით, რომ გავწითლდი, ანუ მაქებდა. მაგრამ როდესაც მოვიდა ჩემი ოფიციალური “აყვანის” დრო, ათასი მიზეზს იგონებს, რომ ეს არ გააკეთოს. ხან პანაშვიდზე ეჩქარება, ხან სად და ხანაც “შენი დრო არ აქვს”.

წამოვედი. მტკიცედ გადავწყვიტე, რომ აღარსად აღარ ვაპირებდი პრაქტიკანტობას. ჩემს თავს ვუთხარი, ან პირველივე დღეს ინიშნავ ხელფასს, ან კარგად იყავი… მივედი ერთ ფრიად პრესტიჟულ რესტორანში. დახვედრა იგივე, მედიდური სახეები…

ხვალ დილით მოდი და დაიწყე მუშაობა, შეგხედავ და თუ მომეწონე, გამუშავებ – მითხრა ამ რესტორნის მენეჯერმა. ცხადია, ზედაც არ შემოუხედია. კარგი-მეთქი, მაგრამ ფულს გადამიხდი, არანაირი პრაქტიკა.
შევთანხმდით.

 

დღის ბოლოს გაცილებით ნაკლები მომცეს, ვიდრე სხვა მიმტანებს. მაინც კმაყოფილი ვარ.
მეორე დღეს საღამოს ისეთი მუშაობა გვაქვს, რომ წყალის დასალევადაც ვერ იცლი. ძალიან მომწყურდა და გავედი წყალის დასალევად. ვიღაც მეძახის.

მე არ ვიცოდი ვინ იყო ამ რესტორნის დირექტორი. დავლიე წყალი და მეორე ჭიქა გავავსე, მართლა ძალიან მწყუროდა. არ მაცალა და მომაძახა – “მოდი ბიჯო აქ”. ძალიან უტაქტო მომართვის ფორმა ჰქონდა ამ ადამიანს. არ მესიამოვნა და რა გნებავთ-მეთქი, მისივე ტონით შევეპასუხე.

“იცი მე ვინ ვარ? რესტორანის მეპატრონე ვარ და რო გეძახი ეგრევე უნდა მოხვიდე”. ვუთხარი, მერე რა თუ მეპატრონე ხარ? – ეს ჩემთვის სულ ერთია-მეთქი. ძალიან გაცხარდა, მაგრამ ეგრევე არ გამოვუგდივარ – წადი მერე დაგელაპარაკებიო. გავაგრძელე მუშაობა.

სამსახურიდან მაშინვე იმიტომ ვერ გამიშვებდა, რომ მიმტანების ნაკლებობას განიცდიდა. მეორე დღეს ამ რესტორანის მენეჯერმა დატოვა სამსახური. ეს ერთადერთი მენეჯერი იყო, ვინც ამ ქალაქში მომეწონა, ამიტომაც გადავწყვიტე მეც დამეტოვებინა იქაურობა… ენებს ვფლობ, გამოცდილება მაქვს, ამ მედიდური სახის ყურება არ მაწყობს, ყველგან ვიშოვი სამუშაოს-მეთქი. სხვაგან წავედი.

 

მაგრამ ყველგან იგივე სახეებია. უკვე ვიცი, რომ მიმტანებზე ზემოდან ყურება მენეჯერისთვის აუცილებელელი ატრიბუტია. ნუ თუ მისი ნათესავი ან მეგობარი არ ხარ – ხშირ შემთხვევაში ისედაც სანათესაოს ან სამეგობრობს ასაქმებს მენეჯერი.

კიდევ ერთ რესტორანს მივაკითხე – მგონი იქ ჩემს გარდა ინგლისური არც ერთმა მიმტანმა არ იცოდა. ვითომ გაუხარდა მენეჯერს “ჩემი აღმოჩენა” და პირველივე დღეს ამიყვანა სამუშაოზე, თუმცა დაამატა, რომ “შემხედავდა”, ანუ მაინც პრაქტიკანტი გამოვედი. დღის ბოლოს მიმატანები იკრიბებოდნენ და მიყოფდნენ მათ “ჩაის”. როდესაც ამოიწურა პრაქტიკის დრო, მენეჯერთან იმ იმედით მივედი, რომ `ხვალიდან ამიყვანდა ოფიციალურად”, მაგრამ აყოვნებდა პასუხს. ბოლოს მითხრა, ნელი ხარ და ცოტა კიდევ უნდა იპრაქტიკოო. სხვა მიმტანები ისეთი სწრაფები ჰყავდა, პირდაპირ “ცეცხლი ეკიდათ”.

 

წამოვედი.

რა ენაღლებათ, წახვალ და იმდენი მსურველია, რომ სხვა შენნაირს ადვილად იპოვნიან. გზაში შემხვდა კიდევ ერთი სტუდენტი, სამუშაოს დაწყება უნდოდა და გადავულოცე ჩემი ადგილი. თან გავიფიქრე, რომ იცოდე წინ რა გელის-მეთქი – აგიყვანენ, 16 საათს გამუშავებენ და თუ გაგიმართლა თეთრებს მოგცემენ, თუ არა სხვა კაფეს მენეჯერს “ეახლები”.

ახლა რიგით მეოთხე კაფეში ვმუშაობ.

ასეა თუ ისე უკვე დავასკვენი, რომ დიდად არ უნდა მადარდებდეს ფული, ამ ეტაპზე გართობის თვალით ვუყურებ სამუშაოს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
კახა გურგენიძე, ბსუ-ს სტუდენტი