სიახლეები

პოლიციელი: ”ბრალდებული ბულვარში ორფეხა ძაღლებს გვეძახდა”

21.08.2015 • 1468
პოლიციელი: ”ბრალდებული ბულვარში ორფეხა ძაღლებს გვეძახდა”

 

საპატრულო პოლიცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან
საპატრულო პოლიცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან

პირველი სასამართლო პროცესი მოსამართლემ იმიტომ გადადო, რომ მხარეებმა ფაქტები სადაოდ გახადეს, მოსამართლემ კი მათ მოწმეების მოყვანა დაავალა. გასულ კვირას, განმეორებით პროცესზე, მოწმის სახით სასამართლომ ორი პოლიციელი დაკითხა. ორივე პოლიციელი 8 აგვისტოს ღამეს, ბათუმის სანაპიროსთან, კლუბ „სექტორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებდა.
განმეორებით პროცესზე ბრალდებულმა თქვა, რომ ნასვამ მდგომარეობაში იყო და დეტალები არ ახსოვს.

 

„თქვენ წინა სასამართლო პროცესზე ამბობდით, რომ უდანაშაულო იყავით, პოლიციელების მიერ მოყვანილ ფაქტებს სადაოდ ხდიდით. ახლა ამბობთ, რომ ინანიებთ და ბოდიშს იხდით, რატომ შეიცვალეთ აზრი? რა მოხდა?“ –  ჰკითხა მოსამართლემ ბრალდებულს, რომელმაც თქვა, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დეტალები კარგად არ ახსოვს.

 

პოლიციელმა ომარ აბაშიძემ, რომელიც სასამართლომ მოწმის სტატუსით დაკითხა, სასამართლოს უთხრა: „სამართალდარღვევაში ბრალდებული დისკო კლუბ „სექტორთან“ იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. იგინებოდა და ჩვენ, პოლიციელებს გვეძახდა ორფეხა ძაღლებს. მოვუწოდეთ სიმშივიდისკენ, მოგვაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეურაცხყოფის მოყენებას აგრძელდებდა მას შემდეგ, რაც ის დავაკავეთ და განყოფილებაში გადავიყვანეთ“.

 

მოწმის სახით სასამართლოს ჩვენება ბათუმის მე-6 განყოფილების გამომძიებელმა ირაკლი მიქელაძემაც მისცა: „ჩვენ და ასევე მივლინებაში მყოფი ჩვენი კოლეგები თბილისიდან ზღვისპირა პარკში ვმორიგეობთ 24 საათის განმავლობაში. გაძლიერებული პატრულირება იმიტომ მიმდინარეობს, რომ ეს პრევენციაა, დანაშაული არ მოხდეს, ბევრი დამსვენებელია. კლუბ „სექტორთან“ დაახლოებით ღამის პირველ საათზე იგინებოდა და ილანძღებოდა ახალგაზრდა მამაკაცი. იქ დადიან მოქალაქეები, ამ ხმაურზე კი მათი სიმყუდროვე ირღვეოდა. მე, ბატონო მოსამართლევ, მრცხვენია იმ სიტყვების გამეორება სასამართლოს წინაშე, რასაც ის გაიძახოდა. წვრილმანი ხულიგნობის გამო ის დავაკავეთ და ჩავსვით მანქანაში, გადავიყვანეთ პოლიციის შენობაში, ის გვიგდებდა აბუჩად და გვიწევდა წინააღმდეგობას“.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მოსამართლეს ყველაზე მკაცრი სასჯელის გამოყენება სთხოვა: „ჩვენ მოგვაყენა შეურაცხყოფა და არ მინდა ეს წახალისდეს“.

 

მოსამართლე დაინტერესდა, სამართალდარმღვევი რატომ იყო აგრესიული, თუმცა მან ამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო: „მე მაინტერესებს პოლიციელების მიმართ რატომ ხართ აგრესიული, ისინი ხომ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას იცავენ? ამჯერად გამოვიყენე ნაკლებად მძიმე სასჯელი, თუმცა გპირდებით, ფაქტის განმეორების შემთხვევაში, თუ თქვენი საქმე ისევ მე დამეწერება, ვიქნები ძალიან მკაცრი“.

 

ბრალდებული მამაკაცი 30 წლისაა. სასამართლომ ის ხულიგნობის გამო 100 ლარით დააჯარიმა, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო კი – 250 ლარით. უფრო მაღალმა სასჯელმა შთანთქა დაბალი სასჯელი და საბოლოო ჯამში, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სამართალდარღვევაში ბრალდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ 250 ლარის გადახდა დაევალა. კანონი ამ ბრალდებისთვის მაქსიმუმ ორი ათასლარიან ჯარიმას ან პატიმრობას ითვალისწინებს.

 

მოსამართლის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების დროს მან გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა აღიარა და მოინანია თავისი საქციელი.

გადაბეჭდვის წესი