სიახლეები

რას აკეთებს უსკო? – ”მინდორში ვერ გავა ხორბლის დასათესად”

21.08.2015 • 2557
რას აკეთებს უსკო? – ”მინდორში ვერ გავა ხორბლის დასათესად”


არჩილ მიქელაძე

„ჩვენი მოვალეობა არჩევნების ჩატარებაა. თუ არ არის არჩევნები, მას ვერ ვატარებთ, ანუ ამ დროს ძირითადი საქმე არ გვაქვს. რაც შეეხება არჩევნებს შორის პერიოდს. ეს გასული არჩევნების შეჯამების, ინფორმაციის თავმოყრის, ვებგვერდზე ატვირთვისა და სისტემატიზაციის პერიოდია. ხშირად არასამთავრობოები საუბრობენ, რომ უსკოს საქმე არ აქვს. ის, რომ როცა არჩევნები არ არის, ძირითადი საქმე არ გვაქვს, რეალობაა. როგორ წარმოგიდგენიათ, რა უნდა აკეთოს ამ დროს უსკომ? – ის საარჩევნო ადმინისტრაციაა და მინდორში ვერ გავა ხორბლის დასათესად, ვერც ქალაქის ინფრასტრუქტურას მიხედავს. ჩვენი მისიაა, ასევე, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდა, რომელიმე წევრი გავიდა უმაღლესი საბჭოდან, მზად ვიყოთ ახალი არჩევნების ჩასატარებლად“, – ამბობს უსკოს თავმჯდომარე არჩილ მიქელაძე.

უსკოს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის, ფრიდონ ბათნიძის ინფორმაციით კი, არასაარჩევნო პერიოდში უსკო „მიმდინარე საქმეებით“ შემოიფარგლება. `ზოგჯერ პარტიები მოდიან კითხვებით, მათ იურიდიულ კონსულტაციას ვუწევთ“.

კანონმდებლობით უსკოს საქმიანობას აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონი და უსკოს რეგლამენტი არეგულირებს. უმაღლესი საბჭოს არჩევნები ერთადერთი არჩევნებია, რომლის ჩატარებაზეც უსკოა პასუხისმგებელი. ამ არჩევნებს ის მუნიციპალიტეტების საარჩევნო ოლქებისა და მასზე დაქვემდებარებული უბნების დახმარებით ატარებს. სხვა დროს ოლქები უსკოს არ ექვემდებარებიან და არც უსკოა მათ საქმიანობაზე პასუხისმგებელი. უსკო არც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ექვემდებარება.

უსკო პასიურ რეჟომშია, როცა ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის, საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, თუ მათ შორის რომელიმე დროში უმაღლესი საბჭოს არჩევნებს არ დაემთხვა. უსკომ ბოლოს არჩევნები 2012 წლის ოქტომბერში ჩაატარა. მას შემდეგ თითქმის სამი წელი გავიდა, ანუ ამდენივე დრო ჰქონდა უსკოს, თავმჯდომარის არჩილ მიქელაძის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ინფორმაციის სიტემატიზაციისთვის“.

მიუხედავად გრძელვადიანი პასიური პერიოდისა, უსკოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არასრულია. მართალია, უსკოს მიერ გამოცემული აქტები ატვირთულია, თუმცა გრაფაში „პროაქტიული გამოქვეყნება“ მხოლოდ იმის გაგება შეიძლება, თუ ვინ არის უსკოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხიმგებელი პირი.

უსკოს ვებგვერდზე არ იძებნება პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ მთავრობის დადგენილებით მოთხოვნილი ინფორმაცია მივლინებების, შესყიდვების, გაცემული პრემია-დანამატების შესახებ და არც უსკოს მუშაობის შესახებ ანგარიშებია ატვირთული. უსკოში ამბობენ, რომ „ინფორმაცია ასატვირთია“.

უკვე ატვირთული ინფორმაციის მიხედვით კი, 2015 წელს უსკოს ერთი სხდომა ჩაუტარებია. სხდომაზე ორი საკითხი განუხილავთ: პირველი – საარჩევნო კომისიის წევრებსა და აპარატის თანამშრომლებზე გასაცემი დანამატის ზღვრული ოდენობის განსაზღვრა იყო, მეორე კი – აპარატში საჯარო ინფორმაციის გამცემისა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის შერჩევა.

საიტზე ატვირთულ ოქმში წერია: „დანამატი განისაზღვროს თანახმად დანართისა“, ხოლო დანართი ატვირთული არ არის. რაც წესით ისეთივე საჯარო ინფრომაციაა, როგორც უსკოს თავმჯდომარის განკარგულება ან რაიმე სხვა აქტი.

უსკოს თავმჯდომარის ინფორმაციით, დანამატის ოდენობა სარგოს 75% პროცენტით განსაზღვრეს ყველა თანამშრომელზე, მიუხედავად რანგისა: „თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დანამატი ყოველთვის სარგოს 75 %-ის ოდენობით გაიცემა. შეიძლება ეს იყოს 50-60% და მისი გაცემის ინტენსივობაც ფინანსებზე იქნება დამოკიდებული.“

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: აჭარის კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ საარჩევნო პერიოდში უსკოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებზე გასაცემი ანაზღაურების გაორმაგებას ითვალისწინებს. „საარჩევნო პერიოდში, სამი თვის განმავლობაში, ხელფასი ორმაგდება“. ანუ, ამ დროს უსკოს თავმჯდომარის ხელფასი 5000 ლარს აღწევს, სამსახურის ხელმძღვანელის ხელფასი კი 3000-მდე ლარს.

სხდომა უსკოში

სხდომა უსკოში

უსკო და ამომრჩეველი: კითხვაზე, რატომ არ შეიძლება უსკომ იზრუნოს ამომრჩეველის ცნობიერების ამაღლებაზე მაშინ, როცა ის არჩევნების სამზადისით არ არის დატვირთული, გადაამზადოს საარჩევნო მოხელეები, მოაწყოს საჯარო შეხვედრები? _ უსკოს თავმჯდომარე პასუხობს: „როცა ენჯეოები საუბრობენ: უსკოს რა ენაღვლება საქმე არა აქვსო, ამბობენ, რომ კარგი იქნება უსკომ სწავლების ცენტრი გააკეთოს. ამ დროს არავინ ამბობს, რომ ამას სჭირდება სახსრები. თანაც ჩვენ ადამიანური რესურსი არ გვეყოფა“.

უსკოს თავმჯდომარე იმასაც ადასტურებს, რომ მსგავსი იდეის დასაფინანსებლად უმაღლესი საბჭოსთვის არასოდეს მიუმართავს. მისივე ინფორმაციით, მსგავს პროექტს ცენტრალური საარჩევნო კომისია ახორციელებს, ამიტომ იდენტური ცენტრის შექმნა ორმაგი რესურსის ხარჯვა იქნებოდა.

კანონმდებლობით უსკოს თავმჯდომარისა და წევრის უფლებამოსილების ვადა 5 წლით განისაზღვრება, გარდა კანონით განსაზღვრული წესით პოლიტიკური გაერთიანებების მიერ დანიშნული კომისიის 8 წევრისა, რომელთა უფლებამოსილების ვადაც არჩევნების დანიშვნიდან ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობამდე მონაკვეთით განისაზღვრება, ხოლო შუალედური ან ხელახალი არჩევნების შემთხვევაში არჩევნების შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე.
უსკოს თავმჯდომარეს ან წევრს (გარდა პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრებისა) გათვალისწინებული უფლებამოსილების ვადა უწყდება ახალარჩეული თავმჯდომარის ან წევრის არჩევის შესახებ უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან. უსკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრი. უსკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი წევრობის უფლებამოსილების შეწყვეტას. უსკოს თავმჯდომარესა და 5 წევრს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის წარდგინებით, ირჩევს უმაღლესი საბჭო. უსკოს თავმჯდომარეობის ან წევრობის კანდიდატები ირჩევა ღია კონკურსის წესით.

უსკოს სამი ახალი წევრი უმაღლესმა საბჭომ 6 აგვისტოს დაამტკიცა. უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით უსკოს ახალი წევრები არიან: ზურაბ გოლიაძე, რამაზ გოლომანიძე და თორნიკე მჟავანაძე.

კითხვა: უსკო რომ არ იყოს ? – უსკოს თავმჯდომარემ „ლეგიტიმურ კითხვად“ შეაფასა, მისი თქმით ან არ უნდა იყოს უსკო ან მას ფუნქციები უნდა დაემატოს: „სხვა ფუნქციებთან ერთად კარგი იქნება თუ  თვითმმართველობის არჩევნების ორგანიზებაშიც მიიღებს უსკო მონაწილეობას.“

უნდა იყოს თუ არა უსკო და რა დააკლდება აჭარას, თუ ის არ იქნება – ეს უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტია, თუმცა საკითხი ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას.

გადაბეჭდვის წესი