Batumelebi | ”პრემიერმა თქვა, რომ ამ წუთში დარეკავს” – რას სთხოვდნენ დევნილები ღარიბაშვილს ”პრემიერმა თქვა, რომ ამ წუთში დარეკავს” – რას სთხოვდნენ დევნილები ღარიბაშვილს – Batumelebi
RU | GE  

”პრემიერმა თქვა, რომ ამ წუთში დარეკავს” – რას სთხოვდნენ დევნილები ღარიბაშვილს

 

დღეს, 19 აგვისტოს, ბათუმში, სასტუმრო „კოლიზეუმის“ გასხნაზე მოსულ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს აჭარაში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები დახვდნენ, რომელთაც პრემიერთან მათ პრობლემაზე სურდათ საუბარი, თუმცა სასტუმროში შესვლამდე დაცვამ და ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ პრემიერთან შეხვედრის და წერილის გადაცემის საშუალება არ მისცა. დევნილები ამბობდნენ, რომ ისინი ძალით გამოყენებით მოაშორეს პრემიერს.   

დევნილების განცხადებით, მათ ჯერ  ბიძინა ივანიშვილი დაჰპირდა დახმარებას, მიმდინარე წელს კი დევნილთა და განსახლების მინისტრთან, სოზარ სუბართანაც იმყოფებოდნენ მათი წარმომადგენლები, მაგრამ მათი ბინებით დაკმაყოფილების საკითხი არ წყდება. დევნილების თქმით, მათ 2006 წელს ძალით გამოსახლების შემდეგ მიიღეს კონპენსაცია, 7 000 დოლარი, თუმცა ამ თანხად საცხოვრებელი ფართის შეძენა ვერ შეძლეს და დღემდე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ.

„სულ გვპირდებიან, ეს აშენდება, ის აშენდება… სააკაშვილის მთავრობის დროს ასე იყო და იგივე გრძელდება ამ მთავრობასთან. ჩვენ გვინდოდა კონვერტის გადაცემა, არ მჯერა, რომ კონვერტი მიდის ადრესატამდე. მინდოდა ხელიდან ხელში გადამეცა, რომ დავრწმუნებულიყავი, რომ პრემიერ-მინისტრმა ნამდვილად მიიღო ჩემი წერილი. მივცემდი წერილს და ეს იქნებოდა“,  – თქვა ეკატერინე დოლიძემ.

„დაახლოებით ოთხასი ოჯახია ასეთი, ქირით ვცხოვრობთ და იმ ქირის ფულსაც ვერ ვიხდით“,  – ამბობს ნანა პერტია.

სასტუმრო „კოლიზეუმის“ გახსნის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი დევნილებთან შესახვედრად გამოვიდა და დაახლოებით 10-15 წუთის მანძილზე ესაუბრა მათ რამდენიმე წარმომადგენელს. „პრემიერმა  ბოდიში მოგვიხადა, რომ ძალით გაგვიყვანა დაცვამ“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთმა მოქალაქემ. დევნილების თქმით, ღარიბაშვილი მათ სიტუაციაში გარკვევას დაჰპირდა:

„ორი ბინა შეისყიდა მთვრობამ, სადაც გავიგეთ, რომ ჩვენ არ ვხვდებით. ჩვენ შევხვდით სოზარ სუბარს, მან თქვა, თუ სახელწიფო კანონს არ მიიღებს, მე ამის შეცვლა არ შემიძლიაო. თქვა, რომ მე თვითონ ვიცავდი თქვენს უფლებებს და სახელმწიფომ უნდა მომცეს საშუალება, რომ მე მოგცეთ ბინებიო. პრემიერმა თქვა, რომ ამ წუთში დარეკავს სოზარ სუბართან და გიორგი ვოლსკისთან, რომელსაც ჩვენ ასევე შევხვდით და ყველაფერში გაერკვევა. ჩაიწერა ჩვენი საკონტაქტო ნომერი. ვიმედოვნებთ, რომ ზუსტად ასე იქნება“, – განაცხადა ნანა ჭანტურიამ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნანა კვაჭაძე