Batumelebi | აჭარაში მშენებარე სკოლები აჭარაში მშენებარე სკოლები – Batumelebi
RU | GE  

აჭარაში მშენებარე სკოლები

 

აჭარის  მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, აჭარის განთლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან გიორგი თავამაიშვილთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლის შენობის სამშენებლო სამუშაოების დასრულება და ბათუმის N1 საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა მოინახულა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მტავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 

 

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და 2015 წელს დასრულება. ქვეპროგრამის „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შპს „კავკასუს ინვესტს „ შორის 2015 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ხელშეკრულება სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლის შენობის დასრულების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე.

 

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 182 855 ლარით, ხოლო მთლიანად შენობის მშენებლობისა და მოწყობის ღირებულება შეადგენს 930 000 ლარს.

სკოლის შენობის მშენებლობა დაიწყო 2013 წელს, თუმცა კომპანია შპს „ნიუ კონსტრაქშენმა“ სამუშაოების დასრულება შესაბამის ვადაში ვერ შეძლო, რის გამოც მასთან მიმდინარე წელს შეწყდა ხელშეკრულების მოქმედება და დარჩენილ სამუშაოებზე გამოცხადდა ახალი ტენდერი. პროექტის მიხედვით სკოლის შენობა არის 3 სართულიანი, დაკავშირებული ცალკე არსებულ სპორტულ დარბაზთან. სრული რემონტი ჩაუტარდა საკლასო ოთახებს და სხვა დანიშნულების ფართებს. განთავსდება სველი წერტილები და დამხმარე სათავსოები. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, კერძოდ მოეწყობა პანდუსი და შესაბამისი სველი წერტილები. სამუშაოები უნდა დასრულდეს 2015 წლის 22 ოქტომბრამდე. სკოლაში სწავლობს 292 მოსწავლე და დასაქმებულია 23 პედაგოგი.

ბათუმის N1 საჯარო სკოლის 7-8-9 კლასის მოსწავლეთათვის უკვე წლების განმავლობაში სასწავლო პროცესი ცალკე განთავსებულ შენობაში მიმდინარეობს. 2015 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლის მიმდებარედ დაიწყო ახალი კორპუსის მშენებლობა, რომელიც გათვლილია 300 მოსწავლეზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შპს „ბილდ მენეჯმენტს“ შორის 2015 წლის 11 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება სსიპ ბათუმის N1 საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობის სამუშაოების (2015-2016 წელი) სახელმწიფო შესყიდვაზე. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 1 006 855 ,66 ლარით. პროექტის მიხედვით არსებული სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენდეს დამოუკიდებელი 4 სართულიანი შენობა. პირველ, მეორე და მესამე სართულებზე განთავსდება საკლასო ოთახები, ხოლო მეოთხე სართულზე სპორტული და სააქტო დარბაზები. განთავსდება ასევე სველი წერტილები და დამხმარე სათავსოები. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. შენობაში დამონტაჟდება სამგზავრო ლიფტი. მშენებლობა უნდა დასრულდეს 2016 წლის 1 სექტემბრამდე, ამ დროისათვის დასრულებულია საძირკვლის სამუშაოები. სკოლაში სწავლობს 1934 მოსწავლე და დასაქმებულია 123 პედაგოგი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge