სიახლეები

”სამართლიანი არჩევნები”: უსკოში კანდიდატები პოლიტიკური ნიშნით შეირჩა

19.08.2015
”სამართლიანი არჩევნები”: უსკოში კანდიდატები პოლიტიკური ნიშნით შეირჩა

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის თანახმად, უსკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატი უპარტიო პირი უნდა იყოს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა არ არის მხოლოდ ფორმალური ხასიათის და კანდიდატის პოლიტიკურ ნეიტრალურობას გულისხმობს. მიუხედავადა ამისა, ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, დარეგისტრირებული 24 კანდიდატიდან 19 კანდიდატის საარჩევნო გამოცდილება სწორედ პოლიტიკურ პარტიებთან გაწეულ საქმიანობას უკავშირდება და ისინი ცალსახად ასოცირდებიან საზოგადოების თვალში ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან.


„სამართლიანი არჩევნები“ მუშაობის დაწყებისთანავე მოუწოდებდა კომისიას, რომ მომხდარიყო მხოლოდ პოლიტიკურად ნეიტრალური კანდიდატების პროფესიული ნიშნით შერჩევა და შესაბამისად აჭარის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოს პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ მისცემოდა. აღნიშნული მოთხოვნა კომისიის მუშაობის პროცესში არ იქნა გათვალისწინებული. შესაბამისად, კომისიის მიერ მთავრობის თავმჯდომარისთვის წარდგენილი 9 კანდიდატიდან მხოლოდ 3, ხოლო მთავრობის თავმჯდომარის მიერ უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენილი 6 კანდიდატიდან მხოლოდ ერთი არ იყო ასოცირებული არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან.

 

მიგვაჩნია, რომ უსკოს წევრებად არჩეული სამივე პირის პოლიტიკური ასოციაცია ამა თუ იმ პარტიასთან სრულიად აშკარაა და შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ სწორედ პოლიტიკური ნიშნით მოხდა მათი არჩევა უმაღლესი საბჭოს მიერ. უსკოს წევრად არჩეული ზურაბ გოლიაძე ბოლო წლებში კოალიცია „ქართული ოცნების“ ქობულეთის საარჩევნო შტაბში იურისტად მუშაობდა, 2012 წლის არჩევნებზე კი კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო ქობულეთის საარჩევნო ოლქში. კიდევ ერთი ახლადარჩეული წევრი, რამაზ გოლომანიძე, ქედის საკრებულოს წევრია და ამავე საკრებულოს მიერ მოწოდებული 6 ივლისის წერილის თანახმად ფრაქცია „ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარე; მესამე წევრი კი, თორნიკე მჟავანაძე, 2013 წელს პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ წარდგენილი ბათუმის საარჩევნო ოლქის წევრი იყო.

 

მიგვაჩნია, რომ უსკო საზოგადოების განსაკუთრებული ნდობით უნდა სარგებლობდეს და მისი დაკომპლექტება პროფესიული ნიშნით უნდა მოხდეს, რადგან საზოგადოებაში არ გაჩნდეს ამ ორგანოს პოლიტიკური მიკერძოებულობის განცდა.


გარდა ამისა, საკონკურსო კომისია, რომელიც აჭარის მთავრობის აპარატისა 5 წევრისა და არასამთავრობო სექტორის 2 წარმომადგენლისგან შედგება, ვერ უზრუნველყოფს რეალურ პარიტეტს. მიგვაჩნია, რომ კომისიის მუშაობის მეტი ნეიტრალურობისა და ობიექტურობისთვის, ის თანაბრად უნდა იყოს დაკომპლექტებული სამთავრობო და არასამთავრობო სექტორით. შესაბამისად, მოვუწოდებთ აჭარის მთავრობას სამომავლოდ გადაიხედოს აღნიშნული კომისიის დაკომპლექტების წესი“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ დღეს გაავრცელა. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.