Batumelebi | 4 424 ბიზნეს იდეა პროგრამისთვის – „აწარმოე საქართველოში“ 4 424 ბიზნეს იდეა პროგრამისთვის – „აწარმოე საქართველოში“ – Batumelebi
RU | GE  

4 424 ბიზნეს იდეა პროგრამისთვის – „აწარმოე საქართველოში“

 

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში – „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. ბიზნეს იდეების კონკურსის ამ ეტაპზე განცხადება სულ 7336 პირმა შეიტანა.

 

პროექტის განმხორციელებლის ინფორმაციით, რეგიონებიდან სულ 4 424 განაცხადი მიღებულია (აჭარა, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1 937; კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი-2 487). განმცხადებელ პირთა რაოდენობამ კი ჯამში 7 336-ს მიაღწია.

 

ამ რეგიონებიდან მეორე ეტაპისთვის შერჩეული ბიზნეს-იდეების შესახებ ინფორმაცია პირველ სექტემბერს გახდება ცნობილი. 

 

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ამ დროისთვის მეორე ტური – ტრენინგების ეტაპიც დასრულებულია. ამ რეგიონებიდან ბიზნეს-გეგმის შემუშავების სასწავლო კურსებს 827 პირი დაესწრო.

 

წინასწარი ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში შერჩეული ბიზნეს იდეის ავტორი, მეწარმე სუბიექტი იდეის მხარდასაჭრეად  5000 ლარს მიიღებს (ორკაციანი ჯგუფის შემთხვევაში 10 000 ლარი, ხოლო სამკაციანი ჯგუფის არსებობის შემთხვევაში კი 15 000 ლარს).

 

ბიზნეს იდეებს სპეციალური კომისია არჩევს. პროგრამის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარია გამოყოფილი. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ბათუმელები