სიახლეები

დაპირისპირება მერსა და საკრებულოს შორის

19.08.2015
დაპირისპირება მერსა და საკრებულოს შორის

 

სხდომა ბათუმის საკრებულოში
სხდომა ბათუმის საკრებულოში

აქვს თუ არა მერს საკრებულოსთან სუბორდინაციის პრობლემა? – გიორგი ერმაკოვმა საკრებულოს სხდომაზე ანგარიშის წარდგენის დროს არმისვლაზე კომენტარი „ტელეარხ 25-თან“ გააკეთა, სადაც მან თქვა, რომ არ არის ვალდებული ყველა სხდომას დაესწროს.

 

თვითმმართველობის შესახებ კოდექსის მიხედვით, მერს მართლაც არ აქვს ვალდებულება საკრებულოს ყველა სხდომას დაესწროს, თუმცა იგივე კანონი და საკრებულოს რეგლამენტი მას ავალდებულებს საკრებულოს ბიუჯეტის ანგარიში თავად წარუდგინოს და შესაბამის კითხვებსაც გასცეს პასუხები.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მერი საკრებულოს საფინანსო-ეკონომიკური კომისიის მიერ ბიუჯეტის შესრულებაზე მომზადებულმა დასკვნამ გაანაწყენა.

 

„დასკვნა კრიტიკული იყო, ამან შიდა დაპირისპირება გამოწვია“, – უთხრა „ბათუმელებს“ წყარომ, რომელმაც კონფიდენციალურობა ითხოვა.

 

ბიუჯეტის შესახებ კითხვები ამჯერად საკრებულოს უმრავლესობასაც ჰქონდა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, დიმა დარჩია სხდომაზევე ამბობდა, რომ ის ამ კითხვებს მერთან აუცილებლად დასვამდა. ფრაქციის თავმჯდომარე თამაზ თურმანიძე კი ამბობს, რომ საკრებულოს მერთან ურთიერთობის პრობლემა არ აქვს.

 

„მერს აქვს ბევრი საქმე, ქალაქში ჩამოდიან სტუმრები. ის ყველა სხდომას ვერ დაესწრება, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მისგან პასუხების მიღების პრობლემა“, – უთხრა თამაზ თურმანიძემ „ბათუმელებს“.

 

რა კითხვები აქვს საკრებულოს ოპოზიციას მერთან? – „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ჯაბა ბერიძე ამბობს, რომ მთავარი პრობლემა ბიუჯეტის შეუსრულებლობაა: „პირველი კითხვაა, თუ ვინ აიღებს პასუხისმგებლობას წლის ბოლოს ბიუჯეტის შეუსრულებლობასა და დაუხარჯავ მილიონებზე; რატომ ვერ ხერხდება იაფი სახლის პროგრამის დაწყება, რატომ არ იკრიბება შესაბამისი კომისია, რომ შეიმუშაოს კრიტერიუმები და რატომ არ ემორჩილება ვიცე-მერს სამსახურის უფროსი“.

 

ჯაბა ბერიძის აზრით, ბათუმის მერიაში ელემენტარული საკითხები ვერც აპარატის უფროსის და ვერც ვიცე-მერის დონეზე ვერ წყდება და მერის ჩართვას საჭიროებს, რაც, მისივე თქმით, ისეთივე პრობლემაა, როგორიც ბიუჯეტის შეუსრულებელობა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.