ბათუმში სარაგბო სტადიონის მშენებლობა ორი წლის წინ დაიწყო და გასული წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, „ვადა ტექნიკური საკითხების გამო“ გადაიწია. მიმდინარე წელს კი, მთავარი ტრიბუნის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. სტადიონი, რომელიც ბათუმის მერიისა და „ქართუს“ დაფინანსებით შენდება, 2016 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს. ბათუმის ბიუჯეტიდან 3,5 მილიონი ლარი უკვე გადაერიცხა კომპანიას, რომელმაც მშენებლობა უნდა დაასრულოს.
„2013 წლის 27 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება ბათუმის მერიასა და ასოციაცია „ატუს“ შორის – 3 596 177 ლარზე, რაც მერიის ბიუჯეტიდან გამოიყო. ჩვენ გადავუხადეთ 3 591 434 ლარი „ატუს“. დარჩენილ სამუშაოებთან, რაც ახლა მიმდინარეობს, მერიას შეხება არ აქვს და მას უშუალოდ „ატუ“ აფინანსებს. მან აიღო ვალდებულება, რომ თავად მოიძიებს დანარჩენ თანხას. საპროექტო მონაცემებით 7 მილიონზე მეტი ჯდება სტადიონის მშენებლობა“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ნუგზარ შერვაშიძემ.
„რამდენადაც ვიცი, მშენებლობას 4 მილიონი ლარით ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. ახლა მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, რათა მოედნებზე საფარი დაიგოს. აქ კეთდება როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნურსაფარიანი მოედნები. სამუშაოებს „ატუ“ აწარმოებს და დათქმულ დროში დასრულდება“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ „ატუს“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
ბათუმის მერიაში კი გვითხრეს, რომ გასულ წელს, ბათუმის მერიასა და „ატუს“ შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც მშენებლობა 2016 წლის პირველ ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.
ასოციაცია „ატუ“ სამშენებლო ჰოლდინგ „ბურჯის“ შვილობილი კომპანიაა, ხოლო თავის მხრივ „ბურჯი“, სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფის“ შემადგენლობაშია.
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს, ზამთარში, ტრიბუნის სახურავი ჩამოინგრა. ნუგზარ შერვაშიძე ამბობს, რომ „სახურავის ნაწილი დაანგრია დიდმა ნალექმა. ქარიანი ამინდი იყო და მაგ ადგილზე მიაყარა თოვლი, სიმაღლეში 2 მეტრი დაფიქსირდა, თუ არ ვცდები… ამჯერად კეთდება და სახურავს უფრო დიდ დატვირთვაზე ანგარიშობენ“.
ვინ ზედამხედველობს სტადიონის მშენებლობას? – კომპანიაში გვითხრეს, რომ ზედამხედველი ბათუმის მერიაა, მერიაში კი აცხადებენ, რომ თავად კომპანიას ჰყავს სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამოწმებს მშენებლობის ხარისხს: „დღეს ჩვენ ოფიციალურად არ ვზედამხედველობთ, უბრალოდ, ვინტერესდებით მიმდინარე სამუშაოებით, ვინაიდან ქალაქის ბიუჯეტიდანაა გადახდილი თანხა და ობიექტი უნდა გახდეს მუნიციპალიტეტის საკუთრება. უნდა გადმოეცეს ბათუმის მერიას“.
ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სარაგბო სტადიონი შენდება. რამდენადაც „ბათუმელებმა“ გაარკვია, მერიის თანხით კეთდება ტრიბუნა [2484 მაყურებელზე, რომელიც აშენებულია], სახურავი [რომლის ნაწილი ხელახლა კეთდება], საშხაპეების ტიხრები, განათების სისტემის ოთხი ბოძი, დრენაჟის სისტემა, ღობე.
ტრიბუნებზე სკამების მონტაჟს, ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობას, მცირე ტრიბუნას [552 მაყურებელზე] ავტოპარკინგს, კომუნიკაციებს, ქვიშის მოედანს და მთელი ამ კომპლექსის კეთილმოწყობასა და ექსპლუატაციაში შეყვანას კი „ატუ“ უზრუნველყოფს.
მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ მაქსიმუმ ერთ თვეში მზად იქნება ხელოვნურსაფარიანი სტადიონი და რაგბისტებს ვარჯიშის საშუალებაც ექნებათ.
სარაგბო სტადიონის მშენებლობა [3,6 მილიონი ლარის ბიუჯეტიდან გამოყოფა და გამარტივებული შესყიდვა] თავის დროზე ბათუმის საკრებულოში, საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ გააპროტესტა. კირთაძე აცხადებდა, რომ არსებობდა შეთანხმება და სტადიონის მშენებლობა ფონდ „ქართუს“ მთლიანად უნდა დაეფინანსებინა. მაშინდელმა საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი ჩავლეიშვილმა თანხის გამოყოფა და გამარტივებული შესყიდვა პროექტის შეჩერების საშიშროებით ახსნა და საქართველოს ფინანსთა მინისტრს საჭირო თანხა მოსთხოვა. ამას მოჰყვა მაშინდელი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის [2013 წლის აგვისტოს] განკარგულება, რომლის თანახმადაც საკრებულომ სარაგბო სტადიონის მშენებლობისთვის მოთხოვნილი თანხაც მიიღო და თანხმობაც – სამუშაოების გამარტივებული წესით შესყიდვაზე.
გასულ წელს მშენებარე კომპლექსი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემაც დაათვალიერა და აღნიშნა, რომ „ბაზა ითვალისწინებს სამომავლოდ, სასტუმრო კომპლექსის მოწყობას“. თუმცა პროექტით, რომელიც ამჟამად ხორციელდება, სასტუმროს მშენებლობა გათვალისწინებული არ არის.
სასტუმრო კომპლექსის მშენებლობისა და დაფინანსების საკითხი დღესაც გაურკვეველია. სასტუმროსთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ აჭარის მთავრობაში და არც მერიაში. მშენებელ კომპანიაში კი გვითხრეს, რომ შესაბამისი ტერიტორია არის და „სასურველია სასტუმრო აშენდეს“. რაც შეეხება ტერიტორიას [მომიჯნავე ნაკვეთები ჯამში 4,5 ჰექტარი], სადაც სარაგბო სტადიონი შენდება, საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, 2009-2011 წლებში აჭარის საკუთრებაში იყო, შემდეგ საქართველოს რაგბის კავშირის, შემდეგ ნაკვეთ[ებ]ზე რეგისტრაცია უქმდება და კვლავ რეგისტრირდება როგორც აჭარის საკუთრება. 2013 წლის დეკემბრის ამონაწერით კი, ტერიტორია უკვე ბათუმის მერიის საკუთრებაშია.
ბათუმის სარაგბო სტადიონი. 3.06.2016 / თორნიკე თავაძის ფოტოები
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, პარკირების წესების დარღვევის გამო, დღეს ბათუმში სულ 456 ადამიანი დაჯარიმდა.
მათ შორის: 361 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 61 – ნიშანში დგომისთვის, 19 – ტროტუარზე დგომის გამო, 14 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და 1 – პარკირების ორგანიზების წესის დარღვევისთვის.
მწვანე კონცხის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს, რის შედეგადაც მწვანე კონცხზე გარდა ახალი ინფრასტრუქტურისა, განახლდება ზღვაში შეჭრილი ხიდიც.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები უტარდება სავალ გზას, სასეირნო ბილიკებს, მოსასვენებელ პარკსა და ქვაფენილებს.
სამუშაოებს 2 კომპანია „მონოლითი 2005“ და შპს ,,გზები“ ახორციელებს. ობიექტებზე, 20 სხვადასხვა სიმძიმისა და სახეობის ტექნიკა მუშაობს. სატენდერო პირობების თანახმად, 3 მილიონ ლარად შეფასებული სამუშაოები 25 ივლისს უნდა დასრულდეს. ამავე თემაზე: მწვანე კონცხზე სამუშაოების დასრულება რკინიგზაზეა დამოკიდებული
დღეს ბათუმში ,,საერთაშორისო ტურნირი კალათბურთში ვ. ალთაბაევის თასზე“ იწყება. პირველი თამაში ბათუმის სასპორტო სკოლაში 17:00 სთ-ზე დაიწყება და 3 დღეს გაგრძელდება.
ტურნირში 2002-2003 წელს დაბადებულ ჭაბუკთა 2 ქართული და 2 უცხოური გუნდი მონაწილეობს. ღონისძიების ორგანიზებისათვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 20 000 ლარია გამოყოფილი.
ტურნირი მერიის ,,სპორტის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში იმართება.
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ მიმდინარე, ახალი და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები შეაჯამეს. შეხვედრაზე არჩილ ხაბაძემ ახალი საინვესტიციო პროექტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალ ბულვარშ არა ნაკლებ 40 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
ბულვარის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი (32 249 კვ.მ) პირობებიან ელექტრონულ აუქციონზე 5 მილიონად გაიტანეს და ვაჭრობის შედეგად, იგი დაახლოებით 100% იანი ფასნამატით, 9,3 მლნ ლარად შპს „ორბი ჯგუფ მილენიუმმა“ შეიძინა.
აუქციონის პირობების მიხედვით ტერიტორიაზე არანაკლებ 350 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი განთავსდება.„ორბის“ პროექტის მიხედვით ასევე საკონფერენციო დარბაზი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, მათ შორის არანაკლებ 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ღია ტიპის საცურაო აუზი, ასევე დახურული ტიპის აუზი, სარეკრეაციო ზონა, ღია სათამაშო მოედნები და სხვა ობიექტები მოეწყობა. პროექტი არანაკლებ 300 მოქალაქის დასაქმებას ითვალისწინებს. სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა 4 წელში დასრულდება.
„ახალ ბულვარში მიმდინარე პროექტების საპრივატიზებო ღირებულება ჯამში დაახლოებით 21,1 მლნ ლარია, საიდანაც ჩვენ 520 მლნ ლარის ინვესტიციას ველოდებით, აქედან 100 მილიონი ლარი კი უკვე განხორციელებულია“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 9,3 მილიონ ლარად გაყიდული იგივე ქონება ლევან ვარშალომიძემ თავის დროზე დაახლოებით 2 464 000 ლარად გაასხვისა. “დაბალი ფასის მიუხედავად, გაყიდული ქონების ვალდებულებები წლების განმავლობაში კომპანიამ ვერ შეასრულა, პროექტი არც კი დაწყებულა. ჩვენ ქონება ხელახლა გამოვიტანეთ ელექტრონულ აუქციონზე და შედეგად მალე კიდევ ერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტი იწყება” – თქვა არჩილ ხაბაძემ.
აჭარიოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა კი 2016 წლის პირველი კვარტლის ინვესტიციების მონაცემები შეაჯამა და აღნიშნა, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს მონაცემი 29%-ით ანუ 22,4 მილიონი ლარით გაიზარდა. მისივე თქმით, ჯამში აჭარაში 98.7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდა. წამყვანი სექტორები ენერგეტიკა (49.1%), ტურიზმი (29.4%) და მშენებლობა (18.3%).
აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ინვესტიციების წლიური მონაცემები ასე გამოიყურება:
ამ წუთებში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის პროცესის სპეციალური სამუშაო ჯგუფის მე-8 შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა 2017 წელს დაგეგმილ ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთა მე-6 მაღალი რანგის შეხვედრის მომზადებას ეძღვნება, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პირველადი პრევენციული ფართომასშტაბიანი მიდგომების შემუშავებას მოიცავს.
სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნება პრეზენტაციები და გაიმართება დისკუსია.
გარემოს და ჯანმრთელობის დაცვის სექტორებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის პოლიტიკის მართვის სფეროებში. კერძოდ მათ აკისრიათ ისეთი მექანიზნების შემუშავება და განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფენ ეკოლოგიური თვალსაზრისით მდგრად განვითარებას, ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემოს ფაქტორების ზემოქმედების ეფექტურ მონიტორინგსა და პრევენციას. გასულ წლებში, „გარემოსა და ჯანმრთელობის“ საკითხებთან დაკავშირებული პანევროპული პროცესის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანხმება, რეზოლუცია, ქარტია და დეკლარაცია მიიღეს.
ევროპის გარემოს და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთა მე-6 მაღალი რანგის შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა ჯერ არ არის ცნობილი. დარგის სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ამ შეხვედრას შესაძლოა საქართველომ უმასპინძლოს.
შეხვედრაში გარდა ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებისა, სამედიცინო დარგის ექსპერტებისა და მეცნიერებისა, მონაწილეობენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის [ჯანმო] ევროპის რეგიონული ხელმძღვანელი – ჟუჟანა ჯაკაბი, გარემოს და ჯანმრთელობის ევროპული პროცესის ხემძღვანელი -სრდან მატიჩი, გარემოს და ჯანმრთელობის ევროპის WHO/Euro ბონის ოფისის (გერმანია) დირექტორი – ელიზაბეტ პაინოვიჩი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები.
„ჩვენი სამიზნე აუდიტორია ძირითადად არის რუსულენოვანი, ამიტომაც გამოიყენეს წამყვანებმა რუსული“, – ასე ამართლებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტული სეზონის გახსნის ოფიციალურ საღამოზე ოკუპანტი ქვეყნის ენის გამოყენებას. სეზონი ბათუმის ბულვარში 28 მაისს გაიხსნა.
საკონცერტო ნომრებს შორის სეზონის გახსნის ღონისძიებაზე წამყვანებმა აუდიტორიას ქართულის გარდა რუსულ ენაზეც მიმართეს. ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება და რატომ ვერ ხედავს პრობლემას სახელმწიფო უწყება ოფიციალურ საღამოზე რუსული ენის გამოყენებაში? რა ინტერესს ემსახურებოდა ეს მიდგომა? – ეს კითხვები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარისთვის უნდა დაესვა „ბათუმელებს“, მაგრამ როგორც მისმა პრესსამსახურის უფროსმა, მერი ემირიძემ გვითხრა, მამუკა ბერძენიშვილი ქორწილის სამზადისშია და კომენტარებისთვის არ სცალია.
ტურიზმის დეპარტამენტის პოზიცია „ბათუმელებს“ მერი ემირიძემ გააცნო: „ჩვენ ვთხოვეთ წამყვანებს შიგადაშიგ ესაუბრათ რუსულად და ინგლისურად. თქვენ როგორ ფიქრობთ, არ უნდა ელაპარაკათ? წამყვანები არიან შოუმენები და მგონი, დანაშაული არაა, როცა ჩამოსულ ტურისტს მისთვის გასაგებ ენაზე ესაუბრები. ჩვენთან ჩამოსული ტურისტების ყველაზე დიდი ნაწილი რუსულენოვანია“.
თუმცა, ცერემონიის წამყვანებს აუდიტორიისთვის ინგლისურად არც ერთხელ არ მიუმართავთ იმ პერიოდში, როცა „ბათუმელების“ ჟურნალისტი საათ-ნახევრის განმავლობაში აკვირდებოდა ღონისძიებას. იმავე პერიოდში წამყვანებმა რუსული ენა ორჯერ გამოიყენეს.
„როგორ ხვდებოდნენ წამყვანები, ვინ იყო რუსულენოვანი ტურისტი?“ – ამ კითხვაზე მერი ემირიძე გვპასუხობს: „არ ვიცი, ალბათ, ვიზუალით“.
მასვე ღონისძიებაზე მისული ჩინელი ტურისტებიც დაუფიქსირებია, ვინც შესაძლოა, არც რუსული იცოდა და არც – ინგლისური: „რა გვექნა, ყველა ენაზე მოსაუბრე წამყვანებს ხომ ვერ დავიქირავებდით?“
„წამყვანები უშუალოდ ვრთავდით გასართობ ღონისძიებაში ტურისტებს, გათამაშებაში, კონკურსში, ამიტომ გახდა აუცილებელი უცხო ენის გამოყენება. ჩვენ ოფიციალურად ვინმესთვის არ მიგვიმართავს სცენაზე და განცხადებები არ გაგვიკეთებია. არ მესმის, რატომაა ეს პრობლემა“, – გვითხრა მარი მჟავანაძემ. ტურისტული სეზონის გახსნის საღამო სწორედ მას მიჰყავდა ზაალ წულუკიძესთან ერთად.
მარისთვის „ბათუმელების“ კითხვა არც მას შემდეგ გახდა გასაგები, როცა დავაკონკრეტეთ, რომ პრობლემაა რუსულის, როგორც ოკუპანტი ქვეყნის ენის გამოყენება ოფიციალურ ღონისძიებაზე: „არ ვიზიარებ ამ პოზიციას, მე არ ვერევი პოლიტიკურ დაპირისპირებაში. ეს იყო ჩვეულებრივი უწყინარი ღონისძიება და უმეტესობა იქ იყო უცხოელი ტურისტი. არ მიფიქრია მაგ კუთხით, სიმართლე გითხრათ…“
ტურიზმის დეპარტამენტის ამ გადაწყვეტილებას „კოლონიურ აზროვნებად“ აფასებს პუბლიცისტი ლაშა ბაქრაძე: „რუსეთთან რომ ნორმალური ურთიერთობა გვქონდეს, ამაში არაფერი განსაკუთრებული იქნებოდა, მაგრამ, როდესაც ქვეყნის დიდი ნაწილი ოკუპირებულია და არ გვაქვს ნორმალური ურთიერთობა, რასაკვირველია, ასეთი სითბოს და სიყვარულის ჩვენებას ყოველთვის არასასიამოვნო სუნი ასდის. ვეჭვობ, როდესაც ბევრი თურქი ჩამოდის, მათ თურქულად ესაუბრებოდნენ, ან რატომ უნდა ჩათვალო, რომ სხვებმა ინგლისური იციან და რუსებმა არ უნდა იცოდნენ არც ერთი სხვა ენა.
ეს ტიპიური, საქართველოსთვის დამახასიათებელი რამეა: თავს კოლონიად გრძნობ და ფიქრობ, რომ ასე, ცოტა ხელს თუ გადაუსვამ ქართველებისგან ნაწყენ რუსს, კარგი იქნება. თავქარიანობის ამბავია, რაც ქართველებს გვახასიათებს ხოლმე“.
ლაშა ბაქრაძის აზრით, ტურიზმის დეპარტამენტი და რომელიმე სხვა სახელმწიფო უწყება ვერ გაიაზრებს ამ ტიპის პასუხისმგებლობას, ვიდრე საზოგადოებისგან არ წამოვა შესაბამისი დაკვეთა:
„როცა არ არსებობს არანაირი სახელმწიფო პოლიტიკა ამ კუთხით, იოლია სახელმწიფო ორგანოებმა არ იფიქრონ ამაზე. მგონია, რომ ტურიზმის დეპარტამენტმაც ქვეცნობიერად გადაწყვიტა რუსულად ელაპარაკა ოფიციალურ საღამოზე. ეს პოლიტიკური სიბეცის მაჩვენებელია. ქართველებს საერთოდ ფიქრი არ გვიყვარს. მანქანებშიც ვუსმენთ რუსულ სიმღერებს, კაფე-რესტორნებშიც და ეს არ გვგონია პრობლემა. შესაბამისად, ვნახავთ რუს ტურისტებს, რომლებსაც ექნებათ შეგრძნება, რომ იმყოფებიან მიწაზე, რუსეთმა დროებით რომ დაკარგა და კულტურულად მათი ნაწილია. ამ რუსულ პროპაგანდას აძლიერებს მსგავსი მიდგომები“.
24 წლის ამერიკელი ერიკ ჯექსონი „ფულბრაიტის“ სტიპენდიანტია. ის ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო ერთი სასწავლო წლის განმავლობაში როგორც მოხალისე სტუდენტებს ასწავლიდა ინგლისურს, სემინარებს ატარებდა და საერთაშორისო განათლების ცენტრთან თანამშრომლობდა.
უკვე სრულდება პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ერიკი საქართველოში იმყოფება – ის მალე ამერიკაში ბრუნდება. ერიკი რთულად, მაგრამ მაინც ახერხებს ქართულად ლაპარაკს, „ბათუმელების“ კითხვებზე პასუხის გაცემისას ცდლობს მაქსიმალურად გამოიყენოს ქართული სიტყვები. როგორც ამბობს, ქართველი მეგობრების, კოლეგებისა და სტუდენტების დახმარებით ქართულად კითხვაც დაიწყო.
ეს ერიკის მეორე ვიზიტია საქართველოში. პირველად იგი 2013 წელს ჩამოვიდა. როგორც ყვება, ეს იყო სტიპენდიების კონკურსი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სასწავლო კურსის გასავლელად. ერიკმა უკრაინას, ბელარუსიას, ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებს შორის საქართველო აირჩია და სტაჟირება გაიარა არასამთავრობო ორგანიზაცია – „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში“ [IDFI]. ეს, მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოცდილება იყო.
„ბევრი რამ ვისწავლე, მაგალითად ის, თუ რა გავლენას ახდენს ინტერნეტი პოლიტიკაზე, ადამიანის უფლებებზე… რა მნიშვნელობა აქვს მედიის თავისუფლებას, ხელისუფლების საქმიანობაზე ინფორმირებულობას. საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა არის შესანიშნავი საშუალება ჟურნალისტებმა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა თუ რიგითმა მოქალაქეებმა აკონტროლონ საჯარო სამსახურები და დროული რეაგირება მოახდინონ საეჭვო საკითხებსა თუ დარღვევებზე“, – ამბობს ერიკი. შემდეგ ესტონეთში e-Governance Academy-ში [ელექტრონული მმართველობის აკადემია] ჰქონდა კიდევ ერთი პრაქტიკა, ესტონეთიდან ამერიკაში დაბრუნებულმა კი აკადემიური ნაშრომი დაწერა თემაზე: „Opendata.GE: საჯარო ინფორმაციის კვლევა საქართველოში“.
პირველად საქართველოში მხოლოდ ერთი ზაფხულის განმავლობაში იმყოფებოდა, მაგრამ ამბობს, რომ კავშირებმა და ურთიერთობებმა, რომლებიც მასპინძელ ოჯახთან, თანამშრომლებთან და ახალ ნაცნობებთან დაამყარა, განსაკუთრებული დამოკიდებულება გაუჩინა ქვეყნის მიმართ.
ამერიკაში დაბრუნების შემდეგ, ერიკის თქმით, ზუსტად მიხვდა, რომ საქართველოში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ უნდოდა: „ვიცოდი, რომ არსებობს კონტრასტი დედაქალაქსა და რეგიონებს, სოფლებს შორის. მინდოდა ყველაფერი მენახა. როგორ ცხოვრობდნენ და როგორი იყო სხვა რეგიონები, თუნდაც აჭარა, კახეთი და ა.შ. ვხედავ, რომ ამ რეგიონში, სადაც რეალურად არსებობს ორი: პრორუსული და პროდასავლური გზა, საქართველომ ბოლო წლებში დიდი პროგრესი განიცადა… მინდოდა ამის ნაწილი ვყოფილიყავი“… და ის „ფულბრაიტის“ სასტიპენდიო პროგრამით, ამჯერად უკვე ბათუმში ჩამოვიდა: „ძალიან გამიმართლა, რომ ბათუმში მოვხვდი, უნივერსიტეტში მუშაობა ჩემთვის ახალი გამოცდილება იყო. ვცდილობდი სტუდენტებისთვის მხოლოდ ინგლისური ენა კი არ მესწავლებინა, არამედ დისკუსიაში ჩამერთო ისინი. სასიამოვნოდ გაოცებულიც დავრჩენილვარ. საინტერესო თემებზე ვსაუბრობდით. ზოგჯერ სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზეც ვკითხულობდი დამოუკიდებლად სემინარებს“, – ამბობს ერიკი.
საქართველოში დაბრუნებულმა ერიკმა რეგიონების მონახულება დაიწყო. მეგობრებთან ერთად თითქმის მთელი ქვეყანა მოიარა. ერიკის თქმით, ყველგან, სადაც ყოფილა, საოცარი სტუმართმოყვარეობით ხვდებოდნენ: „ყველა ოჯახში სუფრა [სუფრა – ამბობს ქართულად] გვხდებოდა, რაც ერთგვარი ზეიმია“.
განათლების სისტემაზე საუბრისას ერიკი აღნიშნავს, რომ ექსპერტი არ არის, თუმცა მისი მცირედი გამოცდილებისა და უნივერსიტეტში კოლეგებზე დაკვირვების შემდეგ შეუძლია თქვას, რომ, რაც ყველაზე მეტად აკლია ბსუ-ში სასწავლო პროცესს, დაგეგმვაა: „ამერიკაში და როგორც ვიცი, ბევრ სხვა ქვეყანაშიც გაკვეთილები დიდი ხნით ადრე იგეგმება, ყველა აქტივობა, წუთები – რა დროს რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა მოხდეს ინფორმაციის ეფექტური მიწოდება… ალბათ ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორებიც იყენებენ დაგეგმვას, მაგრამ, ვფიქრობ, სასურველია ეს ყველასთვის ჩვეული პრაქტიკა იყოს. გარდა ამისა, განათლების სისტემისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ ლექტორები, რომლებიც, ალბათ, პროფესიონალები არიან, ფურცლებზე მუშაობიდან სხვა მეთოდიკაზე გადავლენ“, – აღნიშნავს ერიკ ჯეკსონი.
ერიკი 10 ივნისს ტოვებს საქართველოს. ქვეყნის შეფასებისას აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად სტუმართმოყვარეობამ მოხიბლა. რაც შეეხება ტოლერანტობის, შემწყნარებლობისა და პლურალიზმის მხრივ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, ერიკისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი 2013 წლის 17 მაისის მოვლენები და გასულ კვირას თბილისში, ვეგანური კაფეს დარბევა ყოფილა. თუმცა, ერიკის თქმით, მსგავსი პრობლემები ამერიკის შეერთებულ შტატებშიც დგას: „ჩვენთან დონალდ ტრამპი [პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი] გამოჩნდა, რომელიც სრულიად დისკრიმინაციული მიდგომების მიუხედავად საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა. გვეგონა ძალიან მალე გამოეთიშებოდა კამპანიას, თუმცა აქამდე მოვიდა. ე.ი. მას ამერიკაში ჰყავს თანამოაზრეები. ეს ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის მარტივია ყველაფერი სხვას დააბრალო – თქვა, რომ გაჭირვება მიგრანტების ბრალია… როგორც ჩანს, ეს მუშაობს“.
რიკი ამბობს, რომ აქ ყოფნის პერიოდი მისთვის უდიდესი გამოცდილებაა: „სრულიად განსხვავებული კულტურა, განსხვავებული წარსული და რეალობა, ძალიან ბევრი ახლო მეგობარი და ჩემთვის მნიშვნელოვანი პროფესიონალი გავიცანი… მე აქ ამერიკის ელჩივით ვიყავი, ამერიკაში კი ვაპირებ საქართველო წარვადგინო“.
წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა მაჟორიტარობის შესაძლო კანდიდატებზე პარტიები აქტიურად მუშაობენ. ვის კანდიდატურებს წარუდგენენ მმართველი თუ ოპოზიციური პარტიები ამომრჩეველს მაღალმთიან აჭარაში – ეს განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანია მოსახლეობისთვისაც. წელს პირველად აჭარის მთის სამ მუნიციპალიტეტს – ხულოს, შუახევსა და ქედას ერთი მაჟორიტარი ეყოლება.
საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საქართველოს პარლამენტში აჭარის მაღალმთიანი მოსახლეობის ინტერესებს ოქტომბრიდან მხოლოდ ერთი მაჟორიტარი დაიცავს. შესაბამისად, ქედის [მახუნცეთის თემის გარდა], შუახევისა და ხულოს მოსახლეობამ მხოლოდ ერთი მაჟორიტარი უნდა აირჩიოს. ერთი მაჟორიტარი ეყოლება სამივე მუნიციპალიტეტს აჭარის უმაღლეს საბჭოშიც.
მაღალმთიანეთში მიაჩნიათ, რომ პოლიტიკური პარტიები მაჟორიტარ კანდიდატებს, ძირითადად, ხულოს მუნიციპალიტეტიდან დაასახელებენ – ამის ერთ-ერთ არგუმენტად ამ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის აქტიურობას ასახელებენ.
ამომრჩეველთა აქტიურობის გარდა ამ მოსაზრებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტატისტიკაც ამყარებს. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი – 23 915 ამომრჩეველი ხულოშია რეგისტრირებული, ქედაში _ 15 679, ხოლო შუახევში – 15 087 ამომრჩეველი. ცესკოს მონაცემებით, 2014 წლის არჩევნებში ხულოში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 59.05-მა პროცენტმა მისცა ხმა, შუახევში – 58.08 პროცენტმა, ხოლო ქედაში – 65.1-მა პროცენტმა.
მართალია, წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად ჯერ არ დაწყებულა და არც მაჟორიტარი კანდიდატები დაუსახელებიათ პარტიებს ოფიციალურად, თუმცა პარტიებში შესაძლო კანდიდატებს აქტიურად განიხილავენ.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მაჟორიტარ კანდიდატად საქართველოს პარლამენტში მთიანი აჭარიდან ხულოსა და შუახევის მოქმედი გამგებლების – ბესიკ ბაუჩაძისა და ტარიელ ებრალიძის კანდიდატურებს განიხილავს. ოპოზიციური პარტიების ინფორმაციით, ბაუჩაძესთან ერთად კანდიდატად მოქმედი პარლამენტარი, ხულოს ყოფილი მაჟორიტარული ოლქიდან ანზორ ბოლქვაძეც განიხილება. ეს უკანასკნელი პარლამენტში `ნაციონალური მოძრაობის~ მაჟორიტარი იყო, თუმცა, მოგვიანებით ფრაქცია „დამოუკიდებელ მაჟორიტარში“ გადავიდა.
რაც შეეხება აჭარის უმაღლეს საბჭოს, ამ დროისთვის შესაძლო კანდიდატად მმართველი პარტიიდან ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე სახელდება.
ხულოს მკვიდრის, ზურაბ ტუნაძის კანდიდატურას კი ნინო ბურჯანაძის პარტია – „დემოკრატიული მოძრაობა“ განიხილავს საქართველოს პარლამენტში, რომელსაც ამ დროისთვის ფრაქციის თავმჯდომარის პოზიცია უკავია ხულოს საკრებულოში.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხულოს საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის მოადგილის, ოთარ ცეცხლაძის კანდიდატურა განიხილება უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარ კანდიდატად „თავისუფალი დემოკრატებიდან“, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატად ამავე პარტიიდან ქედის საკრებულოს წევრი თემურ ავალიანი მოიაზრება.
„ამ ინფორმაციას ვერც უარვყოფ და ვერც დაგიდასტურებთ, მაჟორიტარ კანდიდატებზე საუბარი ჯერ არ გვქონია“, – ამბობს ამავე პარტიის წარმომადგენელი და შუახევის საკრებულოს წევრი არმაზ ბახტაძე.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, მირანდა კონცელიძის კანდიდატურა განიხილება მაჟორიტარობის კანდიდატად უმაღლეს საბჭოში პაატა ბურჭულაძის მიერ ახლახან ჩამოყალიბებულ „საქართველოს განვითარების ფონდში“. მირანდა კონცელიძე საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ქედის რაიონულ შტაბში მუშაობდა და მმართველი პარტიის ინტერესებს იცავდა ქედაში.
სხვადასხვა პარტიის მიერ დასახელებულ შესაძლო კანდიდატებს უარყოფენ თავად პარტიის წარმომადგენლები და ამბობენ, რომ კანდიდატურების განხილვა ჯერ არ დაუწყიათ.
ქედის საკრებულოს თავმჯდომარე და პარტია „ქართული ოცნების“ ქედის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების~ რაიონულ ორგანიზაციას არ დაუწყია ადგილზე კანდიდატის შერჩევა. მისი ინფორმაციით, კანდიდატად ის დასახელდება, ვისაც ცენტრალური ოფისი შეარჩევს, რაც შეეხება მმართველი გუნდის კანდიდატურად ბესიკ ბაუჩაძის შესაძლო დასახელებას, ის ამბობს: „თუ ბაუჩაძის კანდიდატურა დასახელდება, მთელი „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს და გახდება კიდეც დეპუტატი. ჩემთვის აზრი არ აქვს სხვა პარტია ვის დაასახელებს მაჟორიტარ კანდიდატად, მაინც უნდა დამარცხდეს. ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ ხელისუფლება, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“, საქმეს აკეთებს და პარტიის მიერ დასახელებული კანდიდატი გაიმარჯვებს“.
კითხვაზე, ვისი კანდიდატურა განიხილება `ნაციონალური მოძრაობის~ მაჟორიტარობის შესაძლო კანდიდატად, სახელისუფლებო თუ საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები მაღალმთიან აჭარაში ამბობენ, რომ ყველაზე მეტად ეს ინფორმაცია „ნაციონალებს“ აქვთ გასაიდუმლოებული.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრის, ირაკლი ბარამიძის კანდიდატურას განიხილავს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატად. ამავე პარტიის წარმომადგენელი და ქედის საკრებულოს წევრი ვაჟა ბოლქვაძე კი ამბობს, რომ შესაძლო კანდიდატებზე პოლიტსაბჭოს ჯერ არ უმსჯელია. ის იმედოვნებს, რომ პარტია ამ არჩევნებს მოიგებს. რაც შეეხება კონკურენტს, ვაჟა ბოლქვაძეს კონკურენტად მხოლოდ მმართველი პარტია მიაჩნია.
საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.
მოსამართლე დავით მამისეიშვილი რამდენიმე დღეში ასლან აბაშიძეს განაჩენს გამოუტანს. ბათუმის საქალაქო სასამართლო დაცვისა და ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვებს ისმენს. სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან აბაშიძის მაღალჩინოსნებიც: უშიშროების ყოფილი მინისტრი _ იოსებ გოგიტიძე და პირადი დაცვის უფროსი – დავით ხალვაში, იგივე „ქელფეთა“, რომელიც პატიმრობაში იმყოფება. პროკურატურას ბრალი წაყენებული აქვს ჯემალ გოგიტიძისა და ელგუჯა ჯინჭარაძის მიმართაც. ისინი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოსკოვში გარდაიცვალნენ.
დაცვის მხარის ადვოკატი, მალხაზ ზოიძე დასკვნით სიტყვაში აქცენტს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიერ 2004 წლის 8 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებაზე აკეთებს – „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, თენგიზ ასანიძეს თავისუფლება უკანონოდ ჰქონდა შეზღუდული 2000 წლის 11 ივლისიდან და არა 1999 წლის პირველი ოქტომბრიდან, როცა იგი პრეზიდენტმა შეიწყალა.
პროკურატურა სწორედ შეწყალების აქტის გამოცემის დღიდან ედავება იოსებ გოგიტიძეს ასანიძისთვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას. ამავე ბრალდებით უკვე გასამართლებულია გოგი კუპრეიშვილი, მაშინდელი უშიშროების მინისტრის, იოსებ გოგიტიძის მოადგილე. ბრალდების მხარის მტკიცებით, აბაშიძის ხელისუფლების უშიშროების სამინისტრომ დროულად არ შეასრულა პრეზიდენტის შეწყალების აქტი და უკანონოდ შეუზღუდა თავისუფლება თენგიზ ასანიძეს.
„იოსებ გოგიტიძეს ედავებიან, რომ მას შეწყალების მომენტიდან უნდა გაეთავისუფლებინა თენგიზ ასანიძე, მაგრამ ევროპულმა სასამართლომ ამ ნაწილში მიიჩნია, რომ პრეზიდენტის შეწყალების აქტი დაუყონებლივ გასაჩივრდა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ უნდა ჩაითვალოს ის უკანონო პატიმრად. სადავო იყო 5 დღე, ანუ 1-5 ოქტომბრის პერიოდი, როცა აჭარის უმაღლესმა სასამართლომ პრეზიდენტის შეწყალების აქტი შეაჩერა თენგიზ ასანიძის მიმართ. პროკურატურას არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმას, რომ შეწყალების აქტი ამ ხუთ დღეში იოსებ გოგიტიძის უწყებას ჩაბარდა. ვფიქრობ, ეს უნდა გაიზიაროს სასამართლომ, რადგან ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება პირდაპირი მოქმედებისაა და პრეიდიციულ ხასიათს ატარებს. ეს გულისხმობს იმას, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სწორედ ამ პრეცედენტული გადაწყვეტილების მიხედვით“.
დასკვნითი სიტყვა უკვე გააცნო სასამართლოს პროკურორმა რამაზ შავაძემ. ის ამ საქმის პროკურორია. რატომ ვერ აისახა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება თენგიზ ასანიძის საქმეზე, პროკურატურის საბრალდებო სიტყვაზე – „ბათუმელებს“ უნდოდა ეს კითხვა პროკურორისთვის დაესვა, მაგრამ პროკურატურის პრესსამსახურმა საზოგადოებისთვის რაიმე სახის განმარტების გაკეთება, ტრადიციულად, არც ამჯერად ჩათვალა საჭიროდ და ჩვენი სატელეფონო გზავნილი უპასუხოდ დატოვა.
9 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჟუჟანა ჯაკაბი აჭარის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდნენ.
შეხვედრას ესწრებოდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, რომელმაც აჭარაში ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე გაჟღერებული კითხვები ძირითადად საყოველთაო დაზღვევისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას შეეხებოდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის შეფასებით ორივე პროგრამა ქვეყნისთვის წინგადადგმული და წარმატებული ნაბიჯია, „ეს საუკეთესო ინვესტიციაა, რაც სახელმწიფოს შეუძლია განახორციელოს“.
„გვქონდა ძალიან ნათელი და მკაფიო გზავნილი მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისგან, რომ ის გზა, რასაც ადგას საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, კეძოდ საყოველთაო ჯანდაცვა, არის ცალსახად სწორი მიმართულება და ეს არის ქვეყნის განვითარების, მათ შორის ეკონომიკურის, უმნიშვნელოვანესი წინაპირობა“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
შეხვედრა ჯანდაცვის საკითხებზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტში / 09/06/2016
შეხვედრა ჯანდაცვის საკითხებზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტში / 09/06/2016
„იძახიან მიწიდან ამოდისო, არაფერი მიწიდან არ ამოდის, როგორც ჩანს სადღაც მილი გახლეჩილი. ტერმინალმა ჩვენ არ გვეკუთვნისო, უფროსობა არ მოდის, გამოუშვეს ორი მუშა, მათ რას ვერჩით, რასაც ეუბნებიან იმას აკეთებენ. გარემოს დაცვის ინსპექცია მოდის და მიდის. რამდენი წელია ამ დღეში ვართ უკვე. დავიხრჩვით ნავთობის სუნში“ – ამბობს ბაქრაძის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები „ბათუმელებთან“.
ნავთობის სუნი და მდინარის ნავთობით დაბინძურება ბარცხანაში ახალი თემა არ არის, წლებია მოსახლეობა უბანში ამაზე საუბრობს, თუმცა მათი პრობლემა ამ დრომდე ვერ გადაიჭრა – ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ეს „ისტორიული პრობლემაა“, თუმცა გამოსავალი დღემდე ვერ მოიძებნა.
როგორც „ბათუმელებს“ აჭარის გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურში უთხრეს, დაახლოებით ათი დღის წინ მათთან შევიდა შეტყობინება ბარცხანიდან, თუმცა ადგილზე გასულმა ჯგუფმა დაბიძნურება ვერ აღმოაჩინა. გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ დაბიძნურება ისტორიულია და ამას შესაძლოა ძველი მილებიც იწვევდეს.
საქართველოში სეკულარობის კრიზისი იყო დისკუსიის თემა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 29 მაისს. თემაზე მოხსენება წაიკითხა ფილოსოფოსმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი მაისურაძემ.
გიორგი მაისურაძე, ფილოსოფოსი: ჩვენ ხშირად არასწორი მნიშვნელობით ვიყენებთ ტერმინს _ სეკულარული, რაც გაუგებრობას იწვევს. სეკულარიზაცია არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ რელიგიურ ასპექტს, სახელმწიფოსა და რელიგიური ინსტიტუტების ურთიერთმიმართებას, ან პოლიტიკას, არამედ სოციალურ და ეკონიმიკურ მხარეებსაც. სეკულარიზაცია გულისხმობს საეროობას, გასაჯაროებას. პირდაპირ ვიტყოდი, რომ სეკულარიზაცია სხვანაირად მიმდინარეობს საქართველოში, განსხვავებით დასავლეთ ევროპისგან, რაც განპირობებულია პოლიტიკური და ისტორიული მდგომარეობით.
ილია ჭავჭავაძის ციტატას შეგახსენებთ: „არა ერთობა ენისა, არცა სარწმუნოებისა არის განმსაზღვრელი ერისა“ ანუ ენა და სარწმუნოება არ განსაზღვრავს ერს, განმსაზღვრელია მამული და ისტორია, ისტორიული მეხსიერება. რა მომენტშიც ვიტყვით, რომ ქართველი არის მართლმადიდებელი, ეს ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ მუსლიმ, კათოლიკე, სომხური სარწმუნოების ან ათეისტ ქართველზე. ილია ჭავჭავაძე არის სეკულარიზმის შემომტანი საქართველოში. ჩვენ ვამბობთ, რომ ილია არის სიმბოლო ქართული სახელმწიფოებრიობის და ეს მართლაც ასეა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ დავამახინჯეთ და არ ვიყენებთ [მის ნააზრევს] იმ შინაარსით, რომელიც მან ჩადო, ის ბევრად უფრო პროგრესული შინაარსის იყო. სიმახინჯეა როდესაც ვამბობთ, რომ ის იყო გენეტიკურად ქართველი. გენეტიკით შეიძლება გადავიდეს გარეგანი ნიშნები, ფიზიოლოგიური თვისებები, მაგრამ გონება, კულტურა და აზროვნება გენეტიკით არ გადაიცემა. „გენეტიკურად ქართველი~ _ ეს არის აბსურდი. ეს ნიშნავს იმას, რომ დავაპატარავოთ, შევკუმშოთ საქართველო, მოვაჭრათ მას ნაწილები, იმის საწინააღმდეგოდ, რასაც ილია ჭავჭავაძე აკეთებდა, რომელიც პირიქით _ აფართოებს. აი, ეს არის ყველაზე დიდი პარადოქსი და, შეიძლება ითქვას, საბედისწერო შეცდომაც, იმიტომ, რომ ის, რაც 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა საქართველოში, მნიშვნელოვნად იყო განპირობებული სამოქალაქო დაპირისპირებებით, ეთნიკური თუ რელიგიური კონფლიქტები მნიშვნელოვნად იყო განპირობებული იმით, რომ ჩვენ შევცვალეთ განმარტება ერისა, რომელიც შემოტანილი იყო ილია ჭავჭავაძის მიერ და მოვახერხეთ მისი ეთნონაციონალიზმის, რელიგიური ნაციონალიზმის დონეზე დაყვანა. აქედან იწყება სეკულარობის კრიზისი.
მხოლოდ სეკულარულ პირობებში, როდესაც რელიგიური ფაქტორი ამოღებულია ერის განსაზღვრებიდან, შესაძლებელია ქართველი ერი შედგეს ერად. რა მომენტშიც ვიტყვით, რომ ერი გაიგივებული უნდა იყოს სარწმუნოებასთან, თუნდაც უმრავლესობის სარწმუნოებასთან, ავტომატურად უარს ვამბობთ ყველა სხვა სარწმუნოების მიმდევარზე, როგორც ქართველზე, ეს იგივეა, რომ ხელი ან ფეხი მოვიჭრა და ვთქვა, რომ ეს ჩემი სხეულის ნაწილები არ არის.
ეს არის სეკულარიზმის კრიზისი და ეს განსაკუთრებით ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რეალურად, დამღუპველია. სეკულარულობა არის რადიკალური გამიჯვნა რელიგიური და საერო ინსტიტუტებისა. სეკულარიზმის რადიკალური გამიჯვნა არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს რომელიმე ადამიანის რელიგიურობის შეზღუდვას ან რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას, ეკლესიის დევნას და ა.შ. ამას არაფერი აქვს საერთო სეკულარიზაციასთან.
ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა“ სახლი: ბოლო დროს ხშირად ისმის პოლიტიკოსებისგან: „არ ჩავაყენებ პატრიარქს უხერხულ მდგომარეობაში“, „მაქვს ჩვენი მართლმადიდებელი ამომრჩევლის იმედი“ და ა.შ. რამდენად არის შესამჩნევი ის, რომ პოლიტიკოსები ხაზს უსვამენ ეკლესიასთან სიახლოვეს?
გიორგი მაისურაძე: ყველა ქართველი პოლიტიკოსი განიცდიდა და დღესაც განიცდის ლეგიტიმაციის ნაკლებობას. მე ვფიქრობ, რომ ეს მანკიერი პროცესი, დაიწყო სწორედ მაშინ, როდესაც ქართველმა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს საკუთარი პოლიტიკური ლეგიტიმაცია მოეპოვებინათ ეკლესიის ხარჯზე. ამით მათ ზიანი მოუტანეს არა მხოლოდ პოლიტიკას, არამედ ეკლესიასაც, იმიტომ, რომ ისინი ეკლესიას იყენებდნენ ისეთი მიზნებისთვის, რომელიც არ არის ეკლესიის სფერო. ეკლესიის კომპეტენციაში არ შედის ის, რომ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები. რა მომენტშიც ეკლესია იძულებულია და ჩათრეულია ამ პროცესში, ეს ვნებს მას, იმიტომ, რომ ეკლესიის ფუნქცია არის სულიერებაზე ზრუნვა. ასეთი აღრევა როგორც ეკლესიისთვის, ისე საერო სფეროსთვის არის მავნებელი.
კახა გურგენიძე, სტუდენტი: თუ გადავხედავთ ისტორიას, ბევრი მაგალითია, როცა სასულიერო პირები მრევლს შეკრებენ და მიდიან ძალადობრივ ქმედებაზე, მაინტერესებს რატომ ხდება ასე და რატომ გადავარდა ფანატიზმში ქართველი ერი? მეორე კითხვა ეხება საჯარო სივრცეებში რელიგიური ნიშნებისა და კუთხეების არსებობას, როგორ ფიქრობთ, ისეთ დაწესებულებაში, როგორიცაა უნივერსიტეტი, უნდა იყოს თუ არა რელიგიური სიმბოლოები საჯარო სივრცეში?
გიორგი მაისურაძეგიორგი მაისურაძე: ერთმნიშვნელოვანი პასუხი მაქვს, რომ არ უნდა იყოს რელიგიური სიმბოლოები. უნივერსიტეტი არის საერო დაწესებულება და მას არაფერი აქვს საერთო რომელიმე ერთ სარწმუნოებასთან და არც უნდა ჰქონდეს, იმიტომ რომ არსებობს სასულიერო სასწავლებლები. იქ, გასაგებია, თუ ისწავლება ქრისტიანობა ან ისლამი, უნდა იყოს სიმბოლიკა, მაგრამ საჯარო, საერო სივრცეში – არა. ეს არის ზუსტად, რომ არ გვესმის რას ნიშნავს საერო. სეკულარული საეროს ნიშნავს, ეს არის საეროობა, ჩვენ ფაქტობრივად გვინდა, რომ ერი გავაუქმოთ, საერო სფერო მოვსპოთ, როდესაც შემოგვაქვს სასულიერო სიმბოლიკები და ვახდენთ საერო სივრცის ოკუპაციას.
ეს არის აღრევა, ყირაზე დაყენება, პირველ რიგში, სარწმუნოების, ამიტომ არის აუცილებელი, რომ გავმიჯნოთ ერთი მეორისგან.
რაც შეეხება ავტორიტეტს. საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც მიჩვეული იყო ათეული წლების განმავლობაში პიროვნების კულტს, მათ შექმნეს ის. ჩემი აზრით, ამას არაფერი საერთო რწმენასთან და მართლმადიდებლობასთან არ აქვს. არ შეიძლება ცოცხალი ადამიანის კულტი არსებობდეს. ქრისტიანობაშიც, ისლამშიც არსებობს ერთადერთი კულტი და ეს არის ღმერთი. ცოცხალი ადამიანის კულტი ეს არის ის, რასაც ქრისტიანობამ წარმართობა დაარქვა, ისევე როგორც ისლამმა. პიროვნების კულტის შექმნა ანგრევს რელიგიას. ეს არის პირველი ნიშანი საქართველოში სეკულარობის კრიზისის. ეკლესია არ არის მხოლოდ საკულტო ნაგებობა, ეს არის ამა თუ იმ ერის ეროვნული საკუთრება. ის არის საკუთრება როგორც მართლმადიდებლის, ისე მუსლიმის, ათეისტისა და ნებისმიერი სარწმუნოების ადამიანის.
გიორგი ბაგრატიონი, სტუდენტი: ჩვენს ქვეყანაში, სადაც ბევრი სოციალური პრობლემა არსებობს, ამას ხშირად ფარავენ რელიგიით. მაგალითად, როდესაც ახალშობილს ნათლავენ, მას თავიდან ეუბნებიან, თუ რომელი რელიგია უნდა იყოს მისი, რელიგია გადის გააზრების სივრციდან და ის არის რაღაც კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ. ამ მოცემულობის შედეგად რამდენად მძიმდება სიტუაცია სოციალური პრობლემატიკის მხრივ?
გიორგი მაისურაძე: გეთახმებით. პოლიტიკოსები, რომლებსაც საქმე არ აქვთ, მაშინ სპეკულირებენ რელიგიით, ამის ნათელი მაგალითია 2013 წელს საპროტესტო აქცია, სტუდენტები გამოხატავდნენ პროტესტს იმის თაობაზე, რომ უნივერსიტეტში არ ტარდებოდა ლექციები, არ იყო წიგნები და ქსეროქსები და ისინი თანხას იხდიდნენ მხოლოდ დიპლომში და არა სწავლაში. განათლების მინისტრმა კი განაცხადა: პატრიარქმა დაგლოცათ და ამაზე მეტი რა უნდა გაგვეკეთებინაო. ეს არის ცინიზმი, აღიარება იმისა, რომ მე არაფრის უნარი მაქვს, არც ჩემი სფეროს მართვის, არც სურვილი, რომ რაიმე შევცვალო.
არ შეიძლება ქონება, შენობები, ტყე, სასტუმროები გადაეცეს ეკლესიას. სახელმწიფო ქრთამავს ეკლესიას, რომ შემდეგ, რომელიმე პოლიტიკური პარტია მოიყვანოს სათავეში, წესით, არ უნდა მიიღოს ეკლესიამ ეს, მაგრამ შედეგი სახეზეა.
მალხაზ ნაკაშიძე, ბსუ-ს ლექტორი: ჩემი აზრით, ჩვენ გააზრებული არ გვაქვს რა არის სახელმწიფო და მისი განმარტებაც სხვაგვარად გვესმის. სეკულარიზაციის პრინციპი ნიშნავს, რომ ეკლესია სახელმწიფოსაგან უნდა იყოს გამიჯნული. ჩვენთან გარკვეულწილად ეკლესია და სახელმწიფო არის კონკურენციაში. პოლიტიკოსები, რომლებიც მოდიან ხელისუფლებაში, ფიქრობენ, რომ მათ ანგარიში უნდა გაუწიონ ეკლესიას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ მიიღებენ შესაბამის მხარდაჭერას. ჩემი აზრით, აქ დამნაშავე არის სახელმწიფო, რადგანაც ვერ აჩვენებს საკუთარ სახეს. უნივერსიტეტის თვითმმართველობის ოთახში არის რელიგიური სიმბოლოები. მესმის, რომ ეს ვიღაცისათვის არის ეროვნული ღირებულება, მაგრამ ამ უნივერსიტეტში არიან ადამიანები, რომლებიც არიან სხვა რელიგიის მატარებელნი… გარდა ამისა, ავიღოთ ორი პროფესორი, რომელთაგან ერთ-ერთი არის ძალიან რელიგიური, ხოლო მეორე – ნაკლებად. ამ შემთხვევაში, როგორ შეიძლება ასწავლონ სტუდენტებს სეკულარულის პრინციპი და როგორ შეიძლება ეს დაბალანსდეს?
გიორგი მაისურაძე: მე იმ ადამიანებში, ვისაც სამუშაო ადგილას მიაქვს ხატები, სიცრუეს ვხედავ. რაც შეეხება მეორე კითხვას, აქ გადამწყვეტი მაინც პროფესიონალიზმი მგონია. ადამიანს თუ რელიგიური რწმენა აქვს, ის არ მოგახვევს თავის სარწმუნოებას. იაკობ ბურკჰარდი ამბობდა, რომ ეკლესია აცდუნა ძალაუფლებამ და სანამ არ მოხდა სეკულარიზაცია, მანამ არ მიეცა ეკლესიას საშუალება, დაბრუნებოდა საწყის ეტაპს. ეს არის ეკლესიის ბოროტად გამოყენება ხელის მოთბობისათვის, რაც აუცილებლად მოითხოვს პოლიტიკურ გავლენას. კაბინეტში ხატების ჩამოკიდება არის თვალთმაქცური საქციელი, რადგანაც ლოცვის ადგილი არის ეკლესიაში და არა კაბინეტში, სადაც გასცემ განკარგულებებს. ზურაბ კიკნაძემ პირველმა თარგმნა ძველი და ახალი აღთქმა და ის არის ძალიან მორწმუნე ადამიანი, თუმცა მის კაბინეტში ვერ ნახავდით ხატებს.
დისკუსია უნივერსიტეტში დისკუსია იბეჭდება შემოკლებით. სრული ვერსია ნახეთ ბმულზე:
ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით დღეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ვაუჩერიზაციის საკითხის შემსწავლელი მუშა ჯგუფის შეხვედრა მოეწყო.
საკრებულოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ითქვა, რომ იგეგმება ბავშვთა ბაღების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლა. ჯგუფის წევრებმა უახლოეს პერიოდში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ვაუჩერიზაციასთან დაკავშირებით კონცეფცია უნდა შეიმუშაონ და წარუდგინონ საკრებულოს.
„მუშა ჯგუფის ხელმძღვანელი ნატალია ზოიძე მიიჩნევს, რომ დაფინანსების ვაუჩერიზაცია მუნიციპალურ ბაღებს განტვირთავს და ადგილების პრობლემაც ისე მწვავე აღარ იქნება, როგორც ეს გასულ წლებში იყო“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით, 2016 წლის 6 ივნისის მდგომარეობით, ბათუმში რეგისტრირებულია სამიდან ოთხ წლამდე ასაკის 2 869, ოთხიდან ხუთ წლამდე ასაკის – 2 809, ხოლო ხუთიდან ექვს წლამდე ასაკის 2788 ბავშვი.
მუშა ჯგუფი ფრაქცია „ქართული ოცნების“ წინადადების საფუძველზე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნა და მას საკრებულოს წევრი ნატალია ზოიძე ხელმძღვანელობს. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან საკრებულოს წევრები, ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურების, სამოქალაქო რეესტრის, კერძო საბავშვო ბაღებისა და ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ წარმომადგენლები.
დღეს, 9 ივნისს, 18 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება საჯარო დისკუსია: „ბრძოლა საჯარო სივრცისთვის: აქ ჰომოფობიის ადგილი არ არის“. დისკუსიაზე მოხსენებებს წაიკითხავენ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის წარმომადგენელი, მკვლევარი ეკატერინე აღდგომელაშვილი და სოციალური მუშაკი გიორგი ბოლქვაძე.
ღონისძიების ორგანიზატორია ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო.
ორგანიზატორთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დისკუსიაზე გაიმართება დებატები ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების შესახებ. დებატების ძირითადი კითხვებია: როგორ იქცა ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ოჯახის სიმტკიცის დღედ? რა საფრთხეებს უქმნის საზოგადოებას საჯარო სივრცის კონტროლი? როგორ შეიძლება ბრძოლა საჯარო სივრცისთვის ომის გარეშე? რა ალტერნატიული გზები არსებობს ლგბტქ+ აქტივიზმისთვის?
შეხვედრის ერთ-ერთი მომხსენებელი, ეკა აღდგომელაშვილი ასევე წარმოადგენს საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულების კვლევას ლგბტ ჯგუფისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა „ვეფხისტყაოსნის“ გადაწერისა და ქართული კალიგრაფიის კონკურსი გამოაცხადა.
ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონკურსი „ვეფხისტყაოსნის“ კითხვის დღესთან დაკავშირებით ეწყობა, რომელიც 17 ივნისს აღინიშნება საქართველოში.
მონაწილეობის მსურველებმა 15 ივნისამდე, საკუთარი ხელით შესრულებული და გემოვნებით გაფორმებული ერთი სტროფის [„ვეფხისტყაოსნიდან“] ხელნაწერი, A4 ფორმატის ქაღალდზე, უნდა წარმოადგინონ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატში [ოთახი №40].
დღეს, 9 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე იტალიის ელჩს საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა. ინფორმაცია შეხვედრის შესახებ აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას იტალიის ელჩთან ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური. პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალზე. მხარეებმა ყურადღება ეკონომიკის განვითარების ძირითად მიმართულებებსა და განათლებისა და კულტურის საკითხებზე გაამახვილეს.
„ელჩმა მზაობა გამოთქვა ერთობლივი ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების ჩატარებისთვის, ასევე აჭარის ბიზნესფორუმის იტალიაში, კერძოდ კი ბათუმთან დამეგობრებულ ქალაქ ბარში დაგეგმვის საკითხში. იტალიის ელჩმა ხაზი გაუსვა აჭარის რეგიონში ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და იმედი გამოთქვა, რომ იტალიელი ინვესტორებისა და ტურისტების რიცხვი სამომავლოდ გაიზრდება“, – აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აჭარის მთავრობამ უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატის ასარჩევად მეოთხე კონკურსი გამოაცხადა. მანამდე ორჯერ დავით კვაჭაძის და შემდეგ დავით ქარცივაძის კანდიდატურა დაიწუნეს უმაღლეს საბჭოში. დეპუტატები პირველივე კონკურსზე აცხადებდნენ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირებულ პირს არ აირჩევდნენ, თუმცა მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოს სამივე კონკურსის შემდეგ მაინც სახელისუფლებო გუნდთან ასოცირებული პირი წარუდგინა.
სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ აჭარის მთავრობამ, ამჯერად უკვე წინასაარჩევნო რეჟიმში კონკურსი უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის და კომისიის ერთი წევრის შესარჩევად ისევ გამოაცხადა.
მთავრობის ინფორმაციით, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის თანამდებობებზე კანდიდატთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე პირი, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
19 წლის თინიკო მახარაძეების ოთხსულიანი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, ის ერთ-ერთ რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობს. დილის ათი საათიდან საღამოს ათ საათამდე სამსახურშია, ხელფასი კი ყოველთვიურად 350 ლარი აქვს. სკოლის გამოსაშვებ საღამოს სტუმრის სტატუსით ესწრებოდა, რადგან მე-9 კლასის დასრულების შემდეგ სკოლაში სიარული შეწყვიტა. სწავლა ოჯახური პირობების გამო ვერ გააგრძელა – დედას უნდა დახმარებოდა უფროსი დის, ნათიას მოვლაში, რომელსაც დაბადებისთანავე ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს.
„სწავლა მინდოდა, ვის არ უნდა?! მაგრამ დედაჩემი რომ საბუთებზე და ნათიას საქმეებზე დადიოდა, ჩემს დას ვინმე უნდა ჰყოლოდა. შემდეგ მინდოდა სტილისტობა მესწავლა, მაგრამ მუშაობა ვარჩიე, ოჯახს რომ დავხმარებოდი“, _ ყვება თინიკო.
მახარაძეების ოჯახი 2007 წლამდე ჩაქვში ცხოვრობდა. მათი სახლი დიდთოვლობამ ადგილს მოსწყვიტა და საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა. მაშინ ოჯახმა 10 000 ლარის კონპენსაცია მიიღო, თუმცა, როგორც გოგონების დედა, ნარგიზ მახარაძე ამბობს, ამ თანხით ვერაფრის შეძენა ვერ მოახერხეს – ვალებში, საყოფაცხოვრებო ნივთებში, სხვადასხვა სამკურნალო პროცედურებსა და გადაბარგებაში დაეხარჯათ. ამჟამად ოჯახი ბათუმში, მარუხის 23 ნომერში, ნაქირავებ ორ ოთახში ცხოვრობს. სველი წერტილები ეზოში, დაახლოებით 30-40 მეტრის მოშორებითაა. 20 წლის ნათიას სველ წერტილებამდე მიყვანა ყოველ ჯერზე დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული.
„ოთახში ვედრო მაქვს დადგმული ბავშვისთვის… ზოგჯერაც ერთი წვალებით გაგვყავს სააბაზანომდე. მას არ ესმის, რომ ეს მისთვისაა. ყვირის, ამტვრევს ყველაფერს. ცხელი წყალიც ხან არის, ხან ცივდება და ბავშვი ყვირის და ტირის. მინდა, ერთი ოთახი მქონდეს, სადაც სველი წერტილებიც ახლოს იქნება, რომ ჩემს შვილს ადამიანურად მოვუარო, მასზე ყველამ ხელი აიღო… ერთმა სოციალურმა აგენტმა უხეშად მითხრა, რას დაგიჟენია სახლში, ვინმეს ვერ მიეციო? ან სადმე პანსიონატშიო? ერთხელ მყავდა ათი დღით გაგზავნილი და ნაცემ-დალურჯებული ჩამომივიდა. უკან რა გამაშვებინებდა? შემდეგ კერძო პანსიონში მივიყვანეთ, იქ რომ ვერ მოუარეს, დირექტორი მეხვეწა და ბოდიშები მიხადა, წაიყვანეო… მათი მანქანით წამოგვიყვანეს. რა ვქნა, ჩემი შვილია“, – ყვება ნათიას დედა.
როგორც ნარგიზი ამბობს, მის მეუღლეს, 54 წლის დავით მახარაძეს, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს: „კენჭის გავლა ჰქონდა. მივიყვანეთ საავადმყოფოში, 500 ლარზე მეტის დამატება ჩვენ მოგვიწია. დაუშალეს რაც შესაძლებელი იყო. ახლა, როგორც ამბობენ, მდგომარეობა ოპერაციის გარეშე ვერ მოგვარდება. იმის მერე ვეღარც მივდივარ ექიმთან, ერთი ლარის დამატებაც რომ მომთხოვონ, არ მაქვს და როგორ წავიდე? სამი თვის ბინის ქირა მაქვს გადასახდელი“.
მახარაძეების ოჯახი სოციალურად დაუცველთა სიაში იყო და ფულად დახმარებას იღებდა. შემწეობა ოჯახს სამი თვის წინ შეუჩერეს, როცა თინიკომ მუშაობა დაიწყო. ნარგიზი იხსენებს, რომ ამის შესახებ სააგენტოსაც აცნობა, სადაც დაჰპირდნენ, რომ ეს პრობლემას არ შექმნიდა, მაგრამ ერთ თვეში დახმარება მოუხსნეს. შემდეგ თავიდან შეისწავლეს ოჯახის მდგომარეობა, რასაც სამი თვე დასჭირდა.
„სამი თვეა ბინის ქირას ვერ ვიხდი, კიდევ კარგი, მეპატრონე გაგებით ეკიდება, თორემ, რომ გამიშვას, არ ვიცი რა უნდა ვქნათ. ნათიას გამო ბინის მოქირავებაზე ყველა უარზეა“, – ამბობს ნარგიზ მახარაძე. ახალი შეფასების მიხედვით, ოჯახს კვლავ ეკუთვნის ფულადი დახმარება, ოჯახის სარეიტინგო ქულების რაოდენობა 44 000-ზე მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფულადი დახმარების გარდა სხვა, რიგი პროგრამებით ვერ ისარგებლებენ.
„ამ ზამთარში 55 000 ქულა გვქონდა და შეშას არ გვაძლევდნენ, მერე ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა პატარა მანქანით შეშა გამომიგზავნა. მერე კარდონებს ვწვავდით და გავედით ასე წვალებით… წელს შეშას აღარ მომცემენ, ნათიას კი ოდნავ სიცივეც საშინლად აწუხებს“, – ამბობს ნარგიზი. მისივე თქმით, ოჯახი სარგებლობს მუნიციპალური სასადილოს და „შინ მოვლის“ პროგრამით, რომლის ფარგლებშიც ექიმი კვირაში ორ-სამჯერ ნახულობს ნათიას.
ოჯახმა არაერთ პროგრამაში ჩართვა ითხოვა, მაგრამ საცხოვრებელი ფართობით მათი დაკმაყოფილება დღემდე ვერ მოხერხდა. ოჯახის სოციალური დახმარება 200 ლარია, ნათიას პენსია კი – 160 ლარი. ბინასა და კომუნალურებში ყოველთვიურად 260 ლარი იხარჯება. გარდა ამისა, როგორც ნარგიზი ყვება, ნათიასთვის შინ მოვლის პროგრამით გამოყოფილი საფენები და მედიკამენტები საკმარისი არ არის და ამ ყველაფრის შევსებაც ხარჯებთანაა დაკავშირებული. ნარგიზი ამბობს, რომ თავადაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მაგრამ რეცეპტები არაერთხელ დაუხევია, რადგან მათი შეძენა არ შეეძლო.
თინიკოს ყველაზე მეტად მიუღწეველი მიზნები და ნათიას მძიმე მდგომარეობა აწუხებს. ეს ის საკითხებია, რაზე საუბრისას ცრემლებს ვერ იკავებს.
„თინიკოს თავისი ხელფასიდან ჯერ არაფერი უყიდია მისთვის, მისი ხელფასის გარეშე რა გვეშველებოდა, არ ვიცი. ვერ ვასწავლე, კლასელებმა რომ მოაკითხეს და წაიყვანეს, მინდოდა მიწა გამსკდომოდა… შეშუპებული ფეხებით მოდის 19 წლის გოგო და სახლშიც გვეხმარება. ნათიას გამუდმებით ყურადღება სჭირდება, გარესამყაროს სრულიად მოწყვეტილია, გუშინ მამამისს სკამი ესროლა თავში. შეიძლება ადგეს და წავიდეს, სად მიდის, არ იცის…“, – ამბობს ნარგიზი.
თინიკო ამბობს, რომ მუშაობის არ ეშინია. იცის, რომ ამ სამსახურითა და ხელფასით ვერ შეძლებს პირობების გაუმჯობესებას, მაგრამ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დახმარებაც არ ყოფნის მის ოჯახს, ამიტომაც ასრულებს მძიმე სამუშაოს. ისიც, დედის მსგავსად, ერთ ოთახზე ოცნებობს, სადაც სველი წერტილები იქნება და ნათიას დამამცირებელ მდგომარეობაში აღარ მოუწევს ყოფნა – ეს მათთვის ყოველდღიური განსაცდელია, რომელსაც 40-მეტრიანი მანძილი საპირფარეშომდე და პირიქით კიდევ უფრო ამძიმებს.
„დავმკვიდრდი აქ და ვიქნები ბოლომდე, სტრასბურგამდე ჩავალთ, ვერ შეგვეხებიან,“ – ამბობს ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის პროფესორი ინდიკო აბაშიძე. ის უნივერსიტეტის კუთვნილ ქონებას ნებაყოფლობით არ ტოვებს, სადაც პროფესორს 77 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ბინა აქვს მოწყობილი. ბსუ-ს ყოფილ საერთო საცხოვრებელში, მელიქიშვილის ქუჩაზე ინდიკო აბაშიძის გარდა კიდევ 5 მოქმედი და ყოფილი პროფესორის ოჯახი ცხოვრობს. რამდენიმე მათგანს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სხვა ბინაც აქვს. უნივერსიტეტი პროფესორებს სასამართლოში უჩივის.
პროფესორი ინდიკო აბაშიძე უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში 1989 წელს შესულა. მოსკოვიდან ჩამოსული ხარისხდაცული ახალგაზრდისთვის საერთო საცხოვრებლის დროებით სარგებლობის უფლება მაშინდელ რექტორს, დურსუნ ბალაძეს მიუცია. „მართალია, ეს არაა საკუთრების წარმომშობი დოკუმენტი, მაგრამ რისთვის მახდევინებდნენ მაშინ ამდენი წელი შუქის, წყლისა და გაზის გადასახადს?
ჩვენ მართლზომიერი მფლობელები ვართ, არ ვეხებით უნივერსიტეტს. შენობის ეს ნაწილი უნივერსიტეტს არც არასდროს გამოუყენებია, როგორც ადმინისტრაციას, ასევე სტუდენტთა საცხოვრებლად. ჩვენ გვაქვს ცალკე შესასვლელი და ეს პროფესორებისთვის გამოყოფილი ბლოკია,“ – ამბობს ინდიკო აბაშიძე.
„იმ დროს პედაგოგიური ინსტიტუტი გვერქვა ჩვენ,“ – გვიყვება უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი, თემურ გოგმაჩაძე. ისიც უნივერსიტეტის სტუდენტთა და ლექტორ-მასწავლებელთა ყოფილ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს და ფლობს 75 კვადრატულ მეტრს უკვე 50 წელია: „რექტორი კარლო დოლიძე იყო, სტუდენტი ვიყავი, როცა აქ შემომიყვანა, ტელეფონიც დამიდგა, თავისი ხელით გასაღებიც ჩამაბარა და წავიდა. მერე პარტიული მდივანი გავხდი და მომცეს ბინაში დარჩენის უფლება ისევ რექტორის ბრძანებით. ცოლი მოვიყვანე, შვილებიც აქ შემეძინა და შვილიშვილებიც. ამ ბინამ და დავამ დამიზიანა ნერვული სისტემა, დედა ამ ბინიდან გავასვენე, მეუღლეც“.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონება სახელმწიფოს ეკუთვნის და ის უზუფრუქტის წესით, 2005 წელს გადასცეს უნივერსიტეტს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად, მათ შორის სტუდენტებისა და ლექტორ-მასწავლებლების საერთო საცხოვრებელი.
2007 წლიდან უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი მწვანე კონცხზე, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ყოფილ შენობაში გადავიდა. „უზუფრუქტი თითიდან გამოწოვილი მიზეზია. უზუფრუქტით გადასცეს ქონება, თორემ მე, პროფესორი როგორ გადამცეს?“ – კითხულობს ინდიკო აბაშიძე. ჩვენს თხოვნაზე, მიეთითებინა კონკრეტული სამართლებრივი აქტი, რაც მსგავს სიტუაციაში სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს, პროფესორმა `საქართველოს კონსტიტუცია“ დაგვისახელა: „კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ ნაწილში წერია, რომ თუკი ხარ ქონების კეთილსინდისიერი და მართლზომიერი მფლობელი 13 წლის განმავლობაში, ხდები კანონიერი მესაკუთრე. როგორ თუ არ არის ასე? იურისტებს წამოცდათ ეს ჩვენთან. მოსამართლესაც ვუთხარით.“
კონსტიტუციის მე-13 მუხლში წერია: „საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა“.
გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა სოციალური ფონი ქვეყანაში მძიმე იყო და სტუდენტთა დიდი ნაწილისთვის საერთო საცხოვრებლით სარგებლობა ერთგვარი კომფორტიც იყო, პროფესორებმა – ინდიკო აბაშიძემ და თემურ გოგმაჩაძემ ახალი საცხოვრებელი ბინების აშენებაც კი მოახერხეს რუსთაველის ქუჩაზე, #61-ში. უნივერსიტეტის შენობაში მცხოვრები პროფესორები საკუთარი ფულით შეძენილ ბინებში არ გადასულან და ბულვართან, მელიქიშვილის ქუჩაზე დარჩნენ. ახალი ბინები შვილებს აჩუქეს მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მათ ბინების დაცლისკენ მოუწოდა.
„რატომ გაინტერესებთ, რას ეძებთ ახლა? არაფერს ვმალავ, მე ავაშენე ეს ბინა და შვილს ვაჩუქე. ჩემი შვილისაა, ჩემი ხომ არაა? ჩემი ბინა ესაა, მელიქიშვილის ქუჩაზე, სადაც ახლა ვცხოვრობ,“ – გვითხრა ინდიკო აბაშიძემ ბსუ-ს საერთო საცხოვრებელზე.
შვილს აჩუქა ბინა პროფესორმა თემურ გოგმაჩაძემაც. არგუმენტი მასაც იგივე აქვს.
მაგალითად, განათლების ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორ დარეჯან გელაძეს კი, სხვა ბინაში გადასვლის შემდეგ, უნივერსიტეტში მოწყობილი საცხოვრებელი თავისი დისთვის დაუთმია, რომელიც უნივერსიტეტში საერთოდ არ მუშაობს. „სტუდენტი ვიყავი და გადმომცეს ბინა საერთო საცხოვრებელში, მერე ლექტორად დავიწყე მუშაობა და დავრჩი. კი, ახლა ნამდვილად ჩემი და ცხოვრობს იქ. არ მცალია ახლა მეტი მე,“ – ამ სიტყვებით დაგვემშვიდობა ეს პროფესორი.
უნივერსიტეტი საცხოვრებელი ფართობის დაცლას სთხოვს დავით ბერიძესაც. ის ყოფილი პროფესორია. მისი შვილიც, ჯუმბერ ბერიძე, ვისაც „ბათუმელები“ გაესაუბრა, პროფესორების აზრზეა: „ჩვენ მივიღეთ ეს ბინა, როგორც მრავალშვილიანმა ოჯახმა, მეწყერში მოვყევით და მამაჩემი უნივერსიტეტში მუშაობდა 1964 წლიდან. 1989 წლიდან აქ ვცხოვრობთ. უნივერსიტეტი არ გვაძლევდა საბუთს, თორემ აქამდე რეესტრში დავირეგისტრირებდით“.
ამავე შენობაში ცხოვრობენ სხვადასხვა რექტორის ბრძანებით შესული პროფესორი გელა მამულაძე და უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი თეიმურაზ ჭყონია. „ბათუმელებმა“ მათთან დაკავშირება ვერ მოახერხა.
პროფესორების წინააღმდეგ დავა 2007 წლიდან გააქტიურდა. მანამდე უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ქონების დაცვა არ უცდია. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორების წინააღმდეგ – საქმეს ამ სახელწოდებით ბათუმის საქალაქო სასამართლო უკვე ორი წელია განიხილავს. უნივერსიტეტმა მოსამართლე ლევან მიქაბერიძეს განუმარტა, რომ ეს საცხოვრებელი ბინები სჭირდება ახალი ლაბორატორიებისა და კაბინეტების მოსაწყობად, ასევე მოწვეული ლექტორების დროებით განსათავსებლად.
„ჩვენ წარვადგინეთ რეესტრის ამონაწერი, რომლის მიხედვითაც ეს ფართობები უნივერსიტეტს გადმოსცა სარგებლობაში სახელმწიფომ. პროფესორებს აქვთ მხოლოდ სხვადასხვა რექტორის ბრძანებები, რომელიც ნებისმიერი სტუდენტის შემთხვევაში გაიცემა, როცა ის საერთო საცხოვრებელს იკავებს,“ _ გვითხრა უნივერსიტეტის იურისტმა, გიორგი დიასამიძემ. მისივე თქმით, უნივერსიტეტმა ამ პროფესორებს შესთავაზა, ასევე დროებითი სარგებლობის უფლებით, დაეკავებინათ მწვანე კონცხზე უნივერსიტეტის შენობა, სადაც ამჟამად მოქმედებს საერთო საცხოვრებელი. უნივერსიტეტმა ამ შეთავაზებაზე საკუთარი პროფესორებისგან უარი მიიღო.
„ორწლიანი პერიოდი, რა თქმა უნდა, არ არის გონივრული ვადა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა დასჭირვებოდა,“ _ ამბობს ანნა მდინარაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. ის ეჭვობს, რომ უნივერსიტეტიც თავს არიდებს ამ დავის გადაწყვეტას, რადგან სასარჩელო მოთხოვნა დაყენებულია უშუალოდ პროფესორების წინააღმდეგ: „სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უნივერსიტეტი ვერ მიიღებს სასურველ შედეგს. უნივერსიტეტის მიზანია გამოთავისუფლდეს ეს ფართობები, რაც ვერ მოხდება, რადგან ედავებიან კონკრეტულად პროფესორებს და არა მათი ოჯახის წევრებს. მათ ვერ გამოასახლებენ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.“
„ჩვენ გვინდა შევქმნათ პრეცედენტი. თუკი სარჩელი დაკმაყოფილდება, ისევ მივმართავთ სასამართლოს და მერე უკვე იოლი იქნება საქმის სისრულეში მოყვანა,“ – ამბობს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურისტი, გიორგი დიასამიძე. მისი თქმით, პროფესორების ოჯახის წევრებს ვერ უჩივლეს იმიტომ, რომ მათი პირადი მონაცემების მოპოვება ვერ შეძლეს.
„ჩვენ მერაბიშვილის სამინისტრომაც ვერ დაგვამარცხა, არ გვეშინია. პოლიციაც იძიებდა ამ საქმეს და ვერაფერი გაარკვიეს,“ – გვითხრა პროფესორმა ინდიკო აბაშიძემ, როცა `ბათუმელებთან~ გასაუბრების შემდეგ ტელეფონზე გადმოგვირეკა და გვითხრა, რომ მისი კომენტარის გამოყენების უფლება აღარ გვქონდა: „თქვენი კითხვები გავაანალიზე და მივხვდი, რომ უნივერსიტეტის პოზიციას ემთხვეოდა. თუ რამეს დაწერთ, მომჩივანი მხარის პოზიცია არ დაწეროთ, ესენი ისედაც გვავიწროვებენ“.
„უნდა გაიმართოს სხდომა, რომ ვთქვათ ჩვენი არგუმენტები, რის გამო მოვითხოვთ არჩილ ხაბაძის გადაყენებას. ვინც ამას მხარს არ უჭერს, მათი არგუმენტების მოსმენაც საინტერესოა. ამ მოწვევის საბჭოს ბოლო სხდომა 16 ივნისს არის ჩანიშნული, მაგრამ თუ ბიუროზე არ გავიდა ეს საკითხი, არ შემოწდა ხელმოწერების ნამდვილობა, სხდომაზე იმპიჩმენტის საკითხი ვერ გავა. რიგგარეშე სხდომას კი თავისი წესების აქვს“ – აცხადებს პეტრე ზამბახიძე.
„ეს მოთხოვნა არის სისულელე“ – ამბობს უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ალეკო ჩიტიშვილი: “ჩვენ არ ვარღვევთ რეგლამენტს. მართალია, ბიუროზე აქამდე ეს საკითხი არ გასულა, მაგრამ გპირდებით, 16 ივნისის სხდომაზე არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტის საკითხის გატანა მოესწრება”
გერმანიის სასტუმროებში სასწავლო პრაქტიკას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გაივლიან. ტურიზმის ფაკულტეტის 78 სტუდენტი ორ ეტაპად გაემგზავრება გერმანიაში. 10 ივნისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, ისინი გაეცნობიან სასტუმროს სტრუქტურულ ერთეულებს და ჩაერთვებიან სასტუმროს ყოველდღიურ საქმიანობაში. პრაქტიკა გერმანიის შვერინის ბალტიკის კოლეჯსა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.
„სტუდენტები შევარჩიეთ აკადემიური მოსწრების მიხედვით. გარდა ამისა, მათ ჩაუტარდათ ტესტირება ინგლისურ ენაში“ – უთხრა „ბათუმელებს“ როსტომ ბერიძემ, ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა. მისი ინფორმაციით, 21 სტუდენტისთვის დაფინანსება ბათუმის მერიამ გამოყო – დაახლოებით 37 800 ლარი, ხოლო დანარჩენი სტუდენტებისთვის 22 500 ლარის გამოყოფას აჭარის სპორტის და ახალგაზრდობის დეპარტამენტი აპირებს: „დეპარტამენტი, დიდი ალბათობით, დააფინანსებს სტუდენტებს. თუ უარს მივიღებთ, სხვა წყაროებს მოვძებნით. თანადაფინანსების ნაწილში მონაწილეობენ სასტუმროებიც, სადაც სტუდენტები იცხოვრებენ. თავად ბათუმის უნივერსიტეტი კი, დაახლოებით 5 ათასს ლარს დახარჯავს. ეს მოიცავს ძირითადად ტრანსპორტირების ხარჯებს ქალაქიდან აეროპორტამდე და პირიქით, ასევე მივლინების ხარჯებს“.
“ტროტუარის აღდგენას არ ვაპირებთ, ჩვენთვის ეს სასამართლოს არ დაუვალებია“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კომპანიის „სლავა 2015“-ის იურისტი, გურამ ღოღობერიძე. მან ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გვაჩვენა, სადაც წერია, რომ კომპანია უკანონოდ მოწყობილი სამშენებლო ღობისთვის 1000 ლარით უნდა დაჯარიმდეს. იურისტის განმარტებით, მათთან მერიას არ უდავია მიყენებული ზიანის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის კუთხით. საუბარია ვაჟა-ფშაველას 13-ზე, სადაც ამ კომპანიამ მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი უკანონოდ დაანგრია გასული წლის ნოემბერში.
„მერიას შეეძლო თავიდანვე დაეყენებია ეს მოთხოვნა და სასამართლო იმსჯელებდა ამ კუთხით. ამჯერად, თუკი კომპანია უარს აცხადებს ტროტუარის აღდგენაზე, მერიამ ხელახლა უნდა მიმართოს სასამართლოს”- განმარტავს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი.
„სამართალდამრღვევად ცნობა გულისხმობს იმას, რომ მან დააზიანა გზის საფარი და უნდა აღადგინოს. მე ვიცი, რომ კომპანია თანახმაა ზიანი აანაზღაუროს. უბრალოდ, ამისთვის ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ უნდა მისცეს, რომ კომპანიას ამ მშენებლობაზე შესვლის უფლება მიეცეს. ვერ გეტყვით, რატომ არ დადგა თავიდანვე მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების კუთხით. ეს იურისტებმა უდნა თქვან” – გვითხრა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზაალ მამუჭაძემ.
აჭარის კულტურული მემკვდირეობის დაცვის სააგენტომ გასულ კვირას დაუდასტურა „ბათუმელებს“, რომ “სლავა 2015”-მა ტროტუარის აღდგენის პროექტით უკვე მიმართა. სააგენტოს დირექტორი, მირანდა ჩარკვიანი დღესაც ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, კომპანია არ ამბობს უარს ტროტუარის აღდგენაზე, მაგრამ ის “სლავა 2015”-ს ვაჟა-ფშაველას 13-ში ბეტონის შეტანის უფლებას არ მისცემს: „ვიცი, რომ კომპანია თანახმაა აღადგინოს ტროტუარი, მაგრამ უნდა გააკეთოს ისე, რომ ბეტონი არ შეიტანოს ამ ობიექტზე და კედლის აშენება არ დასჭირდეს. იქ კიდევ რას გააკეთებს, არ ვიცი, ამიტომაც არ ვენდობი. საბჭოს ჯერ ეს საკითხი არ განუხილავს“.
კომპანია „სლავა 2015“-ის მიერ მოწყობილი ღობე კლდიაშვილის ქუჩაზე [ვაჟა-ფშაველას 13-ის მიმდებარედ]
საფესტივალო ქოხებს საზაფახულო თეატრთან აშენებენ. ქართული ორნამენტებით გაწყობილ ქოხებში სხვადასხვა სახის ქართული პროდუქცია გაიყიდება: ხელნაკეთი ნივთები, მუსიკალური ატრიბუტიკა, ქართული ღვინო, ყველი, ჩაი, თაფლი და სხვა. საფესტივალო ქოხებს პროექტის „ჰიტ ბათუმის“ ფარგლებში დგამენ. ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტოს პროგრამის „Check in Georgia“ ნაწილია.
საფესტივალო ქოხებს პირდაპირ ბულვარში ამზადებენსაფესტივალო ქოხის მაკეტი
ამავე პროექტის ფარგლებში, ბულვარის კოლონადებთან უკვე მოწყობილია სცენა საკონცერტო გამოსვლებისთვის. პროექტის „ჰიტ ბათუმის“ პრესსამსახურის, გვანცა კილასონიას თქმით, აქ, ძირითადად, ქვეყნის სხვადასხვა ფოლკლორული ჯგუფები გამართავენ წარმოდგენებს 10 სექტემბრის ჩათვლით. სცენა კოლონადებთან 6 ივნისს ანსამბლმა „ერისიონმა“ გახსნა.
კულტურული მემკვდირეობის დაცვის სააგენტო ვერ ხედავს პრობლემას დახურული სცენის მოწყობაზე ბულვარის კოლონადებში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. „ვინაიდან ეს არის მსუბუქი კონსტრუქცია, ამას არ სჭირდებოდა შეთანხმება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან, თუმცა ამ ღონისძიების ორგანიზატორია კულტურის სამინისტრო და მან ალბათ, სააგენტოსთანაც შეათანხმა კოლონადებში სცენის მოწყობა“ – გვითხრა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან, მაგდა ჯაიანმა.
აჭარის კულტურული მემკვდირეობის დაცვის სააგენტოს პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ ბულვარის ადმინისტრაციისგან ნებართვის გაცემის პროცესში ზაურ ახვლედიანი იყო ჩართული, ძეგლებზე ნებართვის გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი, საკრებულოს წევრი და მას ამ კუთხით პრობლემა არ დაუნახავს.
ეს „მსუბუქი კონსტრუქციის“ სცენა კოლონადებთან 2016 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით დარჩება / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბათუმის დელფინარიუმი ახალდაბადებული დელფინის კადრებს ავრცელებს:
ბათუმის დელფინარიუმში, გუშინ, 7 ივნისს, დელფინ “მონიკას”, რომელიც შოუს მსვლელობისას სადემონსტრაციო აუზში იმყოფებოდა, დელფინი შეეძინა. ეს რიგით მეოთხე დელფინია, რომელიც ბათუმის დელფინარიუმში დაიბადა.
„შემუშავებულია ახალი საკანონმდებლო რეგულაციები, რის შედეგადაც, 2017 წელს ბენზინის ხარისხისთვის დადგენილი ნორმები ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი იქნება. საქართველო აღიარებს გარემოს დაცვას, როგორც ადამიანის უფლებების განუყოფელ ნაწილს. საქართველოს მთავრობამ უმთავრეს პრიორიტეტად დაისახა გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა,” – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “გარემო ევროპისთვის“ მერვე მინისტერიალის მონაწილეებს ბათუმში.
„საჭირო და აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება ქვეყნებს შორის, რათა ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიოთ მიზნებისა და ამოცანების თანხვედრას, როგორც ეროვნულ, ისე რეგიონალურ და გლობალურ დონეებზე.
დღეს უკვე მწვანე ეკონომიკა განიხილება, როგორც ერთ-ერთი აუცილებელი ინსტრუმენტი მდგრადი განვითარების მისაღწევად. ეს მიმართულება ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას, ახალი და მწვანე სამუშაო ადგილების შექმნას და უზრუნველყოფს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას“ – თქვა პრემიერ-მინისტმა.
მან მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს წყლის რესურსები ახსენა და თქვა, რომ ქვეყნის ენერგეტიკული სექტორი ძირითადად ჰიდრორესურსებს მოიხმარს, თუმცა, ამასთან ერთად, საქართველოს აქვს პოტენციალი, გამოიყენოს სუფთა ენერგიის სხვა წყაროებიც, მათ შორის მზის, ბიოთერმული და ბიომასის ენერგეტიკული რესურსები, რითაც ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს:
“საქართველოს 9 ქალაქმა უკვე მოამზადა მდგრადი ენერგეტიკული სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია CO2-ის ემისიის შემცირება იმისთვის, რომ 2020 წლისთვის გვქონდეს სუფთა და ჯანსაღი გარემო. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხი. სათანადო პოლიტიკის შემუშავება და ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა. შემუშავებულია ახალი საკანონმდებლო რეგულაციები, რის შედეგადაც 2017 წელს ბენზინის ხარისხისთვის დადგენილი ნორმები ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი იქნება; ხორციელდება ჰაერის ხარისხის შეფასების მოდელირების ახალი სისტემა, რომელიც დაინერგება ქვეყნის დედაქალაქში – თბილისში. ეტაპობრივად ხდება მონიტორინგის ქსელის გაფართოება, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ადგილებში“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციისა და ჰარმონიზაციის სრულიად ახალ ფაზაზე გადავიდა: „ასოცირების ხელშეკრულება ფარავს თითქმის ყველა გარემოსდაცვით მიმართულებას. გარდა ამისა, გვთავაზობს გზებს არსებული გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და ნორმების ეტაპობრივი მოდერნიზებისა და განახლებისთვის, რაც იქნება ევროკავშირის დირექტივებისა და რეგულაციების შესაბამისი”. მისივე თქმით, სწორი გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავების ხელშესაწყობად, საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებები აისახა ისეთ სტრატეგიულ დოკუმენტებში, როგორიცაა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია – „საქართველო 2020”, 2015-2017 წლების რეგიონალური განვითარების პროგრამა და სამოქმედო გეგმა, სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია საქართველოში 2015-2020 წლებისთვის.
ბულვარში, მაგნოლიის ნერგთან, გარემოს დაცვის კონფერენციის მონაწილე დელეგატებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. აქვე „მოძრაობის თეატრის“ მსახიობებმა კოსტიუმირებული შოუ მოაწყვეს. ფოტოების გადაღება ბათუმის ბულვარში გარემოს დაცვის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოეწყო.
ფოტოს გადაღესაღებად სპეციალურად გამოკრულ ბანერთან მისვლა 5 წუთით დაიგვიანა არჩილ ხაბაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ხოლო გადაღებისთვის გამზადებული სხვადასხვა ქვეყნის მინისტრი დაახლოებით 20 წუთი ალოდინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. ფოტოს გადაღების შემდეგ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვეს ტერიტორია.
„გარემო ევროპისთვის“ – მინისტრთა მე-8 კონფერენცია დღეს გაიხსნა. კონფერენცია, სადაც ძირითადად ჰაერის დაბინძურების პრობლემატიკაზე საუბრობენ, 10 ივნისამდე გაგრძელდება.
კოსტიუმირებული შოუ ბათუმის ბულვარში, 8.06.2016 / ჯაბა ანანიძის ფოტოები
ძლიერი წვიმის შემდეგ 8 ივნისს ბათუმში გამოიდარა. ბათუმის პლაჟზე ხალხმრავლობაა, “Maroon 5“- ის კონცერტის შემდეგ ბათუმში ჩამოსულმა ტურისტებმა პლაჟს მიაშურეს გასარუჯად.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორის, რუსუდან დიასამიძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ბათუმში არასტაბილური ამინდი შენარჩუნდება, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა-ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 17-19 გრადუსი იქნება, ზღვის წყალი კი 18 გრადუსამდე გათბება.
სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში შაბათს, 11 ივნისს, გამოიდარებს და მზიანი ამინდი შემდეგ დღეებშიც შენარჩუნდება.
ბათუმის პლაჟი. 8 ივნისი, თორნიკე თავაძის ფოტობათუმის პლაჟი. 8 ივნისი, თორნიკე თავაძის ფოტობათუმის პლაჟი. 8 ივნისი, თორნიკე თავაძის ფოტობათუმის პლაჟი. 8 ივნისი, თორნიკე თავაძის ფოტობათუმის პლაჟი. 8 ივნისი, თორნიკე თავაძის ფოტო
დღეს, 8 ივნისს, ბათუმში გახსნილ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რიგით მე-8, გარემოსდაცვით კონფერენციაზე, პან-ევროპული რეგიონის ქვეყნების მინისტრები ერთმანეთს გაუზიარებენ სტრატეგიულ გეგმას მწვანე ეკონომიკის განვითარების შესახებ და სამოქმედო პროგრამას ჰაერის სისუფთავის შესახებ.
მარკო კაინერი
კონფერენციაზე გაეროს წევრობის ეკონომიკური კომისიის გარემოსდაცვითი განყოფილების დირექტორმა, მარკო კაინერმა აღნიშნა, რომ ამ პროცესს საფუძველი 1991 წელს, სორბისში, ჩეხეთის რესპუბლიკაში ჩაეყარა და მთავარი მიღწევა რაც ამ 25 წლის განმავლობაში, მე-8 მინისტერიალამდე აქვთ, გარემოსდაცვითი მდგომარეობის შესახებ იმ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის შემუშავებაა, რომლითაც რეალურად გამოსწორდა პან-ევროპულ რეგიონში ეკოლოგიური მდგომარეობა. ამ დოკუმენტზე მუშაობა კვლავაც გრძელდება. გარდა ამისა მან ახსენა ორი უმნიშვნელოვანესი კონვენცია – ორჰუსის კონვენცია, რომელიც ერთ-ერთ მინისტერიალზე დანიაში იქნა მიღებული და მეორე – ესპოს კონვენცია, რომლითაც გათვალისწინებულ ვალდებულებებს საქართველოც ასრულებს. საქართველო ასევე თანამშრომლობს გაეროს ევროპის ეკონომიკურ კომისიასთან ამ კონვენციებთან მიმართებაში.
გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მინისტერიალზე ბათუმში „ბათუმის დეკლარაციასაც“ მიიღებენ, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის დოკუმენტი იქნება.
ნინო ჩხობაძე
„საქართველოს აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა გარემოს დსაცვის სფეროში. გარდა იმისა რომ „გარემო ევროპისთვის“ ფარგლებში საქართველო ძალიან აქტიური იყო ყოველთვის, საქართველოს ამისთვის კიდევ ბევრი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი, ბევრი რამ გვაქვს დასაცავი, განსაკუთრებით ატმოსფერულ ჰაერთან დაკავშირებით. დასაცავი იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ჩვენთვის და განსაკუთრებით ქალაქში მაცხოვრებელი ადამიანებისთვის იმიტომ, რომ ტრანსპორტიდან მოზღვავებული ემისიები ჰაერში არის პრობლემატური თითქმის ყველა ქალაქისთვის საქართველოში. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ ერთი წინსვლა იქნებ იმისთვის, რომ გავაჯანსაღოთ ტრანსპორტი, უფრო სუფთა გავხადოთ ქალაქები“ – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრიასას გარემოს დამცველმა ნინო ჩხობაძემ.
ყოფილი თანამშრომლებისთვის, რომლებმაც ბათუმის მერიას სამსახურიდან გათავისუფლების გამო სასამართლოში უჩივლეს და მოუგეს კიდეც, ბათუმის მერიამ ბიუჯეტში დამატებით 17 500 ლარი გაითვალისწინა. ცვლილებები ბიუჯეტში საკრებულომ უკვე დაამტკიცა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ აიპი „ბათუმის კორპუსს“ აპრილში სამსახურიდან გათავისუფლებული სამი თანამშრომლის – თომა ხალვაშის, ირაკლი მექვაბიშვილისა და ლაშა კილაბერიას სამსახურში აღდგენა დაავალა. აღნიშნული პირები„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან.
„ბათუმის კორპუსმა“ სამსახურიდან დათხოვილ სამ თანამშრომელს უკვე გადაუხადა 7 800 ლარი კომპენსაციის სახით, მერია სასამართლოს დავალებით ამ პირებზე გასცემს დამატებით იმ 17 500 ლარსაც, რომელიც ბიუჯეტში დღეს გაითვალისწინეს როგორც განაცდურისთვის გასაცემი თანხა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლოში ბათუმის მერიამ წააგო საქმე კიდევ ერთ ყოფილ თანამშრომელთან, ლაშა ბერძენიშვილთან [მისი ერთი თვის ხელფასი 1600 ლარს შეადგენდა]. ჯამში ამ პირებისთვის გასაცემი თანხა ამ დროისთვის 30 300 ლარია. მერიას სასამართლოში უჩივის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ირაკლი მოდებაძეც, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ის სასამართლოს მოიგებს, საკომპენსაციო თანხა გაიზრდება. სასამართლოში ხელახლა შეიტანა სარჩელი ლაშა ბერძენიშვილმა, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ სამსახურში აღადგინეს და რამდენიმე დღეში ისევ გაათავისუფლეს.
„სასამართლომ დაამტკიცა, რომ ბატონმა ნაკაიძემ [„ბათუმის კორპუსის“ დირეტორი] არასწორად, პოლიტიკური ნიშნით და არა სხვა მიზეზით, სამსახურიდან გაათავისუფლა სამი ადამიანი. გარდა ამისა, ბათუმის კორპუსმა დამატებითი ხარჯი გასწია, დაიქირავა ადვოკატი იმისთვის, რომ საქმე არ წაეგო. ჯამში, ჩემი დათვლით, 35 000 ლარამდე არასწორი ხარჯვა გამოგვივიდა მუნიციპალური ბიუჯეტიდან. ჩვენი ფუნქციაა ვაკონტროლოთ ბიუჯეტის ხარჯვა,“ – განაცხადა გიორგი კირთაძემ სხდომაზე რაზეც „ბათუმის კორპუსის“ დირექტორისგან, ზურაბ ნაკაიძისგან მიიღო პასუხი, რომ მას დღესაც შინაგანად აქვს განცდა, რომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება. „აუცილებელი იყო რესტრუქტურიზაცია, რის შემდეგაც ბათუმის კორპუსის მიერ შესრულებული სამუშაო და ბიუჯეტი გაიზარდა ორჯერ.”
„ნაკაიძის შინაგანი რწმენა გვიჯდება 35 000 ლარი, საინტერესოა კიდევ ასეთი შინაგანი რწმენებით რამდენს იზარალებს ბათუმის ბიუჯეტი,“ – უპასუხა მას გიორგი კირთაძემ რეპლიკით, რის შემდეგაც საკრებულოს წევრი ნატალია ზოიძე დაიტერესდა, როგორი შინაგანი რწმენა ჰქონდა თავად გიორგი კირთაძეს, როიცა 2012 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს ის კაბინეტში დაიბარა და უთხრა, რომ უნდა გაეთავისუფლებინა სამსახურიდან. ამ პოლემიკას საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი ჭეიშვილსა და გიორგი კირთაძეს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
ირაკლი ჭეიშვილის თქმით, გიორგი კირთაძეს არ აქვს მორალური უფლება ასეთ თემებზე ისაუბროს.
ბათუმის კორპუსის დირექტორმა ზურაბ ნაკაიძემ მოგვიანებით „ბათუმელებთან“ დაადასტურა, რომ სასამართლო პროცესებისთვის დამატებით ადვოკატი ნამდვილად დაიქირავა: „ერთი ადვოკატი გვყავს, მაგრამ ბევრი საქმე აქვს და პროცესებზე ვერ ირბენდა.“
ბათუმის საკრებულო ბავშვთა ბაღების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლას გეგმავს. იდეის ავტორები მიიჩნევენ, რომ დაფინანსების ვაუჩერიზაცია მუნიციპალურ ბაღებს განტვირთავს და ადგილების პრობლემა ისეთი მწვავე აღარ იქნება, როგორიც ამ დრომდე იყო. იდეის ავტორების გათვლებით, ბაღის ასაკის ერთ ბავშვში ქალაქის ბიუჯეტი ყოველთვიურად დაახლოებით 120 ლარს ხარჯავს. პროექტის ავტორები კერძო ბაღებისთვის სწორედ ამდენივე თანხის ვაუჩერის გაცემას გეგმავენ.
ყველა ახალი სეზონის დაწყებამდე ბათუმში ბაღის ასაკს მიღწეული ბავშვების მშობლები ბევრად უფრო ადრე იწყებენ ნერვიულობას, შეხვდება თუ არა მათ შვილებს ბაღში ადგილი, ვიდრე ბაღების გაერთიანება რეგისტრაციის დაწყების თარიღს გამოაცხადებს. ასევე მუდმივად ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, ელექტრონული რეგისტრაციის მიუხედავად, ხომ არ ფლობს ბაღების გაერთიანება რაიმე ბერკეტს საიმისოდ, რომ პირველ რიგში ის ბავშვები მიიღოს ბაღში, ვისაც პროტექცია გაუწიეს. ზოგიერთი მშობელი დარწმუნებულია, რომ მართლაც ასე ხდება, ბაღების გაერთიანება კი ამას უარყოფს: `პროგრამა ამას გამორიცხავს, ეს შეუძლებელია“. თუმცა ვერც ერთი ვერაფერს ამტკიცებს.
ფაქტი კი ისაა, რომ გასულ წელს ბათუმში ბაღის გარეშე 1500-მდე ბავშვი დარჩა, გაცილებით მაღალი იყო ეს ციფრი წინა წლებში.
ბათუმის საკრებულოში მიაჩნიათ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ვაუჩერიზაციის სისტემა უნდა შემოიღონ – ეს იდეა ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის. თუმცა, სამუშაო ჯგუფი ვერ ჩამოყალიბდა, ვისთვის უნდა გაითვალისწინოს ვაუჩერული დაფინანსება მერიამ: იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ბაღების გარეშე რჩებიან, თუ მთლიანად ბაღების დაფინანსების სისტემა უნდა შეიცვალოს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარის ირაკლი მიქელაძის თქმით, საკრებულოში უკვე შეიქმნა კომისია, რომელიც ამ პროგრამას ამზადებს. კომისიას საკრებულოს წევრი ნატალია ზოიძე ხელმძღვანელობს. კომისიის წევრია ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნატალია ზაქარეიშვილიც.
ნატალია ზოიძის ინფორმაციით, საკრებულო მუშაობს ბაღების დაფინანსების სისტემურ ცვლილებაზე და ის არ ითვალისწინებს მხოლოდ ბაღებს გარეთ დარჩენილი ბავშვების ვაუჩერიზაციას. „დაახლოებით ისეთივე სისტემა უნდა შეიქმნას, როგორიც აქვს განათლების სამინისტროს სკოლებში,“ _ ამბობს კომისიის ხელმძღვანელი.
სასკოლო განათლების სისტემაში ვაუჩერიზაციის საკითხს საქართველოს განათლებისა და ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება [#740/926] არეგულირებს. ბრძანება ითვალისწინებს ერთ ვაუჩერს ერთ მოსწავლეზე – სკოლიდან სკოლაში გადასვლის შემთხვევაში მოსწავლეს ეს დაფინანსება თან მიჰყვება, მიუხედავად იმისა, თუ რომელ სკოლას აირჩევს ბავშვი.
საკრებულოში ამბობენ, რომ უკვე გამოთვალეს და საბავშვო ბაღის ერთი აღსაზრდელი ბიუჯეტს თვეში დაახლოებით 120 ლარი უჯდება. ამდენივე ან ოდნავ მეტია ყოველთვიური გადასახადი კერძო ბაღებშიც.
„დღეს დატვირთვა მუნიციპალურ ბაღზე მოდის, რადგან მუნიციპალურ ბაღში მშობელი გადასახადს არ იხდის. კერძო ბაღი შესაძლოა მოსწონდეთ, მაგრამ ფასის გამო ურჩევნიათ მუნიციპალურ ბაღში შეიყვანონ ბავშვი. თანადაფინანსების პრინციპი რომ დამტკიცდეს, შესაძლოა ბევრმა მშობელმა კერძო ბაღი აირჩიოს; თუ ასე მოხდა, მშობლის წილი მიზერული იქნება,“ – ამბობს ირაკლი მიქელაძე.
იდეის ავტორებისთვის [მათ შორის კომისიაში კერძო ბაღებს წარმომადგენლისთვის] უცნობია სექტორში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, არავინ იცის, მერიის მიერ ვაუჩერის შემოღების შემთხვევაში ყველა ბავშვის უზრუნველყოფა მოხერხდება თუ კიდევ დარჩებიან ბავშვები ბაღის მიღმა? ბათუმის მერიაში და აჭარის განათლების სამინისტროში ბათუმში არსებული კერძო ბაღების რაოდენობაზეც კი არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია.
სხვა თემაა, მისცემს თუ არა ახალი სისტემა მშობელს თავისუფალი არჩევანის საშუალებას – შვილისთვის აირჩიოს ბაღი, რომელიც უფრო ახლოსაა მის სამსახურთან, სახლთან ან ის ბაღი, რომელიც მას მოსწონს? – კომისიას ამ კითხვებზე პასუხები, ჯერჯერობით არ აქვს. პროგრამის პირველი მონახაზი მას შემდეგ შემუშავდება, რაც კომისია ამ საკითხებზე შესაჯერებლად შეიკრიბება.
ნატალია ზოიძეს ვაუჩერიზაციის პროგრამა საინტერესოდ მიაჩნია სხვა თვალსაზრისითაც: „ეს ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაპირებთ უარი ვთქვათ ახალი ბაღების მშენებლობაზე და ახლაც ვაშენებთ, მაგრამ ვიცით ისიც, რომ ყოველწლიურად ბევრი ბავშვი რჩება ბაღის გარეშე და ეს არის პრობლემა.“
დღეს მოქმედი სისტემა, რომელიც ბავშვის ბაღში ჩარიცხვას ელექტრონული რეგისტრაციით ითვალისწინებს, მშობელს თავისუფალი არჩევანის საშუალებას არ აძლევს. მას შეუძლია მხოლოდ ის ბაღი მიუთითოს, რომლებიც მის საცხოვრებელ ადმინისტრაციულ ერთეულში ფუნქციონირებს. შეავსო თუ არა განაცხადი მშობელმა ამის შესაბამისად – სისტემა საჯარო რეესტრის მონაცების დახმარებით ამოწმებს.
„ასე გაკეთდა, რადგან მშობლები ძირითადად სამსახურთან ახლოს ითხოვდნენ შვილის ბაღში შეყვანას. მაგალითად, ცხოვრობს ხელვაჩაურში, მაგრამ მუშაობს რუსთაველის ქუჩაზე. ამან გამოიწვია პრობლემები, რადგან ახლოს მცხოვრები ბავშვები ბაღის გარეშე დარჩნენ,“ – ამბობს ბაღების გაერთიანების დირექტორი ნატალია ზაქარეიშვილი.
ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმში 29 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, კიდევ ერთ ბაღში კი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ბაღებში 7 390 აღსაზრდელი ირიცხება. მომავალი სეზონისთვის ბაღს 2590 ბავშვი დატოვებს. თუმცა მათგან 1850 ადგილზე ბავშვები უკვე დარეგისტრირებული არიან. რჩება 800-მდე ადგილი, რომელზეც შეიძლება მომავალი სასწავლო წელს ბავშვი დაარეგისტრირო.
ბაღების გაერთიანების დირექტორის ინფორმაციით, 2014 წელს ბათუმში ბაღის გარეშე 4500 ბავშვი დარჩა. გარდა ამისა, საბავშვო ბაღის ერთ ჯგუფში სტანდარტულად 25 აღსაზრდელი უნდა ირიცხებოდეს, ბათუმში მოქმედი ბაღების ჯგუფებში კი, დღეის მდგომარეობით, 35 ბავშვი ირიცხება [საკრებულოს თანხმობით].
მალხაზ, რა შეფასებას მისცემთ აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის, ლადო მგალობლიშვილის 3 ივნისის ბრიფინგს, იყო თუ არა ეს პედაგოგების მიმართ შეფარული მუქარა?
ის ფაქტი, რომ პოლიტიკურმა პარტიამ მიიყვანა ტრენინგზე პედაგოგები, პრობლემა არ არის. კანონი ამის შესაძლებლობას იძლევა და არის აბსოლუტურად ლეგალური საშუალება, საკუთარ პოტენციურ ამომრჩეველთან თუ მხარდამჭერთან კომუნიკაცია დაამყარო, განიხილო ესა თუ ის საკითხი. თუმცა, აქ არის ერთი მომენტი, როცა პარტია უხმობს პედაგოგებს გარკვეულ შეხვედრაზე, დღის წესრიგის, სტუმრების თუ ჩართვის შესახებ, ამ ადამიანებმა ამის შესახებ წინასწარ უნდა იცოდნენ. ეს შიდა მოლაპარაკების თემაა და რაიმე რეგულაცია არ არსებობს, უბრალოდ, ეთიკაზე შეიძლება ვილაპარაკოთ.
ეს შეხვედრა არ გამართულა სამუშაო საათებში, ეს იყო შაბათი დღე და თან გაიმართა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, რომელიც არის ღია სივრცე ყველასთვის. ეს რომ ყოფილიყო უმაღლესი საბჭოს შენობაში, მაშინ დაისმებოდა კითხვა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე დეპუტატის მხრიდან.
ერთ-ერთმა პედაგოგმა „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ მას მოსთხოვეს ახსნა-განმარტების დაწერა.
აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დააწერინეს ახსნა-განმარტებითი ბარათი პედაგოგებს სკოლის დირექტორებმა. არავითარი მიზეზი დისციპლინური დევნისა თუ ადმინისტრაციული საქმის დაწყებისა ამ ფაქტის საფუძველზე არ არსებობდა. პოლიტიკური აქტივობის გამო პედაგოგისთვის გარკვეული პასუხისმგებლობის დაკისრება მიუღებელია, თუ პედაგოგი პოლიტიკური მიზნებისთვის არ იყენებს სამუშაო საათებს და პოლიტიკური ასპექტები არ შეაქვს მის საგაკვეთილო საქმიანობაში.
სხვა შემთხვევაში ეს იქნება იმ პრაქტიკის გაგრძელება, რაც იყო 2012 წელს, როდესაც ათეულობით პედაგოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს მხოლოდ იმიტომ, რომ გარკვეული სიმპათია გამოავლინეს მაშინდელი ოპოზიციური ძალის (დღევანდელი მმართველი პარტიის) მიმართ. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ განათლების სამინისტრო პედაგოგების პოლიტიკურ აქტივობების თემას ისე მოეკიდოს, როგორც უნდა მოეკიდოს სახელმწიფო და არა პარტიული უწყება.
ლადო მგალობლიშვილის მიერ ამ ფაქტზე ბრიფინგის გამართვა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ პედაგოგებს ყველა ხელისუფლება, მათ შორის მოქმედიც, განიხილავს როგორც საკუთარ მხარდამჭერს, თავის ამომრჩეველს, რომელზეც მესაკუთრის განცდა უყალიბდებათ?
პრობლემა ყველა ხელისუფლებას აქვს, რადგან ცდილობენ პედაგოგები, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანები თუ ის პირები, რომლებიც საქმიანობენ სახელმწიფოს მიერ დაქვემდებარებულ უწყებებში, გამოიყენონ მათი პოლიტიკური მიზნებისთვის. გავიხსენოთ თუნდაც ფარული ჩანაწერების საჯაროდ ჩვენების ფაქტები, როცა დირექტორებს დაავალეს მიეყვანათ თავიანთ დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანები კადრების სანახავად. ასე, რომ ცდუნება აქვს ყველა ხელისუფლებას, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ვერც წინა ხელისუფლების შეცდომებზე ისწავლა მმართველმა გუნდმა და არც საკუთარი შეცდომებიდან მიიღო მაგალითი.
ვიდეოჩართვაზე, სადაც, როგორც ითქვა, მიხეილ სააკაშვილს „ბატონო პრეზიდენტოთი“ მიმართავდნენ, სამინისტროს რეაქცია არ ჰქონია ერთი კვირის განმავლობაში. ლადო მგალობლიშვილმა, რომელიც არ იმყოფებოდა ქვეყანაში, დაბრუნებისთანავე ამ ფაქტზე ბრიფინგი გამართა. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ლადო მგალობლიშვილმა საკუთარ პერსონას გაუსვა ხაზი, ვთქვათ იმისთვის, რომ საარჩევნო სიების შედგენის დროს მმართველ გუნდში გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის თვალშისაცემი იყოს მისი პარტიული ერთგულება?
ამ თემაზე ლადო მგალობლიშვილის პრესკონფერენციამ უფრო მეტი პოლიტიკური ელფერი მისცა ამ შეკრებას, ვიდრე რეალურად ჰქონდა. სხვანაირად ბევრს არც ეცოდინებოდა ამის შესახებ; ის, რომ განათლების მინისტრის მოადგილემ დრო დაუთმო და საზოგადოების ყურადღება გადაიტანა ამ თემაზე, ამან უფრო დაძრა პოლიტიკური დისკურსი იმაზე, ეცდება თუ არა ხელისუფლება პედაგოგების გამოყენებას საარჩევნო მიზნით. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს იყო გაფრთხილება – პედაგოგებო, თქვენი ხმები თავისთავად ხელისუფლების ხმებად უნდა აისახოს და ნუ ეცდებით სხვა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის გამოხატვას.
მიხეილ სააკაშვილზეც მინდა გკითხოთ, რას ნიშნავს მისი ვიდეოჩართვები და ამ ტიპის აქტივობის გამოჩენა თუნდაც პედაგოგებთან?
ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, გაუგებარია უცხო, თუნდაც მეგობრულად განწყობილი ქვეყნის ერთ-ერთი მხარის გუბერნატორს რა ხელი აქვს აჭარაში მომუშავე პედაგოგებთან. განათლების ექსპერტია, გადაკვალიფიცირება შეუძლია ამ ადამიანების თუ რა. მაგრამ, ცხადია, რომ ყოფილი სახელისუფლებო პარტია ცდილობს ამ ადამიანის გავლენა გამოიყენოს საკუთარი ელექტორატის მობილიზებისთვის. ის ფორმალური ლიდერია თუ არაფორმალური, ან როგორ ათავსებს უცხო ქვეყნის გუბერნატორობას და თან აქ მოქმედი პარტიის ლიდერობას, სხვა საკითხია.
რა ბერკეტი აქვთ დღეს პედაგოგებს, რომ დაიცვან თავი ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მანიპულირებისგან?
როცა პედაგოგს დაურეკავენ და მოსთხოვენ ამა თუ პარტიის შეკრებაზე მისვლას, მისი უფლებაა არ მივიდეს ამ შეხვედრაზე და ვერავინ აიძულებს ამას. თუ არის ზეწოლა, პედაგოგს შეუძლია საკუთარი უფლებების დაცვა საჯარო განცხადებით, ასევე უფლებადაცვითი – მათ შორის ჩვენი ორგანიზაციის, სახალხო დამცველის აპარატის მეშვეობით. თავის დახრა და ინფორმაციის დამალვა იქნება ყველაზე დიდი შეცდომა, რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ. თუ ადამიანები ღიად არ ილაპარაკებენ შესაძლო ზეწოლაზე, რაც მათი მისამართით ხდება, ჩვენ, ცხადია, არ გვექნება ხელ-ფეხი გახსნილი მათ დასაცავად.
ჰაერის ცუდი ხარისხი და კლიმატის ცვლალებადობა – ორი ყველაზე დიდი საფრთხეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის პან-ევროპულ რეგიონში – ნათქვამია გაეროს ახალ ანგარიშში.
გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ ამ და სხვა პრობლემებზე, 8-10 ივნისს ბათუმში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მინისტერიალი იმსჯელებს და შედეგად – შესაბამის მიმართვას “ბათუმის დეკლარაციასაც” მიიღებენ, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის დოკუმენტი იქნება.
გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რიგით მე-8, გარემოსდაცვით კონფერენციაში – „გარემო ევროპისთვის“, 56 ქვეყნის 1000-მდე დელეგატი და გარემოს დაცვისა და განათლების საკითხებზე პასუხისმგებელი მინისტრები, ბიზნეს-სექტორის, ბიზნეს-ასოციაციებისა და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი დონის საერთაშორისო წარმომადგენელი მონაწილეობს.
მინისტერიალის ორი ძირითადი თემა იქნება – „მწვანე ეკონომიკა პან-ევროპულ რეგიონში“ და „ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის“.
კონფერენციის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართება თემაზე: განათლება მდგრადი განვითარებისთვის. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით უკვე მიმარათა საქარათველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, გარემოს დაცვის მინიატრმა გიგლა აგულაშვილმა, აჭარის მთავრობის თავჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა კრისტიან ბახმა.
მინისტერიალი “გარემო ევროპისთვის” გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რეგიონის წევრი ქვეყნების, გაეროს სისტემაში არსებული ორგანიზაციების, მთავრობათაშორისი ორგანიზაციების, რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის და სხვა დაინტერესებული ჯგუფების თანამშრომლობის ფორმატში, ყოველ 3-5 წელიწადში ერთხელ იმართება.
პირველად “გარემო ევროპისთვის“ მინისტერიალი 1991 წელს, ჩეხოსლოვაკიის გარემოს დაცვის სამინისტროს ინიცირებით, ქ. დობრისში ჩატარდა. აქამდე სულ 7 კონფერენციაა გამართული. ჩეხეთის შემდეგ კონფერენციები გაიმართა შვეიცარიაში (ლუცერნი, 1993), ბულგარეთში (სოფია, 1995), დანიაში (ორჰუსი, 1998), უკრაინაში (კიევი, 2003), სერბეთსა (ბელგრადი, 2007) და ყაზახეთში (ასტანა, 2011).