მთავარი,სიახლეები

30 000-ზე მეტი ლარი ბათუმის მერიისგან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის

08.06.2016 • 1608
30 000-ზე მეტი ლარი ბათუმის მერიისგან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის

ყოფილი თანამშრომლებისთვის, რომლებმაც ბათუმის მერიას სამსახურიდან გათავისუფლების გამო სასამართლოში უჩივლეს და მოუგეს კიდეც, ბათუმის მერიამ ბიუჯეტში დამატებით 17 500 ლარი გაითვალისწინა. ცვლილებები ბიუჯეტში საკრებულომ უკვე დაამტკიცა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აიპი „ბათუმის კორპუსს“ აპრილში სამსახურიდან გათავისუფლებული სამი თანამშრომლის – თომა ხალვაშის, ირაკლი მექვაბიშვილისა და ლაშა კილაბერიას სამსახურში აღდგენა დაავალა. აღნიშნული პირები„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან.

„ბათუმის კორპუსმა“ სამსახურიდან დათხოვილ სამ თანამშრომელს უკვე გადაუხადა 7 800 ლარი კომპენსაციის სახით, მერია სასამართლოს დავალებით ამ პირებზე გასცემს დამატებით იმ 17 500 ლარსაც, რომელიც ბიუჯეტში დღეს გაითვალისწინეს როგორც განაცდურისთვის გასაცემი თანხა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლოში ბათუმის მერიამ წააგო საქმე კიდევ ერთ ყოფილ თანამშრომელთან, ლაშა ბერძენიშვილთან [მისი ერთი თვის ხელფასი 1600 ლარს შეადგენდა]. ჯამში ამ პირებისთვის გასაცემი თანხა ამ დროისთვის 30 300 ლარია. მერიას სასამართლოში უჩივის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ირაკლი მოდებაძეც, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ის სასამართლოს მოიგებს, საკომპენსაციო თანხა გაიზრდება. სასამართლოში ხელახლა შეიტანა სარჩელი ლაშა ბერძენიშვილმა, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ სამსახურში აღადგინეს და რამდენიმე დღეში ისევ გაათავისუფლეს.

„სასამართლომ დაამტკიცა, რომ ბატონმა ნაკაიძემ [„ბათუმის კორპუსის“ დირეტორი] არასწორად, პოლიტიკური ნიშნით და არა სხვა მიზეზით, სამსახურიდან გაათავისუფლა სამი ადამიანი. გარდა ამისა, ბათუმის კორპუსმა დამატებითი ხარჯი გასწია, დაიქირავა ადვოკატი იმისთვის, რომ საქმე არ წაეგო. ჯამში, ჩემი დათვლით, 35 000 ლარამდე არასწორი ხარჯვა გამოგვივიდა მუნიციპალური ბიუჯეტიდან. ჩვენი ფუნქციაა ვაკონტროლოთ ბიუჯეტის ხარჯვა,“ – განაცხადა გიორგი კირთაძემ სხდომაზე რაზეც „ბათუმის კორპუსის“ დირექტორისგან, ზურაბ ნაკაიძისგან მიიღო პასუხი, რომ მას დღესაც შინაგანად აქვს განცდა, რომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება. „აუცილებელი იყო რესტრუქტურიზაცია, რის შემდეგაც ბათუმის კორპუსის მიერ შესრულებული სამუშაო და ბიუჯეტი გაიზარდა ორჯერ.”
„ნაკაიძის შინაგანი რწმენა გვიჯდება 35 000 ლარი, საინტერესოა კიდევ ასეთი შინაგანი რწმენებით რამდენს იზარალებს ბათუმის ბიუჯეტი,“ – უპასუხა მას გიორგი კირთაძემ რეპლიკით, რის შემდეგაც საკრებულოს წევრი ნატალია ზოიძე დაიტერესდა, როგორი შინაგანი რწმენა ჰქონდა თავად გიორგი კირთაძეს, როიცა 2012 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს ის კაბინეტში დაიბარა და უთხრა, რომ უნდა გაეთავისუფლებინა სამსახურიდან. ამ პოლემიკას საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი ჭეიშვილსა და გიორგი კირთაძეს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
ირაკლი ჭეიშვილის თქმით, გიორგი კირთაძეს არ აქვს მორალური უფლება ასეთ თემებზე ისაუბროს.

ბათუმის კორპუსის დირექტორმა ზურაბ ნაკაიძემ მოგვიანებით „ბათუმელებთან“ დაადასტურა, რომ სასამართლო პროცესებისთვის დამატებით ადვოკატი ნამდვილად დაიქირავა: „ერთი ადვოკატი გვყავს, მაგრამ ბევრი საქმე აქვს და პროცესებზე ვერ ირბენდა.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: