კვირის ამბები,მთავარი

19 წლის თინიკო – ოთხსულიანი ოჯახისა და ავადმყოფი დის მარჩენალი

09.06.2016 • 1587
19 წლის თინიკო – ოთხსულიანი ოჯახისა და ავადმყოფი დის მარჩენალი

19 წლის თინიკო მახარაძეების ოთხსულიანი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, ის ერთ-ერთ რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობს. დილის ათი საათიდან საღამოს ათ საათამდე სამსახურშია, ხელფასი კი ყოველთვიურად 350 ლარი აქვს. სკოლის გამოსაშვებ საღამოს სტუმრის სტატუსით ესწრებოდა, რადგან მე-9 კლასის დასრულების შემდეგ სკოლაში სიარული შეწყვიტა. სწავლა ოჯახური პირობების გამო ვერ გააგრძელა – დედას უნდა დახმარებოდა უფროსი დის, ნათიას მოვლაში, რომელსაც დაბადებისთანავე ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს.

„სწავლა მინდოდა, ვის არ უნდა?! მაგრამ დედაჩემი რომ საბუთებზე და ნათიას საქმეებზე დადიოდა, ჩემს დას ვინმე უნდა ჰყოლოდა. შემდეგ მინდოდა სტილისტობა მესწავლა, მაგრამ მუშაობა ვარჩიე, ოჯახს რომ დავხმარებოდი“, _ ყვება თინიკო.

მახარაძეების ოჯახი 2007 წლამდე ჩაქვში ცხოვრობდა. მათი სახლი დიდთოვლობამ ადგილს მოსწყვიტა და საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა. მაშინ ოჯახმა 10 000 ლარის კონპენსაცია მიიღო, თუმცა, როგორც გოგონების დედა, ნარგიზ მახარაძე ამბობს, ამ თანხით ვერაფრის შეძენა ვერ მოახერხეს – ვალებში, საყოფაცხოვრებო ნივთებში, სხვადასხვა სამკურნალო პროცედურებსა და გადაბარგებაში დაეხარჯათ. ამჟამად ოჯახი ბათუმში, მარუხის 23 ნომერში, ნაქირავებ ორ ოთახში ცხოვრობს. სველი წერტილები ეზოში, დაახლოებით 30-40 მეტრის მოშორებითაა. 20 წლის ნათიას სველ წერტილებამდე მიყვანა ყოველ ჯერზე დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული.

„ოთახში ვედრო მაქვს დადგმული ბავშვისთვის… ზოგჯერაც ერთი წვალებით გაგვყავს სააბაზანომდე. მას არ ესმის, რომ ეს მისთვისაა. ყვირის, ამტვრევს ყველაფერს. ცხელი წყალიც ხან არის, ხან ცივდება და ბავშვი ყვირის და ტირის. მინდა, ერთი ოთახი მქონდეს, სადაც სველი წერტილებიც ახლოს იქნება, რომ ჩემს შვილს ადამიანურად მოვუარო, მასზე ყველამ ხელი აიღო… ერთმა სოციალურმა აგენტმა უხეშად მითხრა, რას დაგიჟენია სახლში, ვინმეს ვერ მიეციო? ან სადმე პანსიონატშიო? ერთხელ მყავდა ათი დღით გაგზავნილი და ნაცემ-დალურჯებული ჩამომივიდა. უკან რა გამაშვებინებდა? შემდეგ კერძო პანსიონში მივიყვანეთ, იქ რომ ვერ მოუარეს, დირექტორი მეხვეწა და ბოდიშები მიხადა, წაიყვანეო… მათი მანქანით წამოგვიყვანეს. რა ვქნა, ჩემი შვილია“, – ყვება ნათიას დედა.

როგორც ნარგიზი ამბობს, მის მეუღლეს, 54 წლის დავით მახარაძეს, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს: „კენჭის გავლა ჰქონდა. მივიყვანეთ საავადმყოფოში, 500 ლარზე მეტის დამატება ჩვენ მოგვიწია. დაუშალეს რაც შესაძლებელი იყო. ახლა, როგორც ამბობენ, მდგომარეობა ოპერაციის გარეშე ვერ მოგვარდება. იმის მერე ვეღარც მივდივარ ექიმთან, ერთი ლარის დამატებაც რომ მომთხოვონ, არ მაქვს და როგორ წავიდე? სამი თვის ბინის ქირა მაქვს გადასახდელი“.

მახარაძეების ოჯახი სოციალურად დაუცველთა სიაში იყო და ფულად დახმარებას იღებდა. შემწეობა ოჯახს სამი თვის წინ შეუჩერეს, როცა თინიკომ მუშაობა დაიწყო. ნარგიზი იხსენებს, რომ ამის შესახებ სააგენტოსაც აცნობა, სადაც დაჰპირდნენ, რომ ეს პრობლემას არ შექმნიდა, მაგრამ ერთ თვეში დახმარება მოუხსნეს. შემდეგ თავიდან შეისწავლეს ოჯახის მდგომარეობა, რასაც სამი თვე დასჭირდა.

„სამი თვეა ბინის ქირას ვერ ვიხდი, კიდევ კარგი, მეპატრონე გაგებით ეკიდება, თორემ, რომ გამიშვას, არ ვიცი რა უნდა ვქნათ. ნათიას გამო ბინის მოქირავებაზე ყველა უარზეა“, – ამბობს ნარგიზ მახარაძე. ახალი შეფასების მიხედვით, ოჯახს კვლავ ეკუთვნის ფულადი დახმარება, ოჯახის სარეიტინგო ქულების რაოდენობა 44 000-ზე მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფულადი დახმარების გარდა სხვა, რიგი პროგრამებით ვერ ისარგებლებენ.
„ამ ზამთარში 55 000 ქულა გვქონდა და შეშას არ გვაძლევდნენ, მერე ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა პატარა მანქანით შეშა გამომიგზავნა. მერე კარდონებს ვწვავდით და გავედით ასე წვალებით… წელს შეშას აღარ მომცემენ, ნათიას კი ოდნავ სიცივეც საშინლად აწუხებს“, – ამბობს ნარგიზი. მისივე თქმით, ოჯახი სარგებლობს მუნიციპალური სასადილოს და „შინ მოვლის“ პროგრამით, რომლის ფარგლებშიც ექიმი კვირაში ორ-სამჯერ ნახულობს ნათიას.

ოჯახმა არაერთ პროგრამაში ჩართვა ითხოვა, მაგრამ საცხოვრებელი ფართობით მათი დაკმაყოფილება დღემდე ვერ მოხერხდა. ოჯახის სოციალური დახმარება 200 ლარია, ნათიას პენსია კი – 160 ლარი. ბინასა და კომუნალურებში ყოველთვიურად 260 ლარი იხარჯება. გარდა ამისა, როგორც ნარგიზი ყვება, ნათიასთვის შინ მოვლის პროგრამით გამოყოფილი საფენები და მედიკამენტები საკმარისი არ არის და ამ ყველაფრის შევსებაც ხარჯებთანაა დაკავშირებული. ნარგიზი ამბობს, რომ თავადაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მაგრამ რეცეპტები არაერთხელ დაუხევია, რადგან მათი შეძენა არ შეეძლო.

თინიკოს ყველაზე მეტად მიუღწეველი მიზნები და ნათიას მძიმე მდგომარეობა აწუხებს. ეს ის საკითხებია, რაზე საუბრისას ცრემლებს ვერ იკავებს.

„თინიკოს თავისი ხელფასიდან ჯერ არაფერი უყიდია მისთვის, მისი ხელფასის გარეშე რა გვეშველებოდა, არ ვიცი. ვერ ვასწავლე, კლასელებმა რომ მოაკითხეს და წაიყვანეს, მინდოდა მიწა გამსკდომოდა… შეშუპებული ფეხებით მოდის 19 წლის გოგო და სახლშიც გვეხმარება. ნათიას გამუდმებით ყურადღება სჭირდება, გარესამყაროს სრულიად მოწყვეტილია, გუშინ მამამისს სკამი ესროლა თავში. შეიძლება ადგეს და წავიდეს, სად მიდის, არ იცის…“, – ამბობს ნარგიზი.

თინიკო ამბობს, რომ მუშაობის არ ეშინია. იცის, რომ ამ სამსახურითა და ხელფასით ვერ შეძლებს პირობების გაუმჯობესებას, მაგრამ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დახმარებაც არ ყოფნის მის ოჯახს, ამიტომაც ასრულებს მძიმე სამუშაოს. ისიც, დედის მსგავსად, ერთ ოთახზე ოცნებობს, სადაც სველი წერტილები იქნება და ნათიას დამამცირებელ მდგომარეობაში აღარ მოუწევს ყოფნა – ეს მათთვის ყოველდღიური განსაცდელია, რომელსაც 40-მეტრიანი მანძილი საპირფარეშომდე და პირიქით კიდევ უფრო ამძიმებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: