მთავარი,სიახლეები

გიორგი კვირიკაშვილი: 2017 წელს ბენზინის ხარისხი ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი იქნება

08.06.2016 • 1979
გიორგი კვირიკაშვილი: 2017 წელს ბენზინის ხარისხი ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი იქნება

„შემუშავებულია ახალი საკანონმდებლო რეგულაციები, რის შედეგადაც, 2017 წელს ბენზინის ხარისხისთვის დადგენილი ნორმები ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი იქნება. საქართველო აღიარებს გარემოს დაცვას, როგორც ადამიანის უფლებების განუყოფელ ნაწილს. საქართველოს მთავრობამ უმთავრეს პრიორიტეტად დაისახა გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა,” – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “გარემო ევროპისთვის“ მერვე მინისტერიალის მონაწილეებს ბათუმში.

„საჭირო და აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება ქვეყნებს შორის, რათა ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიოთ მიზნებისა და ამოცანების თანხვედრას, როგორც ეროვნულ, ისე რეგიონალურ და გლობალურ დონეებზე.

დღეს უკვე მწვანე ეკონომიკა განიხილება, როგორც ერთ-ერთი აუცილებელი ინსტრუმენტი მდგრადი განვითარების მისაღწევად. ეს მიმართულება ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას, ახალი და მწვანე სამუშაო ადგილების შექმნას და უზრუნველყოფს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას“ – თქვა პრემიერ-მინისტმა.

მან მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს წყლის რესურსები ახსენა და თქვა, რომ ქვეყნის ენერგეტიკული სექტორი ძირითადად ჰიდრორესურსებს მოიხმარს, თუმცა, ამასთან ერთად, საქართველოს აქვს პოტენციალი, გამოიყენოს სუფთა ენერგიის სხვა წყაროებიც, მათ შორის მზის, ბიოთერმული და ბიომასის ენერგეტიკული რესურსები, რითაც ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს:

“საქართველოს 9 ქალაქმა უკვე მოამზადა მდგრადი ენერგეტიკული სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია CO2-ის ემისიის შემცირება იმისთვის, რომ 2020 წლისთვის გვქონდეს სუფთა და ჯანსაღი გარემო. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხი. სათანადო პოლიტიკის შემუშავება და ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა. შემუშავებულია ახალი საკანონმდებლო რეგულაციები, რის შედეგადაც 2017 წელს ბენზინის ხარისხისთვის დადგენილი ნორმები ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი იქნება; ხორციელდება ჰაერის ხარისხის შეფასების მოდელირების ახალი სისტემა, რომელიც დაინერგება ქვეყნის დედაქალაქში – თბილისში. ეტაპობრივად ხდება მონიტორინგის ქსელის გაფართოება, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ადგილებში“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციისა და ჰარმონიზაციის სრულიად ახალ ფაზაზე გადავიდა: „ასოცირების ხელშეკრულება ფარავს თითქმის ყველა გარემოსდაცვით მიმართულებას. გარდა ამისა, გვთავაზობს გზებს არსებული გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და ნორმების ეტაპობრივი მოდერნიზებისა და განახლებისთვის, რაც იქნება ევროკავშირის დირექტივებისა და რეგულაციების შესაბამისი”. მისივე თქმით, სწორი გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავების ხელშესაწყობად, საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებები აისახა ისეთ სტრატეგიულ დოკუმენტებში, როგორიცაა  საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია – „საქართველო 2020”, 2015-2017 წლების რეგიონალური განვითარების პროგრამა და სამოქმედო გეგმა, სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია საქართველოში 2015-2020 წლებისთვის.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: