მთავარი,სიახლეები

დეპუტატი ბათუმში მენინგოკოკური ინფექციის შემთხვევასა და ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოზე

11.03.2017 • 2487
დეპუტატი ბათუმში მენინგოკოკური ინფექციის შემთხვევასა და ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოზე

ბათუმში მენინგოკოკური ინფექციის შემთხვევა ფატალურად დასრულდა. 4 წლის პაციენტი დღეს დილის 5 საათზე გარდაიცვალა. ბავშვის ოჯახის წევრები ექიმებს დაგვიანებულ რეაგირებაში ადანაშაულებენ.

ბავშვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციამ სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მოქალაქეები აკრიტიკებენ სამედიცინო დაწესებულებასა და ექიმების კვალიფიკაციას.

„დედათა და ბავშვთა რესპუბლიკური“ ცენტრი ერთადერთი საბავშვო სამედიცინო დაწესებულებაა ბათუმში. არის თუ არა ეს პრობლემა? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრს, ნუკრი ბეჟანიძეს ესაუბრა.

ბატონო ნუკრი, როგორც დაღუპული ბავშვის ოჯახის წევრები ამბობენ, სასწრაფოს ექიმმა ყურის ტკივილი ივარაუდა, ბავშვთა საავადმყოფოში კი პაციენტს ანალიზები ჩაუტარეს და სახლში გაუშვეს. რამდენიმე საათში კი ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა. აქ კომპეტენციის პრობლემა იკვეთება?

მიუხედავად იმისა საჩივარი არის თუ არა შესული, რეგულირება მაინც განიხილავს ამ ფაქტს ნებისმიერ შემთხვევაში. ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის აკეთებს ანალიზს, ამიტომ უფრო რეალური იქნება სამინისტროს დაელაპარაკოთ.

ჩვენ გვახსოვს ბევრი შემთხვევის შესახებ, რომელსაც რეგულირების სააგენტო სწავლობს წელზე მეტია და პასუხები დღემდე არ მიუღია საზოგადოებას.

ეს ხანგრძლივი პროცესია, ისინი უცებ არ დადებენ შედეგს. რეგულირება ჩამოდის ადგილზე და სწავლობს შემთხვევას, შემდეგ მიდის ეს საქმე თბილისში და მინიმუმ სამ ექსპერტიზას გადის. ზოგ შემთხვევაში აგზავნიან კიდევ სხვადასხვა ექსპერტთან. იმათ დასკვნებსაც ელოდებიან და მერე გამოაქვთ საერთო აზრი.

თქვენი აზრით, მაინც რა ვადა არის საკმარისი ამ პროცედურისთვის?

ორ კვირას მაინც აძლევენ თითო ექსპერტს. კონკრეტული ვადები არ არის დადგენილი. შემდეგ ამ დასკვნას სამინისტროს საბჭო განიხილავს. შეიძლება საბჭომდე არ ასაჯაროებენ ინფორმაციას.

თქვენ როგორც კანონმდებელი, როგორ ფიქრობთ, ვადები რომ დადგინდეს შეუძლებელია, რომ იცოდეს საზოგადოებამ როდის მიიღებს პასუხს კითხვებზე?

მართიალია დროში იწელება დასკვნების მომზადება, მაგრამ იქ უამარავი საქმეა. ატესტაციიდან დაწყებული ყველაფერს ეს სააგენტო განიხილავს.

მაგრამ ამ სააგენტოს მუშაობას ხომ უკავშირდება მაღალი ხარისხის მიღწევა, პრობლემების გამოვლენა და მათი აღმოფხვრა დროულად.

დროში გაწელვა სხვა საქმეა, მაგრამ ისინი დებენ ყველაზე კვალიფიციურ დასკვნას. საქმეზე მუშაობს შვიდი ან რვა ექსპერტი, მათ დასკვნები უნდა დადონ. ისინი რეალურ ციფრებს მოგცემენ. ყველაზე ადვილია ექიმი დაადანაშაულო, მაგრამ არის შემთხვევები, როცა გამოსავალი არ არის. ექიმი ღმერთი ხომ არ არის? – მენინგიტის შემთხვევაში ძალიან მაღალია სიკვდილიანობა. ეს არის სერიოზული ინფექცია და დიაგნოსტიკაც რთულია. შეიძლება ყველაფერი დაიწყოს ყელის, ყურის ნერვის ანთებით, ყველაფერი შეიძლება იფიქრო. ამას მოყვება პირველადი ინფექციის გართულება – ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. სანამ ნერვიული სიმპტომები არ გამოჩნდება, რთული სათქმელია მენინგიტზე. შეიძლება ნევროპათოლოგმა მიიტანოს ეჭვი ამაზე, ჩვეულებრივმა რიგითმა ექიმმა არც მიაქციოს ასეთ სიმპტომებს ყურადღება.

ბათუმში ამ საავადმყოფოს მიმართ ბევრს აქვს პრეტენზია, მაგრამ ბათუმში ბავშვთა მხოლოდ ერთი ერთი საავადმყოფო არსებობს. როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე – მას ხომ აქვს უფლება მიიღოს კვალიფიციური მომსახურება…

დიახ, ეს პრობლემაა. ეს ერთია და პრაქტიკულად მონოპოლისტია. ეს პრობლემა მოდის წინა მთავრობიდან, ის რომ ერთ მფლობელს ჩაუვარდა ხელში. ეს უკვე სხვა საქმეა. ჯანდაცვის სამინისტრო ყველა ღონეს ხმარობს, რომ ეს შეიცვალოს, მაგრამ არის კერძო საკუთრებაც, სხვა თემაში შევდივართ. არ ჩამომართვათ ცალმხივ მსჯელობაში, მაგრამ რაც „ოცნება“ მოვიდა მას შემდეგ ბრძოლაა მაგაზე, რომ როგორმე მივცეთ ხალხს საშუალება, რომ იყოს კიდევ ალტენატიული დაწესებულებები. მაგრამ რამდენი საავადმყოფო უნდა ააშენო უცებ, რომ ეს ალტერნატივა გააჩინო. ეს ძალიან რთულია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: