მთავარი,სიახლეები

მთავრობამ საპატრიარქოს დაფინანსება 3 მილიონით შეუმცირა

14.01.2017 • 2517
მთავრობამ საპატრიარქოს დაფინანსება 3 მილიონით შეუმცირა

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 5 მაისის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტროს  საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოსთვის  3 მილიონ 737 ათას 400 ლარი უნდა გადაერიცხა. ეს თანხა სამების საკათედრო ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაცია-აღდგენას და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს უნდა მოხმარებოდა.

მიმდინარე წლის 13 იანვარს გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის განკარგულება, რომლის მიღების თარიღად გასული წლის 30 დეკემბერია მითითებული. ამ განკარგულებით საქართველოს საპატრიარქოს ნაცვლად 3 მილიონ 737 ათას 400 ლარისა, სარეზერვო ფონდიდან მხოლოდ 737 ათას  400 ლარი გადაერიცხება.

მთავრობის შესაბამის განკარგულებაში მითითებულია, რომ ცვლილება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად განხორციელდა. ამ მუხლის მიხედვით კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.

გასული წლის 29 დეკემბრის განკარგულებით მთავრობამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაავალა „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონისათვის ფინანსური დახმარების გაწევა 280 ათასი ლარის ოდენობით“.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისევე როგორც წინა წლებში, საქართველოს საპატრიარქოსთვის 25 მილიონი ლარია გამოყოფილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: