მთავარი,სიახლეები

ხეებს „ბობოყვათის რეზიდენციის“ ტერიტორიაზე, ანუ არქეოლოგიურ ზონაშიც თხრიან

11.03.2017
ხეებს „ბობოყვათის რეზიდენციის“ ტერიტორიაზე, ანუ არქეოლოგიურ ზონაშიც თხრიან

ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის მრავალწლოვან ხეებს ბობოყვათში, ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზეც თხრიან. ეს რეზიდენცია მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთებით უკვე საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაა.

სპეციალისტების განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია არქეოლოგიურად შესასწავლია, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ხეების მოთხრამ არქეოლოგიურად უნიკალური ღირებულების ნიმუშების განადგურება გამოიწვიოს.

არქეოლოგი ლაშა ასლანიშვილი [აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი] ამბობს, რომ სადაც მიმდინარეობს სამუშაოები იქ კულტურული ფენა არ ფიქსირდება: „როგორც კი შეგვატყობინეს სამუშაოების დაწყების შესახებ, ეგრევე დავუკავშირდი სახელმწიფო დაცვის სამსახურს, მათთან ერთად ვიმყოფებოდი ადგილზე. მე როგორც არქეოლოგმა შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სადაც სამუშაოები მიმდინარეობს კულტურული ფენების არსებობა არ დასტურდება. შევთანხმდით, რომ შემდგომი სამუშაოები როცა დაიწყება, მე, პირადად, აუცილებლად დავესწრები ამ სამუშაოებს“.

ლაშა ასლანიშვილის თქმით, მისთვის არ არის ცნობილი, რამდენი ხის გატანა იგეგმება. ის ასევე აცხადებს, რომ კერძო საკუთრების მიუხედავად, თუ ტერიტორიაზე კულტურული ფენა აღმოჩნდება, არქეოლოგიურ სამუშაოებს აუცილებლად ჩაატარებენ. „სამუშაოებს იქ ატარებენ,  სადაც არის რეზიდენცია… ჩემთვის მთავარია, რომ თუ დადასტურდა არქეოლოგიურ-კულტურული ფენების აღმოჩენა, ჩვენი სამსახური და არქეოლოგები ჩავერთვებით და შევისწავლუთ ტერიტორიას. თუ დადასტურდა კულტურული ფენა, ჩვენ მოვალე ვიქნებით, რომ ძეგლი არ განადგურდეს“.

პეტრა-ციხისძირის არქოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი [1983-1989, 2001 წლები] ნინო ინაიშვილი გასულ წლებში აღნიშნული ტერიტორიისთვის არქეოლოგიური ზონის სტატუსის მინიჭებას ითხოვდა. „უკვე გამოვლენილი ძეგლები და არქეოლოგიური არტეფაქტები ციხისძირის მიდამოებში შესწავლილ სხვა ძეგლებთან [პეტრას ციხე] კონტექსტში საკმარისზე მეტია იმისთვის, არქეოლოგებს გვქონდეს დასაბუთებული ვარაუდი, რომ აქ კიდევ ბევრი საინტერესო აღმოჩენაა მოსალოდნელი… იმ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომელთაც ევალებათ არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვა, ვთხოვოთ ტერიტორიისთვის არქეოლოგიური ზონის მინიჭებას“, – აცხადებდა ნინო ინაიშვილი 2015 წელს.

ვიდრე ბობოყვათის ტერიტორიას საქართველოს მთავრობა გაასხვისებდა, მანამდე, ორი თვით ადრე, ამ ადგილისთვის არქეოლოგიური ზონის სტატუსის მინიჭების თაობაზე წერილი მოქმედმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმაც მიიღო, როგორც მაშინდელმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ბობოყვათის რეზიდენციის ტერიტორია თავიდანვე დახურულ ზონად ითვლებიდა – მაშინაც, როცა აქ სამთავრობო რეზიდენცია იყო და ახლაც, როცა ეს ტერიტორია საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაშია. ტერიტორიას სამთავრობო დაცვის სამსახური იცავს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ყოფილი რეზიდენციის შენობაში დღეს რამდენიმე მონაზონი ცხოვრობს.

ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია საქართველოს საპატრიარქოს სახელმწიფომ კრწანისის ტყე-პარკში გადაუცვალა. კრწანისის ტყე-პარკი კი მართლმადიდებელ ეკლესიას 2010 წელს 1 ლარად გადასცეს.


ხეები ამჯერად კომპანია „ანაგმა“ იყიდა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის

ტერიტორია, სადაც ივანიშვილისთვის ხეებს თხრიან, სახელმწიფომ ოფშორულ კომპანიას მიყიდა

რეკრეაციულ ზონაში ბიძინა ივანიშვილისთვის ხეებს ჭრიან და თხრიან

ივანიშვილმა აჭარიდან ხეების გატანა განაახლა [ფოტო]

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: