Batumelebi | ”აუცილებელია ამ ტერიტორიის გახსნა ტურისტებისთვის” ”აუცილებელია ამ ტერიტორიის გახსნა ტურისტებისთვის” – Batumelebi
RU | GE  

”აუცილებელია ამ ტერიტორიის გახსნა ტურისტებისთვის”

 

ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია საქართველოს მთავრობამ საკუთრებაში საქართველოს საპატრიარქოს გადასცა. ტერიტორია, რომელიც ზღვის პირას, პეტრას ციხესთან ახლოს მდებარეობს, წარმოადგენს არქეოლოგიურ ობიექტს. თუ რა ღირებულება გააჩნია აქ არსებულ არქეოლოგიურ მემკვიდრეობას და რა უნდა გაკეთდეს მის დასაცავად, „ბათუმელები“ პეტრა-ციხისძირის არქოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელს (1983-1989, 2001 წლები) ნინო ინაიშვილს დაუკავშირდა.

 

 

რამდენად მოცულობითია უკვე ჩატარებული თუ ჩასატარებელი სამუშაოები?
არქეოლოგიური ძეგლები არის ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციის (თუ აწი საპატრიარქოს) მთელ ტერიტორიაზე და მის ჩრდილოეთითაც (ყოფილი დასასვენებელი სახლის „სტრაიტელის“ ტერიტორიაზე აღმოჩენილია მარნის ნაშთები), შესაძლოა მდ. დეხვას შესართავამდე. ისინი სხვადასხვა პერიოდისაა _ დაწყებული დიუნური სამოსახლოთი (ძვ.წ.მე-8-მე-7 სს.), ქრონოლოგიურად მას მოსდევს ადრეანტიკური-ელინისტური ხანის სამაროვანი (ძვ.წ. მე-6 ს ბოლო-მე-2 საუკუნეები, რომელიც ძველი დიუნის ზოლს გასდევს, მისი გავრცელების საზღვრები არ არის დადგენილი, შესწავლილია მხოლოდ მცირე მონაკვეთი; ახ.წ. მე-4-6 საუკუნეების არქიტექტურული ნაგებობები: ორი აბანო, სასახლე და ეკლესია. ერთი აბანო მდებარეობს რეზიდენციის შენობიდან 3 მ-ის დაშორებით, მეორე მისგან აღმოსავლეთით, 70 მ-ის დაშორებით (იგი ამჟამად დამარხულია); სასახლე გაითხარა ამ ტერიტორიის ცენტრალურ ნაწილში და 600 კვ.მ. ფართობს მოიცავს. ეკლესიის ნანგრევები კი მდებარეობს ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში, მისი ნაწილი შემომზღუდავი ღობის გარეთ ხვდება. უკვე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოები და გამოვლენილი ძეგლების ტოპოგრაფია (ე.ი. გავრცელება) მიუთითებს იმაზე, რომ არქეოლოგიურად შესასწავლია მთლიანი ტერიტორია, უკვე შესწავლილის გამოკლებით, რომელიც ძალზე მცირე ნაწილია.

1983-1988 წლებში შესრულებულია ის სამუშაოები, რაზედაც ზემოთ მოგახსენეთ. ეს იყო გადარჩენითი ხასიათის არქეოლოგიური სამუშაოები. ჩვენ ვთხრიდით იქ, სადაც დაგეგმილი იყო მშენებლობა და ვათავისუფლებდით ტერიტორიას მშენებლობისთვის. ერთადერთი ნაგებობა, რომელიც გაითხარა შემდგომ წლებში, იყო ნაეკლესიარი. როცა დაიგეგმა ტერიტორიის ხელახალი შემოღობვა, მივიღეთ ნებართვა და მცირეოდენი თანხა მის შესასწავლად. ანუ, არქეოლოგიური სამუშაოების დაგეგმვა ხდებოდა არა სამეცნიერო ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მშენებლობის ინტერესების გათვალისწინებით. ამგვარ გათხრებს ვეძახით გადარჩენითი ხასიათის გათხრებს.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი არქეოლოგიურად და რითია განსაკუთრებით ღირებული აღნიშნული ტერიტორია?
აქ გამოვლენილი ანტიკური და ადრებიზანტიური ხანის არქეოლოგიური ძეგლები ძალზე მნიშვნელოვანია არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობის ანუ ჩვენი წინაპრების ანტიკურ და ბიზანტიურ ცივილიზაციებთან ურთიერთობების კვლევის შესასწავლად, არამედ ეს ძეგლები იძლევა უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას თვით ამ ცივილიზაციების შესწავლისათვის, კულტურული მიღწევებისა და ურთიერთგაცვლის პროცესების შესწავლისათვის, რასაც ადგილი ჰქონდა შავი და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში ანტიკურსა და ბიზანტიურ ხანაში ანუ იმ ცივილიზებულ სამყაროში, რომელსაც ჩვენ ვეკუთვნოდით.



რა მოლოდინი არსებობს ამ ტერიტორიის ბოლომდე შესწავლის შემთხვევაში?
უკვე გამოვლენილი ძეგლები და არქეოლოგიური არტეფაქტები ციხისძირის მიდამოებში შესწავლილ სხვა ძეგლებთან (პეტრას ციხე) კონტექსტში საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ არქეოლოგებს გვქონდეს დასაბუთებული ვარაუდისა იმისა, რომ აქ კიდევ ბევრი საინტერესო აღმოჩენაა მოსალოდნელი. საქართველოს ისტორიისათვის ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ზღვისპირეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაქალაქარის მეცნიერული შესწავლა, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს არქეოლოგიური მონაცემებს.
წარმოდგენა რომ შეგვექმნას, რასთან გვაქვს საქმე, უკვე არსებულ ძეგლთან გავავლებ პარალელს: გონიო-აფსაროსი, სოხუმი-სებასტოპოლისი, პიტიუნტი-ბიჭვინთა, ასევე ქრონოლოგიურად და ტიპოლოგიურად მსგავსი ძეგლებია აღმოჩენილი ყირიმის სანაპიროზე, შავი ზღვის, ეგეოსისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში.

 

რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ აღნიშნულ ტერიტორიას მიენიჭოს სტატუსი და თქვენ რას აპირებთ ამ კუთხით?
ვფიქრობ, რომ იმ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომელთაც ევალებათ არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვა, მოვთხოვოთ ამ ტერიტორიისათვის არქეოლოგიური ზონის მინიჭება. შეიძლება ეს პროცესი დაიწყოს უკვე გამოვლენილი ცალკეული ძეგლისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებითა და მისი დამცავი ზონის განსაზღვრით და ეს პროცესი აუცილებლად მიგვიყვანს არქეოლოგიური ზონის სტატუსამდე. ასევე, ვაპირებთ, ხელისუფლებას მოვთხოვოთ, არქიტექტურული ძეგლების კონსერვაცია და საპრეზენტაციოდ მომზადება. ბოლოს და ბოლოს აუცილებელია ამ ტერიტორიის გახსნა ტურისტებისათვის.

 

ხელისუფლების აღნიშნული გადაწყვეტილება შეაფასეთ?
ხელისუფლების მიერ აღნიშნული ტერიტორიის გაყიდვის, გაჩუქების თუ გადაცემის ფაქტს მე არ შევაფასებ. მაგრამ, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვაზე. ამიტომ სრულიად გაუგებარია, რატომ ამბობს სახელმწიფო უარს მიანიჭოს აღნიშნულ ტერიტორიას არქეოლოგიური ზონის სტატუსი, რითაც ის, ფაქტობრივად, სამართლებრივი დაცვის გარეშე ტოვებს ასეთ მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლს. ბოლოს და ბოლოს მაინტერესებს, არსებობს თუ არა ძეგლთა დაცვის სისტემა ამ ქვეყანაში? [ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს ძეგლთა დაცვის სისტემა აღარ არსებობს].

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თედო ჯორბენაძე