მთავარი,სიახლეები

შემოდგომამდე უმაღლესი საბჭო კანონების მიღებას არ აპირებს

10.03.2017
შემოდგომამდე უმაღლესი საბჭო კანონების მიღებას არ აპირებს

გასული წლის ნოემბერში შეკრებილ კანონმდებლებს ამ ეტაპზე არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირებული არ აქვთ. საგაზაფხულო სესია აჭარის უმაღლეს საბჭოში 7 მარტს გაიხსნა.

„არ გვინდა ისე გამოვიდეს, რომ მივიღოთ კანონი და მერე, შემოდგომაზე ისევ შესაცვლელი დარჩეს“, – გვითხრა დავით გაბაიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ. შემოდგომაზე დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას ელოდებიან. დავით გაბაიძე არ მალავს, რომ აქტიური საკანონმდებლო საქმიანობის ნაცვლად, დეპუტატები ამ პერიოდში ძირითადად სხვადასხვა კანონში არსებული ხარვეზების გამოსწორებით დაკავდებიან.

„მომდევნო კვირისთვის დარეგისტრირდება საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივა „ნორმატიული აქტების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში“, – ამბობს ნინო ჩხეტია, უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე. რას მოიაზრებს ცვლილება – დეპუტატი დეტალებს არ ამხელს, რადგან ამ საკითხზეც დეპუტატებს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ კიდევ არ აქვთ.

„ჩვენ ვაპირებდით შეგვეცვალა კანონი ტურიზმის შესახებ, ასევე ქონებაზე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატის სტატუსზე. ბევრია ისეთი კანონი, რომელიც 2006-2007 წლებში მიიღო უმაღლესმა საბჭომ და გადასახედია, მაგრამ მოცემულობა შეიცვალა. პრაქტიკულად მიღწეულია შეთანხმება, რომ საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ, გაცილებით მეტი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული სფეროები. მაგალითად, ჩვენ შეგვეძლება მივიღოთ კანონი სოციალური პოლიტიკის შესახებ. ჩვენი რეგიონის შემოსავლები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები ამ კუთხითაც მივიღოთ“, – ამბობს ნინო ჩხეტია.

საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე უმაღლესმა საბჭომ მხოლოდ ასმათ დიასამიძის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა, რომელიც ლევან ვარშალომიძის ნაცვლად შევიდა საბჭოში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: