მთავარი,სიახლეები

მერს, გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს ნარკოტესტირება აღარ მოეთხოვებათ

11.07.2017
მერს, გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს ნარკოტესტირება აღარ მოეთხოვებათ

მუნიციპალიტეტის გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლა პირველი ივლისიდან აღარ მოეთხოვებათ. ამ დროიდან ახალი კანონი ამოქმედდა „საჯარო სამსახურის შესახებ“, რომელიც აღარ ვრცელდება პოლიტიკური თანამდებობის პირებზე. გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე პოლიტიკური თანამდებობის პირებად მიიჩნევიან, რადგან მათ პირდაპირი წესით ირჩევენ.

„გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების უფლებამოსილებას არეგულირებს თვითმმართველობის კოდექსი, თუმცა ეს კოდექსი ღიად ტოვებს მათი ნარკოლოგიური შემოწმების საკითხს, – განმარტავს მირზა მამულაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. – თვითმმართველობის პოლიტიკური თანამდებობის პირების ნარკოტესტირებას ასევე არ განსაზღვრავს საარჩევნო კოდექსი. ამ კოდექსით მხოლოდ პარლამენტის წევრების ნარკოლოგიური შემოწმების წესებია განსაზღვრული.“

მირზა მამულაძე ამბობს იმასაც, რომ კანონის ეს ჩანაწერი პრობლემურია და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ამ კუთხით მუშაობას აპირებს.

კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ მხოლოდ რიგით საჯარო მოხელეებს ავალადებულებს წარმოადგინონ ნარკოლოგიური შემოწმება. ამ კანონის 27-ე მუხლში ვკითხულობთ: „პირი მოხელედ არ მიიღება, თუ მან სამსახურში არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს.“

გამოდის, რომ მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლა მოეთხოვებათ სამსახურში აყვანის დროს. „გარდა ამისა, უწყების ხელმძღვანელ პირებს აქვთ ექსკლუზიური უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს, გაუფრთხილებლად მოითხოვონ რომელიმე თანამშრომლის ნარკოლოგიური შემოწმება,“ – დასძენს მირზა მამულაძე.

ახალი კანონის მოქმედება ასევე არ ვრცელდება პროკურორებსა და პროკურატურის გამომძიებლებზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: