მთავარი,სიახლეები

პრობლემები, რომლებიც 2017 წლის არჩევნებზე გველის

11.07.2017 • 2149
პრობლემები, რომლებიც 2017 წლის არჩევნებზე გველის

გამოწვევები, რომლებიც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გველოდება – არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას რისკის ქვეშ ისევ აყენებს. შეხვედრა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა, სადაც დღეს, 11 ივლისს თვითმმართველობის არჩევნებისთვის მედიაცენტრი გაიხსნა.

„მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი. ისევ არ არსებობს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ოლქები უბნის კომისიის წევრებად პროფესიული ნიშნით შეარჩევენ ადამიანებს და არა პოლიტიკური ნიშნით,“ – ამბობს მადონა ბერიძე, „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორი. იგი საარჩევნო კომისიების პოლიტიზების კიდევ უფრო მეტ საფრთხეს ხედავს, თუკი პარლამენტი საარჩევნო კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებს მიიღებს.

საარჩევნო კოდექსის კიდევ ერთხელ შეცვლის შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაციებში გაიზრდება იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ვინც უფრო მეტ ხმას მიიღებს. „მაგალითად, თუკი„ქართული ოცნება“ 2017 წლის არჩევნებში იგივე შედეგს აჩვენებს, რაც გასულ წელს, მას ერთის ნაცვლად, საარჩევნო კომისიაში უკვე 4 წარმომადგენელი ეყოლება“.

დღეს მოქმედი რეგულაციით, თითოეულ საარჩევნო კომისიაში 6 წევრს ოლქი ირჩევს [პროფესიული ნიშნით], 7 წევრის მანდატს კი ის პარტიები ინაწილებენ თითო-თითო წარმომადგენლის დანიშვნით, რომლებსაც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსი აქვთ. ცვლილების შემდეგ, კომისიაში წევრის დანიშვნის უფლება საარჩევნო ბარიერის გადალახვის ნაცვლად, მიღებული ხმების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. სწორედ ამ რაოდენობის მიხედვით, კომისიაში იმ პარტიას ეყოლება მეტი წევრი, ვინც არჩევნებში მეტ ხმას მიიღებს.

წინასაარჩევნო პერიოდში საქველმოქმედო ორგანიზაციების გააქტიურებაზე ისაუბრა მალხაზ ჭკადუამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერმა. მან ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ეს ორგანიზაციები არ რეგისტრირდებიან საქველმოქმედო მიზნებით. შესაბამისად, მათი დაჯარიმება წინასაარჩევნო კამპანიაში შეუძლებელი ხდება.

პოლიციელების მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციაში – მალხაზ ჭკადუამ ამ საკითხზეც გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ მართალია, ფორმის გარეშე, პოლიციელებს აგიტაციის უფლება აქვთ, მაგრამ ესეც პრობლემურია და კანონში კონკრეტულად გაწერილი არ არის, რის უფლება აქვს ამ დროს პოლიციელს და რის – არა.

„კიდევ ერთი პრობლემა: კომისიის წევრი, რომელსაც წილისყრით შეხვდება საარჩევნო ყუთის გატანა და უარს იტყვის მოვალეობის შესრულებაზე, მას წილისყრაში მონაწილეობა საერთოდ აეკრძალება. გასაგებია, რომ ეს უკავშირდება გასულ წელს „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, როცა ამ პარტიის წარმომადგენლებმა ტოტალურად უარი თქვეს საარჩევნო ყუთების გადატანაზე, მაგრამ გამოსავალი არ არის კომისიის წევრის უფუნქციოდ დატოვება,“ – აღნიშნა მალხაზ ჭკადუამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერმა.

მალხაზ ჭკადუამ ისაუბრა ადმინისტრაციული რესურების გამოყენების საფრთხეებზეც, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობაზე. მან მიხეილ სააკაშვილი გაიხსენა, რომელიც გასულ წელს არაერთხელ ჩაერთო საჯარო გამოსვლებით წინასაარჩევნო პროცესში.

როგორ რეაგირებს სასამართლო საარჩევნო დარღვევებზე – ამ თემაზე გიორგი ხიმშიაშვილმა ისაუბრა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა. იგი მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლო სხვა სასამართლოებთან შედარებით „ნათელი წერტილია“, თუმცა მთავარი პრობლემა მაინც საარჩევნო დავებთან მიმართებით ერთიანი სტანდარტების არარსებობაა.

„თუკი მხოლოდ ოლქის შემაჯემებელი ოქმის მიხედვით მსჯელობს მოსამართლე, მაშინ ყველაფერი ტრაფარეტული გამოდის… ერთ შემთხვევაში ბათუმის საქალაქო სასამართლომ თქვა, რომ დარღვევა მცირე მნიშვნელობისაა და ის შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა, თბილისის საქალაქომ კი მიიჩნია, რომ ანალოგიური დარღვევა არსებითი ხასიათისაა,“ – აღნიშნა გიორგი ხიმშიაშვილმა.

სასამართლოების მხრიდან განსხვავებული მიდგომის მაგალითი პრაქტიკიდან გაიხსენა მადონა ბერიძემაც, „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორმა. მისი თქმით, უბანში დაფიქსირებული დარღვევები ოლქში ორგანიზაციის წარმომადგენელმა მიიტანა. ოლქმა საჩივარი არ განიხილა, რადგან იგი უბანში მყოფი დამკვირვებლის მიერ არ იყო წარდგენილი. „ბათუმის სასამართლომ საჩივრის განხილვა დაავალა ოლქს, რადგან მიიჩნია, რომ ერთი სუბიექტის მიერ იყო წარმოდგენილი საჩივარი და შესაძლოა, სადაღაც მაღალმთიან სოფლის უბანში მყოფმა დამკვირვებელმა დღის ბოლომდე ვერ მოასწრო იქ მომხდარ კონკრეტულ დარღვევაზე საჩივრის წარდგენა. ანალოგიურ შემთხვევაზე თბილისის საქალაქომ უარი გვითხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე,“ – თქვა მადონა ბერიძემ.

მედიაცენტრი დღეიდან მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს ღია და ნეიტრალურ სივრცეს ინფორმაციის გავრცელებისა და დისკუსიებისთვის. მედიაცენტრები ხელს შეუწყობს კანდიდატებსა და მათ ამომრჩევლებს შორის დიალოგის წარმართვას, რათა მოქალაქეები გაეცნონ კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა შეიქმნას.

მედიაცენტრებში უზრუნველყოფილია ლაივსტრიმების განსახორციელებლად საჭირო შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა და მაღალი სიჩქარის ინტერნეტი.
მედიაცენტრების სამუშაო საათებია: წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების შემდეგ ნოემბრის ჩათვლით: ორშაბათი – შაბათი 10:00 – 19:00 სთ. არჩევნების დღეს – 08:00 – 22:00 სთ.

მედიაცენტრების ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: