ნეტგაზეთი • RU

ხელფასები და პრემიები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს, მამუკა ახალაძეს შემოსავლის სახით წელს, 6 თვის განმავლობაში, დარიცხვით 56 150 ლარი მიუღია – რაც თვეში 9 358 ლარია.

მამუკა ახალაძის 2016 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სააგენტოს ხელმძღვანლის შემოსავალი წლის განმავლობაში 120 090 ლარი ყოფილა.

სააგენტოს დირექტორის ერთი მოადგილის 2017 წლის ექვს თვის შემოსავალი 31 394 ლარია, ხოლო მეორეს – 33 787 ლარი. ეს მოიცავს როგორც ხელფასს, ისე პრემიასა და დანამატს.

დირექტორის და მისი ორი მოადგილის შემოსავლებზე ამ წლის პირველ ექვს  თვეში ორგანიზაციის ბიუჯეტიდან მთლიანობაში 121 332 ლარია დახარჯული.

სააგენტოში მოადგილეებად მუშაობენ თამარ იოსელიანი და ვახტანგ მიქელაიშვილი. თამარ იოსელიანის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ამ მოხელის შემოსავლები გასულ წელს 75 061 ლარი ყოფილა.

ვახტანგ მიქელაიშვილს კი, საზღვაო ტრასნპორტის სააგენტოდან  შარშან 66 330 ლარი აქვს მიღებული.

სააგენტოში ვაკანტურია დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობა.

რიგით თანამშრომლების ხელფასებზე სააგენტოს, წელს, პირველ ექვს თვეში, 1 354 635 ლარი დაუხარჯია. სააგენტოს სულ 100 შტატი აქვს განსაზღვრული, თუმცა, როგორც უწყებაში განმარტავენ, ყველა შტატი შევსებული არ არის.

სააგენტოდან „ბათუმელებს“ ასევე მოაწოდეს ინფორმაცია ორგანიზაციის სამივლინებო ხარჯების შესახებ. წელს მივლინებით მხოლოდ სააგენტოს ხელმძღვანელსა და მის ორ მოადგილეს  უსარგებლიათ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი სამჯერ ყოფილა მივლინებაში, რაზეც 11 603 ლარია დახარჯული ორგანიზაციის ბიუჯეტიდან. მამუკა ახალაძე აპრილის თვეში, 10 დღით, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის მიწვევით იმყოფებოდა ქალაქ ვაშინგტონში (გემებისა და ნავსადგურების უშიშროების პროგრამაზე). ამ ვიზიტის ფარგლებში მამუკა ახალაძეს ბიუჯეტიდან 430 ლარი დაუხარჯია.

მაისის თვეში მამუკა ახალაძე პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონს ხუთი დღით სტუმრობდა. ვიზიტის მიზანი, როგორც ორგანიზაციიდან მიღებულ ინფორმაციაში წერია, EMSA-ს სათაო ოფისში, EMSA-სთან თანამშრომლობის საკითხების განხილვა და 2018 წელს  აუდიტისათვის დაგეგმილ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ყოფილა. მივლინებისთვის ორგანიზაციის ბიუჯეტიდან 2 804 ლარი გამოიყო.

დაახლოებით ერთი თვის წინ მამუკა ახალაძე 14-დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში, სადაც დაესწრო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში (IMO) გამართულ საერთაშორისო საზღვაო სატელიტური ორგანიზაციის (IMSO) მრჩეველთა კომიტეტის 39-ე სესიას (Thirty-Ninth Session Advisory Committee) და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) 98-ე საზღვაო უსაფრთხოების კომიტეტის სესიას (MARITIME SAFETY COMMITTEE 98th  SESSION). ამ ვიზიტის ფარგლებში ორგანიზაციის ბიუჯეტიდან 8 367 ლარია დახარჯული.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში (IMO) იურიდიული კომიტეტის 104-ე სხდომაზე (Legal Committee (LEG) – 104th session) დასწრებისა და NIPPON-ის ხელმძღვანელის და საქართველოს პრემიერ მინისტრის შეხვედრის ორგანიზების საკითხების განხილვის მიზნით, გასულ თვეში, ლონდონში იმყოფებოდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე. 5-დღიანი ვიზიტისთვის ორგანიზაციის ბიუჯეტიდან 3 727 ლარია დახარჯული.

დირექტორის მოადგილე ასევე წელს მივლინებით იმყოფებოდა ნიუ იორკსა და ლისაბონში.

სააგენტოს ბოლო თექვსმეტი თვის განმავლობაში მივლინებებში სულ 60 376 ლარი აქვს დახარჯული. აქედან 2017 წლის პირველ ექვს თვეში, – 15 756 ლარი.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ ორგანიზაცია თვითდაფინანსებით საქმიანობს და, ასევე, თავისი შემოსავლებიდან სოლიდური თანხები შეაქვს ბიუჯეტში.

სააგენტოს ვებგვერდზე ამ ორგანიზაციის მიზნები ასეა ჩამოყალიბებული: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო… უზრუნველყოფს საზღვაო სფეროს ორგანიზაციული და სამართლებრივი ინსტრუმენტების ეფექტურ დანერგვას ეროვნული და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, რაც ძირითადად მოიცავს:

  • საქართველოს დროშით მცურავი სავაჭრო ფლოტის და საქართველოს ნავსადგურების საზღვაო უსაფრთხოების და უშიშროების უზრუნველყოფას;
  • ზღვის გარემოს დაბინძურების პრევენციის კოორდინაციას;
  • ზღვაზე ძებნისა და გადარჩენის ოპერაციების წარმოების კოორდინაციას;
  • საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის მონიტორინგს;
  • მეზღვაურთა მომზადებისა და სერტიფიცირების სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;
  • სტატისტიკური და სტრატეგიული მიმართულებების შემუშავებას.

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან