მთავარი,სიახლეები

რას აპირებს ბათუმის მერია გონიოს მიწებზე

14.06.2017
რას აპირებს ბათუმის მერია გონიოს მიწებზე

„ბათუმის მერიას არ გაუგზავნია სარჩელი სააპელაციო სასამართლოში“, – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში მას შემდეგ, როცა გონიოელებს ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი შეხვდა და მათ სააპელაციო სასამართლოში გაგზავნილი სარჩელის გამოხმობას დაჰპირდა.

საპროტესტო აქცია გონიოს მცხოვრებლებმა ბათუმის მერიასთან დღეს, 14 ივნისს გამართეს. მათი მოთხოვნა იმის გარკვევა იყო, ასაჩივრებდა თუ არა მერია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მერიის მიწის საკუთრების კომისიამ თითოეული გონიოელის შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა განიხილოს.

„იყო იქ საუბარი ძირითადად ისეთ თემებზე, რაც პრობლემური არ არის, რომ თურმე გადაფარვებია და ბევრს არ უნდა ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ მიწა დაუბრუნდება. ეს ჩვენც ვიცით, რომ გადაფარვები არსებობს. ვისაც არ აქვს გადაფარვა, იმას დაგვიბრუნონ“, – უთხრა გონიოში მცხოვრებმა ენვერ ირემაძემ „ბათუმელებს“ მერთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრას ესწრებოდა ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი.  იგი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბათუმის მერი უფლებამოსილი პირი არ არის ჩაერიოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საქმიანობაში, თუმცა ამის მიუხედავად, ის გონიოელებს სარჩელის გამოხმობას დაჰპირდა.

„ჩვენ ვერ მივიღეთ ბათუმის მერისგან პასუხი კითხვაზე, რატომ გასაჩივრდა სასამართლოს გადაწყვეტილება, ან რის გამო უნდა გამოითხოვონ სარჩელი უკან, თუ მერიას მიაჩნია, რომ სამართლიანი იყო გასაჩივრება. ვნახოთ. იმედია, ეს მორიგი ტყუილი დაპირება არ იქნება კომისიის მხრიდან,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი.

გონიოელებთან შეხვედრას ესწრებოდა ირაკლი ბოლქვაძეც, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე. მერიის პრესსამსახურის განმარტებით, ირაკლი ბოლქვაძე, მართალია, უკვე არაუფლებამოსილი პირია, მაგრამ კითხვებზე პასუხის გაცემა მასაც შეეძლო მოსახლეობისთვის. გონიოელებს არ შეხვედრია დავით ოქრაძე – მიწის საკუთრების აღიარების კომისიის ახალი თავმჯდომარე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: