ცხრა ჩაჭრილი ერთ სკოლაში – როგორ მიმდინარეობს საატესტატო გამოცდები

ბათუმის საჯარო სკოლებში საატესტატო გამოცდებზე 1650 მე-12 კლასელი დარეგისტრირდა, 300  მოსწავლე კი გამოცდებს  ხელმეორედ აბარებს. ორი გამოცდა – ინგლისურსა და ქართულ ენაში უკვე ჩატარდა, ისტორიაში კი საატესტატო გამოცდები დღეს, 23 მაისს, მიმდინარეობს.

ზოგიერთ სკოლაში შედეგი ცნობილია, გარკვეულ სკოლებში კი ისტორიის გამოცდა ამ წუთებში მიმდინარეობს.

გამოცდების შედეგების თაობაზე „ბათუმელები“ ბათუმის რამდენიმე საჯარო სკოლას დაუკავშირდა.

ბათუმის მე-13 საჯარო სკოლის დირექტორის ინფორმაციით, ქართულ ენაში არც ერთი მოსწავლე არ ჩაჭრილა, ინგლისურში 2 მოსწავლე ჩაიჭრა, რუსულში – 3.  ეს მოსწავლეები რუსულში მეორედ აბარებდნენ გამოცდას. 2 ჩაიჭრა ბიოლოგიაშიც, ისინიც მეორედ გავიდნენ წელს გამოცდაზე, ისტორიაში 2 წლევანდელი მონაწილე და ერთიც შარშანდელი  მონაწილეა ჩაჭრილი. ერთი მოსწავლე კი გამოცდებზე არ ცხადდება.

მე-4 საჯარო სკოლაში ისტორიის გამოცდა ამ წუთებში მიმდინარეობს, ინგლისურში ერთი მოსწავლე ჩაიჭრა, რომელიც მეორედ გავიდა წელს გამოცდაზე, ქართულშიც ერთი მოსწავლეა ჩაჭრილი.

მე-16 საჯარო სკოლაში  წელს უცხო ენაში 3 მოსწავლე ჩაიჭრა, აქედან ორი, წელს გავიდა გამოცდაზე,  ერთი მოსწავლე კი მესამედ აბარებდა.

პირველი საჯარო სკოლის დირექტორის ინფორმაციით, საატესტატო გამოცდაზე გასულ წელს მხოლოდ ინკლუზიური კლასის 2 მოსწავლე ჩაიჭრა, ერთ-ერთმა წელს ჩააბარა გამოცდა.

მე-2 საჯარო სკოლაში კი აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის საატესტატო გამოცდები ყველა მოსწავლემ ჩააბარა.

საატესტატო გამოცდების შედეგების შესახებ სრული ინფორმაცია რესურსცენტრებს ჯერჯერობით არ მოეპოვებათ. ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელის გოჩა დავითაძის თქმით, მონაცემებს, თუ რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ან არ გამოცხადდა გამოცდაზე, გამოცდების ეროვნული ცენტრი შეაჯამებს და სრული ინფორმაცია რეგიონებში ამის შემდეგ იქნება ცნობილი.

შეფასებისა და გამოცდებისა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2016 წლის საატესტატო გამოცდებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 6 ათასზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა.

ბათუმის აქციის მონაწილის ჩვენებიდან: ფეიერვერკის სროლით ჩემი პროტესტი გამოვხატე

„მე რომ აქციაზე მივედი, პოლიციის მანქანებს ცეცხლი ეკიდა. ზოგიერთი მანქანა დამტვრეული იყო, ამტვრევდნენ და აზიანებდნენ მანქანებს. დანგრეული იყო გზის გამყოფი დეკორატიული ღობეები. ახალგაზრდები იქ ვინებიც იყვნენ და ვხედავდი, აგრესიულად იქცეოდნენ, ისროდნენ ქვებს პოლიციის მიმართულებით, რომლებიც მობილიზებული იყვნენ და იცავდნენ პოლიციის შენობებს…“ – ვკითხულობთ „11-12 მარტის ბათუმის აქციის“ ერთ-ერთი მონაწილის, ზურაბ ბასილაძის ჩვენებაში. იგი ბათუმში ცხოვრობს და ავტომანქანების ხელოსანია.

გამოძიებას ზურაბ ბასილაძემ 28 მარტს მოუყვა საპროტესტო აქციის შესახებ, მათ შორის, ფეიერვერკების შეძენაზე:

„აქციას ვუყურებდი „სმარტის“ შენობის წინა მხრიდან, სადაც მოვიდა იმ დროისთვის ჩემთვის უცნობი [რომელმაც მერე გამეცნო] მირზა მალაყმაძე. მან მთხოვა მანქანით გაყვანა ვილმარტში, სადაც უნდა შეეძინა ფეიერვერკი. უარი ვერ ვუთხარი და ჩემი მანქანით გადავიყვანე „ვილმარტში“, სადაც მან იყიდა ორი ცალი ფეიერვერკი. მე ავიღე საღეჭი რეზინა, რომლის ყიდვა მინდოდა, მაგრამ მან არ გადამახდევინა და თავად გადაიხადა „ბარათით“. ამგვარად შეიძინა მან მაშხალები და საღეჭი რეზინა დ მივედით ისევ აქციაზე.

როცა მანქანიდან გადმოვედი, მირზამ ერთი ცალი მაშხალა მე მომცა და მითხრა, გამომართვი, შენც გაისროლეო. მეც გამოვართვი და „სმარტთან“ განლაგებული შუქნიშანთან დგომით გავისროლე პოლიციის მიმართულებით იმიტომ, რომ იმ წუთიერად მეც ავყევი ემოციებს, რაც იგრძნობოდა იქ შეკრებილ ახალგაზრდებში და გამოხატულ პროტესტში, რომელიც ხშირად მესმოდა სხვადასხვა ადამიანების მხრიდან, რომ ძალიან მაღალ ჯარიმებს წერდა პატრული ელემენტარულ დარღვევებზე, რის გადახდის უნარიც კი არ აქვს ისედაც გაჭირვებულ მძღოლებს, თანაც მეც არაერთი მაღალი ჯარიმა დამიწერეს პატრულის თანამშრომლებმა. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი პროტესტი გამომეხატა ფეიერვერკის სროლით, რის შემდეგაც დაახლოებით ნახევარ საათში წავედი სახლში…“

აქციის მონაწილეთა ჩვენებში არის მირზა მალაყმაძის ჩვენებაც. ის აღნიშნავს, რომ როცა აქციის მონაწილეები მანქანას აზიანებდნენ, მას პიროტექნიკის შეძენის სურვილი გაუჩნდა. აღწერს, რომ ფეიერვერკი პოლიციის მისამართით ისროლა, თუმცა ამას არაფერი დაუზიანებია. ეს მოწმე არ აკონკრეტებს, რის გამო გაუჩნდა ფეიერვეკის გასროლის სურვილი აქციაზე.

აქციის შემდეგ მასობრივი ძალადობისა და პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით პროკურატურამ 21 პირი დააკავა. არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე დაიწყო.

დასაკითხია 301 მოწმე, მათ შორის, მირზა მალაყმაძის და ზურაბ ბასილაძის ჩვენებებსაც მოისმენს მოსამართლე.

დეპუტატი სავარაუდო კორუფციაზე – ბათუმის პორტთან ესტაკადის პროექტი ექსპერტიზაზეა

„ბათუმის პორტთან, რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის სამუშაოები აჭარის მთავრობამ პირდაპირი წესით შეისყიდა,“- ამ ინფორმაციას უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ ამ ხელშეკრულებას ხელი დახურულ შეხვედრაზე „ანბანის კოშკში“ მოაწერა.

დეპუტატის ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტი 21 მილიონი ლარია და არსებობდა შეთანხმება, რომ ის ყაზახურ კომპანიას უნდა აეშენებინა.

„სწორედ ამიტომაც ჩნდება ეჭვი კორუფციულ გარიგებაზე. ჩვენ არ ვიცით, რომელ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება პატარაძემ, ან რატომ მოხდა ასეთი შეთანხმება პირდაპირი წესით და არა ტენდერით,“ – ამბობს დეპუტატი.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასეთი ხელშეკრულება არ გაფორმებულა:

„… თავმჯდომარე ნამდვილად ხვდება პერიოდულად ინვესტორებს საქმიან თემებზე სასაუბროდ ხან ანბანის კოშკში და ხან სხვაგან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ საიდუმლოდ იდება ხელშეკრულებები.“- ამბობს სოფო გუჯაბიძე.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით კი, ესტაკადის მშენებლობის პროექტი უკვე მომზადებულია და ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. კითხვაზე:  ვინ მოამზადა პროექტი და რა პირობებით? პასუხს სამინისტროსგან ველოდებით და მისი მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

ბათუმის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ესტაკადასთან დაკავშირებით პროექტი მერიაში 2005 წელს შევიდა, თუმცა მაშინ ნებართვა არ გაცემულა, ვინაიდან პროექტის წარმდგენს დამატებითი დოკუმენტაცია არ წარუდგენია, რომ ხიდის მშენებლობა სხვა მესაკუთრეს არ დააზარალებდა. სხვა ახალ პროექტთან დაკავშირებით მერიაში ინფორმაცია არ აქვთ.

გადასასვლელი საავტომობილო ხიდი ბათუმის პორტთან ასლან აბაშიძის დროს დაანგრიეს.

ე.წ. ესტაკადის პროექტის შესახებ აჭარის მთავრობამ გასულ წელს გაახმოვანა.

ბათუმის საერთაშორისო ტურნირი ქვიშის ფეხბურთში და დაზიანებული ინფრასტრუქტურა [ფოტო]

ბათუმის მერია ქვიშის ფეხბურთში საერთაშორისო ტურნირის ორგანიზებაში 35 ათასამდე ლარს გადაიხდის. ტურნირი საქართველოსა და უცხოელი სპორტსმენების მონაწილეობით უნდა ჩატარდეს. მერიამ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივნისს დასრულდება.

ქვიშის ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება ბათუმში, ზღვისპირა ზოლში არსებულ ქვიშის მოედანზე. ტურნირი ჩატარდება შერეული სისტემით, ჯგუფებში – წრიული, ხოლო პლეიოფებში – ოლიმპიური სისტემით. ღონისძიების ჩატარების დეტალური ინფორმაცია გაწერილი იქნება ტურნირის დებულებაში, რომლის მიწოდებასაც პრეტენდენტისათვის უზრუნველყოფს ბათუმის მერია; ტენდერში გამარჯვებულმა ტურნირში არანაკლებ 8 გუნდის მონაწილეობის უზრუნველყოფა უნდა შეძლოს [აქედან არანაკლებ 5 უცხოური და 3 ადგილობრივი გუნდი] – აღნიშნულია სატენდერო პირობებში.

ბათუმის ბულვარში [არდაგანის ტბასთან] ქვიშის ორი მოედანია, ორივეზე მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა – დაზიანებულია ღობე, სკამები, დატბორილია მოედანი… ბათუმის ბულვარის ინფორმაციით, ორივე მოედანი მერიის საკუთრებაშია, ერთი მოედანი კი ზღვის შტორმის დროს დაზიანდა.

ბათუმის მერიას მოედნების მოწესრიგება სატენდერო პირობებში აქვს ჩადებული, ანუ, მოედანიც ტურნირის ორგანიზატორმა უნდა მოაწესრიგოს: „მოედნების მოწყობა [ქვიშის მოწესრიგება, საჭიროების შემთხვევაში დამატება, გაფხვიერება შესაბამისი ტექნიკით, დასახაზი ლენტის უზრუნველყოფა, კარის ბადე 1 წყვილი, კარის შეღებვის უზრუნველყოფა, მოედანზე შესაბამისი გასანათებელი სისტემის მოწყობა]; მოედანთან სველი წერტილების გამართვისა და მოწესრიგების [ჰიგიენურ- სანიტარული საშუალებებით] უზრუნველყოფა, 4 დღე; სპორტსმენთა, მსაჯთა და წარმომადგენელთა ოთახების მოწესრიგების უზრუნველყოფა 4 დღის განმავლობაში“.

ტურნირის ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილებასთან ერთად. ამასთან, აუცილებელია ტექნიკური პირობების ყველა მოთხოვნის შეთანხმება მერიასთან. მომსახურება უნდა განხორციელდეს 2017 წლის 17 ივლისიდან 2017 წლის 28 ივლისის ჩათვლით პერიოდში.

IMG_20170522_083605IMG_20170522_083557

IMG_20170522_083904

IMG_20170522_084054IMG_20170522_084014

ბათუმში საერთაშორისო ტურნირის ჩატარებამდე ბათუმის „დინამოს“ ქვიშის ფეხბურთის გუნდი ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად 26 მაისს პორტუგალიაში გაემგზავრება.

ტექნიკური შემოქმედება – ახალგაზრდა გამომგონებლების პრაქტიკული ჩვენება მერისში

დღეს, 22 მაისს, ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მერისის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში, სპორტულ მოედანზე, თანამედროვე გამოგონებებსა და ტექნიკურ შემოქმედებაზე ლექცია-სემინარი და პრაქტიკული ჩვენება მოაწყვეს.

ახალგაზრდა გამომგონებლებმა მერისის სკოლის მოსწავლეებს მათ მიერ შექმნილი ტექნიკური მოწყობილობები აჩვენეს.

„მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლიდან არის შემოთავაზება, რომ ჩვენი სკოლის ფიზიკის მასწავლებელს გადაამზადებენ, რომელიც შემდეგ ჩვენს მოსწავლეებს გადასცემს ცოდნას და მოსწავლეებთან ერთად შეეცდება ჩვენს სკოლაშიც დანერგოს მსგავსი ტექნიკური შემოქმედება,“ – ამბობს მერისის საჯარო სკოლის დირექტორი რამაზ თურმანიძე.

18675246_1366388060123563_280609792_o18642091_1366388120123557_1672052176_o18642105_1366388216790214_410613228_o

ბათუმში აქციაზე დამწვარი მანქანების ფასი – ვინ გადაიხდის ზარალს

„აჭარის პოლიციის დეპარტამენტზე მიყენებული ზიანის საერთო ოდენობა შეადგენს 67 ათას 261 ლარსა და 55 თეთრს,“ – ვკითხულობთ ქეთევან ემირიძის ჩვენებაში. ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია და მარტის აქციაზე დამწვარი ავტომანქანების შესახებ აწვდის ინფორმაციას პროკურატურას. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ არის ერთადერთი უწყება, რომელიც დაზიანებული ავტომანქანების გამო ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. „ბათუმის აქციის საქმეში“, რომელიც 16 ტომს მოიცავს, რიგითი მოქალაქეების ჩვენებებიც არსებობს – მათ ავტომანქანებსაც 11 მარტის საღამოს წაუკიდეს ცეცხლი.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ქეთევან ემირიძემ, ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, ჩვენება გამოძიებას 29 მარტს მისცა. ჩვენებაში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი 4 ავტომანქანა დაიწვა და „მათი აღდგენა მიზანშეუწონელია“. ექსპერტიზის დასკვნის მიხევით, ამავე უწყების კიდევ 5 მანქანა დაზიანდა, თუმცა მათი აღდგენა შესაძლებელია.

ავტომანქანების გარდა, შსს ამ მანქანებში არსებული სხვადასხვა ტექნიკის განადგურებასაც აღნიშნავს. მაგალითად, „მოტოროლას“ ფირმის ხელის რადიოსადგური, რომლის საწყისი ღირებულება 1208,22 ლარს შეადგენს. „ამავე მანქანაში ინახებოდა NIKON-ის ფირმის ფოტოაპარატი ღირებულებით 476 ლარი. ამასთან აქციაზე განვითარებული ძალადობრივი მოვლენებისა და რბევის გამო დაიკარგა ორი ცალი „დიჯიპასი“, საერთო ღირებულებით 49,10 ლარი,“ – წერია საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ჩვენებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთ თანამშრომელს, გამომძიებელ ალექსანდრე ხაბაძეს ცალკე მიუცია ჩვენება პროკურატურისთვის. ის საკუთარი ავტომანქანის – HONDA CIVIC-ისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. ჩვენებაში გამომძიებელი აღწერს, რომ მის ავტომანქანას აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს „დაზიანდა წინა და უკანა საქარე მინა, მარჯვენა წინა ფარი, წინა კაპოტი, სახურავი, შუშები, კარების მარჯვენა ფრთა. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც მე გადაყვანილი ვიქენი საავადმყოფოში, ვინაიდან მდგომარეობა იყო უკონტროლო, ხელმძღვანელობის მიერ გამოძახებულ იქნა სპეციალური დანიშნულების სამსახური და დამატებითი ძალები,“ – წერია ჩვენებაში. გამომძიებელი, ასევე ექსპერტის დასკვნაზე დაყრდნობით, 5800 ლარის ანაზღაურებას ითხოვს.

11 მარტის საღამოს ზარალი ნახა აჭარის უმაღლესმა საბჭომაც. პოლიციის მთვარი სამმართველოს შენობასთან მანქანა, რომელიც დეპუტატ ცოტნე ანანიძეს ემსახურებოდა, დაწვეს, ხოლო დეპუტატ ირაკლი ჭეიშვილის ავტომანქანა – დააზიანეს. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ზვიად ფარტენაძე, უმაღლესი საბჭოს სატრანსპორტო განყოფილების მთავარი სპეციალისტი, 27 ათასი ლარის ანაზღაურებას ითხოვს. მისი ინფორმაციით, KIA SPORTAGE-ის მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით SCA 707 აღდგენას აღარ ექვემდებარება და ზიანი 25 ათას ლარს შეადგენს. მეორე ავტომანქანა კი, რომელიც იმავე მარკისაა [სახელმწიფო ნომრით SC-003-OA] რემონტი სჭირდება, რასაც ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 2 ათასი ლარი დასჭირდება.

ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ მოქალაქეებიც.

კომპანია „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ ცვლის უფროსი, ხვიჩა ვასაძე ჩვენებაში ყვება, რომ ახალშეძენილ „მერსედეს ბენცს“ ხშირად აყენებდა პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელში. „რადგან აღნიშნულ ავტოსადგომზე ავტომანქანა არის უსაფრთხოდ“, – აღნიშნავს მოქალაქე. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ამ შემთხვევაში ზარალმა 1020 ლარი შეადგინა.

4000 ლარის ანაზღაურებას მოითხოვს პაატა მეგრელიშვილი. იგი „სუპერავტო კრედიტის“ დირექტორია. ყვება, რომ ავტომანქანა NISSAN MIKRA მის სამსახურს ეკუთვნის და 11 მარტის საღამოს მანქანა სამსახურთან ახლოს, აბუსერიძის ქუჩაზე გააჩერა.

ამ ჩვენებების მიხედვით, ზარალის საერთო ოდენობა 105 081 ლარს შეადგენს.

ვინ აანაზღაურებს ზარალს – კანონის მიხედვით სახელმწიფოსთვის და უშუალოდ მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალი მასობრივ ძალადობაში მსჯავრდებულმა პირებმა უნდა აანაზღაურონ, თუმცა კონკრეტულად ნივთის დაზიანებაზე რომელიმე ბრალდებულის მიმართ ბრალი წაყენებული არ არის. ამის შესახებ ადვოკატი ზაზა პაპიძე გვიყვება, რომელიც „ბათუმის აქციის საქმეზე“ ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატია. „ბათუმის აქციის საქმეზე“ პროკურატურამ სულ 21 პირი დააკვა სისხლის სამართლის წესით, მათ 19 პირს მასობრივ ძალადობასა და პოლიციელებზე თავდასხმა ედება ბრალად, ხოლო ორ ბრალდებულს მასობრივი არეულობის ორგანიზებას ედავებიან.

„ეს არ უშლის ხელს სახელმწიფოს, ან რომელიმე მოქალაქეს დაიწყოს სამოქალაქო დავა და მოითხოვონ ზარალის ანაზღაურება. ეს დავა არ დაწყებულა, რადგან, ბუნებრივია, თუკი გამამტყუნებელი განაჩენი გამოვა რომელიმე ბრალდებულის მიმართ, მათ ექნებათ უფრო მეტი შანსი, მოიგონ ეს სამოქალაქო დავა და ზარალი ანაზღაურდეს. ბრალში ზოგადად ჯგუფურ ძალადობაზეა საუბარი, თუმცა თუკი გამამტყუნებელი განაჩენი გამოვა, უნდა დასაბუთდეს, ვინ რომელი ავტომანქანა დააზიანა,“ – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე.

რა მოხდება გამამართლებელი განაჩენის შემთხვევაში? – იურისტის განმარტებით, დაზარალებულებს ამ შემთხვევაშიც შეეძლებათ სამოქალაქო სარჩელის შეტანა სასამართლოში, თუმცა მათ მოუწევთ მტკიცებულებების წარმოდგენა, კონკრეტულად ვინ დააზინა მათი ქონება.

DSC_0702
11-12 მარტის აქცია / მანანა ქველიაშვილის ფოტოები

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა 71 500 ლარად მანქანები შეისყიდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის მხარდაჭერით „აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა“ მაღალი გამავლობის 3 ავტომანქანა შეიძინა, რომლებიც  მაღალმთიანი რეგიონისთვის არის განკუთვნილი.

ავტომანქანების ღირებულება 71  500 ლარია.

სამინისტროს განმარტებით, ავტომანქანები კლიმატურ-გეოგრაფიული პირობების გათვალისწინებით არის შესყიდული, რაც გადამდები დაავადებების ინფექციის წყაროს დროულად იდენტიფიცირების და ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შეუწყობს ხელს.

ოფიციალური ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტომანქანები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების განყოფილებებმა დღეს, 22 მაისს მიიღეს.

 

რას გეგმავს მერია 26 მაისს ბათუმში

ბათუმში 26 მაისს, ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, ბათუმის მერია რამდენიმე ღონისძიებას გამართავს.

„ბათუმის კულტურის ცენტრის“ ინფორმაციით, ღონისძიებებისთვის ბიუჯეტიდან 74 ათასი ლარია გამოყოფილი.

ცენტრის ხელმძღვანელის, ჯონი საბაშვილის ინფორმაციით, დილით, 12 საათზე იგეგმება ქართველ იუნკერთა საფლავის ყვავილებით შემკობა, ორკესტრი დაუკრავს ჰიმნს.

„ამის შემდეგ მსვლელობა დაიძვრება საოცრებათა მოედნისკენ, სადაც გამოფენილი იქნება სამხედრო ტექნიკა, საღამოს კი გაიმართება გალაკონცერტი ესტრადის მომღერლების შესრულებით.“

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი შემსრულებლები: სოფო ხალვაში, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, მაკა ზამბახიძე და გიო სუხიტაშვილი ბენდთან ერთად, ბენდი „ფრანი“ და აჭარის ქორეოგრაფიული ანსამბლი.

გალაკონცერტი საღამოს 7 საათზე, ანბანის კოშკთან გაიმართება.

 

„ბათუმის აქციის“ ერთ-ერთ მონაწილეს სასამართლოში იძულებით მიიყვანენ

„ბათუმის აქციის საქმეზე“ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ირაკლი ჯიბლაძისa და გურამ ჩიკვაიძის საქმე სასამართლომ დღეს, 22 მაისს, განიხილა. ისინი 12 მარტს დილით დააკავეს, თუმცა იმავე საღამოს ხელწერილით გაათავისუფლეს. საქმის განხილვა აქამდე იმიტომ გადაიდო, რომ მხარეებმა მტკიცებულებების წარმოდგენა მოითხოვეს.

პროცესზე კიდევ ერთი პირი – გიორგი ბადრიშვილი უნდა მოსულიყო. ისიც 12 მარტს დილით დააკავეს. მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა თქვა, რომ მისი გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს ინფორმაცია არ აქვს და 15 ივნისს სხდომაზე გიორგი ბადრიშვილს იძულების წესით მიიყვანენ.

წინა სასამართლო სხდომაზე, 14 მარტს, გიორგი ბადრიშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ იგი 11 მარტს პირველად იმყოფებოდა ბათუმში და ქალაქის ქუჩებიც კი არ იცის.

დღევანდელ პროცესზე სასამართლომ პოლიციელების მიერ წარმოდგენილ მოწმე პოლიციელებს მოუსმინა, ასევე ერთ-ერთი სამართალდამრღვევად მიჩნეულის, ირაკლი ჯიბლაძის მოწმეებს.

პოლიციელების ჩვენება ერთ ნაწილში ურთიერთსაპირისპირო აღმოჩნდა: პოლიციის მე-7 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის, ასლან ფუტკარაძის თქმით, ის ირაკლი ჯიბლაძის დაკავებაში მონაწილეობდა და არ უნახავს გურამ ჩიკვაიძე, რომელიც ასევე პოლიციის სამმართველოს მთავარ შესასვლელთან 12 მარტს, დილის რვის ნახევრისთვის დააკავეს. მეორე პოლიციელმა, გოჩა შავაძემ კი თქვა, რომ მან გურამ ჩიკვაიძე დააკავა და ამ დროს მასთან ერთად იმყოფებოდა ასლან ფუტკარაძეც.

„თქვენ დამაკავეთ მე? თქვენ არ დაგიჭერიათ ჩემი თავი…“ – მიმართა პოლიციელს გურამ ჩიკვაიძემ. მას ადვოკატი არ ჰყავს და მოწმე პოლიციელებს თავად დაუსვა კითხვები. გურამ ჩიკვაიძეს არც მოწმეები წარმოუდგენია. „შორს არიან და ვერ ჩამოვიდნენ, ბატონო მოსამართლევ,“ – უთხრა მან მოსამართლეს.

„რა დაარღვია კონკრეტულად გურამ ჩიკვაიძემ?“- დაინტერესდა მოსამართლე და მოწმე პოლიციელს ჰკითხა.

„იგინებოდა და ილანძღებოდა უმისამართოდ“, – უპასუხა მოსამართლეს პოლიციელმა გოჩა შავაძემ.

ირაკლი ჯიბლაძის ადვოკატმა ირაკლი ზაქარიაძემ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი ოქმის შემდგენს, პაატა დუმბაძეს,  წინა სასამართლო პროცესი გაახსენა, სადაც მან თქვა, რომ მისი მოწმე პოლიციის თანამშრომელი სულხან ბერიძე იქნებოდა.

„სულხანი არ გამოვიდა. ამიტომ წამოვიყვანე სხვა მოწმე პოლიციელები, რომლებიც ასევე იქ იმყოფებოდნენ,“ – თქვა პაატა დუმბაძემ.

ირაკლი ჯიბლაძის მოწმეების თქმით, ირაკლი 12 მარტს დილის ექვს საათზე სამსახურში მიდიოდა. იგი ხელვაჩაურში, ერთ-ერთ საცხობში მუშაობს და ბათუმიდან ყოველდღე დადის. „მე ჩემს სახლთან, ლერმონტოვის ქუჩაზე დამაკავეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, თან მცემეს,“- ირწმუნება ირაკლი ჯიბლაძე.

„11-12 მარტის აქციის საქმეზე“ ჯამში 79 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. ამ შემთხვევების უმრავლესობის განხილვა სასამართლომ დაასრულა. დაკავებულებიდან სასამართლომ 40 პირი დააჯარიმა, 7 შემთხვევაში 5-5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენა, 8 ადამიანს შენიშვნა მისცეს, ხოლო 9 პირი გამართლდა.

„ბათუმის აქციის საქმეზე“ პროკურატურამ 21 პირს წაუყენა მასობრივი არეულობის ორგანიზებასა და ჯგუფური ძალადობის ჩადენაში ბრალი. არსებითი განხილვა უკვე დაიწყო, თუმცა მოწმეებისთვის მოსამართლეს ჯერ არ მოუსმენია.

IMG_20170522_144505

 

IMG_20170522_144523

ბურთი კოლინას ხელმოწერით ბათუმში10 000 ლარად გაიყიდა

ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო ბიზნესფორუმზე ცნობილმა იტალიელმა არბიტრმა, პიერლუიჯი კოლინამ, რომელიც ფორუმის ერთ-ერთი სპიკერია, ფეხბურთის ბურთი თავისი ავტოგრაფით აუქციონზე გამოიტანა.

ბურთი 10 000 ლარად გაიყიდა და იგი „მეტრო ატლას ჯორჯიას“ წარმოამდგენელმა შეიძინა.

როგორც თავად კოლინამ განაცხადა, 10 000 ლარი მთლიანად გადაირიცხება დიტო ცინცაძის საქველმოქმედო ფონდში.

18622376_1043412732457595_1274762093427306129_n
ფოტო: INTERNATIONAL BUSINESS FORUM BATUMI

ორი მოსაზრება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე

დღეს, 22 მაისს, ბათუმის საკრებულომ სამწლიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეებიც ესწრებოდნენ. დისკუსიის დროს შეკითხვები გაჩნდა მერიის გადაწყვეტილებასთან, რომელიც ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას უკავშირდება.

„ფაქტ-მეტრის“ წარმომადგენლის მალხაზ რეხვიაშვილის შეფასებით, ბათუმის მერიის გადაწყვეტილება  ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, დისკრიმინაციულია:

„მინდა, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხს გადახედოთ, რადგან თუკი შენობებისა და საცხოვრებელი სახლების შუაში შესაძლებელია ეკლესია და არ უნდა იყოს მეჩეთი, ცალსახად მიმაჩნია ეს დისკრიმინაციულ მიდგომად. მითუმეტეს, ყველამ ვიცოდით, რომ ამ ტერიტორიას ყიდულობდა ეს კავშირი [ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი] და აპირებდა მეჩეთის აშენებას.  საკრებულოს შეეძლო, რომ წინასწარ გაეფრთხილებინა ეს ადამიანები, რომ იქ ტყუილად არ ეყიდათ მიწა, რადგან არ მისცემდით მეჩეთის აშენების უფლებას. კარგი იქნება, თუ საკრებულო ამ საკითხს ყურადღებას მიაქცევს“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“  ხელმძღვანელის ნინო ინაიშვილის შეფასებით, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობამ პოლიტიკური ხასიათი მიიღო:

„ეს ძალიან სერიოზული პოლიტიკური საკითხია, რომელიც სახელმწიფომ ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით უნდა გადაწყვიტოს. მე ვსაუბრობ ახალი მეჩეთის პროექტზე, რომელიც გაურკვეველია და ამის აშენება ვფიქრობ არ შეიძლება. სახელმწიფომ  ან უნდა გამოყოს ფული და ააშენოს მეჩეთი, ან უყიდოს პროექტი. ეს არის ძალიან სერიოზული თემა“.


საინიციატივო ჯგუფში აცხადებენ, რომ ახალი მეჩეთი შემოწირულობებით აშენდება. „შექმნილია კომისია, რომლის მიზანია მონიტორინგი გაუწიოს მეჩეთის მშენებლობას და საზოგადოების ჩართულობას. კომისიაში ნებისმიერი მრწამსის ადამიანს შეუძლია გაწევრიანება. ამ კომისიაში განსაკუთრებით მინდა ვიხილო ის ადამიანები, ვინც ახალი მეჩეთის მშენებლობას ეწინააღმდეგება, რადგან  ნახონ, თუ რა და როგორ კეთდება, საიდან მოდის დაფინანსება, ვინ აფინანსებს და თავიანთი  შეხედულებაც გამოხატონ მეჩეთის პროექტზე“ – აცხადებს ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე.

ახალი მეჩეთის მშენებლობას მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი ბათუმში გენერალ ასლან აბაშიძის 43 ნომერში გეგმავს. ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ამ ჯგუფს უარი უთხრა. მუსლიმებს მერიასთან მოლაპარაკებეებში ჩართვას დაჰპირდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც აჭარის მუფთს და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარეს შეხვდა, თუმცა, საბოლოო შეთანხმება ამ საკითხზე ჯერ მიღებული არ არის.

ბათუმის საკრებულოს სამწლიანი ანგარიში არასამთავრობოებმა უარყოფითად შეაფასეს

დღეს, 22 მაისს, ბათუმის საკრებულომ სამწლიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკრებულოს ანგარიში უარყოფიდ შეაფასეს.

საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარის, თენგიზ აფხაზავას შეფასებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ბათუმის საკრებულოს მუშაობა იყო ქმედითი: „საკრებულოს ამ ხნის მანძილზე ჩატარებული აქვს 50 სხდომა, მიღებული აქვს 106 დადგენილება და 276 განკარგულება. გავითვალისწინეთ 62 რეკომენდაცია და გავეცით 174 საჯარო ინფორმაცია“.

თენგიზ აფხაზავას თქმით, სამი წლის განმავლობაში საკრებულომ 6 701 მოქალაქე მიიღო: „თუმცა, რეალურად ეს ციფრი გაცილებით მეტია, რადგან იყო შემთხვევები, როცა მოქალაქე საშვის გარეშე შედიოდა საკრებულოს წევრთან და ამის რეგისტრაცია არ ხდებოდა“.

მისივე ინფორმაციით, საკრებულოში სამი წლის განმავლობაში 21 ინიციატივაა შესული, თუმცა აქედან მხოლოდ 8 იქნა გაზიარებული საკრებულოს მხრიდან, 3 ინიციატივა საერთოდ არ განიხილეს, 10 კი გაზიარებული არ იქნა.

თენგიზ აფხაზავას შეფასებით, მმართველი გუნდის მიღწევა იყო ის, რომ საკრებულოს აპარატის სახელფასო და საპრემიო ფონდი 2 მილიონი ლარით შემცირდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წარმომადგენლის გიორგი კირთაძის განცხადებით, საკრებულოს ბიუჯეტი რეალურად არ შემცირებულა, რადგან გაიზარდა აიპებისა და შპს-ის რიცხვი, სადაც საშტატო ერთეული ათასამდეა გაზრდილი: „ერთადერთი ის იყო, რომ სახანძრო სამსახური გადავიდა შს სამინისტროს დაქვემდებარებაში და მათი ხარჯი შემცირდა“.

მან ასევე ისაუბრა საკრებულოს შემცირებულ უფლებებზე და აღნიშნა, რომ დღეს საკრებულოს ფუნქციები ფაქტობრივად ნულამდეა დაყვანილი: „ადრე ამბობდნენ, რომ საკრებულოს მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქცია ჰქონდა დარჩენილი, დღეს კი ამ ფუნქციასაც აღარ ასრულებს. ერთი დადებითი იყო ის, რომ ღია კარის დღე გააკეთა და ამის მეტი აღარ ყოფილა. ერთ-ერთი ინიციატივა, რომელიც ამ საკრებულომ გაიზიარა, 4-შვილიანი ოჯახების დახმარება და ხიმშიაშვილის ქუჩაზე არსებული სკვერისთვის შინდისის გმირების სახელის მინიჭება იყო, რაც ბუნებრივია კარგია, თუმცა გვქონდა სხვა ბევრი ინიციატივა, რომელიც არ იქნა გაზიარებული. თუნდაც ის, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი ბათუმში დარჩენილიყო, საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდა, ეს მაშინ როცა ბიუჯეტში 5 მილიონი ლარი იყო აუთვისებელი და აქედან ვითხოვდით ხელფასების გაზრდას. ვითხოვდით, რომ ხელოვნების უნივერსიტეტის გვერდით არსებულ ტერიტორიას სკვერის სტატუსი მინიჭებოდა და ეს საკითხიც გააჩერა მერიამ. „იაფი სახლით“ მერიას ბევრი კურდღლის დაჭერა უნდოდა და ყველა კურდღელი გაექცა, რადგან ვერ მიიყვანა პროექტი ბოლომდე და მაშინ, როცა კრიტერიუმები იყო ჩამოყალიბებული და განსაზღვრული, თუ ვინ ისარგებლებდა ამ პროექტით, მერიის მიერ მაინც არ იყო მხარდაჭერილი.“

გიორგი კირთაძემ ფრაქციის ანგარიშის წარდგენისას ასევე ისაუბრა k2 კოეფიციენტის გაზრდაზე და იმაზე, რომ საკრებულოს კომისიების სხდომა შესაძლებელია ყოფილიყო ღია, რაზეც ვერ მიიღეს შეთანხმება უმრავლესობის წევრებთან.

ფრაქცია „ბათუმის“ წარმომადგენლის კობა ჩხეიძის შეფასებით, დღეს საკრებულოს ფუნქციები იმდენად შესუსტებულია, რომ ფაქტობრივად არც კი ღირს ინიციატივებზე საუბარი. მან ფრაქციის დამსახურებად მიიჩნია  საკრებულოს გადაწყვეტილება, როცა 6-შვილიანი, სოციალურად დაუცველი  ოჯახებისთვის ბინების გადაცემის საკითხი გადაწყდა საკრებულოზე, თუმცა მერიამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა: „პრობლემაა ის, რომ საკრებულოს ინიციატივებს დღეს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და ეს არის აბსურდი“.

„სამწუხაროდ მერიამ ძალიან ბევრ ახალგაზრდულ ინიციატივაზეც თქვა უარი, მათ შორის შშმ პირებთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე ვითხოვდით, რომ მეტაქსას ქუჩაზე არსებული შენობა გადმოცემოდა ქალაქს საბავშვო ბაღებისთვის, თუმცა არც ამ მოთხოვნაზე მიგვიღია მთავრობისგან პასუხი“ – აღნიშნა კობა ჩხეიძემ.

ფრაქცია „რესპუბლიკელების“ ინიციატივებზე საკრებულოს წევრმა თემურ ყურაშვილმა ისაუბრა: „ჩვენ გვქონდა ინიციატივა, რომ ბათუმის აეროპორტს პირველი აჭარელი მფრინავი ქალის ფადიკო გოგიტიძის სახელი მინიჭებოდა, თუმცა ეს ინიციატივა არ გაიზიარეს, ასევე, მახინჯაურში სტადიონის და ისრაფილ ჯინჭარაძის პარკის გადმოცემას მოვითხოვდით, რომ ამ ტერიტორიებს მინიჭებოდა რეკრეაციული ზონის სტატუსი და ახალგაზრდებისთვის დასვენების კერა გამხდარიყო, თუმცა არც ეს ინიციატივა გაითვალისწინეს. k2 კოეფიციენტის დაბრუნებაც ჩვენი ინიციატივაა, რადგან ქალაქში მშენებლობები ფაქტობრივად რეგულაციების გარეშე მიმდინარეობდა. ჩვენი ფრაქცია ასევე აქტიურად იყო ჩართული „იაფი სახლის“ და ბარაკების საკითხში, კარგი იყო,  როცა ბარაკებში მცხოვრებ მოქალაქეებს მერია 400 დოლარს სთავაზობდა კვ/მეტრში, თუმცა ეს საკითხი ვერ გადაწყდა იმის გამო, რომ 12 ოჯახთან ვერ შეძლო საკრებულომ შეთანხმება.“

დღის წესრიგის მიხედვით, ანგარიში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელსაც უნდა გაეკეთებინა, თუმცა პარმენ მგელაძე სხდომაზე არ იმყოფებოდა, თენგიზ აფხავას თქმით, მმართველი პარტიის ფრაქციები ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში აქტიურად მონაწილეობენ, ამიტომ მათი მხრიდან ინიციატივების ცალკე შემოტანა ზედმეტი შრომა იქნებოდა.

საკრებულოს ანგარიშს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“  წარმომადგენლის, ნათია ზოიძის შეფასებით, ორგანიზაციამ შეისწავლა საკრებულოს ფრაქციების აქტიურობა ინიციატივებთან დაკავშირებით და აღმოჩნდა, რომ ყველაზე ნაკლები ინიციატივა ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა. „ინიციატივების რაოდენობით ოპოზიციური პარტიები უფრო მეტად გამოირჩევიან. კვლევამ აჩვენა, რომ ფრაქციების შექმნის მოტივი უფრო ფინანსური სარგებლის მიღებაა, ვიდრე ინიციატივები,“ – განაცხადა მან.

„მოლოდინი მქონდა, რომ ეს დარბაზი დღეს იქნებოდა გადაჭედილი და არა მხოლოდ ციფრების დონეზე იქნებოდა საუბარი, არამედ იმაზეც, ამა თუ იმ პროექტის განხორცილებით რა შედეგი მიიღო მოსახლეობამ. როგორ აისახა ეს მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე“ – აღნიშნა „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა, მადონა ბერიძემ.

საკრებულოს ანგარიშთან დაკავშირებით შენიშვნა ჰქონდა „ბათომის“  წარმომადგენელს ირმა ზოიძეს. მისი შეფასებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლის ანგარიში არ იყო ინფორმაციული და არ იძლეოდა რეალურ წარმოდგენას საკრებულოს მუშაობის შედეგებზე: „ველოდებოდი არა მხოლოდ ციფრებს, არამედ იმას, რომ მოხდებოდა უფრო მნიშვნელოვანზე აქცენტირება.“

საკრებულოს სამწლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია NDI-ის ხელშეწყობით გაიმართა.

კოლინა და ახალი ზელანდიის რაგბის ნაკრების All Blacks-ის ყოფილი კაპიტანი ბათუმში

იტალიელი არბიტრი, პიერლუიჯი კოლინა ბათუმში  საერთაშორისო ბიზნესფორუმზე ჩამოვიდა. იგი მსმენელების წინაშე დღეს, 22 მაისს, მოხსენებით წარსდგა.

საერთაშორისო ბიზნესფორუმი IBF Batumi სასტუმრო „ეიფორიაში“ მიმდინარეობს და მასში მსოფლიო კლასის ექვსი სპიკერი და 14 ქვეყნის დელეგატი მონაწილეობს. როგორც ფორუმის პრესრელიზშია აღნიშნული, ეს კავკასიის მასშტაბით პირველი საერთაშორისო ბიზნესფორუმია, რომელიც აერთიანებს, ერთი მხრივ, მსოფლიო კლასის სპიკერებს, მსხვილი ბიზნესის და სახელმწიფოს წარმომადგენლებს, და მეორე მხრივ, სტარტაპებს, მცირე და საშუალო ბიზნესის ლიდერებსა და მედიას.

კოლინა, რომელიც „ფიფამ“ წლის ნომერ პირველ მსაჯად ექვსჯერ  აღიარა, ბათუმში მიმდინარე ბიზნესფორუმის ერთადერთი ცნობილი მონაწილე არ არის. ფორუმს ესწრება დანანჯაია ჰეტიარაჩი,  2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი საჯარო გამოსვლებში. ახალი ზელანდიის რაგბის ეროვნული ნაკრების All Blacks-ის ყოფილი კაპიტანი შონ ფიცპატრიკი, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც ახალი ზელანდიის საუკეთესო მორაგბეს; ცნობილი ბიზნესტრენერი მარშალ გოლდსმიტი, „პორშეს“ და „ლამბორჯინის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი კევინ გასკელი და სხვა ცნობილი სპიკერები.

მსოფლიოში ცნობილი სპიკერების მოსასმენად ბათუმს 800-მდე დელეგატი ეწვია. ბიზნესფორუმში მონაწილეობა ფასიანია.

 მარშალ გოლდსმიტი
მარშალ გოლდსმიტი
ზურაბ პატარაძე და პიერლუიჯი კოლინა
ზურაბ პატარაძე და პიერლუიჯი კოლინა
ბიზნესფორუმი
ბიზნესფორუმი

 

 

ბათუმში ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა

22 მაისს ახალ ბულვარში სავაჭრო ცენტრი „მეტროსითი ფორუმ“ გაიხსნა.

სავაჭრო ცენტრი 16 000 კვადრატული მეტრის ფართობზეა განთავსებული. როგორც აქ აცხადებენ, ცენტრი დატვირთული იქნება ისეთი სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებით, როგორებიცაა ტანისამოსი, აქსესუარები, კვების ობიექტები, პარფიუმერია, კინოთეატრი, ბავშვთა გასართობი ცენტრი.  სავაჭრო ობიექტი კომპანიის წარომადგენლების თქმით, კონტრაქტები გაფორმებულია საქართველოში ცნობილ ბრენდებთან, მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე უცხოურ ბრენდთან. ცენტრში წარმოდგენილი იქნება, როგორც საქართველოში უკვე არსებული,  ასევე უცხოური ბრენდებიც.

სავაჭრო ცენტრი კომპანია „მეტროს“ ეკუთვნის.  პროექტის საინვესტიციო ღირებულება 100 მლნ დოლარია.

სავაჭრო ცენტრის გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი და აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

18556910_1470802879646683_2735270101931988430_o

სავაჭრო ცენტრის გახსნა
სავაჭრო ცენტრის გახსნა

ბათუმის „დინამოს“ ქვიშის ფეხბურთის გუნდი პორტუგალიაში მიემგზავრება

ბათუმის „დინამოს“ ქვიშის ფეხბურთის გუნდი ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად 26 მაისს პორტუგალიაში გაემგზავრება.  ქალაქ ნაზარეში ევროპის  ჩემპიონთა თასის გათამაშება 29 მაისი – 4 ივნისის შუალედში გაიმართება.

გუნდი სამი ქართველი, ოთხი – ესპანელი, ორი – იტალიელი, ერთი შვეიცარიელი და ერთი ტრინიდად-ტობაგოელი ფეხბურთელითაა დაკომპლექტებული.

C ჯგუფში მოასპარეზე ბათუმის „დინამოს“   მწვრთნელი იტალიელი მარკო კასარსაა.

ჯგუფში რომის „ლაციო“,  კემბრიჯის „ნოეტსი“ და  ყაზახეთის „არმანი“ არიან განთესილნი.  29 მაისს თავის პირველ შეხვედრას „დინამო“ რომის „ლაციოსთან“ გამართავს.

ბათუმის „დინამოს“ მასობრივი ფეხბურთის განვითარების მენეჯერის, კახა მიქალაძის თქმით, ამ ეტაპზე მათი მთავარი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა.

 

რას წაიკითხავთ ჟურნალ „ბათუმელების“ მაისის ნომერში

გამოვიდა ჟურნალ „ბათუმელების“ მაისის ნომერი. ჟურნალს ხვალიდან, 23 მაისიდან მიიღებენ „ბათუმელების“ ხელმომწერები. ჟურნალი გაიყიდება ჯიხურებში და საგაზეთო სტელაჟებზე.

პოლიტიკა: პოლიტიკის მკვლელობა საქართველოში 
ავტორი: დათო ქოქოშვილი

მოსაზრება: მეშახტის 9 წამი 
ავტორი: ირაკლი კუპრაძე

ადამიანის უფლებები: ოქროპირიძე საქართველოს წინააღმდეგ 
ავტორი: ეთერ თურაძე

უცხოეთი: გაუმკლავდება თუ არა მაკრონი?
ავტორი: დენი როდრიკი

კავკასია: გალი, როგორც ჩიხი 
ავტორი: მარიანა კოტოვა

ეკონომიკა: ვინ იხეირა გალარების პროგრამით 
ავტორი: თედო ჯორბენაძე

ჯანმრთელობა: რატომ ღირს წამლები საქართველოში ორჯერ ძვირი, ვიდრე თურქეთში 
ავტორი: გიორგი დიასამიძე

საზოგადოება: მოძალადეს არავინ აჩერებს 
ავტორი: ჯაბა ანანიძე

განათლება: ისლამოფობია და პრორუსული განწყობები სკოლაში 
ავტორი: მიშა მეფარიშვილი

ფოტოპროექტი: სტუდენტობა სხვა ქალაქში 

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

კინო: რეზო გიგინეიშვილის „მძევლები“
ავტორი: ნინო ძანძავა

ლიტერატურა: ტელევიზორის დრო
ავტორი: ლია ლიქოკელი

მოგზაური: მაისი აბასთუმანში
ავტორი: მანანა ქველიაშვილი

კულინარია: ელარჯობა შინ
ავტორი: მალხაზ ჭკადუა

ჟურნალ „ბათუმელების“ მესამე ნომრის გარეკანი. ილუსტრაციის ავტორი: ია ფრანგიშვილი
ჟურნალ „ბათუმელების“ მესამე ნომრის გარეკანი. ილუსტრაციის ავტორი: ია ფრანგიშვილი

________________________________________________________________________________________________

ჟურნალის გამოწერის მსურველებმა მოგვწერეთ: batumipress@gmail.com ან დარეკეთ ნომერზე: 422 27 99 12. მობ: 568 84 59 63

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი წესები ბანკების გარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზეც გავრცელდება

საქართველოს ეროვნულ ბანკში [სები] მომზადდა „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი“, რომელიც სების ინფორმაციით, 2017 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდება.

„თუ აქამდე მოქმედი რეგულაციები მხოლოდ კომერციულ ბანკებს ავალდებულებდა მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალური წესების დაცვას, ამიერიდან ეს ვალდებულება დაეკისრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსa და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს [საკრედიტო კავშირებს და კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტებს]“ – აცხადებს სები.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წესი არაერთ სიახლეს სთავაზობს საფინანსო სექტორის მომხმარებლებს: „დაკონკრეტდა და დაზუსტდა სარეკლამო მასალების შემუშავების წესები, რომლებითაც საფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს ფინანსური პროდუქტის პირობების, განსაკუთრებით კი, პროდუქტის ფასზე ინფორმაციის მაქსიმალური გამჭვირვალობა. დადგინდა შრიფტის მინიმალური ზომები [თავსართი 12 ზომა, ხელშეკრულების ძირითადი პირობები 10], რათა უფრო ადვილი გახდეს ხელშეკრულების წაკითხვა და გამოირიცხოს მისი გაცნობისთვის ხელისშემშლელი დამატებითი ბარიერები“.

ეროვნული ბანკის განცხადებით:

[checklist]

  • დადგინდა არააქტიურ პროდუქტებზე საკომისიოს შეწყვეტის წესიც. კერძოდ, ფინანსურ ორგანიზაციებს ამ წესების მოქმედების არეალში აღარ ექნებათ უფლება მომხმარებლებს დააკისრონ საკომისიო 12 თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში იმ პროდუქტებზე, რომლებსაც მომხმარებლები აღარ იყენებენ.
  • ხელშეკრულების ცვლილებების შემთხვევაში ფინანსურ ორგანიზაციას ეკისრება ვალდებულება ცვლილების შესახებ ინფორმირებისათვის მომხმარებელს შესთავაზოს მინიმუმ ერთი, მომხმარებლისათვის უფასო პერსონალური შეტყობინების არხი. ამასთან, საჯარო სივრცეში [მაგალითად ვებგვერდსა და ფილიალებში] განცხადების განთავსება არ ჩაითვლება სათანადო წესით ინფორმაციის მიწოდებად. გარდა ამისა, მომხმარებლის უკეთ ინფორმირების მიზნით კომერციულ ბანკებს დაეკისრათ ვალდებულება უზრუნველყონ მომხმარებლის წვდომა ბანკში არსებულ პროდუქტებზე მინიმუმ ერთი, მომხმარებლისათვის უფასო დისტანციური არხით [მაგალითად, ინტერნეტი, მობილური სატელეფონო კავშირი].
  • ფინანსურ ორგანიზაციებს დაეკისრათ ვალდებულება, შეიმუშაონ სესხის ამოღების ეთიკის კოდექსი და მომხმარებლებთან ურთიერთობისას დაიცვან ზნეობისა და საქმიანი ურთიერთობების საუკეთესო პრაქტიკით მიღებული ნორმები და იმოქმედონ კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე.

[/checklist]

სები აცხადებს, რომ „ახალი წესი საფინანსო ბაზარზე მომხმარებლების უფლებების დაცვის საჭიროებების ანალიზზე დაყრდნობით შემუშავდა და ის ჩაანაცვლებს მოქმედ „კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების“ წესს“.

დეტალურად, ახალი და ძველი წესების შედარება იხილეთ ამ ბმულზე.

Untitled

 

ჯაზი და ევროლიბერალიზაცია

ავტორი: ირმა ინარიძე

ფოტო: გია გოგატიშვილი

„ჯაზი ვიენაში“ საერთაშორისოდ აღიარებული ფესტივალია, რომელიც 1980 წელს დაარსდა და წელს 37-ედ გაიმართება. ფესტივალი საფრანგეთის ქალაქ ვიენაში, იზერის დეპარტამენტში, ლიონთან ახლოს, ყოველწლიურად ივლისის პირველ ნახევარში იმართება.

ფესტივალის ნამდვილი შუქურა და ფასიანი კონცერტების ერთადერთი ადგილი გახლავთ ანტიკური თეატრის სცენა, რომელიც 7000 მსმენელს იტევს.

ფესტივალს უმასპინძლია ისეთი დიდი მუსიკოსებისთვის, როგორებიც არიან: მაილს დევისი, სტენ გეტსი, კლოდ ნუგარო, მიშელ პეტრუჩიანი, ელა ფიცჯერალდი, სონი როლინზი, ჩაკ ბერი და სხვები.

მუსიკალური საღამოები ჯაზის მონათესავე მიმდინარეობებსაც ეთმობა: გოსპელს, მანუშს, ბლუზს…

რომაული იმპერიის ყველაზე დიდი თეატრი ქალაქის შუაგულში, პიპეს გორაკზეა აგებული. 1938 წელს, რესტავრაციის შემდეგ, ანტიკურმა თეატრმა ქალაქ ვიენას ისტორიული დიდება და პრესტიჟი დაუბრუნა.

ყოველწლიურად, განსაკუთრებით ზაფხულში, თეატრის სცენა მუსიკალური და სხვა კულტურული შეხვედრების ადგილად იქცევა ხოლმე. 1980 წელს კი სათავე დაედო ჯაზფესტივალს, რომელიც საერთაშორისო ფესტივალად გადაიქცა და ეწოდა „ჯაზი ვიენაში“. დღეისათვის კი ის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ცნობილ ჯაზფესტივალს არამარტო საფრანგეთში, არამედ – ევროპაშიც.

ფესტივალის მიმდინარეობისას კონცერტები მთელი დღის განმავლობაში მთელ ქალაქში იმართება და ყველა კონცერტი უფასოა, ანტიკური თეატრის სცენის გარდა.

შუაღამის კლუბი საერთაშორისო პროგრამას მასპინძლობს, სიბელის ბაღები -ფრანგი და უცხოელისტუდენტების ჯაზბენდებს, ჯაზის აკადემია- მასტერკლასებს, შაპიტო „ჯადოსნური სარკე“ კი ახალ ტენდენციებს გვაცნობს.

2004 წლიდან ფესტივალს ხსნის რომელიმე ცნობილი ჯაზ მუსიკოსის სპექტაკლი რეგიონის დაწყებითი სკოლების 6000 მოსწავლის მონაწილეობით. ეს ნამდვილი მუსიკალურად და ემოციურად სავსე ფოიერვერკია ანტიკური თეატრის სცენაზე და ხაზს უსვამს სურვილს, რომ მოხდეს ამ მუსიკალური მახსოვრობის შენახვა/გადაცემა. 2016 წლის ფესტივალის გახსნაზე ამ სპექტაკლის შექმნა დაევალა იბრაჰიმ მალუფს, ცნობილ ლიბანელ ჯაზ მესაყვირეს.

ჯაზი ვიენის სუნთქვაა. ჯაზმა გააცოცხლა ისტორიული ანტიკური თეატრი და გახდა ამ ქალაქისთვის ეკონომიკური და კულტურული განვითარების ფაქტორი.

ჯაზის მოყვარულებმა არ დაიზაროთ, ისარგებლეთ ვიზალიბერალიზაციით და გაემგზავრეთ ვიენის პატარა ქალაქში ჯაზით გასაჟღენთად.

გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს 2016 წლის ფესტივალიდან.

ანტიკური თეატრი, პინკ მარტინი / Theatre Antique Pink Martini
ანტიკური თეატრი, პინკ მარტინი / Theatre Antique Pink Martini
ფემილი ატლანტიკა / Family Atlantica
ფემილი ატლანტიკა / Family Atlantica
დეიმ აროკენა / Dayme Arocena
დეიმ აროკენა / Dayme Arocena
ნილ როჯერ ჩიკ, ჯერი ბარნსი / Nile Rodger Chic (g, vov), Jerry Barnes (bg, voc)
ნილ როჯერ ჩიკ, ჯერი ბარნსი / Nile Rodger Chic (g, vov), Jerry Barnes (bg, voc)
ბადი გაი / Buddy Guy (g)
ბადი გაი / Buddy Guy (g)
რენდი ვესტონი / Randy Weston
რენდი ვესტონი / Randy Weston
ჯონ მაკლაფლინი / John McLaughlin (g)
ჯონ მაკლაფლინი / John McLaughlin (g)
გრეგორი პორტერი / Gregory Porter (voc)
გრეგორი პორტერი / Gregory Porter (voc)
Chick Corea (p,k), Kenny garrett (s), Wallace Roney (tp), Chistian McBride (b), Marcus Gilmore (dms)
Chick Corea (p,k), Kenny garrett (s), Wallace Roney (tp), Chistian McBride (b), Marcus Gilmore (dms)
სილ / Seal
სილ / Seal
სილ / Seal
სილ / Seal
მაგდა გიანიკუ (მაგდა ბანდა) / Magda Giannikou Magda Banda
მაგდა გიანიკუ (მაგდა ბანდა) / Magda Giannikou Magda Banda

 

მერიის განცხადება სავაჭრო ჯიხურების აღებაზე

ბათუმის მერიის ოფიციალური განცხადებით, გოგებაშვილის ქუჩაზე სავაჭრო ჯიხურები უკანონოდ იყო განთავსებული და მერიამ ტერიტორია ამიტომ გაათავისუფლა.

მერიის ინფორმაციით, ჯიხურების აღებას წინ უძღოდა მოლაპარაკებების პროცესი ჯიხურების მფლობელებსა და გარემოვაჭრეებთან.

„უსახური კონსტრუქციების სანაცვლოდ მერიის მხრიდან შეთავაზებული იქნა ახალი ჯიხურები, რომლებიც საკრებულოს მიერ დადგენილ ადგილებზე უნდა განთავსდეს.

დღეის მდგომარეობით, გოგებაშვილის ქუჩიდან აღებულია 60 ჯიხური და ტერიტორია გათავისუფლებულია. შედეგად, ველობილიკებსა და ტროტუარებზე გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი“.

მერიის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში მოხდება მერიის მიერ შეთავაზებული ახალი ობიექტების განთავსება.

მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის, გოგა ლომაძის განმარტებით, მერია მოვაჭრეებს თითო ჯიხურში 250 ლარის გადახდას სთავაზობს. „ჩვენ შევთავაზეთ პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემა, ანუ წელიწადში 250 ლარი უნდა გადაიხადონ. თავდაპირველად ამ წინადადებაზე გვქონდა მოლაპარაკებები, თუმცა შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ“.

გოგა ლომაძის თქმით, მოვაჭრეებს მერია კიდევ ერთხელ მისცემს შესაძლებლობას, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ. „შეკავშირდნენ, შექმნან ერთობლივი საწარმო და ჯიხურები პირდაპირი განკარგვის წესით მიიღონ. თუ ასეც არ მოხერხდება, მაშინ აუქციონზე გავა“.

სავაჭრო ჯიხურების განთავსების ადგილი საკრებულოს მიერ არის განსაზღვრული.

გამზირი ქალაქში ტროტუარების, ზებრებისა და სანიაღვრე არხის გარეშე [ფოტო]

ფრიდონ ხალვაშის გამზირი ბათუმი-ხელვაჩაურის დამაკავშირებელი გზაა. ეს გზა ბათუმი-ახალციხის საგზაო მაგისტრალის ნაწილია და ქალაქ ბათუმის ტერიტორიულ საზღვრებშია მას შემდეგ, რაც ბათუმს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი შემოუერთეს.

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, რომელიც დაახლოებით 5 კმ სიგრძისაა, დღემდე მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა – არ არსებობს გზის გასწვრივ ტროტუარები, არ არის შეღებილი ზებრა გადასასვლელები, არ არსებობს სანიაღვრე არხები, რის გამოც წვიმის დროს ქუჩაც და ე.წ. ქვეითთა სავალი ნაწილიც იტბორება.

ბათუმის მერიის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნული გზის მონაკვეთი არ არის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში, ამიტომ მერია იქ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვერ ჩაატარებს, მათ შორის, ვერც ზებრა გადასასვლელებს დახაზავს.

გზა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია. დეპარტამენტის აჭარის დირექციის ხელმძღვანელის, ზურაბ სიხარულიძის განცხადებით, სანიაღვრე არხებისა თუ ტროტუარების მოწყობა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა გზის სრული რეაბილიტაცია ხდება, ასეთი სამუშაოების ჩატარება კი ფრიდონ ხალვაშის გამზირზე დეპარტამენტს დაგეგმილი ჯერ არ აქვს.

„შესაძლოა, 2018 წლისთვის გაითვალისწინოს დეპარტამენტმა მაგ მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია, თუმცა სერიოზული საპროექტო სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. თუნდაც ტროტუარი როგორ მოეწყობა, იმიტომ, რომ მაქ მრავალწლოვანი ხეები ფაქტობრივად ზოგი გზაზეა გადმოსული. გზის სავალ ნაწილზე ორმული სამუშაოები ჩავატარეთ, მაგრამ წყალი რომ დგება, ეს უფრო იმის ბრალია, რომ მერიამ ჩვენთან შეთანხმების გარეშე გასცა მაქ მშენებლობებზე ნებართვები, მშენებლობების შედეგად კი, ძველი სანიაღვრეები რაც იყო, ისიც დაზიანდა,“ – აცხადებს ზურაბ სიხარულიძე.

დირექციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ორ-სამ დღეში დაიხაზება ზებრა გადასასვლელები [რაც ზურაბ სიხარულიძის თქმით, უამინდობის გამო აქამდე ვერ მოხერხდა], ასევე მოეწყობა „მწოლიარე“ ზღუდარებიც.

ფრიდონ ხალვაშის გამზირი / 21.05.2017
ფრიდონ ხალვაშის გამზირი / 21.05.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტოები

ფრიდონ ხალვაშის გამზირი / 21.05.2017ფრიდონ ხალვაშის გამზირი / 21.05.2017ფრიდონ ხალვაშის გამზირი / 21.05.2017ფრიდონ ხალვაშის გამზირი / 21.05.2017ფრიდონ ხალვაშის გამზირი / 21.05.2017ფრიდონ ხალვაშის გამზირი / 21.05.2017ფრიდონ ხალვაშის გამზირი / 21.05.2017


 

„ოცნების ქალაქი აღებაშია?“ – ავტობანი და კომპენსაციის მოლოდინები

სიახლე ფინკა ბანკში – ყველა დისტანციური საბანკო მომსახურება ერთის ფასად

ფინკა ბანკი განაგრძობს მომხმარებლებისთვის განახლებული პროდუქტების და სერვისების შეთავაზებას. ამჯერად, ბანკი პაკეტური შეთავაზების სახით მომხმარებელს სხვადასხვა დისტანციურ პროდუქტსა და სერვისებს ერთის ფასად სთავაზობს. პაკეტური შეთავაზება „ონლაინ“ და „ონლაინ+“ მოიცავს შემდეგი საბანკო პროდუქტსა და მომსახურებას: VISA ELECTRON ან VISA CLASSIC ბარათი, ინტერნეტ ბანკინგი, ტელეფონ ბანკინგი, SMS მომსახურება, ავტომატური დავალება და ა.შ.

პაკეტური შეთავაზება ახალი შესაძლებლობაა, რომ მომხმარებელმა დისტანციურად, მარტივად მართოს საბანკო ანგარიშები და განახორციელოს ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციები.

თამარ სოფრომაძე, საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის უფროსი
თამარ სოფრომაძე

თამარ სოფრომაძე, საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის უფროსი: „პაკეტური შეთავაზების შექმნის მიზანი იყო მომხმარებლებისათვის გაგვემარტივებინა ბანკთან ურთიერთობა, მიგვეწოდებინა სრული საბანკო სერვისები დისტანციური არხების საშუალებით, რაც დაზოგავს მომხმარებლების დროს და მომსახურების პროცესს უფრო ეფექტურსა და კომფორტულს ხდის. აღსანიშნავია, რომ საპაკეტო მომსახურების არჩევის შემთხვევაში, მომხმარებელი ზოგავს არამარტო დროს, არამედ ფულსაც, ვინაიდან რამდენიმე საბანკო პროდუქტით ერთდროულად სარგებლობს და იხდის მხოლოდ ერთის საფასურს. დისტანციური არხების გამოყენება მომხმარებლებისათვის კომფორტული და მომგებიანია“.

ფინკა ბანკის საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში, ვებ გვერდზე www.FINCA.ge და ასევე, ცხელი ხაზის საშუალებით 24 საათის განმავლობაში ☎ 2 24 49 49

COVER 04

ეტიუდები ჩოხატაურიდან

ის იყო ბათუმი-ჩოხატაურის სამარშრუტო ტაქსი ჩოხატაურში შევიდა, რომ ვიკითხე – ჩოხატაურის ცენტრი ესაა-მეთქი? ჩოხატაურის ცენტრიც ესაა ბიძია და სამყაროსიცო, – მიპასუხა ვიღაც კაცმა, რომელიც მთელი გზა თავისთვის, ჩუმად იჯდა. ჩოხატაურში ჩასულს ნახევრად გამდნარი თოვლი, ატალახებული ქუჩები და ცოტა მზე დამხვდა.

ჩოხატაურის ცენტრალური ნაწილი საბჭოთა არქიტექტურის სასაფლაოს ჰგავს. და ამ ნაცრისფერ რეალობაში, დაბის ცენტრში, ახალაშენებული კულტურის ცენტრის თეთრი შენობა სუფთა ჰაერივითაა.

DSC_0510

კარგა ხანია საქართველოს ქალაქებს სახელწოდება „რაიონი“ შეეცვალა და მუნიციპალიტეტად მოიხსენიებენ, მაგრამ ჩოხატაურელებისთვის ჩოხატაური მაინც რაიონია. „რაიონში მივალ; რაიონში ვიყავი; ჩვენი რაიონი“, – დღემდე ასეა. სიტყვა „მუნიციპალიტეტი“ ვერც ძველმა თაობამ მიიღო და ვერც ახალმა. დაბა იმდენად პატარაა, ყველა-ყველას იცნობს. ქუჩებს ოფიციალური დასახელებები კი აქვს, მაგრამ, ძირითადად, ორიენტაცია ასე ხდება – „მაი სა ცხოვრობს იცი? აი, ის რომ ცხოვრობს, იქანე“.

ჩოხატაურს შუაზე ორპირას ღელე ჰყოფს. ღელის გაღმა-გამოღმა სახლები, მაღაზიები და ძველი შენობებია. ადრე ბევრი, ბევრი წლის წინ, როცა ამ გზაზე არც ასფალტი იყო და არც ახლანდელი ინფრასტრუქტურა, ორპირას ღელის პირას დუქნები იყო ჩამწკრივებული.

ცხოვრობდა ერთი კაცი ჩოხატაურში, ლუკა ბერძენიშვილი. ხის ხელოსანი, ხეზე მუშაობა ბათუმში შეისწავლა, რუსული და გერმანული იცოდა. გერმანული ჟურნალები ჰქონდა გამოწერილი, კითხულობდა და მერე ღელის პირას ჩამწკრივებული დუქნების წინ შეკრებილ ხალხს უყვებოდა ამბებს. ერთხელ უთქვამს: „მოვა დრო, ამერიკაში ფეხბურთს რომ ითამაშებენ, ჩვენ აქედან დევინახავთო“. მთელი ჩოხატაური დასცინოდა თურმე – „ამდენმა კითხვამ ლუკაია გააბდლაო“.

1937 წელს, 65 წლის ასაკში გადაასახლეს, ბრალად სახელმწიფოს წინააღმდეგ აგიტაცია დასდეს. ლუკას ბედი ბევრმა ჩოხატაურელმა გაიზიარა. ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში იმ ადამიანების სპეციალური კუთხეა, რომლებიც რეპრესიებს შეეწირნენ.

ჩოხატაურელებს წარსული კარგად ახსოვთ, აწმყო არ მოსწონთ, მაგრამ მომავალში „უკეთესობა რომ იქნება“, მაგის იმედი ჯერ არ დაუკარგავთ. მთავარი იმედი და საგანძური ამ პატარა დაბისთვის კურორტი ბახმაროა. ზამთრობით მიუვალი, მაგრამ ზაფხულობით ერთადერთი ადგილი, სადაც წასვლა დიდიან-პატარიანად ყველას უხარია.

გაუკვალავთოვლიანი ეზოები

გურულებს სტუმარი კი უყვართ, მაგრამ როცა იგებდნენ, რატომ ვიყავი გურიაში ჩასული, სინანულნარევ შეკითხვას მაგებებდნენ – „კი, მაგრამ ზაფხულში რატომ არ ჩამოდი?“, და იქვე დასძენდნენ – „ზაფხულში გურია სულ სხვაა“. გურულები ხუმრობენ, „თოვლში გურია ძალიან ლამაზია, არ ჩანს არაფერიო“.

DSC_0549 DSC_0026

თოვლს სარკის ეფექტი აქვს გურული სიმარტოვის დასანახად. სოფლის შუკებს რომ აუყვები, გზის გაღმა-გადმოღმა ჩამწკრივებულ სახლებს გადახედავ, ადვილად მიხვდები, რომელ სახლშია ცხოვრება დაპაუზებული. ბევრი გურული ოდაა, სადაც დილაობით ბუხარში ცეცხლს აღარავინ ანთებს და აღარც ჭიშკრამდე მისასვლელ გზაზე თოვლს კვალავს ვინმე.

ზუსტი სტატისტიკის მოპოვება რთული აღმოჩნდა, მაგრამ თუ ჩოხატაურელებს დავეყრდნობი, სოფლებში ყოველი მესამე სახლი დაკეტილია. ზოგი სახლი ზაფხულობით იღება, ზოგი წლებია არ გაღებულა.

დაბას, ძირითადად, ახალგაზრდები ტოვებენ. სკოლას ამთავრებენ, განათლების მისაღებად ბათუმში, თბილისში ან ქუთაისში მიდიან და მერე აღარ ბრუნდებიან. მიზეზი ზოგადქართულია – სამუშაო ადგილების არარსებობა და განვითარების პერსპექტივის არქონა.

ჩოხატაურის ცენტრში კულტურის ცენტრის ახალაშენებული დიდი თეთრი შენობა დგას. ჩანაფიქრის მიხედვით, კულტურის ცენტრი უნდა გახდეს დაბის კულტურული ცხოვრების მამოძრავებელი. თუმცა ამ ეტაპზე ჩოხატაურელების ინფორმირებულობა მისი საქმიანობის შესახებ ზოგადი ფრაზით იწურება – „აგერ რაცხა შენობა აგვიშენეს, გარედან ლამაზია, შიგნით რა ხდება, არ ვიცით“. ამ „ლამაზ შენობაში“ სხვადასხვა ანსამბლსა და ჩოხატაურის სახალხო თეატრის დასს ნახავთ. თეატრის რვაკაციანი დასი ორი ვოდევილის – გიორგი ერისთავის „უჩინმაჩინის ქუდის“ და რაფიელ ერისთავის „იჭვიანის“ გაერთიანებულ ვერსიაზე მუშაობს. პრემიერა აპრილში აქვთ დაგეგმილი. ფიქრობენ, რომ ვოდევილები, მართალია, ძველია, მაგრამ ახლაც აქტუალური. ამავე შენობაში ერთი სართულით ზევით ანსამბლ „ნართს“ აქვს ბინა დადებული.

სახალხო თეატრის დასი
სახალხო თეატრის დასი

DSC_0040

88 წლის ვარდო თოდრია პირველი ქალი იყო ჩოხატაურში, რომელსაც მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი ჰქონდა. ახლა ჩოხატაურის კულტურის ცენტრთან არსებულ თავისივე სახელობის ანსამბლ „ნართს“ ხელმძღვანელობს. იმ დილით, როცა ერთმანეთს შევხვდით, სამსახურში მისასვლელად ორი კილომეტრი ფეხით გამოიარა. „მანქანები კი მოდიოდა, მაგრამ არავინ გააჩერა, ალბათ ვერ მიცნესო“, -ჩაილაპარაკა ანსამბლისთვის გამოყოფილ სარეპეტიციო ოთახში შემოსვლისას. თუმცა ვარდოს ყველა იცნობს. ცხოვრების უმეტესი ნაწილი დაბაში გაატარა და როგორც ამბობს, „ჩოხატაურში კაბინეტი არაა, მისი ყოფილი მოსწავლე რომ არ მუშაობდეს“.

მინდოდა ანსამბლის რეპეტიციას დავსწრებოდი, მაგრამ 17 თებერვლის დილას „ნართს“ რეპეტიცია არ ჰქონია. „დათო მოკვდაო“ – ელვისებურად ჩამოუარა ოთახებს ამბავმა, ანსამბლის წევრებმა ინსტრუმენტები გვერდით გადადეს და გადაწყვიტეს ასე გამოეხატათ პატივისცემა გარდაცვლილისადმი. ჩაშლილ რეპეტიციას მოყოლილმა საუბარმა კი გურული ხასიათის თავისებურება დამანახა – ზოგიერთი საქმისადმი სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ გამღერებს მაშინაც კი, როცა არ გემღერება.

„იცი, რაზე ვოცნებობ? მოვდიოდე აქ, ვაკეთებდე ამ საქმეს, რომელიც ასე მიყვარს და სხვა რამის კეთება არ მიწევდეს, სხვა რამეზე არ ვფიქრობდე“, – მითხრა ბაჩომ, ანსამბლის ლოტბარმა. ეს „სხვა რამე“ დამატებითი სამუშაოა, რადგან ანსამბლის წევრების ყოველთვიური ანაზღაურება 92 ლარია.

ვარდო თოდრია
ვარდო თოდრია

ჩეჩქობეთი

ჩოხატაურის ცენტრში, ორპირას ღელის პირას რამდენიმე შენობა დგას, მაგრამ ამათგან მხოლოდ ერთია ისეთი, რომელშიც თავმოყრილია რესტორანი, სასადილო, ლომბარდი, სტომატოლოგიური კლინიკა, კომპიუტერული მომსახურება, სტამბოლიდან ჩამოტანილი ნივთების მაღაზია და „ჩეჩქობეთი“. „ჩეჩქობეთი“ სინამდვილეში სამ დანგრეულ ოთახში განთავსებული კომპიუტერული თამაშების ცენტრია, სადაც ჩოხატაურელი თინეიჯერები იყრიან თავს. ცივი და ფანჯრებჩალეწილი შესასვლელიდან კომპიუტერული თამაშების ცენტრისკენ გზას ოთახებიდან გამომავალი ხმა გიკვალავს. რკინის კარზე აბრა არ არის. კარს მიღმა ბნელი დერეფანია, რომელსაც ერთ კუთხეში ჩამწკრივებული მოციმციმე კომპიუტერების ეკრანი და ერთდროულად მხრჩოლავი რამდენიმე სიგარეტის შუქი ანათებს.

DSC_0399
ჩეჩქობეთი

დერეფნის სიღრმეში მბჟუტავი ნათურისკენ მივდივარ. ასანთის კოლოფისხელა ოთახში ერთი კომპიუტერი და ერთიც დიდი მონიტორი დგას, რომლის წინ ჩამომჯდარი ორი თინეიჯერი ფეხბურთს თამაშობს. ერთს დიმიტრი ჰქვია, მეორეს – გიორგი. ის იყო ვთქვი ჩოხატაურზე მინდა რამე დავწერო-მეთქი, მაშინვე კითხვა მომიბრუნეს – „მერე, ჩეჩქობეთში რამ მოგიყვანაო“. კითხვას კითხვითვე ვუპასუხე – ჩეჩქობეთი რა არის-მეთქი. აღმოჩნდა, რომ იმ ასანთის კოლოფის მეპატრონეს „ჩეჩქოს“ ეძახიან, ისე, სინამდვილეში იოსები ჰქვია, ხანდახან სოსოც. გააჩნია „ჩეჩქობეთის“ მთავარი სპონსორი თინეიჯერები რა ხასიათზე გამოივლიან სკოლიდან.

კომპიუტერული თამაშების ცენტრში მყოფი თითქმის ყველა თინეიჯერი მე-12 კლასელი აღმოჩნდა. როგორც მითხრეს, „მასწავლებელთან წასვლამდე დარჩენილი დროის მოსაკლავად“ იყვნენ შემოსული სათამაშოდ.
„ჩეჩქია ჩვენი სულიერი მამაა“, – ხუმრობს დიმიტრი და თან ცდილობს თამაშს არ ჩამორჩეს. ჩოხატაურელი ბიჭების თავისუფალი დრო სწორედ „ჩეჩქობეთსა“ და ბიბლიოთეკას შორის ნაწილდება. ოღონდ ბიბლიოთეკაში, ძირითადად, გასათბობად შედიან, გოგოებისთვის თვალის შესავლებადაც, რადგან „ჩეჩქობეთში“ გოგოები არ დადიან. სხვა სივრცე, სადაც წასვლას შეძლებენ, ამბობენ, რომ არ აქვთ. „ჩეჩქობეთში“ ირჩევა ყველა ამბავი, რაც მათ ცხოვრებაში ხდება – ლაპარაკობენ მანქანებზე, ახალ თამაშებზე, გოგოებზე, ჩოხატაურიდან რომ წავლენ, მერე რას გააკეთებენ. რომ შეგეძლოთ რას შეცვლიდით ჩოხატაურში-მეთქი – ვკითხულობ და ასანთის კოლოფი მოზუზუნე სკას ემსგავსება.

„ჩეჩქიას დავუნიშნავდით დღიურ ხელფასს და აქ ყველაფერი იქნებოდა უფასო“ – ამბობს ერთი. „ჩეჩქობეთს შევუცვლიდით ინტერიერს,“ – ამბობს ვიღაც მეორე კუთხიდან. „გამწოვები არ დაგავიწყდეს, მერე სიგარეტის სუნი აღარ დადგება,“ – იძახის ღია კარში მდგომი სათვალიანი ბიჭი. „დანგრეული სკამების ნაცვლად რბილი სავარძლები იქნებოდა“, „კაი კომპიუტერებს დავდგამდით“, – ყველა ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს „ჩეჩქობეთის“ განახლების იდეაში.

„მე რომ შემეძლოს, ჩოხატაურში დიდ გასართობ ცენტრს გავაკეთებდი, ბოულინგიც იქნებოდა იქ, ბილიარდიც, ტენისიც, თამაშებიც. ყველა ივლიდა და გაერთობოდა,“ – მეუბნება გიორგი, რომელსაც ბოლო ლარიანით ნაყიდი თამაშის დრო დაუმთავრდა და სალაპარაკოდ მოიცალა.

სიცილ-ხარხარში მოსული „ჩეჩქობეთის“ განახლების იდეების მიღმა, თითქმის ყველას ნიჰილიზმი ეტყობა. ბიჭებს ჩოხატაურში არაფერი მოსწონთ, – მიიჩნევენ, რომ აქ ის ცხოვრება არაა, როგორიც თუნდაც ბათუმში, ქუთაისში ან თბილისშია.

„წიგნის მაღაზია არ გვაქვს, კინო არ გვაქვს, გასართობი ცენტრი არ გვაქვს, შაურმაც კი არ გვაქვს, ცხოვრება არ გვაქვს საერთოდ. დაბადების დღე ვისაც ზაფხულში აქვს, კი ვიხდით, ზამთარში ვითომ არ გვაქვს. ახალ წელს უნდა ჩამოსულიყავით, ნაძვის ხე გენახათ – იტირებდით“, – მეუბნება დიმიტრი შესაბრალისი ინტონაციით და მის ამ ნათქვამზე „ასანთის კოლოფს“ სიცილის ახალი ტალღა უვლის.
დამშვიდობებისას ბიჭებს სურათის გადაღების ნებართვას ვთხოვ. გადაიღე, მაგრამ ცუდი არაფერი მიაწეროო – მეუბნებიან და ერთ ამბავსაც მიყვებიან ბონუსად.

„ერთი ჟურნალისტი იყო აქ. ფოტოები გადაიღო და გაზეთში დაბეჭდა, სკოლის პერიოდში ბავშვები ბურას თამაშობენო. არადა, არ იყო სკოლა. დამთავრებული იყო გაკვეთილები. ერთი მამუკაა ჩვენი თანატოლი, მამამისს უთხრეს, შენი შვილიც თამაშობდა კარტსო. დაიბარა. ყველას გვეგონა ძაან უსაყვედურებდა. ველოდებოდით, რას ეტყოდა. მამამისთან რომ მივიდა, პირველი რა კითხა იცი?
– ქე მაინც მეიგეო? მერე გაუბრაზდა – ბიჭო, რომ დეინახე ჟურნალისტი შემოვიდა, რატომ არ დაანებე თამაშს თავიო. რაის დამენებებია, დავი მქონდა ნათქვამიო“.

თუ ბიჭები „ჩეჩქობეთს“ აფარებენ თავს, გოგოებისთვის ასეთი ადგილი ჩოხატაურის საბიბლიოთეკო გაერთიანებაა. გაკვეთილების დამთავრების შემდეგ უმრავლესობა ბიბლიოთეკაში მიდის, ზოგიერთი კითხულობს, ზოგიერთი მასწავლებელს ელოდება, ზოგიერთი ისვენებს, თბება. ბიბლიოთეკის ინტერიერი საბჭოთა დროინდელია, მოძველებული. „გუშინ კითხვის დღე გვქონდა. ვამბობდი, ახლა პუფები რომ გვქონდეს, დავსხამდი ბავშვებს, შინაურულად წავიკითხავდი-მეთქი. მინდა, ლამაზი საბავშვო განყოფილება გვქონდეს,“ – მეუბნება ბიბლიოთეკის თანამშრომელი.

ბიბლიოთეკა ერთადერთი ადგილია უფროსი ასაკის ადამიანებისთვისაც, სადაც გაზეთების უფასოდ წაკითხვა შეუძლიათ.

„ყოფილა შემთხვევა, მოსულან, წიგნი ნდომებიათ, მაგრამ დრო არ ჰქონდათ გაჩერების. მე გავყოლილვარ და მომიყოლია რაც ვიცოდი, მერე დავბრუნებულვარ,“ – ამბობს ბიბლიოთეკის თანამშრომელი აკაკი და იცინის.

ბიბლიოთეკა ექვს საათზე იკეტება. მისი მკითხველების ოცნება კი ისაა, შვიდ-რვა საათზე ამთავრებდნენ მუშაობას. ასე მეტი დრო ექნებოდათ იქ გასატარებლად.

DSC_0410

არარსებული სივრცეები

გურულები არ წუწუნებენ. გაჭირვებაზეც, დალხინებაზეც, ქონება-არქონაზეც – უბრალოდ, ხუმრობენ. იუმორში გადააქვთ დარდი არსებულ ყოფაზე. ის, რის ნაკლებობასაც უცხო ადამიანი იქ პირველივე ჩასვლაზე გრძნობს, წასასვლელი ადგილების არარსებობაა. არ არის სივრცეები არც ბავშვებისთვის, არც ახალგაზრდებისთვის, არც შუახანს მიტანებულთათვის და არც მოხუცებისთვის. მარიტა ჩოხატაურის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში მუშაობს. ის ერთ-ერთია იმ მცირე ჯგუფიდან, ვინც უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ რაიონში დაბრუნდა და სამუშაო იპოვა. მარიტას დასაბრუნებლად მიზეზი ჰქონდა – დაოჯახდა.
რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი ჩოხატაურში? – ვკითხე მარიტას.

„ყველაზე მეტს ბავშვებზე ვფიქრობო“, – მიპასუხა. „როცა ქობულეთში ან ბათუმში ჩაგვყავს ბავშვები, თვალებგაფართოებული უყურებენ საბავშვო ატრაქციონებს. არაფერია აქ, რითაც შეიძლება ბავშვი გაერთოს. თუნდაც ელემენტარული, ცურვაზე რომ ვატარო, ოზურგეთში უნდა წავიყვანო. ამის საშუალება კი ყოველთვის არ არის“.

ბავშვებზე დარდობს თამუნაც, რომელიც სასადილოში მუშაობს. დარდობს და ფიქრობს, უფრო დიდ ქალაქში რომ ეცხოვრა, უკეთესად იქნებოდა, ვიდრე დღესაა. „კი, ქალაქში უფრო მეტი ხარჯია, მაგრამ შემოსავალიც მეტიაო,“ – ამბობს.

„ერთი კერძო დაბადების დღის ცენტრი გაიხსნა, მაგრამ გაქვს კი საშუალება იქ ბავშვს დაბადების დღე გადაუხადო? ვერც სკვერში გაუშვებ ბავშვს, სკვერი არაა. გინდა გაასეირნო, მაგრამ სად უნდა წაიყვანო? ერთი სასრიალოა, კარგი, წაიყვან, მაგრამ რამდენჯერ უნდა ჩამოსრიალდეს ამ ერთ სასრიალოზე?“ – მეკითხება რიტორიკულად.

გართობისა და დასვენების რა გითხრათ, მაგრამ ყავის დალევა თუ მოგინდებათ, ამ საქმისთვის უალტერნატივო სივრცე ჩოხატაურში კაფე „ციცინათელაა“. უალტერნატივო იმიტომ, რომ სხვა კაფე დაბაში არ არის. არის კიდევ ერთი სასადილო „ნიკალა“, ადგილი, სადაც ქალები არ დადიან. „ნიკალაში“ შესულს პირველი, რაც თვალში მოგხვდება, კედელზე, თაბახის ფურცელზე ამობეჭდილი წარწერაა – „ნისია არ გაიცემა“. ერთი ცარიელი და მეორე ნახევრადცარიელი მაცივრის გვერდითაც იგივე განცხადებაა გამოკრული. ქეთი სასადილოს მენეჯერია. ვეკითხები, თუ რატომ არ დადიან ქალები სასადილოში. მეუბნება, რომ მიზეზი არ იცის, რომ „გოგო ბავშვები“ დადიან, მაგრამ ქალები არასდროს“.

„თავიდან მრეცხავად დავიწყე მუშაობა, მრცხვენოდა, ხალხი რას იტყოდა. მერე დავძლიე ეს სირცხვილი და მიმტანად გადავედი. ყველა ალაპარაკდა. არაფერს ვაშავებდი, აქაურ საზოგადოებას სირცხვილად მიაჩნია სასადილოში ქალის მუშაობა. ადრე ვნერვიულობდი, ახლა აღარ მაინტერესებს. ზუსტად ვიცი, ჩემს სამ შვილს სჭირდება, რომ ვიმუშაო“, – მეუბნება ქეთი. მსგავს დამოკიდებულებას გრძნობს თამუნაც, რომელიც ქეთისთან ერთად მუშაობს.

„ვუყურებ ამდენი წელია ამ დაბას და ვხედავ, არაფერი იცვლება. მეც ვცდილობ წავიდე, ისე, როგორც ბევრი წავიდა,“ – მეუბნება.

ახლა ჩოხატაურელებს დაბის განვითარების მთავარ იმედად ტურიზმი ესახებათ. დაბას თავზე გურიის ქართლის დედად წოდებული ქანდაკება გადმოჰყურებს. 27 წლის წინ იქ დასასვენებელი პარკი იყო. დაბის მცხოვრებლები ადიოდნენ. ახლა ძველი ინფრასტრუქტურიდან აღარაფერია დარჩენილი. მოვლა სჭირდება სოფელ გორაბერეჟოულში მდებარე ერისთავების სასახლეს და დენდროლოგიურ პარკსაც. მხოლოდ ზაფხულობით ცოცხლდება კიდევ ერთი ტურისტული ადგილი – გურიის ტბა, რომელსაც გურულები ხუმრობით „გურიის სენტროპეს“ ეძახიან. აქამდე ზაფხულში დასასვენებელი ადგილი იყო კურორტი ბახმაროც, მაგრამ წელს, 60-კაციანი დელეგაციით ჩამოსულმა შვეიცარიელმა ბიზნესმენმა ინგუ შლუტიერმა ბახმაროს ახალი პერსპექტივა გაუჩინა. ჩოხატაურში იმედი აქვთ, რომ ბახმარო ზამთრის კურორტადაც შეიძლება იქცეს.

DSC_0645

DSC_0306

დაბაში სასტუმრო არ არის. მოსახლეობა ბინებს დღიურად, კერძოდ აქირავებს. ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი „სკიჯის სახლია“ სოფელ ხიდისთავში.

ბაზრობა

ყოველ ცისმარე კვირა დილას ჩოხატაური ზუსტად ისე იღვიძებს, როგორც სხვა დანარჩენ დღეებში, მაგრამ კვირა მაინც განსაკუთრებულია. ამ დღეს გურიის სოფლებიდან დაბის ცენტრის უძველესი ბაზრისკენ გლეხები დაიძვრებიან. ჩაყრიან ჩანთებში ყველს, ლობიოს, სიმინდს, გოჭს; ქათამსა და ინდაურს ფეხს შეუკრავენ, მჭადის ფქვილი, ნიგოზი და ჩირიც არ დაავიწყდებათ, გაშლიან დახლებზე სოფლის ნობათს და ელოდებიან მყიდველს. მყიდველზე მეტი მაინც უფრო გამყიდველია. მყიდველები, ძირითადად, ბათუმიდან ჩამოსული ვაჭრები არიან, რომლებიც ცდილობენ ნატურალური პროდუქტი შედარებით იაფად იყიდონ და მერე ბათუმში ცოტა უფრო ძვირად გაყიდონ.

„ბიჭიკო, აი რაია, ქათამია?“ – კითხულობს შუახნის ქალი და კარგა მოზრდილ დედალს ხელში ატრიალებს. იქვე მოხუც ქალს „შვილივით ნაზარდი“ ინდაური გულში ჩაუხუტებია და მყიდველს ელის. გვერდით, ახალგაზრდა ქალს პატარა, გამხდარი გოჭისთვის ფეხზე თოკი ჩაუბამს. კილოს 11 ლარად აფასებს, თუმცა ვაჭარს 10 ლარად უნდა იყიდოს. ვაჭრობენ, ვაჭრობენ, ვერ რიგდებიან. ქალი ახალ მყიდველს ეძებს, გოჭი კი ატალახებულ, ამოყრილ ასფალტზე – საკვებს. იქვე ვიღაცას ძველ, წითელ მანქანაზე თხა მიუბამს. თხაც და პატრონიც, სხვების მსგავსად, მყიდველს ელიან, რომელიც არა და არ ჩანს.

ჩოხატაურის სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირეც ყველაზე კარგად ბაზარში იგრძნობა. გია წლებია ბაზარში ხორცს ყიდის. ახლა ფიქრობს, რომ „რაიონის ცხოვრებაში წინსვლა არაა“. მას დაბის სოციალური ფონის შესაფასებლად თავისი საზომი აქვს: „გასულ წელს კვირაობით ორ ღორს თუ ვყიდდი, ახლა ვყიდი ერთსო“, – ამბობს.

ვკითხულობ, როგორი სოციალური მდგომარეობაა ჩოხატაურში და გურულ პასუხს ვიღებ: „თხილს თუ ფასი დოურჩა, ძვირფასი. 12 ლარი რომ ღირდა, მაშინ კარგად ვიყავით, მაგრამ აი, შარშან, ვერ იყო კარგად საქმე“.

DSC_0089

შიდასასოფლო ტრანსპორტი ჩოხატაურში არცთუ ისე რეგულარულად მოძრაობს. როცა ვიკითხე სოფლებში წასვლა მინდა და „მარშრუტკები“ საიდან გადის-მეთქი, არ მოძრაობსო – მითხრეს. მერე სხვაგვარად ვიკითხე – სოფლებში მარშრუტკები რატომ არ მოძრაობს-მეთქი. „უჰ, რას ამბობო, ყველა სოფელში დადის მარშრუტკაო“. მოკლედ, ისეთი ამბავია, ხან მოძრაობს და ხან – არა. ერთადერთი, რაზეც ზუსტი პასუხი მივიღე და საკუთარი თვალითაც ვნახე, კვირაობით ჩოხატაურის ყველა სოფლიდან ჩამოდის მიკროავტობუსი, მგზავრებს ელოდება, როდის გაყიდიან წამოღებულ პროდუქტს და მერე ისევ სოფელში ბრუნდება. კვირას შიდასასოფლო ტრანსპორტი ნამდვილად მოძრაობს.

ჩოხატაურელებს ცოტა გული წყდებათ, არავინ ყურადღებას ჩვენ არ გვაქცევს, ამინდის პროგნოზშიც კი არ გვაცხადებენო. ჩოხატაურში მომავალი დღის ამინდის პროგნოზი რომ გაიგონ, ქუთაისისა და ბათუმის ტემპერატურას ასაშუალებენ. ქუთაისის ტემპერატურას ამატებენ, ბათუმისას – აკლებენ. „თუ ბათუმში +5 გრადუსია, ვვარაუდობთ, რომ ჩოხატაურში +3 მაინც იქნება. ორი-სამი გრადუსით ვაკლებთო“.

ნაღდი გურულები

ხუთი დღის მანძილზე, რომელიც ჩოხატაურში გავატარე, ყველაზე ხშირად მესმოდა ფრაზა: „ჩვენ, ჩოხატაურელები ნაღდი, წმინდა სისხლის გურულები ვართ“. როცა ჩავეკითხებოდი „ნაღდ გურულობაში“ რას გულისხმობთ-მეთქი, ყველა სხვადასხვაგვარად მპასუხობდა. ერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა:

„ერთი რამდენი ოზურგეთელი ან ლანჩხუთელი წევს მთაწმინდაზე, მითხარი? სამაგიეროდ, ორი ჩოხატაურელია დაკრძალულიო“. ნოდარ დუმბაძესა და ანა კალანდაძეს გულისხმობდნენ.

DSC_0536

 

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელების“ მარტის ნომერში.

ავტოავარია ბათუმში – დაშავებულია ორი ადამიანი

21 მაისს, ბათუმში, ნიჟარაძის ქუჩაზე, ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულებიდან ერთს ქვედა კიდურების მოტეხილობა, ხოლო მეორეს ქალა-ტვინის ტრავმა აქვს. ორივე მოქალაქე გადაყვანილია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში.

შს სამინსიტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო – „ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ“.

შსს: აჭარაში ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შს სამინსიტროს ინფორმაციით,  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.ქ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ახალსოფლის დასახლებაში დააკავეს.

როგორც შს სამინსიტრო იუწყება, სამართალდამცველებმა, ა.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას, 29 აბი და აბის ნატეხები ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ბუპრენორფინს შეიცავს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს – საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

აქტივისტები ბსუ-ში გიწვევენ

22 მაისს, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში იმართება საქველმოქმედო საღამო არჩილ შაქარიშვილის დასახმარებლად. უნივერსიტეტის დასი „თეატრონი“ საღამოზე წარმოადგენს სპექტაკლს „ოჯახური იდილია“, რომლის რეჟისორიც არის როინ დვალი.

18485468_1302060043207871_5539824751584766369_n27 წლის არჩილს რვა წლის წინ დაუდგინდა ქვემო კიდურების სისხლძარღვების ქრონიკული იშემია (უკმარისობა), ქრონიკული თრომბანგიიტი. მას ფეხის შესანარჩუნებლად სასწრაფოდ სჭირდება საზღვარგარეთ ოპერაცია, მაგრამ მის ოჯახს არ აქვს საკმარისი თანხა.

არჩილს აქვს ფეხზე ნეკროზები და ტროფიკული წყლულები ძლიერი ტკივილით,  ტკივილს ზოგჯერ არც მორფინი უყუჩებს. საქართველოში ვერ ახერხებენ ფეხის გადარჩენას, რადგან არ არის სათანადოდ აღჭურვილი კლინიკა. თუ სასწრაფოდ არ გაუკეთეს არჩილს ოპერაცია, განვითარდება სეფსისი, მოიწამლება ორგანიზმი, დაავადება ჩაითრევს სხვა ორგანოებსაც. დაწყებულია განგრენა.

როგორც საღამოს ორგანიზატორებმა „ბათუმელებს“ აცნობეს, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში დაგეგმილ სპექტაკლზე დასწრების ღირებულება არის 10 ლარი.

18578765_1469344809792431_537660465_n (1)ვინც ვერ ახერხებთ სპექტაკლზე დასწრებას, მაგრამ შეგიძლიათ და გსურთ არჩილის დახმარება, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ თანხის გადარიცხვით.

მისი საბანკო მონაცემებია:
TBC ბანკი. ანგარიშია GE22TB7761445061100053

TBC pay-ს აპარატიდან: მიუთითეთ დაბადების თარიღი 25/01/1963 პირადი ნომერი 61001039215 მიმღები გულნარა შაქარიშვილი

pay box-ის აპარატიდან: ფინანსური მომსახურება >tbc ანგარიშზე თანხის შეტანა და დაბადების თარიღით და პირადი ნომრით შეგიძლიათ ჩარიცხოთ
საქართველოს ბანკის ანგარიშია GE21BG0000000207371300

 

საპირფარეშოების რეაბილიტაციასა და მოსაცდელების მოწყობაში ქობულეთში 63 ათასი ლარი დაიხარჯება

ქობულეთში გამგეობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საპირფარეშოების რეაბილიტაციას და ახალი მოსაცდელების მშენებლობას გეგმავს. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე ამბულატორიის შენობას სოფელ ბობოყვათში და რამდენიმე არსებულ მოსაცდელს. ამ მომსახურების შეძენაზე გამგეობას ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული, საერთო თანხით – 63 120 ლარი.

ქობულეთის ტერიტორიაზე არსებული საპირფარეშოების და ამბულატორიის შენობის [სოფელ ბობოყვათში] რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე 23 400 ლარია გათვალისწინებული; შესრულებული და მუნიციპალიტეტისთვის გადაცემული სამუშაოების საგარანტიო პერიოდი კი უნდა შეადგენდეს 3 წელს სამუშაოების დამთავრებიდან.

ტენდერში წინადადებების მიღება 23 მაისს დაიწყება და 25-ში დასრულდება. სამუშაოების შესრულების ვადაა არაუგვიანეს 40 კალენდარული დღე.

sapirfareSo

რაც შეეხება ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოსაცდელების [სოფლებში 11 ერთეული ახალი და ერთი ერთეული არსებული მოსაცდელის, ასევე ქ. ქობულეთში მტს და კარიერის დასახლებაში აგურის მოსაცდელის – ორი ერთეული] მოწყობა/რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვას, გამგეობა 39 720 ლარად გეგმავს.

ამ შემთხვევაში ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 5 დღის ვადაში და დაასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში. ტენდერში წინადადებების მიღება 2 ივნისს დაიწყება და 7 ივნისს დასრულდება.mosacdelebi

 

აუდიტი 5 მილიონის მითვისებასა და თანხის არამიზნობრივად გამოყენებაზე აჭარის საწარმოებში

„აუდიტის სამსახურის შეფასებით, ადგილი აქვს კერძო სამართლის სუბიექტში საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად გამოყენებისა და ბიუჯეტში თანხის არასრულად და არათავისდროულად მობილიზების ფაქტებს. შედეგად, სახელმწიფომ დაკარგა შესაძლებლობა დროულად და სრულად მიეღო შემოსავალი, რითაც შესაძლებელი იქნებოდა მისთვის პრიორიტეტული სფეროების სრულად დაფინანსება,“ – აღნიშნულია აუდიტის მოხსენებაში, რომელიც აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ აჭარის მთავრობის ანგარიშს ეხება. მთავრობის ანგარიში აჭარის უმაღლესმა საბჭომაც მოისმინა.

აუდიტის სამსახური განსაკუთრებით უსვამს ხაზს აჭარის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი ორი საწარმოს საქმიანობას: „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ფინანსური აუდიტის ჩატარებისას გამოვლინდა „ჰიგიენა 2009-ში“ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობის – 5 მილიონ 4 ათას 200 ლარის შესაძლო მითვისების ფაქტი, ხოლო „ბათუმის ნავსაყუდელი 2015-ის“ 2015-2016 წლების ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები ვერ იქნა წარმოდგენილი, რაც საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების რეალობის შესაძლო რისკებზე მიუთითებს“.

„5 მილიონის მითვისების საქმეზე“ ბათუმის სასამართლომ ირაკლი ცეცხლაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ირაკლი ცეცხლაძე შპს „ჰიგიენა 2009“-ის დირექტორი იყო, ხოლო თანხა ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში ბათუმის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის იყო განკუთვნილი.

„მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოხდეს ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ყველა საწარმოს [ფუნქციონირებადი თუ არაფუნქციონირებადი] აღრიცხვა და მათი აქტივების და პასივების შესახებ ინფორმაციის განახლება. ფუნქციონირებად საწარმოებში, თაღლითობისა და კანონთან შეუსაბამო საქმიანობის პრევენციის და საწარმოს მენეჯმენტის ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით, უნდა მოხდეს შესაბამისი შიდა კონტროლის მექანიზმების დანერგვა“ – აღნიშნულია აუდიტის მოხსენებაში.

„ჩვენ შევცვალეთ საწარმოების წესდება გახმაურებული საქმის შემდეგ“, – ამბობს პაატა ბერიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვის განყოფილების ხელმძღვანელი. შეტანილი ცვლილებების შემდეგ, შპს-ს დირექტორს აღარ ექნება უფლება, ხელზე გამოიტანოს ბანკიდან თანხა. „ბათუმელები“ იმითაც დაინტერესდა, რა სამართლებრივი რეგულაციები აქვს ხელისუფლებას, რომ სახელმწიფო შპს-ს ხელმძღვანელის მხრიდან თანხის უკანონო მითვისება გამორიცხოს – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ ასეთი მექანიზმი 5 მილიონის მითვისებამდე არ არსებობდა.

აჭარაში დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი და არამოქმედი 60-მდე საწარმოა. აქედან, აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ბიუჯეტში დივიდენდი მხოლოდ 8 საწარმოს შეაქვს. ამასთან, აჭარის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგებიდან, ბიუჯეტში მისამართი დივიდენდების წლიური გეგმა, 2016 წლის ბიუჯეტის კანონით 1,6 მილიონი ლარით განისაზღვრა, რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლებმა კი 1 მილიონ 605 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 100,3 პროცენტია.

2 diagramaa
აჭარის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოებიდან მიღებული დივიდენდები / დიაგრამა აუდიტის მოხსენებიდან

ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, აჭარის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოებიდან, დივიდენდის გადამხდელთა რიცხვი, 2015 წელთან შედარებით, 10-დან 8 ერთეულამდე შემცირდა, საიდანაც 5 საწარმოს მიერ გადახდილი დივიდენდის საერთო წილი 97 პროცენტს შეადგენს:

[checklist]

  • შპს „ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა“ – 114.5 ათასი ლარი,
  • შპს „ბათუმის N1 პოლიკლინიკა“ – 163,8 ათასი ლარი,
  • შპს „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო“ – 174,3 ათასი ლარი,
  • შპს „ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი“ – 105 ათასი ლარი,
  • შპს „სავაჭრო ცენტრი 2009“ – 1 მილიონი ლარი.

[/checklist]

აუდიტი მოხსენებაში, სხვა ფაქტებთან ერთად, მიუთითებს, რომ 2016 წელს არ განხორციელდა 1 მილიონ 811 ათას 400 ლარის დივიდენდის სახით ბიუჯეტში მობილიზება.

კერძოდ: 2015 წლის ფინანსური შედეგების გათვალისწინებით „ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას“ და „სავაჭრო ცენტრ 2009-ს“, დივიდენდის სახით ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრათ, შესაბამისად, 659 ათას 500 და 1 მილიონ 266 ათას 400 ლარი. 2016 წელს „ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას“ გადახდილი აქვს მხოლოდ  114,5 ათასი ლარი, ხოლო შპს „სავაჭრო ცენტრ 2009-ს“, 2015 წლის დივიდენდი საერთოდ არ აქვს გადახდილი.

„აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნული თანხის მობილიზებისათვის ღონისძიებები არ განუხორციელებია“ – აღნიშნულია აუდიტის მოხსენებაში.

ქართული კულტურის დღესასწაული თურქეთის უნივერსიტეტში

რამაზ ხალვაში, ბსუ-ს პროფესორი

12-14 მაისს დუზჯეს უნივერსიტეტში (თურქეთის რესპუბლიკა) შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთასორისო სიმპოზიუმი ჩატარდა, რომელშიც თურქეთსა და საქართველოში მოღვაწე მეცნიერებმა მიიღეს მონაწილეობა. სიმპოზიუმის ორგანიზების მთელი სიმძიმე დუზჯეს უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილებამ (დოცენტები: ნანა კაჭარავა, მაკა სალია, შორენა შენგელია) და დუზჯელმა ქართველებმა, ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელმა ალი ერთუღრულმა და ფევზი ჩელებმა იტვირთეს. სიმპოზიუმი გაიმართა დუზჯეს უნივერსიტეტის რექტორის, ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლის, პროფესორ ნიგარ დემირჯან ჩაქარის თანადგომით, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების აქტიური მონაწილეობით. სიმპოზიუმის ორგანიზებასა და მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ სტამბოლის, დუზჯესა და ინეგოლის ქართული კულტურის ასოციაციები და თურქეთის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ქართველები.

unnamedსიმპოზიუმის ფარგლებში მუშაობდა 9 სექცია: ,,ვეფხისტყაოსანი“ – მსოფლიო ლიტერატურის შედევრი, ვეფხისტყაოსნის“ ტიპოლოგია, „ვეფხისტყაოსნის“ ლექსიკა, „ვეფხისტყაოსნის“ თემატური მოტივები, „ვეფხისტყაოსანი“ და ქართული კულტურა, „ვეფხისტყაოსნი” და საქართველოს ისტორია, ,,ვეფხისტყაოსნის” თარგმანები და სხვ. სიმპოზიუმზე 40-მდე სამეცნიერო მოხსენება იქნა წაკითხული, რომლებიც ეძღვნებოდა შოთა რუსთაველის ბიოგრაფიას და თამარის ეპოქას, „ვეფხისტყაოსნის“ მხატვრულ და ენობრივ სამყაროს, პოემის თარგმანებს… ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სიმპოზიუმში ვმონაწილეობდი მე – „ვეფხისტყაოსნის“ ახალი, არჩილ ხალვაშისეული რუსული თარგმანი წარუდგინა საზოგადოებას და დუზჯეს უნვერსიტეტს „ვეფხისტყაოსნის“ ბილინგვური (ქართულ-რუსული) გამოცემა ვუსახსოვრე, რომელიც დასაბეჭდად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომზადდა.

unnamed (3)შინაარსობრივად და ემოციურად დატვირთული იყო სიმპოზიუმის კულტურულ ღონისძიებათა პროგრამა, რომელიც მოიცავდა გამოფენებს, დოკუმენტური ფილმების ჩვენებას და კონცერტს. საკონფერენციო დარბაზის ფოიეში დუზჯეს ქართული კულტურის ცენტრმა ქართული ეროვნული სამოსის ჩვენება მოაწყო. სიმპოზიუმის მონაწილეებს დაურიგდათ „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების პწკარედული თარგმანი, რომელიც საგანგებოდ ამ ფორუმისთვის მოამზადა ნანა კაჭარავამ. ფოიეს საგამოფენო სივრცე დაეთმო „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემებსა და თარგმანებს, დუზჯელი სტუდენტების მიერ კალიგრაფიულად გაფორმებულ „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმებს, ფერეიდნელი ქართველი მხატვრის ჰელენ იოსელიანის კომპოზიციებს „ვეფხისტყაოსნის“ მოტივებზე. საკონფერენციო დარბაზის სცენაზე „ვეფხისტყაოსნის“ ეპიზოდები გააცოცხლეს დუზჯეს უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტებმა. მხატვრული კითხვის ოსტატმა, სტამბოლელმა ქართველმა ორჰან ბერიძემ „ავთანდილის ანდერძი“ წაიკითხა და გამოთქვა სურვილი, რომ თურქეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭოს. დუზჯელმა ქართველმა, პოეტმა აბდულაჰ ჩელებოღლუმ საკუთარი ლექსი „მუჰაჯირობა“ გააცნო შეკრებილ საზოგადოეას. ამავე ლექსის ქართული თარგმანი ვიდეომონტაჟის ფორმითაც იქნა წარმოდგენილი, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა აუდიტორიაზე.

აქვე გთავაზობთ ა. ჩელებოღლუს ლექსის ნ. კაჭარავასეულ პწკარედულ თარგმანს:

„შენ იცი რაა მუჰაჯირობა?
კლდის ჩამოშლაა,
მდინარის აღმა დინებაა,
გაოგნებაა მუჰაჯირობა.
ყველაფრის მიტოვება და წასვლაა;
სიზმარი არ არის სინამდვილეა,
მწუხარებაა მუჰაჯირობა.
ბებიების, ბაბუების,
დედების, ბავშვების გზაში დაღუპვაა,
ჩამქრალი კერაა,
მინავლული ცეცხლია,
უბედურებაა მუჰაჯირობა.
არცოდნაა, სად წახვიდე,
სად დათესო,
სად მოიმკა, სად მოთიბო…
მიუსაფრობაა მუჰაჯირობა.
წინაპართაგან ნასვამი წყლის ვეღარ დალევაა,
უცხოეთში გაქრობაა,
გადაკარგვაა მუჰაჯირობა.
ქვეყნიერების ზურგზე წამოკიდებაა,
ყინულზე ჩაჭიდების ცდაა, დაცემაა,
სიცარიელეა მიჰაჯირობა.
უკან,  დაბრუნების იმედია,
მაგრამ ვეღარასოდეს დაბრუნებაა…
უცხოთა ხელში დაობლებაა,
უცხოობაში მარტოობაა მუჰაჯირობა.
ცეკვა-სიმღერის, ტრადიციების მოშლაა,
დედაენის დაკარგვაა,
დაკარგვაა მუჰაჯირობა.
რაც უფრო შორდები, მეტია შიში,
წარსულში ჩანაცრებაა,
ტკივილია მუჰაჯირობა.
შენ იცი რაა მუჰაჯირობა?
ნაცნობი გემოს ვერმიგნებაა,
სამოსის ვერმორგებაა,
გემებში  ჩასხდომაა,
წყალში ჩაძირვაა,
დახრჩობაა მუჰაჯირობა!
შენ იცი რაა მუჰაჯირობა?
ბათუმია,  აჭარაა,
„ჩვენებურია“,
ჭირთათმენაა მუჰაჯირობა.
მიუხედავად ყველა სირთულისა,
მაინც ფეხზე დგომაა,
წარმატების მიღწევაა,
ძალიან ძნელია მუჰაჯირობა.
შენ იცი რა არის მუჰაჯირობა?
ბაბუაჩემია, ბებიაჩემია,
დედაჩემია, ჩემი ოჯახია,
ჩემი მოდგმაა, ჩემი სისხლია,
ჩემი სულია,  ჩემი გულია  მუჰაჯირობა.
სიმწარეა, სიძნელეა, სისასტიკეა,
სიკვდილია, სიკვდილია  მუჰაჯირობა,
ნამდვილი სიკვდილია მუჰაჯირობა!“

მუჰაჯირობის თემას ეძღვნებოდა ასევე სიმპოზიუმზე ნაჩვენები მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „მუჰაჯირთა ტრაგედია“ (ავტორი – ერგინ ერენოღლუ).

ქართული ხალხური მუსიკის საკონცერტო პროგრამა წარმოადგინეს სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლის ანსამბლმა „კაფდაღმა“, დუზჯეს ქართული კულტურის ასოციაციის მომღერალთა გუნდმა (ხელმძღვანელი – იბერია მელაშვილი) და დუზჯელი ქართველების ახლადშექმნილმა ქორეგრაფიულმა ანსამბლმა (ხელმძღვანელი – ბესიკ ბუხაიძე). ზემოთქმულიდან გაომდინარე, სიმპოზიუმის დღეები გასცდა სამეცნიერო ფორუმის ფარგლებს და ქართული კულტურის დღესასწაულად გადაიქცა.

unnamed (2)სიმოზიუმის დასკვნით შეხვედრაზე პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია ამგვარი წარმომადგენლობითი სამეცნიერო-კულტურული ფორუმები მომავალშიც გაიმართოს როგორც თურქეთში, ისე საქართველოში. ამ წინადადებას მიესალმა დუზჯეს უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნიგარ დემირჯან ჩაქარი. გადაწყდა, რომ მომავალ წელს საერთაშორისო სიმპოზიუმს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებული ქართული უნივერსიტეტი უმასპინძლებს. ორი წლის შემდეგ კი სიმპოზიუმი ისევ დუზჯეს უნივერსიტეტში ჩატარდება და მუჰაჯირობის საკითხებს მიეძღვნება.

38058თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმაც გამოთქვა. ჩემი ინიციატივით, დიგიტალური ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლაში, რომლის გამართვასაც ბათუმის უნივერსიტეტი მიმდინარე წლის აგვისტოში გეგმავს, მონაწილეობას მიიღებენ თურქეთის უნივერსიტეტებში მოქმედი ქართული ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები. ამჟამად ქართული ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამას თურქეთის ოთხი უნივერსიტეტი ახორციელებს: დუზჯეს, არტაანის, რიზეს რეჯეფ ტაიფ ერდოღანისა და ყარსის კავკასიის უნივერსიტეტები.

 

ბათუმში მუნიციპალურ ავტობუსებს შეღებავენ

ყვითელ, ლიმონისფერ და ვერცხლისფერ საღებავს შეისყიდის „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ მუნიციპალური ავტობუსების შესაღებად. „ავტოტრანსპორტში“ აცხადებენ, რომ ავტობუსები ეტაპობრივად, საჭიროების მიხედვით შეიღებება – ზოგიერთი ნაწილობრივ, ზოგიერთი – მთლიანად.

სატრანსპორტო საშუალებების შეღებვისთვის საჭირო 7 სახეობის 1100 ერთეული [კგ/ლტ]  მასალის შესაძენად „ავტოტრანსპორტი“ მაქსიმუმ 35 593 ლარს გადაიხდის. საღებავების საგარანტიო ვადა ერთი წელი მაინც უნდა იყოს.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ გამოცხადებულ შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღება 23 მაისს დაიწყება და 25 მაისს დასრულდება. საქონლის მიწოდება კი უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, 2017 წლის 31 დეკემბრამდე, ხელშეკრულების გაფორმების დღიდან.

ახალი ავტობუსების შესაძენად ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა. ბათუმის ავტოტრანსპორტში თავის დროზე განაცხადეს, რომ აპირებენ 30 ახალი ავტობუსის შესყიდვას, მათგან 10 ელექტროავტობუსი იქნება. უკვე მეორე წელია საუბრობენ, რომ ახალ ავტობუსებს ბათუმის მერია იბიარდის დახმარებით შეიძენს.

დღეს საწარმოში 152 ავტობუსია.

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“, რომელიც ბათუმის მერიის დაქვემდებარებაშია, დირექტორი ამ დრომდე არ დაუნიშნავთ. პაატა დუმბაძემ შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის თანამდებობა რამდენიმე დღის წინ, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

შესაძენი საქონლის ჩამონათვალი და რაოდენობა სატენდერო დოკუმენტაციიდან
შესაძენი საქონლის ჩამონათვალი და რაოდენობა სატენდერო დოკუმენტაციიდან

ბათუმის მუნიციპალური ავტობუსები:

avtobusis fotoebi_Page_1avtobusis fotoebi

 

ზღვა ნაპირიდან [ფოტოპროექტი]

მათ მთელი ცხოვრება ზღვას მიუძღვნეს, ზღვისკენ მიიწევდნენ, მსოფლიო შემოიარეს, უამრავი საფრთხე და დაბრკოლება გადალახეს. წყალზე იყო მათი სახლი, ნაპირზე კი – ყველაფერი, რაც გააჩნდათ. ისინი შორეული ნაოსნობის კაპიტნები არიან, რომლებიც დღეს უკვე მიწაზე, შავი ზღვის სანაპიროზე ცხოვრობენ. „ბათუმელები“ ფოტოპროექტში – „ზღვა ნაპირიდან“ – შორეული ნაოსნობის ხუთ კაპიტანს გაგაცნობთ.

 

პარმენ ხვედელიძე, შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის დამფუძნებელი და რექტორი

პარმენ ხვედელიძე
პარმენ ხვედელიძე

შორეული ნაოსნობის კაპიტანი 1986 წელს გავხდი. 1994 წლამდე დავცურავდი სხვადასხვა ხომალდზე როგორც კაპიტანი. მსოფლიოს ყველა საზღვაო ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის გარდა. უმეტესად ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში დავცურავდით.

უამრავი რეისი მაქვს შესრულებული ზღვებსა თუ ოკეანეებში, მაგრამ განსაკუთრებით მახსოვს ერთი ზამთრის მოგზაურობა ისლანდიაში. რეიკიავიკის პორტში შესასვლელი ულამაზესია, ჯადოსნურ, ზღაპრულ გარემოში შევდიოდით მეგონა, როცა ლურჯ წყალს ვუყურებდი. ისლანდიიდან წამოსვლისას კურსი გვქონდა ქვემოთ, ინგლისისკენ. ზღვაში მივიღეთ გაფრთხილება შტორმის შესახებ. შევიტყვეთ ისიც, რომ ზღვის ფსკერზე მოხდა მიწისძვრა, რომელმაც წარმოქმნა 30-40 მეტრის ტალღა.

ტანკერს, რომლითაც ვცურავდით, ერქვა „კლაიპედა“. ორძრავიანი გემი იყო, ერთი ხრახნით, მაგრამ ძალიან ძლიერი კორპუსით. ბორის პოტეხინი იყო კაპიტანი. მე ვიყავი მესამე თანაშემწე, სულ რაღაც 23 წლის. დილიდან წყნარი ამინდი იყო, მერე ქარის ღმუილი წამოვიდა, გამყინავი ხმა და ნელ-ნელა აცივდა. წამოვიდა საშინელი წყლის კედელი. ყველას გვეცვა სამაშველო ჟილეტები და კაპიტანი ბორის პოტეხინი ამოვიდა საპარადო ფორმით. იყო რაღაც სიმბოლური და ამაღელვებელი მის ამ ჟესტში. დავიწყეთ ასვლა ამ წყლის მთაზე. მაქსიმალურად ბრუნავდა ძრავი. როგორც იქნა, გავსწორდით. უზარმაზარ ტალღაზე ზემოდან გადავიარეთ. რამდენიმე წუთის შემდეგ დაიწყო შტორმი. წყალში ვიყავით, ხედვა არ იყო.

ერთი კვირის მანძილზე მივცურავდით შტორმში. მერე გავიგეთ, რომ შტორმმა ნახევარი ინგლისი დატბორა. ხმელეთს რომ მივაღწიეთ, გემი ერთიანად გაყვითლებული და დაჟანგული იყო. არ შემშინებია. სიკვდილს ვუყურებდით თვალებში, გადარჩენის მინიმალური შანსი გვქონდა, მაგრამ გადავრჩით. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და შიშს ვერ ვგრძნობდი. წლები რომ გავიდა, მერე შევშინდი.

1994 წელს დავასრულე მუშაობა. თავიდან მენატრებოდა ზღვა. სიზმრებში სულ ზღვაში ვიყავი, ხან სიღრმეები არ მყოფნიდა, ხან ნაპირზე ვერ გავდიოდი. დიდი დრო გავიდა, ახლა აღარ მენატრება.

ედუარდ ჟუკ-ტრიპოლიატი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი, საზღვაო კაპიტანთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი

ედუარდ ჟუკ-ტრიპოლიატი
ედუარდ ჟუკ-ტრიპოლიატი

პირველად ზღვაში, როგორც მეზღვაური, ისე გავედი ტანკერზე სამუშაოდ. 1959 წელს ვეშაპმჭერ გემ „Дивный“-ზე დავიწყე მუშაობა ჯერ კაპიტნის თანაშემწედ, შემდეგ იქვე გავხდი კაპიტანი.

ანტარქტიდაზე მუშაობის პერიოდი განსაკუთრებული იყო ჩემთვის. ამავდროულად საკმაოდ რთულიც. მკაცრი ჰავა, ვეშაპების დევნა მცურავ ყინულის მთებს შორის, ოჯახიდან შორს ყოფნა არ იყო ადვილი, მაგრამ მიყვარდა ჩემი პროფესია. ანაზღაურებაც მაღალი იყო. 80 წლის გავხდი ახლახან. ასაკის მიუხედავად ჩემს პროფესიასთან კავშირს არ ვწყვეტ. ბათუმის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელ „ანრიში“ ახალი თაობის მეზღვაურებს ვზრდი და ვცდილობ, ჩემი ცოდნა და გამოცდილება გადავცე.

მამუკა ახალაძე, შორეული ნაოსნობის კაპიტანი 2009-2011 წლებში

მამუკა ახალაძე
მამუკა ახალაძე

12 წლის განმავლობაში დავცურავდი ზღვებსა და ოკეანეებში. შორეული ნაოსნობის კაპიტანი 2009 წელს გავხდი, 32 წლის ასაკში. 2012 წლიდან საზღვაო სააგენტოს ვხელმძღვანელობ.

ვმუშაობდი ე.წ. `„შერეულ ეკიპაჟში“, სადაც იყვნენ როგორც ქართველები, ისე უკრაინელები, ლიტველები, ლატვიელები, ბელორუსები, ფილიპინელები… მათ ხელშეწყობასა და თანადგომას ყოველთვის ვგრძნობდი. კომპანია „Columbia Shipmanagement“-ი, სადაც ვარ დასაქმებული, ქართველი მეზღვაურების ყველაზე დიდი დამსაქმებელია.

მეზღვაურობა საკმაოდ რთული პროფესიაა, ფუნდამენტალურ და კომპლექსურ განათლებას მოითხოვს. მეზღვაურს მყარი ფსიქიკა უნდა ჰქონდეს, რადგან ყოველდღე ბრძოლა უწევს. ყოველდღიურ რეჟიმში მეზღვაურები ვაფასებთ რისკებს და ეს რისკების შეფასება ცხოვრების წესი ხდება ჩვენთვის. ორი მნიშვნელოვანი ბონუსი აქვს მეზღვაურობას – მაღალი ხელფასი და მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო – უფასოდ.

გარდა ამისა, ადამიანის თვალსაწიერი უფრო ფართოვდება და გლობალური მოქალაქე, გლობალიზაციის ნაწილი ხდები. პიროვნულად გცვლის ეს პროფესია – ტოლერანტი ხდები სხვადასხვა კულტურის, რელიგიის, ადათ-წესებისა და ჩვეულებების მიმართ.

ოსმან ხინკილაძე, შორეული ნაოსნობის კაპიტანი

ოსმან ხინკილაძე
ოსმან ხინკილაძე

„გენერალ ბაგრატიონი“  იყო პირველი ტანკერი, რომელიც ჩავიბარე როგორც კაპიტანმა 1977 წელს. 2001 წლამდე დავცურავდი ზღვაში. ბევრჯერ გადამისერავს ზღვები და ოკეანეები. ჩრდილოყინულოვან ოკეანეშიც ვიყავი. „თეთრი დათვის დიპლომს“ ეძახიან, აი, ეგ დიპლომიც მივიღე ამ მოგზაურობაში.

ზღვა უამრავ ადამიანს გახვედრებს. განსაკუთრებით გამოვარჩევდი უკრაინელებსა და იტალიელებს. საოცარი მეგობრობა იციან.
ბევრი რამ მომცა მეზღვაურის პროფესიამ, პირველ რიგში, სხვადასხვა ეროვნების ხალხთან ურთიერთობა. მსოფლმხედველობა შემიცვალა ამ პროფესიამ. დღესაც ვაქცევ ყურადღებას, როცა ჩვენი მეზღვაურები პირველად მიდიან, როგორ აზროვნებენ, მეტყველებენ და როცა ბრუნდებიან, როგორი შეცვლილები არიან. ზღვაში უფრო ტოლერანტული და მიმღები ხდები უცხო კულტურის მიმართ.

ივანე  შანიძე, შორეული ნაოსნობის კაპიტანი

ივანე შანიძე
ივანე შანიძე

კაპიტანი 1971 წელს გავხდი. ბულგარეთში ჩავიბარე ტანკერი – „ДРОГОБЫЧ“-ი, რომლის ეკიპაჟსაც რამდენიმე წელი ვმეთაურობდი. მერე მოხდა ისე, რომ ხუთი წელი ნაპირზე გავატარე, 1978-1983 წლებში თევზსაჭერ მეურნეობას ვხელმძღვანელობდი. გული მაინც ზღვისკენ მიმიწევდა და 1984 წელს დავბრუნდი ზღვაში. მსოფლიო მოვიარე ჩემი ტანკერებით.

ამბავი, რომელიც ზღვაოსანს შეიძლება შეგემთხვას, ბევრია. განსაკუთრებით მახსოვს ერთი ამბავი. 1967-1968 წლებში ორი რეისი გავაკეთეთ მავრიკიში. ახალი განთავისუფლებული იყო მაშინ ეს პატარა, კუნძულოვანი ქვეყანა. 10 დღე გავჩერდით კუნძულზე და იქ გავიცანით რამლალი. თავისი პოლიტიკური პარტია ჰქონდა ამ კაცს. რუსულად საუბრობდა. განათლებული და საინტერესო ადამიანი იყო. წამოსვლის წინ გამოსამშვიდობებელი საღამო მოგვიწყო. ცხვარი დაგვიკლეს, კოცონი დაანთეს, მოკლედ, დიდი პატივი გვცეს. იქ, სუფრასთან გვემსახურებოდა ერთი პატარა ბიჭი, მაშინ დიდად ყურადღება არ მიმიქცევია. წამოვედით და მერე კარგახანი აღარ გვქონია იმ მხარეს გზა. 1993 წელს პაკისტანში მიმქონდა ტვირთი ტანკერით, უკვე როგორც კაპიტანს. გზად მავრიკიში შევიარეთ. იქ შევხვდი კაცს, რომელმაც მითხრა, მე გიცნობო. გავგიჟდი, როგორ მიცნობს, ბოლოს 25 წლის წინ ვიყავი ამ ქვეყანაში და ერთადერთი, ვინც მახსოვდა, რამლალი იყო. აღმოჩნდა, რომ ეს კაცი იყო ის ბიჭი, ვინც სუფრასთან გვემსახურებოდა. 25 წლის წინ, კოცონთან მწვადებს რომ გიწვავდით, ის ვარ მეო, – მითხრა.

2003 წლიდან აღარ ვცურავ. მენატრებოდა თავიდან ზღვა. ახლა უკვე აღარ. შევეჩვიე ნაპირზე ცხოვრებას.

 

ფოტოპროექტის მხარდამჭერია ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი 

https://bntu.edu.ge/

ვის მიანიჭებენ „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდებას

ქობულეთის საკრებულომ ორი დღის წინ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შემოიღო და ამ წოდების მინიჭების წესიც დაამტკიცა.

ქობულეთის საპატიო მოქალაქეობა, მოქალაქის თანხმობით შეიძლება მიენიჭოს:

[checklist]

  • საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება ქობულეთის მუნიციპალიტეტის ან ქვეყნის წინაშე;
  • უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოს ან ქობულეთის მუნიციპალიტეტის წინაშე.

[/checklist]

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება კი აქვს: საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს; მუნიციპალიტეტის გამგებელს; საკრებულოს თავმჯდომარეს; საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს; საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1 %-ის ხელმოწერით.

დამტკიცებული წესის მიხედვით, წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს მუნიციპალიტეტის გამგებელის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც საპატიო მოქალაქის მინიჭების თაობაზე  დასკვნას  წარუდგენს გამგებელს;  სამუშაო  ჯგუფი შედგება 9 წევრისგან: ქობულეთის  გამგეობისგან – 3 წევრი, ქობულეთის საკრებულოსგან – 3 წევრი, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან – 3 წევრი.

პირს შეიძლება ჩამოერთვას „საპატიო მოქალაქის“ წოდება , თუ მის მიერ ჩადანილ იქნა:

[checklist]

  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული;
  • საქართველოს სახელმწიფო ან ქობულეთის მუნიციპალიტეტის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები;
  • ზოგადზნეობრივი ნორმებნის, პატივისა და ღირსების შემლახავი ქმედება.
  • საკუთარი ინიციატივით, წერილობითი განცხადების საფუძველზე.

[/checklist]

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო  მოქალაქის“ წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის თასს ბათუმში დღეს ჩამოიტანენ

დღეს, 20 მაისს 12:30 საათზე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მსოფლიო თასს ბათუმში შემოიტანენ. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, „მსვლელობა თამარის დასახლებიდან, ჭადრაკის სასახლესთან დაიწყება, ხოლო ოფიციალური დახვედრის ცერემონია ბათუმის რაგბის სტადიონზე 13:20 სთ-ზე გაიმართება“.

31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატს მასპინძლობს. ასპარეზობაში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, მსოფლიოს 12 უძლიერესი ახალგაზრდული, მათ შორის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მონაწილეობს.

მესტიისა და უშგულის შემდეგ მსოფლიო თასი ზუგდიდში, დადიანების სასახლეში მიიტანეს, დღეს კი ბათუმში ჩამოიტანენ.

20-წლამდელთა ჩემპიონატი მნიშვნელობით მეორეა რაგბის მსოფლიო თასის შემდეგ. საქართველოში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 2017 წლის ჩემპიონატის ჩატარება 2015 წელს გადაწყდა.

ავარიის შედეგად ბათუმში ქალი გარდაიცვალა

ბათუმში, დღეს 20 მაისს, დილით, ჭავჭავაძის ქუჩაზე [თი ბი სი ბანკის მიმდებარედ] ქალს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, „შეტყობინება დღეს დილით 10 საათსა და 20 წუთზე შემოვიდა, ბრიგადა ადგილზე 4 წუთში მივიდა, თუმცა შუახნის ქალბატონი უკვე გარდაცვლილი იყო“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით მძღოლი არ მიმალულა.

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის ხელმძღვანელის, ზურაბ სიხარულიძის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე ავტომანქანების გადაადგილება თავისუფალია.

წვიმის შედეგად, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულთან 19 მაისს ჩამოწოლილმა მეწყერმა ბათუმი-ახალციხის მონაკვეთი ჩახერგა, რის გამოც აღნიშნულ გზაზე ავტომანქანების მოძრაობა შეზღუდული იყო.

„მობილიზებული გვყავდა ტექნიკა და ღამით გზა გავწმინდეთ. დანისპარაულის მიმდებარე ტერიტორია ზოგადად მეწყრული ზონაა, თუმცა ამ დროისთვის გზა გახსნილია. ჩვენ, სპეცტექნიკა მუდმივად გვყავს გოდერძის უღელტეხილზე და კურორტ გოდერძის მიმდებარედ.“ – ამბობს ზურაბ სიხარულიძე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 20-23 მაისსაც არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, დროგამოშვებით იწვიმებს.

photo-675x450
მეწყერი სოფელ დანისპარაულთან / საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტო

როგორ მოახერხა ირაკლი ცეცხლაძემ 5 მილიონის მითვისება

„5 მილიონის მითვისების საქმეზე“ შპს „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილი დირექტორს, ირაკლი ცეცხლაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. „ჰიგიენა 2009“-ში 100-პროცენტიან წილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა სამართლებრივი რეგულაციები აქვს ხელისუფლებას იმისთვის, რომ სახელმწიფო შპს-ს ხელმძღვანელის მხრიდან თანხის უკანონო მითვისება გამორიცხოს – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ ასეთი მექანიზმი 5 მილიონის მითვისებამდე არ არსებობდა.

„ეს ისეთი თემაა, კანონში წერია, რომ ადამიანის მოკვლა დანაშაულია და ისჯება, მაგრამ მაინც ხდება ეს ყველაფერი,“ – ამბობს გელა ცინცაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი. იგი „მეწარმეთა შესახებ კანონზე“ აკეთებს აქცენტს, სადაც კერძო და სახელმწიფო შპს ერთმანეთისგან გამიჯნული არ არის, თუმცა არც ერთი კანონი არ უკრძალავს სახელმწიფოს მკაცრი რეგულაციები გაუწეროს შპს-ს, რომელშიც წილებს ფლობს და რომლის წესდებასაც თვითონ ამტკიცებს. ახლაც, როცა სახელმწიფომ 5 მილიონი დაკარგა, საჯარო მოხელე არ მიიჩნევს მართებულად საზოგადოების ხელმძღვანელობას თანხის განკარგვაზე მკაცრი კონტროლის დაწესებას.

IMG_20170519_174259
გელა ცინცაძე

„კანონი ამბობს, რომ შპს-ს დირექტორი ვალდებულია კეთილსინდისიერად გაუძღვეს თავის საქმიანობას. პრობლემა ისაა, რომ თავისი შინაარსით ეს კანონი ვერ იქნება იმპერატიული და ყველაფერის ამკრძალავი. სახელმწიფო შპს კერძო სუბიექტი გამოდის მაინც… საზოგადოების დირექტორს შეუზღუდო ფინანსებზე წვდომა, არაა სწორი. ამის მიუხედავად, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ჩვენ სახელმწიფო შპს-ების წესდება შევცვალეთ დ მაქსიმალურად გავამკაცრეთ, ვიდრე ამის საჭიროება არსებობს,“ – ამბობს გელა ცინცაძე.

სახელმწიფო შპს-ების წესდებაში ცვლილების შეტანის შემდეგ, შპს-ს დირექტორს აღარ აქვს საბანკო ანგარიშიდან თანხის ხელზე მიღების უფლება, უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში კი, მან სრული დოკუმენტაცია უნდა წარუდგინოს ბანკს, თუმცა ცალკე სამართლებრივი რეგულაცია მსგავსი რისკის თავიდან ასაცილებლად ჯერ არ შექმნილა.

გელა ცინცაძის თქმით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ თებერვალში გაიგო 5 მილიონის მითვისების შესახებ. 2016 წლის განმავლობაში ირაკლი ცეცხლაძეს ისე გამოჰქონდა საბანკო ანგარიშებიდან მილიონები, რომ ფულის პატრონმა, ანუ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ვერაფერი გაიგო. წლის განმავლობაში სამინისტროს კონტროლის არავითარი ბერკეტი არ ჰქონდა, გადაემოწმებინა, რაში იხარჯებოდა ნაგავსაყრელის მოსაწყობად ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფული.

„წლის ბოლოს ირაკლი ცეცხლაძეს მოვთხოვეთ საბანკო ანგარიშების წარმოდგენა. ასე ხდება წელიწადში ერთხელ, როცა საზოგადოების დირექტორები ანგარიშებს აბარებენ სამინისტროს. ირაკლი ცეცხლაძემ ხან რა მოიმიზეზა, ხან – რა. საბოლოოდ მოხდა ისე, რომ არ წარმოადგინა. ეჭვების გაჩნდა და მის მოადგილეს დავუკავშირდით. აღმოჩნდა, რომ ირაკლის ფული უკვე გატანილი ჰქონდა, ეს საბანკო ამონაწერიდან გამოჩნდა. იმავე დღეს ჩვენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მივმართეთ…“, – გვიყვება გელა ცინცაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი. მან არ მოგვაწოდა ინფორმაცია, კონკრეტულად როდის მიითვისა თანხა ირაკლი ცეცხლაძემ, ან სამინისტროს ინფორმაციით, რაში დაიხარჯა ეს ფული.

„ჰიგიენა 2009“-ს ქობულეთში ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის ეკონომიკის სამინისტრომ 4 მილიონ 400 ათასი ლარი ერთიანად ჩაურიცხა. ბრძანებას მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი, დავით ბალაძე აწერს ხელს. გელა ცინცაძის თქმით, ამ ფულით სორტირების აპარატი უნდა შეძენილიყო და ასევე დაფარულიყო დღგ-ს ფული, რასაც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი გრანტი [ნაგავსაყრელის მოსაწყობად გამოყოფილი გრანტი და სესხი 7 მილიონი ევროა] არ ითვალისწინებდა.

რატომ არ მოსთხოვა პასუხი ეკონომიკის სამინისტრომ შპს-ს, რომელმაც პროექტით გათვალისწინებული ე.წ. სორტირების აპარატის შესაძენად ტენდერი არ გამოაცხადა? – გელა ცინცაძემ გვიპასუხა, რომ ნაგავსაყრელის პროექტის წარმოდგენა სხვა კომპანიამ დააგვიანა, რომელსაც მანამდე ტენდერი ჰქონდა მოგებული და მოგვიანებით პირგასამტეხლო დაეკისრა დაგვიანებით შესრულებული ვალდებულების გამო.

სახელმწიფო მითვისებული 5 მილიონიდან დაახლოებით მილიონის დაბრუნებას მოახერხებს. გელა ცინცაძემ გვითხრა ისიც, რომ დანარჩენი თანხის ამოღების მიზნით ეკონომიკის სამინისტრო სამოქალაქო დავის წამოწყებას აპირებს ირაკლი ცეცხლაძის წინააღმდეგ.

„პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლებას არ ესმის სწორად სახელმწიფო შპს-ს მნიშვნელობა და არ არსებობს ეფექტური კონტროლისა და ანგარიშგების მექანიზმი“, – ამბობს სულხან სალაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. მიიჩნევს, რომ პირველ რიგში უნდა დადგინდეს სტანდარტი, რა შემთხვევაში არის აუცილებელი სახელმწიფო შპს-ს შექმნა, ხოლო მისი აუცილებლობის შემთხვევაში, სახელმწიფომ დაწესებულების ეფექტური კონტროლის მექანიზმიც უნდა განსაზღვროს.

სულხან სალაძე, საიას იურისტი: „ნაგავსაყრელის მოწყობა ხომ არაა სამხედრო, ან სტრატეგიული დანიშნულების? შესაძლებელი იყო რომელიმე კერძო კომპანიას განეხორციელებინა ეს პროექტი, ვინც ტენდერს მოიგებდა. თუკი აუცილებელი იყო მისი შექმნა, ეს უნდა დაესაბუთებინა სახელმწიფოს და უნდა ეკონტროლებინა ეფექტურად. არსად არ წერია კანონში, რომ სახელმწიფო შპს-ს დირექტორისთვის მკაცრი კონტროლის დაწესება არის დაუშვებელი. პირიქითაა. სახელმწიფო შპს ნიშნავს იმას, რომ ეს შპს ახორციელებს სახელმწიფოს კონკრეტულ ვალდებულებას და არსებობს საჯარო ინტერესი. ეროვნულ დონეზე ამ კუთხით ცალკე მარეგულირებელი აქტი არ არსებობს. შესაძლოა, ამის მიზეზი არის ის, რომ არ უნდათ ფული გარეთ გავიდეს და ტენდერში გამარჯვებულმა კერძო კომპანიამ წაიღოს. გარდა ამისა, სახელმწიფო თავად ნიშნავს ამ შპს-ს დირექტორს და თუ რამე უკანონო გარიგებას ცდილობ, ამის გაკეთება უფრო იოლია“.

1

2

წერილი ბათუმის ციხიდან: ტელეფონზე ლაპარაკის უფლებისთვის რკინა გადავყლაპე

აზეირბაიჯანის მოქალაქე, რომელიც, სავარაუდოდ, ბრალდებულია, თარჯიმნის და ადვოკატის გამოყოფას ითხოვს. ციხიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ მის თხოვნას აქამდე ყურადღება არავინ მიაქცია.

„მე, ელჯან მუსაიევ ეთბაროღლუ, ვარ აზეირბაიჯანის მოქალაქე, რადგან არც ქართულად ვიცი და არც რუსულად წერა, თხოვნით ჩემი თანამესაკნე წერს ჩემი კარნახით. მოგმართავთ, როგორც თქვენ, ასევე აზეირბაიჯანის საელჩოს, რამდენი ხანია ვითხოვ თარჯიმანს, მაგრამ არანაირი ყურადღება, ისევე, როგორც გავიგე, მეკუთვნის ადვოკატი, მაგრამ აქაც უყურადღებობა. ასევე მინდა მოგახსენოთ ჩემი ოჯახი ცხოვრობს აზეირბაიჯანში და არ იციან, თანხა როგორ დამირიცხონ ტელეფონზე სალაპარაკოდ. ყველა დაწესებულებაშია თანხა ტელეფონის ანგარიშზე, რომ გადაიტანო, მარტო მე-3 დაწესებულებაში არ არის. ამ თანხის გადასარიცხი აპარატის გულისთვის ორჯერ ოპერაცია დამჭირდა, გადავყლაპე რკინები და მთელ მუცელზე გაჭრილი ვარ. თუ ვრეკავ, ისიც პატიმრებს ვთხოვ და თავის ოჯახის წევრებს არიცხინებენ. ესე თუ ექცეოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, არ ვიცოდი, თუ ეს ეთნიკური შეხედულება აქვთ ჩემზე. მოგმართავთ თხოვნით აზეირბაიჯანის საელჩოს, აჭარაში იურიდიული დახმარების სამსახურს, რათა ადვოკატი გამომიყოს…“, – ვკითხულობთ პატიმრის მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში.

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში საკითხის გარკვევას დაგვპირდნენ, თუმცა დღის განმავლობაში ამ უწყებიდან პასუხი ვერ მივიღეთ.

Exit mobile version