მთავარი,სიახლეები

ბათუმის საკრებულოს სამწლიანი ანგარიში არასამთავრობოებმა უარყოფითად შეაფასეს

22.05.2017 • 1934
ბათუმის საკრებულოს სამწლიანი ანგარიში არასამთავრობოებმა უარყოფითად შეაფასეს

დღეს, 22 მაისს, ბათუმის საკრებულომ სამწლიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკრებულოს ანგარიში უარყოფიდ შეაფასეს.

საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარის, თენგიზ აფხაზავას შეფასებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ბათუმის საკრებულოს მუშაობა იყო ქმედითი: „საკრებულოს ამ ხნის მანძილზე ჩატარებული აქვს 50 სხდომა, მიღებული აქვს 106 დადგენილება და 276 განკარგულება. გავითვალისწინეთ 62 რეკომენდაცია და გავეცით 174 საჯარო ინფორმაცია“.

თენგიზ აფხაზავას თქმით, სამი წლის განმავლობაში საკრებულომ 6 701 მოქალაქე მიიღო: „თუმცა, რეალურად ეს ციფრი გაცილებით მეტია, რადგან იყო შემთხვევები, როცა მოქალაქე საშვის გარეშე შედიოდა საკრებულოს წევრთან და ამის რეგისტრაცია არ ხდებოდა“.

მისივე ინფორმაციით, საკრებულოში სამი წლის განმავლობაში 21 ინიციატივაა შესული, თუმცა აქედან მხოლოდ 8 იქნა გაზიარებული საკრებულოს მხრიდან, 3 ინიციატივა საერთოდ არ განიხილეს, 10 კი გაზიარებული არ იქნა.

თენგიზ აფხაზავას შეფასებით, მმართველი გუნდის მიღწევა იყო ის, რომ საკრებულოს აპარატის სახელფასო და საპრემიო ფონდი 2 მილიონი ლარით შემცირდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წარმომადგენლის გიორგი კირთაძის განცხადებით, საკრებულოს ბიუჯეტი რეალურად არ შემცირებულა, რადგან გაიზარდა აიპებისა და შპს-ის რიცხვი, სადაც საშტატო ერთეული ათასამდეა გაზრდილი: „ერთადერთი ის იყო, რომ სახანძრო სამსახური გადავიდა შს სამინისტროს დაქვემდებარებაში და მათი ხარჯი შემცირდა“.

მან ასევე ისაუბრა საკრებულოს შემცირებულ უფლებებზე და აღნიშნა, რომ დღეს საკრებულოს ფუნქციები ფაქტობრივად ნულამდეა დაყვანილი: „ადრე ამბობდნენ, რომ საკრებულოს მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქცია ჰქონდა დარჩენილი, დღეს კი ამ ფუნქციასაც აღარ ასრულებს. ერთი დადებითი იყო ის, რომ ღია კარის დღე გააკეთა და ამის მეტი აღარ ყოფილა. ერთ-ერთი ინიციატივა, რომელიც ამ საკრებულომ გაიზიარა, 4-შვილიანი ოჯახების დახმარება და ხიმშიაშვილის ქუჩაზე არსებული სკვერისთვის შინდისის გმირების სახელის მინიჭება იყო, რაც ბუნებრივია კარგია, თუმცა გვქონდა სხვა ბევრი ინიციატივა, რომელიც არ იქნა გაზიარებული. თუნდაც ის, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი ბათუმში დარჩენილიყო, საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდა, ეს მაშინ როცა ბიუჯეტში 5 მილიონი ლარი იყო აუთვისებელი და აქედან ვითხოვდით ხელფასების გაზრდას. ვითხოვდით, რომ ხელოვნების უნივერსიტეტის გვერდით არსებულ ტერიტორიას სკვერის სტატუსი მინიჭებოდა და ეს საკითხიც გააჩერა მერიამ. „იაფი სახლით“ მერიას ბევრი კურდღლის დაჭერა უნდოდა და ყველა კურდღელი გაექცა, რადგან ვერ მიიყვანა პროექტი ბოლომდე და მაშინ, როცა კრიტერიუმები იყო ჩამოყალიბებული და განსაზღვრული, თუ ვინ ისარგებლებდა ამ პროექტით, მერიის მიერ მაინც არ იყო მხარდაჭერილი.“

გიორგი კირთაძემ ფრაქციის ანგარიშის წარდგენისას ასევე ისაუბრა k2 კოეფიციენტის გაზრდაზე და იმაზე, რომ საკრებულოს კომისიების სხდომა შესაძლებელია ყოფილიყო ღია, რაზეც ვერ მიიღეს შეთანხმება უმრავლესობის წევრებთან.

ფრაქცია „ბათუმის“ წარმომადგენლის კობა ჩხეიძის შეფასებით, დღეს საკრებულოს ფუნქციები იმდენად შესუსტებულია, რომ ფაქტობრივად არც კი ღირს ინიციატივებზე საუბარი. მან ფრაქციის დამსახურებად მიიჩნია  საკრებულოს გადაწყვეტილება, როცა 6-შვილიანი, სოციალურად დაუცველი  ოჯახებისთვის ბინების გადაცემის საკითხი გადაწყდა საკრებულოზე, თუმცა მერიამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა: „პრობლემაა ის, რომ საკრებულოს ინიციატივებს დღეს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და ეს არის აბსურდი“.

„სამწუხაროდ მერიამ ძალიან ბევრ ახალგაზრდულ ინიციატივაზეც თქვა უარი, მათ შორის შშმ პირებთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე ვითხოვდით, რომ მეტაქსას ქუჩაზე არსებული შენობა გადმოცემოდა ქალაქს საბავშვო ბაღებისთვის, თუმცა არც ამ მოთხოვნაზე მიგვიღია მთავრობისგან პასუხი“ – აღნიშნა კობა ჩხეიძემ.

ფრაქცია „რესპუბლიკელების“ ინიციატივებზე საკრებულოს წევრმა თემურ ყურაშვილმა ისაუბრა: „ჩვენ გვქონდა ინიციატივა, რომ ბათუმის აეროპორტს პირველი აჭარელი მფრინავი ქალის ფადიკო გოგიტიძის სახელი მინიჭებოდა, თუმცა ეს ინიციატივა არ გაიზიარეს, ასევე, მახინჯაურში სტადიონის და ისრაფილ ჯინჭარაძის პარკის გადმოცემას მოვითხოვდით, რომ ამ ტერიტორიებს მინიჭებოდა რეკრეაციული ზონის სტატუსი და ახალგაზრდებისთვის დასვენების კერა გამხდარიყო, თუმცა არც ეს ინიციატივა გაითვალისწინეს. k2 კოეფიციენტის დაბრუნებაც ჩვენი ინიციატივაა, რადგან ქალაქში მშენებლობები ფაქტობრივად რეგულაციების გარეშე მიმდინარეობდა. ჩვენი ფრაქცია ასევე აქტიურად იყო ჩართული „იაფი სახლის“ და ბარაკების საკითხში, კარგი იყო,  როცა ბარაკებში მცხოვრებ მოქალაქეებს მერია 400 დოლარს სთავაზობდა კვ/მეტრში, თუმცა ეს საკითხი ვერ გადაწყდა იმის გამო, რომ 12 ოჯახთან ვერ შეძლო საკრებულომ შეთანხმება.“

დღის წესრიგის მიხედვით, ანგარიში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელსაც უნდა გაეკეთებინა, თუმცა პარმენ მგელაძე სხდომაზე არ იმყოფებოდა, თენგიზ აფხავას თქმით, მმართველი პარტიის ფრაქციები ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში აქტიურად მონაწილეობენ, ამიტომ მათი მხრიდან ინიციატივების ცალკე შემოტანა ზედმეტი შრომა იქნებოდა.

საკრებულოს ანგარიშს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“  წარმომადგენლის, ნათია ზოიძის შეფასებით, ორგანიზაციამ შეისწავლა საკრებულოს ფრაქციების აქტიურობა ინიციატივებთან დაკავშირებით და აღმოჩნდა, რომ ყველაზე ნაკლები ინიციატივა ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა. „ინიციატივების რაოდენობით ოპოზიციური პარტიები უფრო მეტად გამოირჩევიან. კვლევამ აჩვენა, რომ ფრაქციების შექმნის მოტივი უფრო ფინანსური სარგებლის მიღებაა, ვიდრე ინიციატივები,“ – განაცხადა მან.

„მოლოდინი მქონდა, რომ ეს დარბაზი დღეს იქნებოდა გადაჭედილი და არა მხოლოდ ციფრების დონეზე იქნებოდა საუბარი, არამედ იმაზეც, ამა თუ იმ პროექტის განხორცილებით რა შედეგი მიიღო მოსახლეობამ. როგორ აისახა ეს მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე“ – აღნიშნა „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა, მადონა ბერიძემ.

საკრებულოს ანგარიშთან დაკავშირებით შენიშვნა ჰქონდა „ბათომის“  წარმომადგენელს ირმა ზოიძეს. მისი შეფასებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლის ანგარიში არ იყო ინფორმაციული და არ იძლეოდა რეალურ წარმოდგენას საკრებულოს მუშაობის შედეგებზე: „ველოდებოდი არა მხოლოდ ციფრებს, არამედ იმას, რომ მოხდებოდა უფრო მნიშვნელოვანზე აქცენტირება.“

საკრებულოს სამწლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია NDI-ის ხელშეწყობით გაიმართა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: