მათ მთელი ცხოვრება ზღვას მიუძღვნეს, ზღვისკენ მიიწევდნენ, მსოფლიო შემოიარეს, უამრავი საფრთხე და დაბრკოლება გადალახეს. წყალზე იყო მათი სახლი, ნაპირზე კი – ყველაფერი, რაც გააჩნდათ. ისინი შორეული ნაოსნობის კაპიტნები არიან, რომლებიც დღეს უკვე მიწაზე, შავი ზღვის სანაპიროზე ცხოვრობენ. „ბათუმელები“ ფოტოპროექტში – „ზღვა ნაპირიდან“ – შორეული ნაოსნობის ხუთ კაპიტანს გაგაცნობთ.
პარმენ ხვედელიძე, შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის დამფუძნებელი და რექტორი
შორეული ნაოსნობის კაპიტანი 1986 წელს გავხდი. 1994 წლამდე დავცურავდი სხვადასხვა ხომალდზე როგორც კაპიტანი. მსოფლიოს ყველა საზღვაო ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის გარდა. უმეტესად ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში დავცურავდით.
უამრავი რეისი მაქვს შესრულებული ზღვებსა თუ ოკეანეებში, მაგრამ განსაკუთრებით მახსოვს ერთი ზამთრის მოგზაურობა ისლანდიაში. რეიკიავიკის პორტში შესასვლელი ულამაზესია, ჯადოსნურ, ზღაპრულ გარემოში შევდიოდით მეგონა, როცა ლურჯ წყალს ვუყურებდი. ისლანდიიდან წამოსვლისას კურსი გვქონდა ქვემოთ, ინგლისისკენ. ზღვაში მივიღეთ გაფრთხილება შტორმის შესახებ. შევიტყვეთ ისიც, რომ ზღვის ფსკერზე მოხდა მიწისძვრა, რომელმაც წარმოქმნა 30-40 მეტრის ტალღა.
ტანკერს, რომლითაც ვცურავდით, ერქვა „კლაიპედა“. ორძრავიანი გემი იყო, ერთი ხრახნით, მაგრამ ძალიან ძლიერი კორპუსით. ბორის პოტეხინი იყო კაპიტანი. მე ვიყავი მესამე თანაშემწე, სულ რაღაც 23 წლის. დილიდან წყნარი ამინდი იყო, მერე ქარის ღმუილი წამოვიდა, გამყინავი ხმა და ნელ-ნელა აცივდა. წამოვიდა საშინელი წყლის კედელი. ყველას გვეცვა სამაშველო ჟილეტები და კაპიტანი ბორის პოტეხინი ამოვიდა საპარადო ფორმით. იყო რაღაც სიმბოლური და ამაღელვებელი მის ამ ჟესტში. დავიწყეთ ასვლა ამ წყლის მთაზე. მაქსიმალურად ბრუნავდა ძრავი. როგორც იქნა, გავსწორდით. უზარმაზარ ტალღაზე ზემოდან გადავიარეთ. რამდენიმე წუთის შემდეგ დაიწყო შტორმი. წყალში ვიყავით, ხედვა არ იყო.
ერთი კვირის მანძილზე მივცურავდით შტორმში. მერე გავიგეთ, რომ შტორმმა ნახევარი ინგლისი დატბორა. ხმელეთს რომ მივაღწიეთ, გემი ერთიანად გაყვითლებული და დაჟანგული იყო. არ შემშინებია. სიკვდილს ვუყურებდით თვალებში, გადარჩენის მინიმალური შანსი გვქონდა, მაგრამ გადავრჩით. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და შიშს ვერ ვგრძნობდი. წლები რომ გავიდა, მერე შევშინდი.
1994 წელს დავასრულე მუშაობა. თავიდან მენატრებოდა ზღვა. სიზმრებში სულ ზღვაში ვიყავი, ხან სიღრმეები არ მყოფნიდა, ხან ნაპირზე ვერ გავდიოდი. დიდი დრო გავიდა, ახლა აღარ მენატრება.
ედუარდ ჟუკ-ტრიპოლიატი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი, საზღვაო კაპიტანთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი
პირველად ზღვაში, როგორც მეზღვაური, ისე გავედი ტანკერზე სამუშაოდ. 1959 წელს ვეშაპმჭერ გემ „Дивный“-ზე დავიწყე მუშაობა ჯერ კაპიტნის თანაშემწედ, შემდეგ იქვე გავხდი კაპიტანი.
ანტარქტიდაზე მუშაობის პერიოდი განსაკუთრებული იყო ჩემთვის. ამავდროულად საკმაოდ რთულიც. მკაცრი ჰავა, ვეშაპების დევნა მცურავ ყინულის მთებს შორის, ოჯახიდან შორს ყოფნა არ იყო ადვილი, მაგრამ მიყვარდა ჩემი პროფესია. ანაზღაურებაც მაღალი იყო. 80 წლის გავხდი ახლახან. ასაკის მიუხედავად ჩემს პროფესიასთან კავშირს არ ვწყვეტ. ბათუმის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელ „ანრიში“ ახალი თაობის მეზღვაურებს ვზრდი და ვცდილობ, ჩემი ცოდნა და გამოცდილება გადავცე.
მამუკა ახალაძე, შორეული ნაოსნობის კაპიტანი 2009-2011 წლებში
12 წლის განმავლობაში დავცურავდი ზღვებსა და ოკეანეებში. შორეული ნაოსნობის კაპიტანი 2009 წელს გავხდი, 32 წლის ასაკში. 2012 წლიდან საზღვაო სააგენტოს ვხელმძღვანელობ.
ვმუშაობდი ე.წ. `„შერეულ ეკიპაჟში“, სადაც იყვნენ როგორც ქართველები, ისე უკრაინელები, ლიტველები, ლატვიელები, ბელორუსები, ფილიპინელები… მათ ხელშეწყობასა და თანადგომას ყოველთვის ვგრძნობდი. კომპანია „Columbia Shipmanagement“-ი, სადაც ვარ დასაქმებული, ქართველი მეზღვაურების ყველაზე დიდი დამსაქმებელია.
მეზღვაურობა საკმაოდ რთული პროფესიაა, ფუნდამენტალურ და კომპლექსურ განათლებას მოითხოვს. მეზღვაურს მყარი ფსიქიკა უნდა ჰქონდეს, რადგან ყოველდღე ბრძოლა უწევს. ყოველდღიურ რეჟიმში მეზღვაურები ვაფასებთ რისკებს და ეს რისკების შეფასება ცხოვრების წესი ხდება ჩვენთვის. ორი მნიშვნელოვანი ბონუსი აქვს მეზღვაურობას – მაღალი ხელფასი და მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო – უფასოდ.
გარდა ამისა, ადამიანის თვალსაწიერი უფრო ფართოვდება და გლობალური მოქალაქე, გლობალიზაციის ნაწილი ხდები. პიროვნულად გცვლის ეს პროფესია – ტოლერანტი ხდები სხვადასხვა კულტურის, რელიგიის, ადათ-წესებისა და ჩვეულებების მიმართ.
ოსმან ხინკილაძე, შორეული ნაოსნობის კაპიტანი
„გენერალ ბაგრატიონი“ იყო პირველი ტანკერი, რომელიც ჩავიბარე როგორც კაპიტანმა 1977 წელს. 2001 წლამდე დავცურავდი ზღვაში. ბევრჯერ გადამისერავს ზღვები და ოკეანეები. ჩრდილოყინულოვან ოკეანეშიც ვიყავი. „თეთრი დათვის დიპლომს“ ეძახიან, აი, ეგ დიპლომიც მივიღე ამ მოგზაურობაში.
ზღვა უამრავ ადამიანს გახვედრებს. განსაკუთრებით გამოვარჩევდი უკრაინელებსა და იტალიელებს. საოცარი მეგობრობა იციან.
ბევრი რამ მომცა მეზღვაურის პროფესიამ, პირველ რიგში, სხვადასხვა ეროვნების ხალხთან ურთიერთობა. მსოფლმხედველობა შემიცვალა ამ პროფესიამ. დღესაც ვაქცევ ყურადღებას, როცა ჩვენი მეზღვაურები პირველად მიდიან, როგორ აზროვნებენ, მეტყველებენ და როცა ბრუნდებიან, როგორი შეცვლილები არიან. ზღვაში უფრო ტოლერანტული და მიმღები ხდები უცხო კულტურის მიმართ.
ივანე შანიძე, შორეული ნაოსნობის კაპიტანი
კაპიტანი 1971 წელს გავხდი. ბულგარეთში ჩავიბარე ტანკერი – „ДРОГОБЫЧ“-ი, რომლის ეკიპაჟსაც რამდენიმე წელი ვმეთაურობდი. მერე მოხდა ისე, რომ ხუთი წელი ნაპირზე გავატარე, 1978-1983 წლებში თევზსაჭერ მეურნეობას ვხელმძღვანელობდი. გული მაინც ზღვისკენ მიმიწევდა და 1984 წელს დავბრუნდი ზღვაში. მსოფლიო მოვიარე ჩემი ტანკერებით.
ამბავი, რომელიც ზღვაოსანს შეიძლება შეგემთხვას, ბევრია. განსაკუთრებით მახსოვს ერთი ამბავი. 1967-1968 წლებში ორი რეისი გავაკეთეთ მავრიკიში. ახალი განთავისუფლებული იყო მაშინ ეს პატარა, კუნძულოვანი ქვეყანა. 10 დღე გავჩერდით კუნძულზე და იქ გავიცანით რამლალი. თავისი პოლიტიკური პარტია ჰქონდა ამ კაცს. რუსულად საუბრობდა. განათლებული და საინტერესო ადამიანი იყო. წამოსვლის წინ გამოსამშვიდობებელი საღამო მოგვიწყო. ცხვარი დაგვიკლეს, კოცონი დაანთეს, მოკლედ, დიდი პატივი გვცეს. იქ, სუფრასთან გვემსახურებოდა ერთი პატარა ბიჭი, მაშინ დიდად ყურადღება არ მიმიქცევია. წამოვედით და მერე კარგახანი აღარ გვქონია იმ მხარეს გზა. 1993 წელს პაკისტანში მიმქონდა ტვირთი ტანკერით, უკვე როგორც კაპიტანს. გზად მავრიკიში შევიარეთ. იქ შევხვდი კაცს, რომელმაც მითხრა, მე გიცნობო. გავგიჟდი, როგორ მიცნობს, ბოლოს 25 წლის წინ ვიყავი ამ ქვეყანაში და ერთადერთი, ვინც მახსოვდა, რამლალი იყო. აღმოჩნდა, რომ ეს კაცი იყო ის ბიჭი, ვინც სუფრასთან გვემსახურებოდა. 25 წლის წინ, კოცონთან მწვადებს რომ გიწვავდით, ის ვარ მეო, – მითხრა.
2003 წლიდან აღარ ვცურავ. მენატრებოდა თავიდან ზღვა. ახლა უკვე აღარ. შევეჩვიე ნაპირზე ცხოვრებას.