Batumelebi | ორი მოსაზრება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე ორი მოსაზრება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე – Batumelebi

ორი მოსაზრება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე

დღეს, 22 მაისს, ბათუმის საკრებულომ სამწლიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეებიც ესწრებოდნენ. დისკუსიის დროს შეკითხვები გაჩნდა მერიის გადაწყვეტილებასთან, რომელიც ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას უკავშირდება.

„ფაქტ-მეტრის“ წარმომადგენლის მალხაზ რეხვიაშვილის შეფასებით, ბათუმის მერიის გადაწყვეტილება  ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, დისკრიმინაციულია:

„მინდა, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხს გადახედოთ, რადგან თუკი შენობებისა და საცხოვრებელი სახლების შუაში შესაძლებელია ეკლესია და არ უნდა იყოს მეჩეთი, ცალსახად მიმაჩნია ეს დისკრიმინაციულ მიდგომად. მითუმეტეს, ყველამ ვიცოდით, რომ ამ ტერიტორიას ყიდულობდა ეს კავშირი [ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი] და აპირებდა მეჩეთის აშენებას.  საკრებულოს შეეძლო, რომ წინასწარ გაეფრთხილებინა ეს ადამიანები, რომ იქ ტყუილად არ ეყიდათ მიწა, რადგან არ მისცემდით მეჩეთის აშენების უფლებას. კარგი იქნება, თუ საკრებულო ამ საკითხს ყურადღებას მიაქცევს“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“  ხელმძღვანელის ნინო ინაიშვილის შეფასებით, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობამ პოლიტიკური ხასიათი მიიღო:

„ეს ძალიან სერიოზული პოლიტიკური საკითხია, რომელიც სახელმწიფომ ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით უნდა გადაწყვიტოს. მე ვსაუბრობ ახალი მეჩეთის პროექტზე, რომელიც გაურკვეველია და ამის აშენება ვფიქრობ არ შეიძლება. სახელმწიფომ  ან უნდა გამოყოს ფული და ააშენოს მეჩეთი, ან უყიდოს პროექტი. ეს არის ძალიან სერიოზული თემა“.


საინიციატივო ჯგუფში აცხადებენ, რომ ახალი მეჩეთი შემოწირულობებით აშენდება. „შექმნილია კომისია, რომლის მიზანია მონიტორინგი გაუწიოს მეჩეთის მშენებლობას და საზოგადოების ჩართულობას. კომისიაში ნებისმიერი მრწამსის ადამიანს შეუძლია გაწევრიანება. ამ კომისიაში განსაკუთრებით მინდა ვიხილო ის ადამიანები, ვინც ახალი მეჩეთის მშენებლობას ეწინააღმდეგება, რადგან  ნახონ, თუ რა და როგორ კეთდება, საიდან მოდის დაფინანსება, ვინ აფინანსებს და თავიანთი  შეხედულებაც გამოხატონ მეჩეთის პროექტზე“ – აცხადებს ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე.

ახალი მეჩეთის მშენებლობას მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი ბათუმში გენერალ ასლან აბაშიძის 43 ნომერში გეგმავს. ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ამ ჯგუფს უარი უთხრა. მუსლიმებს მერიასთან მოლაპარაკებეებში ჩართვას დაჰპირდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც აჭარის მუფთს და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარეს შეხვდა, თუმცა, საბოლოო შეთანხმება ამ საკითხზე ჯერ მიღებული არ არის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com