კონკურსი სტუდენტების დაფინანსებისთვის

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც: 2014, 2015 და 2016 წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე; ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, და სტუდენტებს, რომელთა ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია ან მეტი 71 % -სა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დაფინანსება გაიცემა სტუდენტებზე მაღალმთიანი აჭარიდან (ქედა, შუახევი, ხულო). ასევე, დედით ან მამით ობოლ და უდედმამო სტუდენტებზე; მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილი) წევრებზე და სოციალურად დაუცველებზე, რომელთა სარეიტინგო ქულაც 100 000 ან ნაკლებია.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებები და პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტები უნდა წარადგინონ სამინისტროში 2017 წლის 1-ელი აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ქალაქი ბათუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა N4; ტელ.: 24 53 78.

წარმოსადგენი_დოკუმენტების_ნუსხის სანახავად, გადადით ბმულზე.

ჟურნალ „ბათუმელების“ ივლისის ნომერი [ანონსი]

გამოვიდა ჟურნალ „ბათუმელების“ ივლისის ნომერი. ჟურნალს დღეიდან, 27 ივლისიდან, მიიღებენ „ბათუმელების“ ხელმომწერები, ასევე, ჟურნალი იყიდება „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიათა ქსელში, საგაზეთო ჯიხურებსა და სტელაჟებზე.

ფოკუსი თემაზე: სიკვდილი გზაში
ავტორი: ჯაბა ანანიძე

პოლიტიკა: მილიონები ბიუჯეტიდან პარლამენტარების კომპანიებს
ავტორი: ცაგო კახაბერიძე

არჩევნები: თვითმმართველობა თბილისიდან
ავტორი: მაია მეცხვარიშვილი

ეკონომიკა: „არაბული სოფელი“ – არაბების გარეშე – მანიპულაცია მიწით
ავტორი: თედო ჯორბენაძე

უცხოეთი: ტრამპის საჩუქარი ევროპას
ავტორი: ჯოზეფ ნეი

საზოგადოება: მოზარდები პლანტაციებში
ავტორი: ლელა დუმბაძე

კავკასია: მითები და რეალობა აფხაზეთში საქართველოში კურნალობაზე
ავტორი: მარიანა კოტოვა

ადამიანის უფლებები: სექსის მახე
ავტორი: ჯაბა ანანიძე

კომენტარი: დასჯადი სექსი
ავტორი: გიორგი ხიმშიაშვილი

ასტროფოტოგრაფია: უღრუბლო ცა!
ავტორი:ლევან ვერძეული

საზღვაო ისტორია: 200 გადარჩენილი ემიგრანტი – ქართველი მეზღვაურის ნაამბობი
ავტორი: ნანა კვაჭაძე

ტურიზმი: ზღვის სეზონი არჩევანის გარეშე
ავტორი: ია ფრანგიშვილი

ფოტოპროექტი: მემთეურები
ავტორი: მანანა ქველიაშვილი

ლიტერატურა: კარგი ცხოვრება
ავტორი: ლია ლიქოკელი

წიგნები: მთაში და ზღვაზე საკითხავი წიგნები
ავტორი: ზურა აბაშიძე

მოგზაური: მძინარე ლოდების მინდორი
ავტორი: მანანა ქველიაშვილი

 

კულინარია: ქალების დღესასწაული და მურთუხა – ასურელების ტრადიციული კერძი
ავტორი: თამარა მირიანაშვილი

 

 

ჟურნალის გამოწერის მსურველებმა მოგვწერეთ: batumipress@gmail.com ან დარეკეთ ნომერზე: 422 27 99 12. მობ: 568 84 59 63

 

 

 

ქედის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტები

2012 წლიდან დღემდე ქედის მუნიციპალიტეტში, აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. ქედის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად 60-მდე სოფელში მოეწყო სანიაღვრე და წყალშემკრები არხები, გაბიონები. სოფელ აკავრეთასა და აჭარისწყალზე განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, ათობით სოფელში მოასფალტდა გზები, მათ შორის რამდენიმე მათგანში პირველად დაიგო შიდა სასოფლო გზები. ქედის მუნიციპალიტეტში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. მუშაობა დაიწყო მახუნცეთის ტურისტული ზონის განვითარებისათვის.

2012 წლიდან დღემდე, ქედის მუნიციპალიტეტის  ადგილობრივ ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება 288%-ით გაიზარდა. თუ ამ მიმართულებით 2013 წელს ბიუჯეტიდან 1 419 233 ლარი იყო გამოყოფილი, 2017 წელს იგივე მაჩვენებელი 5 506 000 ლარამდე აღწევს. ქედის გამგეობის მიერ განხორციელებულმა ინფრასტრუქტურულმა  ღონისძიებებმა თავის მხრივ ხელი შეეწყო სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილობრივების დასაქმებას.

bagebi (1)

დასრულდა ქედაში  ბაღების ქსელის გაფართოება

ბაგა-ბაღების ქსელი მუნიციპალიტეტში 2-ჯერ გაფართოვდა. 2013 წლამდე მუნიციპალიტეტში მხოლოდ 7 საბავშვო ბაღი მოქმედებდა,  ამჟამად კი 15 ფუნქციონირებს. ბოლო 3 წლის განმავლობაში დამატებით 8 ბაღი აშენდა, სადაც  126 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და სკოლამდელი განათლების მიღების საშუალება 400-ზე მეტ აღსაზრდელს მიეცა. მიმდინარე წელს სოფელ ოქტომბერში რიგით მე-15 საბავშვო ბაღი გაიხსნა, რომელიც 5 სოფელს მოემსახურება. გარემონტდა მერისის, დაბა ქედის N1 და სოფელ ცხმორისის ბაღები. მიმდინარე წელს რემონტდება დოლოგნისა და წონიარისის საბავშვო ბაღები, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 146 200 ლარია გამოყოფილი. გამგეობა წელსვე გეგმავს ზუნდაგის ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის დაწყებას.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინიტროს „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ პროგრამის ფარგლებში გარემონტდა და  თანამედროვე ტიპის ინვენტარით აღიჭურვა დანადალოს, ოქტომბრის და ხარაულის საჯარო სკოლები.  სპორტული დარბაზები მოეწყო გოგიაშვილების და კოლოტაურის საჯარო სკოლებში. ამჟამად  მიმდინარეობს ახოს საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.

სოფელ მერისის სკოლა-პანსიონატი
სოფელ მერისის სკოლა-პანსიონატი
სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლა
სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლა
გაუმჯობესდა მუნიციპალიტეტში ეკომიგრანტთა მდგომარეობა

ბოლო 4 წლის განმავლობაში ქედაში საცხოვრებელი ფართით 100-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდა. პირველ ეტაპზე დაბა ქედაში ბინა 52 ეკომიგრანტს გადაეცა, მეორე ეტაპისთვის სოფელ ჯალაბაშვილებიდან 12 ოჯახი დაკმაყოფილდა.  საცხოვრებელი სახლი აშენდა სტიქიით დაზარალებული ლევან სალაძის ოჯახისთვის, ,,ბინის მაძიებელთა“ სახალმწიფო პროგრამაში უკვე ჩართულია 44 ოჯახი.

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ნუგზარ ციციანიძისა და ქაზიმ ცინცაძის ოჯახებს დაბა ქედაში საცხოვრებელი ფართები გადასცა, რითაც მუნიციპალიტეტში დასრულდა პირველი კატეგორიის ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა.

ეკომიგრანტი ოჯახისთვის ბინის გადაცემა
ეკომიგრანტი ოჯახისთვის ბინის გადაცემა

მუნიციპალიტეტის ეკომიგრანტთა პრობლემების მინიმუმამდე დასაყვანად მუშაობა გრძელდება. წელს გადაიჭრება აგარის მცხოვრებლების საკითხი. ასევე, გარემონტდება დაბა ქედაში ყოფილი სამკერვალო ფაბრიკის შენობა, სადაც 10 ოჯახი შესახლდება.

სოციალური სახლი ეკომიგრანტებისთვის
სოციალური სახლი ეკომიგრანტებისთვის

ქედა რჩება ერთ-ერთ ყველაზე ვიზიტირებულ ადგილად ზემომთიან აჭარაში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად ვითარდება ტურიზმი ქედის სოფლებში. რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი ადგილი მახუნცეთის ჩანჩქერი და თაღოვანი ხიდია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საკემპინგე ადგილების მოწესრიგება, ჩანჩქერის სათავის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, დაბის პარკის, სკვერების, ფასადების რეაბილიტაცია-მოწესრიგება, სასტუმროების და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების მშენებლობა. იგეგმება  250 ადამიანზე გათვლილი ორი მინი  საზაფხულო სცენის მოწყობა მახუნცეთსა და დაბა ქედაში.

დაბა ქედის სკვერის რეაბილიტაცია
დაბა ქედის სკვერის რეაბილიტაცია

ადგილობრივი ხელისუფლების ძირითადი პრიორიტეტი ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაა. გამგეობამ 2017 წელს, სპეცავტომობილი და ყველა სოფლისთვის სანაგვე კონტეინერები შეიძინა. ამჟამად ქედის 64-ვე სოფელში განთავსებულია 300-ზე მეტი კონტეინერი, ნარჩენების გასატანად 2 სპეცავტომობილი მუშაობს.

2018 წლისთვის ქედის მუნიციპალიტეტის გზების 90% მყარი საფარით იქნება დაფარული

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტის ბიუჯეტით ასფალტობეტონის 32 კმ  საფარი დაიგო  უჩხითში, ოქტომბერში, გეგელიძეებში, ხარაულაში, ვაიოში, აბუქედაში, პირველ მაისში, ზუნდაგასა და ორცვაში.  ზესოფელში, ცხმორისში, გულებში და ბზუბზუში ბეტონის 10 კმ. საფარი მოეწყო. მიმდინარე წელს ქედის კიდევ  5 სოფელში დაიგება ასფალტი, 18 სოფელში ბეტონი, ხოლო 30-მდე სოფელში მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები (ხიდები, კედლები, სანიაღვრეები და ა.შ). ჯამში შესრულდება 4 მილიონ ნახევარი ლარის სამუშაოები. წელს პირველად მოეწყო ასფალტის საფარი სოფელ ზენდიდში. იმავე სოფელში განთავსებულ უძველეს ციხეს წლის განმავლობაში არაერთი უცხოელი ვიზიტორი ჰყავს. 2018 წლისთვის ქედაში გზების 90 %-ზე მყარი საფარი იქნება დაგებული.

gzebi (5)

ბოლო წლების განმავლობაში გზების მოწესრიგება „სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებშიც ხორციელდებოდა. 2012 წლიდან დღემდე ყოველწლიურად  20 კმ-ზე მეტი შიდა სასოფლო გზა მოეწყო, 60 – მდე სოფელში სანიაღვრეები, გაბიონები და წყალშემკრები არხები მოწესრიგდა. ქედის ადმინისტრაციულ ერთეულებში მეწყერსაწინააღმდეგო ფერდსამაგრი სამუშაოებისთვის 2014 წლიდან დღემდე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი გაიხარჯა.
 

ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარე აჭარისწყალსა და აკავრეთაზე

დაბა ქედაში ისტორიული პროექტის – მდინარე აჭარისწყლისა და აკავრეთას ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ორივე მდინარე წყალუხვობისას საფრთხეს უქმნიდა როგორც მოსახლეობას, ასევე შენობა-ნაგებობებს. პროექტის ეფექტურობა კარგად წარმოჩინდა გასულ წელს მომხდარი სტიქიის დროს.

ნაპირსამაგრი სამუშაოები
ნაპირსამაგრი სამუშაოები
ქედაში სასმელი წყლით უზრუნველყოფის პროგრამა წარმატებით ხორციელდება

ახალი სასმელი წყლით ქედაში 1000-მდე ოჯახი უკვე სარგებლობს. მახუნცეთის, ხარაულა-ჯალაბაშვილების, დაბა ქედისა და სხვა სოფლების სასმელი წყლის მაგისტრალების მშენებლობის შემდეგ, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონ ნახევარ ლარამდე დაიხარჯა, წელს უკვე დაგეგმილია ზენდიდის, ცხემნის, გეგელიძეების, აბუქეთის, ქოსოფლის, კორომხეთის და კოლოტაურის წყალსადენების მშენებლობა, რომლის ბიუჯეტი 440 000 ლარს შეადგენს.

სასმელი წლის სათაო ნაგებობა
სასმელი წლის სათაო ნაგებობა

საკანალიზაციო სისტემების მშენებლობარეაბილიტაციისათვის  კი  1 128 000 ლარი დაიხარჯა, რომლის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა დაბა ქედასა და აწჰესის დასახლებაში საკანალიზაციო ქსელს, აშენდა ახალი საკანალიზაციო სისტემები სოფელ ცხემნაში,  ცხმორისში და ზვარის თემში.

2017 წლის  კაპიტალური პროექტები

მნიშვნელოვანი პროექტები დაიგეგმა და განხორციელდა სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით.  წელს მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ალტერნატიული პროგრამა ,,დაბისა და ადმინისტრაციული ერთეულების კეთილმოწყობა“, რომელიც უკვე განხორციელების პროცესშია. გრძელდება  მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნილი პროექტების განხორციელება, საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა- რეაბილიტაცია.

სპორტული მოედნების რეაბილიტაცია
სპორტული მოედნების რეაბილიტაცია

ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროეცესშია დაბა ქედის სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა (ზენდიდისა და კავიანის ციხეებზე მისასვლელი გზების, ბილიკების და მიმდებარე ტერიტორიის მშენებლობა-კეთილმოწყობა), გარე განათების ქსელის გაფართოება და სხვა. დასრულდა  სოფელ ახოს საზაფხულო იალაღზე ელ.გადამცემი ხაზის მშენებლობა, რითაც წელს მოიალაღეები პირველად ისარგებლებენ.

ინვესტიციები ქედის მუნიციპალიტეტში

მაღალმთიან აჭარაში განხორციელებულ საინვესტიციო პროექტებში ქედა კვლავ ინარჩუნებს ლიდერობას. 4 წლის განმავლობაში დაბა ქედაში აშენდა და გაიხსნა 2 ახალი საწარმო – ღვინის ქარხანა აჭარული ღვინის სახლით და ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო ,,ნენა”. უკრაინელი ინვესტორების მიერ მახუნცეთში  სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს, ასევე სოფელ ზვარეში დაწყებულია სასტუმროს მშენებლობა, რომელსაც ლატვიელი ინვესტორი ახორციელებს, რაც ჯამში  3 500 000 ამერიკულ დოლარს აღემატება.

ხილის გადამამუშავებელი საწარმო ქედაში
ხილის გადამამუშავებელი საწარმო ქედაში
აჭარის მთავრობა

„კარფური“, „ვენდის“ და „დანკინ დონატსი“ ბათუმში დღეს გაიხსნება

ბათუმში დღეს, 27 ივლისს, მარკეტ „კარფურის“, ასევე „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნების ფილიალები გაიხსნება. მარკეტი და რესტორნები ერთ შენობაში, ტბელ აბუსერიძის ქუჩის 22 ნომერშია განთავსებული. 

როგორც ადგილზე გვითხრეს, ობიექტის გახსნა დღეს, 11 საათისთვისაა დაგეგმილი.

„ვისოლ ჯგუფის“ მიერ ერთი თვის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ახალ სავაჭრო ცენტრში „კარფურთან“, „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნებთან ერთად , ბანკის ფილიალი, აფთიაქი, სათამაშოების მაღაზია, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და სხვადასხვა პროფილის კიდევ რამდენიმე მაღაზია განთავსდება. 

კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას“, რომელიც წარმოადგენს „კარფურის“ ქსელს საქართველოში, ის შენობა ბათუმში, სადაც სუპერმარკეტი უნდა გაიხსნას, იჯარით აქვს აღებული.

ეს შენობა „ვისოლი ჯგუფს“ ეკუთვნის, რომელიც ამ ადგილას „სმარტისა“ და „დანკინ დონატსის“ გახსნას აპირებდა.

IMG_20170727_080143
ბათუმში დღეს სუპერმარკეტ „კარფურთან“ ერთად „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნები იხსნება / 27.07.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტოები

IMG_20170727_075621IMG_20170727_075404

ქობულეთის გამგეობა ტურისტებს უფასოდ ავარჯიშებს

„განსაკუთრებული სიმრავლეა ტურისტების. ყველაზე მეტად იმატა ტურისტების რაოდენობამ ბელორუსიიდან, პოლონეთიდან და რუსეთიდან,“ – გვითხრა ნათია ნიჟარაძემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის საკითხთა სამსახურის უფროსმა. „ბათუმელები“ მას ესაუბრა იმაზე, თუ რა სიახლეებს სთავაზობს წელს ქობულეთი ტურისტებს.

ნათია ნიჟარაძის თქმით, სიახლე დილის აერობიკაა, რომელსაც დამსვენებლები ქობულეთის ცენტრალურ პარკში ესწრებიან უფასოდ. „ყოველ დილით, რვის ნახევარზე იკრიბებიან დამსვენებლები, ადგილობრივებსაც შეუძლიათ ისარგებლონ. დილის აერობიკა 40 წუთს გრძელდება. ძალიან ბევრი ხალხი ესწრება,“ – გვითხრა ნათია ნიჟარაძემ.

დილის აერობიკის ხარჯებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაფარავს. ორ ტრენერს 45 დღის განმავლობაში 2 ათას ლარს გადაუხდიან.

„სხვა ახალი სერვისი არ გვაქვს“, – დასძენს ქობულეთის გამგეობის წარმომადგენელი. – „რაც გვაქვს, ტურისტული მარშრუტები, ძალიან კარგად მუშაობს და ბევრი მომხმარებელი ჰყავს. ყოველ შემთხვევაში, არც ადგილობრივს და არც ტურისტს არ მოუმართავს ჩივილით, რომ რაღაც არ მოსწონთ. მეც სახლში მყავს დამსვენებლები და ვეკითხები, რა არ მოსწონთ. კონკრეტულს ვერაფერს მპასუხობენ“.

მოსწონთ თუ არა, მაგალითად, ტურისტებს ხმაური, რომლითაც ფიჭვნარის კაფე-ბარები განსაკუთრებით გამოირჩევა ღამის საათებშიც? – „კი, თქვენ წარმოიდგინეთ მოსწონთ. ბევრჯერ მომისმენია, ვუთხარი დამსვენებელს, აქ რომ იცოდეთ, საღამოსო ხმაურია-მეთქი. უთქვამთ, ხმაურისთვის მოვდივართ აქო“, – გვპასუხობს ნათია ნიჟარაძე.

წლევანდელი საზაფხულო სეზონისთვის ქობულეთში ერთი ახალი სასტუმრო გაიხსნა – ოთხსართულიანი „ტერასა“. ტურიზმის სამსახურში გვითხრეს, რომ სხვა სასტუმრო არა, მაგრამ ძალიან ბევრი ოჯახური ტიპის სასტუმრო მოეწყო. „სასტუმროები უფრო მუშაობს, ვიდრე კერძო სახლები. არ ვიცი, რატომაა ასე, ეტყობა ფასი კარგად შეუსაბამეს ტურისტების მოთხოვნებს,“ – დასძენს ნათია ნიჟარაძე.

სად შეიძლება გაერთოს ტურისტი ქობულეთში, როცა წვიმს? – გამგეობის ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელი, ნათია ნიჟარაძე არ უარყოფს, რომ ამ მხრივ დიდი არჩევანი არ არის, მაგრამ გართობა მაინც შესაძლებელია: „ქობულეთის მუზეუმს სტუმრობენ, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო ექსპონატია. ამას წინათ პოეზიის საღამოც გავმართეთ. საღამოობით ქობულეთის ამფითეატრში კონცერტები იმართება, მათ შორის, ფოლკლორული ღონისძიებები. კინტრიშის ნაკრძალში შეუძლიათ წასვლა, მტირალაზე და ასე შემდეგ“.

ნათია ნიჟარაძის ინფორმაციით, ქობულეთში ივლისიდან ყოველდღიურად სუფთავდება პლაჟები და მოწყობილია ზღვისპირა ინფრასტრუქტურა. თითოეულ სექტორში მოწყობილია თითო საშხაპე მაინც, ხოლო შეზლონგის ფასი 3-5 ლარია.

 

 

გამოხმაურება: რას სთავაზობს სახელმწიფო 4 წლის შშმ ბავშვის დედას

34 წლის მარინა ჭაღალიძისა და მისი 4 წლის შშმ შვილთან დაკავშირებით, „ბათუმელები“ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალს დაუკავშირდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკის, ნინო ცეცხლაძის თქმით, მარტოხელა დედასა და მის შვილს, თავშესაფარს გორში შესთავაზებენ.

„ჩვენ ადრეც შევთავაზეთ თავშესაფარში ჩარიცხვა ქუთაისში, მაგრამ დედამ უარი გვითხრა, შემდეგ კი ადგილები აღარ იყო. ახლახანს გორში გაიხსნა დედათა და ბავშვთა თავშესაფარი. თუ თანახმა იქნება დედა, დაწეროს განცხადება და მოგვმართოს. თავშესაფარში ჩავრიცხავთ და ერთი წელი იქნება სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ“, – ამბობს ნინო ცეცხლაძე.

გარდა თავშესაფარში შესახლებისა, რა ტიპის მხარდაჭერას უნდა ელოდეს მარინა ჭაღალიძე სახელმწიფოსგან? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართა. ამ უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ კომენტარს მას შემდეგ გააკეთებენ, როცა ბაზაში ამ პირის შესახებ მონაცემების გადამოწმებას შეძლებენ. ამის შემოწმება კი, როგორც გვითხრეს, ხვალისთვის [27 ივლისი] იქნება შესაძლებელი.

 

 

 

დაკავებული პოლიციელი: დამალვა რომ მდომებოდა, სამ დღეში დავიმალებოდი

„დამალვა რომ მდომებოდა, სამ დღეში დავიმალებოდი,“ – მიმართა მოსამართლეს ხულიგნობაში ბრალდებულმა პოლიციელმა, არჩილ დევრიშაძემ. 21 ივლისს ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე, გამოძიებამ პოლიციელი 24 ივლისს დააკავა.

პოლიციელმა ეს არგუმენტი იმის საილუსტრაციოდ მოიყვანა, რომ იგი არსად მიმალვას არ აპირებს და განაჩენის გამოტანამდე წინასწარი პატიმრობის გამოყენება საჭირო არ არის.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ხულიგნობაში ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებამდე ბრალდებულ პოლიციელს ორი კითხვა დაუსვა პროკურორმა მიქაელ ქობულაძემ. ერთი სამსახურებრივი პერანგის ტარებას შეეხებოდა არასამუშაო საათებში, მეორე – ნარკოტესტირებაზე პოლიციელის მხრიდან უარის თქმას.

ორივე კითხვა ადვოკატმა თეიმურაზ ქავშვბაიამ გააპროტესტა, რადგან ჯერ სასამართლოს საქმის არსებითი განხილვა არ დაუწყია.

„ტესტირებაზე დასმულ შეკითხვას შეგიძლიათ უპასუხოთ,“ – მიმართა ბრალდებულს მოსამართლემ.

„არ გავცემ პასუხს… გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ექვსივე მოწმე, ვინც ჩემს წინააღმდეგ მისცა ჩვენება, თავის დროზე მე მივეცი პასუხისგებაში. ისინი დაინტერესებული მხარე არიან. მეტს არაფერს ვიტყვი,“ – აღნიშნა არჩილ დევრიშაძემ.

„რადგან პოლიციელია, ამის გამო არ უნდა დავჩაგროთ… ახლა საზოგადოებისგან მთელი ზიზღი პოლიციელისკენაა მიმართული,“ – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა.

დაცვის მხარის მტკიცებით, მოქალაქემ პროვოკაცია მოაწყო, თუმცა ადვოკატს არ აუხსნია, რაში მდგომარეობდა პროვოკაცია. ადვოკატს არც ის უარუყვია, რომ პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.

„ის 13 წელია პოლიციის სისტემაში და არაერთი უმსგავსო ქმედება აღუკვეთავს. თითქოსდა დაზარალებული კი ქურდობისთვისაა გასამართლებული. ის ახლაც პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. პოლიციელი ვალდებულია ამ დროს ასეთი ადამიანები აკონტროლოს, ვინც მიდრეკილია დანაშაულის ჩადენისკენ,“ – აღნიშნა ადვოკატმა თეიმურაზ ქავშვბაიამ.

წინასასამართლო სხდომა ამ საქმეზე 24 სექტემბერს გაიმართება.

„მედეას ტრაგედია“ გონიოს ციხეში [ანონსი]

2017 წლის  27 ივლისს,  21:00 საათზე,  აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში სპექტაკლი „მედეას ტრაგედია“ გაიმართება, რომელიც ბერძნული მითოსის ცნობილი კოლხი პერსონაჟის ტრაგედიას მოგვითხრობს.

„სპექტაკლი დადგმულია ევრიპიდეს ტრაგედიის მიხედვით.  ემსახურება უძველესი  თეატრის  გაცოცხლებას და მაქსიმალურად არის დაახლოვებული ანტიკური თეატრის ესთეტიკასთან,“ – ამბობს რეჟისორი ოთარ ქათამაძე.

მსგავსი სანახაობა ხელს შეუწყობს მუზეუმის პოპულარიზაციას და იმ უძველესი ტრადიციების გაცოცხლებას, რაც გონიოს ციხეში საუკუნეების წინ ხდებოდა.

კადრი სპექტაკლიდან
კადრი სპექტაკლიდან

პოლიციელს, რომელმაც მოქალაქეს ესროლა, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ელის

ამ წუთებში მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე არჩილ დევრიშაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. დევრიშაძე პოლიციელია და პროკურატურა ხულიგნობას ედავება – ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.

პროკურატურამ პოლიციელი 24 ივლისს დააკავა. უწყების ინფორმაციით, ხულიგნობის ჩადენის დროს პოლიციელი სამსახურებრივ უფლებამოსილებას არ ასრულებდა, თუმცა მას პოლიციელის მაისური ეცვა.

გამოძიების ვერსიით, არჩილ დევრიშაძემ 21 ივლისს, ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, ავტომანქანიდან მოქალაქე რამინ ქათამაძეს ესროლა და სიტყვიერად შეურაცხყო. მოქალაქეს ტყვია არ მოხვედრია.

„მას შემდეგ, რაც გაისროლეთ, დასაბუთებული ვარაუდით, რომან ქათამაძე გადახტა მეზობელ ეზოში, თქვენ დაიწყეთ გინება…“ – მიმართა მოსამართლემ ბრალდებულს.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ დაკავებულ პოლიციელს განუმარტა, რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. ამ სასჯელს ითვალისწინებს ხულიგნობა ძალადობის მუქარით და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.

მოსამართლეს ჯერ არ უკითხავს ბრალდებული პოლიციელისთვის, ცნობს თუ არა იგი თავს დამნაშავედ. ამ ეტაპზე პროკურორი მიქაელ ქობულაძე ასაბუთებს, თუ რატომ უნდა შეუფარდონ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა.

 

IMG_20170726_165630

 

IMG_20170726_165621

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში ავტომანქანების მოძრაობა ოთხი დღით შეიზღუდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 26 და 27 ივლისს, ღამის 00:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 92–ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში ყველა სახის საავტომობილო მოძრაობა იკრძალება. მოძრაობის აკრძალვა უკავშირდება გვირაბში ელექტროსისტემის მოწესრიგებას და გვირაბის შიდა პერიმეტრის დასუფთავებას.

დროის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე.

ხოლო 28 და 29 ივლისს, ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, აღნიშნული გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.

რატომ გადაწყვიტა დედამ შვილის მინდობით აღზრდაში გაცემა

34 წლის მარინა ჭაღალიძე ჯერ კიდევ ბავშვობაში გახდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. ის ამბობს, რომ ბავშვობაში მამა  ხშირად სცემდა, ოჯახის შექმნის შემდეგ კი მასზე ძალადობა ქმარმა დაიწყო.

მარინას  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოთხი წლის შვილი ჰყავს, რომელსაც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა აქვს.  ოთხი წლის ბიჭს მუდმივად სჭირდება რეაბილიტაცია და მკურნალობა, თუმცა დედას მკურნალობისთვის საჭირო თანხა არ აქვს.

„ბავშვი პრობლემებით რომ დაიბადა, დედამთილი და ქმარი მე მაბრალებდნენ. ქმარი არ მუშაობდა და ბავშვის პენსიას მთხოვდა, რომ არ ვაძლევდი, მცემდა.

მშობლებისგან მხარდაჭერა არასდროს მქონია. დედა მეუბნებოდა, ოჯახი ეგ არის და უნდა მოითმინოო. ქმარი სვამდა და ბოლოს გარდაიცვალა კიდეც ამ მიზეზით. დედამთილი გათხოვდა და ბავშვს არც ფული დაუტოვა და არც საცხოვრებელი“, – გვეუბნება მარინა.

ქმრის გარდაცვალების შემდეგ ის მამის სახლში დაბრუნდა, თუმცა კონფლიქტის გაღვივევის შემდეგ, იძულებული გახდა თავშესაფარში გადასულიყო.

„ვთხოვე, რომ ბავშვის მკურნალობაში დამხმარებოდნენ, მაგრამ რძალი წავიდა წინააღმდეგი – მაინც არაფერი ეშველება და ფული ტყუილად უნდა გვახარჯვინოო. ბოლოს ისე დაიძაბა სიტუაცია, რომ მამაჩემმა ხელი დამარტყა. წარმოიდგინეთ შვილი რა მდგომარეობაში მყავს და თანადგომის ნაცვლად მცემეს“.

მარინა თავშესაფრის დატოვების შემდეგ ბათუმში, სერგი მესხის ქუჩაზე, ნაქირავებ ოთახში ცხოვრობს. ბავშვის პენსიიდან (180 ლარია) 150 ლარს ბინის ქირაში იხდის. „30 ლარით თავი გაგვაქვს. არავის აინტერესებს გვცივა თუ გვშია – არც ოჯახის წევრები გვკითხულობენ და არც ნათესავები. შვიდი თვეა აქ ვცხოვრობთ და ერთხელ მოვიდნენ, დაგვხედეს და წავიდნენ, ალბათ მისამართი გაიგეს, რომ მოვკვდები, მაშინ მაინც მომაკითხონ“, – ამბობს მარინა.

ბავშვის მდგომარეობის გამო მარინას ბავშვის დატოვება არ შეუძლია. „მაღაზიაში გავდივარ თუ სადმე, უნდა წავიყვანო. ზამთარში შეშას ტომრებით ვეზიდებოდი და ბავშვიც თან დამყავდა. ჯანმრთელობა შემერყა. თირკმლები მტკიცა, ხერხემალი, მუცლის არეშიც ხშირად მაქვს ტკივილი, მაგრამ გამოკვლევაზე ვერ მივდივარ“.

მარინა ამბობს, რომ თუ მისი მდგომარეობა არ შეიცვლება, ვერც ის და ვერც ბავშვი კრიზისს ვეღარ გაუძლებენ.

„მახინჯაურში მინდოდა თავშესაფარში წასვლა, მაგრამ თუ მარტოხელა დედის სტატუსი არ გაქვს, ვერ მიგიღებთო – მითხრეს. სტატუსი არ მომანიჭეს“, – გვეუბნება მარინა. ქობულეთის მუნიციპალიტეტი მას მხოლოდ ერთხელ დაეხმარა შეშით, სხვა დახმარებას, როგორც ის გვეუბნება, არ იღებს.

„ბავშვს იმუნიტეტი დაბალი აქვს და მუდმივად ცივდება. ნახველს ვერ იღებს, ყლაპვა უჭირს. ჰაერის გამოცვლა სჭირდება, რეაბილიტაციის კურსი, რომ ფეხზე დგომა შეძლოს, თუმცა ამ ყველაფერს დღეს მოკლებულია“, -გვეუბნება დედა.

მარინამ დიდი შინაგანი ბრძოლის შემდეგ გადაწყვიტა შვილის მინდობით აღზრდაში გადაცემა, თუმცა ვერ იპოვა ოჯახი, რომელიც ბავშვის  მიღებას დათანხმდებოდა.

„სოციალური მუშაკი მეუბნება, რომ ოჯახი არ გამოჩნდა, რადგან ბავშვი შშმ პირია, მისი აყვანა არ უნდათ. „გიოს სახელი გაუტყდა და არავინ აიყვანსო“, – ასე მითხრეს სააგენტოში. რას ნიშნავდა „სახელის გატეხა“,  ვერ მივხვდი, ალბათ იმას გულისხმობდა, რომ ბავშვს ყლაპვა არ შეუძლია. არ ვიცი, რა გზას დავადგე“, – გვეუბნება ის.

მარინა გამოსავალს სამსახურის დაწყებაში ხედავს. „ბავშვს რომ ვინმე მოუვლიდეს, ვიმუშავებდი. თავშესაფარში ყოფნის დროს ფაბრიკაში ვმუშაობდი, მანიკიურის გაკეთებაც შემიძლია, ხელნაკეთ ნივთებსაც ვამზადებ, მინდა ვიმუშაო, რომ თავი გავიტანო, მაგრამ ჯერჯერობით ეს შეუძლებელია“.

 

 

დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სარფში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული ლ.დ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 3 შეკვრად დაფასოებული, ბუპრენორფინის შემცველი 51 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოჰქონდა“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

თურქეთში ავტოავარიის შედეგად დაშავებული ბათუმში გადმოიყვანეს

9 აპრილს თურქეთში, ქალაქ რიზესთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაზარალებული საქართველოს მოქალაქე ახლახან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. პაციენტი ამ დრომდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

„თურქეთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში მიიყვანა პაციენტი, რადგან არ მომხდარიყო მისი ხელახლა გადართვა მართვით სუნთქვაზე. მისი მდგომარეობა ისევ მძიმეა,“ – გვითხრა ზაალ მიქელაძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.

რიზესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მაღალმთიანი აჭარის 6 მკვიდრი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი – ავტოავარიიდან 2 დღის შემდეგ.

 

 

21 მილიონი კანონების „ტექნიკური ცვლილებებისთვის“ – უმაღლესი საბჭოს ოთხწლიანი მუშაობის შედეგი

„ცვლილებების ძირითადი ნაწილი იყო რედაქციული, ტექნიკური ხასიათის… არსებითად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება უმაღლეს საბჭოს არ მიუღია“, – ასე შეაფასა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო საქმიანობა. ოთხწლიანი მუშაობის კვლევის შედეგები ორგანიზაციამ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს, 26 ივლისს წარმოადგინა. აქვე შედგა დისკუსიაც.

კვლევის მიხედვით, 2012-2016 წლების უმაღლესმა საბჭომ 34 კანონში შეიტანა ცვლილება, ხოლო რეგლამენტი 21-ჯერ შეცვალა. საბჭოს ავთანდილ ბერიძის თავმჯდომარეობით მიუღია 112 დადგენილება  და ორი რეზოლუცია-მიმართვაც.

„ეს ხელოვნურად გაბერილი ციფრია, შთამბეჭდავი სტატისტიკის შესაქმნელად. კარგი იქნებოდა, კვლევაში ასახულიყო ისიც, თუ შინაარსობრივად რა შეიცვალა,“ – ისროლა რეპლიკა დარბაზიდან პეტრე ზამბახიძემ. ის წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა, ამჟამად კი, „ევროპული საქართველოს“ წევრია. მან გაიხსენა დაპირებაც, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილება უნდა გაზრდილიყო, მაგრამ „მყარი უმრავლესობის ფონზე დაპირება მაინც არ შესრულდა“.

„მყარი უმრავლესობა აღარ იყო, პეტრე, მალე დაიშალა,“ – შეახსენა დეპუტატს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წამყვანმა მკვლევარმა, ნათია ზოიძემ.

პეტრე ზამბახიძემ დააკონკრეტა, რომ იგი 2014 წლის ბოლომდე პერიოდს გულისხმობდა.

ოთხწლიანი მუშაობის პერიოდში, უმაღლეს საბჭოს ჯამში 19 ინიციატივით მიუმართავს პარლამენტისთვის, თუმცა სამი უკან გამოუთხოვია. წარდგენილი ინიციატივებიდან პარლამენტმა მხოლოდ 6 მიიღო. პრობლემა ყოფილა განმარტებითი ბარათები, რომლებსაც წინა მოწვევის უმაღლესი საბჭო ხშირად არასწორად ავსებდა.

„კანონშემოქმედებით საქმიანობის ანალიზის საფუძველზე უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტებთან ერთად მომზადებული განმარტებითი ბარათები, არასრულყოფილი სახით და არასათანადოდ შევსებული იყო წარმოდგენილი“, – აღნიშნულია კვლევაში. 
უმაღლესი საბჭოს 21 წევრიდან საკანონმდებლო ინციატივის უფლებით ისარგებლა 7-მა. საბჭოს 14 წევრს მესამე მოწვევის უმაღლეს საბჭოში არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა არ წარუდგენია.

„პრობლემა იყო მთავრობის კონტროლის კუთხითაც. მოგეხსენებათ, ესეც უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა. სამთავრობო საათი ოთხი წლის განმავლობაში არ გამართულა,“ – აღნიშნა თამარ ტატანაშვილმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მთავარმა იურისტმა. მან ყურადღება გაამახვილა დეპუტატების დასწრებაზეც. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ პლემნარული სხდომა არც ერთხელ არ გაუცდენია ავთანდილ ბერიძეს, ხოლო ყველაზე მეტად სხდომებს სულხან ღლონტი აცდენდა. იგი 64 სხდომიდან 28-ს არ დასწრებია.

„როგორც პარლამენტის, ასევე უმაღლესი საბჭოს შემთხვევაში, მნიშვნელოვანი პრობლემაა დასწრება. ამ კუთხით კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს, რადგან კანონი ითვალისწინებს „ოჯახური პირობების გამო“ სხდომის გაცდენას და ეს საპატიო მიზეზად ითვლება. ეს ისეთი მიზეზია, რომელსაც ვერასდროს დაადგენ, რის გამო აცდენს დეპუტატი სხდომას,“ – დასძინა თამარ ტატანაშვილმა.

ანგარიშში მოხვდა უმაღლესი საბჭოს დეპუტატების ბიზნეს ინტერესებიც, რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით უფლებამოსილების შეჩერების საკითხის დასმის საფუძველი უნდა გამხდარიყო. კვლევის შედეგების მიხედვით, ჯემალ ფუტკარაძე სხვადასხვა კომპანიაში წილებს ფლობდა, დავით ბაციკაძემ სამშენმებლო კომპანია დააფუძნა და თვითონ ამ კომპანიაში 25%-იან წილს ფლობს, ხოლო აკაკი ძნელაძე „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“ მენეჯერის პოზიციას ითავსებდა.

კვლევის ორგანიზატორებს დარბაზიდან მიმართა უმაღლესი საბჭოს აპარატის წევრმა, გიორგი ბერიძემ. მან ანგარიშის პრეზენტაციის იმ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება, სადაც ანგარიშვალდებულების კუთხით გამოითქვა შენიშვნა და გაჟღერდა, რომ უმაღლესმა საბჭომ ზოგიერთ შემთხვევაში სრულყოფილი საჯარო ინფორმაციის მიწოდება ვერ შეძლო. „ჩვენ ამ სტატისტიკას არ ვაწარმოებთ. შეგიძლიათ მობრძანდეთ და დაესწროთ სხდომებს, ან აუდიო ჩანაწერებს მოგაწვდიდით“, – დაამატა აპარატის თანამშრომელმა.

„შესაძლოა, რაღაც სტატისტიკას არ აწარმოებთ, მაგრამ როცა არსებობს მოთხოვნა, ინფორმაცია უნდა დამუშავდეს და გაიცეს. ეს არის ანგარიშვალდებულება,“ – მიმართა უმაღლესი საბჭოს თანამშრომელს კვლევის ხელმძღვანელმა, თამარ ტატანაშვილმა.

ანგარიშში მივლინებების საკითხის უფრო ვრცლად ასახვა ისურვა ასმათ დიასამიძემ. ის წინა და ახლანდელ უმაღლეს საბჭოში „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა. „ხშირად წელიწადში რამდენჯერმე დადიოდა ზოგიერთი დეპუტატი ევროპაში. მერე კითხვა რომ დაუსვეს, ერთ-ერთმა დეპუტატმა უპასუხა ჟურნალისტს, ნადირობის საკითხს ვსწავლობო“, – აღნიშნა ასმათ დიასამიძემ.

„დეპუტატების მივლინებებზე ანგარიშში სპეციალური თავია დათმობილი. ნადრობას რაც შეეხება, ინიციატივა ამ საკითხზე ვერ ვიპოვეთ მივლინებების მიუხედავად…“ – თქვა ნათია ზოიძემ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წამყვანმა მკვლევარმა.

„რაც არ ყოფილა, რას ნახავდით“, – ჩაილაპარაკა ასმათ დიასამიძემ.

კვლევის ხელმძღვანელმა თამარ ტატანაშვილმა აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ მივლინება მნიშვნელოვანია, მაგრამ მივლინებიდან დაბრუნებული დეპუტატი ანგარიშს უნდა აბარებდეს საზოგადოებას, რა შედეგით დასრულდა ვიზიტი. „ანგარიში უნდა იწერებოდეს და იდებოდეს საიტზე, რომ იგი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იყოს ხელმისაწვდომი“, – დაამატა თამარ ტატანაშვილმა.

2012-2016 წლებში ქვეყნის შიგნით და გარეთ მივლინების მიზნით, საერთო ჯამში, დაიხარჯა 430 848 ლარი. 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან 2016 წლის პირველი ივლისის ჩათვლით, აჭარის უმაღლესმა საბჭომ საწვავისთვის და ავტოსატრასპორტო საშუალებებისთვის დახარჯა 567 113 ლარი, ხოლო მობილურის და ინტერნეტისათვის – 127 191 ლარი

2016 წლის მონაცემებით, 21-წევრიან აჭარის უმაღლეს საბჭოს აპარატში დასაქმებული 104 შტატიანი თანამშრომელი ემსახურება. 2015 წლისთვის კი, უშტატო თანამშრომლების რიცხვი 122-მდე გაიზარდა.

2012 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, უმაღლესი საბჭოს არსებობისთვის სულ 21 759 746 ლარი დაიხარჯა.

2012 წელთან შედარებით კი, 2016 წელს უმაღლესი საბჭოს დაფინანსება დაახლოებით 800 ათასი ლარით გაიზარდა.

„წინა მოწვევის უმაღლესი საბჭო მაინც უფრო სანახაობრივი იყო და თავი დაგვამახსოვრა უცნაური ამბებით, ქოლგით…“ – აღნიშნა დისკუსიაზე არჩილ ხახუტაიშვილმა, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა.

ანგარიშის წარმოდგენას უმაღლესი საბჭოს უმრავლესობიდან ილია ვერძაძე, ნინო ჩხეტია და დავით ბაციკაძე ესწრებოდნენ, თუმცა ისინი დისკუსიაში არ ჩართულან. შეხვედრას არ დასწრებია ავთანდილ ბერიძე – აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე 2012-2016 წლებში. ის ამჟამად აჭარის მთავრობაში ხელმძღვანელობს უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტს.

ამავე თემაზე:

რა უჯდება ავთანდილ ბერიძის შენახვა მთავრობას

სად აპირებენ აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატები დასაქმებას

 

რეფინანსირების განაკვეთი ეროვნულმა ბანკმა უცვლელი დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის [სები] მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩა და ის 7%-ია.

რეფინანსირების განაკვეთი პირდაპირ კავშირშია კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთთან. შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა ავტომატურად იწვევს იმ სესხების საპროცენტო განაკვეთის გაზრდასაც, რომლებიც ლარშია გაცემული და მიბმულია რეფინანსირებაზე.

ზოგადად, კომერციული ბანკები სების მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს ამატებენ მინიმუმ 2%-ს და ისე გასცემენ სესხებს ლარში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა დღეს, 26 ივლისს, ბათუმში გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, პრესკონფერენცია გამართა.

„2017 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებული ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა შესაბამისობაშია არსებულ პროგნოზებთან, რომელთა მიხედვითაც მიწოდების მხრიდან მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების გავლენით, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება… ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა დროებითია. პროგნოზის მიხედვით მოსალოდნელია, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან შემცირებას დაიწყებს და მომავალი წლის დასაწყისში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება…

სები მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხეთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“ – აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დღეს ბათუმში ბიზნესწრეების წარმომადგენლებს სასტუმრო „შერატონში“ შეხვდება. შეხვედრა დახურული იქნება. რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგ სხდომას, ის 2017 წლის 6 სექტემბერს გაიმართება.

რეფინანსირება მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე ორჯერ გაიზარდა. იმ მოქალაქეების სესხები ლარში, რომლებმაც გალარების პროგრამით ისარგებლეს, მიბმულია რეფინანსირებაზე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, გალარების პროგრამა ნებაყოფლობითი იყო და მიუხედავად პროცენტული მაჩვენებლისა [სესხი, პროგრამის ბენეფიციართა მხოლოდ 20%-მა გაალარა – ავტ.] პროგრამა შედგა. „ამ პროგრამას მხოლოდ პროცენტული მაჩვენებლით ვერ შევაფასებთ,“ – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ამ თემაზე:

ვინ იხეირა გალარების პროგრამით

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პრესკომფერენცია ბათუმში / 26.07.2017
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პრესკონფერენცია ბათუმში / 26.07.2017

ერთი აბიტურიენტი ფიზიკის გამოცდაზე ხულოში

დღეს, 26 ივლისს, აბიტურიენტები გამოცდას არჩევით საგანში – ფიზიკაში აბარებენ. ხულოს საგამოცდო ცენტრში გამოცდას ფიზიკაში მხოლოდ ერთი აბიტურიენტი აბარებს.

ხულოს საგამოცდო ცენტრის დირექტორის, დავით კუპატაძის ინფორმაციით, ფიზიკის გამოცდაზე ხულოს საგამოცდო ცენტრში მხოლოდ  ერთი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.

„შეიძლება ითქვას, ფიზიკის გამოცდაზე 100%-იანი დასწრება გვაქვს. გამოცდა ჩვეულებრივად ცხრა საათზე დავიწყეთ და ერთ აპლიკანტს უტარდება, საგამოცდო პროცესი ფიზიკაში სამ საათსა და ორმოც წუთს გრძელდება“ – ამბობს ხულოს საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი.

ხულოს საგამოცდო ცენტრში  ეროვნულ გამოცდებზე სულ 230 აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

თაფლის ფესტივალი ბათუმში 12 აგვისტოს ჩატარდება

წელს ბათუმში თაფლის რიგით მესამე ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალზე, რომელიც 12 აგვისტოს ბათუმის ბულვარის კოლონადებთან უნდა გაიმართოს, ორმოცამდე მეფუტკრე სხვადასხვა სახეობის თაფლს ცოცხალი მუსიკის ფონზე წარადგენს. ფესტივალი ფლეშმობით გაიხსნება.

ფესტივალის მსვლელობისას სხვადასხვა სახის გასართობი და სპორტული ღონისძიებაც იგეგმება, მათ შორის ბავშვებისთვისაც.

ფესტივალის ორგანიზატორის, აჭარის აგროსერვისცენტრის დირექტორის, გოჩა ბერიძის თქმით, ფესტივალში მონაწილეობას აჭარის მეფუტკრეობის ასოციაციის წარმომადგენლები მიიღებენ. მისივე თქმით, გარკვეული დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება. ფესტივალი საზეიმო ფეიერვერკით დასრულდება. მონაწილეებს კი შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

თაფლის ფესტივალის ორგანიზებისთვის აგროსერვისცენტრმა ტენდერი 11 ივლისს გამოაცხადა. სატენდერო თანხა 35 ათასი ლარი იყო. მონაწილეობა ექვსმა კომპანიამ მიიღო, ყველაზე დაბალი ფასი კი 27 825 ლარი იყო შეთავაზებული. ამ ეტაპზე წინადადების შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს.

თაფლის ფესტივალი პირველად ბათუმში 2015 წელს ჩატარდა.

მთავარი ფოტო: თაფლის ფესტივალი – 2015 / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

26 ივლისიდან ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსს მიაღწევს

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარის სანაპირო ზოლში მომდევნო 3-4 დღის განმავლობაში მზიანი ამინდი იქნება და ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +35 გრადუსს მიაღწევს.

რაც შეეხება ზღვის წყლის ტემპერატურას, ის +26, +27 გრადუსი იქნება.

ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 ივლისიდან ამინდი ბათუმში ოდნავ შეიცვლება და  ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

მზიანი და მშრალი ამინდი იქნება აჭარის მაღალმთიანეთშიც, სადაც, 26 ივლისიდან 29 ივლისამდე პერიოდში, ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი იქნება.

 

დეპუტატების გარბენი ბათუმის ბულვარში

გარბენი სახელწოდებით „იყავი ჯანმრთელი“, 29 ივლისს გაიმართება. პარლამენტის წევრმა, ფატი ხალვაშმა, „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ გარბენი მისი ინიციატივით და ორგანიზებით იგეგმება. კითხვაზე, რატომ გადაწყდა გარბენის მოწყობა, დეპუტატი ამბობს, რომ ამ ფორმით სურს ახალგაზრდებს ჯანსაღი ცხოვრებისკენ მოუწოდოს.

„ჩვენ თვითონ უნდა მივცეთ მაგალითი, რომ ჩავაბათ ახალგაზრდები ჯანსაღ ცხოვრებაში. ამიტომ მეც ვაპირებ გარბენში მონაწილეობას“, -გვეუბნება ის.

ფატი ხალვაშის თქმით, ის ბათუმის მაჟორიტარებსაც ესაუბრა გარბენში მონაწილეობის მისაღებად. „სხვათა შორის, საკრებულოს და უმაღლესი საბჭოს წევრებმაც გამოთქვეს სურვილი, რომ მიიღონ მონაწილეობა. ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებიც იქნებიან“, – ამბობს ის.

მძლეოსნურ გარბენზე რეგისტრაცია დილით ათი საათიდან დაიწყება, ხოლო სტარტს  11:00 საათზე აიღებენ. გარბენა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან ანბანის კოშკის მიმართულებით იქნება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, გარბენის სპონსორი „ბათუმი ცენტრალია“.

გამარჯვებულებისთვის დაწესებულია პრიზები. „გამოყოფილია ექვსი საპრიზო ადგილი ქალებისთვის და კაცებისთვის. პირველ საპრიზო ადგილზე გასულ  პირს „ასპრია ფიტნესის“ სავარჯიშო დარბაზის ორთვიანი აბონიმენტი გადაეცემა, ასევე, „რედისონის“ „ეიფორია სპას“ და სპორტული დარბაზის ერთდღიანი ვაუჩერი.

მეორე საპრიზო ადგილის მფლობელს „ასპრია ფიტნესის“ სავარჯიშო დარბაზის  ერთთვიანი აბონიმენტი, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი „პალმ აპარტმენტის“ აუზზე ერთი ადამიანის შეყვანის უფლებით ერთთვიან აბონიმენტს მიიღებს“.

ხილის საწარმო „ნენა“ ქედაში თაფლის ჩამოსხმას გეგმავს

„კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ქედის  ხილის გადამამუშავებელი საწარმო „ნენა“ ნატურალური, ქართული თაფლის ჩამოსხმას გეგმავს. კომპანიის მფლობელი ქედაში ჩამოსხმული თაფლის ევროპის ბაზარზე გატანას აანონსებს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ალექსანდრე დადიანის თქმით, ქედის ხილის გადამამუშავებელ საწარმოში მხოლოდ ევროპის ლაბორატორიებში შემოწმებული თაფლი ჩამოისხმება.

„თაფლის ჩამოსხმამდე სინჯებს შესამოწმებლად ევროპის ლაბორატორიაში გავაგზავნით, მხოლოდ ნატურალურ თაფლს ჩავიბარებთ და ქედაში ისეთ თაფლს ჩამოვასხამთ, რომელიც ევროსტანდარტს დააკმაყოფილებს,“ – ამბობს ალექსანდრე დადიანი.

ალექსანდრე დადიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის საწარმოში თაფლის ჩამოსასხმელ დანადგარებს ამონტაჟებენ: „დანადგარები ჩავიტანეთ ქედაში. არსებული ფართობი სრულიად საკმარისია თაფლის ჩამოსასხმელი დანადგარების განსათავსებლად. რაც შეეხება წარმადობას, 24 საათის განმავლობაში, არსებულმა დანადგარებმა ერთი ტონა თაფლის ჩამოსხმა უნდა უზრუნველყოს. პირველ ეტაპზე თაფლს, სახელწოდებით „თაფლი“ – 100-გრამიან ქილებში ჩამოვასხამთ. შემდეგ ქილებთან ერთად, ერთჯერად შეფუთვებშიც გამოვუშვებთ. რაც შეეხება რეალიზაციას, ორიენტაცია არა მარტო ქართულ, არამედ ევროპულ ბაზარზეც გვაქვს აღებული, ქედაში ჩამოსხმულ თაფლს ევროპის ბაზარზეც გავიტანთ“.

ხილის გადამამუშავებელი საწარმო „ნენა“ შპს „კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ ქედაში 2014 წელს შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მოაწყო და პირველი პროდუქცია ჯემების, მურაბებისა და საწებლის სახით 2015 წელს გამოუშვა. საწარმომ ერთი პერიოდი მუშაობა შეჩერა, თუმცა ამჟამად ხილის გადამუშავებას განაგრძობს და ქედაში წარმოებული სამი სახის პროდუქცია [საწებელი, მურაბა, ჯემი] მწარმოებელს ექსპორტზეც გააქვს.

რატომ და ვისთვის გაძვირდა გაზის გადასახადი

სემეკის გადაწყვეტილებით მოსახლეობისთვის გაზის გადასახადი მიმდინარე წლის 20 ივლისიდან გაიზარდა. რატომ და რამდენით გაიზარდა ტარიფი მომხმარებლებისთვის და გაეზრდებათ თუ არა გაზის გადასახადი იურიდიულ პირებს?

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში [სემეკი] აცხადებენ, რომ, მაგალითად, აჭარის ტერიტორიაზე ნებისმიერი საყოფაცხოვრებო მომხმარებელი [მოსახლეობა] 20 ივლისიდან ერთნაირად გადაიხდის მოქმედი ტარიფით. ეს ტარიფი კი, ერთ კუბ/მეტრ მოხმარებულ აირზე 55 თეთრიდან 57 თეთრამდე გაიზარდა.

აჭარაში, ძირითადად, „სოკარ ჯორჯია გაზი“ ოპერირებს. ამ კომპანიას არ აქვს უფლება საყოფაცხოვრებო მომხმარებელს მოხმარებულ 1 კუბ/მ ბუნებრივ აირში 56,940 თეთრზე [57 თეთრზე] მეტი გადაახდევინოს.

მოსახლეობა  გაზრდილი ტარიფით გადაიხდის გადასახადს 20 ივლისიდან მოხმარებულ გაზზე.

ქვითარიმაგალითად, მოქალაქემ ბათუმში 16 მაისიდან 16 ივნისამდე მოიხმარა 20 კუბ/მ გაზი. მას მიუვიდა ქვითარი, რომლითაც უნდა გადაიხადოს 10 ლარი და 94 თეთრი [ანუ 54,7 თეთრი 1კუბ/მ-ზე]. ამ მოქალაქეს 20 ივლისიდან გადასახადი გაუძვირდა 2,24 თეთრით, თუმცა მომდევნო ქვითარი მიუვა ძველი ტარიფით [16 ივნისი-16 ივლისის პერიოდის]; რაც შეეხება გაზრდილ ტარიფს, გაზრდილი გადასახადი მიუვა უკვე აგვისტოს ბოლოს [16 ივლისი – 16 აგვისტოს პერიოდი]; თუმცა, ამ ქვითარში კომპანიამ 16-20 ივლისს მოხმარებული გაზის გადასახადი ძველი ტარიფით უნდა იანგარიშოს, ხოლო 21 ივლისიდან 16 აგვისტომდე პერიოდის – ახალი, გაზრდილი ტარიფით. თუ როგორ დაიანგარიშებს ამ ოთხი დღის გადასახადს, ეს უკვე „სოკარზეა“ დამოკიდებული. კომპანიას ან აღრიცხული ექნება ამ ოთხი დღის ჩვენება, ან გამოთვლის საშუალო დღიურ მოხმარებას და იმის მიხედვით დაარიცხავს გადასახადს [სხვადასხვა აბონენტისთვის ეს დღეები შესაძლოა სხვადასხვა იყოს იმის მიხედვით, თუ რომელ რიცხვში იღებს ჩვენებას კომპანია].

ზოგი აბონენტის ინფორმაციით, ბათუმში მათ ივნისის თვეში მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის ქვითარი ამ დრომდე არ მისვლიათ. ეს ადამიანები ეჭვობენ, რომ ქვითრის დაგვიანება ბუნებრივ აირზე გადასახადის გაზრდას უკავშირდება და შესაძლებელია მათ ივნისის თვეში მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურიც გაზრდილი ტარიფით გადაახდევინონ.

„ორი თვის გადასახადი არავის არ მიუვა, მაქსიმალური, რაც შეიძლება მიუვიდეს, არის ერთი თვე და ათი დღის მოხმარებული აირის გადასახადი. გაზრდილი ტარიფით აბონენტები ჯერ არ გადაიხდიან,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ „სოკარის“ პრესსამსახურში.

„თუ მომხმარებელი ჩათვლის, რომ მას არასწორად დაარიცხა კომპანიამ გადასახადი, შეუძლია მოგვმართოს და ჩვენ მის განცხადებას განვიხილავთ“, – აცხადებენ სემეკში.

სემეკის მიერ დადგენილი ახალი სამომხმარებლო ტარიფები დღგ-ს ჩათვლით [1კუბ/მ მოხმარებულ აირზე]:

[checklist]

  • შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ – 46,153 თეთრი;
  • სს „საქორგგაზი“ – 57,011 თეთრი;
  • შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ – 56,940 თეთრი.

[/checklist]

ეს ტარიფები 2018 წლის ბოლომდე იქნება ძალაში.

სემეკი ტარიფებს [მაქსიმალურ ზღვარს] მხოლოდ საყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ადგენს. რაც შეეხება კომერციულ სექტორს, აქ ტარიფებს მიმწოდებელი კომპანია ადგენს და ის შესაძლოა ინდივიდუალურიც კი იყოს თითოეულ იურიდიულ პირთან მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

გაზრდის თუ არა „სოკარ ჯორჯია გაზი“ გადასახადს არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის, ანუ იურიდიული პირებისთვის?  – „ბათუმელებს“ კომპანიაში განუცხადეს, რომ კომერციულ სექტორში რაიმე ცვლილება ტარიფებთან დაკავშირებით ამ დროისთვის არ მომხდარა და არც განიხილება. „თუ მოსალოდნელი იქნება რაიმე ცვლილება ამ კუთხით, გაცნობებთ“, – გვითხრეს „სოკარ ჯორჯია გაზის“ პრესსამსახურში.

გოჩა შონია. ფოტო: სემეკი
გოჩა შონია. ფოტო: სემეკი

„ტარიფები არ გადათვლილა დაახლოებით 10 წელია. შესაბამისად, ამ პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა  ბაზარზე… ახალი მოთამაშეები გაჩნდნენ, მათ შორის „სოკარი“ შემოვიდა 2008 წელს, რომელმაც დიდი მოცულობის ინვესტიცია ჩადო. ასევე „ყაზტრანსგაზში“ შევიდა სპეცმმართველი 2009 წლიდან და იქაც გარკვეულწილად შეიცვალა ფინანსური მდგომარეობა. ყოველივე ამან დღის წესრიგში დააყენა, ახალი მიდგომების დანერგვა. რაც მთავარია, ახალი მეთოდოლოგია შევიმუშავეთ გაზის სექტორში და მივიღეთ გადაწყვეტილება გადაგვეთვალა მთელი სისტემისთვის ეს ტარიფები“, – ამბობს „ბათუმელებთან“ სემეკის წევრი გოჩა შონია.

სემეკის წევრის განცხადებით, ძველი მეთოდოლოგია 1999 წელს იყო მიღებული და ის დაფუძნებული იყო იმ დროს მოქმედ კანონმდებლობაზე. ბოლო 17 წლის განმავლობაში კი შევიდა არაერთი ცვლილება კანონებში, შეიცვალა თამაშის წესებიც და დღის წესრიგში ახალი მეთოდოლოგიის შემუშავება დადგა.

„ეს მეთოდოლოგია არის ევროპულ პრაქტიკაზე დაფუძნებული. ელექტროენერგეტიკაში მივიღეთ ახალი მეთოდოლოგია, კარგად იმუშავა და, ვფიქრობთ, გაზის სექტორშიც კარგად იმუშავებს“, – აცხადებს გოჩა შონია.

საქართველოს ბაზარზე რამდენიმე გაზგამანაწილებელი კომპანია ოპერირებს და მათთვის სემეკს განსხვავებული ტარიფები აქვს დადგენილი. მარეგულირებელში აცხადებენ, რომ ამჯერად ოთხი სატარიფო განაცხადი დაითვალეს [ერთი ტრანსპორტირების და სამი გამანაწილებელი კომპანიის].

„ყველა ამ კომპანიას აქვს სხვადასხვა ფინანსურ-ტექნიკური მაჩვენებელი. ზოგს მეტი ხარჯი აქვს გაწეული, მეტი ინვესტიცია აქვს ჩადებული, ზოგს ნაკლები, შესაბამისად, ტარიფებიც არის განსახვავებული“, – ამბობს გოჩა შონია და დასძენს, რომ მიუხედავად იმისა, დოლარის კურსი რეალურად მოქმედებს სამომხმარებლო ტარიფზე, ამჯერად ტარიფის ცვლილება ნაკლებად იყო დაკავშირებული ვალუტის კურსზე.

ზოგადად, სამომხმარებლო ტარიფი სამი კომპონენტისგან შედგება:

[checklist]

  • პირველი – მიწოდების ტარიფი, რომელიც მთლიანად დამოკიდებულია გაზის ფასზე და გაზის ღირებულებაზე. აქ შედის ვალუტის კურსი;
  • მეორე – ტრანსპორტირების ტარიფი, რომელიც არის გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ტარიფი, რომელიც ფლობს მაღალი წნევის მაგისტრალურ გაზსადენებს, რომლითაც იმპორტირებული გაზი მიდის გამანაწილებელ კომპანიებამდე;
  • მესამე – გამანაწილებელი კომპანიების [„ყაზრტრანსგაზის“, „სოკარ ჯორჯია გაზის“ და „საქორგაზის“] ტარიფი, რომლებსაც ტრანსპორტირების კომპანიისგან მიღებული გაზი უკვე მიაქვთ მომხმარებლამდე.

[/checklist]

გოჩა შონიას განმარტებით, „ტრანსპორტირებისა და განაწილების კომპანიის ტარიფი, ეს არის ქსელური კომპონენტი, ხოლო მიწოდების ტარიფი, არის ბუნებრივი გაზის ფასი. შესაბამისად, მიწოდების ტარიფში ძალიან მოქმედებს ვალუტის კურსი, ქსელის კომპონენტში კი დიდი მნიშვნელობა აქვს ინვესტიციებს“.

დედა: ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში ჩემი 9 თვის შვილი უფულობის გამო არ მიიღეს

9 თვის ბავშვის დედა, ნონა გ. ამბობს, რომ წუხელ, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ბავშვი დიდი ხნის განმავლობაში ტიროდა და ტკივილი მას შემდეგაც არ მოეხსნა, რაც თავისი ექიმის მიერ გამოწერილი წამლები დაალევინეს. „ბავშვი ძალიან წუხდა და ამიტომ გამოვიძახეთ სასწრაფო. სასწრაფოს ექიმმა გვითხრა, რომ  მათ არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ და  ბავშვთა საავადმყოფოში გადაყვანა შემოგვთავაზეს“, – ამბობს 9 თვის ბავშვის დედა.

ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში 9 თვის ბავშვი წუხელ, დაახლოებით პირველ საათზე მიიყვანეს, მაგრამ დედის თქმით, ბავშვი საავადმყოფოში არ მიიღეს.

„მიმღებში ქალმა გვითხრა, რომ თუ არ გადავიხდიდით 160 ლარს, ექიმთან ვერ შეგვიყვანდა. მე ფული არ მქონდა. გაზების გამყვანი გაუკეთე და გაუვლის, ჩვენ ვერაფრით დაგეხმარებითო, მითხრა ექთანმა. მტირალა ბავშვი უკან გამომატანეს“, – ამბობს ქალი.

ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის პრესსამსახურში შემდეგი განმარტეს: „აღნიშნულ პაციენტს ჩვენს კლინიკაში მომსახურება არ გაწევია. შესაბამისად, თანხის გადახდის ფაქტიც არ დაფიქსირებულა. გარკვეულ გაუგებრობას აქვს ადგილი, რადგანაც შემოსვლის დიაგნოზი საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ფინანსდება“.

ნონა. გ. წლების განმავლობაში სოციალურად დაუცველი იყო. შემდეგ ეს სტატუსი სხვადასხვა გარემოების გამო მოუხსნეს, მათ შორის ერთ-ერთი მიზეზი იყო ქორწინება. ის ამბობს, რომ სოციალური თვალსაზრისით მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, გეგმავს სტატუსის აღსადგენად კვლავ მიმართოს შესაბამის სააგენტოს, მაგრამ ამის გაკეთებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც პირადობის მოწმობას აიღებს. როგორც ქალი ამბობს, მას დაკარგული აქვს პირადობის მოწმობა: „ახალ მოწმობას 35 ლარი უნდა. ჯერჯერობით ეს ფული არ მაქვს“.

ზედაპირული წყლებისა და ჰაერის დაბინძურების ფაქტები აჭარაში

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველომ ზედაპირული წყლებისა და ჰაერის დაბინძურების ფაქტები გამოავლინა.

ამ სამმართველოს გარემოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსის, ნუგზარ პაპუნიძის ინფორმაციით, ზედაპირული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა სოფელ აჭყვაში. დაბინძურების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. როგორც ნუგზარ პაპუნიძე ამბობს,  ამის შესახებ ინფორმაციას წლის ბოლოს გარემოს ზედამხედველობის სამსახურისგან მიიღებენ.

ანალოგიური ვითარება დაფიქსირდა მდინარეების – ბარცხანისა და ჭოროხის შენაკადებზეც.

სამი ფაქტია გამოვლენილი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების.  ერთ-ერთი შემთხვევა იყო გონიოში, სადაც დასახლებულ ადგილზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მაჩვენებლის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აზოტის დიოქსიდი 0,5-ჯერ აღემატება დადგენილ ნორმას.

აზოტის დიოქსიდის გადამეტების ფაქტი გამოვლინდა ფრიდონ ხალვაშის გამზირზეც, სადაც აზოტის დიოქსიდი დადგენილ ნორმას 0,5-ით აღემატება.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მესამე ფაქტი ბარცხანის ტერიტორიაზეც დაფიქსირდა, სადაც ამიაკი დადგენილ ნორმას 1,5 აღემატება, აზოტის დიოქსიდი კი 0,7-ით.

როგორც გარემოს დაცვის სამმართველოში აცხადებენ, კვლევის შედეგები გადაგზავნილია გარემოს ზედამხედველობის სამსახურში შემდგომი რეაგირებისთვის.

ნუგზარ პაპუნიძის თქმის, წელს ჰაერის და ზედაპირული წყლების დაბინძურების ახალი ფაქტებია გამოვლენილი. „გასულ წელს უფრო სხვა მაჩვენებლები იყო“, – გვეუბნება ის.

კვლევები „აჭარის სანაპირო ზოლის ჩამდინარე წყლებისა და ატმოსფერული ჰაერის აქტიურ დამაბინძურებელ კერებში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგის“ ფარგლებში ჩატარდა.

ოფიციალური ინფორმაციით, წლის განმავლობაში დაგეგმილია წყლის 210 სინჯის აღება.

 

ხულო, დიდაჭარის კაშხალი [ფოტო]

დიდაჭარის კაშხალი ხულოს მუნიციპალიტეტში, მდინარე აჭარისწყალზეა აგებული. სოფელი დიდაჭარა ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მდებარეობს. კაშხალი დაბა ხულოდან დაახლოებით 6 კილომეტრში, ხოლო სოფელ დიდაჭარიდან, დასახლებული პუნქტიდან, 1,5 კილომეტრში მდებარეობს.

დიდაჭარის კაშხალი ჰესების მშენებელმა კომპანიამ – „აგე ბათუმმა“ ააშენა, რომელიც  „აჭარისწყალი ჯორჯიას“ კონტრაქტორი კომპანიაა.

დიდაჭარის კაშხალი, ხულო / 25.07.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
დიდაჭარის კაშხალი, ხულო / 25.07.2017 /
მანანა ქველიაშვილის ფოტო
დიდაჭარის კაშხალი, ხულო / 25.07.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
დიდაჭარის კაშხალი, ხულო / 25.07.2017 /
მანანა ქველიაშვილის ფოტო
დიდაჭარის კაშხალი, ხულო / 25.07.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
დიდაჭარის კაშხალი, ხულო / 25.07.2017 /
მანანა ქველიაშვილის ფოტო
დიდაჭარის კაშხალი, ხულო / 25.07.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
დიდაჭარის კაშხალი, ხულო / 25.07.2017 /
მანანა ქველიაშვილის ფოტო
დიდაჭარის კაშხალი, ხულო / 25.07.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო
დიდაჭარის კაშხალი, ხულო / 25.07.2017 /
მანანა ქველიაშვილის ფოტო

 

 

ფესტივალი ბათუმში შვიდი ეროვნული უმცირესობის ნაციონალური სამოსითა და კერძებით

31 ივლისს, 20:00 საათიდან ბათუმის ზღვისპირა ბულვარში, კოლონადებთან გაიმართება ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი. კოლონადებისკენ მიმავალ ალეაზე მოეწყობა „კუთხე“, სადაც წარმოდგენილი იქნება გერმენული, აზერბაიჯანული, ბერძნული, უკრაინული, რუსული, ებრაული და სომხური დიაპორების ნაციონალური კერძები, სურათები, სამოსი და სხვა ნივთები. კოლონადებთან მოეწყობა იმპროვიზებული სცენა და გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ უმცირესობათა საცეკვაო ანსამბლები, მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები.

უკრაინული დიასპორა
– მასტერკლასი ნაციონალური თოჯინის დამზადებაში;
– უკრაინული ცეკვის ელემენტების შესწავლა;
– უკრაინული ენისა და ანბანის შესწავლა;
– მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მოირგონ ნაციონალური ტანსაცმელი და მოაწყონ ფოტოსესია;
– ტრადიციული სამზარეულოს გამოფენა და კერძების დაგემოვნება;
– ხატვა ფერადი ცარცებით;
– ნაციონალური გვირგვინის დამზადების მასტერკლასი;
– ნაციონალური სუვენირებისა და წიგნების გამოფენა-გაყიდვა;
– საქართველოში უკრაინელთა ყოფის ამსახველი ფოტო-გამოფენა;
– უკრაინული და ქართული ცეკვის შესრულება;
– უკრაინელი ხელოვანის ფოტო-გამოფენა;

სომხური დიასპორა
– სომხური ნაციონალური კერძების დაგემოვნება;
– ფოტოხელოვან სეირან ბაროიანის ფოტოსურათების გამოფენა. სპეციალურ ბანერზე განთავსდება 25 ფოტოსურათი – წელს აღინიშნება აჭარის სომხური დიასპორის დაარსების 25-ე წლისთავი;
– სომხურ დიასპორასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლ „ეგნარ“-ის საცეკვავო ნომრები;
– მომღერალ მარგარიტა ხუმარიანის საკონცერტო პროგრამა;
– თვითნასწავლ ხელოსან კარინა კუზიკიანის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა;

ბერძნული დიასპორა
– ნაციონალური ქორეოგრაფიის საცეკვაო ნომრები;
– ნაციონალური სამზარეულოს დაგემოვნება;
– ბერძნული ხელოვანის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა;
– მუსიკალური საკონცერტო ნომრები;
– მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მოირგონ ნაციონალური ტანსაცმელი და მოაწყონ ფოტოსესია;

გერმანული დიასპორა
– ისტორიული ფოტოების გამოფენა;
– გერმანული სამზარეულოს დაგემოვნება;
– წიგნის პრეზენტაცია;
– DJ Max-ის მიერ შესრულებული მუსიკალური კომპოზიციები;

აზერბაიჯანული დიასპორა
– აზერბაიჯანული ლიტერატურის და ფოტოების გამოფენა;

რუსული დიასპორა
– ნაციონალური კერძების გამოფენა და დაგემოვნება;

ებრაული დიასპორა
– ებრაული ფოლკლორის სიმღერები;

ფესტივალის საინფორმციო მხარდამჭერები არიან აჭარის ტელევიზია და ჟურნალი „ბათუმელები, ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ქალაქ ბათუმის მერია და ბათუმის ბულვარი, რომლებიც უზრუნველყოფს ფესტივალს ტექნიკითა და სხვა საჭირო საორგანიზაციო ინვენტარით.

გერმანული დიასპორის მხარდამჭერია რესტორიანი – Weihenstephan-ი;
ბერძნული დიასპორისთვის ეროვნული სამოსის აქსესუარები, სასაჩუქრე შეფუთვები და სხვა საჭირო ინვენტარი შეიძინეს სტომატოლოგიურმა კლინიკამ – Batumi dental clinic, სამშენებლო კომპანიებმა White Sails-მა და KSK Building Company-მ.

პროექტის მიზანია, ეროვნულ უმცირესობათა გააქტიურება მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში.

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის [IJH] ამ პროექტს ფინანსური მხარდამჭერი „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოა“.

ფესტივალის მხარდამჭერები
ფესტივალის მხარდამჭერები

რისთვის დააჯარიმეს 72 პირი ბულვარში

„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში ველობილიკს მიღმა მოძრაობისთვის 39 პირი 20 ლარით დაჯარიმდა.  საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვის გამო 30 პირის  მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რაც 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, ერთი პირი ათასი ლარით დაჯარიმდა, სამშენებლო ნარჩენებით ბულვარის ტერიტორიის დანაგვიანების გამო ორი პირი კი 80 ლარით დაჯარიმდა, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ბულვარის დანაგვიანებისთვის.

ოფიციალური ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით ჯარიმების რაოდენობა შემცირებულია, თუმცა ცალკეული შემთხვევები მაინც ვლინდება.

პლაჟი, ნაგავი
პლაჟი, ნაგავი

 

ბათუმში ახალი შუქნიშნებისთვის 1,3 მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმში, 8 ადგილზე, მათ შორის გორგილაძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში, ახალი შუქნიშნები და საგზაო ნიშნები მოეწყობა.  შესაბამის შესყიდვას ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო განახორციელებს. სააგენტომ, რომელიც მუნიციპალური ორგანიზაციაა, ტენდერი უკვე გამოაცხადა, საწყისი ღირებულებით – 1 375 690 ლარი.

ახალი შუქნიშნები ბათუმში დამონტაჟდება შემდეგ ადგილებში:

[checklist]

  • პუშკინისა და დ. თავდადებულის ქუჩების გადაკვეთაზე;
  • პუშკინისა და ლერმონტოვის ქუჩების გადაკვეთაზე;
  • პუშკინისა და მელიქიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე;
  • ბაგრატიონისა და ჯავახიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე;
  • ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩების გადაკვეთაზე;
  • გორგილაძისა და ჯავახიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე;
  • ბაგრატიონისა და შავშეთის ქუჩების გადაკვეთაზე;
  • აეროპორტის გზატკეცილზე [ანგისის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე].

[/checklist]

ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტის მიწოდება – მონტაჟი, პროგრამული გამართვა, მართვის ცენტრთან მიერთება, ტრენინგის ჩატარება და საექსპერტო დასკვნის წარდგენა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე. ტენდერში წინადადებების მიღება 2017 წლის 1-ელ აგვისტოს დაიწყება და 4 აგვისტოს დასრულდება.

შესყიდვის ობიექტზე საგარანტიო პერიოდია მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან არანაკლებ 2 წელი.

მიმწოდებელი ვალდებულია საგარანტიო ვადის მოქმედების პერიოდში წარმოშობილი ხარვეზები გამოასწოროს და უზრუნველყოს მწყობრიდან გამოსული შესყიდვის ობიექტის შეკეთება ან ახლით შეცვლა შემსყიდველის მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში [დაუყოვნებლივ], შემსყიდველის დამატებითი დანახარჯების გარეშე.

IMG_20170725_115330
ბათუმი, პუშკინისა და დ. თავდადებულის ქუჩების კვეთა. აქ შუქნიშნები ხშირად არ მუშაობს/ 25.07.2017
IMG_20170725_115349
ბათუმი, პუშკინისა და დ. თავდადებულის ქუჩების კვეთა. აქ შუქნიშნები ხშირად არ მუშაობს. ყვითელი მაშუქი ფარი ახლაც არ ინთება / 25.07.2017
IMG_20170725_115403
ბათუმი, პუშკინისა და დ. თავდადებულის ქუჩების კვეთა. აქ შუქნიშნები ხშირად არ მუშაობს/ 25.07.2017

ბათუმის საკრებულოს წევრები „აჭარა ფეშენ ვიკის“ გახსნაზე

დღეს, 24 ივლისს, ბათუმში Palm Apartments-ის ეზოში „აჭარა ფეშენ  ვიკი“ გაიხსნა. გახსნაზე იმყოფებოდნენ ბათუმის საკრებულოს წევრები – ლევან კინწურაშვილი, თენგიზ აფხაზავა, ნინო ბერაძე, ვიცე-მერი ალექსანდრე მითაიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ფატი ხალვაში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის მეუღლე სოფო ბაკურიძე  და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. საკრებულოს ზოგიერთი წევრი  ალა-ფურშეტის შემდეგ, მალევე წავიდა.

„აჭარა ფეშნ ვიკის“ გახსნაზე ფოტო: მანანა ქველიაშვილი
„აჭარა ფეშნ ვიკის“ გახსნაზე
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

„აჭარა ფეშენ ვიკი“ მომღერალმა სოფო ხალვაშმა გახსნა. მან ორი სიმღერა შეასრულა. გახსნაზე იმღერა აჩიკო მეფარიშვილმაც. მოდის კვირეულის გახსნაზე იმყოფებოდნენ ქართველი მსახიობები და მოდის სფეროს წარმომადგენლები.

ორგანიზატორების განცხადებით, „აჭარა ფეშენ ვიკის“ გახსნაზე ხუთი ქვეყნის წარმომადგენელია ჩამოსული, მათ შორის საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან.

ქართველი მოდელი კრისტი ყიფშიძე, მოდის კვირეულის გახსნაზე
ქართველი მოდელი კრისტი ყიფშიძე მოდის კვირეულის გახსნაზე

„აჭარა ფეშენ ვიკი“ და „მის და მისტერ პლანეტას“ კონკურსებისთვის ბათუმის საკრებულოდან 91 ათასი ლარი გამოიყო. საკრებულოს ცალკეული წევრების მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, უმრავლესობის წევრებმა მოდის კვირეულის დაფინანსებას ხმა მაინც მისცეს.

10

დეპუტატი ფატი ხალვაში „აჭარა ფეშენ ვიკზე“
დეპუტატი ფატი ხალვაში „აჭარა ფეშენ ვიკზე“
„აჭარა ფეშნ ვიკი“ გახსნა ბათუმში
„აჭარა ფეშნ ვიკის“ გახსნა ბათუმში

მოდის კვირეულის გახსნაზე ყატარის პრინცესაც იმყოფებოდა.

ყატარის პრინცესა მოდის კვირეულზე
ყატარის პრინცესა მოდის კვირეულზე
ZeDDaN -ის კოლექციის ჩვენება „აჭარა ფეშენ ვიკის“ გახსნაზე
ZeDDaN -ის კოლექციის ჩვენება „აჭარა ფეშენ ვიკის“ გახსნაზე

მოდის კვირეულის გახსნა ბათუმში გაიმართა, დიზაინერების კოლექციის ჩვენება კი ქობულეთში სასტუმრო CASTELLO MARE-ში გაიმართება 19:30 წუთზე. მოდის კვირეულზე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებიც გეგმავენ მონაწილეობის მიღებას, ბაკალავრიატის ხუთი და მაგისტრატურის ორი სტუდენტი თავიანთ ნამუშევრებს პირველად წარმოადგენენ. მოდის კვირეულის შემდეგ „მის და მისტერ პლანეტაც“ ბათუმში ჩატარდება.

 

კომპანია: აღმასრულებლის გადაწყვეტილებამ დაგვაზარალა

კომპანია „ბალავარი“ აღმასრულებელს თვითნებობაში ადანაშაულებს, რამაც კომპანია დააზარალა. სააღსრულებო ფურცლის შეჩერების მოთხოვნით კომპანიამ სარჩელით დღეს, 24 ივლისს, მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

„ბალავარმა“ სამშენებლო მასალები თურქეთში შეიძინა. „მასალის ბათუმში შემოტანა კი თურქულ კომპანია „პარტაშ ბეტონს“ უნდა განეხორციელებინა. აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიას დავალიანება ჰქონია სხვა ქართულ კომპანიასთან – „პრიზმასთან“. არსებობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვით თურქულ კომპანიას „პრიზმასთვის“ 120 ათასი ლარი აქვს ასანაზღაურებელი,“ – გვიყვება ადვოკატი ზაზა პაპიძე. ის კომპანია „ბალავარის“ ინტერესებს იცავს.

სარფის საბაჟოს ეკონომიკური გაფორმების ზონაში აღმასრულებელმა თურქული კომპანიის ექვსი სატვირთო მანქანა გააჩერა. სააღსრულებო ფურცლის გამოწერის საფუძველი სასამართლოს გადაწყვეტილება იყო, რომლის მიხედვითაც თურქულ კომპანიას დავალიანება აქვს.

„გასაგებია, რომ თურქულ კომპანიას დავალიანება აქვს, მაგრამ „ბალავარი“ ხომ მესამე პირია, ის რა შუაშია ამ დავაში, რატომ უნდა ზარალდებოდეს? მანქანები გააჩერეს ზუსტად ერთი კვირის წინ, 17 ივლისს და დღემდე აღმასრულებელი არ აძლევს ნებას თურქულ კომპანიას, რომ დანიშნულების ადგილზე მოვიდეს ჩვენი საქონელი,“ – ამბობს ზაზა პაპიძე.

ადვოკატის განმარტებით, ჯერ თურქულ კომპანიას სამშენებლო მასალები უნდა ჩაებარებინა შემკვეთისთვის, ხოლო შემდეგ დაეყადაღებინა ავტომანქანები აღმასრულებელს.

რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი საბაჟოდან გამოშვებული ავტომანქანების გადამალვას მოახერხებდა თურქული კომპანია? – ადვოკატი ზაზა პაპიძე ამბობს: „აღმასრულებლის ვალდებულებაა, მოახერხოს სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულება“

სააღსრულებო ფურცლის შეჩერების გარდა, „ბალავარმა“ მიმართა პოლიციასაც, – ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს. ზაზა პაპიძე ამბობს, რომ კომპანია აღმასრულებლის ქმედებასაც გაასაჩივრებს – მატერიალური ზიანის მიყენების გამო.

სასამართლოში დავას აპირებს თურქული კომპანიაც, რომელსაც დავალიანება აქვს. ამ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან სასამართლო პროცესზე „პარტაშ ბეტონი“ არ გამოცხადდა.

„ეს კომპანია გაფრთხილებული არ იყო ამ სასამართლო დავის შესახებ, თურქული კომპანია ხელახლა აპირებს საქმის განხილვას, რის გამოც ზიანის ანაზღაურება დაეკისრა,“ – გვითხრა ზაზა პაპიძემ.

„ეს არ არის საჯარო ინფორმაცია. ვერაფერს გეტყვით, რადგან საქმე ორ კერძო კომპანიას ეხება. ჩვენ წერილობითი პასუხი გავუგზავნეთ „ბალავარს“ და მათი ნებაა, თუკი მოგვაწვდიან ინფორმაციას,“ – გვითხრა კერძო აღმასრულებელმა – ალექსანდრე ნათაძემ.

ზაზა პაპიძის ინფორმაციით, მას ჯერ აღმასრულებლისგან გამოგზავნილი წერილობითი პასუხი არ ჩაბარებია. „რაც უნდა ეწეროს ამ წერილში, მთავარი ისაა, რომ კომპანია ზარალდება იმის გამო, რომ სხვას სამართლებრივი დავა ჰქონია,“ – დასძენს კომპანიის ინტერესების დამცველი.

 

რამდენად აზარალებს ტურიზმს ღამის კლუბებში ტურისტებისთვის ფულის გამოძალვა?

„ზოგადად, ტურიზმზე შესაძლოა არა, მაგრამ გარკვეულ კატეგორიაზე აუცილებლად იქონიებს გავლენას,“ – ასე აფასებს ტურიზმის ექსპერტი ზვიად ელიზიანი ბოლო დროს ღამის კლუბებში უცხოელი ტურისტებისთვის ფულის გამოძალვის შემთხვევებს.

ომანელი ტურისტები დღეს, 24 ივლისს, მოუყვნენ „ბათუმელებს“ ღამის კლუბ „სთარში“ გუშინ ღამით  300 დოლარის გამოძალვის შესახებ. მანამდე „ბათუმელები“ კლუბ „ვოგზე“ წერდა, სადაც ერთ ბოთლ არაყში, შამპანურში, ლუდში, ხილის ასორტსა და კოქტეილში ორ ტურისტს 9 800 ლარი გადაახდევინეს. იმავე საღამოს კიდევ ოთხ სტუმარს „ვოგში“  17 500 ლარის ანგარიში წარუდგინეს გადასახდელად. საქმის განხილვა ამ დრომდე გრძელდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

30271„საერთაშორისო ბიზნესის განვითარების ცენტრის“ თავმჯდომარე – ზვიად ელიზიანი პრევენციული ღონისძიებების საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას, რაშიც შესაძლოა სამართალდამცველებთან ერთად ტურიზმის დეპარტამენტიც იყოს ჩართული.

„შესაძლოა, პოლიციამ იმუშაოს სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად, ჩატარდეს მონიტორინგი, რითაც შეფასდება ესა თუ ის ღამის კლუბი რამდენად ადეკვატურ ფასს ახდევინებს მომხმარებელს. ზოგადად, ეს რთული თემაა და მხოლოდ პოლიცია ვერ აგვარებს. ბევრ ქვეყანაში საკონსულოშიც კი უთქვამთ, თუ რომელ უბანს უნდა ერიდო. შესაძლოა, კონკრეტულ ბარებს არ გეუბნებიან, მაგრამ ევროპის ქვეყნებში საინფორმაციო გიდებიც გატყობინებენ, სად არ ღირს შესვლა. აჯობებს, მოერიდოო, ასე გეტყვიან და მერე უკვე შენი არჩევანია“, – ამბობს ზვიად ელიზიანი.

ზვიად ელიზიანი საუბრობს იმაზეც, რომ ამ ტიპის ღამის კლუბებს სპეციფიკური მომხმარებლები ჰყავს და ესენი, ძირითადად, არიან სათამაშო ტურიზმის მოყვარულები. ტურიზმის პეციალისტის თქმით, სეზონურად ჩამოსულ ტურისტებზე ეს ამბავი არ მოახდენს გავლენას. „თუმცა სათამაშო ტურიზმით დაინტერესებულ კონტინგენტზეც უარყოფითად აისახება ეს ისტორიები, თუკი შემთხვევებმა იმატა“, – დასძენს ზვიად ელიზიანი.

ამ თემაზე:

„თანხის გამოძალვის ოთახი“ ღამის კლუბში

 

 

ხულოში 59 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადასცეს

ხულოში, სოფელ ვაშლოვანში არსებულ „სოციალურ სახლში“, გამგეობის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ 59 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადასცეს.

საცხოვრებელი სახლის მოთხოვნით ხულოს გამგეობაში სულ 88 განაცხადი იყო შესული. ეკომიგრანტი ოჯახები ხულოს გამგეობაში მოქმედმა სპეციალურმა კომისიამ გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე შეარჩია. ვაშლოვანის სოციალურ სახლში ამ დროისთვის თავისუფალი 13 ბინა რჩება.

72-ბინიანი „სოციალური სახლის“ მშენებლობა აჭარის ფინასთა და ეკონომიკის სამინისტრომ სოფელ ვაშლოვანში, 2014 წელს დაიწყო და 2016 წელს დასრულდა.

სოციალური სახლის ასაშენებლად ხელშეკრულება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია „ხიდთან“ 3 მილიონ 253 ათას 993 ლარზე გააფორმა, თუმცა სამინისტროს, სოციალური სახლის დასასრულებლად ტენდერის გამოცხადება მეორედ, 1 174 530 ლარზე 2016 წლის აპრილში მოუწია, რადგანაც კომპანია „ხიდს“ სამინისტრომ 2015 წლის 27 ნოემბერს ტენდერით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ხელშეკრულება შეუწყვიტა და მხოლოდ 2 მილიონ 425 ათასი ლარი ჩაურიცხა.

ვაშლოვანში ეკომიგრანტებისთვის ბინების გადაცემას სხვა პირებთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ესწრებოდა.

ქედაში ყადირ შერვაშიძის ბიუსტს დადგამენ

ყადირ შერვაშიძის ბიუსტი დაბა ქედაში, კოსტავას ქუჩაზე არსებულ პარკში განთავსდება და ის ქედაში პირველი საზოგადო მოღვაწის ბიუსტი იქნება.

ბიუსტის დამზადება-განთავსება ქედის გამგეობას გამარტივებული შესყიდვით უნდოდა, თუმცა გამგეობამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობა ვერ მიიღო. გამგეობის სურვილი იყო, ბიუსტი მიმდინარე წლის 30 ივლისს გაეხსნათ. წელს ყადირ შერვაშიძის დაბადებიდან 130 წელი სრულდება.

ქედის გამგებლის მოადგილის, მამუკა ფარტენაძის ინფორმაციით, ყადირ შერვაშიძის ბიუსტის დამზადებასა და განთავსებასთან დაკავშირებულ მომსახურებას გამგეობა ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. რაც შეეხება ესკიზს, მისივე ინფორმაციით, გამგეობას ამ ეტაპზე ესკიზის საბოლოო ვარიანტი არ შეურჩევია.

ყადირ შერვაშიძე-e1464265660513
ყადირ შერვაშიძე

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ესკიზის შერჩევა. გამგეობაში იყო ესკიზი, რომელიც ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოქალაქემ წარმოგვიდგინა, თუმცა ვნახავთ სხვა ვარიანტებსაც და საბოლოოდ შევჯერდებით. ბიუსტის მომზადება-განთავსებისთვის 30 000 ლარია გამოყოფილი. ტენდერს უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ“ – ამბობს მამუკა ფარტენაძე.

რა მასალისგან ჩამოისხმება ბიუსტი, ამ დროისთვის ქედის გამგეობას გადაწყვეტილება არ მიუღია.

„მისი დამსახურებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ ბიუსტი დაგვედგა… ყადირ შერვაშიძე იყო საზოგადო მოღვაწე, პროფესიით ექიმი, რომელმაც საკუთარი საცხოვრებელი სახლის ნახევარი საავადმყოფოს გადასცა. ის ერთადერთი ქედელია, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელი აქვს მოწერილი,“ – ამბობს მამუკა ფარტენაძე.

ამავე თემაზე:

უცნობი ყადირ შერვაშიძე

ტურისტები ომანიდან: ღამის კლუბში ფული გამოგვძალეს

ტურისტები ომანიდან ღამის კლუბში ფულის გამოძალვაზე საუბრობენ. მათი თქმით, ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ერთ-ერთ ღამის კლუბში დაცვის თანამშრომლები ცემით დაემუქრნენ, თუკი იმ თანხას არ გადაიხდიდნენ, რაც ქვითარში ჩაუწერეს.

„ღამით ქუჩაში გავიარე, ტაქსის მძღოლმა გვირჩია გასართობად ღამის კლუბში წასვლა, – გვიყვება ეჰმედ ნ. იგი ორ მეგობართან ერთად ბათუმში პირველად ჩამოვიდა და ერთ-ერთ ჰოსტელში გაჩერდა, – დაახლოებით ღამის სამ საათზე მივედით კლუბში, ხილის ასორტი და „ბორჯომი“ შევუკვეთეთ, ალკოჰოლს ჩვენ არ ვსვამთ. ნახევრად გახდილი გოგონები ბოძებზე ცეკვავდნენ, მერე ორი გოგო მოვიდა. ერთი გოგო ჩემს მეგობარს მუხლებზე დაუჯდა, მეორე გვერდით იყო. არაყი შეუკვეთეს. თვითონ სვამდნენ, ჩვენ – არა. ცეკვას ვუყურებდით…“

ომანელი ტურისტების თქმით, კლუბში სექსუალურ მომსახურებაზე ვერ შეთანხმდნენ. „ჩვენს მაგიდასთან მოსულმა ქალმა სექსი შემომთავაზა. მითხრა, ზემოთ სასტუმროა, თუ გინდა, ავიდეთ, ერთ საათში 150 ლარი მინდაო. უარი ვუთხარი,“ – გვიყვება ეჰმეთ ნ.

კლუბიდან გამოსვლის დროს ტურისტებს ქვითარი მიუტანეს, სადაც ეწერა, რომ 1035 ლარი იყო გადასახდელი. „გავაპროტესტეთ, რაღაც შეგეშალათ-მეთქი. ხელმეორედ მოგვიტანეს ქვითარი, სადაც უკვე 770 ლარი იყო მითითებული, მაგრამ ესეც შეუსაბამო იყო იმასთან შედარებით, რაც შევუკვეთეთ. ვუთხარი, რომ ამას არ გადავიხდიდით. დაცვის ბიჭები მოვიდნენ, მკლავზე ხელი მომკიდეს და მითხრეს, რომ ცალკე ოთახში გაგვიყვანდნენ და გვცემდნენ. ფული გადავიხადეთ. ქვითარი დაცვის თანამშრომელმა იქვე დახია“, – ამბობს ეჰმედ ნ.

ომანელებმა პოლიციას დღეს, 24 ივლისს მიმართეს და ჩვენებაც მისცეს პოლიციის მეორე განყოფილებას. ჯერ ცნობილი არ არის, დაიწყება თუ არა ამ შემთხვევაზე გამოძიება.

ომანელი ტურისტები არ არიან პირველები, ვინც ბათუმის სხვადასხვა ღამის კლუბში ფულის გამოძალვაზე საუბრობენ. ბათუმის საქალაქო სასამართლოში ახლაც გრძელდება საქმის განხილვა, სადაც ერთ-ერთი ღამის კლუბის „ვოგის” მფლობელებს თანხის გამოძალვა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედებათ ბრალად.

ამავე თემაზე:

„თანხის გამოძალვის ოთახი“ ღამის კლუბში

 

 

როდის გამოიდარებს ბათუმში

ამინდის ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 24 ივლისს  ბათუმში იწვიმებს.  მზიანი ამინდი მიმდინარე კვირის ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს არის მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა ხუთშაბათს დღისით +30 გრადუსი იქნება, ღამით კი + 23 გრადუსი. პარასკევს +33 გრადუსი, შაბათს კი +34 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

სხვა დღეებში კი პროგნოზის მიხედვით, წვიმებია მოსალოდნელი. ამავე წყაროს ინფორმაციით, ბათუმში ხვალაც იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსი იქნება.

 

 

ჭოროხში ჩავარდნილი მამაკაცი ზღვამ ფოთში გამორიყა

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ორი დღის წინ, მდინარე ჭოროხში გაუჩინარებული მამაკაცი, დღეს, 24 ივლისს, ზღვამ ფოთის სანაპიროზე გამორიყა.

სამაშველოს ინფორმაციით, მამაკაცი დაახლოებით 65 წლამდე ასაკისაა. გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

საკრებულოს წევრის თქმით, ხუცუბანში მოსახლეობას ტალახიანი წყალი მიეწოდება

ქობულეთის საკრებულოს წევრის, ლელა ვერულიძის განცხადებით, სოფელ ხუცუბანში მოსახლეობას ტალახიანი წყალი მიეწოდება. საკრებულოს წევრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წყლის სისტემებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა და გამგეობამ 2016 წელს ჩაიბარა, მოსახლეობას წყალი ან არ მიეწოდება, ან წყალი სასმელად უვარგისია.

„სასმელი წყლის რეაბილიტაცია გაკეთდა, ორი მილიონი ლარი დაიხარჯა ამისთვის, თუმცა, მოსახლეობას წვიმის დროს წყალი არ მიეწოდება, ან თუ მიეწოდება არის მღვრიე და სასმელად უვარგისი.

ტალახიანი წყალი მოდის. მეც ვცხოვრობ ხუცუბანში და ვხედავ როგორი წყალი მოდის. დღესაც მოდიოდა მღვრიე წყალი. რაღაცეები დაცურავს წყალში. გამგეობაში გვითხრეს რომ მალე გამოიცვლებოდა ფილტრები, თუმცა სისტემაზე სადაც 2 მილიონი იხარჯება, როგორ შეიძლება უვარგისი იყოს და სასმელ წყალს რაღაცეები მოყვებოდეს“ – ამბობს ლელა ვერულიძე.

მისი თქმით, გარდა მღვრიე წყლისა, გარკვეულ უბნებში წყლის ჩართვის დროს მილები ზიანდება – წნევას ვერ უძლებს.

ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის თქმით, წყალი წვიმის პერიოდში იკეტება.

„წყალი გადავკეტეთ გუშინ რადგან წვიმა იყო და მოისილა აუზი. ძლიერი წვიმის შედეგად ხდება ხოლმე, ამიტომ აუზი იკეტება, იწმინდება და ისევ ხდება წყლის გაშვება. ახალგაშვებულზე შეიძლება 1-2 საათი იყოს მღვრიე წყალი, მაგრამ შემდეგ ჩვეულებრივ იწმინდება“ – ამბობს გამგებელი.

მისი თქმით, სათავე ნაგებობა მთაშია გაკეთებული. „ბათუმელების“ კითხვაზე, არის თუ არა სასმელი წყალი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო? – გამგებელი ამბობს, რომ ლაბორატორიული დასკვნები თვეში ერთხელ კეთდება. „როგორც ვიცი მოწმდება, ბოლოს როდის შემოწმდა არ მახსოვს“ – ამბობს ის.

სოფელ ხუცუბანში 7 150 ადამიანი ცხოვრობს.

Exit mobile version