ხულოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პაქსაძეებში ხანძრის შედეგად პაქსაძეების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.

ხანძარი ხის საცხოვრებელ სახლს, სადაც 14 წევრი ცხოვრობდა, დღეს, პირველ აგვისტოს, რამდენიმე საათის წინ გაუჩნდა. ხულოს გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაზიანებულა.

„როდესაც სახლს ხანძარი გაუჩნდა, სახლში არავინ იმყოფებოდა, ოჯახი იალაღზეა გადასული, არავინ დაშავებულა. ხანძრის სხვა შენობებზე გადასვლის საშიშროება იყო, რადგანაც შემთხვევის ადგილთან ახლოს ხის საცხოვრებელი სახლებია. საბედნიეროდ, სასწრაფო-სამაშველო ბრიგადები დროულად მოვიდნენ,” – თქვა გამგებელმა.

ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახს გამგეობა მას შემდეგ დაეხმარება, როგორც კი გამოძიება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს დაადგენს.

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან. 

ქობულეთის ცენტრალურ პარკთან 2,9 ჰექტარი მიწა 1,6 მილიონად აუქციონზე იყიდება

ქობულეთის სანაპიროზე, ქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარედ, 29 ათასი კვ/მ მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობიან აუქციონზე ყიდის. ქონების საწყისი ფასი 1,6 მილიონი ლარია, ბიჯი – 48 ათასი ლარი. აღნიშნული ტერიტორია ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, 277 ნომერში მდებარეობს და აქ წლების წინ სანატორიუმი „ქობულეთი“ ფუნქციონირებდა.

ყოფილი სანატორიუმ „ქობულეთის“ ტერიტორია, რომელიც აუქციონზეა გატანილი
ყოფილი სანატორიუმ „ქობულეთის“ ტერიტორია, რომელიც აუქციონზეა გატანილი

აუქციონის პირობების მიხედვით, სხვა მოთხოვნებთან ერთად, მყიდველი ვალდებულია: საბოლოო საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს აუქციონის დასრულებიდან 2 წლის განმავლობაში; ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება და მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მიღება [მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა შეიცავდეს სასტუმროს – არანაკლებ 200 ნომერი, სტილობატს [ე.წ „პოდიუმი“], ღია და დახურული ტიპის აუზს, საზოგადოებრივ და კომერციული დანიშნულების ობიექტებს [რესტორნები, კაფე-ბარები, საერთაშორისო ბრენდის სავაჭრო ცენტრი], გასართობ ობიექტებს [მათ შორის, კაბარე], საერთაშორისო ბრენდის ქვეშ მოქმედ სამორინეს].

მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 42 თვეში უნდა დაასრულოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიღება და თანამედროვე საინჟინრო-კომუნალური ქსელების მოწყობა. აღნიშნულ პროექტში კი ინვესტორმა არანაკლებ 20 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

აუქციონის პირობის თანახმად, მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებიდან 6 თვის ვადაში ინვესტორმა არანაკლებ 200-ნომრიანი სასტუმრო უნდა აამოქმედოს და ამოქმედებიდან არანაკლებ 10 წლის განმავლობაში პროფილი შეუნარჩუნოს. სასტუმროში დასაქმებულთა არანაკლებ 90%-ს უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები.

აუქციონი მიმდინარე წლის 10 აგვისტოს დასრულდება.


ყოფილი სანატორიუმი „ქობულეთი“ ერთ-ერთი იყო იმ 21 ობიექტიდან, რომლებიც ყაზახური ინვესტიციის განხორციელების პირობით, 2006 წელს, მაშინდელმა მთავრობამ „სილქ როუდ ჯგუფს“ მიჰყიდა. „ქობულეთი“ და სხვა ქონება იმავე წელს ყაზახურ ბანკ „ტურანალემში“ იპოთეკით დაიტვირთა.

კომპანიასთან, რომელმაც ათი წლის განმავლობაში ნაკისრი ვალდებულებები, ფაქტობრივად, ვერ შეასრულა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ახალი შეთანხმება 2016 წელს გააფორმა და „ყაზახურ ინვესტიციასთან“ დაკავშირებული ხელშეკრულება ახალი პირობებით ამოქმედდა. ახალი ხელშეკრულებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად აღირიცხა 18 საკადასტრო ერთეული, მათ შორის ყოფილი სანატორიუმი „ქობულეთი“.

„სილქ როუდ ჯგუფში“ კი „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ დარჩენილი აქვთ 10 ობიექტი, კონკრეტული საინვესტიციო ვალდებულებებით. ამასთან, აქვთ ამ ობიექტების გასხვისების უფლებაც.

„დაბრუნებული ქონების“ ჩამონათვალში იყო ყოფილი პანსიონატი „მზიური“ და სანატორიუმი „მახინჯაურიც“, რომლებიც კომპანია „სტატოტელს“ აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით 3,9 მილიონ ლარად გასული წლის სექტემბერში მიჰყიდა. კომპანიამ კი, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ზუსტად 20 დღეში, სამინისტროს ორი წერილით მიმართა, რომლებითაც ამ ქონების [ან ქონების ნაწილის] იპოთეკით დატვირთვასა და გასხვისებაზე ითხოვდა ნებართვას.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ „სტატოტელის“ თხოვნაზე სამინისტროს პასუხი ამ დრომდე არ გაუცია: „ჯერჯერობით მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“.

„ბათუმელები“ კომპანია „სტატოტელს“ ვერც ამჯერად დაუკავშირდა. ნომერს, რომელზედაც კომპანიის წარმომადგენელს ვუკავშირდებოდით, არავინ პასუხობს.

ყოფილი „მზიურის“ ტერიტორია, რომელიც საჯარო რეესტრის ბოლო, შარშანდელი ამონაწერით „სტატოტელის“ საკუთრებაშია, ახალ საკადასტრო რუკაზე მონიშნული არ არის და არც საკადასტრო კოდია დატანილი. რატომ არ არის ქონება ასახული ახალ საკადასტრო რუკაზე, ამის გარკვევას საჯარო რეესტრში დაგვპირდნენ, თუმცა ჯერ პასუხი არ მიგვიღია.

უფასო და ფასიანი ღონისძიებები – აგვისტოს აფიშა ბათუმში

„ბათუმელები“ გთავაზობთ ბათუმში აგვისტოში დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ივენთკალენდრის მიხედვითაა მომზადებული. ღონისძიებების უკეთ სანახავად დააწკაპუნეთ ფოტოზე.

New Microsoft PowerPoint Presentation

მილიონები ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან

ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის არჩილ ვანაძის ინფორმაციით, ბათუმის მერია სათამაშო ბიზნესისგან  მოსაკრებლის სახით წლის განმავლობაში 29,5 მილიონ ლარს ელოდება.

„გასულ წელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან ბიუჯეტში 21 მილიონ 835 ათასი ლარი შევიდა. ანუ პროგნოზთან შედარებით, 35 პროცენტით მეტი. მიმდინარე წლის შვიდი თვის მონაცემების მიხედვით კი, ბათუმის ბიუჯეტში 17 მილიონ ლარამდეა შესული სათამაშო ბიზნესიდან, დაახლოებით 12,5 მილიონ ლარს ველოდებით კიდევ წლის ბოლომდე,“ – ამბობს ის.

არჩილ ვანაძის თქმით, გასული წლის დეკემბერში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, პირველი იანვრიდან სათამაშო ბიზნესზე მერიამ მოსაკრებელი გაზარდა. კაზინოებში მაგიდის მოსაკრებელი 4 ათას ლარამდე გაიზარდა, სათამაშო აპარატებზე კი 1800-იდან 2 600 ლარამდე გაიზარდა გადასახადი.

„ჩვენ ვვარაუდობდით, რომ გადასახადების გაზრდის შემდეგ ბიუჯეტში შემოსავლები შემცირდებოდა, თუმცა მოხდა პირიქით და ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან მოსაკრებელი გაიზარდა,“ – ამბობს არჩილ ვანაძე.

ბათუმის მერიის ბიუჯეტი ერთი მილიონ 818 ათას 900 ლარით გაიზარდა. 468.9 ათასი ლარი – სპეციალური ტრანსფერია, რომელიც მერიამ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღო, კომუნალური ინფრასტრუქტურის (მიწისქვეშა კომუნიკაციების მე-3 და მე-4 ფაზის) მოწესრიგებისთვის, ხოლო ერთი მილიონ 350 ათასი ლარი – სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან. ბიუჯეტში ცვლილებები ბათუმის საკრებულომ გუშინ, 31 ივლისს, დაამტკიცა.

ამავე თემაზე:

კაზინოების წილი ბიუჯეტში

უცხოელი ბიზნესმენი: ბათუმში ავარიის ინსცენირებით ფულის გამოძალვას ცდილობდნენ

ბიზნესმენი ისრაელიდან ემილი დორფი საპატრულო პოლიციას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს ბრალს. ემილი დორფი ტურისტული კომპანია „თრეველ თუ ჯორჯია 2010“-ის დირექტორია. ამბობს, რომ პატრულის თანამშრომლებმა ყოველგვარი წერილობითი დოკუმენტის შედგენის გარეშე მისი კომპანიის ავტომანქანა გადაიყვანეს საჯარიმოზე მაშინ, როცა ავტოსაგზაო შემთხვევა არ მომხდარა.

23 ივლისის საღამოს ძველი ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე ემილი დორფმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა და დახმარება ითხოვა. მანამდე უცხოელის ავტომანქანა ორმა ქართველმა ბიჭმა გააჩერა და უთხრა, რომ დაეჯახნენ, მანქანას ნაკაწრები აქვს და ფული უნდა გადაუხადონ – ავტომობილის შესაკეთებლად.

„ადგილზე დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ დაუდგენელი პირები უსაფუძვლოდ ითხოვდნენ თანხას, რადგან არანაირი ავტოსაგზაო შემთხვევა არ მომხდარა. აღნიშნულის დასადასტურებლად და სიტუაციის განსამუხტად გამოვიძახე საპატრულო პოლიცია,“ – წერს ემილი დორფი წერილობით მიმართვაში პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს.

რა გააკეთა ადგილზე მისულმა პატრულმა – „ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მხოლოდ ჩვენი ავტომანქანა პატრული თანამშრომლებმა ირაკლი წახნაგიამ და ამირან შანთაძემ ავტოსადგომზე გადაიყვანეს, – წერს ემილი დორფი წერილობით განცხადებაში, – პოლიციის განყოფილებაში პატრულის თანამშრომელმა მითხრა, რომ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, მხარეები ვერ შეთანხმდნენ და ვალდებული იყო, სატრანსპორტო საშუალება გადაეყვანა. მან ვერ მიპასუხა, თუ რატომ მოხდა ერთი ავტომანქანის გადაყვანა, თუ გამოსაძიებელი იყო შემთხვევა. ასევე ვერ მივიღე პასუხი, რატომ მოხდა ავტომანქანის გადაყვანა ისე, რომ არ შემდგარა არანაირი დოკუმენტი და არ გადმოუციათ ჩემთვის და არც უფლებამოსილი მძღოლისთვის“.

ადვოკატი რუსლან ბერიძე ორ მნიშვნელოვან მომენტზე ამახვილებს ყურადღებას: „თუ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, ამ დროს დგება შესაბამისი აქტი და ორივე ავტომანქანა უნდა გადაიყვანოს საპატრულო პოლიციამ ავტოსადგომზე. ასეთი აქტი არ შემდგარა. საპატრულო პოლიციაში ასევე გვითხრეს, რომ მძღოლს არ ჰქონდა მართვის მოწმობა. თუ ასეა, მაშინ სად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი? რატომ არ დაჯარიმდა დარღვევის შესაბამისად მძღოლი?“

ადვოკატმა ბიზნესმენის ავტომანაქანის ფოტოებიც გვაჩვენა იმის საილუსტრაციოდ, რომ დაზიანება არ ჩანს და ავარია რომ მომხდარიყო, ეს ემილი დორფის მანქანასაც დაეტყობოდა. ადვოკატის თქმით, მეორე ავტომანქანა, ვისმა მესაკუთრემაც ფულის გადახდა მოითხოვა, ამ შემთხვევამდე წინასწარ იყო დაზიანებული.

27 ივლისს ემილი დორფმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა, თუმცა ამ დრომდე გამოხმაურება უწყებიდან არ მიუღია. ავტომანქანა ისევ საპატრულო პოლიციის ავტოსადგომზეა.

კომპანია „თრეველ თუ ჯორჯია 2010“-ის ხელმძღვანელი ემილი დორფი პროკურატურას სთხოვს, დაიწყოს გამოძიება პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვს, დროულად დაუბრუნოს ავტომანქანა, ასევე ამოიღონ ვიდეოკამერის ჩანაწერები, სადაც ეს შემთხვევაა დაფიქსირებული.

ემილი დორფი აპირებს, რომ მიმართოს სასამართლოსაც, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ავტომანქანას დააბრუნებენ. ის მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს საპატრულო პოლიციისგან, რადგან ავტომანქანა ტურისტულ კომპანიას ეკუთვნის და ბიზნესი ზარალს განიცდის ყოველდღიურად. კომპენსაციის ოდენობა დღეების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული, ვიდრე ბიზნესმენის ავტომანქანა საჯარიმოზე იქნება გაჩერებული.

„ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა უცხოელებისთვის ამ სქემით თანხის გამოძალვას ცდილობენ, – გვიყვება ადვოკატი რუსლან ბერიძე. ის უცხოელი ბიზნესმენის ინტერესებს იცავს, – აქამდეც შევსწრებივარ, როცა ქართველებს აუტეხიათ ქუჩაში ჩხუბი უცხოელისთვის, დაგვაჯახეთ და ზარალი აგვინაზღაურეთო. ამ დროს მათ მანქანას წინასწარ აქვს გარკვეული ნაკაწრი. უცხოელებს, რომლებიც გარკვეული დროით ჩამოდიან საქართველოში და იჯარით ჰყავთ აყვანილი ავტომანქანა, არ უღირთ პოლიციისთვის მიმართვა, ჩვენებების მიცემა. იციან, რომ მათ ეს პროცესი და დამატებით უცხო ქვეყანაში დარჩენა უფრო ძვირი დაუჯდებათ, ვიდრე თანხა, რასაც ქუჩაში სთხოვენ.“

დაიწყო თუ არა ამ შემთხვევის მოკვლევა გენერალურმა ინსპექციამ, ან რა გაირკვა მოკვლევის შედეგად – შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს და შედეგს თავად უცხოელ ბიზნესმენს აცნობებენ.

manqana

 

 

 

 

ქობულეთის გამგეობის პასუხი მუსლიმთა პანსიონზე

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ წერილობით უპასუხა „ბათუმელების“ შეკითხვას: რატომ ეუბნება უარს მუსლიმთა პანსიონის ადმინისტრაციას კანალიზაციის სისტემაში ჩართვაზე მუნიციპალური შპს „ქობულეთის წყალი“? „ქობულეთის წყალს“ ჯერ კიდევ 2014 წელს ჩაურიცხა პანსიონმა  მომსახურების თანხა კანალიზაციის სისტემაში ჩასართავად.

„ქობულეთის პანსიონის საქმეზე“ მუსლიმი თემი აპირებს ევროსასამართლოს მიმართოს. სარჩელის მთავარი მოთხოვნა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის დადგენა იქნება. გამგეობის პასუხი „ბათუმელებმა“ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მიიღო და მას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 19 სექტემბრის  რეკომენდაციის საფუძველზე შ.პ.ს. ,,ქობულეთის წყალს“ დაევალა ქ. ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩა №13-ში მდებარე შენობა-ნაგებობის  წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარება, რათა ა(ა)იპ ,,ქართველ მუსლიმთა ურთიერთობას“ შესძლებოდა შენობით სარგებლობა, ასევე დაევალა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირებითა და მათი მონაწილეობით ხელი შეეწყო შპს ,,ქობულეთის წყალის“ მიერ ლერმონტოვის ქ.№13-ში მდებარე ობიექტის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარებისათვის, ასევე უზრუნველეყო ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მუნიციპალიტეტში მცხოვრები რელიგიური ჯგუფების თანასწორობის უფლების დაცვა.

ამ პერიოდის განმავლობაში ქობულეთის მუნიციპალიტეტი სახალხო დამცველის რეკომენდაციის გათვალისწინებით, წარმოქნილი კონფლიქტუ­რი სიტუაციის დასამშვიდებლად, კონფლიქტის დეესკალაციისა და მოსახლე­ო­ბის ცნობიერების ამაღლების მიზნით რელიგიური თანასწორობის საკითხებზე, აქტიურად ატარებს შესაბამის ღონისძიებებს, მათ შორის მოსახლეობასთან შეხვედრებს. ყოველივე ხორციელდება იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დღემდე არ არის დამთავრებული მხარეებს შორის არსებული კონფლიქტური სიტუაციის საბოლოოდ განმუხტვა, რაც საჭიროებს დამატებით მუნიციპალიტეტის მიერ ღონისძიებების გატარებას, რათა მომავალში არ განმეორდეს და არ მიეცეს არც ერთ მხარეს საშუალება სიტუაციის დაძაბვისა ან კონფლიქტური სიტუაციის შექმნისა. ამასთან,  მხარეებს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა, რომელზეც მოცემულ ეტაპზე არ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

ქობულეთის მუნიციპალიტეტი ატარებს ყველა შესაძლო ღონისძიებებს, რათა მოხდეს სიტუაციის საბოლოოდ დარეგულირება მშვიდობიანი გზით, სამართალდამცავი ორგანოების ჩარევის გარეშე, ვინაიდან აღნიშნული გამოიწვევს მხარეების უფრო მწვავე რეაქციას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, მუნიციპალიტეტი მოახდენს სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირებას დახმარების აღმოჩენის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწი­ნე­ბით, რომ  შენობა-ნაგებობა, რომლის წყალარინების სისტემაში ჩართვა არის მოთხოვნილი, მდებარეობს საცხოვრებელ  ზონაში, ასევე შენობა ფუნქციური დანიშნულებით იყო საცხოვრებელი, მოსახლეობა და არამარტო სამეზობლო  არეალში მცხოვრებლები, გამოხატავენ პროტესტს აღნიშნულის თაობაზე, რაზეც მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები და მხარეებს შორის არსებულ სასამართლო დავაზე ამ ეტაპზე არ არსებობს სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას არ მიაჩნია მიზანშეწონილად, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და მუნიციპა­ლი­ტეტის მიერ გასატარებელი ყველა შესაძლო ღონისძიებების რესურსების ამოწურვამდე მიიღოს რაიმე სახის გადაწყვეტილება.“

„სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესულია,“- გვითხრა ეთერ გვრიტიშვილმა, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტმა.  ეს ორგანიზაცია მუსლიმი თემის ინტერესებს იცავს. იურისტი განმარტავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ დიკსრიმინაცია კერძო პირებთან მიმართებით დაადგინა, რაც მეორე მხარემ ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. სამივე ინსტანციის სასამართლომ „ქობულეთის პანსიონის საქმეზე“ დისკრიმინაციის ფაქტი დაადასტურა და ეს გადაწყვეტილება უკვე კანონიერ ძალაშია შესული.

ამ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მუსლიმმა თემმა იმ ნაწილში, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ არ დადგინდა დისკრიმინაცია. ამ დროისთვის უზენაესი სასამართლო განაიხილავს მუსლიმი თემის სარჩელს.

„ყველა შემთხვევაში ალოგიკურია ქობულეთის გამგეობის პასუხი, რადგან სასამართლოში რა შედეგიც უნდა დამდგარიყო, გამგეობას მაინც უნდა შეესრულებინა სახალხო დამცველის რეკომენდაცია,“ – დასძენს ეთერ გვრიტიშვილი.

 

 

საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის ხულოში 6 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის ბიუჯეტით ხულოს მუნიციპალიტეტში იგეგმება 7 550 კილომეტრზე ასფალტის საფარის მოწყობა – 3 498 780 ლარის ფარგლებში, ხოლო 25 კილომეტრ გზაზე (8229 კუბ.მ.) ბეტონის საფარი მოეწყობა – 1 521 552 ლარის ფარგლებში.

ერთი ხიდის რეაბილიტაციაზე უკვე დაიხარჯა 85 000 ლარი. ასევე იგეგმება 44  ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა-მოწყობა, რისთვისაც 906 265 ლარია გათვალისწინებული. 17 კმ-ზე მეტი სიგრძის სამელიორაციო არხის რეკონსტრუქციაზე კი 180 903 ლარი დაიხარჯება.

 არჩილ ჩიქოვანმა შპს "გოდერძი რიზორტსის" დირექტორთან ზურა ჭურკვეიძესთან ერთად მწვანე ტბასთან მისასვლელ საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
არჩილ ჩიქოვანმა შპს “გოდერძი რიზორტსის” დირექტორთან ზურა ჭურკვეიძესთან ერთად მწვანე ტბასთან მისასვლელ საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის, არჩილ ჩიქოვანის  განცხადებით, დაგეგმილი საგზაო ინფრასტრუქტურული  პროექტები 2017 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს – წლის ბოლომდე ყველა ის ობიექტი დასრულდება, რომელთა შესრულებაზეც აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს ჰქონდა პასუხისმგებლობა აღებული.

არჩილ ჩიქოვანის თქმით, აღნიშნული პროექტები ხელს შეუწყობს ტრანსპორტის უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობებს. რა თქმა უნდა, გაიზრდება ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტების რაოდენობა მაღალმთიან აჭარაში. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ აისახება როგორც აქ მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ასევე სახელმწიფოს იმიჯსა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

gzebi3

უწყებაში ამბობენ, რომ სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში, შეუჩერებლად მიმდინარეობს – მათი ნაწილი უკვე დასრულებულია, ნაწილი მალე დასრულდება, ხოლო დარჩენილ მონაკვეთებზე ტენდერებია გამოცხადებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გზის ამ მონაკვეთებზეც სამუშაოები მალე დაიწყება.

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის ბიუჯეტით ხულოს მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მთლიანობაში, 6 192 500 მილიონი ლარი დაიხარჯება.

gzebi2

კაზინოების წილი ბიუჯეტში

ბათუმის სამორინეებს გასულ წელს 680 600 ვიზიტორი ეწვია. აქედან ნახევარ მილიონზე მეტი – 517 256 (ვიზიტორთა 76 პროცენტი) უცხოელი იყო, დანარჩენი კი – საქართველოს მოქალაქე. ეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებია. ბათუმში ამ დროისთვის ცხრა კაზინო მუშაობს, თბილისში – ხუთი.

სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო თუ ადგილობრივ ბიუჯეტებში სოლიდური თანხა შედის. რადგან ყველაზე მეტი კაზინო ბათუმშია განთავსებული, შევეცადეთ დაგვეთვალა, თუ რა შემოსავალი რჩება სახელმწიფოს და ადგილობრივ თვითმმართველობებს უშუალოდ კაზინოებისგან. აღმოჩნდა, რომ პროცენტულად ყველაზე მეტი თანხა სწორედ ბათუმის ბიუჯეტში შედის.

გასულ წელს ბათუმის ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლების (გრანტების გარდა) თითქმის 27 პროცენტი კაზინოების მიერ გადახდილი თანხა იყო. ანალოგიური მაჩვენებელი საქართველოს ბიუჯეტში – 1,3 პროცენტი, ხოლო თბილისის ბიუჯეტში – 2,3 პროცენტია. კაზინოებიდან შემოსავლები აჭარის ბიუჯეტშიც შედის, რამაც გასულ წელს მთლიანი შემოსავლების 4,5 პროცენტი შეადგინა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, „რეგიონის ეკონომიკისთვის სათამაშო ბიზნესს გააჩნია ფისკალური (შემოსავლები ბიუჯეტში), საინვესტიციო, ტურიზმის ხელშემწყობი, დასაქმებითი და ზოგადეკონომიკური ეფექტები“.

შემოსავლების სამსახურის შესაბამისი რეესტრის მიხედვით, დღეის მდგომარეობით, სათამაშო ბიზნესში ქვეყნის მასშტაბით სულ 246 (ბათუმში – 56) ნებართვაა გაცემული, აქედან უშუალოდ სამორინეს მოწყობაზე მხოლოდ – 21. ამ 21 ნებართვიდან ნახევარზე მეტი – 11, ბათუმში მდებარე კაზინოებზეა გაცემული; ოთხ-ოთხი ნებართვაა გაცემული თბილისსა და წყალტუბოში, ხოლო თითო – სიღნაღსა და ყაზბეგში.

ბოლო მონაცემებით, ბათუმში 2017-2021 წლებში კიდევ 7 კაზინო უნდა გაიხსნას, ძირითადად იმ ობიექტებში, რომლებიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სამორინეს ამოქმედების ვალდებულებით გაასხვისა.

ამავე სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს აჭარაში, კერძოდ ბათუმში, 13 სამორინე ფუნქციონირებდა, მათგან 3 – არასრული წლით; სამორინეებში სათამაშო მაგიდების რაოდენობა იყო 139, ხოლო სათამაშო აპარატების რაოდენობა – 1 254. სამინისტროს მონაცემებით, ბათუმის სამორინეებში გასულ წელს დასაქმებული იყო 2 500-ზე მეტი ადამიანი.

ბათუმში ამ დროისთვის 9 კაზინო მუშაობს.

ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა
ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

სათამაშო ბიზნესის ნებართვების რეესტრის მიხედვით, ორ კომპანიას 2021 წლამდე აქვს ნებართვა კაზინო ამუშაოს ბათუმში, თუმცა დღეს ეს კაზინოები („კამპიონე“ და „პეგასი“) არ ფუნქციონირებენ. ბათუმში აღარ ფუნქციონირებს ასევე კაზინო „პრეზიდენტი“. მასზე ნებართვა ამ დროისთვის გაცემული აღარ არის.

ბათუმში გასულ წელს კაზინოებს ამუშავებდნენ შპს „UniPlay“ და „გოლდენ გეითი“, თუმცა შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამ კომპანიებს მიმდინარე წლის დასაწყისში თავიანთი განცხადების საფუძველზე გაუუქმდათ სამორინეს მოწყობის ნებართვები.

„ჩვენ არც ნებართვის გამცემი ორგანო ვართ და არც კვლევას ვაწარმოებთ. გვაქვს ის მონაცემები, რასაც გვაწვდიან შესაბამისი სამსახურები. ამდენად, არ ვიცით ესა თუ ის კაზინო რატომ არ ფუნქციონირებს“, – გვითხრეს აჭარის ფინანსთა სამინისტროში.

ადგილობრივ ბიუჯეტში კაზინოებიდან მიღებული შემოსავლების შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და ბათუმის მერიამ განსხვავებული მონაცემები მოგვაწოდეს.

სამინისტროს ინფორმაციით, კაზინოებიდან თითქმის 1 მილიონი ლარით მეტია შესული ბათუმის ბიუჯეტში იმ მონაცემთან შედარებით, რაც მერიამ მოგვაწოდა.

ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ სამინისტროს ინფორმაცია უშუალოდ კომპანიებისგანაც აქვს, მათ კი საგადასახადო კოდების მიხედვით დააჯამეს: „შესაძლებელია, ამა თუ იმ კომპანიამ კაზინოსგან გადასახადი სხვა კოდით გადაიხადა, შესაბამისად, ეს უშუალოდ კაზინოებისგან მიღებულ შემოსავალში ვერ აისახა. მთლიანობაში კი ის თანხა (1 მილიონამდე ლარი) რაც სხვაობა იყო, ქალაქის ბიუჯეტში შემოსულია“.

სათამაშო ბიზნესს ხელს სახელმწიფო ლიბერალური პოლიტიკის გატარებით და მთელი რიგი შეღავათების დაწესებით უწყობს. თუმცა დღეს ყველა სამორინე იხდის იმ გადასახადს, რასაც სხვა ტიპის ბიზნესი, მაგალითად, მოგების, საშემოსავლო (რასაც უშუალოდ საქართველოს ბიუჯეტში იხდიან), თუმცა, სამორინეს ოპერატორი გათავისუფლებულია დღგ-ს გადახდისგან. ამასთან, საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში ეს ბიზნესი ზოგან აკრძალულია, ზოგან კი მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული.

მიუხედავად არსებული საგადასახადო შეღავათებისა, კაზინოები, ძირითადად, მაინც ბათუმსა და თბილისში მუშაობს. ჯერ კიდევ 2013 წელს იყო საუბარი, რომ სათამაშო ბიზნესი შესაძლოა სპეციალურ ზონებში ყოფილიყო ნებადართული. თუმცა სათამაშო ბიზნესის მფლობელები იმთავითვე ამბობდნენ, რომ ეს კაზინოების დახურვას გამოიწვევდა, რაც უარყოფითად აისახებოდა ქვეყანაში ტურიზმის განვითარებასა თუ, ზოგადად, ბიუჯეტის შემოსავლებზე.

აჭარის ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „საქართველოში და საკუთრივ აჭარის რეგიონში, სათამაშო ბიზნესს გააჩნია შემდეგი უპირატესობები – სათამაშო ბიზნესის ხელშემწყობი კანონმდებლობა; ნაკლები რეგულაციები და შეზღუდვები ბიზნესში; მეზობელ ქვეყნებში არსებული აკრძალვა სათამაშო ბიზნესზე; ლიბერალური სავიზო პოლიტიკა; მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი და ბიზნესგარემო“.

განსხვავებულია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ქვეყნის მასშტაბითაც. კაზინოების შემთხვევაში, 2017 წლის პირველი იანვრიდან ბათუმში სამორინეს ერთი მაგიდაზე მოსაკრებელი კვარტალში 24 ათასი ლარია, თბილისში კი – 40 ათასი ლარი. რაც შეეხება სათამაშო აპარატებს, ბათუმში თითოეულ სათამაშო აპარატზე მოსაკრებელი 2 600 ლარია კვარტალში, თბილისში კი – 4 ათასი ლარი.

2017 წლის პირველ სამ თვეში უშუალოდ კაზ­ინოებიდან საქ­ართ­ვე­ლოს ბიუჯ­ეტში ჩაირიცხა 7,5 მილიონი ლ­არი, თბილისის ბიუჯეტში – 6,7 მი­ლ­იონი ლარი, ბათუმის ბიუჯეტში – 7 მილ­იო­­ნამდე ლარი.

რაც შეეხება საქართველოს სახე­ლმწიფო ბიუჯეტს, იმ კომპანიებს, რომ­ლებსაც სამორინეს მოწყობის ნე­ბართვა აქვთ, მიმდინარე წლის სამ თვეში დამატებით გადახდილი აქვთ 28,4 მილიონი ლარი. თუმცა, ამ თანხასთან დაკავშირებით, საქ­ართველოს ფინ­ანსთა სამინისტროში „ბათუმელებს“ გან­უმარტეს, რომ „გა­დამხდელი შესაძლოა ეწეოდეს რამ­დენიმე საქმიანობას ან ფლობდეს რა­მდენიმე ნებართვას და მის მი­ერ გადახდილი თანხები არ უკავში­რ­დე­ბოდეს საქმიანობის მხოლოდ ერთ სფეროს, შესაბამისად, მოკლ­ებუ­ლი ვა­რთ შესაძლებლობას მოგ­აწ­ო­დოთ ინფორმაცია, მხოლოდ სამ­ორ­ინ­ე­ე­ბ­ი­დან შემოსული თანხების შე­სახებ“.

იმ კომპანიებს, რომლებიც სამ­ო­რ­ინეს ამუშავებენ, 2016 წელს საქ­ართველოს ბიუჯეტში გადახდილი ჰქო­ნდათ 91 მილიონამდე ლარი, რო­მე­ლიც დიფერენცირებულად ფინ­ან­ს­თა სამინისტრომ ვერ მოგვაწოდა. იგივე გადამხდელებს დამატებით 20,3 მილ­იონი ლარი შარშან გადახდილი ჰქ­ო­ნდათ, როგორც მოსაკრებელი უშ­უ­ალოდ სამორინეს სათამაშო მაგი­დე­ბიდან.

ბათუმის კაზინოებს ყველაზე მეტი მომხმარებელი კვლავ თურქეთიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან ჰყავს. სამორინეებში განსაკუთრებით პოპულარული თამაშები პოკერი, ბლექ ჯეკი და რულეტი ყოფილა.

„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს საკანონმდებლო წინადადებას გაიზიარებენ, სათამაშო ბიზნესი უფრო მოტივირებული გახდება, მეტი ადამიანი ჩამოიყვანოს უცხოეთიდან“, – აცხადებს ალექსანდრე სახელაშვილი, რომელიც „აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის თვითაკრძალვის მექანიზმის შესახებ“ საკანონმდებლო წინადადების თანაავტორია. ინიციატივის მიზანი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული საქართველოს მოქალაქეებისთვის თვითაკრძალვის მექანიზმის შემოღებაა.

კანონპროექტის ავტორების თქმით, თვითაკრძალვის მექანიზმის შემოღება საშუალებას მისცემს ლუდომანებს, პირადი განცხადების საფუძველზე (სავარაუდოდ, იუსტიციის სახლში), გარკვეული პერიოდი ნებაყოფლობით დაიბლოკონ თავი ნებისმიერი აზარტული ტიპის დაწესებულებაში. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა კანონპროექტს მხარი იმ მიზეზით არ დაუჭირა, რომ ფინანსთა სამინისტრო უკვე მუშაობს მსგავსი ტიპის კანონპროექტზე.

ალექსანდრე სახელაშვილის თქმით, არსებობს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც სათამაშო დაწესებულებების ვიზიტორთა 70-80% არის ადგილობრივი მოსახლეობა, მაგრამ შემოსავალის 80%-მდე სწორედ ტურისტებზე მოდის, რადგან ისინი გაცილებით მეტ თანხას ხარჯავენ. სახელაშვილის თქმით, მას ეს მონაცემები უშუალოდ სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებისგან აქვს.

„ფინანსთა სამინისტრო აპირებს ერთიანი პაკეტის წარმოდგენას სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით და ამ პაკეტში მოიაზრებენ თვითაკრძალვის მექანიზმის შემოღებასაც. ჩვენ შევთავაზეთ იდეა, თუ როგორ უნდა იმუშაოს ამ მექანიზმმა… გვითხრეს, რომ ჩაგვრთავდნენ პროცესში, თუმცა ამ დრომდე არავინ დაგვკავშირებია. თვითაკრძალვის იდეას ყველა უჭერს მხარს, მათ შორის სათამაშო ბიზნესიც“, – აცხადებს ალექსანდრე სახელაშვილი.

რა პაკეტზე მუშაობს ფინანსთა სამინისტრო და როგორ აისახება ეს უშუალოდ კაზინოების ბიზნესზე? – ამ კითხვით ფინანსთა სამინისტროს დავუკავშირდით, თუმცა სამინისტროში გვითხრეს, რომ რაიმე კომენტარს თუ განცხადებას ამ ეტაპზე ვერ გააკეთებენ.

„საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ამ დარგის (სათამაშო ბიზნესის) მიმართ ლიბერალური პოლიტიკა, რადგანაც აზარტული თამაშების ბიზნესი ტურიზმის განვითარებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, ტურიზმი კი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია. ასევე აუცილებელია სახელმწიფომ მეტი გააკეთოს აზარტული თამაშებიდან მომდინარე პოტენციური სოციალური რისკების შესასწავლად და აღმოსაფხვრელად. ამ ეტაპზე ეს დარგი სახელმწიფოს მიერ არ არის კარგად შესწავლილი და არ არსებობს ნათლად ჩამოყალიბებული სახელმწიფო პოლიტიკა. რთულია იმის თქმა, რეალურად არსებობს თუ არა საქართველოში აზარტული თამაშებიდან მომდინარე სერიოზული უარყოფითი გარეგანი ეფექტები. შესაბამისად, არაგონივრული იქნება ამ ბიზნესზე დამატებით რაიმე შეზღუდვის დაწესება, რასაც, გამოკითხვის შედეგებიდან გამომდინარე, მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს“, – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ 2015 წლის ანგარიშში.

ტურიზმის სპეციალისტი ზვიად ელიზიანიც მიიჩნევს, რომ რადგან მოთხოვნა არის ამ სეგმენტზე და მას დადებითი მხარეც აშკარად აქვს, სახელმწიფო უნდა ცდილობდეს მინიმუმამდე დაიყვანოს ნეგატიური თანმდევი ეფექტები, რაც ახლავს ამ ბიზნესს და მაქსიმალურად გააძლიეროს პოზიტიური მხარე.

„კაზინოს ტურიზმი ცალკე სეგმენტია, რომელსაც კონკრეტული კლიენტურა ჰყავს. თუ აკრძალავ, მოთხოვნა ბაზარზე დარჩება და ეს სეგმენტი გადაინაცვლებს სხვაგან. სტიმულირებაზე თუ აიღებს აქცენტს ქვეყანა, შეიძლება პიარ ან/და მარკეტინგულ სტრატეგიაში ჩადება ამ სეგმენტის, რათა უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდეს. მართალია, ვინც სათამაშოდ ჩამოდის, მათთვის უმთავრესი სწორედ კაზინოში თამაშია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, შეიძლება დამატებითი, მათზე მორგებული სერვისები შესთავაზო. ვთქვათ, ტურები, ან რაღაც ივენთები და ამით კიდევ უფრო მეტი სარგებელი მიიღოს ქვეყანამ“, – ამბობს ზვიად ელიზიანი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ რეგიონს რეკლამას უწევენ საერთაშორისო ბაზრებზე, ყველა ტურისტული მიმართულებებით, მათ შორის კაზინოების სეგმენტის კუთხითაც.

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, მათ მიერ ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, რეგიონში ჩამოსული უცხოელი ტურისტების საშუალოდ 10,7% აჭარაში სტუმრობის მიზეზად აზარტულ თამაშებს ასახელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს ბიზნესი ბევრი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი დარგია, ეს არის სფერო, რომელსაც თან ახლავს გარკვეული უარყოფითი გარეგანი ეფექტები, როგორიცაა: აზარტულ თამაშებზე არაჯანსაღი დამოკიდებულება და თანხმლები ფინანსურ/სოციალური პრობლემები; არასრულწლოვანთა ჩართულობა. ასევე, ერთ-ერთ საფრთხეს ფულის გათეთრების მაღალი რისკი წარმოადგენს“, – აღნიშნულია „გამჭვირვალობის“ კვლევაში.

კვლევაში აღნიშნულია, რომ Moneyval-ის (ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი) 2012 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში აზარტული თამაშების ბაზრის ზრდის ფონზე საეჭვო გარიგებების შესახებ ინფორმაციის არარსებობა მიუთითებს, რომ აზარტული თამაშების ორგანიზატორები სათანადო ყურადღებით არ ახდენენ ფინანსური ტრანზაქციების მონიტორინგს.

„ამ ეჭვს აჩენს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც, 2010 წლიდან დღემდე (2015 წლამდე) ფულის გათეთრების მცდელობის შემთხვევებზე გამოძიება არ წარმართულა“ – აღნიშნულია „გამჭვირვალობის“ კვლევაში. მიმდინარეობდა თუ არა 2015 წლიდან დღემდე ფულის გათეთრებაზე გამოიძიება, ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

რაც შეეხება აზარტულ თამაშებზე არაჯანსაღ დამოკიდებულებას, კვლევაში ხაზგასმულია, რომ „საქართველოში აზარტული მოთამაშეების რაოდენობისა და მათ მიერ წაგებული თანხების შესახებ სტატისტიკა არ არსებობს. შესაბამისად, შეუძლებელია შევაფასოთ ეს მაჩვენებელი საქართველოში მაღალია თუ დაბალი. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხზე არ არსებობს სახელმწიფოს მიერ ჩატარებული რაიმე მნიშვნელოვანი კვლევა, რაც აზარტული თამაშებიდან მომდინარე რისკებს შეისწავლიდა და გამოავლენდა პრობლემის სიმძიმეს“.

კანონით კაზინო ფიზიკურ პირს 100%-ით უნაღდებს მოგებულ ფსონებს. მიუხედავად ამისა, ბათუმში ადგილი ჰქონდა არაერთ შემთხვევას, როცა კონკრეტულმა კაზინომ მოთამაშეს მოგებული თანხა საერთოდ არ მისცა. ზოგიერთი ასეთი დავა კაზინოსა და მოთამაშეს შორის სასამართლოში გრძელდება.

[checklist]

  • სამორინეს მოწყობაზე ნებართვას შემოსავლების სა­მსახური გასცემს. ქვეყნის კანონმდებლობით საქა­რთ­ველოს მთელ ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის სან­ებართვო მოსაკრებელი წელიწადში 5 მილიონი ლარია. თუმცა არის გამონაკლისებიც.
  • მაგალითად, ქალაქ ბათუმში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქო­ბუ­ლეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში – წელიწადში სანებართვო მოსაკრებელი 250 ათასი ლარია; ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – წელიწადში 100 ათასი ლარი;
  • სანებართვო მოსაკრებლის გადახდისგან თავი­სუფ­ლ­დ­ება სამორინეს მოწყობა ყაზბეგის, წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ასევე, დაბა ბაკუ­რია­ნი­სა და გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე;
  • სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავი­სუფ­ლდება ასევე ქალაქ ბათუმში, აგრეთვე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ახალაშენებული არა­ნაკლებ ასნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანა­კლიასა და სოფელ განმუხურში ახალაშენებული არ­ანა­კლებ ოთხმოცნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამო­რინეს მოწყობა. ახალაშენებული სასტუმროს ტერიტორიაზე სამო­რინეს მოწყობის ნებართვის გაცემიდან 10 წლის გან­მავლობაში.
  • ნებართვის მისაღებად მაძიებელმა შემოსავლების სამსახურში უნდა წარადგინოს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდა მო­სა­კრ­ებლისგან გათავისუფლებული ტერიტორიისა).

[/checklist]

სამორინეს მოწყობის შემთხვევაში ასევე საჭიროა:

მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელშიც აღ­ნი­შნული უნდა იყოს: სამორინეში არსებული სათამაშო მა­გ­იდების ჩამონათვალი, სახელწოდების, საქარხნო ნო­მრის, დამზადების წლის და დამამზადებელი ქვეყნის მი­თითებით; მინიმალური და მაქსიმალური ფსონები; სამ­ორინეს მუშაობის წესები; სამორინეში მოქცევის წესები; სა­მორინეში მიმდინარე თამაშების წესები; პრეტენზიის განხილვის ვადა; სამორინეს სათამაშო ჟეტონის ნიმუშები; ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობასა და წა­რ­მომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, დამ­ფუ­ძნე­ბლ­ის/პარტნიორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნას­ამართლობის შესახებ ცნობა.

[highlight color=”red”]გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“[/highlight]

ქობულეთის პანსიონის საქმეზე მუსლიმი თემი ევროსასამართლოს მიმართავს

„ქობულეთის პანსიონის საქმეზე“ მუსლიმი თემი გეგმავს მიმართოს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს. სარჩელს „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ [EMC] ამზადებს. მთავარი მოთხოვნა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის დადგენაა, რაც არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას გულისხმობს.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სასამართლომ კერძო პირებთან მიმართებაში დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა, არაფერი შეცვლილა. ჯერ კიდევ 2014 წელს მუქარით დაწყებული გამოძიება არ დასრულებულა, არც დაზარალებულად მიუჩნევიათ ვინმე,“ – განმარტავს მარიამ ბეგაძე, EMC-ის იურისტი.

ევროსასამართლოში მუსლიმი თემი იდავებს სხვა მუხლებითაც, როგორებიცაა, განათლებისა და საკუთრების უფლების ხელყოფა. სარჩელს სულ 9 ხელმომწერი ეყოლება, ასევე ორი იურიდიული პირი – ორგანიზაციები, ვისაც ეკუთვნოდა და განკარგავდა პანსიონს ქობულეთში.

„სარჩელის მოთხოვნა იქნება ფულადი კომპენსაციაც, თუმცა თანხის კონკრეტულ ოდენობას თავად ევროსასამართლო განსაზღვრავს. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება, თუკი სასამართლო დაადგენს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და კონკრეტული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას“, – ამბობს მარიამ ბეგაძე.

მუსლიმი თემის დისკრიმინაცია „ქობულეთის პანსიონის საქმეზე“ ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 19 სექტემბერს დაადგინა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების მოთხოვნა, დადგენილიყო დისკრიმინაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმართებაშიც. გადაწყვეტილება მუსლიმმა თემმა ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

ამჯერად უზენაესმა სასამართლომ უნდა შეაფასოს, მოიქცა თუ არა პოლიცია ადეკვატურად და სამართლიანად, როცა ადგილობრივებმა ქობულეთში გახსნილ პანსიონს ღორის თავი მიაჭედეს და მუსლიმებს შენობაში შესვლის საშუალებას არ მისცეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა. გარდა იმისა, რომ გამოძიება ვერანაირ კონკრეტულ შედეგამდე ვერ მიდის, ამ დრომდე ქობულეთის პანსიონი კანალიზაციის სისტემასთანაც არ არის მიერთებული. წყლისა და კანალიზაციის სისტემის გარეშე პანსიონი უკვე სავალდებულო ლიცენზირების პროცესსაც ვერ გაივლის.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ამ პრობლემას არ აგვარებს. გამგეობაში „ბათუმელებს“ არ უპასუხეს კითხვაზე – მუნიციპალური შპს „ქობულეთის წყალი“ რატომ ეუბნება უარს პანსიონის ადმინისტრაციას წყლის მიწოდებაზე. „ქობულეთის წყალს“ ჯერ კიდევ 2014 წელს ჩაურიცხა პანსიონმა  მომსახურების თანხა – კანალიზაციის სისტემაში ჩასართავად.

ქობულეთის  მუნიციპალიტეტის გამგეობას კონკრეტული რეკომენდაციით მიმართა სახალხო დამცველმაც, –  პანსიონი კანალიზაციის სისტემაში რომ ჩაერთო. სახალხო დამცველის რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევას „ანტიდისკრიმინაციული კანონი“ ითვალისწინებს. ამ კანონის საფუძველზე, ომბუდსმენს შეუძლია ქობულეთის გამგეობას სასამართლოში უჩივლოს. ამ დრომდე არც სახალხო დამცველს გაუპროტესტებია ადგილობრივი ხელისუფლების უმოქმედობა.

„ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის მიღებული“ , – მოგვწერეს სახალხო დამცველის აპარატიდან.

ამავე თემაზე:

რა გადაწყვიტა სასამართლომ “ქობულეთის პანსიონის საქმეზე”

„ქობულეთის პანსიონის საქმეზე“ სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელისუფლება არ იმჩნევს

„მანქანის დაცხრილვის საქმეზე“ ორ პირს პატიმრობა შეუფარდეს – ერთი არასრულწლოვანია

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა „მანქანის დაცხრილვის საქმეზე“ დაკავებულ ორ ბრალდებულს. საუბარია 30 ივლისს დილით ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე, როცა მსუბუქ ავტომანქანას რამდენჯერმე ესროლეს.

ამ საქმეზე დაკავებული ორი პირიდან ერთ-ერთი არასრულწლოვანია. ამ მიზეზით აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი დახურულ სხდომაზე განიხილა სასამართლომ.

ბრალდებულებს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 239-ე მუხლის მესამე ნაწილით ედავებიან, რაც გულისხმობს ხულიგნობის ჩადენას ცეცხლსასროლი იარაღით. დანაშაული სასჯელის სახით  ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.

 

 

 

 

ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები პეტრას ციხეზე

ციხისძირის ისტორიული ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე უძველესი საყოფაცხოვრებო ნივთები, საბრძოლო და შრომის იარაღები – რკინის საბრძოლო ცულები, სატევრები, შუბისპირები, ისრისპირები, მუზარადი, ჯაჭვის პერანგისა და ფარის ნაშთები, მრავალრიცხოვანი კერამიკული ნაწარმი და განძი (95 ვერცხლის მონეტა) აღმოაჩინეს.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია  ადამიანის დამწვარი ძვლების ფრაგმენტები, „რაც იმაზე მეტყველებს, რომ მებრძოლები ციხის დაცვას შეეწირნენ. კოშკის დაწვისა და დანგრევის შემდეგ, მისი აღდგენა არავის უცდია. ამის გამო უცვლელად იქნა შემონახული პეტრას ციხეზე VI საუკუნეში წარმოებული ბრძოლის შედეგები.

პეტრას ციხეზე გათხრების შედეგად აღმოჩენილი ვერცხლის მონეტები
პეტრას ციხეზე გათხრების შედეგად აღმოჩენილი ვერცხლის მონეტები

არქეოლოგები ვარაუდობენ, კოშკი, რომლის არქეოლოგიური შესწავლა მოხდა, დაიწვა და დაინგრა ეგრისის სამეფოს ტერიტორიაზე წარმოებული ბრძოლის დროს, როცა ბიზანტია და ირანი ეგრისისათვის ერთმანეთს ეცილებოდნენ“-ნათქვამია პრესსრელიზში.

არქეოლოგიური გათხრები პეტრას ციხეზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და განათლებისა და კულტურისა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ოფიციალური ინფორმაციით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა ასლანიშვილმა, მთავრობის თავმჯდომარეს პეტრას ციხე-ქალაქის ტერიტორიის განვითარების გეგმა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც ციხის მიმდებარედ ვიზიტორთა ცენტრი და სხვა ტურისტული სივრცეები მოეწყობა.

პროექტი 2-მილიონიანია და ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. მიმდინარე წელს პროექტის ფარგლებში 400 ათასი ლარია გამოყოფილი.

ზურაბ პატარაძე პეტრას ციხეზე
ზურაბ პატარაძე პეტრას ციხეზე

უახლოეს დღეებში ბათუმში მოღრუბლული ამინდი იქნება

პირველ, 2 და 3 აგვისტოს ბათუმსა და აჭარის სანაპირო ზოლში მოღრუბლული ამინდი შენარჩუნდება – აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში.

„მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექო. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, 10-15 მეტრი წამში. ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება ღამით 20-25 , დღისით – 25-30 გრადუსი; მთაში ღამით – 13-19, დღისით – 23-28 გრადუსი. ბათუმში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ამ დღეებში, მაგრამ უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში.

ზღვის წყლის ტემპერატურა ამ დროისათვის 27,7 გრადუსია.

ობსერვატორიის ინფორმაციით, ზღვის წყლისა და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბათუმში სხვადასხვა წლებში დაფიქსირდა. ზღვის წყლის – 33 გრადუსი – რამდენიმე წლის წინ,  ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, 41 გრადუსი კი – 1981 წლის ზაფხულში.

ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი ბათუმში [ფოტო]

ბათუმში პირველად ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი ჩატარდა.  ბათუმის ბულვარში გამართულ სტენდებზე წარმოდგენილი იყო გერმანული, აზერბაიჯანული, ბერძნული, უკრაინული, რუსული, ებრაული და სომხური დიაპორების ნაციონალური კერძები, სურათები, სამოსი და სხვადასხვა ნივთი.

 

IMG_3014

IMG_3030

სომხური დიასპორის სტენდი
სომხური დიასპორის სტენდი

 

უკრაინული დიასპორის სტენდი
უკრაინული დიასპორის სტენდი

IMG_2952

IMG_2950

IMG_2930

IMG_2927

 

IMG_2975

IMG_2976

ბათუმის მერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უკრაინული დიასპორის სტენდთან
ბათუმის მერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უკრაინული დიასპორის სტენდთან

IMG_2996

IMG_2990

IMG_2998

IMG_3015

IMG_3086

IMG_3063

IMG_3095

IMG_3068

IMG_3053

IMG_3133

ლოგოფესტივალი გაიმართა თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის პროექტის ფარგლებში – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“. პროექტი დაფინანსებულია ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

სტაჟირება „ბათუმელებში“

„ბათუმელები“ აცხადებს ორთვიან უფასო სტაჟირებას იმ პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მედიაში მუშაობით.

სტაჟიორი იმუშავებს ვებგამოცემა batumelebi.ge-ს ნიუსრუმში, შეისწავლის ახალი ამბების მომზადებასა და გავრცელებას,  გამოიმუშავებს მედიაში მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

სტაჟიორი შეიძლება იყოს ბათუმიდან და აჭარის ნებისმიერი მუნიციპალიტეტიდან.

სტაჟირების შემდეგ „ბათუმელები“ გასცემს სტაჟირების დამადასტურებელ მოწმობას, შესაძლოა გაიცეს რეკომენდაციაც.

სტაჟიორი შეიძლება მუშაობდეს როგორც სრულ, ასევე ნახევარ განაკვეთზე, იმ შემთხვევაში, თუ ის სტუდენტია ან ცხოვრობს აჭარის რომელიმე მუნიციპალიტეტში.

სტაჟირება შესაძლოა შეწყდეს დროზე ადრე, ასევე, შეიძლება გაგრძელდეს ორ თვეზე მეტ ხანს, შეთანხმებისამებრ.

მოთხოვნები:  

1.    სტაჟიორი უნდა ფლობდეს კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს (ბეჭდვა, ელ.ფოსტა, ინტერნეტში მასალების მოძიება, სოციალური ქსელები).

2.    უნდა იყოს ჟურნალ „ბათუმელებისა“  და „ბათუმელების“ ვებგვერდების, netgazeti.ge – სა და batumelebi.ge-ს მკითხველი, იცნობდეს გამოცემის შინაარსს.

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ ჩვენი მკითხველი, დაუმეგობრდით ფეისბუქზე „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“, მოიწონეთ ჩვენი ფეისბუქგვერდები, გაეცანით ახალ ამბებს და მიიღეთ მონაწილეობა მათ გავრცელებაში.

„ბათუმელები“ ფეისბუქზე – www.facebook.com/batumelebi.ge

„ნეტგაზეთი“ ფეისბუქზე – www.facebook.com/netgazeti

3.    უნდა შეეძლოს გამართულად წერა.

თუ თქვენ გაქვთ მომზადებული სტატია, თხზულება, პოსტი ან მოსაზრება, შეგიძლიათ გამოგზავნოთ CV-თან ერთად.

სტაჟირების მსურველმა CV და მოკლე სამოტივაციო წერილი (რატომ გინდათ სტაჟირება „ბათუმელებში“) უნდა გამოგზავნოს ელ.ფოსტაზე: stajiori.batumelebi@gmail.com  სათაურში (subject) ქართული შრიფტით მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და საცხოვრებელი ადგილი.

მაგალითად: ანა ბერიძე/ბათუმი/ალ. ჩხაიძის ქუჩა

დათო ზოიძე/ქედა/სოფელი კოლოტაური

„ბათუმელები“ თავად დაუკავშირდება შერჩეულ კანდიდატებს. 

პირველი აგვისტოდან საშემოდგომო გაწვევა დაიწყო

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2017 წლის საშემოდგომო გაწვევა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, პირველი აგვისტოდან დაიწყო და 2017 წლის 29 დეკემბრამდე გაგრძელდება.

მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია:

[checklist]

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1500-ით.
  • საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1225-ით.
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1280-ით.
  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 20-ით.

[/checklist]

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გაწვევას ექვემდებარება 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.

„18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ დადგენილების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში განსაზღვროს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის.

მოქალაქეთა მიერ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში, მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის გამწვევი კომისიის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კოორდინაცია გაუწიოს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს“ – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

მთავარი ფოტო: „ღირსეული პარტნიორი 2017-ის“ გახსნა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

 

ბულვარში იასონ გორდეზიანის ქანდაკებას დადგამენ

ბათუმის ბულვარში ცნობილი მებაღე-დეკორატორის, იასონ გორდეზიანის ბრინჯაოს ქანდაკება დაიდგმება. მთლიანობაში ძეგლისთვის [განთავსების ჩათვლით] მაქსიმუმ 130 ათასი ლარია გათვალისწინებული. ძეგლისთვის შერჩეულია სავარაუდო მდებარეობაც – ის ბულვარის კოლონადების გვერდით [მარცხნივ] განთავსდება.

ბულვარის ტერიტორიაზე იასონ გორდეზიანის საპარკე ქანდაკების საუკეთესო ესკიზის გამოვლენასა და მის საფუძველზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ 4200 ლარი გამოყო.

ესკიზს და შესაბამის ხარჯთაღრიცხვას ბულვარი ტენდერის საშუალებით შეისყიდის. ტენდერი გამოცხადებულია და მიმდინარე წლის 24 აგვისტოს დასრულდება. ესკიზი და ხარჯთაღრიცხვა კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღეში მზად უნდა იყოს. ამის შემდეგ ბულვარი ძეგლის ჩამოსხმა-განთავსებაზე გამოაცხადებს ტენდერს.

ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია:

[checklist]

  • ცნობილი მებაღე-დეკორატორის იასონ გორდეზიანის ქანდაკების ესკიზი უნდა იყოს შთამბეჭდავი,
    ორიგინალური, მიმზიდველი და ადვილად აღქმადი;
  • საპარკე ქანდაკების ესკიზი უნდა წარმოადგენდეს სივრცით კომპოზიციას, მასშტაბის
    თვალსაზრისით არ უნდა იყოს კამერული ხასიათის, აღქმის წერტილები უნდა შეირჩეს განთავსების
    ადგილის გეგმარებითი მდგომარეობის გათვალისწინებით, კომპოზიციის შერჩევისას ანგარიში უნდა
    გაეწიოს მიმდებარედ არსებულ ტერიტორიას, შენობა-ნაგებობებს და სხვა;
  • საპარკე ქანდაკების ესკიზი გადაწყვეტილი უნდა იყოს თავისუფალი დიზაინის, სკულპტურულ- არქიტექტურული სინთეზის საშუალებით. გრაფიკული მასალების შესრულების მანერა თავისუფალი;
  • საპარკე ქანდაკების ესკიზი შესაძლებელია შესრულდეს ნებისმიერი სახვითი საშუალებით
    (3D ვიზუალიზაცია, ფანქარი, გუაში, შერეული ტექნიკა (სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამაში
    აგებული და სხვა);
  • ავტორმა უნდა წარმოადგინოს ესკიზის კომპიუტერული ვერსია.
  • წარმოდგენილ საპარკე ქანდაკების ესკიზს უნდა ქონდეს საინფორმაციო ადგილი სადაც
    განთავსდება ინფორმაცია იასონ გორდეზიანის მოღვაწეობის შესახებ. (ინფორმაციის ამსახველი
    ტექსტის მიწოდება მოხდება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ);
  • საპარკე ქანდაკება ჩამოსხმული უნდა იყოს ბრინჯაოში;
  • ქანდაკების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს
    130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარს

[/checklist]
b2


XIX საუკუნის ბოლოს ბათუმის ზღვისპირა პარკის [ბულვარის] ტერიტორია წყლით იყო დაფარული. 1881 წელს ზღვამ დაახლოებით 100 მეტრით უკან დაიხია და ამ პერიოდში გაჩნდა ზღვისპირა პარკის გაშენების იდეა. პარკის მოწყობას ცნობილი გერმანელი მებაღე რესლერი ჩაუდგა სათავეში და შეიმუშავა პარკის კეთილმოწყობის გეგმა.

იასონ გორდეზიანი
იასონ გორდეზიანი

დაწყებული საქმე არანაკლებ ცნობილმა მებაღემ, მიხეილ დალფონსმა გააგრძელა. პარკის განაშენიანებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა იასონ გორდეზიანი.

1913 წელს კი, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დაარსების ინიციატორ, მეცნიერ–გეოგრაფ ანდრეი კრასნოვის რეკომენდაციით იასონ გორდეზიანმა დაიკავა ბაღის უფროსი მებაღის თანამდებობა, სადაც 1925 წლამდე მსახურობდა.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის 100 წლის იუბილესთან [2012 წელი] დაკავშირებით ბაღში იასონ გორდეზიანის ძეგლი უნდა გახსნილიყო, თუმცა „ბოტანიკურ ბაღში“ გვითხრეს, რომ „გაურკვეველი მიზეზების გამო ძეგლი დღემდე არ გახსნილა… ბაღში გვაქვს იასონ გორდეზიანის სახელობის სკვერი“.

შუა ალეა ბათუმის ბულვარში / 1.08.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტო
შუა ალეა ბათუმის ბულვარში / 1.08.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტო

 

ენერგოეფექტური შენობები – რა მასალებს უნდა იყენებდნენ ქართული სამშენებლო კომპანიები

ექსპერტები და სპეციალისტები  ენერგოეფექტურობის აუცილებლობაზე საუბრობენ და უნიკალურსა და დროულს უწოდებენ ნანო ტექნოლოგიებით დამზადებული პროდუქტებს და მისი გამოყენების მნიშვნელობაზე მიანიშნებენ. ენერგოეფექტურობის მნიშვნელობაზე მიანიშნებენ ბუნების დამცველებიც და აცხადებენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ქართულ ბაზარზე შემოდის ახალი კომპანია, რომელიც აწარმოებს ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალას ნანო ტექნოლოგიის გამოყენებით. რაც ასევე  ხელს შეუწყობს გარემოს დაცვითი პრინციპების დაცვასა და  მწვანე ბიზნესის განვითარებას ქვეყანაში.

ამ ფონზე, ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდაზე გადაწყვეტილება ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უკვე მიიღო. საქართველოში გაზი ყველა მომხმარებლისთვის გაძვირდა, კერძოდ, 20 ივლისიდან თბილისის აბონენტებისთვის გაზის ტარიფი ნახევარ თეთრზე მეტით, ხოლო რეგიონებში 2-დან 5 თეთრამდე გაიზარდა. ახალი ტარიფებით თბილისის მოსახლეობა, რეგიონებთან შედარებით, გაზს 10 თეთრით იაფად მიიღებს. აღნიშნული ცვლილება ძალაში 2018 წლის 31 დეკემბრამდე დარჩება. უდავოა, რომ ბუნებრივი აირის ღირებულების მომატება პირველადი მოხმარების პროდუქტებს გააძვირებს, რაც კიდევ უფრო მეტად აწევს ინფლაციის მაჩვენებელს. სოციალური ფონის გაუარესებაზე საუბრობენ ექსპერტებიც.

შემოდგომა-ზამთრის მოახლეობასთან ერთად ბუნებრივია გაიზრდება ენერგომატარებლების მოხმარებაც და გაძვირებული კომუნალური გადასახადები კიდევ უფრო მეტად დააწვება მოსახლეობის ისედაც მწირ ბიუჯეტს. მთავარობაში აცხადებენ, რომ ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვა მოსახლეობას ხელს შეუწყობს, რომ მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოცულობა შემცირდეს, შესაბამისად, შემცირდება გადასახდელი თანხის რაოდენობაც და დადებითად აისახება.

ენერგიის მოხმარება მთელ მსოფლიოში იზრდება და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შენობა იყოს უფრო ენერგოეფექტური, დაინერგოს ენერგოეფექტურობა წარმოებაში (ან მრეწველობაში), დაინერგოს უფრო ენერგოეფექტური ტრანსპორტი და .,” – მიაჩნიათ მთავრობაში.

ენერგოეფექტურობის ის პოზიტიური და ეფექტური  მახასიათებლები, რომლებიც არამხოლოდ ეკოლოგიას, არამედ ფინანსურ ეკონომიასაც უკავშირდება, განვითარებული ქვეყნების მოსახლეობისთვის სიახლეს აღარ წარმოადგენს. შესაბამისად, ახალ ტექნოლოგიებს წარმატებულად იყენებენ და ყველა მათი ნაბიჯი გრძელვადიან სარგებელზეა გათვლილი. რა ხდება ამ მიმართულებით საქართველოში?

ამაზე საქართველოშიც ბევრს საუბრობენ, უფრო მეტიც, ხელისუფლება  ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის შემუშავებას გეგმავს, რომლის დებულებების თანახმად, 2030 წლამდე სათბურის აირების გამოყოფა 15%-ით შემცირდება. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ხოლო ორი წლის შემდეგ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი გახდა. ამით ქვეყანამ ენერგოეფექტური ნაგებობების აშენების ვალდებულებაც აიღო.

როგორც ინოვაციური პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის „სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენსის“ თანადამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცინცაძე
როგორც ინოვაციური პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის „სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენსის“ თანადამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცინცაძე

როგორც ინოვაციური პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის „სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენსის“  თანადამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცინცაძე აღნიშნავს „ამ მიმართულებით საქართველოში ყინული უკვე დაიძრა და ეს მისასალმებელია“,  თუმცა მისივე თქმით,  მსოფლიო ბაზარზე არსებული შეთავაზებები მოსახლეობისთვის არ არის ხელმისაწვდომი, ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი პირველი ქართული სამშენებლო პროდუქტის  „ვესტუსის“ გარდა. ამასთან, კომპანიაში განმარტავენ, რომ დღეს ქართულ ბაზარზე აღნიშნულ  პროდუქტზე მოთხოვნა დიდია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ხარისხთან და ფასთან მიმართებაში „ვესტუსის“ ანალოგი საქართველოში არ მოიძებნება, რაც კვლევებმაც დაადასტურა.

პროდუქტის ძირითადი სამიზნე აუდიტორია  მოსახლეობაა, ასევე სამშენებლო კომპანიები, რომლებიც „ვესტუსის“ გამოყენებით უზრუნველყოფენ ფუნდამენტების,  კედლების და სახურავების ჰიდროიზლოციას, მთლიანად ნაგებობის თბოიზლოციას, ცხელი და ცივი წყლის მილების თბოიზოლაციას, ხმის იზოლაციას, ეზოებში ჩოგბურთის , კალათბურთის მოედნების მოწყობას და სხვა.

კომპანია „პარკვუდის” ერთ-ერთი დამფუძნებელი მიხეილ წერეთელი მშენებლობაში ნანო ტექნოლოგიებით დამზადებული პროდუქტების გამოყენების მნიშვნელობაზე საუბრობს და „ვესტუსის“  უნიკალურობაზე მიანიშნებს:

ენერგო ეფექტურობა დღევანდელ ბინათნშენებლობაში არის ერთ-ერთი წამყვანი ტრენდი, მით უფრო, ენერგო მატარებლების გაძვირების ფონზე, აუცილებელია  მოსახლეობაში ამ კუთხით კულტურის ამაღლებაზე მუშაობა და მათი ინფორმირებულობა. ჩვენთვის ეს მიმართულება პრიორიტეტულია. პირველად აღნიშნული პროდუქტი სწორედ პროექტის „პარკვუდის“ განხორციელებისას გამოვიყენეთ. სწორედ მაშინ, როცა კომპანია „სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენსმა“ შემოგვთვაზა „ვესტუსი“ და ამავე პერიოდში განახორციელა საქართველოს ბაზარზე უპრეცედენტო კომპლექსური პროექტი – სრული სერვისი თერმო და ჰიდრო საიზოლაციო სფეროში, ასევე დეფორმაციული ნაკერების საიზოლაციო თანამედროვე მასალების გამოყენება და მათი მონტაჟი.

ენერგომატარებლების გაძვირებამ , გარემოს დაცვის ასპექტმა, დიდმა საექსპლუატაციო ვადამ, საიმედოობამ, დაბალმა ფასმა, ხანგრძილვმა საგარანტიო ვადამ ნანო ტექნოლოგიებით დამზადებული პროდუქტები მოთხოვნადი გახადა. ბინის შესყიდვისას მომხამრებელი  ამ ასპექტს უკვე დიდ ყურადღებას აქცევს“.

როგორც ირკვევა, სამშენებლო ბაზარზე ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი პროდუქტი მოთხოვნადი ხდება.  შემოდგომა-ზამთარში  პრობლემები მატულობს განსაკუთრებით რეგიონებში, მათ შორის, ბათუმში. კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ვესტუსის გამოყენებით მოსახლეობა დაზოგავს ზამთრის პერიოდში  ძვირდაღირებულ გაზს, დენს, შეიქმნის ფინასურ და გარემო კომფორტს, ჩვენი ქვეყანა დაზოგავს მყარ ვალუტას და გახდება შედარებით ენერგო დამოუკიდებელი. შესაბამისად, დასავლეთ საქართველოს ზონაში, სადაც მოსახლეობას ასე აწუხებს ნესტის პრობლება (კონდენსატისა და ნესტის არსებობა) „ვესტუსის“ გამოყენებით იქნება გადაწყვეტილი.

პროდუქტის მნიშვნელობაზე საუბრობს სამშენებლო კომპანია „თეთრი ქარის“ ხელმძღვანელი რაულ კაიტამბა და აღნიშნავს, რომ ნესტის პრობლემა „ვესტუსის“ გამოჩენამდე ბაზარზე მოუგვარებელი იყო და დღეს ეს პრობლება დაძლევადია.  შეგახსენებთ, რომ სამშენებლო კომაპანიამ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ბათუმში უკვე განახორციელა.

„ფიქრები კოსმოსზე“ – სტუდენტების ნამუშევრები მოდის კვირეულზე

ახლახან ბათუმში აჭარის მოდის კვირეული (AFW) ჩატარდა, სადაც პირველად, სამი წლის მანძილზე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ტანსაცმლის დიზაინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულების სადიპლომო და სამაგისტრო ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი. AFW-ს ქართველი და უცხოელი დიზაინერების გარდა მოდის კრიტიკოსებიც ესწრებოდნენ.

ექვსმა ბაკალავრმა (რვიდან) და ორმა მაგისტრანტმა AFW-ზე, სულ 22 ხელნაკეთი “ლუქი” წარადგინა. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მიერ შექმნილი ტანსაცმლის უმეტესი ნაწილი პრაქტიკული ანუ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებადია. ტანსაცმელზე სტუდენტები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ, იდეებზე კი ბევრად უფრო ადრე დაიწყეს ფიქრი.

ზოგიერთმა ბაკალავრმა მოდის კვირეულზე ავანგარდი წარადგინა, ზოგიერთმა საღამოს ტანსაცმელი შესთავაზა მაყურებელს, წარდგენილი ტანსაცმლის უმეტესობა კი ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩასაცმელია.

აჭარის მოდის კვირეულზე ტანსაცმლის დიზაინის კურსდამთავრებულების ნამუშევრების გატანას მაგისტრანტი გერონტი სარდანაშვილი კურირებდა, რომელიც ამბობს, რომ სადიპლომო და სამაგისტრო ნამუშევრებს ერთიანი კონცეფცია არ ჰქონია, რადგან თავიდან არავინ იცოდა, რომ ამ ყველაფერს აჩვენებდნენ.

ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნათია ბერიძის თემა იყო “რეზერვაცია ქალაქში”. „ნაციონალური მოტივებისა და ქალაქური მოდერნული ფორმების გამოყენებით ის შეეცადა ეჩვენებინა პერიფერიიდან ქალაქში საცხოვრებლად გადასული გოგონების ტანსაცმელში განხორციელებული ერთგვარი სიმბიოზი, პერიფერიისა და ქალაქისთვის მახასიათებელი დეტალებისა”, – ამბობს გერონტი სარდანაშვილი.

ქეთი გეგიძის თემა მოსაცმელები იყო. შავ სტანდარტულ კაბებთან, სხვადასხვა კოსტიუმისა და მოსაცმელის საშუალებით, მან AFW-ზე 5 ლუქი წარადგინა.

მადონა ასანიძე ეგვიპტური თემატიკის ორი ლუქით წარსდგა ჩვენებაზე.  ნინო მეგრელაძეს ტანსაცმელში ფუტურიზმის თემა დომინირებდა. “მან საკმაოდ უჩვეულო ფორმების სამოსით, რთული კონსტრუქციებით შექმნა ლუქები, რომლებიც გარკვეულწილად კოსმოსთანაც იყო კავშირში”, – ამბობს გერონტი.

ნინო დავითაიას  კი წყალქვეშა სამყაროს  3 ლუქი ჰქონდა;

ნინო დავითაიას ნამუშევარი

ნანუკა ხალვაში მკვეთრი კოსტიუმებითა და აპლიკაციებით  შეეცადა, ქალისა და კაცის შინაგანი სამყარო ეჩვენებინა.

ნანუკა ხალვაშის ნამუშევარი

მაგისტრებმა – გერონტი სარდანაშვილმა და ნინა მასალკინამ მოდის კვირეულზე კოსმოსის თემაზე შექმნილი 10 ერთობლივი ნამუშევარი  წარადგინეს, სახელწოდებით “ფიქრები კოსმოსზე”. კოლექციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ისიც, რომ იგი უნისექსია. კოლექციიდან ერთი საწვიმარი უკვე გაიყიდა.

“მე და ნინამ გადავწყვიტეთ ერთად გაგვეკეთებინა კოლექცია იმიტომ, რომ ჩვენი იდეები და სურვილები ემთხვევა ერთმანეთს. იდეას რაც შეეხება, ერთად განვსაზღვრეთ, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო აქტუალური. იმის გამო, რომ ჩვენთან  ხშირად წვიმს და, უბრალოდ, პოლიეთილენის პარკები არ გვეცვას, შევეცადეთ გამჭვირვალე ელემენტებით,  სხვადასხვა ქსოვილისა და ფენის საშუალებით გაგვეკეთებინა უფრო საინტერესო საწვიმრები. პლუს  სითბო და დაცვა წვიმისგან. ვფიქრობ, ძალიან პრაქტიკული კოლექციაა”, – ამბობს გერონტი.

„ კოსმოსი  თითქოს შორეული თემაა, მაგრამ რეალურად მას უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, გარემოზე, ჯანმრთელობაზე… ამიტომ შევეცადეთ ისეთი ქსოვილი გამოგვეყენებინა, რომელიც რადიაციისგან დაგიცავს, იქნება თერმოიზოლატორი, ცეცხლგაუმტარი და ა.შ. ერთ-ერთი ასეთი ქსოვილი რაც აღმოვაჩინე არის ნასას ქსოვილი – სფეის ბლენქეთი (Space blanket), მას ემერჯენსი ბლანქეთსაც უწოდებენ, რომელიც მულტიფუნქციურია. მას იყენებენ სამხედროებიც, ასევე მოჰყვება პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთსაც. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია მასზე მუშაობა, ჩვენ მაინც მოვახერხეთ მისი გამოყენება სამოსში, მაგრამ ის ლუქები, რომლებშიც სწორედ ეს მატერია დომინირებს, ჯერ კიდევ დაუსრულებელია.

ჩვენებაზე გატანილი ლუქების ძირითადი მატერია იყო  პოლივინილქლორიდი და ტრადიციული მატერიები, ნაქსოვი და ა.შ.  ვთვლი, რომ როგორც მოდის დიზაინში, ისე ხელოვნების ყველა დარგში, უნდა განიხილებოდეს და ფიგურირებდეს სოციალურ-პოლიტიკური თემები, არსებული პრობლემები. ეს ძალიან კარგი იარაღია პრობლემის საჩვენებლად და ზოგჯერ მოსაგვარებლადაც. მიხარია, რომ ჩვენ არ ვკერავთ უბრლოდ ლამაზ ტანსაცმელს, ჩვენი ტანსაცმლის ქსოვილები და ფორმებიც არის კარგად ჩაფიქრებული და განხორციელებული”, – ამბობს ნინა მასალკინა.

“ფიქრები კოსმოსზე” ნინა მასალკინა/გერონტი სარდანაშვილი
“ფიქრები კოსმოსზე” ნინა მასალკინა/გერონტი სარდანაშვილი

გერონტი ამბობს, რომ მოდის კვირეული მომავალში უფრო მეტად უნდა იყოს ორიენტირებული ახალი სახეების წარმოჩენაზე, რადგან ახალბედა დიზაინერებისთვის ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ” სასურველია მომავალ წლებშიც ამაზე ორიენტირდნენ ორგანიზატორები. მით უმეტეს, რომ ამის რესურსი ნამდვილად არის, როგორც ბათუმში, ისე თბილისში.”

მაგისტრები თავიანთი ბრენდის დაფუძნებასაც აპირებენ. ისინი ამ ეტაპზე კიდევ ერთ პროექტზე მუშაობენ, რომლის ფარგლებშიც ქლაქში ახალი ატელიე გაიხსნება, სადაც დიდი ან/და არასტანდარტული ზომების მქონე ადამიანებისთვის მოდური ტანსაცმლის მორგებასა და შეკერვაზე იმუშავებენ.

სასამართლო პროცესი – ავტოავარია, რომელსაც 17 წლის გოგო ემსხვერპლა

„ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია“ – ამ მუხლით ბრალდებულ ნოდარ რ.-ს საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს. მას სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ ერთი მუხლის დარღვევას ედავება გამოძიება – განსაცდელში მიტოვება. ავარიის შედეგად ბრალდებულმა შემთხვევის ადგილი მიატოვა. საუბარია 2017 წლის 5 იანვარს შაფათავას ქუჩაზე მომხდარ ავტოავარიაზე, რომლის შედეგადაც 17 წლის ნინო ბაგრატიონი დაიღუპა.

„როგორც ჩანს, ჩემი ეჭვი მართლდება პროცესის გაჭიანურებასთან დაკავშირებით“, – მიმართა მოსამართლემ ბრალდებულს, როცა გაირკვა რომ ადვოკატი მამუკა ჯუმბერიძე დღევანდელ პროცესზეც ვერ გამოცხადდა. ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება. მან მოსამართლეს უთხრა რომ მარტო საკუთარ თავს ვერ დაიცავს.

მოსამართლე დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილებით, მორიგ სხდომაზე ბრალდებულს სახაზინო წესით, იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი დაიცავს. სასამართლო დარბაზში მყოფმა დაზარალებულის ახლობლებმა პროცესის კიდევ ერთხელ გადადება გააპროტესტეს. ახლობლებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ისინი საპროცესო შეთანხმების გაფორმების წინააღმდეგი არიან.

„ვიცით, რომ მსგავს შემთხვევებზე ხშირად საპროცესო ფორმდება. წინააღმდეგი ვართ, რადგან ჩვენთან არავინ მოსულა, გულგრილობა გამოიჩინეს. იმაზე აღარაა საუბარი, რომ ავარიის შემდეგ მარტო დატოვეს მანქანაში 17 წლის ბავშვი,“ – გვითხრა გარდაცვლილი ნინო ბაგრატიონის ბიცოლამ, ინგა მჟავანაძემ.

დაზარალებულის ახლობლების თქმით, საქმეში მთავარი მტკიცებულება სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნაა, რომლის მიხედვითაც, ბრალდებული გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და დაარღვია მანევრირების წესი.

დაზარალებულის და ბრალდებულის ახლობლები სასამართლოს შესასვლელთან ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ბრალდებულის ერთ-ერთი ნათესავი, დარიკო ქათამაძე მიიჩნევს, რომ გამოძიება მიკერძოებულია, რადგან არ დაუკითხავთ დაცვის მხარის მოწმეები და არ ჩატარებულა ალტერნატიული ექსპერტიზა.

„როცა ასეთი ტრაგედია დატრიალდა, რთულია თავის მართლება, მაგრამ რეალურად ის მანქანა მოძრაობდა მაღალი სიჩქარით. ჩემგან დარღვევა ის იყო, რომ მარჯვნიდან დაბრკოლება შევუქმენი. იმ მანქანის მძღოლის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დამდგარიყო,“- გვითხრა ბრალდებულმა ნოდარ რ.-მ.

ადვოკატი მამუკა ჯუმბერიძე სასამართლოს მორიგ სხდომაზე შუამდგომლობის დაყენებას აპირებს მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევაზე.  განმარტავს, რომ ბრალდებულს აქამდე სხვა ადვოკატი იცავდა, რომელმაც საპროცესო გარიგების იმედით, უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება.

„მოვითხოვ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებასაც, მაგრამ ხომ გესმით, უკვე სასამართლო დასკვნის ეტაპზეა, მოსამართლემ უნდა დაგვრთოს ამის ნება. მე მართლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დავესწარი დღვანდელ სხდომას,“ – გვითხრა ადვოკატმა.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში ნოდარ რ.-ს ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. მაქსიმუმ ორი წლით პატიმრობას ითვალისწინებს „განსაცდელში მიტოვებაც“, რაც სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით გულისხმობს:

„დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება“.

შსს: გზის მონაკვეთები მოძრაობის განტვირთვის მიზნით იკეტება

რამდენიმე წუთია ბათუმში შემოსასვლელი მაგისტრალი ბარცხანის ხიდთან ცალმხრივად ჩაკეტილია. ავტომანქანების მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.

ბათუმის ცენტრალურ ნაწილში შემომსვლელი ავტომანქანები მოძრაობას თამარ მეფის გამზირიდან გადასასვლელი ხიდით გოგოლის ქუჩაზე აგრძელებენ [აქედან ავტომანქანები ქალაქის ცენტრში მაიაკოვსკისა და ერისთავი-ბაგრატიონის ქუჩებით გადიან].

შეზღუდვა არ ეხება და თავისუფლად გადაადგილდება მუნიციპალური ტრანსპორტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე პერიოდული შეზღუდვა ქალაქის ცენტრში მოძრაობის განტვირთვას ემსახურება: „აღნიშნულ შემთხვევაშიც გზაზე შეზღუდვა 20-30 წუთი გაგრძელდება. შემდეგ შესაძლოა ამ მიმართულებით გაიხსნას გზა და მეორე მიმართულებაზე შეიზღუდოს.“

საცობი ბარცხანის ხიდთან / როინ გუნდაძის ფოტოები
საცობი ბარცხანის ხიდთან / როინ გუნდაძის ფოტოები

20542931_1614351375304716_484219166_o

2017 წლის ზაფხული – ყველაზე აქტიური ტურისტული სეზონი აჭარაში

რეგიონის პოპულარიზაცია მსოფლიოში პოპულარულ BBC და EURONEWS-ის არხებზე

აჭარაში ტურისტული სეზონი წარმატებით მიმდინარეობს. წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, უკვე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 2017 წლის ზაფხული ბოლო წლებში ტურისტების ყველაზე დიდი რაოდენობით გამორჩეული იქნება. რეგიონის  პოპულარობას წინ ინტენსიური და ხანგრძლივი მოსამზადებელი ეტაპი უძღოდა, რომელსაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ყოველწლიურად ახორციელებს.

აჭარის პოპულარიზაციისა და რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით წელს აქტიური პიარკამპანია 16 ქვეყანაში მიმდინარეობს. სამიზნე ქვეყნების რაოდენობითაც 2017 წელი გამორჩეულია.  პრეს და ინფოტურების, საბორტო ჟურნალებში სტატიების გამოქვეყნების, ონლაინ რეკლამისა და სხვა მარკეტინგული აქტივობების გარდა, წელს რეგიონის რეკლამირება მსოფლიოში რეიტინგული მედიასაშუალებების ეთერით მიმდინარეობს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ევრონიუსის ჟურნალისტები
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ევრონიუსის ჟურნალისტები

„ჩვენ გადავწყვიტეთ მსოფლიოში ყველაზე რეიტინგული მედია პლატფორმები შეგვერჩია და ბუნებრივია, სხვებთან ერთად  ასეთია  BBC/ EURONEWS. ერთი თვის განმავლობაში რეგიონის საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს აქტიური სატელევიზიო რეკლამით მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში გაიცნობენ. რაც შეეხება სატელევიზიო რეკლამას ევრონიუსზე ის სექტემბერის ბოლომდე იტრიალებს. ორივე სატელევიზიო არხი ჯამში 158 ქვეყანას დაფარავს, მათ შორისაა ის ქვეყნები, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურ რეკლამას სხვადასახვა პიარ და მარკეტინგული აქტივობებით ანხორციელებს,“ – აცხადებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი.

სულხან ღლონტი
სულხან ღლონტი

ხელშეკრულებების თანახმად ტელეკომპანიები ასევე ამზადებენ სიუჯეტებს აჭარის შესახებ, სადაც რეგიონის ტურისტული პოტენციალი იქნება წარმოჩენილი. ეს არის გრძელვადიანი სარეკლამო სტრატეგიის ნაწილი, რომელიც ტურისტების მოზიდვასთან ერთად,  ქვეყნისა და რეგიონის პოპულარიზაციას და ცნობადობის გაზრდას ისახავს მიზნად.

სწორი და ეფექტურის მარკეტინგული ღონისძიებების წარმოების მიზნით  წელს 4 ულამაზესი საიმიჯო ვიდეორგოლი დამზადდა, რომლებშიც რეგიონის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტები, ქართული სტუმართმოყვარეობა და ტურისტული რესურსებია წარმოდგენილი.

წელს, აჭარაში მყოფი ტურისტები განსკუთრებით განებრივრებულები არიან ფესტივალებითა და კულტურულ-გასართობი ღონისძიებებით. კვლავ აქტუალური ჩვენი ქალაქისა და რეგიონისათვის ტრადიციულ ღონისძიებებად ქცეული შავი ზღვის ჯაზფესტივალი, კლასიკური მუსიკის ფესტივალი, საავტორო კინოს ფესტივალი, ფრინველებზე დაკვირვებისა და სოფლის ტურიზმის ფესტივალები. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტურისტების რეგიონში მოზიდვისათვის ბლექსიარენაზე მიმდინარე  მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები.  აეროსმიტის და ქეთი მელუას შემდეგ ბლექსიარენას სულ მალე გორან ბრეგოვიჩი და ელტონ ჯონი ესტუმრებიან.

ბათუმური ზაფხული 2017
ბათუმური ზაფხული 2017

ტურისტებისათვის დამატებითი სანახაობის შესაქმნელად და ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 12 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით ახორციელებს პროექტს „ბათუმური ზაფხული 2017“, რომელიც ითვალისწინებს ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლების გამოსვლებს ღია სივრცეში – ბათუმის ბულვარის კოლონადებთან.  პროექტში ჩართულია სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებული ფოკლორული ანსამბლები.

ავია შოუ ბათუმში წელს პირველად გაიმართა
ავია შოუ ბათუმში წელს პირველად გაიმართა

გარდა კონცერტებისა და ფესტივალებისა, ბათუმმა უმასპინძლა ტურისტებისათვის ისეთ მიმზიდველ სანახაობას, როგორიცაა ავიაშოუ.

ტურიზმის სტატისტიკა

 2017 წლის 6 თვეში აჭარას, ყველა ადმინისტრაციული საზღვრის გავლით  583 340 ვიზიტორი სტუმრობდა. განსაკუთრებით ბევრი ვიზიტორი კი შემოვიდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან. 2017 წლის ექვსი თვის მონაცემებით, აეროპორტით ბათუმში 30 989 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 67%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით..

თუკი 2013 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტით ბათუმში 54,963 უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა, 2016 წელს აღნიშნული ციფრი 136%-ითაა გაზრდილი და ის 129 502 ვიზიტორს შეადგენს.

ქეთი მელუა მელუას კონცერტი ბლექსი არენაზე
ქეთი  მელუას კონცერტი ბლექსი არენაზე

ვიზიტორების მატებაა საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრებშიც. ივნისში, აჭარის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტი ვიზიტორი ესტუმრა. ცენტრების მომსახურებით რეგიონის მასშტაბით 10 808 ადამიანმა ისარგებლა. ჯამში კი, 2017 წლის იანვარ-ივნისში ცენტრებს 25 517 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც გასულ წელთან შედარებით 11%-იან მატებას გულისხმობს.

ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორების უმრავლესობას ძირითადათ პოლონელი, უკრაინელი, რუსი, თურქი და ისრაელელი ტურისტები წარმოადგენენ. ისინი აჭარის ტურისტული ღირსშესანიშნაობებით და რეგიონში არსებული გასართობი ტურისტული ობიექტებით ინტერესდებიან. განსაკუთრებით, კი ყურადღებას მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე ამახვილებენ. წინა წელთან შედარებით გაზრდილია ვიზიტორების რაოდენობა მთიანი აჭარის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებშიც. გასული წლის 6 თვესთან შედარებით ცენტრებში ტურისტების მიმართვიანობა 86%-ითაა გაზრდილი.

მომსახურების ხარისხის ამაღლებისათვის განხორციელებული ღონისძიებები

 ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში პირველ ორ კვარტალში მთიან აჭარასა და ბათუმში ტურიზმში დასაქმებული 307 ადამიანი გადამზადდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა მომსახურების სტანდარტები, სურსათის უვნებლობა, დასუფთავება, პიარი და რეკლამა, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები. მთიან აჭარაში ტურიზმში დასაქმებულ ადამიანებს ინტენსიური ტრენინგები წელს პირველად ჩაუტარდათ, რაც 207 საოჯახო-სასტუმრო სახლისა და კვების ობიექტის გადამზადებულ მეპატრონეს ითვალისწინებს. რაც შეეხება ქალაქს, ბათუმში ტრენინგ-კონსულტაციები 100-მა ადამიანმა გაიარა. მათ შორის წელს პირველად 16 გიდი ბათუმის ტურის მიმართულებით გადამზადდა. ამას დაემატა ტრენიგნები გიდებისთვისაც.  60 დამწყები და მოქმედი გიდი ინტენსიურ ტრენინგებს 4 ტურისტული მარშრუტის მიმართულებით ორი თვის განმავლობაშიი გადიოდნენ.  თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები აჭარის ისტორიის, ეთნოგრაფიის, ექსკუსიათმცოდნეობისა და ჯგუფის ფსიქოლოგიის თეორიულ სწავლებას, ასევე, ტურისტულ მარშრუტებზე პრაქტიკულ საველე გასვლებს, იქ არსებული ღირსშესანიშნაობებისა და ძირითადი სერვისების გაცნობას ითვალისწინებდა. მსგავსი მასშტაბის ტრენინგ-კურსები გიდებისთვის წელს პირველად ჩატარდა.

[checklist]

  • 2017 წელი – ჯამში 367 ადამიანი გადამზადდა, ბოლო 5 წელში კი დატრენინგდა ტურიზმის დარგში 1 637 დასაქმებული

[/checklist]

 აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პროექტი „ტურიზმის განვითარების სკოლა“ წელს დაიწყო. პროექტის მიზანი რეგიონში, განსაკუთრებით კი მთიან აჭარაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაა.

 გაზრდილი საჰაერო ფრენები და სარკინიგზო მიმოსვლა

 2017 წელი – ბათუმის მიმართულებით ავიაფრენებს ახორციელებს  25 ავიაკომპანია, მათ შორის 8 ახალი. ივლისის თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში 100-ზე მეტი ფრენა ხორციელდება 39 მიმართულებით. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აცხადებს, საჰაერო ფრენების რაოდენობა მიმდინარე სეზონზე არის უპრეცედენტო. „ჩარტერულ და რეგულარულ ფრენებს მსოფლიოს 38 მიმართულებით, შეემატა ყოველდღიური ფრენები თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით (90 ლარის ღირებულების), რომელიც სახელმწიფო სუბსიდირებით ხორციელდება და ტურისტული სეზონის შემდეგაც გაგრძელდება, რაც ხელს უწყობს როგორც შიდა ტურიზმის განვითარებას, ისე სატრანსპორტო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას“ – მიიჩნევს ზურაბ პატარაძე.

aviafrenebi (1)
ბოლო ოთხ წელში, ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობა 3-ჯერაა გაიზარდა

 2017 წლის სეზონზე ბათუმის აეროპორტში შემდეგი კომპანიები ახორციელებენ ფრენებს:

  • Fly Dubai – დუბაი-ბათუმი-ბათუმი
  • Wings of Lebanon – ბეირუთი-ბათუმი-ბეირუთი
  • Anda Air – კიევი-ბათუმი-კიევი
  • Nordavia – ს.პეტერბურგი-ბათუმი- ს.პეტერბურგი
  • Nordstar Airlines – მოსკოვი-ბათუმი- მოსკოვი
  • Severstal – ჩერეპოვეცი- ბათუმი- ჩერეპოვეცი
  • Small planet Airlines – ვარშავა-ბათუმი-ვარშავა
  • Aseman airlines – თეირანი-ბათუმი-თეირანი

20597928_1389543027827676_1225574413_o

გაიზარდა სარკინიგზო მიმოსვლებიც ტურისტული ადგილების მიმართულებით: 4 ლარად სრულდება ბათუმი ურეკის სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც გზად ყველა ტურისტულ ადგილზე ჩერდება. რამდენიმე დამატებითი დღის მატარებელია დანიშნული თბილისის მიმართულებით. სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა სომხეთის მიმართულებითაც.

[checklist]

  • ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აჭარა კვლავ რჩება ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ რეგიონად არამარტო საქართველოში, არამედ შავი ზღვის რეგიონში. 2017 წელი კი ბოლო ათწლეულში ტურისტების რაოდენობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იქნება.

[/checklist]

 

გოდერძიზე თხილამურების გაქირავებისა და სწრაფი კვების ობიექტები მოეწყობა

ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე, თხილამურების გაქირავების პუნქტისა და სწრაფი კვების ერთსართულიანი ხის შენობების მშენებლობა იგეგმება.

შენობების მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი შპს „გოდერდზირესორტს“-მა გამოაცხადა. სატენდერო თანხა 11 ათასი ლარია. ტენდერი 8 აგვისტოს დასრულდება.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის შემდეგ კი კომპანია ტენდერს უკვე ობიექტების მშენებლობაზე გამოაცხადებს.

ტექნიკური დავალების მიხედვით, ორ ხის შენობაში 5 ერთმანეთისგან იზოლირებული თხილამურების გასაქირავებელი სივრცე [თითო 60 კვ/მ ფართობის] და ამდენივე სწრაფი კვებისთვის განკუთვნილი, ასევე ერთმანეთისგან იზოლირებული სივრცე [თითოეული 41 კვ/მ ფართობის] უნდა მოეწყოს.

20543221_1827466177567054_1483021719_o
კურორტი „გოდერძი“ / მანანა ქველიაშვილის ფოტოები

 

შუახევის გამგეობა გარკვეულ ოჯახებს ხის სახლებს შეუსყიდის

შუახევის გამგეობა, უსახლკარო და სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლები სიძველისგან დაზიანებულია, ხის სახლებს შეუსყიდის.

11 სახლის შესაძენად გამგეობამ მიზნობრივი პროგრამა – „უკიდურესად გაჭირვებული, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე საცხოვრებელი სახლების შეძენის პროგრამა“ შეიმუშავა და ბიუჯეტიდან 119 900 ლარი გამოყო.

შუახევის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, გამგეობა მხოლოდ ხის სახლებს შეისყიდის, ერთი სახლის შესაძენად კი  მაქსიმუმ 10 000 ლარს გადაიხდიან.  ხის სახლის გადასატანად ოჯახებს 900 ლარიც ჩაერიცხებათ.

„არიან ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლები სიძველისგან დაზიანებულია, ეკომიგრანტის სტატუსი არ ენიჭებათ და შესაბამისად სახელმწიფოს, მიზნობრივ პროგრამაში ვერ ხვდებიან. მათ დასახმარებლად მიზნობრივი პროგრამა შევიმუშავეთ. ოჯახებს, რომლებსაც კომისია შეარჩევს, ერთთვიანი ვადა მიეცემათ სახლების შესარჩევად. მას შემდეგ რაც ოჯახები სახლებს შეარჩევენ, გამგეობა ნოტარიული ცნობის საფუძველზე თანხას მას ჩაურიცხავს, ვისგანაც მოხდება სახლების შესყიდვა, რადგან სოციალურად დაუცველ ოჯახებს, თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში, სოციალური დახმარება არ შეუწყდეთ,“ – ამბობს ზაზა ზოიძე.

მიზნობრივ პროგრამაში მოხვედრის მთავარი კრიტერიუმი, ოჯახის სოციალური სტატუსია. ზაზა ზოიძის განმარტებით, პროგრამულად მხოლოდ იმ ოჯახების მდგომარეობა განიხილება, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აჭარბებს: „იმ შემთხვევაში, თუ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლი სიძველით დაზიანებულია და თანაბარი სარეიტინგო ქულა ექნებათ, უპირატესობა იმ ოჯახს მიენიჭება, სადაც შშმ პირი ცხოვრობს, ან ოჯახის წევრთა შემადგენლობა მეტია.“

სახლების შეძენის პროგრამაში მოსახვედრად შუახევის მუნიციპალიტეტის დაბასა თუ სოფლებში მცხოვრებმა ოჯახებმა განცხადებით შუახევის გამგეობას წერილობითი უნდა მიმართონ.

ზაზა ზოიძის ინფორმაციით, შუახევის გამგეობამ გასულ წელს ანალოგიური პროგრამით ცხრა სახლი [ერთი უსახლკარო ოჯახისთვის, რვა კი – სიძველის შედეგად დაზიანებულ სახლში მცხოვრები ოჯახებისთვის] შეისყიდა. რაც შეეხება ტრანსპორტირების ხარჯს: „ოჯახებმა, რომლებსაც გასულ წელს სახლები შევუსყიდეთ, შესყიდული სახლების მათ საკარმიდამო ტერიტორიაზე გადასატანად საჭირო თანხის გამოყოფა მოგვთხოვეს, თუმცა ეს ხარჯი პროგრამულად გაწერილი არ იყო და შესაბამისად, ტრანსპორტირების ხარჯს ვერ ჩავურიცხავდით. წელსაც რომ პრობლემები არ შეიქმნას სახლების გადატანისას, საჭირო თანხა წინასწარ გავითვალისწინეთ, მითუმეტეს, რომ ამ დახმარებას შეჭირვებული ოჯახები იღებენ“.

 

ბათუმის მერია ორ ნიჩბიან ნავს ყიდულობს

ბათუმის მერია ორ ერთეულ ნიჩბიან ნავს [კაიაკი] ყიდულობს. მერიის ინფორმაციით, ნავები სანიჩბოსნო სპორტის განვითარებისთვის არის საჭირო. ნიჩბიანი ნავების შესაძენად ბიუჯეტიდან 5 ათასი ლარია გამოყოფილი.

მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალეკო თევზაძის თქმით, ბათუმში სანიჩბოსნო კლუბიც იქმნება, რომლის პრეზენტაცია სექტემბერში  გაიმართება.

„გვინდა, რომ სანიჩბოსნო სპორტი დაუბრუნდეს ქალაქს. ამისთვის იქმნება სანიჩბოსნო სპორტის ფედერაცია. ამ ორი ნავის გარდა ჩვენ გვაქვს კიდევ 7-8 ნავი, რომელსაც რესტავრაცია ჩაუტარდა. ეს ორი ახალი ნავი კი ბავშვებისთვის შევიძინეთ, რადგან ადვილად არ ყირავდება. როცა ბავშვები ვარჯიშს დაიწყებენ, ამ ნავებით ისარგებლებენ,“ – ამბობს ალექსანდრე თევზაძე.

მისი თქმით, ტბაზე სპეციალური ნაგებობა – ელინგიც მოეწყო, სასპორტო ნავების, ნიჩბებისა და სხვა ინვენტარის შესანახად და შესაკეთებლად.

რუსები ბათუმში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ

მათ აკავშირებთ ერთი საერთო რამ – ეთნიკურად რუსები არიან და ბათუმში ცხოვრობენ. მათგან მხოლოდ ერთ-ერთი – 18 წლის რომა დაიბადა საქართველოში, სხვები სხვადასხვა გარემოების გამო აღმოჩდნენ ჯერ საქართველოში, შემდეგ კი ბათუმი აირჩიეს საცხოვრებლად. პოლიტიკაზე საუბარი არც ერთ მათგანს არ სურს, ამბობენ, რომ ამისგან თავს შეიკავებენ. ასევე იმასაც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი ეთნიკური წარმომავლობის გამო არასდროს არავითარი პრობლემა არ შექმნიათ ბათუმში – არც აგვისტოს ომის შემდეგ, როცა სულ რაღაც 9 წლის წინ მათი ისტორიული სამშობლოს ჯარი საქართველოში შემოიჭრა და ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიის 20%.

ასოციაცია „როსია“
არჩილ გოგიტიძე
არჩილ გოგიტიძე

პოლიტიკაზე საუბარს დიდი ენთუზიაზმით არც „რუსულენოვანი ინტელიგენციის“ ასოციაცია „როსიას“ თავმჯდომარე, არჩილ გოგიტიძე ხვდება. არჩილ გოგიტიძეს ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ასოციაციის ოფისში შევხვდით. ამ ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის პირველი სართული ბათუმის მერიას ეთნიკური უმცირესობების სათვისტომოებისთვის გამოუყვია. აქ გვერდიგვერდ განთავსებულია გერმანული, სომხური, უკრაინული თუ აზერბაიჯანული სათვისტომოების თითო ოთახი. არჩილ გოგიტიძე ამბობს, რომ ის ქართველია და მისი კავშირი რუსულ ეთნოსთან იმით შემოიფარგლება, რომ წლების წინ რუსული სკოლა დაამთავრა. არჩილ გოგიტიძის თქმით, მათთან 300-მდე ეთნიკურად რუსია გაერთიანებული. „ძირითადად, ასაკოვანი ხალხია. ახალგაზრდები, ვინც სკოლას ამთავრებენ, რუსეთში მიდიან სწავლის გასაგრძელებლად. ბევრი მათგანი რუსეთშივე პოულობს სამუშაოს და აღარ ბრუნდება საქართველოში. ბოლო ორი წელია რუსეთში გამკაცრდა მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა, ამიტომ ახლა უფრო უჭირთ რუსეთში ფეხის მოკიდება და ალბათ ისევ საქართველოში დაბრუნდებიან“.

„როსიას“ ძირითადი საქმიანობა მაინც კულტურული ღონისძიებებით შემოიფარგლება – სადღესასწაულო დღეებში ფოლკლორულ სიმღერებსა და ცეკვებს ასრულებენ.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, საქართველოში სულ 26,453 ეთნიკური რუსი ცხოვრობს, მათგან 3 679 ბათუმში, ხოლო 13 350 – თბილისში.

რომან ნიკულინი

18 წლის რომან ნიკულინი ბათუმში დაიბადა და გაიზარდა. ქართულად წერს, კითხულობს და საუბრობს. რომა აბიტურიენტია – ბათუმის საზღვაო აკადემიაში გეგმავს სწავლის გაგრძელებას. ის ამბობს, რომ საქართველოში აპირებს ცხოვრებას.

რომან ნიკულინი
რომან ნიკულინი

„ბათუმში ბავშვობიდანვე ვცხოვრობ. ჩემი ოჯახის ყველა წევრი აქ არის დაბადებული. ჩემი დიდი ბაბუა (მამის ბაბუა დედის მხრიდან), ბორის სმირნოვი, მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა, სადაც მძიმედ დაიჭრა, თუმცაღა გადარჩა და ჯილდოდ სახელმწიფომ ქობულეთში მიწა გადასცა. ამის შემდეგ ოჯახმა მიწის გაყიდვა და ბათუმში გადმოსახლება გადაწყვიტა. აქედან იწყება ჩვენი ოჯახის ბათუმური ცხოვრების ისტორია.

საქართველო ძალიან მიყვარს, ბუნება, ხალხი, ქართული კულტურა – ყველაფერი პოლიტიკის გარდა. მიუხედავად იმისა, რომ ნახევრად რუსი ვარ, ჩემს სამშობლოდ მაინც საქართველოს მივიჩნევ, – აქ დავიბადე, გავიზარდე და ბავშვობის ყველა ტკბილი მოგონებაც საქართველოს უკავშირდება.

საქართველოში დარჩენასა და სწავლის გაგრძელებას ვგეგმავ. ამჟამად ეროვნული გამოცდების პასუხებს ველოდები, მინდა ბათუმის საზღვაო აკადემიაში ჩავაბარო, ნავიგაციის ფაკულტეტზე.

2008 წლის აგვისტოს ომის დღეები ჩემს მეხსიერებაშიც აღიბეჭდა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ვიყავი, 8 წლის. მახსოვს პირველი შიში – ოჯახის წევრების დაკარგვის შიში იყო, მიუხედავად იმისა, რომ ომში უშუალოდ არავინ იღებდა მონაწილეობას. განვიცდიდი იმას, რომ ყველანი საფრთხის წინაშე ვიდექით.

შემდეგ ცხოვრება დაბრუნდა ჩვეულ რეჟიმში. ბათუმში არასდროს მიგრძნია შევიწროება სხვა ეროვნების ადამიანებისგან, მით უფრო ქართველებისგან. ალბათ იმიტომ, რომ ყველა ბათუმელი ერთ გარემოში, ერთი ტრადიციითა და ადათ-წესებით ვიზრდებით და ნაციონალურ დონეზე განსხვავება უმნიშვნელოა.

ჩემი მეგობრების წრეში ზოგიერთი ქართველი, ზოგიერთი – სომეხი და ზოგიერთიც რუსია. ჩვენს ურთიერთობაში ერთადერთი რამ არის უცვლელი – ერთმანეთს ვაფასებთ არა ნაციონალობის ნიშნით, არამედ ადამიანობით.

რაც შეეხება რუსეთს, ამ ქვეყანაში არასოდეს ვყოფილვარ. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვისურვებდი რუსეთში წასვლას, ნათესავების მონახულებაა“.

ალექსანდრე მოლოდოი და ელენა კაშეევა

ელენა კაშეევა პროფესიით ბალერინაა, ხოლო მისი მეუღლე, ალექსანდრე მოლოდოი -დეველოპერი. ელენა და ალექსანდრე 18 თვის წინ ჩამოვიდნენ ბათუმში საცხოვრებლად – ჯერ საქართველოში ბინადრობის უფლება მოიპოვეს, შემდეგ კაფე გახსნეს და ასე ცხოვრობენ. ცოლ-ქმარს არ სურს რუსეთში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე საუბარი, თუმცა ამბობენ, რომ არჩევანი საქართველოზე გააკეთეს.

ალექსანდრ მოლოდოი და ელენა კაშეევა
ალექსანდრ მოლოდოი და ელენა კაშეევა

„ბათუმში ჩვენი დასახლების ისტორია ლენას უკავშირდება. 2005 წელს ის გასტროლზე ჩამოვიდა ცნობილ ბალერინასთან – ირმა ნიორაძესთან ერთად. ამის შემდეგ, ზედიზედ ექვსი წლის განმავლობაში, პერიოდულად ჩამოვდიოდით საქართველოში.

პირადად ჩემში საქართველოსადმი ინტერესი დიდმა ქართველმა რეჟისორმა, გიორგი დანელიამ, ხოლო ლენაში ბუნებამ, ჯანსაღმა საკვებმა და ცხოვრების სტილმა აღძრა. ჩვენი ერთ-ერთი პირველი ჩამოსვლა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ პერიოდს დაემთხვა. მაშინ ტურისტების როლში ვიყავით ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ თემებზე საუბარს თავს ვარიდებდით.

უკვე წელიწადნახევარია, რაც ბათუმში ვცხოვრობთ. საქართველოში გადმოსვლის გადაწყვეტილება უცებ არ მიგვიღია, ამ საკითხზე დიდხანს ვფიქრობდით. აქ გადმოსახლების ისტორია კი, ერთ ჩვეულებრივ თბილისელ ხელოსანს უკავშირდება.

მესამე თუ მეოთხე ვიზიტი გვქონდა საქართველოში, ძველ თბილისში, ერთ-ერთ სახლში ვათევდით ღამეს. ჩვენ მეზობლად მღებავი კაცი ცხოვრობდა, საღამოს სუფრაზე მიგვიპატიჟა, დაბადების დღე ჰქონდა. დიდებული სუფრა გააწყვეს, ყველა კერძი მის დედას ჰქონდა მომზადებული, საჭმელი ენით აუღწერელი და კოსმიურად გემრიელი იყო.

ყველაფერი ჩვეულ სადღესასწაულო რეჟიმში მიდიოდა, როცა უცებ, ჩვენთვის  სრულიად მოულოდნელად წამოდგა ერთ-ერთი სტუმარი, ორმოცდაათ წელს გადაცილებული კაცი და მითხრა: საშა, ახლა ვდგებით, მივიდვართ ჩემთან სახლში და დღეს ჩემთან ვრჩებით, ცოლი გაფრთხილებულიაო.

სიმართლე გითხრათ, ჩემში გამოწვეული გაკვირვება არ ყოფილა სიმთვრალის შედეგი – ასეთი გახსნილობა და უშუალობა სრულიად უცნობი ადამიანისგან ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა ჩემთვის.

ამ შემთხვევის შემდეგ საქართველოს უმშვენიერესი ბუნებიდან, მთებიდან, ზღვიდან აქცენტი ქართველებსა და მათი ხასიათის თავისებურებებზე გადავიტანეთ.

ახლა უკვე ბათუმში ბევრი ნაცნობი და მეგობარი გვყავს. ვმეგობრობთ ყველასთან. ჩვენი ნაცნობების ნახევარი ადგილობრივი მოსახლეობა, მეორე ნახევარი კი ბათუმში ჩვენსავით ჩამოსული რუსები, უკრაინელები და ბელორუსები არიან. ინფორმაციის ძირითადი წყაროც მეგობრები და ფეისბუქგვერდია. რუსულ სატელევიზიო არხებს არც ადრე ვუყურებდით და არც ახლა ვუყურებთ.

ქართველებთან დამეგობრება არც ჩვენს ბიჭს – 8 წლის მაქსს გასჭირვებია. შარშან  რუსულენოვანი ბაღიდან ქართულენოვან ბაღში გადასვლა მოუწია. თავიდან ენის მხვრივ გარკვეულ პრობლემებს შეეჯახა, თუმცა პრობლემა მალევე გადალახა. მაქსმა უმაღლესი შეფასებით დაამთავრა პირველი კლასი, ჩვეულებრივად კონტაქტობს ქართველ ბავშვებთან, დადის კარატეზე და ძალიან მოსწონს ყველაფერი, რასაც აკეთებს. მოკლედ, მაქსმა ჩვენგან განსხვავებით უფრო იოლად ისწავლა ქართული.

კაფე, რომელიც მე და ლენამ გავხსენით, ჩვენი შემოსავლის ძირითადი წყაროა. ჩვენს კაფეში განსხვავებული ადამიანები მოდიან. შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერთობა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად ვკონტაქტობთ ადგილობრივ მოსახლეობასთან, რა თქმა უნდა, სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლებთანაც, ორგანიზაციასთან, რომელიც რუსულ დიასპორაზე მუშაობს, შეხება არ გვქონია. სიმართლე გითხრათ, დიდად არც ვამართლებ დიასპორების არსებობის პრინციპს. ჩემთვის ეს იმას ნიშნავს, რომ როცა არსებობს დიასპორა, არსებობს განცალკევება, ჩაკეტილი წრე, რაც ბათუმისთვის ზედმეტია. დიასპორა, ალბათ, მაშინ იქნება გამართლებული და საჭირო, როცა ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის საშუალება არ გექნება. ჩვენ კი ზუსტად ის მოგვწონს, რომ გვეძლევა შანსი, უშუალოდ გვქონდეს ურთიერთობა ბათუმის მოსახლეობასთან და შევიგრძნოთ ქართველი ერის თავისებურებები.

კაფეს გახსნაც ნაწილობრივ ამ იდეას უკავშირდება. ბიზნესის წამოწყება კი საქართველოში ცალკე ამბავია, აქ სრულიად მარტივი პროცედურებია და ამ კუთხით იუსტიციის სამინისტროს გამოვყოფდი. საქართველოში ბიზნესის კეთების შანსი ყველას ეძლევა. მნიშვნელოვანია მხოლოდ ადამიანის მოტივაცია და შრომა. როცა გარე ფაქტორები ხელს გიწყობს ბიზნესის წამოწყებაში, ხვდები, რომ რისკი გამართლებულია, რადგან ყველაფერი შენზეა დამოკიდებული.

რასაკვირველია, ყოველი ბიზნესი საწყის ეტაპზე გარკვეულ ენერგიას, ძალისხმევასა და მოთმინებას მოითხოვს. ჩვენ კი ერთი რამ ზუსტად ვიცოდით – რესურსი სწორად უნდა გაგვენაწილებინა. სამუშაოს რა დალევს, საქმის სიყვარულით კი ყველაფერი გამოვა: იმუშავებ – მიიღებ ფულს, არ იმუშავებ – ვერ მიიღებ.

ელენა სკრობოტოვა

1895 წელს რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ გამოაგზავნა ბაბუაჩემი – ვასილი ბეშკაევი (დედის მხრიდან) ბათუმში, იმჟამინდელ პორტო ფრანკოს საბაჟოზე სამუშაოდ. ბაბუა ბათუმში ბებიასთან – მართა ბეშკაევასთან ერთად ჩამოვიდა. ბებია ქალაქ სამარადან იყო. ბათუმში ექვსი შვილი შეეძინათ, მათ შორის დედაჩემი ეკატერინეც.

მშობლებმა ერთმანეთი 1922 წელს გაიცნეს – მამა ბათუმში წითელი არმიიდან ჩამოვიდა. მე 1938 წელს დავიბადე. ოცი წლის ასაკში სტალინგრადის უნივერსიტეტში ჩავაბარე – ნავთობის სპეციალობაზე. სწავლის გაგრძელება ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოვახერხე და სამი წლის შემდეგ ისევ ბათუმში დავბრუნდი.

1941 წელს ჩვენი ოჯახი ოკუპაციაში მოხვდა, ერთი წლის შემდეგ კი მამა საკონცენტრაციო ბანაკში დახვრიტეს. დედა, მე, ორი და და ძმა პონამარიოვის სახელობის პარტიზანულ ბანაკში მოვხვდით და მხოლოდ 1946 წელს დავბრუნდით ბათუმში. ამის შემდეგ ბათუმიდან არსად გავსულვარ, აქ დავრჩი და დღემდე აქ ვარ. რუსეთში ნათესავებიდან აღარავინ დამრჩა. ბათუმში, ჩემს მშობლიურ ქალაქში, თავს ძალიან მყუდროდ ვგრძნობ. ორი ქალიშვილი და პატარა შვილთაშვილი მყავს, ასევე  ძალიან ბევრი რუსი ნაცნობი, მათი უმრავლესობა ადგილობრივი რუსია.

მარცხვნიდან მარჯვნივ ელენა სკრობოტოვა და ელენა ანისიმოვა
მარცხვნიდან მარჯვნივ ელენა სკრობოტოვა და ელენა ანისიმოვა

რა თქმა უნდა, ბევრი ქართველი მეგობარიც მყავს. ქართველი იყო ჩემი მეუღლე, შოთა ინასარიძე. თანაცხოვრების მანძილზე არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, ნაციონალიზმის საფუძველზე უთანხმოება, თუნდაც მცირედი გაუგებრობა გვქონოდა.

ბათუმი ყოველთვის იყო ინტერნაციონალური, საკურორტო ქალაქი და შემდეგშიც ასე იქნება. თუ იქმნება ისეთი სიტუაციები, როცა ვიღაცას ჩემი საუბარი რუსულ ენაზე არ სიამოვნებს, ყოველთვის ვახსენებ, რომ დღევანდელ მულტიკულტურულ სამყაროში ენთნოკონფლიქტები აღარ უნდა არსებობდეს.

ელენა ანისიმოვა

დავიბადე ლენინგრადში 1932 წელს. 9 წლის ვიყავი, როცა პირველად ჩამოვედი ბათუმში. მამა ომის დაწყებამდე 3 თვით ადრე, 1941 წლის მაისში ბათუმში გამოიძახეს. ცოტა ხანში ის პოლკში წაიყვანეს, ჩვენ კი – მე, დედა და ჩემი და ბათუმში დავრჩით. მძიმე პერიოდი იყო. მამის დატოვებული 500 რუბლი მალევე დაგვეხარჯა. უნდა გვეფიქრა შემოსავლის ახალ წყაროზე. 15 წლის ასაკში მე და ჩემმა ხუთმა მეგობარმა სამკერვალო ფაბრიკაში დავიწყეთ მუშაობა, სადაც 16 წელი დავყავი.

ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება ცურვას უკავშირდება, ეს სრულიად შემთხვევით მოხდა – ერთ-ერთ თანამშრომელს ცურვაზე სიარული შესთავაზეს, სხვებმა გართობის მიზნით მოვინდომეთ წასვლა… აჭარაში ცნობილი მწვრთნელი ჟორა კალანდაძე გვავარჯიშებდა.

საბოლოოდ, 10 წელი მივუძღვენი სპორტის ამ სახეობას. შეჯიბრებებზე საქართველოს ნაკრებს წარვადგენდი, დავდიოდით სხვადასხვა ქალაქში, ვეცნობოდით სხვადასხვა ხალხს. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მგზავრობა 1951 წელს სანკტ-პეტერბურგში მქონდა – ცურვაში მეორე ხარისხის სერტიფიკატი მომანიჭეს.

ცურვაზე შესვლას ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი სასიამოვნო მოვლენა მოჰყვა: 26 წლის გოგონამ ჩემი მომავალი მეუღლე, ზურაბ სურმანიძე გავიცანი, რომელთანაც თანაცხოვრების ყველაზე ტკბილი წლები გავინაწილე. ზურაბი მეზღვაური იყო, გემზე დადიოდა, მე კი სახლში ბავშვებს ვზრდიდი, სამი ქალიშვილი გვეყოლა.

თავიდან საბჭოს ქუჩაზე ვცხოვრობდით, პარკთან ახლოს, 1974 წელს კი მეუღლეს ბათუმის საზღვაო ნაოსნობაში შეტანილი წვლილისთვის ბინა სტეფანოვკაზე მისცეს. ამის მერე აღარსად გადავსულვართ.

ასოციაცია „როსია“ ეთნიკურად რუსებისთვის მხატვრულ ლიტერატურას აგროვებს
ასოციაცია „როსია“ ეთნიკურად რუსებისთვის მხატვრულ ლიტერატურას აგროვებს

ბათუმში მშვიდი ცხოვრება გავიარე. მეუღლის დამსახურებით ქართული კულტურა ახლოს გავიცანი, ხშირად დავდიოდით სოფლად ნათესავებთან, ყველანი საოცარი სითბოთი და სიყვარულით გვეპყრობოდნენ. ძალიან შემიყვარდა ქართული სამზარეულო, მეუღლეს ფხალობიოთი და ხაჭაპურით ხშირად ვახარებდი. მიუხედავად იმისა, რომ ის მუსლიმი იყო, მე კი მართლმადიდებელი, რელიგიის კუთხითაც არასდროს შეგვქმნია პრობლემა. ჩვენი ოჯახის უცვლელ საყრდენს ურთიერთპატივისცემა, გაგება და თანადგომა წარმოადგენდა. უკვე 17 წელია, რაც ის აღარ არის ამ ცხოვრებაში, თუმცა სითბოს, რომელსაც ის ასხივებდა, მე ვხედავ ჩემი შვილების, შვილთაშვილებისა და შვილთაშვილის შვილების თვალებში. ეს ის სითბოა, რომელმაც არ იცის ნაციონალური თუ რელიგიური განსხვავება, რომელიც მუდამ გათბობს და უკვდავია.

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

ლოგო

19 ათასი ლარი ჭაჭის თაუერის საათის შესაკეთებლად

დღეს, 31 ივლისს, ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა, რომლის მიხედვით სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მართვის მუხლს  183 ათასი ლარი დაემატა.

აღნიშნული თანხიდან 19 ათასი ლარი ჭაჭის თაუერის საათის შეკეთებაზე დაიხარჯება. მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსანდრე თევზაძის ინფორმაციით, საათი რამდენიმე თვეა არ მუშაობს, რადგან მეხი დაეცა.

მისივე ინფორმაციით, ჭაჭა თაუერში არც ჭაჭაა, რადგან ჩამოსასხმელი მოწყობილობა დაზიანებულია.

„თაუერი გაქურდეს და დაამტვრიეს აპარატურაც. ამ საქმეზე გამოძიება დიდი ხნის წინ დაიწყო, შესაბამისად, ჭაჭის თაუერში არც ჭაჭა გვაქვს“ – გვეუბნება თევზაძე.

მისი თქმით, მერიას ჭაჭის თაუერის მართვის კომპეტენციაც არ გააჩნია: „მე რამდენჯერმე მივმართე მერიას და როგორც ვიცი მერი მუშაობს იმაზე, რომ მოიძიოს კერძო მფლობელი, ვინც ჭაჭის თაუერს  მიხედავს“ – ამბობს ის.

საბიუჯეტო  ცვლილების მიხედვით, ქალაქში არსებული პარკებისთვის [6 მაისის პარკისა და ბულვარის გარდა], 100  სკამს შეიძენენ, რისთვისაც ბიუჯეტიდან  70 ათასი ლარი დაიხარჯება.

ამავე მუხლით დაფინანსდება ქალაქში სასმელი წყლის შადრევნების მოწყობა. შვიდი შადრევნის მოწყობისთვის 5 ათასი ლარია გათვალისწინებული ბიუჯეტში.

 

ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქეებს შუახევში სამედიცინო მომსახურებას ადგილზე გაუწევენ

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შუახევის სოფლებსა თუ დაბებში მცხოვრები, მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებისთვის, ადგილზე სამედიცინო და მედიკამენტოზური მომსახურების განსახორციელებლად მიზნობრივი პროგრამა შეიმუშავა. პროგრამის – „თემზე დაფუძნებული მობილური გუნდების მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის“ – დასაფინანსებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 28 800 ლარი გამოიყო.

გამგეობის სოციალური პროგრამის ფარგლებში, მომსახურება იმ პაციენტებს გაეწევა, რომლებიც აღრიცხვაზე იმყოფებიან და სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსს ბათუმში გადიან.

ფსიქონერვოლოგიური პაციენტებისთვის ადგილზე, ოჯახში მკურნალობის განსახორციელებლად, ბიუჯეტიდან გამოყოფილი 28 800 ლარი პროგრამულად 2017  წლის ბოლომდე გაიწერა.

შუახევის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის სოციალურ საკითხებში, რუსუდან კეკელიძის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში წინასწარ შერჩეული სამედიცინო ჯგუფი თვის განმავლობაში მინიმუმ 50 ვიზიტს განახორციელებს და პაციენტებს ოჯახში, ადგილზე კონსულტაციასთან ერთად, მედიკამენტოზურ მომსახურებასაც გაუწევს.

შუახევის გამგეობის ინფორმაციით, შუახევის დაბებსა თუ სოფლებში მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე  705 პაციენტია აღრიცხული ,მათგან, გამგეობის ინფორმაციით, რეგულარულად სამედიცინო დაწესებულებას მკურნალობისთვის მხოლოდ 200-მდე პაციენტი მიმართავს.

ბათუმის საკრებულომ მთავრობას k2-ის გაზრდაზე მეორედ მოთხოვნის უფლება შეუზღუდა

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საქართველოსა და აჭარის მთავრობას  k2  კოეფიციენტის გაზრდის მეორედ მოთხოვნის უფლება შეეზღუდა. ეს გადაწყვეტილება დღეს, 31 ივლისს, საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

ბათუმის არქიტექტურის სამსახურმა საკანონმდებლო ცვლილებები გამოიტანა, რომლის მიხედვით,  საქართველოს და აჭარის მთავრობას  უფლება აღარ ექნებათ, ზონალური კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ,  K2 კოეფიციენტის გაზრდა მეორედ მოითხოვონ იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც უკვე განხორციელდა განაშენიანების ინტენსივობის ზრდა. არქიტექტურის სამსახურის ინიციატივას საკრებულომ ათი ხმით მხარი დაუჭირა.

გარდა ამისა, დღეს განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, დაუშვებელი იქნება K2 კოეფიციენტის გაზრდა 500 კვ.მეტრზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მშნებლობის შემთხვევაში, რასაც საკრებულოს ცალკეული წევრების მხრიდან შენიშვნები მოჰყვა.

საკრებულოს წევრის, კობა ჩხეიძის განცხადებით, ეს  უსამართლო გადაწყვეტილებაა. „ჩვენ ამ გადაწყვეტილებით ყველა მოქალაქეს, ვინც ფლობს 500 კვ.მეტრ ფართობს, ვართმევთ უფლებას მიმართოს ზონალურ საბჭოს, ხოლო ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ფლობს 501 კვ. მეტრს და უფრო მეტს, ექნება უფლება ისარგებლოს ზონალური  საბჭოს  „კურთხევებით“  და ააშენოს იმდენი სართული, რამდენიც უნდა. ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ჩვენი ქალაქის ხვალინდელი დღე იქნება ის, რომ მივიღებთ აბსოლუტურ სიმახინჯეებს და საშინელებებს მშენებლობის მხრივ,“ – ამბობს ის.

საკრებულოს წევრის, „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კირთაძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ნათლად აჩვენებს, რომ მთავრობა უხეშად ერევა მერიისა და არქიტექტურის სამსახურის ფუნქციებში.

„ეს გადაწყვეტილება არის ლოგიკური და სწორი, თუმცა მე არ დავუჭერ მხარს, რადგან ვფიქრობ, რომ დაგვიანებულია მისი მიღება. თუმცა ამ ყველაფერმა აჩვენა, რომ რადგან თქვენ მთავრობას, მაგალითად, ზურაბ პატარაძეს უზღუდავთ რეკომენდაციის უფლებას, ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობა უხეშად ერევა მერიის საქმიანობაში და რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ ითხოვს მშენებლობის სიმაღლეში გაზრდას, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას მხოლოდ რეკომენდაციის უფლება აქვს და ეს უფლებაც თავის დროზე უკანონოდ ჰქონდა მინიჭებული,“ – ამბობს კირთაძე.

არქიტექტურის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, მშენებლობის საზოგადოებრივ სივრცეში შეჭრის შემთხვევაში,  ეს შეჭრა არ უნდა აღემატებოდეს საზოგადოებრივ სივრცეზე გამავალი ფასადის 40 პროცენტს. ასევე, სავალდებულო ხდება 120 კვ.მეტრზე მშენებლობის შემთხვევაში, როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა ავდოსადგომების მშენებლობა.

მაღალსართულიან კორპუსებში კი მინიმუმ 20 კვ.მეტრი ფართობი გამოყოფილი უნდა იყოს საფოსტო ყუთებისთვის, მრიცხველებისთვის; ასევე, საბავშვო ეტლებისა და ველოსიპედების დროებითი პარკირებისთვის.

„ქართული ლიტერატურა საბჭოთა კავშირამდე და შემდეგ” – შეხვედრა მწერალ დავით გაბუნიასთან ბათუმში

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ იწყებს დისკუსიათა ციკლს „საუბრები ევროპაზე“.

11 აგვისტოს, 19:00 საათზე, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიმართება შეხვედრა დრამატურგთან, მწერალ დავით გაბუნიასთან თემაზე – „ქართული ლიტერატურა საბჭოთა კავშირამდე და შემდეგ”.

დისკუსიის მოდერატორი ჟურნალისტი ზვიად ქორიძე იქნება.

დასწრება თავისუფალია.

პროექტის მენეჯმენტის  მხარდაჭერია აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI),  ფინანსური მხარდამჭერები კი არიან ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და სამშენებლო კომპანია „გზები”.

მისამართი: ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე, ზ. გამსახურდიას ქუჩა ⅕.

 

 

1-ელ აგვისტოს რიკოთის გვირაბში მოძრაობა 5 საათით აიკრძალება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საავტომობილო გვირაბში, 2017 წლის 1-ელ აგვისტოს, ღამის 00:00 სთ-დან  დილის 05:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ში მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SKADA) განახლების მიზნით, 2017 წლის 1 აგვისტოს, ღამის 00:00 სთ-დან  დილის 05:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე  მექანიზმების მორიგეობა“ – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როდის გამოაცხადებენ ტენდერს ბათუმის სტადიონის მშენებლობაზე

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ახალი სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველს შპს „სტადიონი“ მაქსიმუმ 646 355 ლარს გადაუხდის. „სტადიონმა“ მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. ცალკე ტენდერია გამოცხადებული უშუალოდ სპორტული კომპლექსის მშენებლობაზეც, სადაც სატენდერო თანხა 66 მილიონ 574 ათას 430 ლარია.

სატენდერო პირობების მიხედვით სპორტული კომპლექსი ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 თვეში უნდა აშენდეს. მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი მიმდინარე წლის 9 აგვისტოს დასრულდება; ზედამხედველობაზე გამოცხადებული ტენდერი კი – 18 აგვისტოს.

ტექნიკური დავალების მიხედვით, ტექნიკურმა ზედამხედველმა სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესის მიმდინარეობის სრული ზედამხედველობა უნდა განახორციელოს.

შპს „სტადიონი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სპეციალურად შექმნა ახალი საავადმყოფოსა და ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის მიზნით. ამ კომპანიას დაევალა ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობაც.

საავადმყოფოს მშენებლობა [რესპუბლიკური საავადმყოფოს გვერდით] მიმდინარეობს. რა ეტაპზეა ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის საკითხი, რომელიც დროში საკმაოდ გაჭიანურდა? – შპს „სტადიონის“ დირექტორის, სულხან ხალვაშის განცხადებით, სტადიონის პროექტმა ექსპერტიზა გაიარა, თუმცა საჭირო გახდა ამ პროექტის სპეციალური ადაპტაციის გავლა.

„სამხარაულის ბიუროს“ მიერ პროექტი ადაპტაციის პროცესს გადის. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება [პასუხს ველოდებით უახლოეს დღეებში] უკვე მზად გვექნება პროექტის საბოლოო და სრულყოფილი ვარიანტი, შესაბამისად, გამოვაცხადებთ ტენდერს სტადიონის მშენებლობაზეც,“ – ამბობს სულხან ხალვაში.

რაც შეეხება სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველს, ის შპს „სტადიონმა“ დღემდე ვერ შეარჩია, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ტენდერი ოთხჯერ გამოაცხადა. „სტადიონს“ ტენდერების მიმდინარეობის პროცესში დავების განხილვის საბჭოში 18-ჯერ უჩივლეს. გასული წლის ოქტომბრის შემდეგ კი ზედამხედველის შერჩევაზე ტენდერი აღარ გამოცხადებულა.

ორი თვის წინ არ იყო გადაწყვეტილი, ზედამხედველის შერჩევასა და მშენებლობაზე ტენდერები პარალელურად გამოცხადდებოდა, თუ ჯერ ზედამხედველს შეარჩევდნენ, „თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ პარალელურადაც გამოვაცხადოთ,“ – განაცხადა მაშინ „ბათუმელებთან“ სულხან ხალვაშმა.

კომპანიის დირექტორი დღეს აცხადებს, რომ ტენდერი ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე და ცალკე ტენდერი ტექნიკურ ზედამხედველზე, პარალელურად გამოცხადდება.

ახალი სპორტული კომპლექსის მაკეტი
ახალი სპორტული კომპლექსის მაკეტი
ბათუმში საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანია „BAHADIR KUL ARCHITECTS“ პროექტით აშენდება
ბათუმში საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანია „BAHADIR KUL ARCHITECTS“ პროექტით აშენდება

20 ათასი ლარი ნურიგელის ტბის გათევზიანებისთვის

ბათუმში, ნურიგელის ტბის გათევზიანებისთვის, ბათუმის ბიუჯეტიდან 20 ათასი ლარი გამოიყო. ამ თანხით იგეგმება ასევე აერაციის სისტემის გადახურების საწინააღმდეგო და საკონტროლო აღჭურვილობის სისტემის შეძენაც. საკითხი დღეს, 31 ივლისს, ბათუმის საკრებულოში განიხილეს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დღის წესრიგში რამდენიმე საკითხია შეტანილი.

6 მაისის პარკში, ნურიგელის ტბაში, ბევრი მოქალაქე თევზაობს, თუმცა თევზჭერა აქ არ არის რეკომენდებული. სპეციალისტების რეკომენდაციით, ამ ტბაში დაჭერილი თევზი მხოლოდ კარგი თერმოდამუშავების შემთხვევაში არ არის საშიში ჯანმრთელობისთვის.

ტბაზე ნავით სეირნობა და თევზჭერა მას შემდეგ აიკრძალა, რაც ტბამ დაჭაობება დაიწყო .

ტბაში აერაციის სისტემა 2016 წელს დაამონტაჟეს.  მას შემდეგ, რაც ეს სისტემა დამონტაჟდა, ტბაში ჟანგბადის შემცველობა დარეგულირდა. ეს ადგილობრივი მეცნიერების ბოლო კვლევის შედეგებით დასტურდება, რომელთა მიხედვითაც ჟანგბადის მაჩვენებელი მასში დაახლოებით 5-ჯერ გაიზარდა.

მარტო კლასში

15 წლის თეკლა ნემსიწვერიძე  ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშის საჯარო სკოლის მეათე კლასის ერთადერთი მოსწავლეა. გოგონა, რომელიც მთებს შორის მოქცეულ სოფელში ცხოვრობს, „ბათუმელებს“ იმ ამბებზე, სირთულეებზე თუ უპირატესობებზე უყვება, რაც მთაში ცხოვრებას ახლავს თან.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშის საჯარო სკოლის მეათე კლასში ვსწავლობ, 15 წლის ვარ. კლასში წელსაც მარტო ვარ, ისე როგორც გასული ცხრა სასწავლო წლის განმავლობაში. სოფლიდან ყველა მიდის. ადრე ჩვენს სკოლაში უფრო მეტი ბავშვი იყო, ვიდრე დღესაა. ახლა სულ 22 მოსწავლეა.

კლასელი მყავდა მხოლოდ ერთხელ, მეექვსე კლასში, ნახევარი წელი. მაგდა ერქვა. დღეს ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. მესამე კლასში ვიყავი, როცა მივხვდი, თურმე როგორია გყავდეს კლასელი და მასთან ურთიერთობდე. მახსოვს ორი კლასი ვიყავით შეერთებული, რაღაც გაკვეთილი გაცდა და ვიყავით ორი მოსწავლე. ბავშვურად ვიმაიმუნეთ გაკვეთილზე, ცოტა გავერთე. შემდეგ, მეორე გაკვეთილზე მარტო რომ შევედი ისევ, მომწყინდა. მაშინ მივხვდი, რომ ძალიან ცუდია მარტო ყოფნა კლასში.

კარგად რომ დავფიქრდე, ამ ფაქტორმა ჩემზე გავლენა იქონია, კი. არ მქონდა სწავლის მოტივაცია.

იცი, როგორაა? როცა კლასში ორი, სამი ან მეტი მოსწავლეა, რაღაცნაირად შეჯიბრების მომენტი ჩნდება. მოდი, დღეს გაკვეთილს იმიტომ ვისწავლი, რომ ვინმემ არ მაჯობოს… დავალება რომ არ დავწერო, მერე შეიძლება დამცინოს ვიღაცამ, რომ თეკლას დავალება არ ეწერა…

როცა კლასში მარტო ხარ, მასწავლებელს ეტყვი – „იცი, რა მას, დღეს არ მიწერია დავალება და მოდი, ხვალ ჩაგაბარებ“. რომ არ ჩამებარებინა, მასწავლებელს აღარც ახსოვდა. „იცით, რა მას – მოდი დღეს გაკვეთილი არ ავხსნათ, ან რამე სხვა გავაკეთოთ, ან გამიშვით სხვა ბავშვებთან~… ასე იყო სულ ეს წლები და ასეა დღესაც. ამას იმდენად შევეჩვიე… რომ ვუთხრა მასწავლებელს, იცი, რა, მას, დავალება არ მიწერია, არაფერს მეტყვის, მაგრამ რეალურად ის დაუწერელი დავალება ან მოუმზადებელი გაკვეთილი ხომ ისევ მე მაკლდება? ხშირად მოვალეობის მოხდის მიზნით ვმეცადინეობ. ვიცი, რომ მე ეს მჭირდება, მაგრამ არ მაქვს სტიმული.

ნიშნები რვაზე დაბალი არ მაქვს. მათემატიკაში რვა მაქვს, დანარჩენ საგნებში – ცხრა და ათი.

ყველაზე მეტად აქ, სოფელში, თანატოლებთან ურთიერთობა მაკლია. ძირითადად, სულ სახლში ვარ, რადგან არ არიან ჩემი ტოლები. ფეისბუქზე მეგობრებს თუ მივწერ და ეგაა. ზამთარში კლასიდანაც არ გამოვდივარ ხოლმე. ვარ კლასში, ან რამეს ვწერ, ან ტელეფონზე ვთამაშობ. არაფერი ხდება.

ხალხთან ურთიერთობა მომწონს, თუმცა ადრე არ ვიცოდი როგორ უნდა ამეწყო ურთიერთობები. მახსოვს, მეექვსე კლასში ვიყავი, ზაფხულზე ურეკში ვისვენებდი. იქ ბევრი ჩემი თანატოლი იყო. რაღაცას ვთამაშობდით. ბავშვებმა თქვეს, მოდი, პრეზენტაციები გავაკეთოთო. როცა ვგეგმავდით, სულ მე ვლაპარაკობდი. ისინი მეუბნებოდნენ – ჩვენც მოგვისმინეო. მე კიდევ – „იცი, რა, ეს ასე უნდა გაკეთდეს-მეთქი“ – ვბრძანებლობდი. არ ვისმენდი იმ ბავშვების აზრს, რომლებსაც შესაძლოა ჩემზე კარგი მოსაზრება ჰქონოდათ. როცა გავაანალიზე სიტუაცია – შემრცხვა. შემრცხვა იმიტომ, რომ არ ვიცოდი როგორ უნდა მეთანამშრომლა ამ ბავშვებთან, ჯგუფთან. არ მქონდა გამოცდილება, მაგრამ მომწონდა თანატოლებთან ყოფნა, სრულფასოვანი ვიყავი. არავინ იყო, ვინც მეტყოდა, იცი რა, მე შენზე უფროსი ვარ და ასე უნდა გააკეთო.

მიგრძვნია თუ არა განსხვავება სხვა ბავშვებისგან? იცით, ხშირად რას ვფიქრობ? ის ბავშვები, ვინც ქალაქში ცხოვრობენ, ძალიან მარტივად უყურებენ ყველაფერს. რაღაც პრობლემა შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ ამას აგვარებს მშობელი. არ აინტერესებთ, მათ არ ეხებათ ეს პრობლემები. თითქოს უფრო ადვილად ცხოვრობენ, ერთობიან. ის ბავშვები, ვინც სოფელში ვცხოვრობთ, უფრო ჩართულები ვართ ოჯახურ ამბებში, ყოველდღიურ პრობლემებში.

ქალაქს აქვს უფრო ადვილი ცხოვრების პირობები – არ სჭირდებათ ზამთრისთვის შეშის მომარაგება, საკვების მომარაგება – შეიძლება გახვიდე, იყიდო. აქ მთელი წლის განმავლობაში შრომობ იმისთვის, რომ ზამთარში არაფერი გაგიჭირდეს.
ზოგჯერ გაბრაზება გინდა ბავშვურად რამეზე და ვერ ბრაზდები. ახლა რომ გავბრაზდე, დავკრა ფეხი და წავიდე, სად უნდა წავიდე სოფელში, ყველგან მთაა.

ვფიქრობ, რომ დამოუკიდებელი ვარ. პროექტებს ვწერ. პროექტების წერით მაშინ დავინტერესდი, როცა ჩემი მშობლები წერდნენ პროექტს „აწარმოე საქართველოსთვის“. არ ვიცოდი როგორ უნდა დამეწერა. მერე ვნახე ინტერნეტში, წავიკითხე სახელმძღვანელო და გადავწყვიტე, მეცადა დაწერა. დედაჩემმა პროექტის წერა თამაში არ არის და რაზე უნდა დაწეროო. დავჯექი და ვიფიქრე.

ჩემს ბიძაშვილებს ჰყავდათ კურდღლები და დავწერე პროექტი ამ კურდღლების ბინისთვის. იდეაც მე მოვიფიქრე და ხარჯებიც მე შევადგინე ჩემი მათემატიკით. იმის გამო, რომ არასრულწლოვანი ვიყავი, ჩემი სტუდენტი დის მონაცემები მივუთითე. რაღაც პერიოდის მერე დაურეკეს ჩემს დას და უთხრეს, დავაფინანსებთ თქვენს პროექტსო. თუმცა მოხდა ასეთი რამ – იმავე პერიოდში ჩემს მშობლებს ჰქონდათ პროექტი ხილის საშრობის გაკეთებაზე. ერთი ოჯახიდან ორ პროექტს ვერ დააფინანსებდნენ. დავჯექით, ვიმსჯელეთ და გადაწყდა, რომ ხილის საშრობი უფრო მნიშვნელოვანი იყო ოჯახისთვის. თუმცა ამ ამბავმა თვითრწმენა მომცა, საკუთარი შესაძლებლობები დამანახა.

პროფესია ჯერ არ ამირჩევია. ხან არქეოლოგობა მინდა, ხან სამედიცინოზე ჩაბარება – ფარმაცია მაინტერესებს. ვმუშაობდი აფთიაქში. ჩემს მშობლებს აფთიაქი ჰქონდათ და როცა პატარა ვიყავი, ვეხმარებოდი. გულწასული ადამიანიც მომიბრუნებია. ასეთი რამეები მეხერხება.

თეკლა ნემსიწვერიძე. მანანა ქველიაშვილის ფოტო
თეკლა ნემსიწვერიძე. მანანა ქველიაშვილის ფოტო

ზღვის სარგებელი ეკონომიკაში

აჭარის ზღვის სანაპიროზე ხშირად ნახავთ ნიჟარებს, რომელთა შიდა მხარე პრიალაა და სტაფილოსფერი დაჰკრავს. ასეთი ნიჟარებისგან აჭარაში საფერფლეებს, მარტივ სამკაულებსა და დეკორატიულ ვაზებს ამზადებენ, რასაც ბათუმში, ძირითადად, ტურისტები ყიდულობენ. მოლუსკს, რომლის თავშესაფარიც ეს ნიჟარაა, რაპანა ჰქვია და საქართველოში მას შემოსავალი მხოლოდ წვრილმანებით მოვაჭრეებისთვის მოაქვს, მაშინ, როცა უცხოეთში 1 კილოგრამი რაპანას ფასი 1-7 დოლარია.

რაპანა შავ ზღვაში 50-იან წლებში გავრცელდა. იგი იაპონიიდან შემომავალი გემების ბალასტურ წყლებს შემოჰყვა და მისთვის ხელსაყრელ პირობებში გამრავლდა. ბოლო კვლევების მიხედვით, რაპანას რაოდენობამ საქართველოს სანაპირო ზოლზე მოიმატა. სპეციალისტების თქმით, ამაზე რაპანას შემცირებული ზომაც მიუთითებს.

„ეს კანონზომიერებაა ეკოსისტემაში, როცა გაძლიერებულია საკვებზე კონკურენცია, ანუ მათ გართულებული აქვთ წვდომა საკვებთან, მათი ზომები მცირდება“, – ამბობს იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსი, რომელიც წლებია საქართველოს სანაპირო წყლებში რაპანას გავრცელებას აკვირდება.

რაპანას საკვებად იყენებენ ძირითადად აღმოსავლეთ აზიაში: იაპონიაში, კორეაში, ტაივანში, ჰონგ-კონგსა და ჩინეთის ზოგიერთ პროვინციაში, ასევე დასავლეთის ქვეყნებშიც. თუმცა საქართველოსთვის რაპანა არა მხოლოდ აუთვისებელი რესურსია, არამედ საფრთხეც.

რაპანა
რაპანა

ორსაგდულიანი მოლუსკები – მიდიები, ხამანწკები და სულ 200-მდე სახეობა, წყლის ფილტრაციის ხარჯზე იკვებებიან, რაც ზღვის წყლის ხარისხს აუმჯობესებს. სწორედ ამ მოლუსკებით იკვებება რაპანა, რომლის გავრცელებას შავ ზღვაში უკვალოდ არ ჩაუვლია. სპეციალისტების თქმით, რაპანას გავრცელების შედეგად დღეს შავ ზღვაში ორჯერ ნაკლები სახეობის ორსაგდულიანი მოლუსკი გვხვდება, ვიდრე ადრე და მეტიც, არაერთი მოლუსკი გადაშენდა ან გადაშენების ზღვარზეა.
რაპანა საქართველოს წყლებში ქვეყანაში ყველაზე გაყიდვადი თევზის – ქაფშიის მარაგსაც ანადგურებს. ქაფშიას და მის ქვირითს რაპანა საკვებად იყენებს.

„შავი ზღვის სხვა ქვეყნებში ამ რესურსის შემცირების ტენდენციაა, საქართველოში კი მსგავს ტენდენციას ვერ ვამჩნევთ, რადგან რაპანას რეწვა ჩვენში განვითარებული არ არის. ბოლო შეფასებით, რაპანას წლიური კვოტა 500 ტონაა. ეს დიდი რესურსია“, – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

მისი თქმით, რაპანას მოპოვების დამაბრკოლებელი მიზეზი მისი ამოღების სირთულეა. რაპანას მოიპოვებენ სპეციალური მოწყობილობით – დრაგით, აკვალანგების მეშვეობით და სპეციალიზებული მახეების გამოყენებით. იმის გამო, რომ დრაგის მეთოდი დიდ ზიანს აყენებს ფსკერულ ორგანიზმებს, მისი გამოყენება მხოლოდ რამდენიმე ზონაში – ჩაქვის, ბათუმისა და ფოთი-ქობულეთის მონაკვეთზეა დაშვებული. აკვალანგის მეთოდი კი მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, როცა წყლის ხილვადობა მაღალია. ასეთი ადგილები საქართველოში ცოტაა.

არჩილ გუჩმანიძე მიიჩნევს, რომ რაპანას მოპოვების სამივე მეთოდის ერთდროულად გამოყენებით შესაძლებელია ამ რესურსის სრულად ათვისება და ამას ორმხრივი ეფექტი ექნება – ეკონომიკური და ეკოლოგიური. ერთი მხრივ, რაპანა შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს არაერთი ოჯახისთვის, მეორე მხრივ, შავი ზღვის ეკოსისტემა იქნება დაცული.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]რა სარგებლობა მოაქვს ზღვის პროდუქტებს ქართული ეკონომიკისთვის[/highlight]

ტურიზმი და ტრანსპორტი – ეს არის საქართველოში ზღვისგან მიღებული ძირითადი ეკონომიკური სარგებელი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წლის პირველადი მონაცემებით, ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში მეთევზეობის წილი მხოლოდ 0,03%, ანუ 11.4 მილიონი ლარია.

სხვა ქვეყნებიდან თევზპროდუქტების იმპორტირებისთვის საქართველომ გასულ წელს 35.4 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა, ამავე პროდუქტის ექსპორტმა კი – 11.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. გასულ წელს საქართველოდან ექსპორტზე 9.5 მილიონი ტონა თევზი (ქაფშია) გავიდა. 2010 წლიდან დღემდე თევზი საქართველოდან, ძირითადად, თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გააქვთ.

გარდა თევზის იმ სახეობებისა, რომლებიც საქართველოში არ ბინადრობენ, ქვეყანაში შემოაქვთ თევზის ის სახეობებიც, რომლებიც ადგილობრივ ფერმერებს გამოჰყავთ. „მათ შორის კალმახიც, რომლის მოშენებითაც ბევრი ფერმერი იყო დაკავებული და დღეს მათი თევზის მეურნეობები შეჩერებულია“, – ამბობს აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია `ფორეჯის~ ხელმძღვანელი სოფო დიასამიძე.

სპეციალისტების შეფასებით, საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და წყლის მდიდარი რესურსი კარგი პირობაა ქვეყანაში თევზჭერის დარგის განვითარებისთვის, თუმცა ქვეყანას ამ მიმართულებით სტრატეგია არ აქვს.

„დღეს ჩვენს ქვეყანაში მოხმარებული თევზის 96% იმპორტირებულია, დანარჩენი 4% კი ადგილობრივი წარმოებისაა. სახელმწიფოს ევალება შეიმუშაოს რეგულაციები, რომლებიც მიაჩვევს ფერმერს სწორად მუშაობას. ბევრი აგროკრედიტი თუ სხვა სახის დახმარებაა გაწეული ამ დარგში, მაგრამ შედეგი არ გვაქვს, რადგან დახმარება იყო არამიზნობრივი“, – ამბობს სოფო დიასამიძე.

საქართველოში თევზჭერის ლიცენზია, რომელიც 10 წლით გაიცემა და 20 მილიონი ლარი ღირს, ხუთ კომპანიას აქვს: „აისბერგი 2“ (24%), „გეოფიშ კომპანი“ (19.174%), „პალიასტომი 2004“ (5.055%), „მდმ“ (25%), შპს „ზღვის პროდუქტები“ (26.771%). მათ შავ ზღვაზე ჯამში 20 გემის შემოყვანის უფლება აქვთ, აქედან ნაწილი ამ კომპანიების საკუთრებაა, ნაწილი კი – თურქული ფლოტიდან ნაქირავები გემებია. გარდა ამისა, შავ ზღვაში თევზჭერას კიდევ 33 ქართული სეინერი ახორციელებს. საქართველოს ლიცენზიის მფლობელი კომპანიები ვალდებულნი არიან, არსებული ლიცენზიის ფარგლებში მათ თანაბრად გადასცენ ასათვისებელი რესურსის 12%.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]ქაფშიას გზა ევროპისკენ[/highlight]

ევროკავშირი თევზჭერისა და აკვაკულტურის პროდუქტების უმსხვილესი მოვაჭრეა მსოფლიოს მასშტაბით. ევროკომისიის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის მომხმარებლებმა 2015 წელს თევზჭერისა და აკვაკულტურის პროდუქტების შესაძენად 54 მილიარდი ევრო დახარჯეს. რაც შეეხება ევროკავშირში ქაფშიის მოხმარებას, 2015 წელს ევრობაზარზე 188 მილიონი ევროს ღირებულების 30 000 ტონა ყველა კატეგორიის ანჩოუსის (მათ შორის ქაფშიას) იმპორტი განხორციელდა.
საქართველოში ქაფშია, იგივე „ხამსა“, ყველაზე პოპულარული თევზია. ამას სტატისტიკაც მოწმობს: საქართველოში თევზის მთელი ჭერილის 90%-ზე მეტი ქაფშიაა, მას მოსდევს სტავრიდა, ხონთქარა და მერლანგი.

2017 წელს შავი ზღვის თევზისთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნება. ამის საშუალებას ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება იძლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოდან იმპორტირებულ შვიდი ათასზე მეტი სახეობის საქონელზე უქმდება ყველა სახის საბაჟო გადასახადი.

ევროკავშირში ქაფშიის გატანისთვის საჭიროა თევზის ხარისხი შეესაბამებოდეს ევროკავშირის მოთხოვნებს. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, საქართველომ ყველა საჭირო დოკუმენტაცია გადააგზავნა ევროკავშირის შესაბამის სამსახურებში. „ახლა მიმდინარეობს ჩვენ მიერ გადაგზავნილი მასალების დამუშავება. საბოლოო ეტაპია გასავლელი, თავიანთ რეგულაციებში უნდა შეიტანონ ცვლილებები“, – ამბობს არჩილ ფარცვანია, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების სამმართველოს უფროსის მოადგილე.

საქართველოში თევზმჭერი კომპანიები საექსპორტოდ თევზის ფქვილსა და მცირე რაოდენობით თევზის ზეთსაც ამზადებენ. ერთ-ერთი ასეთი კომპანია შპს „მბმ“-ია, რომელსაც თევზჭერის ლიცენზია აქვს. კომპანიას პროდუქტი, ძირითადად, თურქეთსა და აზერბაიჯანში გააქვს. მისი წარმომადგენელი მერაბ ხარაბაძე ამბობს, რომ მათი საწარმო ევროკავშირის ხარისხის სტანდარტს აკმაყოფილებს და მათ, სხვა ლიცენზიის მქონე კომპანიების მსგავსად, ISO-s (International Organization for Standardization) სერტიფიკატიც აქვთ.

„კარგი იქნება, ევროკავშირის ბაზარზე თევზის ფქვილი და სხვა პროდუქტებიც რომ გავიტანოთ. ფასი იქ უფრო მაღალია. როცა ერთ ქვეყანაზე ხარ დამოკიდებული, რა ფასსაც გთავაზობენ, იმას სჯერდები“, – ამბობს ის. მერაბ ხარაბაძის თქმით, ექსპორტიორ ქვეყნებში მათი გატანილი ერთი ტონა ნედლი თევზის ფასი 400 აშშ დოლარია.

თევზის ფქვილისა და თევზის ზეთის წარმოება-ექსპორტით არის დაკავებული კიდევ ერთი ლიცენზიის მქონე კომპანია – შპს „აისბერგ 2“. მათ ამ ეტაპზე პროდუქცია მხოლოდ თურქეთში გააქვთ, კომპანიის ხელმძღვანელი ირაკლი ფარცვანია იმედოვნებს, რომ პროდუქციას ევრობაზარზე გაიტანს: „ვეცდებით, ჩვენი პროდუქტი ევრობაზარზეც მოხვდეს. ჩვენი ქარხანა ევროსტანდარტებს აკმაყოფილებს. მთავარია, რესურსი იყოს, რომ მოვიპოვოთ. წელს, მაგალითად, საკმარისი თევზი არ შემოსულა ჩვენს აკვატორიაში, ექსპორტზე ნედლი თევზი რომ გაგვეშვა“.

მერაბ ხარაბაძე ამბობს, რომ მათ საქმიანობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი გარემოება საქართველოს ნავსადგურებია, რომლებსაც დიდი ოდენობის ტვირთის შეუფერხებლად გადმოტვირთვისთვის ინფრასტრუქტურული ცვლილებები სჭირდება. „10-15 ტონა თევზის გადმოტვირთვა 3-4 საათში უნდა მოახერხო, რომ არ გაფუჭდეს. საამისოდ იქ 50-მდე ადამიანმა უნდა იმუშაოს, მაგრამ არ არის ადგილი.“

გარემოს დაცვის სამინისტრომ თევზჭერის ლიცენზიის მფლობელ ორგანიზაციებს გასულ წელს ლიცენზიაში ახალი პირობები ჩაუდო – თევზჭერის პროცესში ადგილობრივი კადრების დასაქმება. მომავალი წლიდან თითოეულმა ლიცენზიანტმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, რომ 2018-2019 წლებში თევზჭერის პროცესში დასაქმებულთა არანაკლებ 30% იყოს შესაბამისი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, 2019-2023 წლამდე ასეთი კადრების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 50%, ხოლო 2023 წლიდან – არანაკლებ 80 პროცენტი.

„ახლა უმეტესად თურქულ სეინერებს ქირაობენ თევზმჭერი კომპანიები – ყველაზე ძლიერი ფლოტი მათ აქვთ. მაგრამ ამ პირობის შედეგად, თევზჭერის პროცესში ადგილობრივი კადრები დასაქმდებიან, რაც ქართული მეთევზეების განვითარებას შეუწყობს ხელს“, – ამბობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის უფროსი ირაკლი ჭავჭანიძე.

წელს ქაფშიის სეზონისთვის, რომელიც ოქტომბერში დაიწყება, გემებზე დაჭერილი თევზის ოდენობა ჩაიწერება ელექტრონულ ჟურნალში, რომელიც ინტერნეტით დაუკავშირდება ცენტრალურ ბაზას და იქ აისახება. აქამდე გემზე თევზჭერის მონაცემები ფურცელზე ფიქსირდებოდა.

„ელექტრონული სისტემა საქმეს ჩვენთვისაც და ლიცენზიატი კომპანიისთვისაც გაამარტივებს. ვთქვათ, გემზე გადაცემულია 2000 ტონის ჭერის უფლება, ჩვენ ყოველდღე გვეცოდინება რამდენით უახლოვდება იგი დასაშვებ ჭერილს. დარღვევებს კი კვლავ გემზე ასვლით გავაკონტროლებთ“, – ამბობს ირაკლი ჭავჭანიძე.

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ქაფშიის დაჭერის კვოტა, რეგულაციების თანახმად, ყოველ წელს იცვლება. წლევანდელი კვოტა 90 000 ტონაა.

ბათუმის თევზის ბაზარი. ია ფრანგიშვილის ფოტო
ბათუმის თევზის ბაზარი. ია ფრანგიშვილის ფოტო

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]აკვაკულტურის წელი სტრატეგიის გარეშე[/highlight]

აკვაკულტურის განვითარების სტრატეგიის შესამუშავებლად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქვეყნის შესაძლებლობების შესწავლა 2015 წელს დაიწყო. დოკუმენტი, სადაც ყველა წყალსატევისა და მდინარის აღწერასთან ერთად მოცემული იქნებოდა აკვაკულტურის განვითარების შესაძლებლობები, წლის ბოლომდე უნდა მომზადებულიყო. თუმცა მუშაობა დღემდე არ დასრულებულა. არჩილ ფარცვანია განმარტავს, რომ სტრატეგიის დოკუმენტი სახელმწიფოს სხვა უწყებებთანაც უნდა შეთანხმდეს, ამიტომაც დასჭირდა მის მომზადებას გათვალისწინებულზე მეტი დრო. აკვაკულტურის განვითარების სტრატეგია, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე იქნება მზად.

თევზის რამდენი მეურნეობაა საქართველოში, სამინისტროში ზუსტი სტატისტიკა არ აქვთ. არჩილ ფარცვანიას თქმით, ქვეყანაში 400-ზე მეტი თევზსაშენია, ხოლო თუ მცირე ინდმეწარმეებსაც ჩავთვლით, ეს რიცხვი შესაძლოა 800-მდეც გაიზარდოს. FAO-ს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში თევზის ფერმები უმეტესად ცუდ მდგომარეობაში არიან – ამის მიზეზი ფინანსებისა და მართვის უნარების ნაკლებობაა.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი მაია აბაშიძე ამბობს, რომ ადგილობრივ მეთევზეებს ქვირითის გამოყვანისა და თევზის გამოზრდის წესების მხრივ აქვთ სირთულეები, რის გამოც ხშირად ეხოცებათ ლიფსიტი. „თევზის მოვლა-შენახვის წესებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ცხადყო, რომ აუცილებელია მათთვის აგრარული ექსტენციის მიწოდება და ინოვაციების შეთავაზება, რაც მიმდინარე პროგრამებით არის გათვალისწინებული“, – ამბობს ის.

ლიფსიტის გამოზრდის პრობლემის მოსაგვარებლად, 2017-2018 წლისთვის აჭარაში 27 მეურნეობიდან რამდენიმე სწორედ სადედე ჯოგების გადარჩევაზე, ერთი კი ლიფსიტის გამოზრდაზე იქნება სპეციალიზებული.

FAO-ს მონაცემებით, საქართველოში 26 000-მდე მდინარე და წყაროა საერთო სიგრძით – 54 768 კმ, ასევე არის 860 ტბა და 12 წყალსაცავი, რომელთა საერთო ფართობი ჯამში 277 კვადრატული კილომეტრია. შავი ზღვის სანაპირო ზოლის მთლიანი სიგრძე კი, რომელიც ქვეყანას დასავლეთით ესაზღვრება – 330 კილომეტრია. თევზის სახეობებით მდიდარია როგორც შავი ზღვა (თევზის 52 სახეობა), ისევე საქართველოს შიდა წყლები (მდინარეები, ტბები, წყალსატევები და წყალსაცავები), სადაც თევზის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ბაზის Fishbase-ს მიხედვით, 71 სახეობის თევზი ბინადრობს.

მეთევზეობა
მეთევზეობა

მთავარ ფოტოს ავტორი: სულხან სალაძე

შსს: დაკავებულია ორი პირი, ვინც დღეს ბათუმში მანქანა დაცხრილა

რამდენი ადამიანი იმყოფებოდა იმ მანქანაში, რომელიც დღეს, გამთენიისას ბათუმში დაცხრილეს? – შს სამინისტროში ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ. სამინისტროს პრესცენტრში განმარტეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო ორი პირი უკვე დაკავებულია.

რატომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს? – ამ კითხვის პასუხად სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით. მესამე ნაწილი გულისხმობს, რომ ამ მუხლის  პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია ცეცხლსასროლი იარაღით ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, კონფლიქტის მონაწილე მხარეები – დაზარალებულიც და ბრალდებულიც თბილისის მცხოვრებლები არიან, ხოლო მათ შორის კონფლიქტი უკავშირდებოდა სასიყვარულო ისტორიას.

ბათუმში დღეს, გამთენიისას ატეხილი სროლის შედეგად კიდევ ორი მანქანაა დაზიანებული. სავარაუდოდ, მანქანა, რომელსაც ესროდნენ, პარკინგზე მდგომ მანქანებს შეეჯახა. „ბათუმელების“ რეპორტიორის თქმით, რომელიც დღეს დილით შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, დანაშაულის ჩადენის ადგილიდან საკმაოდ ბევრი მასრაა ამოღებული.

მესაკუთრის განმარტება ფალიაშვილის #19-ში ბელეტაჟის დანგრევაზე

დღეს ბათუმში, ფალიაშვილის #19-ში არსებული ბელეტაჟი დაანგრიეს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნულ მისამართზე სახლი და 232  კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მის ამჟამინდელ მესაკუთრეს, მიხეილ კაკაბაძეს 21 ივლისს აქვს დარეგისტრირებული საკუთრებაში. დარეგისტრირებიდან 9 დღეში მესაკუთრემ ბელეტაჟი დაანგრია, ყოველგვარი ნებართვის გარეშე. სახლი მდებარეობს ძეგლის ზონაში. გარდა ამისა, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს ბათუმის მერიამ მიმართა რეკომენდაციით, სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

ბატონო მიხეილ, რატომ დაანგრიეთ თქვენი ბელეტაჟი უკანონოდ? – ეს იყო პირველი კითხვა, რაც ფალიაშვილის #19-ს მესაკუთრეს, მიხეილ კაკაბაძეს დავუსვით.

„მე მაგ სახლში ვცხოვრობ 35 წელიწადია. მაქ დავიბადე და გავიზარდე. მამაჩემის ძმა ცხოვრობდა 47 წლიდან, ჩემი ოჯახი ცხოვრობს მაქ. ეს სახლი იყო ძალიან ავარიულ მდგომარეობაში, ექსპერტის დასკვნაც მაქვს, მოვიყვანე შესაბამისად მაგიტომ, მეთქი თუ შეიძლება გამაგრდეს… არავითარ შემთხვევაში, ექვემდებარება დემონტაჟსო. ჭერი თავზე გვენგრეოდა. ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო ეგ სახლი, არ იცხოვრებოდა და ავდექი და დავანგრიე. რა უნდა მექნა აბა?“

მიხეილ კაკაბაძის თქმით, ექსპერტი, ვინც ბელეტაჟის დემონტაჟის დასკვნა მოუმზადა, გვარად კახიძეა, თუმცა ამბობს, რომ მისი სახელი არ ახსოვს.

თუ გქონდათ ექსპერტის დასკვნა, მაშინ რატომ არ მიმართეთ მერიას შესაბამისი ნებართვის მისაღებად? – ეს იყო მეორე კითხვა, რაც მიხეილ კაკაბაძეს დავუსვით. „მაქ დავუშვი შეცდომა. მაქ გავეჭედე, მაქ უნდა მივსულიყავი, ვერ მოვიცალე თუ რა იყო არ ვიცი“, – უთხრა „ბათუმელებს“ მიხეილ კაკაბაძემ.

შემდეგი კითხვა იყო, თუ რის მშენებლობას აპირებს ბელეტაჟის ნაცვლად. „რა კორპუსის აშენება. მაქ მშენებლობა არ იქნება. თუ ავაშენებთ, ავაშენებთ სახლს. უნდა შემოვღობო. მაგენმა [მერიის ზედამხედველობის სამსახურმა] მითხრეს, რომ შემოღობეო. შემოღობეო და უნდა მოვიცადო. მერე განაცხადი უნდა შევიტანო“.

მიხეილ კაკაბაძე აცხადებს, რომ არ იცოდა მისი სახლისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების საკითხი თუ განიხილებოდა. „არა ქალბატონო. ეგ პირველად მესმის მამაჩემის სულს ვფიცავარ. მაგი თუ მასე იყო, მაშინ ამდენ ხანს სად იყვნენ, მოსულიყვნენ და რაღაცა გაეკეთებიათ, ჭერი თავზე რომ მენგრეოდა და კედლები რომ ცვიოდა. წარმოდგენა არ მაქვს ახლა რასაც თქვენ მეუბნებით. თქვენგან გავიგე პირველად“.

მიხეილ კაკაბაძისთვის სხვა კითხვების დასმაც გვინდოდა, მაგრამ თქვა, რომ მანქანას მართავდა და საუბრის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდა.

Exit mobile version