მთავარი,სიახლეები

მეთევზე ბათუმის პორტიდან

08.11.2017 • 4459
მეთევზე ბათუმის პორტიდან

ბათუმელი მეთევზეებისთვის მზეს, წვიმას და ქარს მნიშვნელობა არ აქვს. პორტში ან ტბაზე სეირნობისას, მოქუფრულ ამინდშიც შეხვდებით საწვიმრით, ველოსიპედებით და პატარა სკამებით აღჭურვილ მეთევზეებს.

თევზაობა ზოგიერთისთვის გართობა და დასვენების ფორმაა, ზოგიერთისთვის კი – შემოსავლის წყარო. თუმცა, როგორც ბათუმელი მეთევზეები ამბობენ, თევზი წლების განმავლობაში შესამჩნევად შემცირდა და დღეში კილოგრამ, კილოგრამ-ნახევარს თუ დაიჭერ.

მეთევზე გიორგი დოხნაძე 82 წლისაა და მეზობლებთან ერთად ბენზედან დადის ყოველდღე პორტში სათევზაოდ. სხვებთან შედარებით მისი ანკესი პატარაა და ძუასაც ზღვაში შორს ვერ ისვრის, მაგრამ თუ ბევრს ვერ დაიჭერს, თევზს მეგობრები გაუნაწილებენ.

„იმდენი თევზი მოდის, ძლივს მივეზიდები სახლში ტომრით საღამოს, აგერ ეს კაცებიც მეხმარებიან ხანდახან, თუ ვერ ვზიდავ. დაიჯერეთ? ვხუმრობ, სადღაა თევზი. ბოლო დროს ყველაზე ბევრი კილო, კილო-ნახევარი დამიჭერია. ხანდახან თურქები მოდიან და მეკითხებიან:

– ბალიქ ვარმი?

-იოქ, იოქ-მეთქი, ვეუბნები.

(თევზი არის? არა.)

თურქეთში ბევრი თევზია და ჩვენთანაც ასე ჰგონიათ. სადღაა თევზი.

მეთევზე გიორგი დოხნაძე ბათუმის პორტიდან. თამარ ნერგაძის ფოტო

შინ არავინ მყავს და ვის დავუჯდე, რა ვაკეთო. გამოვდივარ, ვთევზაობ და დრო გამყავს. 82 წლის ვარ, თევზაობით თავს ვიქცევ. როცა სახლში ვარ, ეზოში ვჯდები, დომინოს ვთამაშობ მეზობლებთან ერთად. კარგ ამინდში ყოველდღე აქ ვარ, პორტში. ამ დროს, შემოდგომაზე ბარაბულს, სტავრიდას, ღორჯოს და პატარა კეფალს ვიჭერთ. ნახე, რა პატარა სტავრიდებია, ერთი ციცქნა, ესენი ვეღარ გაიზრდებიან, რაღა გაზრდით, იცი რატომ? დავყრი ტაფაზე და შევწვავ!“

მონადირეებისგან განსხვავებით მეთევზეები ვერ იტყუებიან, ერთმანეთის გვერდით ვსხედვართ და ვხედავთ ვინ რას იჭერსო, – ამბობს 82 წლის მეთევზე და თავს გადამხდარ ამბავს ჰყვება:

„ერთხელ უზარმაზარი სტავრიდა დავიჭირე, ყველას ვაჩვენებდი, ნახეთ რა ამოყვა ანკესს-მეთქი, ვიწონებდი თავს და სანამ ძუიდან მოვხსნიდი, აფართხალდა თევზი, გადაეშვა ზღვაში. ასეა, არ უნდა დაიკვეხო“.

გიორგი დოხნაძე მახინჯაურის ბავშვთა სახლში გაიზარდა. მამა ბავშვობაში გარდაეცვალა, დედამ ბიძასთან დატოვა გასაზრდელად, მარტოხელა ბიძამ  ბავშვის მოვლა ვერ შეძლო და მახინჯაურის მიუსაფარ ბავშვთა სახლს მიაბარა გიორგი. ხანდახან ბიძას რაჭაში დაჰყავდა, ბებიასთან. იქაურობა ზღაპარივით ახსოვს, მაგრამ ბებიასა და ბიძას გარდაცვალების შემდეგ აღარავინ დარჩა და რაჭაშიც აღარ ჩასულა, მოგვიანებით მანქანის მართვა ისწავლა და რაჭაზე შორსაც დაიწყო სიარული.

„ბავშვთა სახლიდან წამოსვლის შემდეგ ზეინკლობა ვისწავლე, მერე – მძღოლობა და შორეულ მოგზაურობაში დავდიოდი რუსეთში, უკრაინაში, ციმბირში. მოვდიოდი, მანქანები მომყავდა. ქალაქებს, სოფლებს ვათვალიერებდი გზადაგზა.

შვილი პეტერბურგში ცხოვრობს, ბოლოს შარშან ვნახე. ცოტა ხნით იყო ჩამოსული. ცოლი იტალიაში წავიდა, 25 წელია მარტო ვარ. პენსია იმდენი მაქვს, დათვლას ვერ ვახერხებ, ერთხელ სამჯერ გადავთვალე, ხან თხუთმეტი ლარი აკლდა და ხან თხუთმეტით ზედმეტი იყო.

ბათუმის პორტი. თამარ ნერგაძის ფოტო

ყოველდღე პორტში ვარ, მაგრამ ქოხებიანი პორტი მენატრება. ისეთი ბათუმი მახსოვს, რომ ვერ წარმოიდგენთ. ადრე აქ მეტი ბერძენი, სომეხი, აზერბაიჯანელი და ქურთი ცხოვრობდა. მრავალფეროვანი და საინტერესო ქალაქი იყო ბათუმი, ყველაზე დიდ შენობებად ჩაის სახლი და მეზღვაურთა კლუბი ითვლებოდა, ახლა რა ხდება ირგვლივ, მიმოიხედეთ.

სხვა რა გითხრათ, უპატრონო კაცი ვარ და საიდან მექნება თავგადასავლები,“ – ამბობს დარცხვენით, მაგრამ ამბები არ ელევა.

„ჩემს ბიჭობაში თეატრში, კინოში, ზღვაზე და ბოტანიკურ ბაღში დავდიოდით გოგოების გასაცნობად. კინოთეატრი „ბათუმი“ და „კამსამოლეცი“ იყო მაშინ, 30-40 კაპიკი ღირდა ბილეთები. ცირკიც გვიყვარდა, დღეში ორი სეანსი იყო. ზეინკლობას რომ ვსწავლობდი, სამი საათის მერე თავისუფალი დრო მქონდა და ცირკში ვმუშაობდი, პონპონებიანი ფორმები გვეცვა. არენას ცხენები რომ შემოირბენდნენ ან დათვების წარმოდგენა რომ დამთავრდებოდა, ნახერხი იფანტებოდა და ვალაგებდით, ვასუფთავებდით იქაურობას, 60 მანეთს მიხდიდნენ და 17-18 წლის ბიჭისთვის მშვენიერი ხელფასი იყო მაშინ.

დამთავრდებოდა ცირკის სეზონი და თეატრში გადავდიოდი.  ცეცხლფარეშად ვმუშაობდი. მთელი თეატრის გათბობა მევალებოდა, შევყრიდი უამრავ ნახშირს ღუმელში და ტრიალებდა სითბო დარბაზში, საგრიმიოროებში. კარგად ვერთობოდი, მომწონდა თეატრის ცხოვრება, დეკორაციები, რეპეტიციების ყურება. განსაკუთრებით სცენის თავზე აძრომა მიყვარდა, მაღლიდან მსახიობების თამაშს ვაკვირდებოდი და თვითონ შეუმჩნეველი ვრჩებოდი.

ერთხელაც „ოტელოს“ თამაშობდნენ ბათუმის თეატრში, დარბაზი ხალხით იყო სავსე, როცა ოტელომ დაიძახა: სად ხარ დეზდემონაო, აქ ვარ-მეთქი ჩამოვძახე მაღლიდან მთელი ხმით.  გაოცდა ოტელო და განაგრძო ,,სად ხარ დეზდემონა, სად, სად?’’ აქ ვარ კაცო, რით ვერ გაიგე-მეთქი – ავუწიე მეც ხმას და სულ ავრიე ყველაფერი.

თეატრის დირექტორმა დამიბარა და გამაფრთხილა, მოეშვი დეზდემონობანას თამაშსო და რაღას ვიზამდი, დავუბრუნდი ცეცხლფარეშობას“.

მარტოხელა, მოხუცი მეთევზე ყველაფერზე ხუმრობით ყვება, ლაპარაკისას საქმეს არ სცდება და ჩაკიდებულ ანკესს ამოწმებს დროდადრო. პატარა თევზებს იქვე ჩაცუცქულ კატას აჭმევს, მოზრდილებს კი, თავისთვის ინახავს.

მეთევზე ბათუმის პორტიდან. თამარ ნერგაძის ფოტო

 

ბათუმის პორტი. თამარ ნერგაძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: