მთავარი,სიახლეები

ვინ მუშაობს ღამით ბათუმში

08.11.2017 • 7417
ვინ მუშაობს ღამით ბათუმში

დაღამდა და სამსახურიდან ყველა შინისკენ ან მეგობრებთან შესახვედრად მიიჩქარის დამღლელი დღის სასიამოვნოდ დასასრულებლად, განსატვირთად. შეგიძლია ხანდახან ჩვეული რიტმი შეცვალო, არც მეგობრები ნახო, სახლის გზასაც გადაუხვიო და შუაღამის ქალაქში იხეტიალო, დააკვირდე ადამიანებს, რომლებიც შენსავით შვიდზე არ ამთავრებენ მუშაობას, დღისით სძინავთ და ფხიზლობენ ღამით. როცა მთელ ქალაქს მშვიდად სძინავს და მეორე დღისთვის იკრებს ძალას, ქუჩაში შეხვდებით მანქანებში ჩაძინებულ ტაქსის მძღოლებს, ფორმიან დაცვის თანამშრომლებს, ყვავილების გამყიდველებსა და ბევრ სხვას, ვისთვისაც ღამის დადგომა ძილს და დასვენებას არ ნიშნავს.

შუაღამის ქალაქს აუცილებლად სჭირდება შუაღამის მუსიკა. თუ ბნელ მოსახვევებში სიტყვა „მოჩვენება” არ შეგაშინებს, შეგიძლია ამავე სახელწოდების ძველი ჯგუფის სიმღერა ჩართო და გზას გაუდგე.

ხილ-ბოსტნეულის მაღაზია

20 წლის თემურ ცეცხლაძე საღამოს ცხრიდან დილის 10 საათამდე, მთელი ღამე ხილ-ბოსტნეულს ყიდის. კვირაში ერთი დღე ისვენებს. სძინავს დღისით და იღვიძებს ღამით. დიდ ოჯახს მისი დახმარება სჭირდება. მიაჩნია, რომ უსაქმურობას მძიმე შრომა სჯობს.

ბათუმის პორტის საპირფარეშო

გუგული მელაძე 20 წელია ბათუმის პორტის საპირფარეშოში მუშაობს, ზაფხულობით დილის ცხრიდან ღამის სამ საათამდე, სეზონის დასრულების შემდეგ კი – დილის ცხრიდან ღამის თერთმეტამდე. დასვენების დღეები არ აქვს. არასდროს ისვენებს. თუ რაიმე მოხდა და თავისუფალი დღე სჭირდება, დასვენების დღე საგანგებოდ უნდა ითხოვოს.

,,ბევრჯერ შემეძლო თურქეთში წავსულიყავი და მემუშავა, მაგრამ ჩემს ქვეყანაში მინდა ყოფნა. თუმცა აქ ხანდახან ადამიანების დაუდევრობისგან ისეთ სიტუაციაში ვვარდები – ტირილი მინდება. უცხოელები არასდროს ტოვებენ უსუფთაოდ არაფერს, ქართველები ამ მხრივ მოიკოჭლებენ, საპირფარეშოში როგორ ვიქცევით, ესეც ხომ ჩვენი კულტურის ნაწილია,“ – ამბობს გუგული მელაძე.

 

გუგული მელაძე

 ყვავილების მაღაზია

რამაზ კვირიკაძე დილის თერთმეტიდან ღამის თორმეტამდე ყვავილების მაღაზიაში მუშაობს.

„ხანდახან გვიანაც მოდიან რომ დას, დედას, ცოლს თუ შეყვარებულს ყვავილები უყიდონ. ვერ გაიგებ როდის რა მოხდება: ხან ბევრი ყვავილი გვაქვს და გვიფუჭდება, ხან ბევრი კლიენტი ჩნდება უცებ და გვაკლდება ყვავილები. ამ პერიოდებს უნდა დააკვირდე და გაითვალისწინო, თუ ვაჭრობაში წარმატების მიღწევა გინდა. შაბათი-კვირა არ გვაქვს. ჩვენი ნებით ვშრომობთ ასე,“ – გვეუბნება რამაზი.

ყვავილების გამყიდველი რამაზ კვირიკაძე

საშაურმე

38 წლის ხათუნა აბესლამიძე შაურმას დილის თერთმეტიდან შუაღამის ორამდე, ხანაც ოთხამდე ამზადებს. დიდი ოჯახი ჰყავს: დედა, მამა, ძმა, რძალი და ძმისშვილები. სპეციალურად გამოყოფილი დასვენების დღეები არ აქვს. თუ დასვენებას თავად არ ითხოვს, შეუსვენებლად მუშაობს.

შაურმის გამყიდველი ხათუნა აბესლამიძე

შაურმის გამყიდველი ხათუნა აბესლამიძე

მამაკაცთა სალონი

ნოდარ ბერიძე 48 წელია დალაქად მუშაობს. ბოლო 32 წელია ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩის მამაკაცების სალონში კრეჭს თმას, მანამდე 17 წელი ქედაში მუშაობდა. ამბობს, რომ ბათუმში თითქმის ყველა კაცისთვის შეუკრეჭია თმა. ოთხ დღეს მუშაობს, მეხუთე დღეს ისვენებს. სალონში ყველაზე გამოცდილი და ასაკოვანი ნოდარია. მუშაობს დილის რვიდან საღამოს თერთმეტ საათამდე.

დალაქი ნოდარ ბერიძე

რესტორანი „სანაპირო” („ბერეგი”)

რესტორან სანაპიროში კვირაში 90-დან 100 საათამდე მუშაობენ გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე.

„ძალიან დატვირთული სამუშაო გვაქვს დილის ცხრიდან ღამის სამ, ოთხ საათამდე აქ ვართ. ყოველდღე, ექვსი თვეა არ დაგვისვენია, ბევრი ასე თავს არ დაიტვირთავს, მაგრამ ხომ იცით, ქალები ყველაფრის ამტანები ვართ, რა უნდა ქნა,“ – ამბობს მზარეული მაკა ანტონიანი, რომელიც მეორე წელია რესტორან ,,სანაპიროში“ მუშაობს.

რესტორან „სანაპიროს” მზარეული მაკა ანტონიანი

ეს თორნიკე გოგიტიძეა, თორნიკეს ბებიაც, მზია გოგიტიძე  რესტორან „სანაპიროს“ სამზარეულოში მუშაობს. თავისუფალ დროს თორნიკე ბებიას ეხმარება.

თორნიკე გოგიტიძე

პურის საცხობი

დავით ბერიძე პურს დილამდე აცხობს. ამბობს, რომ მყიდველები ღამითაც ჩნდებიან და მათი საცხობი არასდროს იკეტება. საღამოს ცხრიდან დილის ათამდე მუშაობს ყოველდღე და კვირაში ერთდღიანი დასვენება აქვს.

პურის მცხობელი დავით ბერიძე

სწრაფი გადახდის აპარატი

სწრაფი გადახდის ეს აპარატიც მთელი ღამე მუშაობს შეუსვენებლად, თუმცა დაღლილობა არ ეტყობა და ენერგიულად ასხივებს ღამის სიბნელეში, მისი ენერგია ადამიანების ენერგიის მსგავსად განსაზღვრული არ არის. შუაღამის ხეტიალის დასასრულს აუცილებლად დაიწყებთ ფიქრს, სად გადის ზღვარი ადამიანებსა და მანქანებს შორის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: