საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოქალაქეების მერი გიორგაძისა და ფიქრია მერაბიშვილის სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ის ნორმა, რომლის მიხედვითაც, უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა განაცდური ხელფასის ანაზღაურებისათვის აუცილებელი წინაპირობა იყო.
საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ უკანონოდ გათავისუფლებული მოხელეები კომპენსაციას იმის მიუხედავად მიიღებენ, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტს თუ არა მათ შესაბამის პოზიციაზე აღდგენას.
სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა, რომელიც გამორიცხავდა გათავისუფლებული მოხელის მიერ კომპენსაციის მიღებას, ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტს.
მოსარჩელეების ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სამართლებივი დახმარების ცენტრის იურისტები იცავდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ 21 ივლისს მიიღო.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე მწვანე ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია – 6,5 კმ სიგრძის გზის მოხრეშვა-მოშანდაკება და შევიწროვებული ადგილების გაფართოება მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით კეთილმოეწყობა ტერიტორია და მოსასვენებელი ადგილები, მოეწყობა წყლის სიტემა და განთავსდება სანაგვე ურნები.
პროექტი 2018 წელს უნდა დასრულდეს.
ოფიციალური ინფორმაციით, დღეს, 24 ივლისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „გოდერძი რიზორტსის“ ხელმძღვანელთან ზურაბ ჭურკვეიძესთან ერთად მწვანე ტბის ტერიტორიაზე განსახორციელებელ პროექტს გაეცნო.
საზაფხულო სკოლა, სადაც სტუდენტებს სამართლის საკითხებზე ლექციებს წაუკითხავენ, დღეს, 24 ივლისს გაიხსნა. საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად, სკოლის ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერისტეტი. წელს საზაფხულო სკოლა ბათუმში მეათედ ტარდება.
საზაფხულო სკოლის მიზანია მომავალი იურისტების პროფესიული ცოდნის ამაღლება კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში. საზაფხულო სკოლისთვის კონკურსის შედეგად შეირჩა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის 27 საუკეთესო სტუდენტი. ლექციები უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ინგლისურ ენაზე ჩატარდება.
სკოლის მსმენელები ორი კვირის განმავლობაში მოისმენენ ლექციებს თემებზე: სასამართლო კონტროლის სხვადასხვა მოდელები, სისხლის სამართლის პროცესში მოქმედი კონსტიტუციური სტანდარტები და საერთაშორისო ნორმები, რელიგიის და გამოხატვის თავისუფლება.
საზაფხულო სკოლის ლექციებს უცხოელი ლექტორებიც გაუძღვებიან, მათ შორის: რიჩარდ ვოგლერი, სასექსის უნივერსიტეტის პროფესორი; ბრიჯიტ არიმონდი, ნორსვესტერნის უნივერსიტეტის პროფესორი; ნატან სეილსი, სირაკუზის უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯის პროფესორი; ჯეიმს პ. კელი, ამერიკის სამართლისა და მართლმსაჯულების სოლიდარობის ცენტრის პრეზიდენტი.
კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართლის საზაფხულო სკოლა 3 აგვისტოს დაიხურება. წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ საკონსტიტუციო სასამართლოში.
საზაფხულო სკოლა ხორციელდება USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“, ასევე, EU4Justice სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში.
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო კომპანია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გაათავისუფლა. წიაღისეული [ქვიშა-ხრეში] შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ სოფელ კვარიათში, ზღვის ნაპირგამაგრების სამუშაოებისთვის უნდა გამოიყენოს.
მთავრობის განკარგულებით კომპანია 3 თვის ვადით გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცა უფლება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე [მდინარე ჭოროხის დელტაში] მოიპოვოს 20 000 მ3 საშენი მასალა [ქვიშა-ხრეში].
„სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ვალდებულია:
[crosslist]
უზრუნველყოს გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნით [გეოსაინფორმაციო პაკეტი] განსაზღვრული პირობების შესრულება;
მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ნაპირგამაგრებისთვის;
ლიცენზიისაგან გათავისუფლებისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს 3478 ლარი;
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
[/crosslist]
კომპანიის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენებაზე ზედამხედველობა უნდა განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
სამშენებლო კომპანია ნაპირგამაგრებისთვის 10 000 მ3 ფლეთილ ქვებსაც შეიძენს, რისთვისაც ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, საწყისი ფასით – 400 ათასი ლარი. მიმწოდებელმა ყოველდღიურად უნდა განახორციელოს არანაკლებ 350 მ3 ფლეთილი ქვის კომპანიისთვის მიწოდება [მოთხოვნის შესაბამისად].
კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ტენდერი იმიტომ გამოაცხადეს, რათა სამუშაოები არ შეფერხდეს. პარალელურად კი, აჭარის მთავრობაში შეტანილი აქვთ განაცხადი, რომ კომპანიას კარიერები ფლეთილი ქვის მოსაპოვებლად აჭარაში გამოუყონ. ნაპირსამაგრი სამუშაოები, დღეს არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
ნაპირსამაგრი სამუშაოები შავი ზღვის სანაპიროზე კვარიათი-სარფის მონაკვეთში/ მანანა ქველიაშვილის ფოტოები
კვარიათსა და სარფში ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ აღდგენა-გამაგრების, ქვის ცვენისგან დაცვისა და ფერდობების გამაგრების სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს, რომლის 100% წილის მფლობელიც სახელმწიფოა. მთლიანობაში, აღნიშნულ მონაკვეთზე შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოებისთვის, პროექტით 60 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 835 ლარს, კულტურული ღონისძიების – „პაემანი პოეზიასთან“ ჩასატარებლად დახარჯავს.
როგორც ქედის გამგეობის განათლების სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია-კომახიძე განმარტავს, გამგეობა შემოქმედებით საღამოს ქედის კულტურის ცენტრში, მუნიციპალიტეტში მოღვაწე პოეტებისთვის გამართავს.
ღონისძიების ხარჯთაღრიცხვით, მოსაწვევის, წამყვანის ანაზღაურების, ფერადი სანთლების, ატლასის, სასაჩუქრე ჩანთისა თუ ღონისძიების გასამართად საჭირო ინვენტარის ჩამონათვალში 35 კაცის კვებაცაა გაწერილი. სატენდერო პირობებში, ქედის გამგეობას კერძების ჩამონათვალი არ გაუწერია.
განათლების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ სუფრა მწერლებისთვის მოეწყობა და კერძები „ლიტერატურული ღონისძიების შესაბამისი“ იქნება:
„გვინდა მუნიციპალიტეტში მოღვაწე პოეტები მოვიწვიოთ. გავმართოთ ლიტერატურული საღამო, სადაც ახალგაზრდა, დამწყებ პოეტებსაც მოვიწვევთ, გავეცნობით მათ შემოქმედებას. მუნიციპალიტეტში მოღვაწე შემოქმედი ადამიანების გარდა მოვიწვევთ მწერალთა კავშირიდან მწერლებს. ღონისძიება კულტურის ცენტრში ჩატარდება. რაც შეეხება ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით გამოყოფილ თანხას, ნებისმიერი ღონისძიების გამართვას თანხები სჭირდება, სუფრა კი ისეთივე იქნება, რაც ლიტერატურულ ღონისძიებას შეესაბამება“.
კომერციულ მომსახურებაზე ქედის გამგეობის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი 14 ივლისს დასრულდა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გამგეობას ჯერ არ გაუფორმებია.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მუნიციპალიტეტის შვიდ თემში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს გაატარებს. დაბა ქედის, დანდალოს, ზვარის, წონიარისის, პირველი მაისის, ოქტომბრისა და მერისის თემის სოფლებში, მეწყერსაწინააღმდეგო, პრევენციული ღონისძიების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 345 652 ლარი გამოიყო.
მეწყრული პროცესების შესამცირებლად სოფლებში, ძირითადად, საცხოვრებელი სახლებისა, თუ სასოფლო გზების მიმდებარედ საყრდენი კედლები მოეწყობა. საყრდენ კედლებთან ერთად გზებზე სანიაღვრე არხების გაკეთებაა დაგეგმილი.
გამგეობის მიერ დაგეგმილი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებიდან ყველაზე მეტი თანხა, 28 429 ლარი, სოფელ ჯალაბაშვილებში არსებული არხის რეაბილიტაციისთვისაა გაწერილი.
ქედის სოფლებში, მეწყრული პროცესების შესამცირებლად, პრევენციული ღონისძიების განსახორციელებლად საყრდენი კედლებისა თუ სანიაღვრე არხების მოსაწყობად ქედის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი მიმდინარე 20-21 ივლისს გამოაცხადა.
სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 345 652 ლარიდან, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გასატარებლად დაიხარჯება:
[checklist]
დანდალოს თემში – 57 982 ლარი;
ზვარის თემში – 27 532 ლარი;
წონიარის თემში – 106 065 ლარი;
ოქტომბრის თემში – 52 334 ლარი;
დაბა ქედის თემში – 88 792 ლარი;
მერისის თემში – 51 163 ლარი;
პირველი მაისის თემში – 13 974 ლარი.
[/checklist]
სოფელი მერისი / ქედა
მთავარი ფოტო: სოფელი კოკოტაური, ქედა / ეკა ბარამიძის ფოტოები
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გონიოს ციხის ორი [N2 და N3] კოშკის რეაბილიტაციისთვის 89 ათას ლარს დახარჯავს. სააგენტომ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოს დასრულდება.
გონიოს ციხის ტერიტორიაზე სამუშაოები არქეოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდება.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2014 წლის იანვრიდან 2017 წლის იანვრამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს მინიმუმ 3 საფორტიფიკაციო სახეობის ძეგლებზე რეაბილიტაციის სამუშაოების გამოცდილება. ამავე პერიოდში მას უნდა გააჩნდეს გამოცდილება საფორტიფიკაციო სახეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის/ მშენებლობის სამუშაოებისა, მინიმუმ 400 ათასი ლარის ოდენობით .
პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს ინფორმაცია რეაბილიტაციის სამუშაოებში ყველა მონაწილე პირის [ინჟინერ-მშენებელის, არქიტექტორ-რესტავრატორის, და სხვ. რომელიც უნდა შეესაბამებოდეს შესასრულებელი სამუშაოების სახეობებსა და ამოცანებს] კვალიფიკაციის შესახებ. სამუშაოების შემსრულებელი სპეციალისტების თაობაზე ინფორმაცია ტენდერში წარდგენილი უნდა იქნეს CV–ს სახით.
გონიოს ციხის ორივე კოშკის რეაბილიტაცია 2017 წლის ნოემბრამდე უნდა დასრულდეს. სარეაბილიტაციო სამუშაოების მინიმალური საგარანტიო ვადა 15 წელი უნდა იყოს. სამუშაოები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ შეთავაზებული პროექტის მიხედვით განხორციელდება.
გონიოს ციხე / ფოტოები „ბათუმელების“ არქივიდან
მხოლოდ 2017 წლის ივნისში, ოფიციალური ინფორმაციით, გონიოს ციხე-მუზეუმში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას 10 691 ვიზიტორი გაეცნო.
„მეტრო ატლას ჯორჯიამ“ სასტუმრო „ეიფორია“ და სავაჭრო ცენტრი „მეტრო სითი“ ჰოლდინგ „მეტროს“ შვილობილ კომპანიებზე ჯამში 306 მილიონ 250 ათას ლარად [დაახლოებით 125 მილიონ აშშ დოლარად] გაასხვისა. სასტუმრო და სავაჭრო ცენტრი ბათუმში, ახალ ბულვართან, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე „მეტროს“ მიერ განხორციელებული პროექტ „მეტრო სითის“ ნაწილია. „მეტრო ატლას ჯორჯია“ საქართველოში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ფაქტობრივად თავადაც ჰოლდინგ „მეტროს“ შვილობილია.
415 ნომრიანი სასტუმრო „ეიფორია“ და 1 500 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი 232 750 000 ლარად [95 მილიონი დოლარი] Metro Ticari ve Mali Yatırımlar Holding-ზე [მეტრო თიჯარი ვე მალი იათირიმლარ ჰოლდინგი] გასხვისდა.
სავაჭრო ცენტრი „მეტრო სითი“ კი, სააქციო საზოგადოება „მეფეთ მეტრო პეტროლ ვე თესისლერი სანაიი თიჯარეთ“-მა 73 500 000 ლარად [30 მილიონი დოლარი] შეისყიდა.
სააქციო საზოგადოება „მეტრო ატლას ჯორჯიას“ დირექტორი, რაულ კახაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ქონების გასხვისების შედეგად მიღებული თანხა მთლიანად იქნება რეინვესტირებული:
„გასხვისების მთავარი მიზანი იყო ის, რომ რაც შეიძლება მეტი კაპიტალი შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში. საქართველოში გვაქვს სხვა, მიმდინარე პროექტები და ეს თანხა ამ პროექტების განხორციელებას მოხმარდება. მაგალითად, სასტუმრო „ეიფორიას“ გვერდით ბათუმში ვაშენებთ „მეტრო სითი 2“-ს; ასევე, ფაქტობრივად, მზად ვართ დავიწყოთ „გოდერძის პროექტი“, რომელიც 120-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს ხულოს მუნიციპალიტეტში“.
„ბათუმელების“ ინფორმაციით „მეტრო ატლას ჯორჯია“ ასევე დაინტერესებულია სასტუმროს მშენებლობით ქალაქ თბილისში, თუმცა კომპანიაში ეს ოფიციალურად არ დაგვიდასტურეს.
რაულ კახაძის თქმით, საქართველოში დაფუძნებული „მეტრო ავრასია ჯორჯია“ [რომელიც, ასე ვთქვათ, ჰოლდინგ „მეტროს“ მთავარი კომპანიაა საქართველოში] და ის კომპანიები, რომლებმაც ეს ქონება იყიდეს, იურიდიულად ურთიერთკავშირში ზოგადად არ არიან, თუმცა მთლიანობაში ყველა დაკავშირებულია ბიზნესმენ გალიფ ოზთურქთან, რომელიც ჰოლდინგ „მეტროს“ დამფუძნებელია.
„ეს ორთავე კომპანია თურქეთში წარმოდგენილია საფონდო ბირჟაზე… ჩვენ ამ ქონების გასხვისებით გვინდოდა გვეთქვა, რომ საქართველოში ინვესტიცია გამართლებულია. ანუ, ხვალ შესაძლოა სრულიად სხვა, უცხოური კომპანია გამოჩნდეს და დაინტერესდეს უკვე მზა სასტუმროსა, თუ სავაჭრო ცენტრის შესყიდვით საქართველოში“ – აცხადებს რაულ კახაძე.
მისივე თქმით, მიუხედავად ქონების გასხვისებისა, ქონების მართვაში არაფერი შეცვლილა და არც შეიცვლება: „შეიცვალა, უბრალოდ, ასე ვთქვათ, ქონების მეპატრონე. ყველაფერი ისე იქნება, როგორც არის და ჩვენ ვუწევთ ოპერირებას „ეიფორიის“ სახელით“.
ქონების მესაკუთრის შეცვლა ამ დროისთვის საჯარო რეესტრში არ არის დარეგისტრირებული, თუმცა „მეტრო ატლას ჯორჯიას“ დირექტორის განცხადებით ცვლილება რეესტრში უახლოეს მომავალში აისახება.
სასტუმრო „ეიფორია“ ბათუმში
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისის კვლევის მიხედვით, 2013-2017 წლებში აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად [1 ლარად] 23 ობიექტი გაასხვისა.
მათ შორის ყველაზე მსხვილი ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებდა სწორედ სს „მეტრო ატლას ჯორჯიასთან“ დადებული ხელშეკრულება – „ინვესტორს 1 ლარად ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში მდებარე 3926კვ/მეტრი და 2246 კვ/მეტრი არასასოფლო-დანიშნულების მიწის ნაკვეთები გადაეცა [„გოდერძის პროექტი“] .
„კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის [სასტუმრო არანაკლებ 100 ნომრით, კვების ობიექტები, არანაკლებ 40 მანქანაზე გათვლილი ავტოპარკინგი] მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება. პროექტში მყიდველმა უნდა განახორციელოს 10 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია, 60 მოქალაქის დასაქმება, რომელთა 90% საქართველოს მოქალაქეები უნდა იყვნენ“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებული მ.მ., ნარკოდანაშაულისთვის, ბათუმში სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.
„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 40 ნატეხი და ამავე ნარკოტიკული საშუალების ფხვიერი მასა ამოიღეს, საერთო წონით – 17,69 გრამი.
ნარკოლოგიური შემოწმებით, მ.მ.-ს ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ განმეორებით მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტზე მიმდინარეობს [საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით].
პარტია „ევროპულმა საქართველომ“ ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, გამგებლობის კანდიდატები დაასახელა. გამგებლის პოზიციის დასაკავებლად ხულოში, ხულოს საკრებულოს მოქმედი წევრი ნუგზარ სოლომინიძე, შუახევში კი, გამგებლის ყოფილი მოადგილე, მირზა თურმანიძე იბრძოლებს.
პროფესიით იურისიტი, 41 წლის ნუგზარ სოლომონიძე 2000-2004 წლებში „კურორტ ბეშუმის“ ადმინისტრაციაში იურისტად მუშაობდა. 2010-2013 წლებში კი, დიაკონიძეების თემის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა, 2014 წლიდან დღემდე ხულოს საკრებულოს წევრია. ხულოს საკრებულოში ის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით შევიდა, ხოლო თებერვლიდან „ევროპული საქართველოს“ მუნიციპალური ორგანიზაციის თავმჯდომარეა ხულოში.
შუახევის გამგებლობის კანდიდატი, პროფესიით ეკონომისტ-მენეჯერი, 38 წლის მირზა თურმანიძეა, რომელიც 2005-2006 წლებში უჩამბის თემის საკრებულოს თავმჯდომარედ მუშაობდა, 2006-2008 წლებში შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იყო, 2011 წელს კი გამგებლის მოადგილისა და გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციებს იკავებდა. ის 2011-2012 წლებში აჭარის მთავრობის აპარატში, მთვარ სპეციალისტად მუშაობდა.
დღეს, 22 ივლისს, საჩხერის პაოლო იაშვილის სახელობის დრამატული თეატრი „აპოლო“, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში რეზო გაბრიაძის „შერეკილებს“ ითამაშებს. სპექტაკლმა, ფესტივალზე – „თეატრალური იმერეთი 2017“, წლის საუკეთესო სპექტაკლის წოდება დაიმსახურა და მთავარი პრიზიც მიიღო.
სცენა სპექტაკლიდან „შერეკილები“
სპექტაკლი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში 19:00 საათზე გაიმართება.
„ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო“ მწვანე ტბასთან მისასვლელ ახალ მარშრუტს იკვლევს. სააგენტოს დირექტორის თინათინ ზოიძის თქმით, ახალი მარშრუტი სოფელ დანისპარაულიდან მიდის, რომელიც ტურისტებს უფრო მეტ სანახაობას სთავაზობს.
„თუ აქამდე მწვანე ტბასთან მისასვლელად ტურისტები გოდერძის უღელტეხილით მიდიოდნენ, ახლა შესაძლებელი იქნება მწვანე ტბასთან დანისპარაულიდანაც მიხვიდეთ. ამ მონაკვეთის გავლის შემთხვევაში, ტურისტს შესაძლებლობა აქვს ნახოს შავი ტბა და ულამაზესი იაილები, რომლის ნახვის შესაძლებლობა გოდერძიდან გადასვლის შემთხვევაში არ აქვს“, – გვეუბნება ის.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ჩატარდა კვლევა, ახალ მარშრუტზე ნიშნულების განთავსება კი ამის შემდეგ დაიწყება.
„მარშრუტი უკვე არის და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაიაროს, მაგრამ მარშრუტის სრული მარკირება წელს დაიწყება და მომავალში გაგრძელდება. ჯერჯერობით ტურისტს ამ მარშრუტით სარგებლობა გიდის გარეშე არ შეუძლია“, – ამბობს თინათინ ზოიძე.
სააგენტოს დირექტორის თქმით, ახალი მარშრუტი იმით არის უფრო მოსახერხებელი და საინტერესო, რომ ტურისტს მწვანე ტბასთან მისვლამდე წრიულად შეუძლია მოძრაობა.
„დანისპარაულიდან მწვანე ტბის მიმართულებით წასვლის შემთხვევაში ტურისტი გაივლის დიდაჭარის და ალმეს იაილებს, რომელიც ძალიან ლამაზია. არის საპიკნიკე და საკარვე ადგილები, შავი ტბა, რომელიც ძალიან ლამაზია. ამ ყველაფრის ნახვის შესაძლებლობა ტურისტს არ აქვს, როცა ის მწვანე ტბაზე გოდერძის უღელტეხილიდან გადადის.
ჩვენ ამჯერად სამი ბილიკი ვნახეთ, მაგრამ ყველას მაინც კილომეტრნახევრიანი ბილიკი სჯობია, რადგან გოდერძის უღელტეხილიდან მწვანე ტბასთან მისვლამდე მანძილი არის 7 კილომეტრი, დანისპარაულიდან კი ტურისტს შეუძლია გზა მოჭრას და წრიული მარშრუტით დამატებით ნახოს სანახაობებით დატვირთული ადგილები“.
თინათინ ზოიძის თქმით, ახალი მარშრუტით მწვანე ტბისკენ გადაადგილება ამ ეტაპზე მხოლოდ ფეხით ან მაღალი გამავლობის მანქანებით არის შესაძლებელი.
24 წლის ლაშა სეფერთელაძემ აშშ-ში ორ წამყვან უნივერსიტეტში მიიღო განათლება. ნორზისთერნის (Northeastern University) უნივერსიტეტში მაგისტრატურა დაასრულა, ჰარვარდში კი სამართალმცოდნეობის განხრით კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამა (LSC). ლაშა სეფერთელაძეს „ბათუმელები“ ესაუბრა.
ლაშა, როგორი იყო გზა „ჰარვარდის“ უნივერსიტეტამდე და რა მოგცათ დასავლურმა განათლებამ?
ალბათ იღბლიანი ვარ, რადგან მქონდა აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა. სანამ ამერიკაში წავიდოდი, მანამდე ბაკალავრიატი „საქართველოს უნივერსიტეტში“ დავასრულე. ფრანგულ ენას კარგად ვფლობ, ამიტომ ეს დამეხმარა სხვადასხვა ფრანგულ პროგრამებში მიმეღო მონაწილეობა და აქტიური ცხოვრება მქონოდა. ვიყავი ტულუზაში, სტრასბურგში, სხვადასხვა პროგრამით ვიყავი ევროსასამართლოში, ევროპის საბჭოში და ევროპარლამენტში.
პარალელურად ვმუშაობდი აუდიტორულ კომპანიაში. საბოლოოდ, ჩემმა რეზიუმემ დადებითი შედეგი გამოიღო და აშშ-ში, ნორზისთერნის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე ჩავირიცხე.
ამერიკაში 2013 წელს ენის შემსწავლელ კურსებზე წავედი, რადგან ინგლისური ენა არ ვიცოდი. ცხრა თვის შემდეგ იმდენი ვისწავლე, რომ TOEFL-ი ჩავაბარე და სწავლაც გავაგრძელე. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ კი „ჰარვარდის“ უნივერსიტეტში ერთწლიან lCC პროგრამაზე ჩავირიცხე და დავასრულე. მალე დიპლომიც ჩამომივა.
რას იტყვით ამერიკულ და ქართულ საგანმანათლებლო სისტემაზე, რითი გვანან ან განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან?
პირველად „ჰარვარდში“ რომ მივედი ჩემი ყურადღება გარემომ მიიქცია. უძველესი უნივერსიტეტის კედლებმა, ისტორიულმა შენობამ, ყველაფერი უძველესი და განსაკუთრებულია. ვერ აღვწერ იმ დღეს, როცა ლექტორი პირველად შემოვიდა აუდიტორიაში. ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. გამოცდილი, ასაკოვანი, იქაურ ლექტორებს მეტყველების მანერაც განსაკუთრებული აქვთ. განსხვავებულია მათი მოსმენის კულტურა, ყველანაირი აზრის დაფასებით, პატივისცემით გამოირჩევიან. როცა მეილზე კითხვას გაუგზავნი, პასუხს დროულად მიიღებ.
თვალშისაცემი იყო ის, რომ ძალიან უბრალოდ, სადად ჩაცმულები დადიან. ორი პროფესორი კი ველოსიპედით დადიოდა სამსახურში. განსაკუთრებით მინდა გამოვარჩიო პროფესორი ფერჩი, რომელიც განსაკუთრებული იყო. კრიმინალისტიკას გვიკითხავდა. გვასწავლიდა თავის ტვინის ტომოგრაფიით როგორ შეიძლებოდა დამნაშავის გამოცნობა, დანაშაულის ჩადენის მომენტში როგორი ფსიქიკური მდგომარეობა ჰქონდა და ა.შ. მე საერთაშორისო ბიზნეს სამართალის სპეციალისტი ვარ, მაგრამ მისი ლექციები იმდენად საინტერესო იყო, სისხლის სამართალზეც კი დავიწყე ფიქრი.
სისხლის სამართალი ნაკლებად მაინტერესებდა, მაგრამ მისმა ლექციებმა სულ სხვა თვალით დამანახა ეს სფერო. ძალიან კარგი იქნება თუ ქართული სამართლის პრაქტიკაშიც იქნება გამოყენებული მსგავსი მეთოდები.
გარდა კულტურული ურთიერთობებისა, კიდევ რითი გამოარჩევ დასავლურ და ქართულ საგანმანათლებლო სისტემებს?
განსაკუთრებულია „ჰარვარდის“ ბიბლიოთეკა, გარემო, სადაც ნებისმიერი სახის ლიტერატურა შეგიძლია მოიძიო. ძველი წიგნებიც წაიკითხო და ახალთანაც გაავლო პარალელები. სწავლა ძალიან შრომატევადია, ორი-სამი დღის განმავლობაში ინტენსიურად მომიწია მეცადინეობა და ბოლოს ისე ვიყავი, რომ პანიკური შეტევით მოვხვდი საავადმყოფოში.
ჰარვარდში საგანი ჩაბარებულად რომ ჩაგეთვალოს B ან B+ უნდა გქონდეს ჩაბარებული. მათი მთავარი ლოზუნგია ჩვენ ვიღებთ საუკეთესოებს საუკეთესოთა შორის. თავმდაბალი არ ვარ, მაგრამ იქ ისეთი სტუდენტები სწავლობდნენ, რომ მიკვირდა კიდეც, როგორ მოვხვდი მათ შორის.
მარტო მოტივაცია და შრომაა გადამწყვეტი თუ ფინანსებსაც აქვს მნიშვნელობა?
ფინანსების გარეშე ძალიან გაგიჭირდება. ერთეულებია, ვისაც ამ ყველაფრისგან თავის დაძვრენა შეუძლია. შეიძლება ითქვას, ამერიკაში ჩემი ცხოვრება და სწავლა დაახლოებით 200 ათასი დოლარი დაჯდა. ჩემი მშობლების მხარდაჭერა რომ არა, ბუნებრივია, ამას ვერ მოვახერხებდი. რა თქმა უნდა, შესაძლებელია გრანტის მოპოვებაც, მაგრამ მე არ ვარჩიე, რადგან „ჰარვარდს“ აქვს მემორანდუმები გაფორმებული ძალიან ბევრ კორპორაციასთან მსოფლიოში, მაგრამ ვინც დაგაფინანსებს, ვალდებულება გაქვს შემდეგ ამ კორპორაციაში იმუშაო. ბოლომდე თავისუფალი არ ხარ და საუკეთესო წლებს, რომელიც ჩემს კარიერულ ზრდას უნდა დავუთმო, ამ კონკრეტული კომპანიის ინტერესები შეიწირავდა. ერთი ნაწილაკი ვიქნებოდი დიდ ჯაჭვში და ვერ განნვითარდებოდი.
აპირებთ დარჩეთ საქართველოში სამუშაოდ თუ სხვა მიზნები გაქვთ?
მოპოვებული მაქვს კანადის საემიგრაციო ვიზა 2023 წლამდე და შემიძლია ლეგალურად წავიდე სამუშაოდ. თუმცა, დიდი ხნით მაინც არ მინდა საქართველოდან წასვლა, რადგან დედისერთა ვარ და ოჯახს ვერ დავტოვებ დიდი ხნით. ამიტომ, ვეცდები, საქართველოში დავრჩე, მივიღო უფრო მეტი გამოცდილება საჯარო სამსახურში და თუ უცხოეთში წავალ, საადვოკატო საქმიანობა მინდა გავაგრძელო აშშ-ში. თუმცა ამ ყველაფრისთვის მინდა ჯერ გამოცდილება მივიღო პარლამენტში, სახელმწიფო აპარატებში მუშაობით, ეს ძალიან დამეხმარება. დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელებას საფრანგეთში ვგეგმავ, რადგან ეს ენა კარგად ვიცი და მინდა გამოვიყენო. ამიტომ, სამომავლოდ ან საფრანგეთში წავალ, ან მონრეალში, კანადაში.
ფიქრობდით, რომ ოდესმე „ჰარვარდში“ ისწავლიდით?
არსებობდა მითები, რომ ამერიკაში სწავლა რთულია ქართველისთვის, რადგან ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი. თუმცა ეს მითი დღეს აღარ არსებობს. მთავარი მაინც მოტივაციაა.
ახლა „ჰარვარდის“ დიპლომს ველოდები და ვფიქრობ, ჩემს გამოცდილებას საქართველოსთვის გამოვიყენებ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, უკვე იდენტიფიცირებულია მამაკაცი, რომელიც წუხელ ზღვამ გამორიყა. სამინისტროში ამ პირის ვინაობას არ ასახელებენ. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი უსახლკარო იყო.
გამორიყული მამაკაცის ცხედარი წუხელ მოქალაქეებმა შენიშნეს სანაპიროზე.
3 ივლისს ბათუმის პლაჟიდან გაუჩინარებული კობა ბაკურიძე ჯერ კიდევ არ უპოვიათ.
საქართველოს პარლამენტის წევრი, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე იმ დეპუტატების სიაშია, რომლებსაც რვა თვის განმავლობაში არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა არ ჰქონიათ და არც პლენარულ სხდომაზე გამოსულან სიტყვით პარლამენტში. ინერტულობის მიზეზებს დეპუტატი „ბათუმელებთან“ განმარტავს და ამბობს, რომ საკანონმდებლო ინიციატივაზე ახლა მუშაობს.
„მე, პირადად, ვმუშაობ სპორტთან დაკავშირებით ერთ საკითხზე, მწვრთნელებისგან არის მოთხოვნა, რომ მათ მიენიჭოთ პედაგოგის სტატუსი. რამდენიმე წელია ეს საკითხი დგას დღის წესრიგში და მინდა ამაზე გავიტანო საკანონმდებლო ინიციატივა“, – ამბობს ის.
მუხრან ვახტანგაძის თქმით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს გასვლითი სხდომა ექნება ბათუმში და ამ საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ.
რაც შეეხება დეპუტატის წინასაარჩევნო დაპირებებს, რომ ის ხელს შეუწყობდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას, ამის განმტკიცებას ის საკანონმდებლო ცვლილებაში ხედავს. „ჩვენ მივიღეთ საკანონმდებლო ცვლილება, კონსტიტუციაში არასდროს ყოფილა სპორტის შესახებ ჩანაწერი და ახლა იქნება, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს სპორტის განვითარებაზე და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაზე. მე, როგორც სპორტის კომიტეტის წევრი და ყოფილი სპორტსმენი, კარგად ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ეს“.
სკოლებში მოსაწესრიგებელია სპორტული ინფრასტრუქტურა, ქალაქში კი ძალიან ცოტაა კეთილმოწყობილი სპორტული მოედნები. ამიტომ, „ბათუმელების“ კითხვაზე, რა შეიცვლება ამ მიმართულებით და როგორი იქნება მისი როგორც დეპუტატის როლი ამ პრობლემების მოგვარებაში? მუხრან ვახტანგაძე ამბობს, რომ გასვლითი სხდომის დროს, როცა ბათუმში ჩამოვა, სკოლებსაც მოინახულებს.
„ამ თემაზეც აუცილებლად ვისაუბრებთ. ჯანსაღი ცხოვრების წესს კარგად უწყობს ხელს მასობრივი სპორტის განვითარება. თუმცა, ჯერ ამ საკითხებზე ვმუშაობთ“, – გვეუბნება ის.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1983 წელს დაბადებული, „წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ს., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს“.
სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბრაუნინგის სისტემის პისტოლეტი და 2 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დღეს კიდევ ერთ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ამ ორგანიზაციის ბათუმის ოფისის კვლევის საგანი კვლავაც 2013-2017 [30 იანვრის ჩათვლით] წლებში 1 ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონება იყო. „2013-2017 წლებში აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად (1 ლარად) 23 ობიექტი გაასხვისა“, – წერია კვლევაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, წინ წლებთან შედარებით სახელმწიფო ქონების 1 ლარად გასხვისება პრაქტიკა შემცირებულია, თუმცა ხელისუფლება ამ ტენდენციას კვლავაც ინარჩუნებს. მაგალითად, „2016 წელს, აჭარის მთავრობამ 10 ათას კვადრატულ მეტრამდე ქონება სიმბოლურ ფასად – 1 ლარად სულ 4 კომპანიას გადასცა, ჯამში 10 მილიონი დოლარისა და 950 ათასი ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით. ამავე წელს რამდენიმე ობიექტი გადაეცა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური მიზნებისთვის (ელექტროგადამცემი ხაზების გასაყვანად და სატრანსპორტო პუნქტის განსათავსებლად).
ყველაზე მსხვილი ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებდა სააქციო საზოგადოება „მეტრო ატლას ჯორჯიასთან“ დადებული ხელშეკრულება – ინვესტორს 1 ლარად ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში მდებარე 3926კვ/მეტრი და 2246 კვ/მეტრი არასასოფლო-დანიშნულების მიწის ნაკვეთები გადაეცა. კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის (სასტუმრო არანაკლებ 100 ნომრით, კვების ობიექტები, არანაკლებ 40 მანქანაზე გათვლილი ავტოპარკინგი) მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება. პროექტში მყიდველმა უნდა განახორციელოს 10 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია, 60 მოქალაქის დასაქმება, რომელთა 90% საქართველოს მოქალაქეები უნდა იყვნენ“.
აჭარის ხელისუფლებას სიმბოლურ ფასად, 1 ლარად სახელმწიფო ქონება წელსაც გაუსხვისებია. „2017 წლის იანვრის მონაცემებით, აჭარის მთავრობამ 2 კომპანიას გადასცა ჯამში 6, 396 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთები 730 ათასი ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით. მათ შორის 2017 წლის 10 იანვარს შპს “ახალსოფლის ციტრუსის კომბინატს” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლსოფელში მდებარე 2616,54კვ/მ შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 5 440ვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცა შემდეგი ვალდებულებით: ციტრუსის დამახარისხებელი ხაზის (სიმძლავრით არანაკლებ 7 ტ/სთ წვენის საამქრო) ამოქმედება, პლასტმასის და მუყაოს ყუთების მწარმოებელი დაზგის მონტაჟი, სამაცივრე მეურნეობის ამოქმედება, ახალსოფლის ციტრუსკომბინატზე დაკისრებული 20 000 ლარის გადახდა, 640 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება, პროფილის 20 წლით შენარჩუნება, მინიმუმ რვა მოქალაქის დასაქმება“.
სახელმწიფოსთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელს აწერს კომპანიის დირექტორი ოთარ გოგიტიძე.
აჭარის ხელისუფლებას წელს ქონება უსასყიდლოდ გადაუცია ბათუმის ერთ-ერთი კერძო სკოლისთვისაც. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ანგარიშის თანახმად, ამ ქონების მფლობელი გახდა სკოლა „ნიკე“.
„17 იანვარს 1 ლარად ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩა #96-ში მდებარე საბავშო ბაღის მიმდებარედ არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 956 კვ/მეტრი გადაეცა 50 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებისა და სპორტული მოედნის და სკვერის უვადოდ შენარჩუნების პირობით“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, „გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმში ბინათმშენებლობის ბუმია, დეველოპერული კომპანიებისთვის არასასოფლო ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გასხვისება აჩენს ეჭვებს, ვარაუდებს კორუფციაზე და ასევე იმაზე, რომ ქონების მიმღების განსაზღვრა დაფუძნებული იყო მიკერძოებულ შერჩევაზე. სასურველია, ქონება გასხვისდეს კონკურენტუნარიან გარემოში და პროცესი უფრო გამჭვირვალე იყოს“.
ანგარიშში მოყვანილია კონკრეტული მაგალითებიც. ერთ-ერთ ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონია 2014 წელს, როდესაც „დეველოპერულ კომპანია “დს ჯგუფს” ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ#5-ის მიმდებარე 1115 კვ/მ მიწის ნაკვეთი გადაეცა. აღნიშნული ტერიტორია 2014 წლამდე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრება იყო და მას რეკრეაციული ზონის სტატუსი ჰქონდა“.
სახელმწიფომ გონივრულად განკარგოს თავისი ქონება – ეს არის ორგანიზაციის ერთგვარი რეკომენდაციაა ხელისუფლებისადმი: „სახელმწიფო ქონების გასხვისება კონკრეტულ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს, კერძოდ იგი ხელს უნდა უწყობდეს კერძო სექტორის გაძლიერებას და მისი ეფექტურობის ზრდას, ინვესტიციების მოზიდვას, დასაქმების უზრუნველყოფასა და ა.შ. ქონების გასხვისებისას სახელმწიფომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს იმ ინვესტორს, რომელიც უზრუნველყოფს გადაცემული ქონების ქვეყნის ეკონომიკისთვის სასარგებლოდ გამოყენებას“.
„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ სამომავლოდ გეგმავს შეისწავლოს, როგორ სრულდება კერძო კომპანიებსა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულები.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი უფროსი, ტელერეჟისორი სოსო სტურუა აჭარის საარქივო საამართველოს დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. იგი არქივში საზღვარგარეთთან და მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით იმუშავებს.
„ტელევიზიაში და რადიოში მუშაობა არქივის ცოდნასაც მოითხოვს, ასე რომ არქივის წარმოება ჩემთვის უცხო არ არის“ – ამბობს სოსო სტურუა. მისივე თქმით, სამომავლოდ, არ არის გამორიცხული დოკუმენტური კინოს მიმართულებითაც იმუშაოს:
„შეიძლება რაღაც პროექტებში მონაწილეობა, ოღონდ არა ტელევიზიებში, არამედ დამოუკიდებელ სტუდიებში. ახლა, მაგალითად, „ბათუმის ტალღის“ ფარგლებში ვმუშაობ ფილმის სცენარზე“.
საარქივო სამმართველოს უფროსს სამი შტატი აქვს, აქედან ერთი შტატია ვაკანტურია.
დღეს, 21 ივლისს, ჩაქვში ზღვის დონიდან 52 მეტრზე, 2500 კბ.მ წყლის სამარაგო რეზერვუარი გაიხსნა, რომელიც ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III და IV ფაზების ფარგლებში გაკეთდა.
ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის განხორციელება 2015 წლის აპრილში დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდა, რის შედეგად ჩაქვის ტერიტორიაზე მცხოვრებ 1100 აბონენტს წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.
მერიის ინფორმაციით, ერთ თვეში დასრულდება ჩაქვის მეორე 900 კბ. მეტრის წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობაც. რეზერვუარის დაპროექტებისა და სამშენებლო პროცესის მონიტორინგს ბათუმის მერია, საინჟინრო კომპანია Egis Eau, საკონსულტაციო კომპანია MACS-ი და „ბათუმის წყალი“ აწარმოებდა.
წყლის ახალი რეზერვუარი ჩაქვში
ჩაქვის წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობის ღირებულება 900 ათას 823 ევროს შეადგენს. პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების „EU NIF“ ფონდიდან გამოყოფილი გრანტით, 4 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის მოპოვებული იქნა KfW ბანკის მიერ.
ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე სრულდება მაგისტრალური და სამომხმარებლო ქსელის მშენებლობა ჩაქვში, მწვანე კონცხსა და მახინჯაურში, „რის შედეგადაც მოსახლეობა წყალმომარაგებას უწყვეტ რეჟიმში მიიღებს. პარალელურად მიმდინარეობს მახინჯაურის 1800 კბ. მეტრის წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა, რომელიც 2018 წელს დასრულდება.“
პროექტის ფარგლებშივე განხორციელდება მობილური გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე. ჩაქვისა და მახინჯაურის წყლის სამარაგო რეზერვუარების მშენებლობის დასრულების შემდეგ, რეზერვუარებს ექსპლუატაციას შპს „ბათუმის წყალი“ გაუწევს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს სარჩელს „ცენტრისტების“ საქმიანობის აკრძალვის შესახებ. ეს ის პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველს „რუსულ პენსიას“ ჰპირდებოდა.
თუკი განმწესრიგებელ სხდომაზე მოსამართლეების არგუმენტებს სასამართლო გაიზიარებს, არსებითი განხილვა დაიწყება „ცენტრისტების“ წინააღმდეგ.
მოსარჩელე პარლამენტის 33 დეპუტატია [დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბარამიძე და სხვები]. მოსარჩელე მხარე მოითხოვს, არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ საქმიანობა, ვინაიდან იგი მიმართულია საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, რაც, მოსარჩელეთა განმარტებით, წარმოადგენს პოლიტიკური პარტიის აკრძალვის კონსტიტუციურ საფუძველს.
მოსარჩელეები მიუთითებენ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად: „დაუშვებელია ისეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს“.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურობის დადგენისას ყურადღება უნდა მიექცეს „ცენტრისტების“ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც ცხადად ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესრიგს, საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
კონსტიტუციურ სარჩელში აღწერილია „ცენტრისტების“ მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაკეთებული განცხადებები, რომლებიც, მათ შორის, მოიცავდა დაპირებას „რუსული პენსიისა“ და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსული სამხედრო ძალების დაკანონების თაობაზე. მოსარჩელეთა განმარტებით, აღნიშნული განცხადებები ახდენს „ცენტრისტების“ საქმიანობის მიზნების დეკლარირებას, მოახდინონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული რუსული სამხედრო შენაერთების კანონიერად ცნობა და ფაქტობრივად, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა.
„დილის 11 საათზე მივედი პოლიციაში ჩვენების მისაცემად. დაახლოებით ორი-სამი საათი გაგრძელდა ჩემი დაკითხვა,“ – თქვა მოწმედ დაბარებულმა რაფიელ აბაშიძემ. მან დღევანდელ პროცესზე მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას წინააღმდეგ მისცა ჩვენება. ამ პირებს „ბათუმის აქციის საქმეში“ მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედებათ ბრალად.
„გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დაფიქსირებულია, რომ თქვენ საღამოს შვიდ საათზე დაგკითხეს,“ – უთხრა მოწმეს ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა.
„აღარ მახსოვს ახლა მასე ზუსტად დილა იყო თუ საღამო…“ – აღნიშნა მოწმემ.
მოწმეს პასუხის გაცემა გაუჭირდა კიდევ ერთ კითხვაზე: რატომ ისაუბრა მან ირაკლი ჩხვირკიას ძალადობრივ მოწოდებებზე სასამართლო დარბაზში და საერთოდ არ ახსენა „აქციის ლიდერი“ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში.
„როგორ არ ვახსენე, გამომძიებელსაც იგივე ვუთხარი… ღამის თორმეტიდან აქციას მართავდა მერაბ ღოღობერიძე, დილის ოთხიდან ირაკლი ჩხვირკია გამოჩნდა. მოუწოდა ხალხს, ავიღოთ პოლიციის შებობა, აგენი არაფრის გამკეთებლები არ არიანო. წავიდა ქვების და მაშხალების სროლა…“ – თქვა მოწმემ.
დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა, მოწმის – რაფიელ აბაშიძის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება საჯაროდ წაეკითხათ სასამართლო დარბაზში. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დადგინდა, რომ მოწმეს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მართლაც არ უხსებებია ირაკლი ჩხვირკია.
„ეს შეკითხვა გამომძიებელს არ დაუსვამს… როგორც ასეთი, ჩვენება მივეცი მერაბ ღოღობერიძეზე,“ – თქვა მოწმე რაფიელ აბაშიძემ.
„კი, მაგრამ ნახევარი ამბავი რატომ მოუყევი გამოძიებას?“ – ჩაეკითხა მოწმეს ადვოკატი დავით ჩავლეიშვილი.
პროკურორი რამაზ შავაძე
„ეს ადვოკატის შეფასებაა,“ – შენიშნა პროკურორმა რამაზ შავაძემ და შუამდგომლობა დააყენა, მოწმეს პასუხი არ გაეცა ადვოკატისთვის.
მოსამართლე დავით მამისეიშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რადგან „ახალი მტკიცებულება გაჩნდა ბრალდებული ირაკლი ჩხვირკიას წინააღმდეგ.“
მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამ უზუსტობის წარმოჩენით დაცვის მხარემ შესაძლოა მოწმის კეთილსინდისიერების ხარისხი გამოავლინოს.
მოწმე რაფიელ აბაშიძეს კითხვები დაუსვა მერაბ ღოღობერიძემაც. ბრალდებულის თქმით, მოწმე მის მეზობელ სოფელში ცხოვრობს, ხელვაჩაურში და ისინი ერთ სკოლაში სწავლობდნენ.
რაფიელ აბაშიძემ დაადუსტურა, რომ მიკროავტობუსის მძღოლად მუშაობდა და მერაბ ღოღობერიძეც იქ უნახავს. მანამდე მოწმემ მოსამართლეს უთხრა, რომ მერაბ ღოღობერიძე არასდროს უნახავს და მას მხოლოდ სატელევიზიო გამოსვლებიდან იცნობს.
სტატისტიკის თანახმად, ამჟამად აჭარაში ას წელს გადაცილებული 30 ადამიანი ცხოვრობს. ყველა მათგანი ქალია. გასულ წლებში აჭარაში ას წელს გადაცილებული მამაკაცებიც იყვნენ, თუმცა ას წელს გადაცილებულებს შორის ყოველთვის ქალები სჭარბობდნენ. ამას ქვეყნის მასშტაბით სტატისტიკური ინფორმაციაც მოწმობს: ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველოში ას წელს გადაცილებული 849 ადამიანი ცხოვრობს, 695 – ქალი, 154 – კაცი. 110 წელს გადაცილებული 58 მოქალაქედან კი მხოლოდ ექვსი კაცია.
იმავე ტენდენციაზე მეტყველებს მსოფლიო სტატისტიკაც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2016 წლის მონაცემების თანახმად, ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 2-5 წლით აღემატება კაცების სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელს.
ფიქრიე ირემაძე. ფოტო: Maria Che
ფიქრიე, 112 წლის
2017 წლის პირველ ივლისს ხულოში, სოფელ ირემაძეებში მცხოვრები ირემაძეების ოჯახში დაბადების დღეს აღნიშნავენ. ოჯახის დიდი ბებია, ფიქრიე ირემაძე ამ დღეს 112 წლის გახდება. იგი ყველაზე ხანდაზმული ადამიანია არა მარტო სოფელში, არამედ მთელს აჭარაში.
112 წლის ფიქრიე ძირითადად წევს. სიარული უჭირს. საწოლის გვერდით ხელჯოხი და კრიალოსანი უდევს. ამბობს, რომ კრიალოსანი ლოცვის დროს ახსენებს, ხელჯოხი კი გადაადგილებაში ეხმარება.
ფიქრიე სმენასა და მხედველობას არ უჩივის, მაგრამ ბოლო ორი წელია მეხსიერების პრობლემები დაეწყო, – ძველი ამბები იშვიათად ახსენდება. თუმცა არასდროს ავიწყდება მთავარი წესი – იკვებება მხოლოდ ნატურალური საკვებით, არ ჭამს ნახევარფაბრიკატებს და უარს ამბობს ისეთ ტანსაცმელზე, რომელიც ნატურალური ქსოვილისგან არ არის დამზადებული.
„ტანსაცმელი შალის უნდა იყოს, აბა, მასეთ რეზინას (სინთეთიკის ქსოვილისგან დამზადებულ სამოსზე უთითებს) რაფერ ჩევიცვამო“, – ამბობს.
„ზეთიან და მარგარინიან საჭმელს არ ჭამს, ფეხზე მარტო მატყლის ნასკებს იცვამს, ნატურალური საკვებით იკვებება, ჩვენთან არასდროს არავინ ეწეოდა სიგარეტს“, – ყვებიან ოჯახში.
ფიქრიემ 15 შვილი გააჩინა, 13 შვილი მცირეწლოვანი დაეღუპა. ახლა მას ნაბოლარა შვილი, 53 წლის ალექსანდრე და რძალი – შუშანა უვლიან.
„დედაჩემი 1905 წლის პირველ ივლისს ხულოში, სოფელ დეკანაშვილებში დაიბადა. 28 წლისა იყო, როდესაც ირემაძეებში გამოთხოვდა და მას შემდეგ აქ ცხოვრობს, სკოლაში არასდროს უვლია, რადგან ბავშვობიდან თვითონ უვლიდა ავადმყოფ დედას.
„როგორც დედის, ასევე მამის მხრიდან ხანგრძლივი სიცოცხლის გენეტიკა გვაქვს, მამაჩემის მამამ 115 წლამდე იცოცხლა ისე, რომ არც სმენის პრობლემა ჰქონდა და არც მხედველობის. მახსოვს, მე ბავშვი ვიყავი, როდესაც ჩემი 115 წლის ბაბუა ღაბიდ ირემაძე ცხენზე შეჯდებოდა და წავიდოდა, დაგვიძახებდა, „დოხტორთან“ გავდივარო. მამის დედამ, ელვან ირემაძემ კი, 110 წელი იცოცხლა“, – გვიყვება ალექსანდრე ირემაძე.
რამდენიმე წლის წინ, სანამ ფიქრიეს ძველი ამბები ახსოვდა, ირემაძეების ოჯახში არაერთხელ მოსულან უხუცესის გაცნობის მსურველები, რომელთაც ფიქრიე საკუთარი თვალით ნანახ ამბებს უყვებოდა: როგორ დაინახა პირველად ავტომობილი, რომელსაც სოფლის მოსახლეობა შიშით უმზერდა, რა ტრადიციები იყო თითქმის ერთი საუკუნის წინ აჭარაში… ახლა ამ ამბებს მისი შვილი უყვება სტუმრებს. ფიქრიე კი საწოლში წევს და უსმენს. იქვე, საწოლთან, კედელზე, შვილთაშვილების ფოტოა მიმაგრებული.
ანტისა ნორაკიძე. ფოტო: Maria Che
ანტისა, 101 წლის
101 წლის ანტისა ნორაკიძე ჩაქვში, ზღვის სანაპიროსთან ახლოს ცხოვრობს. ბოლო ხანია ძირითადად წევს, დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია. მხედველობა ორი წლის წინ დაკარგა და ფეხებიც სტკივა. ანტისას შვილი, ავრორა უბირია უვლის. დედა-შვილი ერთად ცხოვრობს.
ანტისა 1917 წლის 7 თებერვალს ზუგდიდში დაიბადა. „მამა ხშირად დადიოდა საზღვარგარეთ, პოლონელი ქალი მოსწონდა და ჩემი და რომ დაიბადა, მას იმ ქალის სახელი, აპოლინარია დაარქვა. მერე მე დავიბადე. უმცროს დას არიადნა ერქვა, ძმას – ღუღუნი. ოთხივეს უცნაური სახელები გვქონდა. ეკითხებოდნენ კიდეც მამას, ასეთ სახელებს საიდან იგონებო“, – ყვება ანტისა.
შემდეგ სკოლა დაამთავრა და სწავლა თბილისში გააგრძელა, სადაც სამი წელი ცხოვრობდა. იქ გაიცნო მომავალი ქმარი. „სამი წელი გვიყვარდა ერთმანეთი. სწავლა რომ დავასრულეთ და დავიწყეთ მუშაობა, მერე ვიქორწინეთ, 1939 წელი იყო, მე 22 წლის ვიყავი, ჩემი ქმარი – 23 წლის. იანვარში აფხაზური წესით გადავიხადეთ ქორწილი. გოგოს ქორწილში ბიჭის ყოფნა არ შეიძლებოდა, მაგრამ ჩემს ოჯახში მაყრიონი რომ მოვიდა, ცოტა ხნის შემდეგ ჩემი ქმარიც მოჰყვა, თურმე გამოპარულიყო სახლიდან, ვერ გაეძლო. ამაზე ძალიან გაბრაზდა მისი საგვარეულო, მაგრამ რა უნდა ექნათ, ქორწილს ხომ არ ჩაშლიდნენ.
მერე ქმართან ერთად ზუგდიდში გადავედი საცხოვრებლად. დაიბადა ავრორა და რამდენიმე თვეში მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო. ქმარი ომში წავიდა და დავრჩი მარტო შვილთან ერთად.“
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ანტისა ქმრის დაბრუნებას მოუთმენლად ელოდა, მაგრამ ამაოდ. ქმარი კიევში დარჩა საცხოვრებლად, ანტისას კი წერილებს უგზავნიდა და აიმედებდა, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა. ამ პერიოდში ანტისა შვილთან ერთად დის ქმარმა, ვახტანგ მიქელაძემ ჩამოიყვანა ჩაქვში საცხოვრებლად, სადაც ანტისამ საბავშვო ბაღის გამგედ დაიწყო მუშაობა, თან იმედს არ კარგავდა, რომ ქმარი დაბრუნდებოდა.
ანტისას ყველაზე ცუდი მოგონება ის წუთებია, როდესაც ქმრის სანახავად კიევში ჩასულს ქმრის მისამართზე მისი ახალი ცოლ-შვილი დახვდა.
„ავრორასთან ერთად წავედი კიევში. მივედი მის სახლში და მასთან ერთად მისი შვილი და ცოლი დამხვდა. ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი მოგონება ის წუთებია. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა და ისე ვენდობოდი, ისე მჯეროდა მისი, მისი სიტყვების, მოწერილი წერილების, რომ არც კი მიფიქრია, რომ ცოლს მოიყვანდა.
იმ დღეს იქ დავრჩით, გვითხრა, წადით, ამათ მივატოვებ და მალე ჩამოვალო. ავრორასთან ერთად ჩაქვში დავბრუნდი, მას შემდეგ წლები ველოდებოდი, წერილებს ისიც მიგზავნიდა და მაიმედებდა, რომ ჩამოვიდოდა. მისი გამოგზავნილი არც ერთი წერილი არ დამიწვავს, საგულდაგულოდ ვინახავდი…“
ქმარი საქართველოში აღარ დაბრუნებულა და ანტისა შვილთან, ავრორასთან ერთად საბოლოოდ დარჩა ჩაქვში.
ავრორა გერმანული ენის სპეციალისტია. სკოლაში გერმანული ენის მასწავლებლად მუშაობდა, მაგრამ სკოლაში გერმანულის საათები შემცირდა და უკვე ორი წელია უმუშევარია. უვლის დედას და მამის მიერ გამოგზავნილ წერილებს.
„ადრე ხშირად გამოიტანდა ხოლმე დედა წერილებს, გადახედავდა, უცებ გაბრაზდებოდა და ისევ საგულდაგულოდ შეინახავდა. მაშინ პატარა ვიყავი, დედაჩემს არაფერს ვეკითხებოდი. როცა გავიზარდე, დავიწყე ამ წერილების კითხვა. სასიყვარულო წერილები იყო, ყველა წერილი „ანოთი“ იწყებოდა, მამა დედას მოფერებით ანოს ეძახდა“, – ამბობს ავრორა.
ანტისა და ავრორა პენსიით ცხოვრობენ. ორივეს პენსია ჯამში 360 ლარია, რაც წამლებში, საკვებსა და კომუნალურ გადასახადებში იხარჯება.
ანტისას ცხოვრების განსაკუთრებული წესი არ აქვს, მხოლოდ მარილიან და ცხარე საკვებს ერიდება. „ბევრს დავდიოდი ფეხით, ბოსტანში მუშაობა მიყვარდა. ფიზიკურადაც ჯანმრთელი ვიყავი, ალბათ ამიტომაც ვცოცხლობ დიდხანსო“, – ამბობს.
თინა თაფლაძე. ფოტო: Maria Che
თინა, 101 წლის
თინა თაფლაძე დაბა ხულოში ცხოვრობს. შვილები დიდი ხანია დაოჯახდნენ და ახლა თინას 22 შვილიშვილი, 33 შვილთაშვილი და ოთხი შვილთაშვილის შვილი ჰყავს, მაგრამ ცხოვრება მაინც მარტო ურჩევნია. ამბობს, რომ ქალაქში, შვილებთან ჩასულს, დაბალი წნევა აწუხებს, ამიტომ ურჩევნია სახლში იყოს. ხშირად ჩადის ერთი-ერთ შვილთან, სოფელ ქედლებში.
„ეს არის ჩემი მომვლელი, ნარგული მივლის. ყველა მინდა და მიყვარს, მაგრამ ხმაურს ვეღარ ვუძლებ უკვე, მარტო ყოფნა მირჩევნია, მხოლოდ ქედლებში შვილთან ავდივარ რამდენიმე დღით და ისევ მივდივარ. სახლში არც მაცივარი მაქვს, არც აბაზანა. შვილიშვილი გამომივლის, წამოვიღებ სარეცხს და აქ მირეცხავენ, გაჭირვებულად მოვდივარ და დღემდე გაჭირვებულად ვარ, ამდენ თაობას მოვესწარი და სული ვერ ამოვითქვი. სიცხეს და დაბალ წნევას ვერ ვიტან, სიცხე რომ დაიწყება, ლოგინად ვვარდები, თუ მთაში, ბეშუმში, არ წავედი, არაფერი მშველის“, -გვიყვება თინა.
თინა ამბობს, რომ თავის დროზე განათლების მიღება ვერ შეძლო, მაგრამ ეს მისი არჩევანი არ ყოფილა.
„მხოლოდ ორი კლასი ვისწავლე, სკოლაში 7 წლისა რომ შევედი, ცხრა წლისა გამოვედი. უფროსი შვილი ვიყავი, სახლში საოჯახო საქმეები რომ გამეკეთებინა, სკოლიდან გამომიყვანეს. ცხრა წლიდან დაიწყო ჩემი შრომა. მშობლები კოლექტივში რომ წავიდოდნენ, მე, ცხრა წლის ბავშვს, საჭმელი უნდა გამეკეთებინა, დამელაგებინა, საქონელი გამეშვა… მე რაც ცხოვრებაში ვიშრომე და ვიწვალე, ამდენ შრომას ხარი და ცხენი ვერ გასწევდა“, – ყვება თინა.
19 წლის იყო, როცა სოფელ ვაშლოვნიდან მეზობელ სოფელში, ქედლებში გათხოვდა. მაჭანკალი ბიძა იყო. ისე მოიყვანეს მომავალი ქმრის სახლში, რომ ქმარს არც კი იცნობდა. გათხოვებამდე რომ ეთქვა, ქმრის დანახვა უნდოდა, იტყოდნენ, უწესო გოგოაო. ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო, როგორც მშობლები გადაწყვეტდნენ. 1942 წლის ზამთარი იდგა ხულოში, დიდთოვლობა. ქორწილის დროს მაყრიონი ერთი სოფლიდან მეორეში ფეხით გადავიდა. ქორწილი, ტრადიციულად, 24 საათს გაგრძელდა.
თვითონ შეძლებული ოჯახიდან იყო, ქმრის ოჯახში მისულს კი, შუა ზამთარში, მხოლოდ ერთი ვედრო სიმინდი დახვდა, წინ კი თებერვალი და მარტი იყო, ყველაზე რთული თვეები. თინას არაფერი შეუმჩნევია. „არც სახლში მითქვამს ახალი ოჯახის სიღარიბეზე რამე, ერთმანეთს რომ არ დავეშორებინეთ, მე და ჩემმა ქმარმა კარგად გავუგეთ ერთმანეთს“, – ამბობს თინა.
დაქორწინებიდან მალე დიდი შიმშილობა დაიწყო. ამ დროს შეეძინა პირველი შვილიც:
„20 წლის ვიყავი. ეთერი იყო პირველი, ეთერის ნანული მოჰყვა, მერე იყო ნარგული, მეოთხე ბიჭი შეგვეძინა, ბიჭის შემდეგ კიდევ სამი გოგო, სულ შვიდი შვილი მეყოლა, ერთი პატარაობისას დამეღუპა“.
თინას ყველაზე ცუდი მოგონება მეორე მსოფლიო ომს უკავშირდება. დღესაც თვალცრემლიანი იხსენებს იმ დროს, როცა შიმშილის მოსაკლავად წაბლის ხის ქერქს ფქვავდნენ.
„სოფლის ზევით მთაზე, რომელსაც „საფილეს“ ვეძახდით, მამამთილი ავიდოდა, წაბლს ქერქს მოაცლიდა და ჩამოიტანდა. ქერქს მოვხარშავდი, გავაშრობდი და იმას ვაფქვევდით, შავი ფქვილივით იყო. თითო თეფშ პურის ფქვილსა და ქერქს ავურევდით ერთმანეთში და იმისგან ვაცხობდით პურს, ხმიადს. თუ რძის ნაწარმი იყო, ხმიადს იმას მივაყოლებდით, თუ არა, მარტო პურს ვჭამდით. ზამთარი ასე გაგვქონდა. ზაფხულში ჩვენი საჭმელი ლობიო და კარტოფილი იყო, ისიც პურის გარეშე, ზამთრისთვის ვინახავდით პურის ფქვილს. ვჭამდით ყველა მცენარეს, რისი ჭამაც შეიძლებოდა. ასე გაჭირვებაში ვიყავით თითქმის შვიდი წელი. …მაგრამ ჯანმრთელი ქალი ვიყავი, ვერც შიმშილი მერეოდა, ვერც სიცივე. მაშინ სად იყო ამდენი თბილი ტანსაცმელი, შეშას მხარზე რომ დავიდებდი, კილომეტრობით გზას გავდიოდი მხარზე შეშით, რომ სახლში მომეტანა და შვილები გამეთბო.“
59 წლის იყო, ქმარი რომ გარდაეცვალა. ამბობს, რომ მას შემდეგ დაკარგა ცხოვრების ხალისი. დარჩა ექვს შვილთან ერთად, უმცროსი, ციური, 9 წლის იყო, უფროსი შვილი – უკვე დაქორწინებული.
თინა ამბობს, რომ ძირითადად სახლში მოყვანილი საკვებით იკვებება, ხორცს იშვიათად ჭამს, არც ბაზარში ნაყიდი ხილ-ბოსტნეული უყვარს. არც უძილობას უჩივის და არც მხედველობას, მატყლის თბილ წინდებს შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს სათვალის გარეშე უქსოვს. მეოთხე თაობიდან ყველაზე უფროსი შვიდი წლის ნიკაა, ყველას სახელი მახსოვსო – ამბობს.
ვიდრე სასამართლო დარბაზში მოწმეები შემოვიდოდნენ, ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა სასამართლოს წინა სხდომაზე დაკითხული მოწმის – მერაბ მურმანიძის ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევა მოითხოვა. ადვოკატმა იმ მომენტზე გაამახვილა ყურადღება, რაც მოწმემ გამომძიებელსა და მოსამართლეს ამბავი სხვადასხვაგვარად მოუყვა.
მერაბ მურმანიძე „11-12 მარტის აქციაზე“ მასობრივი ძალადობისთვის უკვე გაასამართლეს. მას გუშინ, 20 ივლისს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმა პროკურატურამ ერთწლიანი საპატიმრო ვადით.
„შეღავათიანი საპროცესო შეთანხმების გაფორმება პირდაპირ კავშირშია ბრალდების სასარგებლოდ ჩვენების მიცემასთან,“ – მიმართა მოსამართლე დავით მამისეიშვილს ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა.
ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაზე, სადაც მოწმე მერაბ მურმანიძე ამბობს, რომ აქციის ორგანიზატორი მხოლოდ მერაბ ღოღობერიძე იყო. სასამართლო დარბაზში კი მოწმემ თქვა, რომ ორგანიზატორი იყო ირაკლი ჩხვირკიაც.
ირაკლი ჩხვირკიას, მერაბ ღოღობერიძესთან ერთად, 11-12 მარტის აქციის საქმეზე მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად.
„გარდა ამისა, მოწმე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ ირაკლი ჩხვირკია აქციაზე დილის 5 საათზე მივიდა. სასამართლოში კი განაცხადა, შვიდზე მოვიდაო,“ – დაამატა ადვოკატმა.
„ეს წინააღმდეგობა არსებითი არ არის,“ – თქვა პროკურორმა რამაზ შავაძემ.
„დროა ჩემს საქმეში არსებითი,“ – ჩაილაპარაკა გისოსებიანი ადგილიდან ბრალდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ.
მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. აღნიშნა, რომ სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა შეაფასოს მტკიცებულება.
ამ ეტაპზე მოსამართლე ბრალდების მხარის სხვა მოწმეების ჩვენებებს ისმენს. დღევანდელ პროცესზე სულ 8 მოწმის დაკითხვა იგეგმება. მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას წინააღმდეგ პროკურატურას 240 მოწმე ჰყავს ჯამში წარმოდგენილი.
ყველაზე ძვირი, 250 ლარი ღირდა ბილეთი ჯემიროქუაის კონცერტზე, რომელიც ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება.
ბილეთები ჯერ ისევ იყიდება DE LA SOUL-ისა და ჯოს სთოუნის კონცერტებზე. DE LA SOUL-ის კონცერტზე ბილეთის ფასი 150-200 ლარია, ხოლო ჯოს სთოუნის კონცერტზე – 100-150 ლარი. კონცერტები ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება.
შავი ზღვის ჯაზფესტივალის ზუსტი განრიგია:
27 ივლისი, 19:00 საათზე, კლუბი TAKE 5 – CORY HENRY AND THE APOSTLES
28 ივლისი, 19:00 საათზე – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – JAMIROQUAI
29 ივლისი, 19:00 საათზე – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – DE LA SOUL
30 ივლისი, 19:00 საათზე – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – JOSS STONE; 23:00 – კლუბი TAKE5- MF ROBOTS
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში გეგმიური ფასიანი მომსახურებით 20 ერთეული მე-3 კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილების (ჯიპების) სახელმწიფო შესყიდვაზე“ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო საწყისი ღირებულებაა 1 007 665 ლარი.
სატენდერო პირობით, ავტომანქანების კარების რაოდენობა უნდა იყოს – 5 [ოთხი მძღოლის და მგზავრების და ერთი საბარგულის კარი], ხოლო ავტომანქანების ფერი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბრენდის კორპორატიული ფერის გათვალისწინებით უნდა იყოს – წითელი. დაუშვებელია სხვა ფერის ავტომობილების შემოთავაზება“.
ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 18 აგვისტოს დაიწყება და 21 აგვისტოს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა ავტომობილები საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 დღეში უნდა გადასცეს.
სატენდერო პირობების თანახმად, „ავტომობილების საგარანტიო ვადა უნდა იყოს 5 წელი ძირითად აგრეგატებზე [ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი], 3 წელი ან 150 000 კილომეტრი [რომელიც ადრე შესრულდება] სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა [ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაბმულობის ქურო, საყრდენი დისკი და მომჭიმი საკისარი]“.
ამასთან, მიმწოდებელ ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს ავტოტექმომსახურების გაწევისთვის საჭირო ტექნიკური მოწყობილობები და ქ. თბილისის ფარგლებში გამართული ავტობოქსი, სადაც მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში გეგმიური ფასიანი მომსახურების გაწევა.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა ქურდობაში ბრალდებულები – გელოდი მესხიძე და ნიკა მიქანაძე. მოსამართლემ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
შემთხვევა გასული წლის ივლისში მოხდა, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში. დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, სახლის შესასვლელი კარი ღიად იყო დატოვებული. ორმა ახლგაზრდა ბიჭმა საათი და საფულე 350 ლართან ერთად წაიღეს. დაზარალებულმა მამაკაცმა მოსამართლეს უთხრა, რომ შეშინებული იყო ქურდობის სხვა ისტორიებით, თუ როგორ ასახიჩრებდნენ ადამიანებს, ვინც ქურდებს წინააღმდეგობას უწევდა და ამიტომ თავის მომძინარება არჩია. მისივე თქმით, ოჯახის სხვა წევრებს ამ დროს ეძინათ.
შემთხვევიდან რამდენიმე დღეში პოლიციამ ორ ბიჭს წაუყენა ბრალი ქურდობაზე, რომლებიც მანამდე ასევე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილის მიერ იყვნენ ქურდობისთვის გასამართლებულები. ორივე მათგანი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა და, ამჯერად, კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, მათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა ელოდათ.
დაცვის მხარის მთავარი მტკიცებულება საათი აღმოჩნდა, რომელიც გამოძიებამ ერთ-ერთი ბრალდებულის სახლიდან ჩხრეკის შედეგად ამოიღო.
„გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საათზე სამი ადამიანის ანაბეჭდი დაფიქსირდა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ეკუთვნოდა რომელიმე ბრალდებულს,“ – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე. იგი მიხეილ მიქანაძესთან ერთად ბრალდებულების ინტერესებს იცავდა.
რამინ პაპიძის თქმით, დაცვის მხარის მოწმეებმა დაადასტურეს ის, რომ ქურდობის ღამეს, ბრალდებულები ღამის კლუბში ერთად იმყოფებოდნენ.
დაცვის მხარე აპელირებდა ერთ-ერთი ბრალდებულის დედაზე. მან თქვა, რომ პოლიციამ თავის სამუშაო ადგილას – რესტორანში მიაკითხეს და ჩხრეკისთვის სახლში გაყოლა სთხოვეს. მისი თქმით, ადგილზე მისულებს სახლი უკვე გაჩხრეკილი დახვდათ. ქალი ამბობს, რომ ამის გამო ცუდად გახდა და ოთახიდან გამოსულმა პოლიციელმა მას წყალიც კი დაალევინა.
გამოძიების ვერსიით კი, ჩხრეკის ჩასატარებლად პირდაპირ მივიდნენ ბრალდებულის ოჯახში, ხოლო კარი ბრალდებულის დედამ გააღო.
„რეალურად პოლიციამ ვერ გახსნა დანაშაული და გადაწყვიტა, რომ ქურდობისთვის ნასამართლევი პირებისთვის მიეწერა ეს ფაქტი,“ – ამატებს ადვოკატი რამინ პაპიძე.
2017 წლის 21 ივლისს, 13 საათზე, ძმები ნობელების ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში გაიხსნება გამოფენა – „მუზეუმი და მეგობრები“. წარმოდგენილი იქნება კერძო კოლექციონერების მიერ მოწოდებული გასული საუკუნის ტექნიკური ხელსაწყოები, მუზეუმის მეგობარ მხატვართა მიერ შესრულებული ფერწერული ტილოები და მოყვარულ ფოტოგრაფთა ნამუშევრები.
21 ივლისს ძმები ნომელების მუზეუმში გამოფენა „მუზეუმი და მეგობრები“ გაიხსნება
ღონისძიებას გააფორმებენ სტუდია BT ART- ისა და აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის წევრების მიერ შესრულებული ქორეოგრაფიული ნომრებით.
გამოფენა ერთი კვირას გაგრძელდება.
21 ივლისს ძმები ნომელების მუზეუმში გამოფენა „მუზეუმი და მეგობრები“ გაიხსნება
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ნახევარი საათის წინ გონიოში 17 წლის ბიჭი ზღვაში გაუჩინარდა. ის ორ პირთან ერთად იყო ზღვაში შესული. სამაშველოს ინფორმაციით, ორი პირის გამოყვანა მოხერხდა, ერთი კი გაუჩინარდა. ამ წუთებში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
დაღუპული ბიჭი დამსვენებელი იყო.
სამაშველოს ინფორმაციით, დილით ოთხი ადამიანი გადაარჩინეს ქობულეთში მაშველებმა, ამ წუთებში კი სამაშველო სამსახურს ერთი დამსვენებელი დაფიქსირებული ჰყავს ზღვაში და მის გადასარჩენად კატარღაა გაგზავნილი.
ამ წუთებში 5-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, თუმცა ამის მიუხედავად, ადამიანები ზღვაში მაინც შედიან. სამაშველოს ინფორმაციით, ახალი ბულვარის წინ, კიდევ ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, რომელიც სასწრაფო დახმარებამ გადაიყვანა საავადმყოფოში.
11-12 მარტის ბათუმის აქციაზე დაკავებული პირებიდან 9 ბრალდებულს დღეს, 20 ივლისს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მხარეებს და პროკურატურას შორის მიღწეული შეთანხმება დღევანდელ პროცესზე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დაადასტურა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, 9 მსჯავრდებულიდან შვიდს წელიწადნახევარი მოუწევს სასჯელის ციხეში მოხდა, ორს – ერთი წელი, მათ შორის მურმან მურმანიძეს, რომელმაც ამ აქციის ორგანიზატორობაში ბრალდებულის – მერაბ ღოღობერიძის წინააღმდეგ მისცა ჩვენება.
რეალური სასჯელის გარდა თითოეული მათგანი მოიხდის პირობით სასჯელს სამი წლის ვადით.
„ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულებიდან პირველად საპროცესო შეთანხმებაზე მინდია ბერიძე და რევაზ ქემქაძე წავიდნენ. მინდია ბერიძეს ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა, რევაზ ქემქაძეს – 6 თვე. საპროცესო შეთანხმება ასევე გაუფორმდა 2 არასრულწლოვანს, რომელიც 12 მარტის დილას დააკავეს.
საპროცესო შეთანხმების მთავარი პირობა ბრალის აღიარებაა, რაზეც თავდაპირველად აქციაზე დაკავებულები უარს ამბობდნენ.
11-12 მარტის აქციაზე ბრალდებული კიდევ 6 პირის საქმეს მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს. ამ ეტაპზე უცნობია, გაფორმდება თუ არა მათთანაც საპროცესო შეთანხმება.
ბრალის აღიარებასა და საპროცესო შეთანხმებაზე უარს ამბობენ მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია. მათ მასობრივი ძალადობის ორგანიზატორობა ედებათ ბრალად.
მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე აჭარიდან 6 პედაგოგი დარეგისტრირდა. პედაგოგების ვინაობა, როგორც პედაგოგთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გვეუბნებიან, ამ ეტაპისთვის კონფიდენციალურია.
მათივე ინფორმაციით, მხოლოდ ხუთეულში გადასული პედაგოგების ვინაობა გასაჯაროვდება. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით, მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე მთლიანობაში 700-ზე მეტმა პედაგოგმა გააკეთა განაცხადი, თუმცა მეორე ეტაპზე მხოლოდ ათი საუკეთესო პედაგოგი შეირჩევა, მესამეზე კი მხოლოდ 5 ფინალისტი.
გამარჯვებული, რომელიც 5 ოქტომბერს უნდა გამოვლინდეს, პრიზად 10 ათას ლარს მიიღებს. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო წელს დაარსდა.
გამარჯვებული პედაგოგი მასწავლებელთა საერთაშორისო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. საერთაშორისო კრიტერიუმების მიხედვით, ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი უნდა გამოირჩეოდეს კრეატიულობით, განსხვავებული, წარმატებული სწავლის მეთოდებით.
აბონენტების ინფორმაციით, ბათუმში მათ ივნისის თვეში მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის ქვითარი ამ დრომდე არ მისვლიათ. მოსახლეობა ეჭვობს, რომ ქვითრის დაგვიანება ბუნებრივ აირზე გადასახადის გაზრდას უკავშირდება და შესაძლებელია მათ ივნისის თვეში მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურიც გაზრდილი ტარიფით გადაახდევინონ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] პრესსამსახურის ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიმწოდებელ კომპანიებს უფლება არ აქვთ, ივნისის თვეში მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასური გაზრდილი ტარიფით გადაახდევინონ მოსახლეობას. „ბუნებრივი აირის ტარიფი, ივლისის 20 რიცხვამდე არის ძველი ტარიფი. ახალი ტარიფით ქვითარი აგვისტოს თვეში უნდა მიუვიდეს მოსახლეობას. ამ ეტაპზე ახალი ტარიფით დაანგარიშება გამორიცხულია,“ – ამბობენ სემეკში.
„სოკარ ჯორჯია გაზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სისტემა ერთდღიან წაკითხვაზე გადავიდა, რის გამოც მოსახლეობა წინა თვის დახარჯული ბუნებრივი აირის ქვითარს ერთი თვისა და ათი დღის დაგვიანებით მიიღებს.
„ორი თვის გადასახადი არავის არ მიუვა, ყველაზე მაქსიმალური, რაც შეიძლება მიუვიდეს, არის ერთი თვე და ათი დღის მოხმარებული აირის გადასახადი. გაზრდილი ტარიფით აბონენტები ჯერ არ გადაიხდიან,“ – ამბობენ „სოკარის“ პრესსამსახურში.
სემეკის გადაწყვეტილებით, ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი მიმდინარე წლის 18 ივლისს გაიზარდა. სემეკის ინფორმაციით, „სოკარის“ აბონენტები გაზრდილი ტარიფით 1 კუბ/მ მოხმარებულ ბუნებრივ აირში 56,9 თეთრს გადაიხდიან.
ბათუმის მერია ქალაქის საკრებულოს ოთხი წლის წინანდელი განკარგულების აღსრულებას ახლა იწყებს. ბათუმის მუნიციპალიტეტის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების ინფორმაციით, 2013 წლის 30 აპრილის N68 განკარგულების აღსრულებას ერთ კვირაში დაიწყებენ. აღნიშნული განკარგულებით, მიკროავტობუსებმა, რომლებიც ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტების დაბებსა და სოფლებს შორის მოძრაობენ, ბათუმში, ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩებით უნდა იმოძრაონ. ანუ, ჭავჭავაძისა და პუშკინის, ასევე ტბელ აბუსერისძის ქუჩებზე გადაადგილება აეკრძალებათ.
ბათუმის მუნიციპალიტეტის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი, ემზარ ქავჟარაძე ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით წერილობითი ცნობა მუნიციპალიტეტების გამგეობებსა და მუნიციპალიტეტში მოქმედ ავტოსატრანსპორტო შპს-ებსაც გაუგზავნა.
„ამ ეტაპზე გაფრთხილების რეჟიმში ვართ. სოფლის ავტობუსების ჭავჭავაძის ქუჩაზე გადაადგილება ჯერ კიდევ 2013 წელს აიკრძალა, თუმცა, როცა კანონის აღსრულება დავიწყეთ, ბაგრატიონისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო. ჩაიკეტა ფაქტობრივად ქუჩები, რის გამოც სოფლის მიკროავტობუსების გადაადგილება ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა. რადგან უკვე დასრულდა ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩების რეაბილიტაცია, კანონის აღსრულებას ვიწყებთ – ჭავჭავაძის ქუჩაზე გადაადგილება ქედის, შუახევის, ხულოსა და ხელვაჩაურის სოფლებიდან შემომავალ და ამ მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმავალ ყველა ხაზზე მოძრავ მიკროავტობუსს ეკრძალება,“ – ამბობს ემზარ ქავჟარაძე.
იმ შემთხვევაში, თუ მიკროავტობუსის მძღოლი ბათუმის საკრებულოს მიერ 2013 წელს მიღებულ განკარგულებას არ დაემორჩილება, ის 100 ლარით დაჯარიმდება. საჯარიმო სანქციების ამოქმედებას ბათუმის მუნიციპალიტეტის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილება ერთ კვირაში გეგმავს.
ემზარ ქავჟარაძის ინფორმაციით, შესაძლოა არსებულ განკარგულებაში ცვლილებები შევიდეს და ქედა-ბათუმის N 77 სამარშრუტო, ასევე სარფი-ბათუმის ხაზზე მოძრავი მიკროავტობუსებისთვის ჭავჭავაძის ქუჩაზე გადაადგილება დასაშვები გახდეს:
„ტურისტების მზარდი ოდენობიდან გამომდინარე, შესაძლოა განკარგულებაში ცვლილებები შევიდეს. ცვლილებების შემთხვევაში შესაძლოა ქედისა და სარფის ცენტრალურ სამარშრუტო ხაზებზე ჭავაჭავაძის ქუჩებზე გადაადგილება დასაშვები გახდეს. გარდა ამისა, ვფიქრობთ, რამდენიმე ხაზი პუშკინის ქუჩაზე გადავანაწილოთ, რომ ბაგრატიონის ქუჩა არ დაიტვირთოს. რაც შეეხება ხელვაჩაურის N39 მარშრუტს, ეს თავისთავად ქალაქის ხაზია და აკრძალვა არ ეხება. თუმცა, ამ მუნიციპალიტეტში შემავალ მახოს, თხილნარის, ერგეს და ასე შემდეგ სამარშუტო ხაზებზე აკრძალვა ისევე ვრცელდება, როგორც ხულოს, შუახევის, ქედის სოფლებში [დაბებში] მოძრავი მიკროავტობუსებზე“.
ქობულეთის სამ სოფელში – ციხისძირში, დაგვასა და ბობოყვათში მეწყერი განვითარდა. მეწყერმა პრობლემები შეუქმნა საცხოვრებელ სახლებს. ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ციხისძირში, მეწყერი დუმბაძის სახლთან ახლოს და მისასვლელ გზაზე ჩამოწვა.
„ტექნიკა ავიყვანეთ და მისასვლელი გზა გავწმინდეთ, ბობოყვათში ლაზიშვილის ოჯახთან არის ასევე მეწყერი, იქაც გზა არის ჩაკეტილი და ტექნიკას გავაგზავნით,“-ამბობს გამგებელი. მისი თქმით, ამ ეტაპზე ოჯახების ევაკუაცია არ არის აუცილებელი.
მეწყერი ციხისძირში
გამგებლის თქმით, იმ სახლებთან, სადაც მეწყერი ჩამოწვა, გამაგრებითი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. „ჩვენ კომისიაზე გავიტანთ ამ საკითხს, შევიძენთ მასალებს და გავამაგრებთ ფერდობებს“.
გამგებელი ამბობს, რომ ძლიერი წვიმის შემდეგ მდინარე აჭყვაც ადიდდა, რამაც შესაძლებელია დამატებითი პრობლემები შექმნას. ციხისძირში, იმ ადგილზე, საიდანაც ბიძინა ივანიშვილმა ევკალიტპის ხე წაიღო, ტერიტორია დაიტბორა. თუმცა გამგებელი ამბობს, რომ დატბორვა ტექნიკურმა სამუშაოებმა გამოიწვია: „ამ ადგილზე კოლექტორი კეთდება და ამან გამოიწვია დატბორვა, მაგრამ ჩვენ გავხსენით კოლექტორი და წყალი უკვე აღარ დგას“-ამბობს ის.
ძლიერი წვიმის შედეგად ციხისძირი დაიტბორა
გამგებლის თქმით, ის მიმართავს აჭარის მთავრობას, რომ გამაგრებითი სამუშაოებისთვის გარკვეული თანხა გამოიყოს.
„რატომ უნდა გაერთიანდნენ სუნიტი და შიიტი მუსლიმანები, როცა კანონი იგივე გაერთიანებას არ მოითხოვს კათოლიკეებისგან და სომხური ეკლესიისგან,“ – აცხადებს იურისტი გიორგი გოცირიძე. საიას იურისტი საკონსტიტუციო სასამართლოში „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ ინტერესებს იცავს.
მუსლიმთა სამმართველო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის დადგენილებას ასაჩივრებს, რომელიც 4 რელიგიური მიმდინარეობისთვის [იუდეველები, სომხურ-გრიგორიანული ეკლესია, რომაულ-კათოლიკური ეკლესია, მუსლიმთა თემი] საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწლობრივ ანაზღაურებას განსაზღვრავს. მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ზიანის ანაზღაურება ამ დადგენილებით არ რეგულირდება.
იმისთვის, რომ რელიგიურმა მიმდინარეობამ სახელმწიფოსგან მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება მიიღოს, საჭიროა იურიდიულ პირად რეგისტრაცია, ან ერთიანი წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნა, რომელშიც ერთი და იმავე აღმსარებლობის ყველა რელიგიური გაერთიანება იქნება წარმოდგენილი. მუსლიმი თემის შემთხვევაში, სუნიტი და შიიტი მუსლიმანები უნდა გაერთიანდნენ.
„ამ ორ მიმდინარეობას შორის არსებობს სქიზმა, ანუ პრინციპული შეუთავსებლობა. ეს იგივეა, რომ კათოლიკეებს გრიგორიანულ ეკლესიასთან გაერთიანება მოსთხოვო. ეს არის განსხვავებული მოპყრობა“, – განმარტავს გიორგი გოცირიძე.
„განსხვავებული მოპყრობა არ ნიშნავს ყველა შემთხვევაში დისკრიმინაციას,“ – მიმართა მოსარჩელეებს საქართველოს მთავრობის ინტერესების დამცველმა. მისი თქმით, დადგენილების მიღების დროს, სახელმწიფოს ჰქონდა მიზანი, მხოლოდ სიმბოლურად აენაზღაურებინა ზიანი და გაერთიანებულიყო ის რელიგიური მიმდინარეობები, ვისაც მსგავსი მოძღვრებები აქვთ.
„სომხური ეკლესია და კათოლიკეები საბჭოთა ტიტალიტარული რეჟიმის დროსაც ცალ-ცალკე არსებობდა,“ – დაამატა მთავრობის წარმომადგენელმა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ წარმომადგენლობითი საბჭო მხოლოდ გამტარია ზიანის ანაზღაურების მისაღებად.
„მუსლიმ თემს მიადგა ზიანი, როგორც ერთიან თემს, ამიტომ ჩვენ გეუბნებით, რომ თქვენ განსაზღვრეთ, ვის რა ეკუთვნის,“ – დაამატა მთავრობის ინტერესების დამცველმა.
მთავრობის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში დავით დავითაშვილი და ვალერიან ლილუაშვილი იცავენ.
მოსარჩელე, ანუ მუსლიმთა სამმართველო, შიიტ მუსლიმებს წარმოადგენს. მისი წარმომადგენლები საუბრობენ საფრთხეებზეც, რაც ამ დაფინანსებას შეიძლება მოჰყვეს.
ზიანის ანაზღაურების თანხა, გიორგი გოცირიძის თქმით, გასულ წლებში მიიღო მუსლიმმა თემმა, მაგრამ არ მიუღია მუსლიმთა სამმართველოს.
ანაზღაურების მისაღებად სუნიტი მუსლიმანები სხვა, შიიტურ მიმდინარეობასთან არიან გაერთიანებული, რომელიც არ წარმოადგენს მუსლიმთა სამმარათველოს.
მუსლიმი თემი 4 მიმდინარეობას აერთიანებს, მათ შორის, 2 სუნიტების, 2 შიიტების. მაგალითად, აჭარაში მცხოვრები მუსლიმანების უმრავლესობა სუნიტია.
ზიანის მოცულობა შეფასებული არ არის. მთავრობა ყოველწლიურად იღებს გადაწყვეტილებას, რა ოდენობის თანხა ჩაურიცხის რელიგიურ ორგანიზაციებს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებისთვის.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ივნისში აჭარაში ტურისტულ ადგილებში ვიზიტორების განსაკუთრებული მატება იყო. 2017 წლის 6 თვეში კი აჭარას, ყველა ადმინისტრაციული საზღვრის გავლით, 583 340 ვიზიტორი ესტუმრა.
დეპარტამენტის მონაცემებით:
[checklist]
ბათუმის ბოტანიკური ბაღი პირველია იმ ტურისტულ ადგილებს შორის, რომელსაც ივნისში ყველაზე მეტი 33 891 ვიზიტორი ეწვია, რაც 31%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. ბოტანიკური ბაღი ბათუმიდან 9 კილომეტრში მდებარეობს.
ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილიაბათუმის დელფინარიუმშიც, რომელსაც ივნისში 19 586 ადამიანი ესტუმრა. ივნისის მონაცემები 38%-ით (5 342 ადამიანი) აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. აღსაღნიშნავია, რომ დელფინების შოუ ივნისში ყოველდღიურად (ორშაბათის გარდა) დღეში ორჯერ იმართებოდა, ივლისსა და აგვისტოში კი დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე მესამე შოუც დაემატა.
ივნისში, გასულ წელთან შედარებით მეტი ვიზიტორი ჰყავდა გონიო-აფსაროსის ციხესაც, რომელიც რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კულტურულ-ისტორიულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. 2017 წლის, ივნისში ციხე-მუზეუმში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას 10 691 ვიზიტორი გაეცნო.
სტუმრების რაოდენობა გაზრდილია მტირალას ეროვნულ პარკშიც, რომელიც აჭარაში არსებული ეროვნული პარკებიდან უცხოელ ტურისტებს შორის ყველაზე მეტი მოწონებით სარგებლობს. 2017 წლის ივნისში ეროვნულ პარკს გასულ წელთან შედარებით 30%-ით მეტი, 6 283 ვიზიტორი ესტუმრა. პარკი ვიზიტორებს გარდა ულამაზეს ბუნებაში მოგზაურობისა, ზიპლაინის სერვისსა და საკემპინგე მომსახურებასაც სთავაზობს.
აჭარაში ყველაზე მეტმა ვიზიტორმა საბაგიროსმომსახურებით ისარგებლა. ივნისში ბათუმისთვის მთიდან გადმოხედვის მსურველთა რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61%-ით გაიზარდა და მათმა რაოდენობამ 37 211 ადამიანი შეადგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პირველი სამმართველოს [ბათუმი] N1 სასაზღვრო სექტორის [სარფი] დასაცავ მონაკვეთზე, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის ოთხი მოქალაქე – 1986 წელს დაბადებული შანი დ., 1990 წელს დაბადებული მოჰამმად ბ., 1986 წელს დაბადებული ნაჯმულ ნ. და 1982 წელს დაბადებული მოჰამედ ს. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.“ – აცხადებენ სამინისტროში.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს [საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით].