ბათუმში მამაკაცს ავტომანქანა დაეჯახა

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით ნახევარი საათის წინ ბათუმში, კათოლიკურ ეკლესიასთან, მაგისტრალზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომანქანა ე.წ. ზებრა გადასასვლელზე ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.

მამაკაცი თავის დახურული ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცი სავარაუდოდ სანაოსნოს დაცვის თანამშრომელია.

შსს-ს ინფორმაციით, მძღოლი არ მიმალულა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.

ავტომანქანა ზებრაგადასასვლელზე ფეხით მოსიარულეს დაეჯახა
ავტომანქანა ზებრაგა დასასვლელზე ფეხით მოსიარულეს დაეჯახა

 

 

აჭარის მდინარეებში მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობები დამონტაჟდება

მდინარეების – მეჯინისწყლის, ბარცხანისწყლის, ყოროლისწყლის, ჩაქვისწყლის, დეხვას, აჭყვასა და კონტრიშის მიერ ჩამოტანილი „საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ზღვისა და სანაპირო ზოლის დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით“ მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობები დამონტაჟდება. დამჭერი მოწყობილობა დამონტაჟდება ასევე ახალ ბულვარში, ჟილინის არხის შესართავთან.

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დამჭერი მოწყობილობების შესაძენად აჭარის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 180 ათას 776 ლარი გამოეყო. მოწყობილობების შეძენას სამმართველო ტენდერის გარეშე აპირებს.

„ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შესყიდვის განხორციელება დაკავშირებულია მთელ რიგ პროცედურებთან, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შესყიდვის განხორციელების ვადებს. ამ შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმება მიმწოდებელთან შესაძლებელი იქნება დაახლოებით ერთი თვის შემდეგ. მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობების შესყიდვა კი, რომლებიც უზრუნველყოფს მდინარეებზე მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეკავებას და ზღვისა და სანაპირო ზოლის დაცვას დაბინძურებისაგან, მნიშვნელოვანია განხორციელდეს შეზღუდულ ვადებში [ტურისტული სეზონის პერიოდის დასრულებამდე]“- აცხადებენ სამმართველოში.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ერთი და იმავე შინაარსის [მხოლოდ მდინარის დასახელებებია შეცვლილი] წერილებით, ერთსა და იმავე დღეს – 26 ივლისს, მიმართეს ბათუმის მერმა და ქობულეთის გამგებელმა.

ისინი თავმჯდომარეს დახმარებას სთხოვენ: „მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური სამსახურების მიერ აქტიურად ხორციელდება მყარი ნარჩენების შეგროვების და მდინარეების კალაპოტების მიმდებარე ტერიტორიების გაწმენდითი სამუშაოები, მდინარეების მიერ ჩამოტანილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ზღვისა და მიმდებარე პლაჟების დაბინძურების საკითხი ტურისტულ სეზონზე მაინც აქტუალურია. მოგმართავთ თხოვნით, შესაძლებლობის ფარგლებში გაგვიწიოთ დახმარება პრობლემის მოგვარებაში“.

თუმცა, მუნიციპალიტეტებს [აჭარის მთავრობასაც] შეეძლოთ ბიუჯეტის შედგენის დროს გაეთვალისწინებინათ აღნიშნული საკითხი და სპეციალური მოწყობილობები გაცილებით ადრე, ტენდერის საშუალებით შეესყიდათ და დაემონტაჟებინათ.

ამჯერად, ნარჩენების დამჭერი მოწყობილობის [400 გრძ/მ და ამდენივე მეტრი უჟანგავი ლითონის ბაგირის] შეძენის შემთხვევაში სამმართველო მას მდინარეებზე ორ კვირაში დაამონტაჟებს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ელოდება.

ამავე თემაზე:

ეკოლოგიურად დაბინძურებული მდინარეები და საფრთხეები

მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობება მდინარე ნატანებზე / თედო ჯორბენაძის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობება მდინარე ნატანებზე / თედო ჯორბენაძის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
მდინარე კინტრიშის შესართავი / ქობულეთი
მდინარე კინტრიშის შესართავი / ქობულეთი
მდინარე დეხვას შესართავი / ქობულეთი
მდინარე დეხვას შესართავი / ქობულეთი

 

აჭარის მთავრობის სხდომაზე ზურაბ პატარაძემ რეგიონში მიმდინარე პროექტები შეაჯამა

9 აგვისტოს, აჭარის მთავრობის სხდომა, 2018 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მთავრობის წევრებთან და მედიის წარმომადგენლებთან გასული დღეები შეაჯამა და ისაუბრა იმ წარმატებული პროექტების შესახებ, რომლებიც რეგიონში ხორციელდება.

დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა
დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა

ზურაბ პატარაძემ აჭარის მთის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიულოცა შუამთობის დღესასწაული, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება მაღალმთიან აჭარაში. მისი თქმით, განსაკუთრებით სასიხარულოა რომ წელს შუამთობა ხალხმრავლობით და უცხოელი ტურისტების სიმრავლით გამოირჩეოდა.

„ჩვენ რამდენიმე დღე ვიმყოფებოდით მაღალმთიან აჭარაში, მოვინახულეთ ხულოს ყველაზე მაღალი იალაღები. წელს დასრულდა 6 მთის ელექტროფიკაცია, რაც უპრეცედენტო პროექტია“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

წელს დასრულდა 6 მთის ელექტროფიკაცია
წელს დასრულდა 6 მთის ელექტროფიკაცია

მთავრობის თავმჯდომარემ კურორტ გოდერძიზე დაწყებული ახალი პროექტის შესახებაც ისაუბრა. კურორტზე 4 ახალი სასტუმრო აშენდება, რომელთა ინვესტიცია 80 მილიონ ლარს აჭარბებს. ზურაბ პატარაძის თქმით, განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ კურორტი განვითარების გეგმის მიხედვით ვითარდება და საბოლოო ჯამში 200 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას მოიცავს.

ისტორიულ პროექტად შეაფასა ზურაბ პატარაძემ მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი, რომლის განხორციელება უკვე დაწყებულია. პროექტი ბათუმიდან შუახევამდე უკვე შეძენილია და მშენებელი კომპანიაც უახლოეს პერიოდში გამოვლინდება.

კურორტზე 4 ახალი სასტუმრო აშენდება, რომელთა ინვესტიცია 80 მილიონ ლარს აჭარბებს
კურორტზე 4 ახალი სასტუმრო აშენდება, რომელთა ინვესტიცია 80 მილიონ ლარს აჭარბებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ასევე წარმატებულ ტურისტულ სეზონზე, ტურისტების რიცხვის განსაკუთრებულ ზრდაზე და აღნიშნა, რომ მხოლოდ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეში 20-22 ფრენა ხორციელდება, ხოლო 2017 წლის 6 თვის მონაცემებით ბათუმს ნახევარ მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 67%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მიმდინარე თემების შემდეგ, აჭარის მთავრობის ხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

 300-ზე მეტი საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტი აჭარის მუნიციპალიტეტებში

აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არჩილ ჩიქოვანმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და მთავრობის წევრებს ხუთივე მუნიციპალიტეტში დაგეგმილი საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინა.

„აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ 2017 წელს განხორციელდება 300-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი. დღევანდელ სხდომაზე მოთხოვნილი იქნა  ხუთივე მუნიციპალიტეტში 42 ხელოვნურ ნაგებობის, მათ შორის ერთი ხიდის მშენებლობისთვის საჭირო ფინანსები 1 255 631 ლარის ოდენობით.  41 ლოკაციაზე უნდა განხორციელდეს ფერდსამაგრი სამუშაოები, რისთვისაც კეთდება საყრდენი კედლები. პროექტები 42-ვე ობიექტთან დაკავშირებით მიმდინარე წლის შევიძინეთ. ყველა პროექტს აქვს საპროექტი-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და გეოლოგიური დასკვნები. პროექტებიდან 1 ხიდი შენდება ქედაში, დანარჩენი 41  პროექტი გადანაწილებულია ხუთივე მუნიციპალიტეტში“ – აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.

აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ ხაზი გაუსვა აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის  დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ პროექტებს. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, არაერთხელ დაესწრო გზების მოასფალტებისა და ბეტონის საფარის დაგების პროცესს აჭარის სხვადასხვა სოფელში. მისი თქმით, გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა არის ყველაზე მთავარი ჩვენი მოსახლეობისთვის და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. „მხოლოდ მიმდინარე წელს 300-ზე მეტი პროექტია დაგეგმილი აჭარის მუნიციპალიტეტებში და მათი 85 %  დასრულებულია ან მიმდინარე პროცესშია. სულ რეგიონს 87 კმ ახალი ასფალტის საფარიანი გზა ექნება, რაც შთამბეჭდავი ციფრია“ – აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე დღეს 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ იმსჯელეს.

რესპუბლიკური ბიუჯეტის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის მიმდინარე წელს გათვალისწინებულია 17 200 000 ლარი.

ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებელი თანხა საერთო ჯამში   შეადგენს 3 565 283 ლარს.  აღნიშნული თანხით განხორციელდება შემდეგი პროექტები: ბათუმში  მრავალსართულიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობისა და კომუნალური სისტემების მოწესრიგების პროექტები, ასევე რესტავრაცია ჩაუტარდება მრავალსართულიანი სახლების ძველ ლიფტებს და აუცილებლობის შემთხვევაში დამონტაჟდება ახალი ლიტფები. მოეწყობა ქუჩები გონიო-კვარიათის დასახლებებში. თანხები გათვალისწინებული იქნება ასევე ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების სამუშაოებისა და ქედის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ნაგავმზიდი მანქანის შეიძენისათვის.
 

მთავრობის სხდომის სხვა საკითხები

მთავრობის სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად, სს „მეტრო ატლას ჯორჯიას“ მიმართ რიგი ღონისძიებების განხორციელების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საუბარია 13 000 ლარის ოდენობის პირობით ჯარიმაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ კომპანია ჯარიმისგან თავისუფლდება. იმ შემთხვევაში თუ კომპანია არ შეასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც დამატებით აიღო, მის წინააღმდეგ საჯარომო სანქციები განხორციელდება.

20626273_448870618832772_5384891132810698703_o

„კომპანიას თავდაპირველად ჰქონდა ვალდებულება განეხორციელებინა 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია კურორტ გოდერძზე. მას უნდა აეშენებინა მინიმუმ 100-ნომრიანი სასტუმრო. საბოლოოო ჯამში, პროექტის დამუშავების დროს გამოიკვეთა, რომ დამატებით ინვესტიციებსა და დამატებით სასტუმრო ნომრებზეა საუბარი. საბოლოო ჯამში მივიღებთ, რომ მინიმუმ 120 ნომრიანი სასტუმრო აშენდება და განხორციელდება მინიმუმ 12 მილიონი დოლარის ინვესტიცია“ – აღნიშნა რამაზ ბოლქვაძემ.

რაც შეეხება „ბედეგი ბილდინგს“, როგორც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, „უნდა აშენებულიყო მრავალფუნქციური ობიექტი, აქაც შეიცვალა საბოლოო ჯამში პროექტი და ნაცვლად 150 000 ლარისა, ხორციელდება მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია. ამ ეტაპზე არცერთ კომპანიას ჯარიმა არ ერიცხება. საუბარი არის ვადების შეცვლაზე. „ბედეგი ბილდინგის“ შემთხვევაში იცვლება დასრულების ვადა და გადადის 2018 წლის 31 მარტამდე.“

ავტომანქანის ნომრის ამომცნობ 150 ვიდეოკამერას ბათუმის მერია ნახევარ მილიონ ლარად ყიდულობს

ავტომანქანის სახელმწიფო ნომრის ამომცნობ ვიდეოსამეთვალყურეო კამერებს ბათუმის მერია 539 250 ლარად შეისყიდის. ამჯერად კამერები უნდა იყოს ანალიტიკურ პროგრამულ უზრუნველყოფასთან თავსებადი, ამასთან, აღნიშნულ თანხაში შედის კამერების თანმდევი მომსახურებაც.

მერიამ შესაბამისი ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვის გზით უკვე გააფორმა შპს „დელტა კონსალტინგთან“ 150 ვიდეოკამერაზე. თანხა ქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

ანალოგიურ სათვალთვალო კამერებს შეისყიდის აჭარის დანარჩენი ხუთი მუნიციპალიტეტიც:

CX

შეძენილი ვიდეოკამერები შსს-ში დასაწყობდება და კომპანიის მიერ, შსს-სა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა ჩართულობით, ეტაპობრივად დამონტაჟდება. შემსყიდველს, ანუ მუნიციპალიტეტს, უფლება აქვს კომპანიას მოსთხოვოს არაუმეტეს 20 კამერის დამონტაჟება პროგრამის – „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ ფარგლებში.

მუნიციპალიტეტების მიერ ვიდეოკამერების შესყიდვის დეტალებზე საუბარია შს მინისტრის მოადგილის, დავით ვარდიაშვილის წერილში, რომელიც მან აჭარის მუნიციპალიტეტებს გაუგზავნა:

12

 

 

 

რატომ უნდა აირჩიოთ საბავშვო ბაღი „ანი ბანი“

საბავშვო ბაღი „ანი ბანი“ ბათუმში გასული წლის სექტემბერში გაიხსნა. სანამ ბაღს გავხსნიდით, მის მოწყობაზე, აღჭურვასა და თითოეულ დეტალზე დიდხანს ვიფიქრეთ და ვიმუშავეთ. ცხადია, შედეგმაც არ დააყოვნა – ჩვენი ბაღი ყველა თანამედროვე სტანდარტს პასუხობს. „ანი ბანიში“ დაცულია ჰიგიენის, უსაფრთხოების, ასევე სამზარეულოს მოწყობისა და პროდუქტის შენახვის აუცილებელი ნორმები.

საბავშვო ბაღის სისტემას თავისი სპეციფიკა და სტანდარტი აქვს.  სტანდარტი დაცული უნდა იყოს არა მხოლოდ სწავლა-განათლებაში, არამედ საბავშვო ბაღის განთავსების ობიექტშიც.

„ანი ბანის“ არსაზრდელები ინგლისური პედაგოგთან ერთად
„ანი ბანის“ აღსაზრდელები ინგლისური ენის პედაგოგთან ერთად

ამ მხრივ „ანი ბანი“ ერთ-ერთი გამორჩეულია – მდებარეობს ბათუმის ცენტრალურ უბანში, ბარათაშვილის ქუჩაზე, N23-ში [ცირკის შენობა], აქვს ფართო სივრცე, მზიანი ოთახები, კლასებში ინვენტარი მორგებულია ყველა ასაკობრივ ჯგუფზე, ავეჯი არის ეკოლოგიურად სუფთა (ხის) და უსაფრთხო. გვაქვს ადაპტირებული ტუალეტები, გათბობა და კონდიცირება.

საუკეთესო – ასე შეაფასა საბავშვო ბაღი „ანი ბანი“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ივნისში ჩატარებული შემოწმების შედეგად.

[red_box]ჩვენი უპირატესობაა[/red_box]

[checklist]

  • შემოქმედებითი კოლექტივი, კომპეტენტური პედაგოგები
  • მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და გასართობი პროგრამები – დღესასწაულები, ექსკურსიები, კულტურული ღონისძიებები
  • კრეატიულობის განსავითარებელი თამაშები ახალი ტექნოლოგიებითა და სასწავლო მასალებით
  • ჯგუფური მეცადინეობები ხატვაში, მუსიკასა და ქორეოგრაფიაში, ვარჯიშის ელემენტებით
  • მაღალხარისხიანი სამჯერადი კვება
  • ინგლისური და რუსული ენის შესწავლა
  • ყოველდღიური სიახლეების განთავსება საბავშვო ბაღის ფეისბუქგვერდზე

[/checklist]

[red_box]ხარისხიანი განვითარების პროგრამა[/red_box]

ჩვენი საბავშვო ბაღის მიზანია სწავლების ისე წარმართვა, რომ ეს პროცესი პატარებისთვის იყოს სახალისო. ამ მიზნის მისაღწევად საბავშვო ბაღში  განვითარების სპეციალური პროგრამები გვაქვს შემუშავებული, რომელიც სახელმწიფო სტანდარტებს ეყრდნობა და თითოეულ ასაკობრივ ჯგუფზე არის მორგებული.

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, ბაღიდან გასული ბავშვი ადვილად შეეგუოს სასკოლო გარემოს. ამიტომ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბავშვები სკოლასთან შესაგუებლად მაქსიმალურად მომზადებულები გავუშვათ.

საბავშვო ბაღში გვაქვს სპეციალური სახელმძღვანელოები, თითოეული ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისი. თვის განმავლობაში ბავშვები განსაზღვრულ პროგრამას გადიან. გვაქვს ხატვის, ცეკვისა და მუსიკის გაკვეთილები.

სწავლება რამდენიმე ძირითად კრიტერიუმზე დაყრდნობით მიმდინარეობს:

[checklist]

  • ჯანმრთელობა, ფიზიკური განვითარება
  • სოციალურ-ემოციური განვითარება
  • შემეცნებთი განვითარება
  • ზოგადი ცოდნა
  • მეტყველების განვითარება

[/checklist]

ბავშვებს ინგლისური ენის გაკვეთილებს უტარებს მოწვეული გამოცდილი სპეციალისტი. ჯგუფში ქართველი ბავშვების გარდა რუსულენოვანი ბავშვებიც სწავლობენ – პატარები უკრაინიდან, რუსეთიდან და ყაზახეთიდან.

საგანმანათლებლო გაკვეთილების გარდა ხშირად შემეცნებითი სახის გასვლებსაც ვაწყობთ, რომლის მიზანიც სწავლების ბუნებასთან დაკავშირებაა. შემოდგომაზე გონიოში მოვაწყვეთ ტური, ცოტა ხნის წინ – ორთაბათუმში. ბუნებასთან კონტაქტი ბავშვებს განსაკუთრებით ახალისებს.

bagi5

ჩვენთვის პრიორიტეტია ჩვენი პატარების დაბადების დღეების აღნიშვნაც. ყოველი კულტურული ღონისძიების შემდეგ კი, ბავშვებთან ერთად ნახატების გამოფენას ვაწყობთ.

[red_box]ინდივიდუალური მიდგომა[/red_box]

ინდივიდუალური მიდგომის მეთოდი ჩვენი ბაღის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია. თუ ბავშვი სპეციალურად მისთვის მორგებული მეთოდით არ სწავლობს, იწყებს მასალის დაზეპირებას. ჩვენ ამას მაქსიმალურად ვარიდებთ თავს, რადგან დაზეპირებას  გაცნობიერებული სწავლა ჯობია.

შესაბამისად, ბავშვებთან სხვადასხვა სახის გასართობ-შემეცნებითი თამაშებით ვმუშაობთ. გვაქვს ინტელექტის განსავითარებელი პაზლები, საზეიმო და გასართობი ტანსაცმელი. ეს ყველაფერი ახალისებს პატარების ყოველდღიურობას.

[red_box] ჩვენი გუნდი[/red_box]

საბავშვო ბაღში მუშაობს მოსიყვარულე და შემოქმედებითი პერსონალი. შესაბამისად, ჩვენთან არის სახლის სიმყუდროვესთან მაქსიმალურად მიახლოებული გარემო.

ამჟამად ბაღში 30 ბავშვი გვყავს. ჯგუფი გათვლილია 15 ბავშვზე, მათთან მუშაობს ერთი ძიძა და ორი მასწავლებელი. სექტემბრიდან ვგეგმავთ 1,5-დან 6 წლამდე ბავშვების ჯგუფების შექმნას. ყველა ასაკობრივ  ჯგუფში სულ სამოცამდე ბავშვი გვეყოლება. თითოეულ ჯგუფთან იმუშავებენ: ძიძა, ინგლისურის, მუსიკის, ცეკვისა და ხატვის პედაგოგები. ამის გარდა, ბაღს თავისი ფსიქოლოგი, ლოგოპედი და ექთანი ჰყავს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 10 48 48

„მეტრო ატლას ჯორჯიას“ აჭარის მთავრობა ჯარიმებისგან ათავისუფლებს

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიეცა თანხმობა სს „მეტრო ატლას ჯორჯია“ გაათავისუფლოს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის განსაზღვრული ჯარიმებისაგან იმ პირობით, თუ შესრულებული იქნება ყველა ის ვალდებულება, რაც გათვალისწინებულია ნასყიდობის ხელშეკრულებით.

„საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად სს „მეტრო ატლას ჯორჯიას“ მიმართ რიგი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“, აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ისაუბრებს.

რამაზ ბოლქვაძე შპს „ბედეგი ბილდინგის“ მიმართაც წარადგენს ინფორმაციას. საქმე ეხება „ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შეცვლას, რაც ითვალისწინებს ქ. ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მდებარე 1128 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 150 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებისას, არასაცხოვრებელ ფართობებში მომსახურებისა და კვების ობიექტების განთავსებას, რის შემდეგაც ობიექტი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. ეს კი სამომავლოდ გაზრდის დასაქმებულთა რაოდენობას. შპს „ბედეგი ბილდინგი“ ითხოვს, საზოგადოებრივი ან/და მომსახურების ობიექტის მოწყობის და ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2018 წლის 1 მარტამდე პერიოდში“ – აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

დღეს, 9 აგვისტოს, აჭარის მთავრობის სხდომა იმართება, რომელსაც მთავრობის წევრებთან ერთად ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე, ქედის გამგებელი დავით დუმბაძე და აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძრვანელი არჩილ ჩიქოვანი ესწრებიან. მთავრობის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. 

ზემოაღნიშნულის გარდა მთავრობა აჭარის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ იმსჯელებს.

მთავრობის ინფორმაციით, ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის მიმდინარე წელს გათვალისწინებულია 17 200 000 ლარი: „ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი 12 პროექტის დასაფინანსებელი თანხა საერთო ჯამში შეადგენს 3 565 283 ლარს. მათ შორის: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი- 5 პროექტი (1 255 631 ლარი) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტი- 5 პროექტი (1 974 973 ლარი) ქობულეთის მუნიციპალიტეტი- 1 პროექტი (163 693 ლარი) ქედის მუნიციპალიტეტი- 1 პროექტი (170 986 ლარი)“.

მთავრობა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისათვის სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზეც იმსჯელებს. განკარგულების პროექტი ითვალისწინებს: სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ იურიდიულ მომსახურებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები 10 489 ლარის ფარგლებში განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

ბათუმი-ქედის გაზსადენის მშენებლობის ზედამხედველს სამინისტრო ტენდერით შეარჩევს

ბათუმი-ქედის მონაკვეთის [ხიჭაურის დასახლებამდე] გაზსადენის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 126 700 ლარი აქვს გათვალისწინებული. სამინისტრო ტექნიკურ ზედამხედველს ტენდერით შეარჩევს.

ტექნიკურმა ზედამხედველმა ტექნიკური ზედამხედველობა გაზსადენის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოებასა და მათ ხარისხიანად შესრულებაზე 18 თვის განმავლობაში უნდა განახორციელოს. გაზსადენი წელიწადნახევარში უნდა აშენდეს, მაგრამ თუ სამშენებლო სამუშაოების დასრულება ვერ განხორციელდა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში, ტექნიკური ზედამხედველი ვალდებული იქნება, ზედამხედველობა განახორციელოს სამშენებლო სამუშაოების საბოლოოდ დასრულებამდე, ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე.

ზედამხედველის შესარჩევად გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 16 აგვისტოს დასრულდება.

ბათუმი-ქედის მონაკვეთის [ხიჭაურის დასახლებამდე] გაზსადენის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 26 მილიონ 100 ათასი ლარია გამოყოფილი. მშენებლობაზე ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2 აგვისტოს გამოაცხადა. გაზსადენის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან წელიწადნახევარში უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი 2017 წლის 14 აგვისტოს მთავრდება.

ახალი გაზსადენის მშენებლობა ბათუმში, სალიბაურის დასახლებაში, დაიწყება და შინდისისა და სვიშევსკის ქუჩების გავლით გაზსადენი გადავა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ სამებაში. სამებადან გაზსადენი გაივლის მარშრუტს: ახალშენი-ხეღრუ-ქვემო ჯოჭო-ერგე, ერგედან მდინარე ჭოროხის გასწვრივ-მდინარე აჭარისწყლის გასწვრივ-სოფელი აჭარისწყალი-მაღლაკონი.

მაღლაკონიდან გაზსადენი გადავა ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ დოლოგანთან. აქედან გაზსადენი მიყვება მდინარე აჭარისწყლის ხეობას [ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალს]: ქვედა მახუნცეთი-პირველი მაისი-ცხემნა-დაბა ქედა-ცხმორისი-კოკოტაური-დანდალო.

დანდალოდან გაზსადენი გადავა შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ხიჭაურში.

ცხოვრება ქალთა კოლონიაში და გარეთ

„ნუ შეცვლით ჩემს სახელს, დასამალი რა მაქვს“, – ასე იწყებს მირანდა მაზმანოვა საუბარს. „მინდა, ადამიანმა აღიქვას ყველა ის სირთულე, რაც პატიმრობას და პატიმრობის შემდეგ პერიოდს  მოაქვს“, – მიხსნის ქალი და პირველ შეკითხვას ელოდება.

მირანდა მაზმანოვას მოსაყოლი ბევრი აქვს, ინტერვიუ ორ საათამდე გრძელდება, ამბებიც არ ენანება, ინტერვიუს შუა ნაწილში კითხვებსაც აღარ ვსვამ, მირანდა აგრძელებს მოყოლას, თვითონ უკეთ იცის, რა უნდა მოყვეს, როგორ უნდა მოყვეს, რისი თქმა არის საჭირო, რისი თქმა არ არის საჭირო. ეცვლება განწყობები, ხან გულით იცინის, ხან თვალები უწყლიანდება, ხან გაბრაზდება, ხან სევდიანდება. დაუნანებლად მიყვება იმ წლებზე, როცა ქალთა ციხეში იჯდა, მიყვება იქაურ ამბებზე, აღწერს პატიმარი ქალების ყოველდღიურობას, აცოცხლებს ყველა მისი მეგობარი პატიმარი ქალის ხასიათს, ხელების მოძრაობით, მიმიკებით, სხვა ადამიანების იმიტირებით ცდილობს დამანახოს ის, რაც მე აქამდე არ მინახავს.

მირანდამ ციხეში ოთხი წელი  გაატარა – სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გაასამართლეს. სამი წლის წინ გაათავისუფლეს ამნისტიით. დღეს ის სოციალურად დაუცველია, სამ შვილთან და დედასთან ერთად თავშესაფარში ცხოვრობს. მუშაობს მეგობრის კაფეში – ბევრი საფიქრალი აღარ აქვს, ბინის ქირის გადახდა აღარ უწევს, არც ერთი სახლიდან მეორეში მუდმივი გადაბარგება, არც ქუჩაში ათენებს მცირეწლოვან შვილებთან ერთად, მაგრამ როგორც თვითონ თქვა, აქამდე მოსვლა ძალიან გაუჭირდა, სამი წელი იბრძოდა, დადიოდა სხვადასხვა ინსტანციაში, ვინმე რომ დახმარებოდა, ხელი შეეწყოთ ციხიდან გამოსული ქალისთვის.

„სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი, მთელი სკანდალებით, მთელი უბედურებებით, ტელევიზიებით მივასკდი ყველა სამთავრობო ინსტანციას, პირდაპირ ვეუბნებოდი, მიჩალიჩებთ, რომ უკან, ციხეში დამაბრუნოთ? რვაჯერ დავწერე განცხადება სოციალურად დაუცველის სტატუსზე, არაფერი არ მქონდა, ნაქირავებში ვცხოვრობდით „პადვალში“, უბედური ტელევიზორი გვქონდა, ძველი საწოლები, საშინელი კარადები და არ მაძლევდნენ სოციალურ სტატუსს. ბოლოს და ბოლოს, მეცხრე განცხადება დაამტკიცეს და მომენიჭა სტატუსი, ძლივს შემასახლეს თავშესაფარში. იქ რაც შევსახლდი, ამოვისუნთქე“.

არც დასაქმების მხრივ იყო უკეთესი მდგომარეობა ქალისთვის, ყველა ოფიციალური დაწესებულება ავსებინებდა ანკეტას, როგორც კი დაინახავდნენ, რომ ნასამართლევი იყო, მაშინვე უარს ამბობდნენ დასაქმებაზე. ბოლოს გამოჩნდა სამსახური, მუშაობდა საოჯახო სასტუმროში, სადაც მთელ დღეს ატარებდა, მისი ძირითადი მოვალეობა სტუმრებისთვის სუფრის გაშლა და ჭურჭლის გარეცხვა იყო. უხდიდნენ დღეში ათ ლარს, მაგრამ ამ მცირე ანაზღაურებაზეც კი თანახმა იყო.

კითხვაზე, უნდა ენდოს თუ არა დამსაქმებელი ყოფილ პატიმარს სამსახურში, მპასუხობს, რომ ერთი შანსი ყველას სჭირდება. თავადაც, თუ ახალი თანამშრომელი სჭირდებათ კაფეში, პირველ რიგში, ნაცნობ თუ მეგობარ პატიმრებს ურეკავს.

ციხეში გატარებულ წლებზე ამბობს, რომ მისთვის ერთადერთი სასჯელი ოჯახისგან შორს ყოფნა იყო, სხვა მხრივ, ქალთა კოლონიებში ცხოვრება მისთვის არ აღმოჩნდა რთული. „ყველაზე რთული არის ბავშვებთან დაშორება, რატომღაც ყველა ფიქრობს, რომ ქალთა ციხე არის სასჯელი, მე კიდე ყოველთვის ვამბობდი – ციხე არ არის სასჯელი, სასჯელი არის ის, რომ არ იცი, როგორ არიან შენი შვილები, რას ჭამენ, რას სვამენ, რას აკეთებენ. სასჯელს არ ვიხდიდი მე, სასჯელს იხდიდა ჩემი ოჯახი, დედაჩემი, ჩემი შვილები“.

ციხეში ყოველი დღე მირანდასთვის იწყებოდა ნერვიულობით, როდის გაიხსნებოდა კარი და როდის შეძლებდა ოჯახთან დარეკვას. როგორც კი გაიგონებდა დედის ხმას, შვილების ხმას, დარწმუნდებოდა, რომ არაფერი უჭირთ, მერე მთელი დღე მშვიდად იყო. ციხეში ყოფნის დროს სტილისტად მუშაობდა, ფულის გამომუშავებასაც ახერხებდა და ოჯახს უგზავნიდა.

საკანში ექვსი საწოლი იყო და ხუთ პატიმარ ქალთან ერთად ცხოვრობდა: „ჩვენ ვიყავით ერთი ოჯახი. თუ გვიხაროდა, ერთად გვიხაროდა, თუ გვწყინდა, ერთად გვწყინდა, თუ სატირალი იყო, ერთად ვტიროდით, ვზრუნავდით ერთმანეთზე, ვჭამდით ერთად, ყველაფერს ვინაწილებდით. დღეს მე არ მქონდა, სხვას ექნებოდა, ჩემი ან შენი იქ არ არსებობდა.

„იქ დავტოვე ნახევარი გული, ძალიან ახლობლები იყვნენ, იმხელა გზა გავიარე ამ ხალხთან ერთად, ისინი უკვე ჩემი ოჯახია, დღე არ გავა, მათზე რომ არ ვიფიქრო,  ვახსენო, მოვიკითხო. მე ჩემი გოგოების გამოსვლის შემდეგ ვიგრძნობ თავისუფლებას. ბევრი მეუბნება, შენ ვერ გამოხვედი მირანდა, შენ ისევ იქ ხარ, შენს გოგოებთანო“.

მირანდას ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს შვილებს, დღეს ყველაფერს შვილების გამო აკეთებს. შვილები რომ არა, ამდენ ძალას ვერ იპოვიდა საკუთარ თავში, ვერც აქამდე მოვიდოდა, შვილები არიან მისი ყოველდღიური საფიქრალი. როგორც კი ციხიდან გამოვიდა და გაიგო, რომ შვილები დედის სტატუსის გამო სკოლაში თავს ცუდად გრძნობდნენ, სკოლა შეუცვალა. მერე ბევრი ელაპარაკა, აუხსნა, რომ სამარცხვინო არაფერი გაუკეთებია, რომ არაფერი აქვთ დასამალი, ბევრი რამე ხდება ცხოვრებაში და ძალიან ბევრი ადამიანია პატიმარი. „თუ ვინმეს ჩემთან ან ჩემს შვილებთან მეგობრობა არ უნდა, ნუ იმეგობრებენ“ – ამას ასწავლის ის შვილებს. ცდილობს, რომ ზუსტად ისეთივე თავდაჯერებულები იყვნენ, როგორიც თვითონ არის.

შვილებთან პირველ რიგში მეგობრობას ცდილობს. ამბობს, რომ აკრძალვებს აზრი არ აქვს. სანამ დრო აქვთ მშობელს და შვილებიც მზად არიან მოუსმინონ დედებს, უმჯობესია ასწავლონ, რა არის მათი შვილებისთვის კარგი და რა – ცუდი.

სამომავლო გეგმებზე ბევრს არ ლაპარაკობს, ამბობს, რომ ამ ქვეყანაში მომავალს ვერ ხედავს, ხალხზე არავინ ფიქრობს, არ უნდა, რომ შვილების ცხოვრებაც ისეთივე რთული იყოს, როგორც მისი ცხოვრებაა. უნდა, რომ შეეძლოს შვილებთან ერთად დასასვენებლად წასვლა,  მშვიდად ცხოვრება, ბევრ ფულში ვერ ხედავს ბედნიერებას, ყოველთვის იცის, რამდენია მისთვის და მისი ოჯახისთვის საკმარისი.

პატიმრების სიმრავლეს ციხეებში სახელმწიფოს აბრალებს, უნახავს ბევრი ადამიანი, რომლებიც გაჭირვების, უფულობის გამო ჩადიოდნენ დანაშაულს, იხსენებს გოგონას ისტორიას, რომელიც ციხეში მასთან ერთად ქათმის მოპარვის გამო იჯდა. „დღეს გარეთ ვინც არის, ის უფრო არის პატიმარი, თორემ შიგნით, ქალთა კოლონიებში, საჭმელზე ჩვენ არ ვფიქრობდით, არაფერზე არ ვდარდობდით, გარეთ უფრო გიწევს ბრძოლა“.

მირანდაც ყვება თავის ბრძოლაზე, ყვება თავის წარსულზე, სასჯელზე, ყვება რისი გადატანა უწევდა პატიმრობის დროს, ყვება, რა გზებს მიმართავს ახლა, უკეთესი ცხოვრება რომ ჰქონდეს, ყვება დედაზე, რომელიც ეხმარება, ყვება დედამთილზე, ყვება თავის მეგობარ ქალზე, რომელიც დროებით მასთან ერთად ცხოვრობს და ეხმარება შვილების გაზრდაში, ყვება ქალებზე, რომლებიც ციხეში არიან – ტანიაზე, რუსიკოზე, მაშაზე, მის ისტორიაში ვერ გაიგებთ ერთი კაცის სახელსაც კი.

მირანდას არ სჭირდება არავის დახმარება, არავისთვის ფული არ მოუთხოვია, არავისთვის შეუხედავს ხელებში, ყოველთვის იცოდა, რომ იყო თვითონ და სამი შვილი, იცოდა, რომ ეს პასუხისმგებლობა ყველაზე მნიშვნელოვანია და სანამ შეეძლება შვილების გამო ბრძოლა, იქამდე იბრძოლებს, ეცდება ყველაფერი გააკეთოს. ეს ბრძოლა ქალისთვის ხშირად რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი.

საუბრის ბოლოს ისევ პატიმარ ქალებს ახსენებს, „в мире есть семь чудес, пусть случился восьмой და ეს კედლები ჩამოიქცეს და ყველა გათავისუფლდეს“. მირანდა ამბობს, რომ 25-წლიან პატიმრობას არანაირი შედეგი არ აქვს, არაფერს აძლევს ადამიანს. მისი აზრით, უკეთესია, პატიმარ ქალებს კიდევ ერთი შანსი მივცეთ, იქნებ თავიდან დაიწყონ ახალი, უკეთესი ცხოვრება.

რთული სათქმელია, რამდენად არის მირანდას ახალი ცხოვრება უკეთესი, მაგრამ ფაქტია, ქალი ხელების ჩამოყრას არ აპირებს და არასდროს შერცხვება თავისი სახელის ხმამაღლა თქმა.


მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

20624645_1400550476702465_358404521_n

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი

საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ადამიანებს უჭირთ თავის დამკვიდრება. მათ წინააღმდეგობები ხვდებათ არათუ ქუჩაში, დამსაქმებლებთან, არამედ ოჯახის წევრებთანაც კი. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ უკვე მეშვიდე თვეა მუშაობს „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტზე“. ბიზნესის წამოწყება, პროფესიული გადამზადება, სამართლებრივი მხარდაჭერა – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რა მიმართულებითაც „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ამ ჯგუფებს ეხმარება. პროექტის დეტალებზე ორგანიზაციის დამფუძნებელს, გენო გელაძეს ვესაუბრეთ.

გენო, რას ითვალისწინებს პროექტი?

პროექტი მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებს და პრობაციონერებს განათლებაში, პროფესიის შესწავლაში, საარსებო წყაროების შექმნაში, სოციალურ აქტივობებში ჩართვაში, იურიდიული საკითხების მოგვარებაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

რამდენი ბენეფიციარის [ყოფილი პატიმრები, მათი ოჯახის წევრები, პრობაციონერები] მხარდაჭერა შეგიძლიათ თქვენი პროექტის ფარგლებში და რომელ რეგიონებში?

პროექტი, რომელიც „ევროკავშირის“ მხარდაჭერით მიმდინარეობს, საქართველოს ოთხ რეგიონში ხორციელდება. კერძოდ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გურიის რეგიონში, სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონში, იმერეთის რეგიონში. ჩვენ შეგვიძლია ყველა რეგიონში ასობით ბენეფიციარს დავუჭიროთ მხარი და, ბუნებრივია, ყველა სერვისში ბენეფიციართა რაოდენობა სხვადასხვა იქნება. ეს დამოკიდებულია იმაზე, რომელ რეგიონში და მუნიციპალიტეტში რა სერვისებზე იქნება უფრო მოთხოვნა. პროექტის ფარგლებში ჯამში ჩვენი სერვისებით, საშუალოდ, 3800-მდე ბენეფიციარი მიიღებს სარგებელს.

პროექტის ერთ-ერთ კომპონენტზე – ყოფილი პატიმრების განათლების ხელშეწყობაზე რომ გვითხრათ, რას ასწავლიან თქვენთან ყოფილ პატიმრებსა თუ მათი ოჯახის წევრებს?

ვაფინანსებთ იმ საგანმანათლებლო სერვისებს, რაც წარმოადგენს ბენეფიციარის ინტერესის სფეროს. ეს შეიძლება იყოს როგორც რაიმე ხელობის შესწავლა, ასევე სხვადასხვა გამოყენებადი პროფესიის დაუფლება. განათლების სერვისები მოიცავს როგორც საბუღალტრო პროფესიის, ასევე ავტომობილის მართვის შესწავლას, კერამიკული ფილების მოწყობას, შელესვას და ა.შ. ანუ, ყველაფერს, რაც მოკლე დროში ისწავლება და სწავლის პარალელურად, ან დასრულებისთანავე მაღალი ალბათობით იძლევა დასაქმების შესაძლებლობას.

ყოფილი პატიმრები, როგორც წესი, ირჩევენ მოკლევადიან სასწავლო პროგრამებს და სტაჟირებას, რაც მათი დასაქმებისკენ იქნება მიმართული. ამიტომ ხშირად ჩვენ ვირჩევთ არა პროფესიული სასწავლებლების, არამედ სხვადასხვა დარგის სპეციალისტთან ინიდივიდუალური სწავლებისა და სტაჟირების მოდელს, რაც ძალიან ეფექტური და შედეგზე ორიენტირებულია. მაგალითად: ბენეფიციარი, ვისაც სურს ავტომობილის სავალი ნაწილების შემკეთებლის პროფესიას დაეუფლოს, მას სტაჟირების ფორმით მივავლენთ სახელოსნოში, სადაც ის პრაქტიკულად ეუფლება პროფესიას, შემდეგ შევუსყიდით საჭირო ინსტრუმენტებს და ჩვენი დახმარებით ან მისივე აქტიურობით ადვილად იწყებს მუშაობას.

პროექტი მცირე საოჯახო საწარმოების დაფინანსებას ითვალისწინებს – რამდენი პროექტის დაფინანსება იგეგმება და რამდენია მაქსიმალური თანხა, რის გაცემასაც ითვალისწინებს პროექტი?

მე პროექტის ამ მიმართულებას მცირე საწარმოს ნაცვლად, შემოსავლის წყაროებით უზრუნველყოფას დავარქმევდი. საქმე იმაშია, რომ როცა გვეუბნებიან ტერმინს „საწარმო“, მასშტაბების მიუხედავად წარმოვიდგენთ დიდ ობიექტს, რომელშიც ხუთასი ადამიანი მუშაობს. არადა, პატარა წისქვილი, კაფე, საცხობი და ა.შ. ასევე საწარმოებია. ჩვენ ბენეფიციარებს ვთავაზობთ თვითდასაქმების ხელშეწყობას იმგვარად, რომ მოიფიქრონ საქმე, რომელსაც თავად გააკეთებენ და რომელიც მათი ოჯახისთვის შემოსავლის წყარო გახდება. ეს საქმე შეიძლება წამოიწყოს ერთმა ბენეფიციარმა ან რამდენიმემ ერთად. თვითდასაქმების მსურველებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მოგვმართონ და მიიღონ მხარდაჭერა. ბუნებრივია, დადგენილია შესაბამისი პროცედურა, რასაც პროექტის თანამშრომლები დეტალურად განუმარტავენ ყველა დაინტერესებულ ბენეფიციარს. მეტიც, ჩვენ ყველას ვეხმარებით იდეის დამუშავებაში და იმგვარად განვითარებაში, რომ დაგეგმილი საქმე იყოს შემოსავლის მომტანი და გამოირიცხოს რისკები, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ იდეის განხორციელებას.

რა ტიპის პროექტს აქვს დაფინანსების შანსები?

ნებისმიერი საქმიანობა, რაც საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულია. ეს შეიძლება იყოს ხელობა, ხელსაქმე, სუვენირების დამზადება, კერვა, ცხობა, შეშის დახერხვა, მანქანის რეცხვა, წისქვილი და ა.შ.

ვინ წყვეტს, რომელი პროექტი უნდა დაფინანსდეს და რომელი არა?

ვფიქრობ, ამ პროცესს ძალიან ობიექტურად ვაკეთებთ. კერძოდ: პროექტის ფარგლებში თვითდასაქმების მსურველთა განცხადებას განიხილავს პროექტის განმახორციელებელი ოთხი ორგანიზაციის წარმომადგენელი (პროექტის რეგიონების კოორდინატორები) იმავე სოციალური მუშაკების მონაწილეობით, ვინც მუშაობენ ამ ბენეფიციარებთან და შეფასებული აქვთ მათი შესაძლებლობები. როგორც წესი, თუ წარმოდგენილ განაცხადს, თუნდაც იდეის დონეზე აქვს განვითარების შესაძლებლობა, პროექტის გუნდი ეხმარება განმცხადებელს იდეის დამუშავებაში. მაქსიმალურად ვცდილობთ, საშუალო ხარისხის განაცხადიც კი, გავაძლიეროთ და მხარი დავუჭიროთ. ანუ, თუ იდეა კარგია და აქვს განვითარების პერსპექტივა, ის აუცილებლად ხორციელდება.

ბუნებრივია, გვაქვს შემუშავებული განაცხადების შეფასების, შერჩევისა და მხარდაჭერის დეტალური პროცედურები, კრიტერიუმები და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია ეს ინფორმაცია.

ძირითადად რა ტიპის განაცხადები შემოდის ყოფილი პატიმრების თუ მათი ოჯახის წევრებისგან?

ამ ეტაპზე პოპულარულია ხელობა, ანუ ხელოსნების განაცხადები, საცხობი და სუვენირების დამზადება.

პროექტის ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა სოციალური საწარმოს ამოქმედება. რას გულისხმობს ეს იდეა?

სოციალური საწარმოები ოთხივე რეგიონში ამოქმედდება, რომლებიც ამ რეგიონებისთვის პრეცედენტული იქნება. საწარმოებში, ძირითადად, დასაქმდებიან პატიმრები, ყოფილი პატიმრები და პრობაციონერები. ეს არის ძალიან საინტერესო ინიციატივა, რომელიც აუცილებლად თავის სიტყვას იტყვის საქართველოში ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახების, პრობაციონერების დასაქმების, ასევე, ზოგადად, მცირე დანახარჯებით სამუშაო ადგილების შექმნის საქმეში. ეს იქნება ჩვეულებრივი პატარ-პატარა ბიზნესობიექტები, სადაც პროექტის ბენეფიციარები იმუშავებენ. ამ იდეის შესახებ ჯერჯერობით მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან ერთგვარი კომერციული საიდუმლოა, თუმცა სამ, მაქსიმუმ ოთხ თვეში აუცილებლად ავამუშავებთ პროექტის ფარგლებში პირველ საწარმოს და პირველი სწორედ თქვენი მკითხველი გაიგებს ამის შესახებ.

ყოფილი პატიმრები ის ჯგუფია, ვისთან კონტაქტსაც საზოგადოება, ძირითადად, თავს არიდებს. თქვენ რატომ გადაწყვიტეთ პატიმრებზე მორგებული პროექტის განხორციელება?

სამწუხაროდ, თქვენი კითხვა საფუძვლიანია და ჩვენ, ქართულ საზოგადოებას, ამ მხრივ მართლაც გვაქვს მცდარი სტერეოტიპები. მე არ ვეკუთვნი საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც მიიჩნევს, რომ პატიმრები, პატიმართა ოჯახები, ყოფილი პატიმრები, პრობაციონერები თურმე საშიშნი ან არასანდონი არიან. პირიქით, ესენი არიან ჩვენი ღირსეული თანამოქალაქეები, რომელთაც დაუშვეს შეცდომა და ამისთვის სასჯელის მოიხადეს. კარგად თუ დავფიქრდებით, ყველა ჩვენგანს აღმოგვაჩნდება ისეთი შეცდომა დაშვებული, რაც, უბრალოდ, შეუმჩნეველი დარჩა, თორემ ამ ადამიანების რიგებში ვიქნებოდით. ამქვეყნად უშეცდომოს იცნობთ ვინმეს?!

უკვე 12 წელია ვმუშაობთ ყოფილ პატიმრებთან, პატიმართა ოჯახებთან, პრობაციონერებთან და არც ერთხელ არ მინანია ეს. უფრო მეტიც, არც ერთი შემთხვევა არ არსებობს ათასობით მაგალითიდან, რომ ჩვენმა ბენეფიციარებმა, რომლებიც სხვადასხვა ადგილას სწავლობდნენ, მუშაობდნენ და ა.შ. – რაიმე სახის შეცდომა დაუშვეს, შეგვარცხვინეს. მე ვამაყობ მათი წარმატებით.

ვიცი, მათ შორის ბევრი იქნება თქვენი მკითხველი და ამ ფორმითაც ვეტყვი, რომ სწორედ მათი მაღალი მოტივაციის, პოზიტიური ქცევების, განვითარების სურვილის გამო გადავწყვიტეთ 12 წლის შემდეგაც გვემუშავა ამ კუთხით. იმედი მაქვს, პატიმრების, ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახების, პრობაციონერების მიმართ ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული მახინჯი სტერეოტიპები ძალიან მალე დაინგრევა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.


მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

20624645_1400550476702465_358404521_n

 

შსს: ბათუმში ნაპოვნი ორი გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა იდენტიფიცირებულია

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ დღეს ბათუმში ნაპოვნი ორი გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა იდენტიფიცირებულია. თუმცა სამინისტროში არ აზუსტებენ, რომელი რეგიონის მცხოვრებლები იყვნენ გარდაცვლილები.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს ერთ-ერთ გარდაცვლილს ყელი აქვს გამოჭრილი.  „ბათუმელებს“ შს სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ პირველადი დათვალიერების მიხედვით, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. ინფორმაციას არც სასწრაფო დახმარების სამსახურში ადასტურებენ. მათი თქმით, გარდაცვლილებზე მსგავსი რამ არ შეუმჩნევიათ.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცები ბათუმში დასასვენებლად იყვნენ ჩამოსულები. ოთხი დღის განმავლობაში კი ახლობლებთან კონტაქტზე არ გასულან.

შსს-ს ცნობით, ცხედრები ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი დღეს, 8 აგვისტოს, იპოვეს.

ქართველი მოსწავლეების ორი მედალი ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე

გასულ კვირას ირანში ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადა გაიმართა, რომელშიც  საქართველოს ეროვნული ნაკრებიც  მონაწილეობდა. დემირელის კოლეჯის მოსწავლემ, მე-11 კლასელმა გიორგი კლდიაშვილმა, მსოფლიო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი კლდიაშვილისთვის ევროპის ოქროს მედლის შედეგ წელს ოლიმპიური ვერცხლი მეორე პრესტიჟული მედალია.

ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა ნიკა ბირკაძემ. ის ოლიმპიადის ყველაზე პატარა მონაწილე იყო. ნიკა კომაროვის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეა.

გუნდის ხელმძღვანელი გოჩა მანდარია ამბობს, რომ ეს ერთ-ერთი რთული ოლიმპიადა იყო: “მსოფლიო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2 ვერცხლი აიღო. 22 წელია მსოფლიო ოლიმპიადებზე ნაკრებს ვხელმძღვანელობ და ასეთი რთული ოლიმპიადა არ მახსოვს. ასე, რომ ეს შედეგი ძალიან კარგად შეიძლება ჩაითვალოს. ცხადია, როგორც ყოველთვის, მეტი გვინდოდა, მაგრამ ეს ძალიან რთული და მაღალი დონის შეჯიბრებაა და აქ ასეთი შედეგის მიღწევა ნამდვილად საამაყოა”.

აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი ბათუმში ყვავილებით შეამკეს

დღეს, 8 აგვისტოს, ბათუმში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა სკვერში, ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა. მემორიალთა აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალთან / ბათუმი, 8.08.2017 / ბათუმის მერიის ფოტოები
აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალთან / ბათუმი, 8.08.2017 / ბათუმის მერიის ფოტოები

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა, რეგიონის მთავრობისა და ბათუმის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 169 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, აქედან 17 ჯარისკაცი აჭარიდან იყო. მათ შორის ორი ბათუმიდან.

აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი / ბათუმი, 8.08.2017 / ბათუმის მერიის ფოტოები
აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი / ბათუმი, 8.08.2017 / ბათუმის მერიის ფოტოები

 

რა იგეგმება მწვანე ტბასთან და მთა ღომაზე

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მწვანე ტბისა და ღომას მთის მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობისა და განვითარების პროექტების შედგენაზე კონკურსები გამოაცხადა.

მწვანე ტბის შემთხვევაში მაქსიმალური თანხა 67 700 ლარია, ხოლო  მთა ღომას განვითარების პროექტში სამინისტრო 84 700 ლარს გადაიხდის.

ორივე კონკურსი 2017 წლის 7 სექტემბერს დასრულდება, პროექტები კი სამინისტროს ამავე წლის 16 დეკემბრამდე უნდა ჩაბარდეს.

საკონკურსო წინადადების მიხედვით მწვანე ტბასთან, საპროექტო ტერიტორიაზე შესაძლებლობისამებრ უნდა დაიგეგმოს:

[checklist]

  • ტერიტორიის შემდგომი განვითარების ზონირება (ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა, საკურორტო-სარეკრეაციო ზონა, სატრანსპორტო ზონა, გარემოს დამცავი ზონა და სხვა.)
  • წყარო და საპიკნიკე ადგილები.
  • საკემპინგე ადგილი.
  • შენობა, რომელშიც განთავსდება: ადმინისტრაცია; ვიზიტორთა მიღებისა და საინფორმაციო ადგილი; 112-ის მომსახურება (მინიმალურად საჭირო); მცირე მოცულობის სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების ობიექტი/ები; საწყობი და სხვა ფუნქციონირებისათვის საჭირო სათავსები.
  • ფანჩატურების სქემატური ნახაზები და მისი განთავსების სიტუაციური გეგმა.
  • WC სქემატური ნახაზები და მისი განთავსების სიტუაციური გეგმა.
  • ავტოპარკინგის განთავსების სიტუაციური გეგმა და ავტომანქანების პარკინგის რაოდენობა.
  • ტერიტორიის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის სხვა დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა.
  • ტბაზე ნავმისადგომის სქემატური ნახაზები და მისი განთავსების სიტუაციური გეგმა.
  • საინჟინრო-კომუნალური ქსელების მოწყობის სქემები.
  • სპორტული მოედანი.
  • ამფითეატრი.
  • საინფორმაციო და ამკრძალავი ნიშნების განთავსების სიტუაციური გეგმა.
  • საინფორმაციო და საგზაო ნიშნების განთავსება ძირითად საავტომობილო გზებსა და ბილიკებზე.

[/checklist]

მთა ღომას  შემთხვევაში უნდა შემუშავდეს განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც დამატებით უნდა მოიცავდეს:

[checklist]

  • საცხოვრებელი ზონის დეტალურ პროექტებს:
    საცხოვრებელი ზონის დასახლების დეტალურ დაგეგმარებას;
    სამშენებლოდ მიწის ნაკვეთების გამიჯვნა/დაყოფას, მინიმალური ფართობის გაანგარიშებით;
    მისასვლელი გზების დაგეგმარებას;
    სამშენებლო მოედანი უნდა დაიყოს ხუთი ტიპის საინვესტიციო მიწის ნაკვეთებად, რომელზეც განთავსდეს არანაკლებ 5 ტიპის დასასვენებელი კოტეჯი საცხოვრებელი ფართობის მიხედვით.
  • საცხოვრებელი კოტეჯების საპროექტო დოკუმენტაცია დამუშავდეს დეტალურად, სამშენებლო დოკუმენტის პროექტის კონდიციამდე.
  • სასტუმროს მშენებლობის საინვესტიციო წინადადებას:
    დაიგეგმოს 20-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, შემდგომში გაფართოების შესაძლებლობით.
  • გაიმიჯნოს სასტუმროს მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთი.
  • დადგინდეს საპროექტო ობიექტის ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და შესრულდეს სასტუმროს საპროექტო წინადადება.
  • წარმოდგენილი იქნეს გამსხვილებული ტექნიკურ-ეკონომიკური გაანგარიშება.
  • სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა:
    დაიგეგმოს ღია ავტოსადგომი, მომსახურების ცენტრი და შესაძლებელია ავტოგასამართი სადგური;
    განახლდეს შვეულფრენის დასაჯდომი ტერიტორია;
  • დამსვნებელთა მომსახურება:
    დაიგეგმოს მცირე საზოგადოებრივი კვების, 112 მომსახურების, სასოფლო-სამეურნეო და სხვა საქონლის მცირე სავაჭრო ობიექტები და გასართობი ცენტრის მოწყობა;
  • საინჟინრო-კომუნალური ქსელებით უზრუნველყოფის პროექტი:
    ტერიტორია და მასზე განთავსებული ყველა შენობა-ნაგებობა უზრუნველყოფილი იქნეს საინჟინრო-კომუნალური ქსელებით.
    ტერიტორიაზე დაგეგმარდეს გამწმენდი ნაგებობა/ნაგებობები.

[/checklist]

მწვანე ტბა
მწვანე ტბა

მწვანე ტბა – ტბა საქართველოში, ხულოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არსიანის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2058 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,05 კმ². უდიდესი სიღრმე 19,4 მ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. გაედინება მიწისქვეშა გზით. წყლის დონე გაზაფხულზე მაღალია, ზამთარში დაბალი. სუსტად მინერალიზებული, სუფთა, გამჭვირვალე და სასმელად ვარგისია. ტბაში თევზი არ არის.

ღომას მთა
ღომას მთა

მთა ღომა  – მთა ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში შედის და იგი ცენტრალური მაგისტრალიდან 18 კილომეტრში მდებარეობს. გარდა სამკურნალო-მინერალური წყლებისა, ღომა ზამთრის კურორტის მოწყობის შესაძლებლობასაც იძლევა. ღომას მთის დასახლებები ზღვის დონიდან 1800-2000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. თოვლი ოქტომბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდეა.

 

კურორტ გოდერძიზე ოთხი ახალი სასტუმრო აშენდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ კურორტ გოდერძიზე ოთხი ახალი სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. რეგიონის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სასტუმროების საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ესწრებოდნენ.

4 ახალი სასტუმრო გოდერძზე (2)

საფუძვლის ჩაყრის ცერემონიამდე მოწვეულ სტუმრებს აჭარაში მიმდინარე და დეგეგმილი ღონისძიებების შესახებ რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მიაწოდა ინფორმაცია.

4 ახალი სასტუმრო გოდერძზე (3)

საქართველოში რეგიონული განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე და აჭარაში დაგეგმილ მსხვილ პროექტებზე მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ისაუბრა.

4 ახალი სასტუმრო გოდერძზე (1)

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, რის შემდეგაც გაიმართა კურორტ გოდერძიზე ახალი სასტუმროების და უკვე მიმდინარე პროექტების პრეზენტაცია.

4 ახალი სასტუმრო გოდერძზე (4)

კურორტ „გოდერძიზე“ საძირკველი ჩაეყარა შემდეგ ობიექტებს:

[checklist]

  • სასტუმრო „GOLDMINE“, რომლისთვისაც 10 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განცორციელდება. 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობაზე არანაკლებ 50 ადგილობრივი დასაქმდება. მშენებლობის პროცესი 2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება. სასტუმროში განთავსდება რესტორნები, კაფეები, ღია და დახურული საცურაო აუზი, ფიტნეს ცენტრი და საკონფერენციო დარბაზი.
  • GSP GROUP – 10 4-ნომრიანი კოტეჯი, ორსართულიანი შენობა აიგება. პროექტისთვის 2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. დასაქმდება დაახლოებით 30 ადგილობრივი. კომპლექსის მშენებლობა 2020 წლისთვის დასრულდება. შენობებში განთავსდება რესტორნები და კაფეები.
  • 45 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი „MOUNTAIN SKY“-სთვის 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. დასაქმდება 20 ადგილობრივი. მშენებლობის პროცესი 2019 წლისთვის დასრულდება. სასტუმროში განთავსდება რესტორანი, კაფე, საკონფერენციო დარბაზი და ფიტნეს ცენტრი.
  • 30-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის „ირეპალასი“ მშენებლობისთვის 2 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. დასაქმდება დაახლოებით 15 ადგილობრივი. მშენებლობა 2020 წლის აგვისტოში დასრულდება. განთავსდება რესტორანი, კაფე, საკონფერენციო დარბაზი და ფიტნეს ცენტრი.

[/checklist]

საერთო ჯამში, კურორტ „გოდერძიზე“ 6 პროექტის განხორციელებისთვის 80 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება. შედეგად შეიქმნება 435 ახალი განთავსებისა და 500 სამუშაო ადგილი.

mshenebare sastumros datvaliereba (4)

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად კურორტ „გოდერძიზე“ ასევე დაათვალიერა სასტუმროების „მეტრო ატლას ჯორჯია“ და „ალიანსი რიზორტის“ სამშენებლო სამუშაოები.

mshenebare sastumros datvaliereba (1)

კურორტ გოდერძზე ახალი სასტუმროების საფუძვლის ჩაყრის ცერემონიის შემდეგ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ზურაბ ალავიძესთან ერთად სასტუმრო „რამადას“ სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

აღნიშნული სასტუმროს მშენებლობისთვის 25 მილიონი ლარი დაიხარჯება. სასტუმრო 100 ნომერს მოიცავს და მისი მშენებლობა 2018 წელს დასრულდება.

mshenebare sastumros datvaliereba (2)

აჭარის მთავრობა

მოუვლელი მცენარეები და გაზონები ჭაობის დასახლებაში

ეს არის ბათუმი, მელიქიშვილის ქუჩა. აქ არსებული მშვენიერი ბუჩქოვანი მცენარეები ბალახშია ჩაფლული. ამ ქუჩაზე, ჭაობის დასახლების მხარეს, წელს გაზონები არც ერთხელ არ გაუწმენდიათ ბალახისგან. ამას ისიც ემატება, რომ მთელს ქუჩაზე მაღლივ კორპუსებს აშენებენ, რომელთაგან არც ერთს არ აქვს დამცავი ბადე, შესაბამისად, გარშემო ყველაფერი – მცენარეებიც და სახლებიც სამშენებლო მტვრით არის დაფარული.

20170808_100816ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსი, ლევან ჭანუყვაძე ამ ტერიტორიის მოუვლელობის მიზეზებზე საუბრისას ამბობს: „ყველგან ასე ამოდის [ბალახი] და ძალები არ გვყოფნის. მთელი ინტენსივობით ვმუშაობთ. 12 საათის მერე ძალიან სიცხეებია, ხალხს აღარ ვამუშავებთ და ამან დაგვხია ცოტა უკან. როცა 30 გრადუსს ასცდება ტემპერატურა, მერე ვაჩერებთ. ეს მხარე, პუშკინის იქეთ მაინც პერიფერიად ითვლება. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ პერიფერიას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ, მაგრამ ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ იმისთვის, რომ ტურისტი იყოს უფრო კმაყოფილი, ვიდრე… ახლა ასე ითხოვს ჩვენი პოლიტიკა, ხომ ასეა? ყველა გაკრეჭილი გვაქვს პრინციპში, ბაგრატიონის ქუჩაც“.

20170807_100838ლევან ჭანუყვაძის ინფორმაციით, სკვერების და გაზონების გასუფთავებაზე „დაქირავებული მუშახელი მუშაობს“ და მათ დღიურად 24 ლარს უხდიან.

მელიქიშვილის ქუჩის ის მონაკვეთი, რომელიც წელს არც ერთხელ არ გაუწმენდიათ, ბათუმიის მერიის ადმინისტრაციული შენობიდან 700 მეტრის მოშორებით არის.20170808_100444

 

 

ბათუმში ორი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  115-ე  მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სასწრაფო სამსახურის ინფორმაციით, გამოძახება ხიმშიაშვილის ქუჩის 17 ნომრიდან დაახლოებით ერთი საათის წინ მიიღეს, „მისვლის დროს ადგილზე დაგვხვდა პოლიცია. გარდაცვლილები დაახლოებით 17-18 წლის ახალგაზრდა კაცები არიან.  სავარაუდოდ რამდენიმე დღის გარდაცვლილები უნდა იყვნენ, “ – უთხრეს „ბათუმელებს“ სასწრაფო დახმარების სამსახურში.

სასწრაფოს ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდები ადგილობრივები არ არიან, თუმცა არიან საქართველოს მოქალაქეები.

აგვისტოს ომში აჭარიდან 17 ჯარისკაცი დაიღუპა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს  ომში, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 169 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, აქედან 17 ჯარისკაცი აჭარიდან იყო.

  • ედნარ დიასამიძე, უმცროსი სერჟანტი (ქობულეთი, დაბა ჩაქვი)
  • ზურაბ ნაჭყებია, უფროსი სერჟანტი (ბათუმი)
  • რაულ მჟავანაძე, კაპრალი (ქობულეთი, სოფელი ლეღვა)
  • ამირან შაინიძე, კაპრალი (ქობულეთი, დაბა ოჩხამური)
  • ომარ ასლანიძე, უმცროსი სერჟანტი (ქობულეთი, დაბა ოჩხამური)
  • გიორგი შაინიძე, კაპრალი (ქობულეთი, დაბა ოჩხამური)
  • ავთანდილ ქამაშიძე, კაპრალი (ქობულეთი, სოფელი ხუცუბანი)
  • ვაჟა შაინიძე, სერჟანტი (ქობულეთი, დაბა ოჩხამური)
  • თენგიზ ჭაღალიძე, კაპრალი (ქობულეთი, ციხისძირი)
  • გიორგი ქათამაძე, კაპრალი (ქობულეთი, დაბა ოჩხამური)
  • ბესიკ შაინიძე, კაპრალი (ქობულეთი, კვირიკე)
  • ნადიმ ართმელაძე, კაპრალი (ხულო, სოფელი ბეღლეთი)
  • მერაბ ჭელიძე, სამედიცინო სამსახურის სერჟანტი  (ხულო, შემდგომში – წალკა სოფელი გუმბათი)
  • თეიმურაზ ბერიძე, კაპრალი (ბათუმი)
  • იაგო მიქელაძე, კაპრალი (შუახევი, სოფელი ბუთურაული)
  • ამირან მამალაძე, კაპრალი (შუახევი, სოფელი ბარათაული)
  • ფრიდონ თურმანიძე, უმცროსი სერჟანტი  (ქედა, სოფელი მერისი)

რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების სია  აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვაწოდა.

ფოტოზე: გორი, 2008 წლის აგვისტო. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ზურაბ ქურციკიძე

ამავე თემაზე: 

პირველი კადიროვის ბატალიონი შემოვიდა – რას იხსენებს აგვისტოს ომზე უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე

ქვეწარმავლები და მღრღნელები „ბლექ სი არენაზე“

ოზურგეთის სოფელ ნატანებში მდებარე საკონცერტო დარბაზ „ბლექ სი არენასა“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეწარმავლები და მღრღნელები აღმოაჩინეს, რის გამოც შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“ დეზინფექციას და შეწამვლით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ საფრთხის წინაშე დგება საკონცერტო დარბაზის მომსახურე პერსონალი და დარბაზის ინვენტარი, რომელიც შესაძლოა დააზიანონ მღრღნელებმა.

gv
ქვეწარმავალი საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე / ფოტო: „ბლექ სი არენა ჯორჯია“

„დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როცა საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს სხვადასხვა ქვეწარმავალი და მღრღნელი. გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე პერიოდი დატვირთულია კონცერტებისა და ღონისძიებების მხრივ და უამრავი მაყურებელი სტუმრობს საკონცერტო დარბაზს, სიფრთხილის გამოჩენის მიზნით და საშიშროების თავიდან ასაცილებლად, მიზანშეწონილია მოხდეს მიმდებარე ტერიტორიების შეწამვლა სპეციალური საშუალებებით,“ – განაცხადეს „ბლექ სი არენა ჯორჯიაში“.

კომპანიაში ამბობენ, რომ აღნიშნული ფაქტი გამოვლინდა 2017 წლის 5 აგვისტოს, „ქართული ხმების“ ღონისძიების წინა დღეებში და ასეთი ფაქტი აქამდე არ დაფიქსირებულა.

„ბლექ სი არენა ჯორჯია“ შეწამვლის სამუშაოების შესყიდვას ტენდერის გარეშე აპირებს და ამას გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის: „მიმდინარე პერიოდში შეწამვლის სამუშაოები უნდა განხორციელდეს ერთჯერადად, საკონცერტო დარბაზსა და მის მიმდებარედ, სულ 8 ჰექტარ ფართობზე. მიმდინარე სეზონის განმავლობაში შეწამვლის სამუშაოები აღარ იქნება საჭირო“.

დარბაზისა და ტერიტორიის შეწამვლას 3 დღე დასჭირდება.

წერილი გადაუდებელი შესყიდვის შესახებ
წერილი გადაუდებელი შესყიდვის შესახებ
საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა“
საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა“

 

„საშინელი გაუგებრობა“ – რატომ ისმოდა День Победы „ციცინათელაში“

6 აგვისტოს გასართობ ცენტრ „ციცინათელაში“ მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების აღსანიშნავი სიმღერა  – День Победы იყო ჩართული. „ციცინათელას“ პიარ-მენეჯერის ეკა სალუქვაძის განცხადებით, „საშინელი გაუგებრობა მოხდა“.

„ჩვენ გვყავს ახალი თანამშრომელი აყვანილი, რომელიც ძალიან გამოუცდელია სიმღერებთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ გვაქვს ბაზა, საიდანაც გადის ერთი და იგივე სიმღერები ყოველდღიურად. თუმცა, მოხდა ისე, რომ „ფლეილისტში“  თანამშრომელმა გადმოწერა სხვადასხვა სიმღერა, აურია და გუშინ მივიღეთ ასეთი კატასტროფული შედეგი, რომ გავიდა ეს სიმღერა,“ – ამბობს ეკა სალუქვაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, „ფლეილისტში“ რატომ იყო ეს სიმღერა, ეკა სალუქვაძე ამბობს, რომ არ იცის რატომ მოხდა ეს.

„ჩვენ თვითონ ადმინისტრაცია ვართ შოკირებული, ძალიან განვიცდით და ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ როცა გვქონდა სიმღერის გათიშვის მცდელობა, არ გაითიშა, რადგან სისტემა ისეთი მოწყობილია,  რომ ვერ თიშავ სანამ არ დასრულდება „ფლეილისტი“, სხვანაირად რომ გათიშო – სისტემა ზიანდება. ხარვეზული პროგრამაა და ამ მხრივ არ არის გამართული, რომ უცებ გადავიდეს სხვა სიმღერაზე,“ – ამბობს ის.

ეკა სალუქვაძის თქმით, ეს პროცესი დროში გაიწელა, რადგან ადმინისტრაციის შენობაში მუსიკის ხმა არ ისმის. „შენობა არის მეტალოპლასმასის და ხმა არ შემოდის, როცა ჩვენ გავიგეთ, უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა,“ – ამბობს მენეჯერი.

კითხვაზე, რა ზომების გატარებას აპირებს „ციცინათელას“ ადმინისტრაცია მომხდართან დაკავშირებით, ეკა სალუქვაძე ამბობს, რომ „უშეცდომო არავინ არ არის. თუმცა რა ზომები იქნება მიღებული, ეს უკვე დირექტორის პრეროგატივაა,“ – გვეუბნება ის.

„ციცინათელა“ ასოციაცია „ატუს“ საკუთრებაშია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, ეს კომპანია ბიძინა ივანიშვილთანაა დაკავშირებული. 

მთავარ ფოტოზე: ციცინათელა. ბექა კოკაიას ფოტო. 

ნურიგელის ტბაში ციანობაქტერიები კვლავ მომრავლდა [ფოტო/ვიდეო]

ნურიგელის ტბაში ციანობაქტერიები კვლავ მომრავლდა. სპეციალისტები ამას წლის დასაწყისშიც ვარაუდობდნენ, რადგან ტემპერატურის მატება [დათბობა] ტბაში ციანობაქტერიების გამრავლებისა და ყვავილობისთვის ხელსაყრელი პირობაა.

„ყოველდღიურ რეჟიმში  ვიღებთ ანალიზებს, თუ როგორი მდგომარეობაა, პროცესი ეკოლოგისა და ჩემი მეთვალყურეობის ქვეშაა,“ – ამბობს მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსანდრე თევზაძე.

 

ტბაში ციანობაქტერიების მატების მთავარ მიზეზად სპეციალისტებმა ტბასა და ზღვას შორის შეწყვეტილი წყლის მიმოქცევა დაასახელეს. გასულ წელს წყალში ჟანგბადის შემცველობის დასარეგულირებლად ტბაში აერაციის სისტემა დამონტაჟდა, რის შედეგადაც ჟანგბადის მაჩვენებელი მასში დაახლოებით 5-ჯერ გაიზარდა. შესაბამისად, სპეციალისტები წელს ციანობაქტერიების გამრავლებას ისეთივე ინტენსიური ფორმით, როგორც გასულ წელს იყო – აღარ ელოდებიან.

მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტომ, უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, ტბის გადასარჩენად რამდენიმეპუნქტიანი გეგმა შეიმუშავა, რომელთაგან ორი პუნქტი [აერაციის სისტემა და დელფინარიუმიდან ჩამონადენი მარილიანი წყლის აცილება] უკვე შესრულებულია, ახლა დარჩენილია ტბის სპეციალური პრეპარატებით დამუშავება, რაც თითოეულ წელს, სავარაუდოდ, 50 000-მდე ლარი დაჯდება. ასევე, აუცილებელია ტბის გათევზიანება, რაც ტბაში იმ თევზების მოშენებას გულისხმობს, რომლებიც ამ წყალმცენარეებით იკვებებიან. გეგმის ამ ნაწილზე  20 000 ლარი დაიხარჯება.

შარშან, ციანობაქტერიების სიჭარბის და შემდეგ მათი გახრწნის პერიოდში, თევზჭერა  სასტკად აკრძალული იყო. როგორც წლის დასაწყისში დაანონსდა – ამ პერიოდში ტბაზე თევზჭერა ახლაც აიკრძალება.

ალექსანდრე თევზაძის თქმით, ნურიგელის ტბაში თევზჭერა რეკომენდებული არც ამ ეტაპზეა. ამის შესახებ ტბის მიმდებარედ საინფორმაციო დაფაც არის განთავსებული, მაგრამ ეს გაფრთხილება მოსახლეობისთვის საკმარისი მაინც არ არის. ტბაზე დღესაც თევზაობენ.

სპეციალისტების რეკომენდაციით, ამ ტბაში დაჭერილი თევზი, კარგი თერმოდამუშავების შემთხვევაში, ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.

ნურიგელის ტბაში, დღეს დილით დაჭერილი, 30 სანტიმეტრამდე სიგრძის თევზი
ნურიგელის ტბაში დღეს დილით დაჭერილი 30 სანტიმეტრამდე სიგრძის თევზი

 

ზღვის სეზონი ქობულეთში ნაგვის გადავსებული ურნებით [ფოტო]

ქალაქ ქობულეთში ტურისტების  სიმრავლე თვალშისაცემია, თუმცა, არანაკლებ თვალშისაცემია ნაგვით გადავსებული სანაგვე ურნები ქალაქის ცენტრალურ გზაზე – აღმაშენებლის ქუჩაზე.

ამ, რამდენიმეკილომეტრიან გზაზე, მაგალითად, 5 აგვისტოს, დილის 12 საათისთვის, თითქმის ყველა ურნა სავსე იყო ნაგვით. რამდენიმე მათგანი ფოტოზე სწორედ ამ დღეს დავაფიქსირეთ.

ქობულეთის დასუფთავებაზე პასუხისმგებელი მუნიციპალური ორგანიზაცია „ქობულეთის სანდასუფთავებაა“, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს 1,8 მილიონი ლარითაა დაფინანსებული.

სამსახურის ხელმძღვანელი, სულიკო ბლადაძე „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ქალაქიდან ნაგვის გატანა ჩვეულებრივი რეჟიმში მიმდინარეობს და სპეცტექნიკაც საკმარისია.

„ურნა იმისთვისაა, რომ შეივსოს. შემდეგ ჩამოვუვლით და ვცლით. ქობულეთს დღეს სამი მანქანა ემსახურება [თამარ მეფის, რუსთაველისა და აღმაშენებლის ქუჩები], ერთი მანქანა კი სოფლებში გადის ყოველდღიურად. ურნებს ვცლით დილის 7 საათზე, შემდეგ 12 საათზე, 17-დან 18 საათამდე და შემდეგ ღამის 12 საათიდან ღამის 4-5 საათამდე მუშაობს მანქანები. რაიმე შეფერხება თუ არის, მიზეზი ისაა, რომ აღმაშენებლის ქუჩა გადატვირთულია ავტომანქანებით და ურნების გაცლაში ხელი გვეშლება. ამ კუთხით  საგანგაშო მდგომარეობაა თამარ მეფის ქუჩაზე, იქ ზოგჯერ საპატრულო პოლიციაც კი გვეხმარება… ტურისტებმაც იმატა ამ 2-3 დღეში. ახლა, მაგალითად, ჩავიარეთ ქუჩაზე, გავცალეთ ურნები, ჩამოვიარეთ და თითქმის სავსე იყო. თუმცა ისეთი მდგომარეობა, რომ ქუჩაში ეყაროს ნაგავი და ანტისანიტარია იყოს, არსად არ არის ქალაქში“, – ამბობს სულიკო ბლადაძე.

მისივე თქმით, არის კიდევ ერთი ფაქტორი – ნაგავი ქობულეთიდან გააქვთ ქალაქ ფოთის ნაგავსაყარზე, რაც ასევე გარკვეულ დროსთანაა დაკავშირებული. უშუალოდ ქობულეთის ნაგავსაყარი დახურულია.

ქობულეთის მოსახლეობა დღემდე სანდასუფთავების გადასახადს არ იხდის. „ქობულეთის სანდასუფთავების“ ხელმძღვანელის თქმით, მოსახლეობამ შესაძლოა გადასახადი მომავალი წლის იანვრიდან გადაიხადოს.

ამ საკითხს, მუნიციპალიტეტის საკრებულო გადაწყვეტს: „დღეს გადასახადს გამგეობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მხოლოდ კომერციული ორგანიზაციები იხდიან“.

ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩა / 5 აგვისტო, 2017 / თედო ჯორბენაძის ფოტოები
ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩა / 5 აგვისტო, 2017 / თედო ჯორბენაძის ფოტოები
ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩა / 5 აგვისტო, 2017 /
ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩა / 5 აგვისტო, 2017 /
ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩა / 5 აგვისტო, 2017 /
ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩა / 5 აგვისტო, 2017 /
ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩა / 5 აგვისტო, 2017 /
ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩა / 5 აგვისტო, 2017 /
ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩა / 5 აგვისტო, 2017 /
ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩა / 5 აგვისტო, 2017 /
ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩა / 5 აგვისტო, 2017 /
ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩა / 5 აგვისტო, 2017 /
ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩა / 5 აგვისტო, 2017 /
ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩა / 5 აგვისტო, 2017 /
ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩა / 5 აგვისტო, 2017 /
ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩა / 5 აგვისტო, 2017 /
ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩა / 5 აგვისტო, 2017 /
ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩა / 5 აგვისტო, 2017 /

 

„უსინათლოთა კავშირი“ უსინათლოებს შენობის გარეშე ტოვებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „უსინათლოთა ხმა“, რომელიც უსინათლო პირების უფლებების დასაცავად საპროტესტო აქციებს მართავდა, შენობის გარეშე რჩება. ორგანიზაციას საოფისე ფართობი „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ შენობაში ჰქონდა იჯარით აღებული, თუმცა როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ალიკა წეველიძე, „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, მათ „უსინათლოთა კავშირის“ ხელმძღვანელმა შენობის დატოვა მოსთხოვა.

„ჩვენს ორგანიზაციაში 40 უსინათლო პირია გაწევრიანებული, გარდა ამისა, ჩვენ ყველანი „უსინათლოთა კავშირის“ წევრებიც ვართ და უსინათლო პირების უფლებების დასაცავად ვიბრძვით. კავშირის ხელმძღვანელობას არ მოეწონა ჩვენი საქმიანობა, არ მოეწონათ ის, რომ ვითხოვთ ქონების გადმოცემას და ფინანსების გამჭვირვალობას.

მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ფართობი იჯარით გვაქვს გადმოცემული და ხელშეკრულებას ვადა არ გასვლია, „უსინათლოთა კავშირი“ გვთხოვს, რომ შენობა დავტოვოთ, რადგან საპროტესტო აქციებმა ბიზნესი შეაფერხაო,“-გვეუბნება ალიკა წეველიძე.

„საქართველოს უსინათლოთა კავშირის ბათუმის ფილიალის“ თავმჯდომარე, ზაურ დევაძე ამბობს, რომ „უსინათლოთა ხმას“ კავშირის ერთ-ერთ შპს-სთან „სინათლესთან“ აქვს ხელშეკრულება გაფორმებული და მათი ხელმძღვანელები მოითხოვენ შენობის დაცვლას.

„უსინათლოთა ხმა“ უსინათლოების წინააღმდეგ მუშაობს და ამიტომ ატოვებინებენ. რას ვგულისხმობ და იმას, რომ ჩვენ გადავდგეთ და თვითონ მოვიდნენ. დატოვეთ თანამდებობებიო ითხოვენ. ჩვენი დებულების მიხედვით კი, თუ ორგანიზაცია არ იცავს უსინათლოთა ინტერესებს, ამ შემთხვევაში გვაქვს უფლება მოვთხოვოთ შენობის დატოვება“.

ზაურ დევაძის თქმით, „უსინათლოთა ხმა“ პიკეტირებას აწყობს, კომერციულ საქმიანობაში უშლის შპს-ებს ხელს, რაც მათთვის მიუღებელია. „ჩვენ 11 აგვისტოს უსინათლოებისთვის გემებით გასეირნებას ვაწყობთ, 700 უსინათლო ისარგებლებს ამით, აჭარიდან 150 უსინათლო მიიღებს ამაში მონაწილეობას“. დევაძის თქმით, უსინათლოების გემებით გასეირნებას არასამთავრობო ორგანიზაცია „კეთილი სოფელი“ უზრუნველყოფს.

„უსინათლოთა ხმა“, „უსინათლოთა კავშირის“ საქმიანობის გამჭვირვალობას და ორგანიზაციის ქონებით სარგებლობას ბოლო რამდენიმე თვეა ითხოვს. 

 

 

რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ოჯახები 3 ათას ლარ დახმარებას მიიღებენ

ხვალ, 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ოჯახის წევრები, ასევე ავღანეთში დაღუპული სამი მეომრის ოჯახი, დახმარებას მიიღებს – 3 000 ლარის ოდენობით.

საომარი მოქმედებების დროს მიღებული დაზიანების შედეგად დაშავებული სამს მებრძოლს კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი მიენიჭებს -ერთ მებრძოლს პირველი ჯგუფის, ხოლო ორს – მეორე ჯგუფის. აქედან ერთი ქობულეთში ცხოვრობს, ორი კი – ბათუმში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსური დახმარება 23 მეომრის ოჯახზე გაიცემა, რაც მთლიანობაში 69 ათასი ლარია.

8 აგვისტოს ომში აჭარიდან 17 მებრძოლი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. სამი პირი დაიღუპა ავთანეთში ბრძოლის დროს.

ქედაში, სოფელ მერისში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის – ფრიდონ თურმანიძის საფლავთან პატივსაგები ცერემონია გაიმართება. „გმირის საფლავს საქართველოს დროშით, გვირგვინითა და ყვავილებით შეამკობენ, ცერემონიას საგალობლებით ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ჯგუფი „მოყვარე“ გააფორმებს, ხოლო დაღუპულის ოჯახს ქედის გამგეობისგან წელიწადში ერთხელ 500 ლარი გადაეცემა,“ – ნათქვამია პრესრელიზში.

ხვალ, 8 აგვისტოს, 11 საათზე, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების მემორიალს ყვავილებით შეამკობს ბათუმის მერიაც.

აჭარიდან რუსეთ-საქართველოს ომში [2008წ.] და ავღანეთში [2012წ] დაღუპულ მეომართა სია:

sia
რუსეთ-საქართველოს ომსა და ავღანეთში აჭარიდან დაღუპული მებრძოლების სია / წყარო: აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

ბსუ 2,3 მილიონ ლარად სტუდენტთა ახალ საცხოვრებელს აშენებს

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, N15-ში, სტუდენტთა საცხოვრებლის მშენებლობისთვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს [ბსუ] 2 მილიონ 394 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.

ბსუ-მ საერთო საცხოვრებლის შენობების მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელიც მიმდინარე წლის 28 აგვისტოს დასრულდება. რაც შეეხება მშენებლობას, ის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 250 დღეში უნდა დასრულდეს.

უნივერსიტეტის კანცლერმა, ჯემალ ანანიძემ, სამი თვის წინ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ საერთო საცხოვრებლის მშენებლობისთვის 3 მილიონი ლარი უნივერსიტეტმა მწვანე კონცხზე არსებული აგრარული ფაკულტეტის სასწავლო კორპუსისა და საერთო საცხოვრებლის გასხვისებით, კერძო კომპანიისგან მიიღო.

საერთო საცხოვრებელი იმ პროექტის ნაწილია [სპორტული მოედანი, რამდენიმე საერთო საცხოვრებელი, სასწავლო კორპუსი, საუნივერსიტეტო სკოლა, საბავშვო ბაღი], რომლის განხორციელებისთვისაც დაახლოებით 20 მილიონი ლარია საჭირო.

ჯემალ ანანიძის ინფორმაციითვე, რადგან მთლიანი კომპლექსის აშენებას სოლიდური თანხა  სჭირდება, ფინანსებს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ეტაპობრივად მოიძიებს.

საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, საერთო საცხოვრებელი არის სამსართულიანი შენობა, რომელსაც გააჩნია სარდაფის სართულიც [მიწის დონის ქვემოთ]. სარდაფი გამოყენებული იქნება მხოლოდ საინჟინრო კომუნიკაციებისთვის.

შენობის მიწისზედა სამ სართულზე კი განთავსდება როგორც საქმიანი ნაწილი – დაცვის ოთახი, ადმინისტრაცია, სამრეცხაო-საშრობი, საკონფერენციო დარბაზი, ასევე საცხოვრებლის ბლოკები: ძირითადი, 5 სტუდენტზე გათვლილი ბლოკური პრინციპით, რომელსაც გააჩნია თავისი სველი წერტილი [2 უნიტაზი, 2 ხელსაბანი, 1 საშხაპე] და სამზარეულო; ასევე 3 სტუდენტზე, 2 სტუდენტზე და შშმ პირებისთვის ადაპტირებული 3 ბლოკი – თითო თითოეულ სართულზე; შენობაში განთავსდება ლიფტი შშმ პირებისთვის. შენობა 137 მობინადრეზეა გათვლილი.

საერთო საცხოვრებლის საგარანტიო ვადები:

[checklist]

  • სახურავზე – 10 წელი;
  • კარ-ფანჯარაზე -5 წელი;
  • შენობის შიდა მოპირკეთებაზე – 5 წელი;
  • ფასადისა და სარინელის მოწყობის სამუშაოებზე – 5 წელი;
  • სამღებრო სამუშაოებზე – 3 წელი;
  • სანტექნიკისა და ელექტროობის მოწყობის სამუშაოებზე – 3 წელი;
  • გათბობის სისტემაზე – 5 წელი;
  • იატაკზე – 3 წელი;
  • წყალსადენისა და კანალიზაციის გარე ქსელზე – 10 წელი;
  • ხანძარქრობის შიგა ქსელის სისტემებზე – 5 წელი;
  • სხვა დანარჩენ სამუშაოებსა და მოწყობილობებზე 3 (სამი) წელი.

[/checklist]

ბსუ-ს საერთო საცხოვრებელი - ფოტოები საპროექტო დოკუმენტაციიდან
ბსუ-ს საერთო საცხოვრებელი – ფოტოები საპროექტო დოკუმენტაციიდან

31

 

ქვედა ვაშლოვნის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ვაშლოვნის მცხოვრებლებს სასმელი წყალი არ მიეწოდებათ. სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი, ნანული მგელაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ სოფელს არა მარტო სასმელი, არც სარწყავი წყალი აქვს.

„ორი თვეა სასმელი წყალი არ გვაქვს, ეს უკავშირდება გვირაბს, რომელიც ჰესებისთვის აიგო, იქ სადაც გვირაბმა გაიარა, წყალი ყველგან შეწყდა. სათავეები დაშრა, პირუტყვი გავყიდე, რადგან წვეთი წყალი არ მოდის და საქონელი ვეღარ შევინახე“.

ნანული ამბობს, რომ წყლის პრობლემაზე გამგეობასაც მიმართეს, თუმცა რეაგირება არ ყოფილა. „გვეუბნებიან, დროებით მოგცემთ წყალსო, მაგრამ დროებითი წყლით რა უნდა გავაკეთოთ? სამი კილომეტრიდან უნდა მოვიყვანო, ამას მილები სჭირდება, ისიც დროებით და მერე რა ვქნათ?“

ნანულის თქმით, მოსახლეობას სასმელი წყალი მანქანებით მოაქვს, რაც საკმარისი არ არის. „ბოსტანში მწვანილიც კი აღარ მოდის, ყველაფერი გამხმარია. დავთესე, 200 ლარი გადავიხადე ყანის მოხვნაში და ახლა უწყლობის გამო მოსავალი აღარ გვაქვს“.

ხულოს გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ვაშლოვნის მოსახლეობის პრობლემაზე ინფორმირებული არ არის. „ვისაც არ ჰქონდა წყალი, ჩვენ მივუყვანეთ მაგისტრალიდან, ვაშლოვნის შესახებ არ მაქვს ინფორმაცია, მოვიკითხავ და გავარკვევ,“- თქვა გამგებელმა.

 

 

სამებაში ახალგაზრდა კაცის მკველობაში ბრალდებული დააკავეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დღეს, 7 აგვისტოს, პოლიციამ დააკავა. დაკავებული 27 წლისაა და ის ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის მკვიდრია.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბრალდებული მკვლელობის შემდეგ დაკავებამდე მეზობელ მუნიციპალიტეტში, ახლობლის სახლში იმყოფებოდა. ის სამართალდამცავებმა მაშინ დააკავეს, როცა ტაქსით გადაადგილდებოდა.

ბრალდებულის დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს. „ბრალდებული წუხელ, შუაღამით დააკავეს“ – გვითხრეს შსს-ში.

მკვლელობა სოფელ სამებაში 5 აგვისტოს მოხდა. მკვლელობაში ბრალდებულმა სოფელ ქვედა სამებაში მცხოვრები 34 წლის კაცი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.

სოფლები: ახალშენი და ქვედა სამება გვერდიგვერდ მდებარეობს. ბრალდებული და მოკლული ფაქტობრივად მეზობლები იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სს კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

ზაფხული ბეშუმში [ფოტო]

ზღვის დონიდან 1850-1900 მეტრზე მდებარე კურორტ მეშუმში დამსვენებლები ძირითადად აგვისტოს დასაწყისში მიდიან. ბეშუმში სეზონი აგვისტოს ბოლომდე გრძელდება.  ბეშუმში ძირითადად აჭარაში მცხოვრები ოჯახები ისვენებენ, დამსვენებელთა უმეტესობა ამბობს, რომ ბეშუმში დასვენება მათთვის ტრადიციაა.  ფოტოები ბეშუმიდან თომა აბულაძემ მოგვაწოდა.

ბეშუმი. თომა აბულაძის ფოტო
ბეშუმი. თომა აბულაძის ფოტო
ბეშუმი. თომა აბულაძის ფოტო
ბეშუმი. თომა აბულაძის ფოტო
ბეშუმი. თომა აბულაძის ფოტო
ბეშუმი. თომა აბულაძის ფოტო
ბეშუმი. თომა აბულაძის ფოტო
ბეშუმი. თომა აბულაძის ფოტო
ბეშუმი. თომა აბულაძის ფოტო
ბეშუმი. თომა აბულაძის ფოტო
ბეშუმი. თომა აბულაძის ფოტო
ბეშუმი. თომა აბულაძის ფოტო
ბეშუმი. თომა აბულაძის ფოტო
ბეშუმი. თომა აბულაძის ფოტო
ბეშუმი. თომა აბულაძის ფოტო
ბეშუმი. თომა აბულაძის ფოტო

ბეშუმში შუამთობას აღნიშნავენ

დღეს, 6 აგვისტოს, ბეშუმში შუამთობის სახალხო ზეიმია.

სადღესასწაულო პროგრამა, რომელიც დაახლოებით ორ საათსა და 30 წუთს მოიცავს, სპორტული შეჯიბრებებით დასრულდება. სპორტული ღონისძიების ფარგლებში, წელს პირველად, ბეშუმში „მრგვალ გორზე“ ავტორბოლა გაიმართება. სპორტულ-კულტურული ღონისძიების პარალელურად  ქორწილის ინსცენირებაც შედგება.

ბეშუმში ჩავიდანენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე.

ფოტო: აჭარის მთავრობა
ფოტო: აჭარის მთავრობა

 

შუამთობის ჩასატარებლად ხულოს გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 000 ლარი გამოყო.

შუამთობა საზაფხულო იალაღებზე, ტრადიციულად, აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას  იმართება.

მთავარი ფოტოზე: ბეშუმი. თომა აბულაძის ფოტო 

 

ჭავჭავაძის ქუჩის გზაგამყოფზე ლითონის ღობე გაკეთდება

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე [ბარათაშვილის ქუჩიდან – წრიულიდან] 26 მაისის ქუჩამდე] მდებარე გზაგამყოფზე ლითონის ღობე მოეწყობა.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ბოლო დროს გახშირდა ავტოსაგზაო შემთხვევები, რომლის დროსაც დაიღუპა და დაშავდა არაერთი ქვეითი.

მიუხედავად, იმისა, რომ აქ არის ზებრა-გადასასვლელები, ქალაქის საზოგადოების ერთ-ერთი მოთხოვნა – გზის აღნიშნულ მონაკვეთში ავტოავარიების პრევენციის მიზნით – სწორედ ღობის მოწყობა იყო.

ლითონის ღობის მოწყობაზე ბთუმის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ღობის მოსაწყობად 66 299 ლარია გათვალისწინებული.

შესაბამისი ტენდერი 2017 წლის 25 აგვისტოს დასრულდება, ხოლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

სამუშაოების მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს:

სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა;
ასევე მინიმუმამდე დაიყვანოს სამუშაოებთან დაკავშირებული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა გარემოზე;
ყველა სახის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება შეთანხმებული უნდა იყოს ქ. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან;
სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი თავისი ძალებით და სახსრებით 5 დღის განმავლობაში ვალდებულია გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან და ა.შ.

პროექტის მიხედვით, მოაჯირები გაკეთდება ნხოლოდ გზაგამყოფზე. რაც შეეხება უშუალოდ ჭავჭავაძისა და 26 მაისის კვეთას [სადაც ასევე არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა], ამ ადგილზე არაფერი იცვლება. აღნიშნულ კვეთაში არც შუქნიშანია. აქ შუქნიშნის დამონტაჟება არ არის გათვალისწინებული არც იმ პროექტით, რომლითაც ქალაქში ახალი შუქნიშნები უნდა განთავსდეს, რისთვისაც 1,3 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული.

ჭავჭავაძის ქუჩის მონაკვეთი სადაც გზაგამყოფზე ლითონის ღობე გაკეთდება
ჭავჭავაძის ქუჩის მონაკვეთი სადაც გზაგამყოფზე ლითონის ღობე გაკეთდება

 

ხელვაჩაურში, სოფელ სამებაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამებაში, გუშინ, 5 აგვისტოს, მკვლელობა მოხდა. მოკლულია  სოფელ ქვედა სამებაში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მოკლული 34 წლამდე ასაკის იყო, დაოჯახებული და სოფელ ქვედა სამებაში ცხოვრობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სს კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

„მკვლელობა 5 აგვისტოს, დაახლოებით საღამოს 10 საათისთვის მოხდა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე. დადგენილია სავარაუდო ბრალდებული და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები,“ – გვითხრეს შს სამინისტროს პრესსამსახურში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საქმეს პოლიციის ხელვაჩაურის განყოფილება იძიებს.

 

სარფში საათებისა და მობილური ტელეფონების უკანონოდ გადატანის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი  პირი დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფი“- ს გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო წესის დარღვევით, ცდილობდა გადაეტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონელი. ავტომანქანაში მოწყობილი სამალავებიდან ამოღებულია  700 ცალი მობილური ტელეფონი და 500 ცალი მაჯის საათი, რომლის საბაჟო ღირებულება ჯამში 19 800 ლარს შეადგენს“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე.

ბათუმში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი მოეწყო

ბათუმში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი მიმდინარე წლის 8 აგვისტოს გაიხსნება. მემორიალი ფაქტობრივად უკვე მოწყობილია და მიმდებარე სკვერის მოწესრიგებაც თითქმის დასრულებული. მერიის ინფორმაციით, 8 აგვისტოს „ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება, სადაც მოწვეული იქნებიან დაღუპულ გმირთა ოჯახის წევრები“.

მემორიალი ჯავახიშვილის ქუჩაზე, აგვისტოს ომში დაღუპულთა სკვერში მდებარეობს. მის მოწყობაში, ესკიზის ჩათვლით, ბათუმის მერიამ ქალაქის ბიუჯეტიდან 104 764 ლარი დახარჯა. აქედან, 98 409 ლარი ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვით.

გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე ხელშეკრულება, მემორიალის მოწყობაზე, მერიამ ინდმეწარმე თეიმურაზ მახარაძესთან, მიმდინარე წლის 21 ივნისს გააფორმა.

მერიამ შესაბამისი ნებართვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგანაც მიიღო და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგანაც, თუმცა, მემორიალის ესკიზისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მერიამ ტენდერი ისეთ დროს გამოაცხადა და მიწოდების ისეთი ვადები მიუთითა – 8 აგვისტომდე მემორიალის მოწყობა ტენდერის ჩატარებით ვეღარ ესწრებოდა.

„შესაბამისად, ტენდერის მეშვეობით ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შესრულებისათვის არ რჩება საკმარისი პერიოდი“ – ასე დაასაბუთა მერიამ გამარტივებული შესყიდვა.

რაც შეეხება მემორიალის ესკიზს, ის მერიამ ტენდერით შეისყიდა.

ჯავახიშვის ქუჩაზე უშუალოდ სკვერის კეთილმოწყობას ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.

რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი ბათუმში / 5.08.2017
რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი ბათუმში / 5.08.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტოები
IMG_20170805_092130
სკვერი ჯავახიშვილის ქუჩაზე / 5.08.2017

ბავშვები, რომლებიც დედასთან ერთად ავარიაში მოჰყვნენ, საავადმყოფოდან გაწერეს

დღეს, 5 აგვისტოს, დედათა და ბავშვთა ცენტრიდან გაწერეს მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც გუშინ, 4 ივლისს, ავტოავარიაში მოჰყვნენ დედასთან ერთად. როგორც „ბათუმელებს“ საავადმყოფოში უთხრეს, ბავშვებს გაეწიათ ყველა საჭირო დახმარება და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მათი საავადმყოფოში დარჩენა უკვე აღარ იყო საჭირო.

ბავშვების დედა ჯერ ისევ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. „იგი განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“ – უთხრეს „ბათუმელებს“ რეფერალურ საავადმყოფოში.

შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

 

ფიჭვნარი მაშველების გარეშე – პლაჟი, სადაც აკრძალვის მიუხედავად ბანაობენ

ქობულეთის შემოსასვლელიდან [ჩოლოქის ხიდიდან] დაახლოებით 2 კილომეტრის მანძილზე პრესტიჟულ პლაჟად მიიჩნევა. აქ ზღვაში საბანაოდ თუ ფიჭვნარში დასასვენებლად/საპიკნიკოდ, ძირითადად, მანქანებით და კარვებით მოდიან – როგორც ქართველები, ასევე უცხოელი ტურისტები.

აქ ზღვის სეზონზე ყოველთვის ხალხმრავლობაა, თუმცა ტერიტორიაე არც შესაბამისი ინფრასტრუქტურა არის და არც სამაშველო პუნქტები. ამის გამო ამ ტერიტორიაზე ბანაობა აკრძალულია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამაშველო პუნქტების გახსნა მათ კომპეტენციაში არ შედის, ინფრასტრუქტურა კი მოწესრიგდება მრავალწლიანი პროგრამის ფარგლებში, რომელიც ქობულეთის მთელ სანაპირო ზოლს ეხება და მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყება. კონკრეტულად რას ითვალისწინებს ეს პროგრამა ფიჭვნარის შემთხვევაში, გამგეობაში ვერ დაგვიკონკრეტეს.

„შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შეიქმნა 2015 წელს და ამ პერიოდიდან მოყოლებული, საკურორტო ზონებში, მუნიციპალიტეტებთან ერთად, პლაჟის ზოლზე არსებული ვითარების გაუმჯობესების მიზნით მუშაობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კერძოდ, ეტაპობრივად ხდება გამაფრთხილებელი აბრების დამატება შავი ზღვის სანაპიროზე, მიმდინარეობს არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ა.შ.

რაც შეეხება ახალ ლოკაციაზე მაშველების განთავსების საკითხს – იქ, სადაც მოეწყობა პლაჟის ზოლი, ანუ – შემოწმდება წყლის სინჯები, შემდეგ, ზღვაში შემოიფარგლება უსაფრთხო გაგრილებისთვის რეკომენდირებული ტერიტორია და ამის შესახებ მუნიციპალიტეტი აცნობებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, ჩვენ დაუყოვნებლივ ვახდენთ რეაგირებას და დამსვენებელთა რაოდენობის ადეკვატურად, უზრუნველვყოფთ სათანადოდ აღჭურვილი წყალზე მაშველების განთავსებას მათ მიერ მითითებულ ტერიტორიაზე“, – მოგვწერეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან.

სააგენტოს ინფორმაციით, ფიჭვნარში სამაშველო პუნქტების გახსნის თხოვნით მუნიციპალიტეტს მათთვის არ მიუმართავს. სააგენტოში ასევე განაცხადეს, რომ „იქ, სადაც მოწყობილია პლაჟის ზოლი და მოსალოდნელია დამსვენებელთა დიდი ოდენობით კონცენტრირება, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო იღებს შესაბამის ზომებს და უზრუნველყოფს მოქალაქეთა უსაფრთხო დასვენებას“. ასეთი პლაჟის ზოლები ქობულეთში ფიჭვნარის შემდეგ იწყება.

„ქობულეთში განთავსებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 20 საგუშაგო. ამ მონაკვეთში, ცურვისთვის ნებადართულ ტერიტორიებზე, დამსვენებლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ შსს-ს წყალზე მაშველები. მათი რაოდენობა არის აბსოლუტურად საკმარისი იმისთვის, რომ კონკრეტული შემთხვევების დროს მოხდეს ადეკვატური რეაგირება და უმოკლეს დროში მიიღოს მაშველების ეფექტური დახმარება განსაცდელში მყოფმა პირმა“, – გვითხრეს სააგენტოში.

„რაც შეეხება ფიჭვნარისა და ჩოლოქის ტერიტორიის მიმდებარედ არსებულ შავი ზღვის  სანაპირო ზოლს, ამ მონაკვეთზე არ არის ნებადართული ცურვა, რადგან არის მდინარისა და ზღვის შესართავი ლოკაცია, შეინიშნება ძლიერი წყალქვეშა დინებები და სხვა გარემო-ფაქტორები, რაც წყალში შესული მოქალაქის უსაფრთხოებას ეჭვქვეშ აყენებს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამ ტერიტორიაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ დამონტაჟებულია ამკრძალავი ნიშნები და ბანერები, რომლის გათვალისწინებაც სავალდებულოა ყველა ადამიანისთვის“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

„ფიჭვნარის პლაჟი“ მდინარის შესართავს საკმაო მანძილითაა დაშორებული, თუმცა აქ და არც ზღვაში, მიუხედავად ხალხმრავლობისა, არ არის შემოსაზღვრული [ტივტივებით] ტერიტორია, სადაც ნებადართული იქნებოდა ბანაობა.

ფიჭვნარი / ქობულეთი / 5.08.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტოები
ფიჭვნარი / ქობულეთი / 5.08.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტოები

IMG_20170805_105122IMG_20170805_104617IMG_20170805_104639IMG_20170805_105253

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ისიც გვითხრეს, რომ ფიჭვნარის სანაპირო ზოლი ეკონომიკური ზონაა. ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არ არის, შესაბამისად, არც აქვთ უფლება სხვის საკუთრებაში რაიმე ინფრასტრუქტურა განავითარონ.

ვინ ფლობს ქობულეთის შემოსასვლელში [ფიჭვნარში] – ავტომაგისტრალსა და პლაჟს შორის არსებულ ზოლში მიწის ნაკვეთებს? – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უახლესი მონაცემებით, აღნიშნულ ზოლში მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები არიან:

[checklist]

  • 104 294 კვ/მ – მესაკუთრე „აკვაცენტრი“ [2004 წლიდან];
  • 4 680 კვ/მ – „აკვაცენტრის“ საკუთრების გვერდით მდებარე, ზღვაზე გასასვლელი ვიწრო ზოლის მესაკუთრეა ქობულეთის მუნიციპალიტეტი;
  • 70 073 კვ/მ – შპს „კმგ – სერვის საქართველოს“ საკუთრებაშია 2006 წლიდან; ამ კომპანიის 100% წილის მფლობელია ყაზახური „კაზმუნაიგაზ სერვისი“.
  • 24 911 კვ/მ – მესაკუთრე ლეონიდ ჩერნოვეცკი, კიევის ყოფილი მერი. ამ ნაკვეთის მესაკუთრედ გასულ წელს ფიქსირდებოდა შპს „ლუგამინო ჰოლდინგ ლიმითედ“;
  • 2 235 კვ/მ – ლეონიდ ჩერნოვეცკის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული ეს ვიწრო ზოლი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია;
  • 70 000 კვ/მ – ამ ფართობის მიწა ფიჭვნარში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა;
  • 19 455 კვ/მ – ამ ფართობს 2013 წლის დეკემბრიდან ფლობს კომპანია „MANSURYA INTERNATIONAL“ [ნაკვეთები აჭარის საკუთრების გვერდითაა], ამ კომპანიის მესაკუთრე და დირექტორი კი საუდის არაბეთის სამეფოს მოქალაქეა;
  • 24 448 კვ/მ – ეს ფართობიც აჭარის საკუთრებაშია;
  • 20 028 კვ/მ – ამ ფართობის მიწის მესაკუთრე კი, 2009 წლიდან არის კომპანია „არგო ანურია“. ამ კომპანიის მფლობელია შპს „ანურია“, რომლის 100% წილის მფლობელია რუსეთის მოქალაქე კლიმენტი ქასრაძე.                                                                                                                   ამ ფართობის შემდეგ, ქალაქ ქობულეთის ცენტრის მიმართულებით, იწყება ადგილობრივი მოსახლეობის ნაკვეთები.

[/checklist]

რაც შეეხება პლაჟს, მთელი სანაპირო მდინარე ჩოლოქის შესართავიდან [მათ შორის ლეონიდ ჩერნოვეცკის საკუთრების გასწვრივ არსებული პლაჟი] ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია.

ფიჭვნარი
ფიჭვნარი
აქედან „იწყება“ ქობულეთი
აქედან „იწყება“ ქობულეთი
ქობულეთის შემოსასვლელი / ჩოლოქის ხიდთან“ / 5.08.2017
ქობულეთის შემოსასვლელი / ჩოლოქის ხიდთან“ / 5.08.2017

fiW ---

ტურიზმი ტუალეტების გარეშე

სარფი – საზღვარი საქართველოსა და თურქეთს შორის. ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ეს საზღვარი 514 637-მა ტურისტმა გადმოკვეთა. სარფში ყოველდღიურად უამრავი ტურისტი შემოდის, ამას ემატება ტრანზიტული მოძრაობა. ამ ნაკადის ფონზე საბაჟოზე მხოლოდ ერთი ორკაბინიანი ტუალეტია, სადაც ჰიგიენის ნორმები ასე თუ ისე დაცულია. რაც შეეხება მაგისტრალს, რომელიც სანაპირო ზოლს მიუყვება – აქ ზღვის სურნელს მძაფრი სუნი ენაცვლება.

სარფში, საზღვრიდან თითქმის ერთი კილომეტრის მანძილზე, ტრაილერების გრძელი რიგი დგას, სადაც მძღოლებს ხშირად 24 საათიც კი უწევთ გაჩერება. სატვირთო მანქანების გვერდით, ზღვისკენ დაქანებული ფერდობები საყოფაცხოვრებო ნარჩენებით – პლასტმასის ბოთლებითა და პოლიეთილენის პარკებითაა მოფენილი. ირგვლივ არსად არის ტუალეტი. აქ გავლისას მძაფრი სუნი უმალ სუნთქვის შეკავებას გაიძულებს, როგორც ჩანს, ეს ტერიტორია ღია ცის ქვეშ საზოგადოებრივ საპირფარეშოდ არის ქცეული.

სარფიდან ერთ კილომეტრზე უფრო მეტი დაშორებით სანაპირო ზოლი და პლაჟი ტურისტული სეზონის ოფიციალურად გახსნის შემდეგაც კი მოუწესრიგებელია. საზოგადოებრივ საპირფარეშოებს ვერც აქ იპოვით; ამ მონაკვეთში, ჯერჯერობით, არც კაფეები მუშაობს, შესაბამისად, მათ ახლომახლო არსებული ტუალეტებიც დაკეტილია. თუ მახლობელ სასტუმროში ნომერი არ გაქვთ აღებული ან მოქმედ კაფეში არ შეხვალთ, ტუალეტის ძებნაში შეიძლება რამდენიმე საათი დაკარგოთ.

კვარიათში, ერთ-ერთი სასტუმროს გვერდით, ტუალეტის მსგავს ფიცრულებსაც გადააწყდებით, თუმცა ის, რაც შიგნით ხდება, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

IMG_0135

ტუალეტი არის გონიოს ციხის ტერიტორიაზე და ერთი შეხედვით, მოწესრიგებულად გამოიყურება, მაგრამ განათება არ მუშაობს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, გონიოს ციხეს იანვრიდან დღემდე 12 330 ვიზიტორი ეწვია, 4 ივნისს კი – 606 ვიზიტორი.

არის თუ არა საზოგადოებრივი საპირფარეშოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან და დაცულ ტერიტორიებზე, ანუ იმ ადგილებში, სადაც ტურისტები ყველაზე ხშირად მიდიან? ამ თემას ყველაზე კარგად გიდები იცნობენ.
ლაშა ბერეკაშვილი გიდად 2008 წლიდან მუშაობს. ტურისტებთან ერთად თითქმის მთელი საქართველო აქვს მოვლილი. მისი თქმით, ერთადერთ საზოგადოებრივ საპირფარეშოს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, ოკაცეს კანიონთან შეხვდები.

„ეს სველი წერტილი მოწესრიგებულია. ვისურვებდი, სხვა ტურისტულ ობიექტებზეც იგივე მდგომარეობა იყოს“, – ამბობს ლაშა. მისი თქმით, შედარებით უკეთესი მდგომარეობაა პრომეთეს მღვიმესთანაც.

„რას ვეძახით კარგ მდგომარეობას? – ადგილზე აქვთ ჰიგიენური საშუალებები, წყალი და საპირფარეშოთი სარგებლობაც უფასოა. რაც შეეხება სხვა ადგილებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, 99 პროცენტში საპირფარეშო არ არსებობს“.

ლაშა ბერეკაშვილი გელათის მონასტერთან არსებულ მდგომარეობაზე ყვება. მისი თქმით, ქვეყნის ერთ-ერთ თვალსაჩინო ძეგლთან სრული ანტისანიტარიაა.

„ტერიტორია მონასტერს ეკუთვნის და მასზე მზრუნველობაც მათი მოვალეობაა. მით უმეტეს, რომ ამ საპირფარეშოთი სასულიერო პირებიც სარგებლობენ. ქართული მენტალიტეტის ამბავია, რომ „ასეთ ცუდ საქმეს ხელს არ კიდებენ“, „უტყდებათ“. არადა, ეპარქიამ თავისი შემოსავლიდან ერთი ადამიანი რომ აიყვანოს, ადამიანი თან დასაქმდება და ტურისტსაც ნორმალური ტუალეტით სარგებლობა შეეძლება“.

რა ხდება დაცულ ტერიტორიებზე და ეროვნულ პარკებში? როგორც გიდი ამბობს, ამ შემთხვევაშიც ტურისტები „ბუნების იმედად არიან“.

„ვიზიტორთა ცენტრებში ტუალეტები არის, მაგრამ, როცა ცენტრიდან, ვთქვათ, სამ კილომეტრს გადიხარ, სადღაც მაინც უნდა დაგხვდეს ტუალეტი. თუ არის – ფიცრულია, თითქმის ბუნებრივ პირობებთან მიახლოებული“.
ანა ბაროიანიც გიდად მუშაობს და ისიც ტურისტულ ზონებში საპირფარეშოების პრობლემაზე საუბრობს. მისი თქმით, თითქმის ვერც ერთი საზოგადოებრივი საპირფარეშო საქართველოში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან თუ სხვა ტურისტულ არეალში გვხვდება, სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს:

„საერთაშორისო სტანდარტით, უნდა იყოს მინიმუმ სამი კაბინა, ჰიგიენური საშუალებებითა და წყლით. საქართველოში კი ასეთი რამ იშვიათობაა“.

როგორც ანა ყვება, ერთი შეხედვით მოწესრიგებულ ტუალეტებშიც კი, ჰიგიენა სათანადოდ არ არის დაცული. „ხშირად ტუალეტის კარი ბინძურია და ხელის მოკიდება გეზიზღება, სუნი დგას“, – ამბობს ანა. მისი თქმით, კატასტროფული მდგომარეობაა მაგისტრალებზე, სადაც საზოგადოებრივი საპირფარეშოები, ფაქტობრივად, არ არსებობს და „თუ სადმე შეგხვდა, ისიც საშინელ მდგომარეობაში“.

„იყო შემთხვევა, როცა ერთი ტურისტი უნიტაზში ჩავარდა. იმდენად ბინძური იყო უნიტაზი… ფეხებით შედგა. წარმოგიდგენიათ მისი რეაქცია? ბოტანიკურ ბაღში შესვლა გაძვირდა, ტუალეტი კი, მოწესრიგებული არ არის. ხან ქაღალდი არ აქვთ, ხან საპონი და ზოგჯერ წყალიც კი არ მოდის“, – ამბობს ანა.

როგორც მაღალმთიანი აჭარის, ასევე თბილისის მიმართულებით მაგისტრალებზე, ყველაზე მოწესრიგებული ბენზინგასამართი სადგურების საპირფარეშოებია, ამიტომ გიდების უმრავლესობა ტურისტებს ამ ადგილებში აჩერებს.

წარწერა ტუალეტად ქვეულ ნაგებობაზე
წარწერა ტუალეტად ქვეულ ნაგებობაზე

„როცა უცხოელს ეპატიჟები და მაღალი დონის ტურისტულ მომსახურებას სთავაზობ, მაშინ ტუალეტიც მაღალი დონის უნდა დაახვედრო. ტურისტებიც ხვდებიან, რომ საქართველო არ არის 5+, ამიტომ არ არიან კრიტიკულები. უბრალოდ, ეღიმებათ ამაზე“, – გვეუბნება ანა.

ლაშა ბერეკაშვილის თქმით, თუ ტურისტები წინასწარ არიან ინფორმირებული ინფრასტრუქტურის შესახებ, მაშინ რამდენიმე დღეში ადაპტირდებიან, „მაგრამ მათი ირონიული ჩაღიმება არ არის სასიამოვნო.“

ლაშა ყვება, რომ მაგისტრალებზე ზოგჯერ ბენზინგასამართი სადგურებიც ქმნიან პრობლემებს, როცა სადგურზე ტურისტული ჯგუფი ჩერდება. ამავე პრობლემაზე საუბრობს გიდი ზურაბ ჭკუასელიც. „როცა ბევრი ადამიანი მიგყავს, იმიზეზებენ ხოლმე – „არ მუშაობს“, „გაჭედილია“. სინამდვილეში ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ ბევრი ადამიანის მიღება ხელს არ აძლევთ“.

ზურაბ ჭკუასელის თქმით, შედარებით გამოსწორებულია ვითარება აჭარაში, მახუნცეთის ჩანჩქერთან, რომელსაც ბევრი ვიზიტორი ჰყავს.

„იმასთან შედარებით, რაც წლების წინ იყო, მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა მაინც ბევრია გასაკეთებელი. ტურისტული ჯგუფი მყავდა და ერთ-ერთ საპირფარეშოში რომ გავუშვი, უკან გამობრუნდნენ, იქ არ შევალთო.~
გიდების დაკვირვებით, პოს­ტს­აბ­ჭ­ოთა ქვეყნების ტურისტები საგზაო ინფრასტრუქტურის გამო ყველაზე ნაკლებად გამოთქვამენ პრეტენზიას. „უკრაინელ, ბელორუს, ყაზახ და მოლდოველ ტურისტებს უკვირთ კიდეც მოწესრიგებული გზები“, – გვეუბნება ლაშა.

ბათუმი შიდა და უცხოელი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. ქალაქში ტუალეტები ძირითადად ბულვარშია. ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ერთი საპირფარეშო მოქმედებს, ძველ ბულვარში – ოთხი, ერთი – სანაოსნოს მიმდებარე ტერიტორიაზე და ერთიც – 6 მაისის პარკში. წყალი, საპონი და ტუალეტის ქაღალდი ამ ადგილებში არის, თუმცა არ არის სათანადოდ მოწესრიგებული, მიუხედავად იმისა, რომ ტუალეტები ფასიანია – შესვლა 50-70 თეთრი ღირს.

ევროსტანდარტის საპირფარეშოების მშენებლობას ბათუმის მერია გასულ წელს გეგმავდა. ქალაქის ექვს სკვერში თითო საპირფარეშო კერძო პირს უნდა აეშენებინა. ტერიტორიას მერია იჯარით გასცემდა. შეთანხმება ჩაიშალა, რადგან ერთ-ერთმა ორგანიზაციამ ზუბალაშვილის ქუჩაზე არსებულ სკვერში, სადაც ღვთისმშობლის ეკლესია დგას, საპირფარეშოს მშენებლობა გააპროტესტა. მერიის მიმდებარედ და აღნიშნულ სკვერში, იქ, სადაც საპირფარეშოები უნდა აშენებულიყო, ახლა ბეტონის ოთხკუთხა ნარჩენებია შემორჩენილი. „თუ ასე უნდა ხალხს, ასე იყოს, სადარბაზოებსა და ეკლესიის ღობეს იყენებენ ტუალეტებად“, – განაცხადა ინდმეწარმემ.

ამის შემდეგ საპირფარეშოების მშენებლობაზე მერიას ახალი გეგმები აღარ ჰქონია. მსგავსი გეგმა მერიას არც ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე აქვს.

Untitled1

რაც შეეხება მუნიციპალიტეტების გამგებლების გეგმებს, ხელვაჩაურის გამგებელი, ნადიმ ვარშანიძე ამბობს, რომ ფიქრობს მირვეთის მიმართულებით ორი ბიოტუალეტი ჩადგას, ორიც – მაჭახლის ხეობაში. „თუმცა რამდენად მოვახერხებთ, არ ვიცი“, – გვეუბნება გამგებელი. გამგებელი საზოგადოების პასუხისმგებლობაზეც საუბრობს: „სადაც ვაკეთებთ, ისეთ მდგომარეობაში აყენებენ, რომ გაკეთება აღარ მოგინდება. ჰიგიენის დაცვა ძალიან რთულია“.

ამავე მოტივით ცდილობს თავის მართლებას ხულოს გამგებელი, ბესიკ ბაუჩაძეც: „ჰიგიენურ საშუალებებს ვყიდულობთ და ყოველ მეორე დღეს ვდებთ საპირფარეშოებში, მაგრამ არავინ უფრთხილდება, ხან მიაქვთ, ხან აქეთ-იქეთ ყრიან.“

მუნიციპალიტეტების საპირფარეშოებს დღეში ერთხელ, დილით ალაგებენ.

„წელს მხოლოდ ერთი საპირფარეშოს აშენება გვაქვს გეგმაში. ხულოს ცენტრში გაკეთდება ადაპტირებული საპირფარეშო, 45 ათასი ლარი გვაქვს გამოყოფილი. ასევე, კურორტ ბეშუმში გვინდა ერთი ადაპტირებული საპირფარეშო გავაკეთოთ. სხვა მშენებლობები დაგეგმილი არ გვაქვს“, – ამბობს ბესიკ ბაუჩაძე.

ბეშუმში საპირფარეშოს ხელშეკრულებით აყვანილი პირი ალაგებს.

გამგებლის თქმით, ხულოდან გოდერძის უღელტეხილამდე 5-5 კილომეტრის დაშორებით, ხუთი საზოგადოებრივი საპირფარეშოა, თუმცა მათ სტანდარტებზე გამგებელს არ უსაუბრია. როგორც გამგებელი ამბობს, მუნიციპალური ტუალეტების შენახვაზე წლის განმავლობაში 3-4 ათასამდე ლარი იხარჯება.

ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის გეგმები კი ასეთია: „კავიანისა და ზენდიდის ციხეებზე მისასვლელი გზების მოსაწესრიგებლად 400 ათასი ლარია ბიუჯეტიდან გამოყოფილი და ამ პროექტში შედის საპირფარეშოებისა და კემპინგების მშენებლობაც“. არსებულ საპირფარეშოებთან დაკავშირებით კი გამგებელი ფიქრობს, რომ მათი იჯარით გადაცემა მომგებიანი იქნება. „ჩვენ ჯერ არ ვართ ისე განვითარებული, რომ ტურიზმი შემოსავალს გვაძლევდეს, ახლა ვიწყებთ განვითარებას“.

წარწერა გარაჟზე
წარწერა გარაჟზე

საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს 2, 329 677 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 9.7 პროცენტით მეტია.
მეექვსმილიონე ტურისტს პრემიერ-მინისტრი პატივით შეხვდა. თბილისში კი, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და ტურისტთა რიცხვიც, როგორც ხელისუფლება ამბობს, ყოველ წელს მატულობს, მხოლოდ ექვსი საზოგადოებრივი ტუალეტია. საზოგადოებრივი ტუალეტების მშენებლობის თემა „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო დაპირებების სიაშიც კი შეიტანა – 2016 წლისთვის 40 საპირფარეშოს აშენების პირობა დადო. მიმდინარე წლის აპრილში კი, თბილისის მერიამ 32 საპირფარეშოს მშენებლობა დააანონსა.

მთავარ ფოტოზე: მიწისქვეშა გადასასვლელი თბილისში. გიორგი დიასამიძის ფოტო

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“[/highlight]

Exit mobile version