მთავარი,სიახლეები

„უსინათლოთა კავშირი“ უსინათლოებს შენობის გარეშე ტოვებს

07.08.2017
„უსინათლოთა კავშირი“ უსინათლოებს შენობის გარეშე ტოვებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „უსინათლოთა ხმა“, რომელიც უსინათლო პირების უფლებების დასაცავად საპროტესტო აქციებს მართავდა, შენობის გარეშე რჩება. ორგანიზაციას საოფისე ფართობი „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ შენობაში ჰქონდა იჯარით აღებული, თუმცა როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ალიკა წეველიძე, „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, მათ „უსინათლოთა კავშირის“ ხელმძღვანელმა შენობის დატოვა მოსთხოვა.

„ჩვენს ორგანიზაციაში 40 უსინათლო პირია გაწევრიანებული, გარდა ამისა, ჩვენ ყველანი „უსინათლოთა კავშირის“ წევრებიც ვართ და უსინათლო პირების უფლებების დასაცავად ვიბრძვით. კავშირის ხელმძღვანელობას არ მოეწონა ჩვენი საქმიანობა, არ მოეწონათ ის, რომ ვითხოვთ ქონების გადმოცემას და ფინანსების გამჭვირვალობას.

მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ფართობი იჯარით გვაქვს გადმოცემული და ხელშეკრულებას ვადა არ გასვლია, „უსინათლოთა კავშირი“ გვთხოვს, რომ შენობა დავტოვოთ, რადგან საპროტესტო აქციებმა ბიზნესი შეაფერხაო,“-გვეუბნება ალიკა წეველიძე.

„საქართველოს უსინათლოთა კავშირის ბათუმის ფილიალის“ თავმჯდომარე, ზაურ დევაძე ამბობს, რომ „უსინათლოთა ხმას“ კავშირის ერთ-ერთ შპს-სთან „სინათლესთან“ აქვს ხელშეკრულება გაფორმებული და მათი ხელმძღვანელები მოითხოვენ შენობის დაცვლას.

„უსინათლოთა ხმა“ უსინათლოების წინააღმდეგ მუშაობს და ამიტომ ატოვებინებენ. რას ვგულისხმობ და იმას, რომ ჩვენ გადავდგეთ და თვითონ მოვიდნენ. დატოვეთ თანამდებობებიო ითხოვენ. ჩვენი დებულების მიხედვით კი, თუ ორგანიზაცია არ იცავს უსინათლოთა ინტერესებს, ამ შემთხვევაში გვაქვს უფლება მოვთხოვოთ შენობის დატოვება“.

ზაურ დევაძის თქმით, „უსინათლოთა ხმა“ პიკეტირებას აწყობს, კომერციულ საქმიანობაში უშლის შპს-ებს ხელს, რაც მათთვის მიუღებელია. „ჩვენ 11 აგვისტოს უსინათლოებისთვის გემებით გასეირნებას ვაწყობთ, 700 უსინათლო ისარგებლებს ამით, აჭარიდან 150 უსინათლო მიიღებს ამაში მონაწილეობას“. დევაძის თქმით, უსინათლოების გემებით გასეირნებას არასამთავრობო ორგანიზაცია „კეთილი სოფელი“ უზრუნველყოფს.

„უსინათლოთა ხმა“, „უსინათლოთა კავშირის“ საქმიანობის გამჭვირვალობას და ორგანიზაციის ქონებით სარგებლობას ბოლო რამდენიმე თვეა ითხოვს. 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: