მთავარი,სიახლეები

პოლიციელი ნაცემ ლევან ბერიანიძეს: რატომ ხართ ასე აგრესიული

26.08.2017 • 2904
პოლიციელი ნაცემ ლევან ბერიანიძეს: რატომ ხართ ასე აგრესიული

“რატომ ხართ ასე აგრესიული პოლიციის მიმართ?”- ეს შეკითხვა პოლიციის წარმომადგენელმა, ავთანდილ ბერულავამ დაუსვა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ლევან ბერიანიძეს და თორნიკე კუსიანს.

“აგრესია და კრიტიკა მოდის იმისგან, რომ პოლიცია დაცვის ნაცვლად დაგვცინის, ან თვითონაც გვირტყამს,”- უპასუხა პოლიციელს ლევან ბერიანიძემ.

25 აგვისტოს დილით ბულვარში დაკავებული თორნიკე კუსიანის და ლევან ბერიანიძის საქმეს მოსამართლე ლაშა თავართქილაძე განიხილავს. “თანასწორობის მოძრაობის” წევრები ადმინისტრაციული წესით წვრილმანი ხულიგნობისთვის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. დაკავებამდე ამ ორ პირს და სამ ტრანსგენდერ ქალს ბათუმის ბულვარში რამდენიმე პირი თავს დაესხა.

“როცა მივედით ადგილზე ის ველობილიკზე ეგდო და სისხლი სდიოდა…” – უთხრა მოსამართლეს მოწმის სახით დაბარებულმა ირაკლი მიქელაძემ. ის პოლიციის მე-6 განყოფილებაში მუშაობს.

მოწმე პოლიციელებმა აღნიშნეს, რომ მათი ადგილზე მისვლის დროს ხალხმრავლობა იყო, სიტუაციის გარკვევას ეცადნენ, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს ლევან ბერიანიძემ და თორნიკე კუსიანმა.

პოლიციელებს გაუჭირდათ იმის დასაბუთება, როგორ იხულიგნეს და გაუწიეს წინააღმდეგობა ძირს დაგდებულმა ადამიანებმა, რომლებსაც ცემისგან სისხლი სდიოდათ.

პოლიციის წარმომადგენელმა, ავთანდილ ბერულავამ მოსამართლეს უთხრა, რომ ისინი ხმაურს შეესწრნენ:

“პოლიციელებმა ამ ორს პირს მოუწოდეს სიმშვიდისკენ, მაგრამ ამის ნაცვლად პოლიციელებს დაგვიწყეს გინება, არ ითანამშრომლეს ჩვენთან. ჩხუბი სხვა პირებთან ამ დროს უკვე დამთავრებული იყო. თქვენ რის გამრკვევი ხართო, ასე გვეუბნებოდნენ”.

“თუ პოლიციის დახმარება არ გვინდოდა, რატომ დავრეკავდით 112-ში? აი, ტელეფონი, სადაც ჩანს, რომ პოლიციას მივმართეთ საშველად”,- მიმართა პოლიციელს ლევან ბერიანიძემ.

“არ ვიცი, თქვენ რიდის დარეკეთ და სად,” – უპასუხა ლევანს დავით ბაკურიძემ, პოლიციის მე-6 განყოფილების კიდევ ერთმა თანამშრომელმა.

“რის საფუძველზე დაადგინეთ, რომ ეს ორი პირი იყო სამართალდამრღვევი და არა სხვა?” – ჰკითხა პოლიციელ ირაკლი მიქელაძეს პაატა დიასამიძემ, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტმა.

“იქ მხოლოდ ეს ორი პირი იგინებიდა უმისამართოდ. როცა მოვიკითხეთ, რა ხდებოდა, ჩვენ დაგვიწყეს გინება, სხვა არ ხმაურობდა,” – თქვა პოლიციელმა.

დისკუასიაში მოსამართლე ჩაერთო:

“თუკი ხალხმრავლობა იყო, რატომ არ გამოკითხეთ სხვები? საქმეში არაა წარმოდგენილი რომელიმე სხვა პირის ახსნა განმარტება.”

“ამის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება… იქ ყველას ეჩქარებოდა სახლისკენ, დილის 5 საათი იყო”, – უთხრა მოსამართლეს პოლიციელმა ავთანდილ ბერულავამ.

“სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად იყო,” – ჩაილაპარაკა ლევან ბერიანიძემ. ის დეტალურად მოუყვა მოსამართლეს, როგორ წააქციეს პოლიციელებმა და ურტყამდნენ წიხლებს.

“პიდარასტები ხართო, გვეუბნებოდნენ, რას გევხართო… როცა ვკითხე, რატომ არ დააკავეთ ის პირები, ვინც თავს დაგვესხა-მეთქი, შემაგინეს, თქვენ და თქვენნაირებსო, ვინ უნდა დაგიცვათ თქვენო… პოლიციის განყოფილებიდან იზოლატორში როცა გადავყავდით, მხოლოდ მაშინ მომცეს ტელეფონზე დარეკვის უფლება”.

მოწმეთა დაკითხვა გრძელდება. სასამართლო სხდომის პარალელურად მიმდინარეობს საპროტესტო აქცია სასამართლოს შენობასთან სლოგანებით: “ბათუმის მე-6 განყოფილება დაისჯებით”, “ნუ დადგები ძალადობის მხარეს”.

IMG_20170826_120333

IMG_20170826_132211

IMG_20170826_115556

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: