სიახლეები

იაპონური ბაღი ბულვარშიც გაშენდება

29.04.2015 • 3115
იაპონური ბაღი ბულვარშიც გაშენდება
ბაღი უნივერსიტეტთან

„ბათუმის ბულვარის“ დირექტორი გიორგი ზირაქაშვილი ამბობს, რომ იაპონური ბაღის განაშენიანების გარდა ყვავილები და ხე მცენარეები ბულვარის მთელ ტერიტორიაზე განახლდება. „გამწვანების გარდა ახალ ბულვარში ბალახებისგან ქვაფენილი უნდა გაიწმინდოს. ქვაფენილი წელიწადში რამდენჯერმე იფარება ბალახით, ამიტომ ხშირად გვიწევს გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება.“

ბულვარში დაგეგმილია ტექნიკური სამუშაოების ჩატარებაც. დაზიანებულია და გამოსაცვლელია ხეების ქვეშ დამონტაჟებული განათებები. როგორც გიორგი ზირაქაშვილი ამბობს, უკვე შესყიდულია ახალი ნაწილები ბულვარში არსებული შადრევნისთვის, მის დაზიანებულ ნაწილებს შეცვლიან და ტურისტული სეზონის დაწყებამდე შადრევნებს აუცილებლად გამართავენ.

ტექნიკური სამუშაოებია ჩასატარებელი ახალ ბულვარში დამონტაჟებულ ამფითეატრზეც: „ამფითეატრზე წაქცეულია ე.წ. მემბრანული ქოლგები და მას აღვადგენთ. მისი აღდგენის ვალდებულება კომპანია „კრეატივ იმფრეშენ კავკასუს“ ჰქონდა, თუმცა მან ქოლგების აღდგენაზე უარი გვითხრა. ჩვენ მივმართეთ სასამართლოს და ეს საქმე მოვიგეთ. საქმე აღსრულებაზეა გადაცემული და იმედი გვაქვს, რომ დაავალდებულებენ სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებას, ანუ ამფითეატრის საკითხიც მოგვარდება“, – ამბობს გიორგი ზირაქაშვილი.

ამფითეატრზე მემბრანული ქოლგების განახლება 360 ათასი ლარი დაჯდება.

რაც შეეხება ახალი ბულვარის გაგრძელებას, ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის პროექტი ერთ კვირაში იქნება მზად.

„პროექტზე შპს „ხობი 2005“ მუშაობს. გაკეთდება დაახლოებით 900 მეტრი მონაკვეთი. დამცავი ჯებირი უკვე გაკეთებულია და დამონტაჟდება განათებებიც. ტერიტორიაზე დაიგება კორდის საფარი, დაირგვება ნარგავები და ზღვაზე გადასასვლელი რამდენიმე ბილიკიც გაკეთდება“, – ამბობს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი თენგიზ პეტრიძე.

პროექტის ღირებულება ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის: „როცა პროექტი იქნება მზად, შემდეგ გვეცოდინება რა დაჯდება მისი განხორციელება და ამის მიხედვით გავაკეთებთ ტრანსფერზე განცხადებას. წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს ამ მონაკვეთის განახლება, არა მგონია რაიმე პრობლემა შეიქმნას“.

დამონტაჟდება თუ არა ვიდეოთვალები ბულვარის აღნიშნულ მონაკვეთში, თენგიზ პეტრიძეს ამის თაობაზე ინფორმაცია არ აქვს.

გადაბეჭდვის წესი