მთავარი,სიახლეები

ბათუმის საკრებულოს წევრი: აუცილებელი არაა სხდომაზე დასწრება

25.08.2017
ბათუმის  საკრებულოს წევრი: აუცილებელი არაა სხდომაზე დასწრება

„თამაზ თურმანიძეს განსაკუთრებულად მივესალმოთ,“ – ასე დაიწყო დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომა საკრებულოს თავმჯდომარემ, ლაშა სირაბიძემ. როგორც დარბაზში მსხდომების კომენტარებით გაირკვა, საკრებულოს წევრი ექვსი თვეა არც საკრებულოში და, შესაბამისად, არც სხდომაზე გამოჩენილა.

„შენი ხმაც გაგვაგონე“ – ასეთი რეაქცია ჰქონდათ საკრებულოს წევრებს მას შემდეგ, როცა თამაზ თურმანიძემ სხდომაზე საკითხის განხილვისას თავმჯდომარეს ანიშნა, რომ სიტყვით გამოსვლის უფლებას ითხოვდა.

თამაზ თურმანიძეს არაფერი უთქვამს იმის თაობაზე, თუ რატომ არ ესწრებოდა 6 თვის განმავლობაში სხდომებს, ამიტომ სხდომების გაცდენის მიზეზებს „ბათუმელებმა“ ჰკითხა საკრებულოს წევრს.

„ … ჩემი აქ ყოფნის საჭიროება არ იყო. ჩემმა ამომრჩეველმა ყოველთვის იცის, სად და როგორ მიპოვოს და აუცილებელი არაა საკრებულოს სხდომაზე დასწრება, რომ რამე საქმე გააკეთო. შეიძლება არც იყო საკრებულოს წევრი, მაგრამ ქალაქის ყველა მცხოვრები ვალდებულია, რომ ქალაქისთვის რამე გააკეთოს. პრობლემა, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ასე ჩავთვალე საჭიროდ რაღაც მიზეზების გამო“, – ეს განმარტა თამაზ თურმანიძემ.

ამ დროს თამაზ თურმანიძეს საუბარში ჩაერთო საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე: „ ნახე, რა მაგარია, პოპულარული ხარ უკვე… ბატონი თამაზი სულ ჩვენთან არის, გვერდით, ექვსი თვე ვინ თქვა? – მე ხშირად ვხვდები ბატონ თამაზს სხდომასთან დაკავშირებით“. ამ რეპლიკის შემდეგ მან სხდომათა დარბაზი დატოვა.
sakrebulo

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბათუმის საკრებულოს წევრები საკრებულოში თვეობით არ ცხადდებიან, მათ შორის იყო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი მიქელაძე, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში უცხოეთში იმყოფებოდა, მაგრამ ამ პერიოდში აიღო როგორც ხელფასი, ისე პრემია. 

თამაზ თურმანიძე საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე იყო, ის ფრაქციამ თანამდებობიდან პასიურობის მიზეზით გადააყენა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.