აჭარის მუნიციპალიტეტების გამგებლების შემოსავლები

2016 წელს, ქედის, ხულოს, შუახევისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების გამგებლებიდან, ყველაზე მეტი ანაზღაურება – 51 326 ლარი და 31 თეთრი ხელვაჩაურის გამგებელ ნადიმ ვარშანიძეს აქვს აღებული, გასულ წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით.  ნადიმ ვარშანიძეს, როგორც ბათუმის საზღვაო აკადემიის სრულ პროფესორს, შარშან, ხელფასის სახით, 26 000 ლარიც მიუღია.

ქონებრივი დეკლარაცია 2017 წლის ივლისის თვეში შეუვსია შუახევის გამგებელ ტარიელ ებრალიძეს. მას, როგორც გამგებელს – 45 200  ლარი აქვს მიღებული. გარდა გამგებლობისა, ტარიელ ებრალიძეს ხელფასის სახით 25 000 ლარი აუღია ხიჭაურის წმ. ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტიდან, როგორც ლექტორს.

გამგებლობის ხელფასთან ერთად სრული პროფესორის ხელფასს იღებს ხულოს გამგებელი – ბესიკ ბაუჩაძეც. გამგებელის თანამდებობაზე ბესიკ ბაუჩაძეს 37 500 ლარი აუღია, ხოლო როგორც ბსუ-ს ასოცირებულ პროფესორს – 10 400 ლარი.

ერთადერთი გამგებელი, ვინც საგანმანათლებლო საქმიანობას არ ეწევა, არის დავით დუმბაძე. ქედის გამგებელს შარშან ხელფასის სახით 41 075 ლარი აქვს აღებული.

რაც შეეხება ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელ სულხან ევგენიძეს, მის მიერ 2017 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაცია არ იძებნება. 2016 წელს შევსებული დეკლარაციით კი სულხან ევგენიძეს 64 793 ლარი აქვს აღებული.

დავით დუმბაძის საკუთრებაში, 2006 წლის შემდეგ, უძრავ-მოძრავი ქონების შეძენა არ ფიქსირდება. 2017 წლის 27 ივლისის ქონებრივი დეკლარაციით კი, დავით დუმბაძის საკუთრებაში [100% მესაკუთრე], ქალაქ ბათუმში სამი ბინა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლაში მიწის ნაკვეთი ირიცხება, აქედან ორი ბინა ფიროსმანის ქუჩაზე 1998-2000 წლებში შეუძენია, ხოლო ჯავახიშვილის ქუჩაზე, 80 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა მემკვიდრეობით მიუღია. მისთვის ასევე უჩუქებიათ 1 702 მეტრ/კვადრატი მიწის ნაკვეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლაში [2006 წელი].

 

2017 წლის 19 ივლისის ქონებრივი დეკლარაციით, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის საკუთრებაში სახლი, მიწის ნაკვეთი, არასაცხოვრებელი ფართი და ერთი მსუბუქი ავტომობილი ირიცხება. გამგებელს სახლი, მიწის ნაკვეთი და არასაცხოვრებელი ფართი, სერგო მესხის ქუჩაზე 2015 წელს მემკვიდრეობით მიუღია.

xuloebi
ტარიელ ებრალიძე, ბესიკ ბაუჩაძე, დავით დუმბაძე, ნადიმ ვარშანიძე,სულხან ევგენიძე

ტარიელ ებრალიძე, ბესიკ ბაუჩაძე, დავით დუმბაძე, ნადიმ ვარშანიძე და სულხან ევგენიძე აჭარაში პირველი არჩეული გამგებლები არიან.

ადგილობრივი თვითმმართველობის [გამგებლების] მორიგი არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს ჩატარდება.

ბარათაშვილის 24-ში მშენებლობის შეჩერებაზე სასამართლო იმსჯელებს

ბარათაშვილის 24-ში მერიის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობაზე გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ ხვალ, პირველ სექტემბერს უნდა მიიღოს. ორგანიზაცია „ბათომმა“ სასამართლოს უკვე მიმართა დაზუსტებული სარჩელით, სადაც წერია, რომ ნებართვის ბათილად ცნობის გარდა, მშენებლობა საერთოდ უნდა შეჩერდეს ბარათაშვილის 24-ში.

ისტორიული სახლი ბარათაშვილის 24-ში კომპანიამ „დარ ბილდინგი“ დაანგრია. ამჟამად ეს კომპანია ამ მისამართზე შვიდასრთულიან სახლს აშენებს. ორგანიზაცია „ბათომმა“ კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში შენობის სრულ დანგრევამდე შეიტანა. მაშინ ბათუმის მერიაში აცხადებდნენ, რომ „დარ ბილდინგმა“ შენობის დემონტაჟი ნებართვის გარეშე მოახდინა.

სასამართლო განხილვის დროს გაირკვა, რომ ბათუმის მერიამ ახალი მშენებლობისთვის ბარათაშვილის 24-ში ნებართვა გასცა. დაზუსტებული სარჩელით „ბათომი“ სწორედ ამ ნებართვის ბათილად ცნობას მოითხოვს.

„სარჩელი დავაზუსტეთ, რადგან თუკი ახალი შენობა აშენდება, სარჩელის თავდაპირველ მოთხოვნას აზრი დაეკარგება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნათია მიქელაძემ, ორგანიზაცია „ბათომის“ იურისტმა.

შენობა ბარათაშვილის 24-ში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ააგეს და მასზე ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი ეროვნულმა სააგენტომ ორჯერ განიხილა, საბოლოოდ კი უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ იყო, მაგრამ მას იცავდა ჩანაწერი კანონში ძეგლის დაცვის ზონაში არსებული შენობების შესახებ.

კომპანია „დარ ბილდინგი“ შვიდსართულიანი, მრავალფუნქციური სახლის აშენებას გეგმავს. კომპანია „დარ ბილდინგი“ „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველია.

 

გერმანელების ნაკვალევი ბათუმში

ერთ-ერთი უკანასკნელი ბათუმელი გერმანელი, ირინა შმიდტი, რამდენიმე წლის წინ  გარდაიცვალა ბათუმში, სადაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა. ირინა აქ ცხოვრობდა თავის ქართულ-გერმანულ ოჯახთან ერთად. 9 წლის იყო, როდესაც გერმანიიდან კრასნოიარსკის მხარეში გადაასახლეს მშობლებთან ერთად. სწორედ აქ გაიცნო მომავალი მეუღლე, თეოფილე ტუნაძე. ვაჟთან და მეუღლესთან ერთად ბათუმში საცხოვრებლად 1976 წელს ჩამოვიდა. 90-იან წლებში, როდესაც მის ოჯახს გერმანიაში დაბრუნება შესთავაზეს, ირინა შმიდტს ქართველი რძლისთვის უთქვამს: ყველაზე უკეთ მე ვიცი რას ნიშნავს სამშობლოსა და ნათესავებისგან შორს ცხოვრება, ამიტომ შენ უნდა გადაწყვიტო, საქართველოში დარჩენა გირჩევნია, თუ გერმანიაში გინდა წავიდეთო. რძალსაც საქართველოში დარჩენა აურჩევია.

ირინა შმიდტი ბათუმში, ერთ-ერთ საწარმოში ეკონომისტად მუშაობდა და რთულად, მაგრამ მაინც სწავლობდა ქართულად ლაპარაკს და წერა-კითხვას. თან შვილიშვილებს – ინგასა და ირმას გერმანულს ასწავლიდა. როგორც ირმა ტუნაძე იხსენებს, ბებია ირინა უკეთ ფლობდა ქართულს, ვიდრე ბაბუა.

დიმიტრი და ალექსანდრე გოხები და ირმა ტუნაძე
დიმიტრი და ალექსანდრე გოხები და ირმა ტუნაძე

ირმა ტუნაძე ამჟამად აჭარის გერმანულ სათვისტომოს ხელმძღვანელობს. სწორედ გერმანული სათვისტომოს მიერ მოწყობილ ერთ-ერთ ბანაკში გაიცნო მომავალი მეუღლე, თბილისელი გერმანელი დიმიტრი გოხი. ისინი რვა წლის შვილთან, ალექსანდრე გოხთან ერთად ცხოვრობენ ბათუმში. როგორც ირმა ამბობს, მისთვის ყოველთვის ორი სამშობლო არსებობდა – გერმანია და საქართველო. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა გერმანული სათვისტომოს საქმიანობაში ჩართვა. ხშირად ეკონტაქტება გერმანელ ნათესავებს და ცდილობს ალექსანდრესაც ასწავლოს გერმანული.

ირმა ამბობს, რომ შვილის უკეთესი განათლებისა და მომავლისთვის სურს გერმანიაში წავიდეს საცხოვრებლად. საბუთები და მოქალაქეობის მოთხოვნა უკვე გააგზავნა გერმანიაში.

„საქართველოში არასდროს შეგვქმნია დისკომფორტი. თავს საქართველოს სრულფასოვან მოქალაქეებად ვგრძნობთ. ჩვენ აქ დავიბადეთ და გავიზარდეთ. ჩვენი შვილიც ქართველია… თუმცა, საქმე იმაშია, რომ როდესაც სკოლაში მივიყვანეთ ალექსანდრე, მაშინ დავიწყე ფიქრი რა იქნებოდა მისთვის უკეთესი. გერმანიაში ერთი წელი ვიცხოვრე და არც იქ ვგრძნობ თავს უცხოდ. ჩემთვის მაინც სამშობლოა. ბებიამ შემაყვარა გერმანული კულტურა და გერმანია“, – ამბობს იგი და იქვე ხუმრობით დასძენს, რომ მის მეუღლეს, დიმიტრის განსაკუთრებით არ უნდა სხვა მოქალაქეობის მიღება: „მიუხედავად იმისა, რომ გერმანული გვარი სწორედ მას აქვს, მითხრა, იქნებ შენ მოგცენ მოქალაქეობა და მე, როგორც გერმანიის მოქალაქის მეუღლე, ისე ვიცხოვრებ გერმანიაშიო… როგორც ჩანს, ძალიან არ უნდა საქართველოს მოქალაქეობა თუნდაც ორმაგ მოქალაქეობაზე გაცვალოს“.

ირმასგან განსხვავებით ინგას არასდროს გასჩენია სურვილი გერმანული ფესვები ღრმად ეკვლია და არც გერმანიაში წასვლა სურს.

სათვისტომო

გერმანიის სათვისტომო აჭარაში ამ დროისთვის აქტიურად არ მუშაობს. როგორც სათვისტომოს ხელმძღვანელი ამბობს, ამის მიზეზი ადგილობრივი გერმანელების სიმცირეა. მისივე თქმით, სულ რამდენიმე ადამიანი დარჩა ბათუმში, ვისაც გერმანული გვარი აქვს, მაგრამ ისეთი არავინაა, ვისაც ორივე მშობელი გერმანელი ჰყავს. სათვისტომოს ინფორმაციით, ბათუმში გერმანული შთამომავლობის დაახლოებით ასი მოქალაქე ცხოვრობს.

გერმანული სათვისტომოს მიერ მოწყობილი ბანაკი. 2000 წელი
გერმანული სათვისტომოს მიერ მოწყობილი ბანაკი. 2000 წელი

„ბავშვებსაც თუ ჩავთვლით, 100-110 ვართ. სათვისტომოს საქმიანობით დაინტერესებული ნაკლებად არიან… ადრე გვქონდა ბანაკები, გაცვლითი პროგრამები… ახლა ეს აღარ არის. თუმცა ბოლო წლებში ბევრი ახალგაზრდა დაინტრესდა გერმანული ენის შესწავლით, ძირითადად, სწავლის გერმანიაში გაგრძელების მიზნით – ახლა უფრო პოპულარული გახდა გერმანიაში სწავლა. გვინდა რაიმე კურსი გავაკეთოთ გერმანულის სასწავლებლად, ვნახოთ როგორ მოვახერხებთ“, – ამბობს ირმა და დასძენს, რომ ბათუმში არც მის ბავშვობაში ცხოვრობდა ბევრი გერმანელი:

„ბათუმიდან ყოველთვის ყველაზე ცოტა მონაწილე იყო, მაქსიმუმ 5-6 ბავშვი. თბილისში უფრო ბევრნი იყვნენ და ახლაც არიან. თუმცა 90-იანებში უმრავლესობა დაბრუნდა გერმანიაში“.

გერმანელების როლი ბათუმის განვითარებაში

ისტორიულად მრავალ[ფ]ეროვანი ბათუმის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ გერმანელებს, რომლებმაც გავლენა მოახდინეს ბათუმის ქალაქად ჩამოყალიბების პროცესზე – სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სამეცნიერო თუ კულტურულ განვითარებაზე.

როგორც აკადემიკოს რამაზ სურმანიძის წიგნში _ „ქართულ-გერმანული ურთიერთობანი“ ვკითხულობთ, გერმანელები საქართველოში 1817 წელს გამოჩნდნენ – ისინი ჯერ შვაბიიდან [მდებარეობს ტიურინგიას, ბავარიასა და შვეიცარიას შორის] იერუსალიმისკენ გაემგზავრნენ, საბოლოოდ კი საქართველოში დასახლდნენ. ბათუმის ოლქში გერმანელების აქტიურად გამოჩენის თარიღად რამაზ სურმანიძე 1878 წელს ასახელებს. სწორედ 1878 წლის ივნის-ივლისის ბერლინის კონგრესზე, რომელსაც გერმანიის კანცლერი ოტო ფონ ბისმარკი ხელმძღვანელობდა, გადაწყდა, რომ ბათუმი თავისუფალ სავაჭრო ნავსადგურად, პორტო-ფრანკოდ გამოცხადებულიყო.

ბათუმის მმართველობის თხუთმეტპუნქტიანი წესდება, რომელიც 1878 წლის 20 სექტემბერს დაუმტკიცებია რუსეთის მეფისნაცვალ მიხეილ რომანოვს, კავკასიის მთავარმმართებლის აპარატში მომუშავე გერმანელების – ბეკერისა და კრიუგერის მონაწილეობით ყოფილა შედგენილი.

პორტო-ფრანკოს გამოცხადების შემდეგ, ბათუმში აქტიური სავაჭრო და სამეწარმეო ცხოვრება დაიწყო. ბათუმის პოლიტ-ეკონომიკურ-სოციალური განვითარების ყველაზე მაღალ მაჩვენებელს სწორედ პორტო-ფრანკოს პერიოდში ვხედავთ, მაშინ როდესაც ერთად ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეროვნების, რელიგიისა და შეხედულებების მქონე ადამიანები.

სახლები, რომლებიც სავარაუდოდ გერმანელმა ტყვეებმა ააშენეს ბათუმში
სახლები, რომლებიც სავარაუდოდ გერმანელმა ტყვეებმა ააშენეს ბათუმში

ბათუმში ამ პერიოდში სხვადასხვა კომერციული დაწესებულების აშენება-გახსნა სხვადასხვა დოკუმენტით დასტურდება. გერმანელი ვაჭრები განსაკუთრებით დაინტერესებულები ყოფილან ბათუმით და მისი სავაჭრო პოტენციალით. ბევრ მათგანს ბათუმში მიწა უყიდია და საქმიანობა დაუწყია. გერმანელები სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან თუ ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ და ქმნიდნენ ბათუმის ყოველდღიურ სოციო-პოლიტიკურ ცხოვრებას.

რამაზ სურმანიძის წიგნში, რომელიც საარქივო მასალებს ეყრდნობა, ვკითხულობთ, რომ დიდი პოპულარობით სარგებლობდა გერმანელი დორნერის აბანო – „სიმპათია“, შტენგაუზერის საათების მაღაზია [რომელიც დღევანდელი ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე უნდა ყოფილიყო]… ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბათუმში ნავთობის საექსპორტო ჭურჭლის წარმოებისთვის აუცილებელი უცხოური მანქანა-დანადგარების დამონტაჟება პირველად, 1885 წელს, სწორედ გერმანულ სანავთობე ფირმას – „ბურკარდტი და კომპანიას“ დაუწყია. აქ დასაქმებულთა უმრავლესობა გერმანელი ყოფილა, თუმცა ყოფილან ქართველებიც.

1882 წლის აღწერით ბათუმში ცხოვრობდა 145, 1887 წელს – 200, ხოლო 1897 წელს – 300 გერმანელი. მათ შორის იყვნენ ინჟინრები, მასწვლებლები, მხატვრები, ვაჭრები, მუშები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები.

მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტი, რომ ბათუმის ბულვარის გასაშენებლად მაშინდელ გუბერნატორს სმეკალოვს გერმანელი მებაღე ა.ი. რესლერი დაუქირავებია. რესლერის დამხმარე ასევე გერმანელი რეირი გახლდათ. ხელშეკრულება გერმანელ მებაღესთან 1881 წლის პირველ აპრილს გაუფორმებიათ და ბულვარის გასაშენებლად 10-წლიანი ვადა მიუციათ. თუმცა რესლერი მალევე – 1884 წელს გარდაიცვალა ისე, რომ ბულვარის გაშენების დასრულებას ვერ მოესწრო.

გერმანელებმა თავიანთი სიტყვა თქვეს ქალაქის არქიტექტურაშიც – საკრებულოს შენობა, ანუ მეორენაირად კლუბი (ოფიცერთა სახლი ნინოშვილის ქუჩაზე. დაანგრიეს ასლან აბაშიძის მმართველობის წლებში), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამორჩეული იყო და ბათუმელთა თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა, დააპროექტა და ტექნიკური ზედამხედველობა გასწია გერმანელმა ინჟინერმა შტეინბერგმა, რომელიც ქალაქის მთავარი არქიტექტორი იყო.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბათუმში არსებულა ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიაც. ეკლესიას საკუთარი შენობა არ გააჩნდა და ნაქირავებ ბინაში, დღევანდელი გორგასლის ქუჩაზე ფუნქციონირებდა. ღვთისმსახურება ტარდებოდა ყოველ კვირა დღესა და სხვადასხვა რელიგიურ თუ სახელმწიფო დღესასწაულებზე. ამ ეკლესიაში, სხვებისგან განსხვავებით, ჯვრისწერისათვის საკმარისი იყო წყვილს შორის მხოლოდ ერთ-ერთი ყოფილიყო მრევლის წევრი. შენობაც მოუთხოვიათ, თუმცა, როგორც ჩანს, ქალაქში შესაბამისი ფართობი არ გამოინახა. ბათუმის ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია 1911 წელს დაკეტილა.

გერმანელები ქალაქის კულტურულ ცხოვრებაშიც რომ განსაკუთრებულად იყვნენ ჩართულები, ამაზე არაერთი წყარო მიუთითებს. მაგალითად, 1910 წელს ბათუშმი არსებულ სხვადასხვა კინოთეატრს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა გერმანელი ქალის ნ. ბროვალის კინოთეატრი „აპოლო“. ბროვალის შესახებ საინტერესო ამბავს ვკითხულობთ გაზეთ „ბათუმელების“ მიერ გამოცემულ წიგნში – „ბათომი“. როგორც ჩანს, ბროვალს ბათუმში ქართულ-გერმანული ოჯახი შეუქმნია, თუმცა რუსეთის რევოლუციის, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და დაკარგვის შემდეგ შვილებთან ერთად გერმანიაში დაბრუნებულა. მეუღლე კი საქართველოში, ბათუმში გარდაცვლილა საბჭოთა ხელისუფლების პირობებში [იხ. გუჯაბიძე შოთა, „ბათომი“, ერთი ბოთლი ღვინო, გვ. 135, გაზეთი „ბათუმელები“, 2015].

1901-1903 წლებში ბათუმში იყო 15 ქვეყნის საკონსულო, მათ შორის გერმანიისა, რომელიც მდებარეობდა ოლღას (ამჟამინდელი გორგასლის) ქუჩაზე, ვინმე ხუნწარიას სახლში.

გერმანელები ბათუმის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც მეტ-ნაკლებად რომ მონაწილეობდნენ, ერთი ფაქტით დასტურდება – 1888 წელს ბათუმის პირველი მოწვევის დეპუტატად გერმანელი მრეწველი ა.ფ. ციმერმანი აურჩევიათ…

გერმანელთა მდგომარეობა ბათუმში პირველი მსოფლიო ომის დროს და შემდგომ შედარებით გართულდა. მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა მეორე მსოფლიო ომის დროს – აჭარაში ჩამოჰყავდათ გერმანელი სამხედრო ტყვეები, მათ სამედიცინო დახმარებას უწევდნენ, შემდეგ კი მუშახელად იყენებდნენ. როგორც „ბათომში“ ვკითხულობთ, არსებობს ვარაუდი, რომ ორი შენობა ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან სწორედ გერმანელი ტყვეების აშენებულია. ცნობების თანახმად, ზოგიერთი მათგანი წლების შემდეგ დაბრუნდა გერმანიაში.

ცხადია, ყველას ასე არ გამართლებია – ბათუმთან ახლოს, მახინჯაურში არსებობს პატარა სასაფლაო, სადაც გერმანელი სამხედრო ტყვეები უნდა განისვენებდნენ. ეს სასაფლაო აჭარის სპორტსმენთა კავშირის საორგანიზაციო განყოფილების წევრმა, სანდრო ქავთარაძემ აღმოაჩინა და მას საკუთარი ძალებით უვლიდა. როგორც ჩანს, სასაფლაოს ტერიტორიაზე 1945-1946 წლებში განლაგებული იყო გერმანელ ტყვეთა ბანაკი, სადაც 250-მდე ტყვე იმყოფებოდა. ბავშვობაში ნანახი დაამახსოვრდა სანდრო ქავთარაძეს და წლების შემდეგ მოიძია ის ადგილი. დღეს იქაურობა მოწესრიგებულია და არსებობს წარწერა: „აქ განისვენებენ 1947 წელს გარდაცვლილი გერმანელი სამხედრო ტყვეები“.

სასაფლაო, სადაც გერმანელი სამხედრო ტყვეები უნდა განისვენებდნენ
სასაფლაო, სადაც გერმანელი სამხედრო ტყვეები უნდა განისვენებდნენ

გერმანელ ტყვეთა შესახებ თუ, ზოგადად, ამ პერიოდზე ინფორმაციის მოპოვება ძალიან ჭირს.

პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემდეგ ბათუმი ნელ-ნელა დაიცალა გერმანელებისგან. როგორც უკვე ვთქვით, ბოლო დიდი ნაკადი გერმანიაში 90-იან წლებში დაბრუნდა.

ეთნიკური უმცირესობების ფესტივალი ბათუმში, გერმანული სათვისტომოს კუთხე. 31 ივლისი, 2017 წელი
ეთნიკური უმცირესობების ფესტივალი ბათუმში, გერმანული სათვისტომოს კუთხე. 31 ივლისი, 2017 წელი

1918 წლის 26 მაისს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც იგი აღიარა, რაც ასევე განმეორდა 1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენის დროსაც. საქართველოში გერმანიის საელჩო 1992 წელს გაიხსნა და წელს საიუბილეო – 25 წლისთავი აღინიშნება. ასევე, საიუბილეო იქნება მომავალი წელიც ქართველი და გერმანელი ხალხის ურთიერთობაში – 100 წლისთავი მას შემდეგ, რაც გერმანიამ საქართველო ახალ სახელმწიფოდ აღიარა.

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ.
სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

essssion

იურისტი კომისიის თავმჯდომარეს: „არ გამოვრიცხავ, შეთანხმებული გქონდეთ პოზიცია სააგენტოსთან“

დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, ბათუმის მერიის მიწის კომისია ცდილობდა გონიოელების დარწმუნებას იმაში, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პოზიციის გაგება არის სავალდებულო.

„მითხარით ერთი არგუმენტი, რატომ არის ეს საჭირო. ძეგლთა დაცვის სააგენტოს პოზიცია დევს საქმეში. სააგენტო არ ეწინააღმდგება გონიოს ციხესთან მდებარე მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემას გარკვეული პირობების დაცვით,“ – მიმართა კომისიას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა, ანა ბერძენიშვილმა.

„საჭიროა, რადგან სასამართლომ დაგვავალა ინდივიდუალურად საქმის შესწავლა. ინდივიდუალურად კი აქამდე არ გამოუხატავს პოზიცია სააგენტოს,“ – თქვა დავით კოპინაძემ, მიწის კომისიის თავმჯდომარემ.

გონიოელებმა კომისიის თავმჯდომარეს უთხრეს, რომ ინდივიდუალურად ძეგლთა დაცვის სააგენტოს არც იმ პირებზე გამოუხატავს პოზიცია, ვისაც მიწის კომისიამ უკვე აღუდგინა საკუთრების უფლება.

„სააგენტოში გაგზავნილი იყო მთლიანად მიწის ნაკვეთები, რომლებიც გონიოს ციხის მიმდებარედ არის. სააგენტომ თქვა, რომ არ ეწინააღმდეგება საკუთრებაში გადაცემას. ახლა რის მიღწევას ცდილობთ?“ – იკითხა გონიოელმა ენვერ ირემაძემ.

„თქვენი აზრით, რის გამო გვინდა სააგენტოს პოზიცია?“ – კითხვას კითხვითვე უპასუხა მიწის კომისიის თავმჯდომარემ.

„გულწრფელად გეტყვით: არ გამოვრიცხავ, თქვენ უკვე შეთანხმებული გქონდეთ პოზიცია ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან,“ – მიმართა კომისიას ანა ბერძენიშვილმა.

„არ ველოდები მე მაგას,“ – დასძინა კომისიის თავმჯდომარემ, დავით კოპინაძემ.

ერთსაათიანი კამათის შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ გონიოელებს უთხრა, რომ საოქმო გადაწყვეტილებით ეცნობებათ, თუ რაზე შეჯერდება კომისია.

გონიოელების მიწის საკუთრების აღიარებაზე მერიის კომისიის სხდომა გრძელდება.

კომისიის ხელახალი შეკრების საფუძველი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც ბათუმის მერიას დაევალა ინდივიდუალურად საქმის შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების თავიდან მიღება.

IMG_20170831_135006

„ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“ – პოსტერების კონკურსი

ა(ა)იპ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ პროექტის ფარგლებში – „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“ – აცხადებს პოსტერების კონკურსს.

პოსტერი ორიგინალური ხერხით უნდა ამხელდეს:

ანტიდასავლურ, დეზინფორმაციულ მასობრივ საშუალებებს, მათთან დაკავშირებულ ქართულენოვან მედიას [გაზეთებს, ვებგვერდებს, ფეისბუქგვერდებს] და/ან სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც სხვადასხვა ხერხით [მითებით, ფოტომანიპულაციებით, სიძულვილის, ჰომოფობიური და დისკრიმინაციული ენის გამოყენებთ] გავლენას ახდენენ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების ჩამოყალიბებაზე.

პოსტერები სასურველია ეხმიანებოდეს ანტიდასავლური დეზინფორმაციის იმ კონკრეტულ ხერხს ან მითს, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებულია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

პოსტერში მხატვრული ან/და დოკუმენტური ხერხით უნდა იყოს გადმოცემული ბოლო პერიოდში გააქტიურებული ანტიდასავლური დეზინფორმაციის შინაარსი და მეთოდები.

პოსტერი უნდა იყოს ორიგინალური, ადვილად აღსაქმელი, ეფექტური და უნდა ეხმიანებოდეს ზემოხსენებულ მიზანს. სხვა შინაარსის ნამუშევრები საკონკურსოდ არ მიიღება.

ნამუშევრების ელექტრონული ვერსიების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 15 სექტემბერი.

საუკეთესო ნამუშევრები გამოიფინება ბათუმში განთავსებულ სტრიტარტბოქსებში, გამარჯვებული პოსტერით  კი ბათუმის ძველ ნაწილში კედელი მოიხატება.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან საჩუქრებით, დაჯილდოების ცერემონია ნოემბერში გაიმართება.

საკონკურსო ნამუშევრები გამოაგზავნეთ მისამართზე: batumipress@gmail.com

პროექტი „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“ ხოციელდება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი-ს მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით.

ukanaskneli

 

ნათია კაპანაძე მის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე: „პროცესი შეიძლება იყოს გარე ძალების მართული“

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა ნათია კაპანაძემ პროკურატურას მიმართა. ის ითხოვს, რაც შეიძლება სწრაფად შეისწავლოს მის  წინააღმდეგ ტელევიზიის იურიდიული მხარდაჭერის სამსახურის უფროსის მალხაზ ბოლქვაძის მიერ შეტანილი საჩივარი, რადგან მას აქვს ეჭვი, რომ მოვლენების ასეთი განვითარება წინასაარჩევნო პერიოდში შეიძლება იყოს გარე ძალების მიერ მართული. ამის შესახებ ნათია კაპანაძემ რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე იასაუბრა.

მალხაზ ბოლქვაძე აჭარის საზოგადეოებრივი მაუწყებლის დირექტორს, მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მალხაზ ბოლქვაძემ განმარტებები აჭარის ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოსთან გააკეთა. მალხაზ ბოლქვაძემ მაშინ თქვა, რომ პროკურატურამ მისი განცხადების თაობაზე უკვე დაკითხა.

ნათია კაპანაძის განმარტებით კი, საქმე ეხება დავალებებს, რომლებიც იყო გაცემული და არ შესრულდა.

„დისკრიმინაციულ ფაქტებს, თუკი ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ დავალების მიცემა და შესაბამისი პასუხის მიღება, სწავლობს საქართველოს სახალხო დამცველი. არჩევანის გაკეთება, რა თქმა უნდა, განმცხადებლის უფლებაა, თუმცა მოვლენების ასეთი განვითარება მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის  სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობაზე და ვემზადებით წინასაარჩევნო პროცესისთვის, მაფიქრებინებს, რომ პროცესი შეიძლება იყოს მართული გარკვეული ძალების მიერ, საზოგაოდებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს წინააღმდეგ. ეს არის დაუშვებელი“, – განაცხადა ნათია კაპანაძემ ბრიფინგზე.

მისივე ინფორმაციით, მალხაზ ბოლქვაძეს დავალებების შესრულებაზე უარის თქმის გამო მიეცა ოფიციალური საყვედური და დრო მათ შესასრულებლად.

მიწის კომისიამ გონიოელების საქმის განხილვა ხელახლა დაიწყო

გონიოელებისთვის მიწის გადაცემის საკითხის განხილვა ხელახლა დაიწყო მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ. სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება.

პირველ ჯერზე კომისია ოთხი გონიოელის შემთხვევას განიხილავს – ენვერ ირემაძის, ჯემალ ბათაძის, რუსუდან ჯავახიშვილის და მზევინარ ლამპარაძის. ამ პირების სარჩელი მიმდინარე წლის 31 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა.

სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ბათუმის მერიის საკუთრების კომისიის წინა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გონიოს 60-მდე მკვიდრს ჩამორთმეული მიწის ნაკვეთის დაბრუნებაზე უარი უთხრეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერიის კომისიამ ხელახლა უნდა შეისწავლოს გონიოელების საქმე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

„ლოგიკური და სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, ამიტომ შევიკრიბეთ აქ,“ – ამ სიტყვებით გახსნა დღევანდელი კომისიის სხდომა დავით კოპინაძემ. ის მიწის საკუთრების აღიარების კომისიის ახალი თავმჯდომარეა.

დავით კოპინაძე აქამდე ხელვაჩაურის გამგეობაში, სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

როცა სასამართლოში გონიოელებმა საქმე მერიას მოუგეს, მაშინ კომისიის თავმჯდომარედ დავით ოქრაძე დანიშნეს. იგი 2010 წელს ხელვაჩაურის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრი იყო და ხელი მოაწერა გონიოელებისთვის მიწების ჩამორთმევას.

საბოლოოდ, დავით ოქრაძემ კომისიის თავმჯდომარეობა გადაიფიქრა. „არ მინდა ისევ გაუგებრობაში მოვხვდე,“ – უთხრა მან „ბათუმელებს“.

„არ უნდა დავტოვოთ არანაირი კითხვები,“ – ღიად დააფიქსირა პოზიცია ახალმა თავმჯდომარემ, დავით კოპინაძემ. თუმცა სხდომის გახსნისთანავე აქტუალური გახადა შეკითხვა – რატომ უნდა მოუსმინოს კომისიამ დურსუნ მიქელაძეს, როგორც მოწმეს?

დურსუნ მიქელაძეც ერთ-ერთი გონიოელია, რომელსაც მიწა ჩამოართვეს. მოგვიანებით მას უთქვამს, რომ ნებაყოფლობით დაუთმო მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს. საკუთრების კომისიამ განიხილა ეს საკითხი და დურსუნ მიქელაძისთვის მიწის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

„მე მესმის, რომ თქვენ არ იყავით მაშინ კომისიის თავმჯდომარე, მაგრამ რის გამო იმსჯელა მაშინ კომისიამ, თუკი დურსუნ მიქელაძემ მიწა ნებაყოფლობით გადასცა სახელმწიფოს? ჩვენ მოვითხოვთ დურსუნ მიქელაძის საქმის სრულყოფილად გაცნობას,“ – თქვა ანა ბერძენიშვილმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა. ეს ორგანიზაცია გონიოელების ინტერესებს იცავს.

კომისია სხდომაზე მოწმეების მოსმენას აპირებს – გონიოში მცხოვრები ადამიანების.

IMG_20170831_123330

IMG_20170831_123301

 

 ქვედა თხილვანელთა განსახლების ვადა სექტემბერში იწურება

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრები 63 ოჯახიდან, ორმა ოჯახმა, სახელმწიფო განსახლების პროგრამაში ჩართვასა და 25 000 ლარის მიღებაზე უარი განაცხადა. მისივე ინფორმაციით ორ ოჯახს ბინა, ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანის სოციალურ სახლში გადაეცა, ხოლო დანარჩენ ოჯახებს საცხოვრებელი სახლების შესაძენად, 25 000 ლარი, პირად ანგარიშებზე დაერიცხათ.

„ორმა ოჯახმა უარი განაცხადა თანხის მიღებაზე, თუმცა მათთვის მისაღები თანხა მათ არ დაუსახელებიათ. ამ დროისთვის სოფელში მხოლოდ რამდენიმე დროებით მცხოვრები ოჯახი რჩება, ძირითადი ნაწილი მთაშია გადასული. ჩემი ინფორმაციით, ბევრმა ოჯახმა დარიცხული თანხით  მიწა იყიდა და სახლს აშენებს, ნაწილს კი მშენებარე ბინებში აქვთ შეტანილი თანხა“ – ამბობს ბესიკ ბაუჩაძე

სოფელ ქვედა თხილვანელ ეკომიგრანტ ოჯახებისთვის, საცხოვრებელი პირობების მოსაგვარებლად მიცემული სამთვიანი ვადა 2017 წლის სექტემბერში იწურება.

ხულოს გამგეობასა და ქვედა თხილვანაში მცხოვრებ ოჯახებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, სექტემბრის თვის ბოლომდე მოსახლეობამ ახალი საცხოვრებელი სახლი უნდა შეიძინოს და სოფელ ქვედა თხილვანაში არსებული საცხოვრებელი სახლი, არასაცხოვრებლად აქციოს. ამავდროულად ოჯახები, ხელშეკრულებით, ვალდებულნი არიან, გამგეობას საკუთრებაში არსებული ახალი საცხოვრებელი სახლის შესაბამისი დოკუმენტი წარუდგინონ.

იმ შემთხვევაში, თუ განსახლების ვადაში, ოჯახები ახალ საცხოვრებელს ვერ შეიძენენ, გამგებლის თქმით, გამგეობა იმსჯელებს, თუ რა ღონისძიებას გატარებენ ასეთი ოჯახების მიმართ.

ქვემო თხილვანა / ეკა ბარამიძის ფოტოები
ქვემო თხილვანა / ეკა ბარამიძის ფოტოები

შუახევში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 7 მილიონზე მეტი დაიხარჯება

საქართველო და მათ შორის აჭარა ყოველწლიურად მიმზიდველი ხდება ტურისტული თვალსაზრისით. გასული 7 თვის სტატისტიკური მონაცემებით, წელს გაცილებით მეტი ტურისტი ეწვია ჩვენს რეგიონს, ვიდრე გასულ წლებში. ტურისტების მატება თვალშისაცემია აჭარის მთაში, განსაკუთრებით მთის კურორტებზე.

ცხადია, საზღვაო კურორტების პოპულარობასთან ერთად, აჭარის მთავრობა აქტიურად მუშაობს მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაზე. შენდება საგზაო, წყლისა და უკვე ბუნებრივი გაზის საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, უკვე არაერთმა ინვესტორმა გამოთქვა სურვილი მთიან აჭარაში ინვესტიციის ჩადებაზე.

წელს აჭარის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია შუახევის მუნიციპალიტეტში არსებული ზამთრის კურორტის – გომარდულის განვითარება, სადაც ახლაც აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. მთავრობის გეგმით, გომარდული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ შესაძლებელია ოთხი სეზონის კურორტად იქცეს.

საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად შუახევის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის ღორექეთი-გომარდული მონაკვეთზე მიმდინარე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.
საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად  ღორექეთი-გომარდული მონაკვეთზე მიმდინარე  სამუშაოები დაათვალიერეს.

საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან  ერთად შუახევის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის ღორექეთი-გომარდული მონაკვეთზე მიმდინარე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ბონდი-2009 ასრულებს. ამ ტენდერის ღირებულება არის 1 934 860 ლარი, რომლის ფარგლებში უკვე მოეწყო 70 მეტრი გაბიონი, 1170 მეტრი რკინაბეტონის კიუვეტი და 27 მეტრი ლითონის მილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 4400 კილომეტრ გზის ასფალტობეტონის მოწყობის სამუშაოები. სამუშაოები გეგმის მიხედვით ტარდება და სექტემბრის ბოლომდე დასრულდება.

საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად ღორექეთი-გომარდული მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად ღორექეთი-გომარდული მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ცნობით, შუახევის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია 10 კმ-მდე ასფალტობეტონის საფარის მოწყობა, რისთვისაც 2017 წლის ბიუჯეტიდან ოთხ მილიონამდე ლარი  დაიხარჯება.

ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ იმით, რომ წელს შუახევის მუნიციპალიტეტში 3 ახალი ხიდი უნდა ავაშენოთ, ხოლო ორ არსებულ ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

გომარდულში ამ ეტაპზე მიმდინარეობს 4400 კილომეტრ გზის ასფალტობეტონის მოწყობის სამუშაოები.
გომარდულში ამ ეტაპზე მიმდინარეობს 4400 კილომეტრ გზის ასფალტობეტონის მოწყობის სამუშაოები.

ასევე, დაგეგმილია 41 ერთეული ხელოვნური ნაგებობების აშენება-მოწყობა, რაშიც მილიონამდე ლარი დაიხარჯება. დასრულდება 22 კმ-ზე მეტი სიგრძის სამელიორაციო არხის რეკონსტრუქცია და მოეწყობა 16 კილომეტრამდე ბეტონის საფარი.

შუახევის მუნიციპალიტეტში 2017 წელს „საგზაო ტექნიკის შეძენა“ და „საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის“ ქვეპროგრამების ჩათვლით  სულ 7 520 976 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.

როცა ზედამხედველი დარღვევებს ვერ ხედავს

„ … ნებართვა გაცემული არ ყოფილა“ – ასეთი განმარტება ბოლო პერიოდში ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა რამდენჯერმე გააკეთა მას შემდეგ, რაც ბათუმში უკანონოდ დაანგრიეს, ააშენეს ან დააშენეს.

აფეთქება გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე
აფეთქება გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე

ცოტა ხნის წინ ბათუმში შესაბამისი სტანდარტების გარეშე მოქმედი, კუსტარული გაზგასამართი სადგური აფეთქდა, რის შედეგადაც 28 წლის კაცი დაიღუპა – ბათუმის მერმა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა იმ დღეს განაცხადეს, რომ არასტანდარტული გაზგასამართი უკანონოდ ფუნქციონირებდა და „ნებართვა გაცემული არ ყოფილა“. პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა: რატომ?

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ერთსართულიან ბელეტაჟს  მოქალაქე ლალი ხვიჩიამ სამი სართული დააშენა ისე, რომ მშენებლობის პროცესში ის არავის შეუჩერებია. მიუხედავად იმისა, რომ „ნებართვა გაცემული არ ყოფილა“ – საბოლოოდ კი ბათუმის მერიამ ის მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო დააჯარიმა. თუმცა უკანონოდ დაშენებული სამი სართულის დემონტაჟი არ განხორციელებულა.

გორგილაძის ქუჩა #10
გორგილაძის ქუჩა #10

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში სამშენებლო კომპანიამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რამდენიმე დღეში ისე დაანგრია, რომ შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანომ ამის შესახებ სახლის დანგრევის შემდეგ გაიგო. ძეგლი ვერ გადარჩა, მიუხედავად იმისა, რომ კანონდამრღვევს ამ ადგილზე ახლის მშენებლობის სურვილი წინასწარ ჰქონდა გაცხადებული- „ნებართვა გაცემული არ ყოფილა“. გარკვეული დროის შემდეგ კი კომპანიამ ამ ადგილზე ახალი სახლის საფუძვლის ჩაყრის სამუშაოები დაიწყო ისე, რომ ზედამხედველობის სამსახურმა ქალაქში მიმდინარე უკანონო სამშენებლო სამუშაოები მანამდე ვერ შენიშნა, ვიდრე ამ კითხვით მათ მედიამ არ მიმართა. შეტყობინების შემდეგ კი კომპანიამ სამუშაოები მანამდე არ შეაჩერა, ვიდრე იქ საპატრულო პოლიცია არ გამოჩნდა.

ვაჟა-ფშაველას #13
ვაჟა-ფშაველას #13

ბათუმში,  ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სამშენებლო კომპანია „მარდი ჰოლდინგმა“  შეთანხმებული 13 სართულის ნაცვლად თხუთმეტი ააშენა – „ნებართვა მხოლოდ 13 სართულის მშენებლობაზე იყო გაცემული“

კომპანიამ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ხის აივანი მიაშენა, აივნის მშენებლობა რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა, მაგრამ ზედამხედველობის სამსახურმა ის მანამდე ვერ შენიშნა, ვიდრე ამ თემაზე კითხვები მედიამ არ დასვა.

18742362_1730425210320231_1794849682_o-e1495878917194
ბათუმში სამშენებლო კომპანიების უმრავლესობა მშენებლობას დამცავი ბადეების გარეშე აწარმოებს და არღვევს უსაფრთხოების წესებს, თუმცა ამ ფაქტზე სათანადო რეაგირება არ ხდება.

კითხვაზე, რატომ აქვს ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაგვიანებული რეაქცია?  – მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ზაალ მამუჭაძე პასუხობს:

„ … ზედამხედველობის სამსახური წინასწარ ინფორმაციას ვერ გაიგებს, რომელი მშენებელი რას აპირებს. ჩვენ ვმუშაობთ ფაქტებზე“. ის არ უარყოფს, რომ მისი სამსახურის ვალდებულებაა ქალაქში მიმდინარე სამშენებლო პროცესის ყოველდღიური ინსპექტირება და  არ უარყოფს იმასაც, რომ სამსახურის მიერ დაკისრებულ სანქციას ხშირად შედეგი არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ზედამხედველი ინფორმაციას ფლობს, მშენებელი უკანონო მაინც აშენებს:

„…გარდა იმისა, რომ კანონმდებლობაში ხარვეზებია, ზოგიერთი მშენებელი ურჩია. დავუწერთ მითითებას, მაინც თავისას აგრძელებს. არ ჩერდება და შემდეგ გვიწევს მისი დაჯარიმება ყოველდღიურად და ვიდრე დიდ თანხას არ მიაღწევს, მანამდე არ ჩერდებიან. შედეგი ვერ დგება, რადგან კანონი ძალიან ლმობიერია. რაც შეეხება დემონტაჟს, ოფიციალურად ვაჩერებთ, მაგრამ თუ არ გაჩერდა, ვიძახებთ პოლიციას, პატრულს და საერთო ძალებით ვაჩერებთ. როცა ანგრევენ, ანგრევენ ძირითადად ღამის საათებში,“ – განმარტავს ზედამხედველობის სამსახურის უფროსი.

კომპანია „დარ ბილდინგს“, რომელიც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი შემწირველია, ღამით არ დაუნგრევია ისტორიული სახლი ბარათაშვილის #24-ში, რომლის დემონტაჟიც ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა არ შეაჩერა. არც კომპანია „მარდი ჰოლდინგს“ აუშენებია სამი სართული უკანონოდ ღამის საათებში.

აჭარის სამთავრობო სტრუქტურებში დღემდე არ აქვთ პასუხი კითხვაზე – ვისი პასუხისმგებლობა იყო ბათუმში, დასახლებულ ზონაში უკანონოდ მოქმედი, საფრთხის შემცველი ობიექტის შემოწმება, მისი საქმიანობის შეჩერება ან კანონმდებლობის ჩარჩოში მოყვანის უზრუნველყოფა?

სამთავრობო სტრუქტურებში იმედი აქვთ, რომ ამას გამოძიება დაადგენს.

კუსტარულად მოწყობილი გაზგასამართი სადგური ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის #147-ში, ადგილობრივების თქმით, დაახლოებით სამი წელი მუშაობდა ისე, რომ შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც ბათუმში მსგავსი ობიექტის არსებობა არ უნდა დაეშვა, ის არ შეუმჩნევია. ამ სადგურის აფეთქებამ ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, 28 წლის ახალგაზრდა იმსხვერპლა. დაშავდნენ სხვებიც. დაზიანდა ექვსი და მთლიანად დაიწვა სამი სახლი.

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დღესაც აცხადებს, რომ ეს ამბავი მერიას „საერთოდ არ ეხებოდა.“ თავის მხრივ იმავეს აცხადებენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტშიც.

საფრთხის შემცველი ობიექტების ქალაქში განთავსების წესებს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და მიმოქცევის კოდექსი“ ადგენს. კოდექსის მიხედვით, ტექნიკურ ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ორგანოები არიან ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და აფხაზეთისა და აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხვედველობის ორგანოები.

აჭარაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური ორ სტრუქტურას აქვს – ბათუმის მერიაში და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური ორ განყოფილებას ადმინისტრაციული ზედამხედველობისა და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილებებს აერთიანებს. სამსახურში სულ 32 სპეციალისტია დასაქმებული.

სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებს შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრავს ბათუმის საკრებულოს მიერ დამტკიცებული დებულება, რომლის მიხედვითაც მერიის ზედამხედველობის სამსახურს უკანონო გაზგასამართი სადგურის აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირება პირდაპირ მისი ვალდებულება იყო.

დებულების მიხედვით, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილებებს შორისაა:

„… სამშენებლო საქმიანობის  დად­გენილი წე­სების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერებაზე ან/და დემონტაჟზე ან/და სამშენებლო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოყ­ვა­ნაზე სამშე­ნე­ბ­ლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება და კანონმდებლობით გათვალის­წინე­ბული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;“

დებულების მიხედვით, მერიის ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს:

„.. უკანონო და ამორტიზებული შენობა-ნაგებობების, ასევე ჯიხურების, ავ­ტო­ფარეხების და სხვა უსახური შენობა-ნაგებობების დემონტაჟს ან დემონტაჟის ორგანი­­ზებას ან/და დემონტაჟის განხორციელებაზე ზედამხედველობას;“

აფეთქების ადგილზე მცხოვრები მოსახლეობა ყვებოდა, რომ გაზგასამართი სადგურის ფუნქციონირების გამო მოსახლეობას პრობლემები ბევრჯერ შეექმნა:

„აქ გასულ წელსაც გაჩნდა ცეცხლი და მოსულები იყვნენ, მაშინ რატომ არ დაინტერესდნენ?“ „ჩემი დადებული ორი ბეტონი რომ დაინახეს, ეს რატომ ვერ დაინახეს?“ – ამბობდა ამ უბნის მოსახლეობა.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს კუსტარულად მოწყობილ სადგურზე ცეცხლი გაჩნდა, ის ვერც მერიის შესაბამისმა სამსახურმა შენიშნა და ვერც მერიის აღმაშენებლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა, რომლის პირდაპირი მოვალეობაა,  ტერიტორიულ ორგანოში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მერიას მიაწოდოს. მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ  უკანონო გაზგასამართ სადგურთან დაკავშირებით მისთვის არავის მიუმართავს. შესაბამისად ინფორმაცია არ ჰქონდა. იმავეს ამბობს ზაალ მამუჭაძეც: „ თუ დავინახავდით, გადავცემდით შესაბამის სამსახურს, მაგრამ ისეთ ადგილზე იყო, რომ თუ ღობეს არ შეამტვრევდი, ვერ დაინახავდი“.

კანონში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ მოქალაქეს ან მეწარმეს, უფლება აქვს კერძო ტერიტორიაზე მოაწყოს ობიექტი სტანდარტების დარღვევით და ის შემოწმებას არ დაექვემდებარება.

რაც შეეხება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აქ ტექნიკური ზედამხელველობის განყოფილება ფუნქციონირებს, რომელიც ე.წ. მეხუთე კლასის მშენებლობებზე ნებართვების გაცემას და შემდგომში მათ კონტროლს გულისხმობს. როგორც თავად განმარტავენ, სამსახურის კომპეტენციაში საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლი მას შემდეგ შედის, რაც ის უწყებრივ სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდება. რეგისტრირებული ობიექტების ინსპექტირებას სამსახური ოთხ წელში ერთხელ ახორციელებს. სამსახურის უფროსის, დავით ბერიძის განმარტებით, შესაბამისი შეტყობინების მიღების შემთხვევაში სამინისტროს სამსახური უკანონო გაზგასამართი სადგურის ფუნქციონირებას აუცილებლად შეაჩერებდა, მისი აღმოჩენა კი არ ევალებოდა:

„ … ფაქტის შემდეგ ჩვენ ჩავატარეთ შემოვლა მსგავსი ობიექტების შესწავლისა და აღმოჩენის მიზნით. თუმცა კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ეს არ გვევალებოდა, მომავალში ვინ აიღებს ამას თავის თავზე, ამაზე მე ვერ გიპასუხებთ.“

სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევაზე ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად საუბრობენ, თუმცა ზედამხედველობის სამსახური ბათუმში მუშაობის ტემპს არ ცვლის და ხელს კანონმდებლობისგან იშვერს მაშინ, როცა ინვესტორის ინტერესი ქალაქის იერსახეს აზარალებს და მაშინაც, როცა კანონდარღვევის დამალვას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვინ იყო დამნაშავე? – პასუხს მთავრობა ამჯერადაც საგამოძიებო სტრუქტურებისგან ელის.

„ჭაობში“ ქუჩების რეაბილიტაცია 2019 წელშიც გაგრძელდება

მიუხედავად იმისა, რომ „ჭაობის დასახლებაში“ არაერთი ქუჩა ამორტიზებულ-გადათხრილია, ამასთან ზოგიერთ უბანში ინტენსიური სამუშაოები არ შეინიშნება, ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ რეაბილიტაციის პროცესი გეგმით მიმდინარეობს და ზოგიერთ ქუჩაზე სამუშაოები დაგეგმილზე ადრეც კი დასრულდება.

„ჭაობში“ დღეს, ასე ვთქვათ, ორი ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს – მიწისქვეშა [კანალიზაციის ახალი ქსელის მშენებლობა] და მიწისზედა [სანიაღვრე არხები, კეთილმოწყობა, გარე განათება]. ქუჩების კეთილმოწყობა კი დამოკიდებულია საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციაზე – როცა ეს უკანასკნელი დასრულდება, შემდეგ დაიწყება კეთილმოწყობა.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების უფროსის, თენგიზ კორძაძის ინფორმაციით, გარკვეულ ქუჩებზე, ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 2018 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს, ნაწილზე კი – მომავალი წლის ნოემბერში: „თუმცა, ბევრ ადგილზე სამუშაოები, დიდი ალბათობით, დასრულდება მიმდინარე წლის ბოლოს და სავარაუდოდ, რამდენიმე ქუჩა გადავა, ალბათ, 2018 წელში, რომლებზეც სამუშაოები პირველივე კვარტალში დასრულდება“.

თენგიზ კორძაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე „ჭაობში“ სამუშაოები მიმდინარეობს შემდეგ ქუჩებზე [მხოლოდ გიორგი ბრწყინვალედან ბაგრატიონამდე მონაკვეთში]: თაყაიშვილის, სელიმ ხიმშიაშვილის, ჰაიდარ აბაშიძის,  ვაჟა-ფშაველას, ლუკა ასათიანის; სამუშაოები მიმდინარეობს ასევე ჩაიკოვსკის, ბესიკის, ბესიკის შესახვევში, ანდრონიკაშვილის, ანდრონიკაშვილის შესახვევში, მარუხის ქუჩასა და მარუხის პირველ და მეორე შესახვევში;

უკვე დასრულდა სამუშაოები ლერმონტოვის, 26 მაისისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებზე [ბაგრატიონის ქუჩიდან მთისძირის ქუჩამდე მონაკვეთში მხოლოდ თავდადებულისა და ლერმონტოვის ქუჩები გაკეთდა. რაც შეეხება ბაგრატიონის ქუჩიდან მთისძირის ქუჩამდე არსებულ ტერიტორიას, აქ არცერთი ქუჩის სრულ რეაბილიტაციაზე ჯერ ტენდერიც კი არ გამოცხადებულა].

თენგიზ კორძაძის თქმით, არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში ასევე უნდა გაკეთდეს ქობულეთის ქუჩა, ამ ქუჩის შესახვევი, ქედისა და ლომონოსოვის ქუჩები. აქ სამუშაოები სავარაუდოდ 2018 წელს დაიწყება.

აღნიშნულ სამუშაოებს სამი კომპანია ასრულებს: „დაგი“, „ზიმო 7“ და „ბონდი 2009“. „ჭაობისა“ და ბონი-ბარცხანის გზების ჩათვლით კი, ქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 34 მილიონამდე ლარი დაიხარჯება [ბონში კომპანია „გზები“ მუშაობს, ბარცხანაში კი – „ბონდი 2009“].

ზემოაღნიშნული ქუჩების გადამკვეთ ქუჩებსა და ჩიხებს რაც შეეხება „ჭაობში“, ამ ეტაპზე ხელშეკრულება მათ შეკეთებაზე არც ერთ კომპანიასთან არ არის გაფორმებული. მიმდინარე სამუშაოები მათ მოწესრიგებას არ ითვალისწინებს. საუბარია გიორგი ბრწყინვალისა და მის პარალელურ  ქუჩებზე [მაგალითად, კომახიძის, ყოფილი მოსკოვის, ლადო ასათიანის და სხვა ქუჩებზე]. აქ გზების კეთილმოწყობაზე ცალკე ტენდერი უნდა გამოცხადდეს.

„დამოკიდებული ვართ საკანალიზაციო ქსელის მოწყობის დასრულებაზე. თუ ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება, ამ უბნებში  შესაძლებელი იქნება ტენდერის გამოცხადება, თუმცა, ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის,“ – ამბობს თენგიზ კორძაძე.

ვთქვათ, ყველაფერი გეგმის მიხედვით დასრულდა, გამოცხადდა ტენდერი, პროცესები შეუფერხებლად წარიმართა… რა პერიოდი დასჭირდება ასეთ შემთხვევაში მთლიანად „ჭაობის უბანში“ ქუჩების სრულ რეაბილიტაციას? – ამ კითხვაზე თენგიზ კორძაძე გვპასუხობს, რომ „ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაფორმდება ხელშეკრულებები, რა ვადები გაიწერება და სხვა… შესაძლებელია, სამუშაოები 2019 წელშიც გადავიდეს. მაქ არის დიდი ქუჩები, სადაც რთული სამუშაოები იქნება შესასრულებელი“.

ბათუმის მერის მრჩეველი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საკითხებში ჯაბა ტუღუში „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ჭაობის დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციების გაყვანა ფიზიკურად დასრულებულია და ამ უბანში მხოლოდ ერთი კოლექტორის აშენება დარჩა.

„ოსტროვის ქუჩაზე კოლექტორის 80-მეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა იმ კვირაში დაიწყება და მიმდინარე წლის 5 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს ყველაფერი… ამჯერად მიმდინარეობს გარკვეულ მონაკვეთებში ახალ ქსელზე დაერთება, გარკვეულ ნაწილში კი მიდის ტესტირება და ეტაპობრივად ხდება მიღება-ჩაბარებაც… მთელი ეს პროცესი 2017 წლის ნოემბრამდე დასრულებული იქნება, გარდა დაერთებებისა. დაერთებები გაგრძელდება, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის ქუჩებზე შემდგომ სანიაღვრე არხების მშენებლობას თუ ქუჩების კეთილმოწყობას,“ – აცხადებს ჯაბა ტუღუში.

მისივე თქმით, „დაერთებები მელიქიშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩებს შორის მიმდინარეობს, მაგრამ ერთ თვეში მთელი „ჭაობის“ დაერთებების დაწყება შეგვიძლია. კონკრეტულად როდის დასრულდება, არ ვიცით. ეტაპობრივად დაერთებებს „ბათუმის წყალი“ განახორციელებს. ეს დიდ პრობლემებს არ შექმნის ქუჩის იმ მონაკვეთში, სადაც კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულებულია, მაგალითად, 26 მაისის ქუჩაზე. ასეთ მონაკვეთებში ასფალტის აყრა არ იქნება საჭირო, დაერთებას რამდენიმე ბორდიურის აღება და ისევ ჩადება დასჭირდება“.

ე.წ. „ჭაობის უბანში“ პირობითად მოიაზრება ტერიტორია, რომელიც მოქცეულია ჭავჭავაძის, წერეთლის, შავშეთის, მთისძირისა და ჯავახიშვილის ქუჩებს შორის. ჯაბა ტუღუშის განცხადებით, კანალიზაციის ახალი ქსელის მოწყობა [ოსტროვის ქუჩის კოლექტორის გარდა] ამ ტერიტორიაზე მთლიანად დასრულებულია.

საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია ბათუმში იმ პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც  გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან მიღებული შეღავათიანი სესხით ფინანსდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს გერმანულ-ქართული ერთობლივი საწარმო „ფაიფერი და გზა“ ასრულებს.

გაითვალისწინებენ თუ არა მთლიანად „ჭაობის“ ქუჩების საბოლოო და სრული მოწესრიგებისთვის თანხას ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტში, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

ამავე თემაზე:

წლობით შეუკეთებელი გზები ბათუმის გარეუბანში [ფოტო]

ანალიზაციის ახალი სისტემა ახალი პრობლემებით „ჭაობის“ უბანში

პუშკინის ქუჩის ნაწილობრივი რეაბილიტაცია ზაფხულამდე

 

გიორგი ერმაკოვი: ბათუმის მომავალ მერს გამძლეობას ვურჩევ

ბათუმის არჩეული მერი, გიორგი ერმაკოვი, რომლის უფლებამოსილების ვადა 2017 წლის შემოდგომაზე დასრულდება, მიიჩნევს, რომ მან წინასაარჩევნო დაპირებები შეასრულა და მისი მერობის პერიოდში ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი.

„სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც დაწყებულია, რამდენიმეეტაპიანია და დასჭირდება კიდევ ორი წელი დაახლოებით, რომ დასრულდეს. ოთხწლიანი ვადაც რომ მქონოდა, ვერ დასრულდებოდა, რადგან ძალიან დიდი მოცულობის, მასშტაბური სამუშაოებია, რაც ათწლეულებია ქალაქში არ განხორციელებულა ბათუმში, გარდა ქალაქის ცენტრალური ნაწილისა. ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქალაქისთვის. განხორციელდა სოციალური, ჯანდაცვის პროგრამები… დიდი სამუშაოები იქნა ჩატარებული, რითაც მე ძალიან ვამაყობ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული პერიოდი იყო, კოჰაბიტაციის, სამართლებრივი და ა.შ.“ – განაცხადა გიორგი ერმაკოვმა „ბათუმელებთან“.

მერმა ასევე აღნიშნა, რომ იგი საკმაოდ თვითკრიტიკულია და რჩება არაერთი საკითხი, რაც აქტუალური და მნიშვნელოვანია ქალაქისათვის. მისი თქმით,  მას არანაირი გულისტკივილი არ აქვს, რომ მერის პოსტს ტოვებს: „უბრალოდ, ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა, რასაც მომდევნო მერი გააგრძელებს, ამაში დარწმუნებული ვარ.“

კითხვაზე, რას ურჩევს ბათუმის მომავალ მერს, გიორგი ერმაკოვი ამბობს, რომ გამძლეობასა და მუყაით შრომას.

ბათუმის წყალი: ჩვენთან თანამშრომლებმაც კი არ იციან ერთმანეთის ხელფასები

„ბატონო მოსამართლევ, ეს ინფორმაცია რომ გაგვეცა, მერე „ენერგო-პრო ჯორიჯიას“ და „სოკარ ჯორჯიასაც“ იგივეს მოსთხოვენ… იძულებული ვიყავი, ასეთი პასუხი გამეცა“, – ასე მოსამართლე ლაშა თავართქილაძეს შპს „ბათუმის წყლის“ იურისტმა, შალვა ფხალაძემ მიმართა. სასამართლო დავის საგანი ინფორმაციის თავისუფლებას ეხება, კონკრეტულად კი საჯარო ინფორმაციის გაუცემლობას. „ბათუმის წყალმა“ ინფორმაცია საშტატო ნუსხის, ასევე თანამდებობრივი სარგოების და აუდიტის დასკვნების შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ არ მიაწოდა.

„სახიფათო პრეცედენტი შექმნა „ბათუმის წყალმა“, როცა ინფორმაცია არ მოგვაწოდა, – დაიწყო მირზა მამულაძემ, საიას იურისტმა. – „ბათუმის წყლის“ დამფუძნებელი არის ბათუმის მერია, ამ შპს-ში 100-პროცენტიან წილს ფლობს მერია და მოგება, დივიდენდებიც შედის ქალაქის ბიუჯეტში. ამიტომ, ჩვენი აზრით, მასზე უნდა ვრცელდებოდეს ადმინისტრაციული კოდექსი. მიგვაჩნია, რომ „ბათუმის წყალი“ საჯარო უფლებამოსილებას ახორციელებს და ამიტომ უნდა გაეცა მას საჯარო ინფორმაცია. ძალიან საინტერესოა ამ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება“.

„ჩვენ არც ერთ თეთრს არ ვიღებთ პირდაპირი წესით მერიისგან და ვართ კერძო სამართლის იურიდიული პირი. ჩვენზე არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი,“ – სასამართლო სხდომის განმავლობაში რამდენჯერმე გაიმეორა ეს შალვა ფხალაძემ, „ბათუმის წყლის“ იურისტმა.

„ბათუმის წყალს“ 2017 წელს ბათუმის მერიამ 10 მილიონ 500 ათასი ლარი გამოუყო, თუმცა შალვა ფხალაძე განმარტავს, რომ ეს პირდაპირი წესით არ ხდება, ხელშეკრულება ფორმდება და „მაშინ სხვა კომპანიებს, ვინც ტენდერის გზით მერიისგან ფულს იღებს, იმასაც უნდა მოეთხოვოს საჯარო ინფორმაციის გაცემა“.

„ბათუმის წყლის“ იურისტი მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ შპს-ებს არ ეხებათ ადმინისტრაციული კოდექსი და ამ უწყების წერილობითი უარიც ვერ ჩაითვლება ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტად. სასამართლოსგან „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მოითხოვს „ბათუმის წყლის“ მიერ გამოცემული აქტის ბათილად ცნობას და საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალდებულებას.

„ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა. ჩვენ მიერ გაცემული პასუხი არის მხოლოდ კორესპონდენცია და კორესპონდენციის ბათილად ცნობას ვერ მოითხოვს სასამართლო,“ – უთხრა მოსამართლეს შალვა ფხალაძემ.

მოსამართლე: „გამოდის, რომ ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით რომ არ მოეთხოვა და ისე მოემართა, მისცემდით იმავე ინფორმაციას?“

„ჩვენს თანამშრომლებთან გაფორმებულია ხელშეკრულება შრომის კოდექსის მიხედვით. ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ანაზღაურების შესახებ, კონფიდენციალურია. ჩვენთან თანამშრომლებმაც კი არ იციან ერთმანეთის ხელფასები… მიემართა საიას მერიისთვის და მიიღებდა ინფორმაციას, მაგრამ საია-ს სურს პრეცედენტი შექმნას და მერე უკვე ყველა კერძო ორგანიზაციას დაევალოს საჯარო ინფორმაციის მიღება,“ – განმარტა შალვა ფხალაძემ.

„თუ ჩათვალეთ, რომ თქვენს ნაცვლად მერიას უნდა ეპასუხა, რატომ არ გადაგვამისამართეთ მერიაში?“ – იკითხა საია-ს იურისტმა, მირზა მამულაძემ.

„თქვენ ისევ აპელირებთ ადმინისტრაციულ კოდექსზე. მე კი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე ეს კოდექსი არ ვრცელდება. ჩვენ არ ვართ ვალდებული, გავცეთ საჯარო ინფორმაცია,“ – უპასუხა მოსარჩელეს „ბათუმის წყლის“ იურისტმა. მისივე თქმით, ინფორმაცია, რასაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ითხოვდა, ხელმისაწვდომია სხვადასხვა ინტერნეტსაიტზე, გარდა ხელფასებისა.

საქმის განხილვა დასრულდა, მაგრამ მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ გადაწყვეტილების გამოცხადება რამდენიმე დღით გადადო.

„როგორ გასცემდა მერია ინფორმაციას შრომის ანაზღაურებაზე, თუკი იგი კონფიდენციალურია?“ – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ დაუსვა შალვა ფხალაძეს. მან გვითხრა, რომ კონფიდენციალური ინფორმაცია ხელფასებზე მერიის საკუთრებაა და „თავად მერია გადაწყვეტდა, გაეცა თუ არა ეს ინფორმაცია“.

„ბათუმის წყლის“ იურისტს კიდევ ერთი შეკითხვა დავუსვით: რატომ არ უნდა გასცეს საჯარო ინფორმაცია უწყებამ, რომელიც დაფუძნებულია მერიის მიერ და ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებას?

შალვა ფხალაძე: კი, ბატონო, მაგრამ საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას რაც უკავშირდება, მაშინ ის ინფორმაცია გამოითხოვეთ, მაგალითად, რამდენი აბონენტია რეგისტრირებული.


ამავე თემაზე:

კანონშეუსაბამო ანაზღაურება „ბათუმის წყალში“ – მასალები პროკურატურაშია

 

 

 

ბათუმის მერის ოთხი, შეუსრულებელი, „პროცესში მყოფი“ დაპირება

2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულებისთანავე ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი თანამდებობას დატოვებს. 2014 წელს ერმაკოვი ბათუმის მერი არჩევნების მეორე ტურში მიღებული 26 103 ხმით [ბათუმში სულ 132, 389 ამომრჩეველია] გახდა. მერად არჩევამდე ქალაქის მოსახლეობამ მისგან არაერთი დაპირება მოისმინა.

„ბათუმელებმა“ ერმაკოვის მთავარ პოლიტიკურ გზავნილებს გადაავლო თვალი. შეასრულა თუ არა დაპირებები ბათუმის მერმა? „ბათუმელები“ მერის ოთხ დაპირებაზე ფაქტების ჩამონათვალს და თითოეულ დაპირებაზე თავად გიორგი ერმაკოვის განმარტებას გთავაზობთ.

გიორგი ერმაკოვი ფოტო: ლელა დუმბაძე
გიორგი ერმაკოვი. ფოტო: ლელა დუმბაძე

დაპირება #1 „შევიმუშავებთ ბათუმის ურბანული განვითარების სტარტეგიულ გეგმას“

„ქალაქგანვითარების გეგმა უნდა დაიდოს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ საით მიდის ქალაქი“ – განაცხადა გიორგი ერმაკოვმა „ბათუმელებთან“, 2014 წელს, თუმცა ამ დრომდე უცნობია,  „საით მიდის ქალაქი“.

ბათუმს ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმა ჯერ ისევ არ აქვს. არ მომზადებულა ბათუმის ოთხი კვარტალის განაშენიანების გეგმაც, რასაც დაჟინებით ითხოვდნენ ძველი ბათუმის დამცველები.

გიორგი ერმაკოვი ჯერ ისევ მერობის კანდიდატი იყო, როცა ხელი მოაწერა მემორანდუმს საზოგადოება „ბათომთან“ ძველი ბათუმის დაცვაზე. მემორანდუმი ისეთ დეტალებს ითვალისწინებდა, როგორიცაა ძველი ბათუმის არსებული ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის განახლება და ბათუმის ბულვარის დაბრუნება ქალაქის თვითმმართველობისთვის.

ძველი ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა არ განახლებულა, მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოების არაერთი მიმართვისა. 

რაც შეეხება ბათუმის ბულვარს, რომლის გადაცემასაც ბათუმელები მერიისთვის ითხოვდნენ, იგი კვლავაც აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს მართვაშია. ბათუმის მერიამ მის გადმოცემაზე თავად თქვა უარი, იმ მიზეზით, რომ ჯერ ამ სამინისტრომ უნდა დაასრულოს მიმდინარე სამუშაოები.

გიორგი ერმაკოვის მერობის პერიოდში ბათუმში არაერთი ისტორიული სახლი დაინგრა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიც. დანგრეული შენობების დემონტაჟი რიგ შემთხვევებში, მერიის გვერდის ავლით, უნებართვოდ განხორციელდა.

გიორგი ერმაკოვი, ბათუმის მერი: 

ეს დაპირება შესრულდა იმ კუთხით, რომ ჩვენ ყველა წინაპირობა შევქმენით. მოხდა კულტურული და ისტორიული ძეგლების კვლევა, პასპორტიზაცია, ახლა სრულდება საყრდენი გეგმის ნაწილი, მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება კვლევასთან დაკავშირებით, რომელიც მოამზადა კომპანია „გეოგრაფიკმა“. როგორც კი ეს დასრულდება და საკრებულოს მიერ იქნება მოწონებული, შესაძლებელი იქნება გამოცხადდეს ტენდერი, ძირითადი დოკუმენტის დამზადებისა და დამუშავების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ მერობისთვის არასრული ვადა იყო განსაზღვრული – სამი წელი და არა ოთხი, ჩვენ ამ ვადაში მოვახერხეთ ძირითადი მიმართულებების მომზადება, რომ ქალაქის განვითარების გეგმა დაპროექტდეს. ამის ყველა წინაპირობა არსებობს. ასე რომ ვერ ვიტყვი, რომ ეს დაპირება არ შესრულებულა.

დაპირება #2 „თანაბრად განვითარდება ბათუმის ყველა უბანი“

 „არ უნდა იყოს ჭავჭავაძისა და პუშკინის ქუჩების მიღმა სხვა ქალაქი“  – განაცხადა გიორგი ერმაკოვმა მაშინ, როცა მერობის კანდიდატი იყო.  მიუხედავად დაგეგმილი და მიმდინარე სამუშაოებისა, რომლებიც სხვადასხვა ეტაპზეა, გიორგი ერმაკოვის მერობის პერიოდში „ორად გაყოფილი ქალაქის“ თემა არ მოგვარებულია, ჭავჭავაძისა და პუშკინის ქუჩებს მიღმა დღესაც სხვა ბათუმია, სადაც დროში გაწელილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.  „სხვა“, „მეორე“ ბათუმში მცხოვრებნი დღემდე მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე  ჩივიან. 

ვერ მოგვარდა ბათუმში გარევაჭრობის აკრძალვა/დარეგულირების საკითხიც. გიორგი ერმაკოვის მერობის პერიოდში მერიამ არაერთხელ განაცხადა, რომ გარევაჭრობა ბათუმში აიკრძალებოდა ან გარკვეულ ჩარჩოებში მოექცეოდა. დაპირება ვერ შესრულდა.  წერეთლის, პუშკინის, ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთა და ცალკეული ადგილები ბათუმში ამ მხრივ კვლავაც პრობლემურია.

გიორგი ერმაკოვის მერობის პერიოდში ბათუმში კიდევ უფრო გამწვავდა ტროტუარების დაკავების საკითხი, რაც პრობლემებს უქმნის ფეხით მოსიარულეებს. 

გიორგი ერმაკოვი, ბათუმის მერი: 

ერთნაირი პირობების შექმნა მიმდინარეობს ყველა უბანში. ახლა მიდის მასიური სამუშაოები, ქუჩების კეთილმოწყობა ჭაობში, თამარის დასახლებაში, ბონი-გოროდოკში და მახინჯაურში. ასევე, სამუშაოები ხორციელდება შემოერთებულ ტერიტორიებზეც. ყველაფერი აქტიურ ფაზაშია და ეს [ერთნაირი პირობების შექმნა ქალაქის უბნებში] გარდაუვალი პროცესია.  რაც შეეხება გარევაჭრობას, ჩვენ ყველა წინა პირობა შევქმენით ამ საკითხის დასარეგულირებლად. ჩვენ არ გვინდა შევიდეთ იმ ადამიანებთან კონფრონტაციაში, ვინც გარე ვაჭრობას ეწევა, მათ რამდენიმე ადგილი შევთავაზეთ, თუ ეს წინა პირობა არ იქნება შესრულებული, ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად.

დაპირება #3 „ბათუმში შეიქმნება ხელმისაწვდომი საბინაო ფონდი“

ხელმისაწვდომი საბინაო ფონდი ე.წ. „იაფი სახლია“, რომლის კონცეფციაზეც მუშაობა ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო. ერმაკოვის ერთ-ერთი დაპირება მერად არჩევამდე სწორედ ამას შეეხებოდა.

ამ პროგრამას უკვე წლებია ელოდებიან ის ბათუმელები, რომელთაც აქვთ სტაბილური შემოსავალი, თუმცა არა იმდენი, რომ კომერციულ ფასად შეძლონ ბინის ყიდვა. მერია უკვე ოთხი წელია ამ პროგრამაზე მუშაობს, შეიქმნა კომისია, პროგრამა მრავალჯერ განიხილეს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ სამ წელში ბათუმში არაერთი კორპუსი აშენდა, ხელმისაწვდომის საცხოვრისის საკითხის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა.

მეტიც, ხელმისაწვდომი საცხოვრისი თავსატეხიც გახდა ბათუმის მერიისთვის.  კომპანიამ, რომელმაც მერიის ტენდერი მოიგო იაფი სახლის ასაშენებლად, ავანსად ორ მილიონამდე ლარი აიღო და აღებული ვალდებულებები არ შეასრულა, არ გადაიხადა მუშების ხელფასი და არც ნისიად წამოღებული სამშენებლო მასალების თანხა. სახლი არ აშენებულა.

გიორგი ერმაკოვი, ბათუმის მერი: 

„იაფი სახლის“ პროექტი არსებობს. იცით თქვენ, რომ კომპანიამ, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა, ვერ შეასრულა თავისი ვალდებულებები, რის შედეგადაც მერიამ ხელშეკრულება გაწყვიტა და ჩვენ გვაქვს სამართლებრივი დავა კომპანიასთან თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, ჩვენ გავამზადეთ იაფი სახლის კონცეფცია, ძირითადი პირობები და ასევე დასრულებულია ახალი პროექტი ჯავახიშვილის ქუჩაზე დაწყებული პროექტის გაგრძელებისათვის.

დაპირება #4 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნა

ეს გიორგი ერმაკოვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი იყო.

„მერიამ, პირველ რიგში, სწორედ ამ კატეგორიის მოქალაქეებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე უნდა იზრუნოს“ – ვკითხულობთ გიორგი ერმაკოვის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც გვამცნობს, რომ ჯერ კიდევ მერობის კანდიდატი გიორგი ერმაკოვი შშმ პირებს შეხვდა.

ბათუმის მერი იმასაც აღნიშნავდა, რომ ადაპტირებული გარემო ბათუმის მერიაშიც უნდა შეიქნას.  ერმაკოვის უფლებამოსილების ვადა ორ თვეში ამოიწურება, რემონტი მიმდინარეობს, მაგრამ მერიის შენობა ჯერ ადაპტირებული არ არის. აქვე  უნდა აღინიშნოს, რომ მერიამ ადაპტირებული ლიფტის მოწყობაზე ტენდერი  2016 და 2017 წელს გამოაცხადა, თუმცა არც ერთი ტენდერი არ შედგა.

ერმაკოვის მერობის პერიოდში რამდენიმე საჯარო დაწესებულებას გაუკეთდა პანდუსი ბათუმში, თუმცა შშმ და ეტლით მოსარგებლე პირებს ხშირად ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გადაადგილებაც უჭირთ. 

ერთ-ერთი ბოლო, არაადაპტირებული ნაგებობა, რომელსაც ბათუმის მერია ერმაკოვის მერობის პერიოდში დააფინანებს, თამარ მეფის გამზირზე მდებარე გადასასვლელი ხიდია, რომელზე გადასვლასაც შშმ და ეტლით მოსარგებლე ადამიანები ვერ შეძლებენ. 

გიორგი ერმაკოვი, ბათუმის მერი: 

ეს საკითხი, პირველ რიგში, უკავშირდება სატრანსპორტი ინფრასტრუქტურას. ჩვენ ხელი მოვაწერეთ კონტრაქტს „იბიარდთან“, ვიძენთ დიზელისა და ელექტროავტობუსებს, რომლებიც სრულად იქნება ადაპტირებული. მეორე – ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას, რომლებიც ხორციელდება ქალაქის სხვადასხვა ადგილას, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, რომ ეს იყოს ადაპტირებული. ახლა მერიის ერთ-ერთ შენობაში, რომელიც არ იყო ადაპტირებული, ვგულისხმობ ცენტრალურ ოფისს გორგილაძის ქუჩაზე, სარემონტო სამუშაოები მიმდინარებს და შენობის უკანა მხარეს მონტაჟდება ლიფტი. ორი თვის განმავლობაში სარემონტო სამუშაოები დასრულდება.  
 

 

რა ეღირება სწავლა ბათუმის კერძო სკოლებში 2017 წელს

ბათუმში დღეისათვის 17 კერძო სკოლაა. სკოლებში სწავლის საფასური, წლიურად, საშუალოდ 600 ლარიდან იწყება და 2600 ლარს აღწევს. გთავაზობთ მონაცემებს, თუ რა ღირს სწავლა სხვადასხვა სკოლაში.

ელიტური სკოლა „გორდაში“  სწავლის გადასახადი კლასების მიხედვით იზრდება. მაგალითად, პირველ კლასში სწავლის გადასახადი 1700 ლარია, მეექვსე კლასში – 1800 ლარი, მე-10 კლასში – 1900, მეთორმეტეკლასელები კი ერთი წლის მანძილზე 3000 ლარს იხდიან.

როგორც სკოლის ხელმძღვანელი, ნინო მურვანიძე ამბობს, ის მეთორმეტეკლასელები, რომლებიც „გორდაში“ სწავლობენ, რეპეტიტორებთან აღარ ემზადებიან.

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში წლიური გადასახადი გასულ წელს 600 ლარი იყო. როგორც სკოლის იურისტი, ნინო ტავლალაშვილი ამბობს, პედსაბჭო ჯერ არ შეკრებილა და ახალი სასწავლო წლის გადასახადი არ განუსაზღვრავს. მისივე თქმით, სწავლის გადასახადი დიდი ალბათობით გაიზრდება.

პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით 2300 ლარი ღირს სწავლა კერძო სკოლა „თაობაში“.  ამ თანხაში შედის გახანგრძლივებული ჯგუფის საფასურიც. მეშვიდედან მეთერთმეტე კლასამდე სწავლის ღირებულება 1800 ლარია, ხოლო მე-12 კლასელებს „თაობაში“ განათლების მიღება  2000 ლარი დაუჯდებათ.

შპს „განათლება“ სკოლა „იმედში“ განათლების მიღება 1700  ლარიდან 2200 ლარამდე ღირს. „11 გრანტი აიღეს წელს ჩემმა კურსდამთავრებულებმა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ სკოლის დირექტორმა ქეთევან გოშხეთელიანმა.

წელიწადში 1800 ლარი ღირს სწავლა კერძო სკოლა „ნიკეში“.

„ამაში შედის დღის მეორე ნახევარში მომზადება, ყველა საგნობრივი წრე, ინგლისური კვირაში ოთხჯერ და რუსული მეორე კლასიდან,“ – ამბობს სკოლის დირექტორი იზოლდა ტაკიძე.

1200-დან 1500  ლარამდე ღირს სწავლა კერძო სკოლა „ნერგებში“. 1800 ლარიდან  2000 ლარამდე ღირს სწავლა კიდევ ერთ კერძო სკოლა „არილში“. ანალოგიური ფასი 1800 -2000 ლარია კერძო სკოლა „გიმნაზია 21-ე საუკუნეში“.

1000 ლარიდან 2000 ლარამდე ღირს სწავლა ფრანგულ სკოლაში.

დიფერენცირებული აქვს ფასები „მომავლის სკოლას“. პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით აქ სწავლა 2200 ლარი ღირს, მეხუთედან მეცხრეს ჩათვლით 1800, მე-10, მე-11 კლასი – 2000 ლარი, ხოლო მეთორმეტე კლასი – 2500 ლარი.

1400 ლარი ღირს სწავლა კერძო სკოლა „თამარისში“.

მრავალდარგობრივ გიმნაზია „იბერიაში“ სწავლის საფასური საფეხურების მიხედვით იზრდება. 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით 2000 ლარი ღირს, მეშვიდე-მეცხრე კლასი – 2300, მე-10 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით კი – 2500 ლარი.

2500 ლარი ღირს სწავლა „მეგასკოლაში“, რომელიც მხოლოდ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი.

წელს სასწავლო წელი საქართველოს სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება.

არჩევნები ხელვაჩაურსა და ქობულეთში დამოუკიდებელი კანდიდატების გარეშე

ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მაჟორიტარობისა და გამგებლობის დამოუკიდებელი კანდიდატები არ დარეგისტრირებულან.

ხელვაჩაურის #83 საარჩევნო ოლქში არც ერთი საინიციატივო ჯგუფი არ დარეგისტრირებულა, რომლებიც მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატს დაასახელებდა. „ოლქში არც გამგებლობის დამოუკიდებელი კანდიდატურა არ არის დარეგისტრირებული,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქში.

ანალოგიური ინფორმაცია მოგვაწოდეს ქობულეთის #81 საოლქო საარჩევნო კომისიიდანაც.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ხულოს #84 საარჩევნო ოლქში ექვსი დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა, ქედის # 80 საარჩევნო ოლქში – 4, ხოლო შუახევის # 82 საარჩევნო ოლქებში – 3.

აჭარის არც ერთ მუნიციპალიტეტში არ დარეგისტრირებულა გამგებლობის დამოუკიდებელი კანდიდატი. საარჩევნო ოლქებში საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა 2017 წლის 25 აგვისტოს ამოიწურა.

ხეების შეწამვლისთვის გამწვანების სამსახური დახმარებას მთავრობისგან ითხოვს

ბათუმის ქუჩებში რამდენიმე ადგილას ხეებზე ამერიკული თეთრი პეპელა და ფაროსანა გამოჩნდა. ამ მწერების წინააღმდეგ ბრძოლა არც ერთ სახელმწიფო უწყებას ბიუჯეტში გათვალისწინებული არ აქვს. 24 აგვისტოს „ბათუმელებს“ მერიის გამწვანების სამსახურში უთხრეს, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს აგროსერვის ცენტრთან პრეპარატების გადმოსაცემად.

„გადმოგვცეს დაახლოებით 30 ლიტრი პრეპარატი და სამი ერთეული ტექნიკა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჯავახიშვილის ქუჩაზე შეწამვლითი სამუშაოები, სადაც ყველაზე მეტად არის გავრცელებული ფაროსანა,“ – გვითხრა ლევან ჭანუყვაძემ, ბათუმის გამწვანების და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსმა. მისი თქმით, ხვალ ბათუმის 6 მაისის პარკი შეიწამლება, თუმცა ამ სამსახურისთვის გადაცემული პრეპარატები დაახლოებით ქალაქის ცენტრალური უბნებისთვის იქნება საკმარისი.

„მთლიანად ქალაქი უნდა შეიწამლოს, ზოგიერთ ქუჩაზე არის ხეები დაავადებული, ზოგან – არა, მაგრამ მთლიანად არის საჭირო, რომ არ გავრცელდეს. ზუსტად არ ვიცი, რა რაოდენობის პრეპარატი დაგვჭირდება, მაგრამ ეს მოთხოვნა უკვე დავსვით აჭარის მთავრობაში. სადაც შეიწამლა, იქ მეორე ფაზაც იქნება საჭირო,“ – დასძენს ლევან ჭანუყვაძე.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გამწვანების სამსახურმა 30 ლიტრი პრეპარატის მოითხოვა და გადასცეს. დამატებაზე კი მოთხოვნა ჯერ არ შესულა.

 

 

 

სად რა არის დაგეგმილი „ბათუმობაზე“ [ღონისძიებების განრიგი]

ბათუმის მერია „ბათუმობის“ აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალს ავრცელებს.

2 სექტემბერი

✔12:00 სთ – საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის (დრამატული თეატრის უკან) ყვავილებით შემკობა.

✔12:30 სთ – მსვლელობა მემედ აბაშიძის გამზირზე, სასულე ორკესტრის თანხლებით.

✔12:30 – 17:00 სთ – ადგილობრივი მუსიკალური ბენდების კონცერტი ევროპის მოედანზე.

✔12:45 სთ – ბათუმობა 2017-ის საზეიმო გახსნა, ლენტის გაჭრა ღონისძიების თაღთან.

13:00 სთ – მსვლელობა მემედ აბაშიძის გამზირზე.

✔ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა (ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორია).

✔ფოტოსტენდები და ბათუმის ინსტალაცია მოცულობითი ასოებით აწყობილი (ევროპის მოედანი).

✔ქალაქ ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის მიერ მოწყობილი „მწვანე კუთხე“.

✔სარკის ინსტალაცია.

✔ძველი ბათუმის ისტორიის გაცოცხლება, ძველი ბათუმის ფოტოგამოფენა და პერფორმანსი პლატონ გიგინეიშვილის სახლის წინ.

✔თანამედროვე STREET ART – ის ინსტალაცია.

✔თოჯინების თეატრის წარმოდგენები.

✔ვეშაპის ინსტალაცია – შადრევანი.

✔სახალისო ფოტოსტენდები.

✔საბავშვო გასართობი აქტივობები: ქვიშის მოედანი და სახალისო თამაშები.

✔გაეროს ბავშვთა ფონდის ანტისტიგმა კამპანია „დაინახე ყველაფერი“.

✔საბავშვო საქანელები.

✔”წიგნები ბათუმში”, „ბიბლუსი“ – გამოფენა-გაყიდვა.

✔ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა „წრე”.

✔18:00 სთ – ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ბათუმის” ვარსკვლავის გახსნა და საპატიო ბათუმელების დაჯილდოება – ბათუმის საზაფხულო თეატრში.

✔21:00 სთ – ბათუმის ჯაზ ბიგბენდის კონცერტი ევროპის

მოედანზე.

 

3 სექტემბერი

✔ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა (ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორია).

✔ფოტოსტენდები და მოცულობითი ასოებით აწყობილი ბათუმის ინსტალაცია (ევროპის მოედანი).

✔საზღვაო თემატიკის დეკორაციით მორთული ჯიხურებისგან მოწყობილი გამოფენა – გაყიდვა.

✔ქალაქ ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის მიერ მოწყობილი „მწვანე კუთხე“.

✔სარკის ინსტალაცია.

✔ძველი ბათუმის ისტორიის გაცოცხლება, ძველი ბათუმის ფოტოგამოფენა და პერფორმანსი პლატონ გიგინეიშვილის სახლის წინ.

✔თანამედროვე STREET ART -ის ინსტალაცია.

✔თოჯინების თეატრის წარმოდგენები.

✔ვეშაპის ინსტალაცია – შადრევანი.

✔სახალისო ფოტოსტენდები.

✔საბავშვო გასართობი აქტივობები: ქვიშის მოედანი და სახალისო თამაშები.

✔გაეროს ბავშვთა ფონდის ანტი-სტიგმა კამპანია „დაინახე ყველაფერი“.

✔საბავშვო საქანელები.

✔”წიგნები ბათუმში”, „ბიბლუსი“ – გამოფენა – გაყიდვა.

✔ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა „წრე“.

✔13 : 00 – 17 :00 სთ – საბავშვო სტუდიების კონცერტები ევროპის მოედანზე

✔21 : 00 სთ – გალა კონცერტი ევროპის მოედანზე

მონაწილეობენ:

ჯგუფი „ურსა“

ნოდიკო ტატიშვილი

სალომე ბაკურაძე

დათუნა მგელაძე

თამთა ჭელიძე

ნიკო ბერიძე

ზვიად ბოლქვაძე

სოფო ხალვაში

ჯგუფი „რეზო და ბავშვები“

ბორის შხიანი, ალეკო ბერძენიშვილი, დავით ფორჩხიძე – ერთობლივი პროექტი.

 

რატომ ვერ დაამარცხა ფაროსანა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თხილის პლანტაციებში

თხილის კრეფის სეზონი თითქმის დასრულდა. მეთხილეები ამბობენ, რომ მოსავლის დიდი ნაწილი განადგურებულია და მისი რეალიზება უჭირთ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჯერ ვერ აკონკრეტებენ, მოსავლის რა ნაწილია განადგურებული. რატომ ვერ დაამარცხა მავნებელი შეწამვლის ღონისძიებებმა, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განახორციელა? – „ბათუმელებმა“ ეს შეკითხვა მამუკა თურმანიძეს დაუსვა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აგრარული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს.

„თუ გადავხედავთ სხვა რეგიონებს, აჭარაში მაღალი ეფექტურობა აჩვენა წამლობითმა ღონისძიებებმა. ფაროსანა მძლავრი მავნებელია. მასთან ბრძოლა ისეთ სახელმწიფოებსაც გაუჭირდათ, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის წამყვანი სახელმწიფოები. ერთ წელიწადში მისი 100 პროცენტით ლოკალიზება შეუძლებელია,“ – გვითხრა მამუკა თურმანიძემ.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ სამიზნე იყო დომინანტი დაავადების შემცირება და არა მისი ლოკალიზება. აქ მიაჩნიათ, რომ თუ განხორციელდება მიზანმიმართული ღონისძიებები როგორც სახელმწიფოს, ასევე ფერმერის მხრიდან, საბოლოოდ დაავადება დამარცხდება. მამუკა თურმანიძე მთავარ აქცენტს მაინც ფერმერზე აკეთებს, რომელმაც დომინანტ დაავადებებთან გამკლავება უნდა ისწავლოს, დაავადებების აღმოჩენა და წამლობაც. არგუმენტად სამინისტროს წარმომადგენელი ასახელებს იმას, რომ ვიდრე მცენარე იარსებებს, ყოველთვის იარსებებს დაავადებები, „ამის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს მილიონები უჯდება, ხოლო თუ, მაგალითად, ფერმერი სწორად გასხლავს მცენარეს და შემდეგ მოჭრილ ტოტებს ბაღიდან გაიტანს და დაწვავს, დაავადების გავრცელების რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება,“ – ირწმუნება მამუკა თურმანიძე.

ხომ არ დააგვიანა წელს თხილის პლანტაციების შეწამვლა სამინისტრომ, ან როგორ შეირჩა კერძო პლანტაციები, სადაც სახელმწიფომ უფასოდ მცენარეების შეწამვლა გადაწყვიტა?

მამუკა თურმანიძე: „არ დაგვიგვიანია. ჩვენ შეწამვლა დავიწყეთ ივნისში და თხილის დაკრეფის დაწყებამდე 15 დღით ადრე დავასრულეთ. გაზაფხულზე თხილის პლანტაციებში აჭარის მთელს რეგიონში 420-ზე მეტი ფერომონი დამონტაჟდა. ეს მოწყობილობა, რომელსაც სკაფანდრის ფორმა აქვს, მდედრი მწერის სუნს გამოაფრქვევს და იზიდავს მამრ მწერ ფაროსანებს. ამის მიხედვით შეიძლება ფაროსანას გავრცელების კერების დადგენა. მონიტორინგის შედეგად დადგინდა ეს კერები. სურსათის ეროვნული სააგენტოს პროგრამა ითვალისწინებდა თხილის წამლობის ღონისძიებებს. გამოვიყენეთ „ბიფეტრინის“ შემცველი პრეპარატი, თავად წამალს ჰქვია „ზონდერი“. ეს პრეპარატი – ბიფენტრინი რეკომენდებულია პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორის, გრეკ კამჩუკის მიერ. ის არის ენტიმოლოგი, რომელმაც პირველმა დაამუშავა ბრძოლის ღონისძიებები კონკრეტულად აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, ამერიკაში 5-7 წელი დასჭირდა ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლას. ეს პრეპარატი გადმოგვცა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ხოლო შემდეგ აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 300 ათასი ლარი გამოიყო შეწამვლისთვის. ვიქირავეთ შპს „მექანიზაციის“ მომსახურება – 30 ტრაქტორი და სრულიად უფასოდ, კერძო საკუთრების ნაკვეთებში განვახორციელეთ წამლობითი ღონისძიებები. შეიწამლა თხილის ის პლანტაციები, სადაც დაავადების გავრცელების კერა იყო მაღალი.“

სამინისტროში განმარტავენ, რომ დაავადებაზე დაკვირვება ახლაც გრძელდება. მამუკა თურმანიძის თქმით, არის სოფლები, სადაც თხილის მოსავლის დაახლოებით 10 – 15 პროცენტია დაავადებული, ზოგიერთ ადგილას კი ეს მაჩვენებელი გაცილებით მეტია. ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობაზე საუბრის დროს მამუკა თურმანიძე ხაზს უსვამს იმასაც, რომ ფაროსანა წელიწადში ორჯერ მრავლდება და ერთი მდედრი 250 კვერცხს დებს.

„გარდა ამისა, თხილის დაზიანება არ არის მარტო ფაროსანას გამოძახილი, ეს არის კომპლექსური. იქ არის თხილის ტკიპა, ხარაბუზა, თხილის ნაცარი. სამი-ოთხი დომინანტი მავნებელია და ამ კუთხითაც ვმუშაობთ, ვახორციელებთ ექსტენციის პროგრამას, სადაც კვალიფიციური სპეციალისტები სოფელ-სოფელ პრაქტიკულად აჩვენებენ, რა როგორ უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა მოხდეს მავნებელი დაავადებების აღმოჩენა და მერე სწორი ღონისძიებების დაგეგმვა, რომ ეს არ იყოს დიდ ხარჯებთან დაკავშირებული და წამლობითმა ღონისძიებებმაც ფუჭად არ ჩაიაროს,“ – დასძენს მამუკა თურმანიძე.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვითხრეს, რომ ამ დროისთვის დათვლილი არ არის ზარალის ზუსტი ოდენობა. სამინისტრო არც ფერმერებისთვის კომპენსაციის მიცემის საკითხს განიხილავს.

ამავე თემაზე:

თხილის ბიზნესი: მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურებულია

სარფში არადეკლარირებული ოქროს გადმოტანისთვის მოქალაქე 11465 ლარით დააჯარიმეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში – „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოში შემომავალი საქართველოს მოქალაქის, ნ.შ.-ს კუთვნილი ბარგის  დათვალიერებისას არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 160.96 გრამი) და ვერცხლის (საერთო წონა 2,173.21 გრამი) საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ოქროს ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ  8816,07 ლარი, ხოლო ვერცხლის ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ  2649,47 ლარი შეადგინა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 11465,54 ლარის ოდენობით შეეფარდა,“ – აღნიშნულია სამსახურის განცხადებაში.

სულხან ევგენიძე: ასე უკეთესი იქნება, დავისვენებ

ის ისევ საჯარო სექტორში აპირებს დარჩენას. ამბობს, რომ კერძო სექტორში მუშაობა კომფორტია, მაგრამ შეთავაზებები საჯარო სამსახურში აქვს, როცა გამგებლის სავარძელს არჩევნების შემდეგ სხვას დაუთმობს.

ქობულეთის გამგებელი – სულხან ევგენიძე არ აკონკრეტებს, რა სამსახურს სთავაზობენ. გამართლებულად მიიჩნევს მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ გამგებლების კანდიდატები ახალი სახეები უნდა იყვნენ. „სურვილი რა, მეც ვფიქრობ, რომ ასე უკეთესი იქნება, დავისვენებ“, – ამბობს ის. სულხან ევგენიძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში პირველი არჩეული გამგებელია 2014 წლიდან.

ბატონო სულხან, თქვენ თუ ხართ კმაყოფილი თქვენი გამგებლობით, რის გაკეთება შეძელით ქობულეთისთვის? 

ყველაზე ცუდი პერიოდი მომიწია მე. სტიქია სტიქიაზე მქონდა, ძალიან ბევრი საქმე. მთლიანობაში ამ ოთხ წელიწადში 100 მილიონი ლარის საქმე გაკეთდა, ძირითადად ინფრასტრუქტურული ღონისძიებები დაფინანსდა. „ნაციონალებმა“ მხოლოდ კანალიზაციის სისტემა გააკეთეს აღმაშენებელზე და ისიც სესხით, იმ ფულს ახლაც ვიხდით. რა თქმა უნდა, ხალხის ნაწილი შეიძლება არის უკმაყოფილო, მაგრამ ყოველთვის ყველაფერს ვერ შეძლებ… სოფლებში, ძირითადად, პრობლემა იყო გზების, წყლის, საბავშვო ბაღების. ჩემი გამგებლობის პერიოდში აშენდა 12 საბავშვო ბაღი, თორმეტს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ორიც შენდება, მაგალითად, სოფელ წყავროკაში, სადაც აქამდე ბაღი არ არის, ახლა გამოვაცხადეთ ტენდერი მშენებლობაზე, დაახლოებით 600 ათასი ლარი ჯდება, რადგან გართულდა მიწის შერჩევა, რომელიც გეოლოგიურად მდგრადი იქნებოდა. გამოვყოფდი კანალიზაციის სისტემას დაბა ოჩხამურში, რომელიც 950 ათასი ლარი დაჯდება და ამაზეც გამოცხადებულია ტენდერი… გარდა ამისა, გაკეთდა გზა არაერთ სოფელში, წყლის რეზერვუარები, მრიცხველები, საქლორატორო სისტემები. ჩემი გამგებლობის პერიოდში 55 ეკომიგრანტ ოჯახს გადავეცით საცხოვრებელი ბინა, ხოლო 14 ოჯახს მივეცით 28 ათასი ლარი ახალი სახლის შესაძენად.

ქალაქში რა შეცვალეთ? პლაჟის კეთილმოწყობა ისევ პრობლემაა… 

ნაპირსამაგრ სამუშაოებს რაც შეეხება, მალე მოწესრიგდება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია სექტემბრის ბოლოდან დაიწყებს პლაჟის სამუშაოებს სასტუმრო „ივერიიდან“ ფიჭვნარის ჩათვლით. საუბარია საფეხურებიანი ჯებირების მოწყობაზე, ასევე ახალი ფილების დაგებასა და გარე განათებაზე. საუბარია 8 მილიონ 700 ათასი ლარის სამუშაოზე. ეს ფული მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოგვიყო და აჭარის მთავრობა დაგვიდგა თავდებად.

თქვენ ხართ პირველი გამგებელი ქობულეთში, რომელიც პირდაპირი წესით აირჩიეს. შეგიძლიათ თქვათ, რომ იყავით დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების დროს? 

კი, ვიყავი… შესაძლებელია, გარკვეულ დროს მიჭირდა მარტო გადაწყვეტილების მიღება და გავდიოდი კონსულტაციებს, ძირითადად, აჭარის მთავრობასთან და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. გარკვეული საკითხები იყო პოლიტიკური, რაც შეთანხმებას საჭიროებდა…

მაგალითად, როცა ბიძინა ივანიშვილს ხეების გადაზიდვაზე აძლევდით თანხმობას, დამოუკიდებლად მიიღეთ გადაწყვეტილება? 

და რამე დარღვევა იყო? ყველაფერი კეთდებოდა კანონის ფარგლებში… „ნაციონალები“ რაღაცას კი ამბობდნენ, მაგრამ მთავარია, რომ კანონის ფარგლებში გადაიტანეს ხეები.

კანონიერი შესაძლებელია იყოს გადაწყვეტილება, რომელიც უსამართლოა და ხალხს აღიზიანებს…

ვინ გააღიზიანა, მაგალითად? მე არავის პროტესტი არ მახსენდება, მოქალაქის, მეზობლის, ვთქვათ, რომელიც იქ ცხოვრობდა. კანონს რომ თავი დავანებოთ, ადრე ადამიანს ხმის ამოღების ეშინოდა, თუკი მისი ოჯახის წევრი სადმე მუშაობდა. ახლა ხომ ვერავინ იტყვის იმას, რომ ვინმეს ვაშინებთ? ხეების გადაზიდვაზე ნებართვა იყო კანონიერი, ფული გადახდილია ბიუჯეტში და გზის მოწესრიგებაზე კიდევ ხუთი იმდენი იხარჯება. მე ამ საკითხში პრობლემას ვერ ვხედავ.

პანსიონში რომ დღემდე ვერ შედის მუსლიმი თემი, ამაში თუ ხედავთ პრობლემას? სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მუნიციპალურმა შპს „ქობულეთის წყალმა“ კანალიზაციის სისტემაში არ ჩართო პანსიონი.

არაერთხელ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: ჩემთვის მნიშვნელოვანია ორივე მხარის ინტერესები… ბოლოს ერთმანეთს რომ შევახვედრე ეს მუსლიმი თემი და პანსიონთან მცხოვრები მოსახლეობა, იყო საუბარი იმაზე, რომ იქ აღარ გაიხსნებოდა პანსიონი და იცხოვრებდნენ პანსიონის მასწავლებლები. ისევ საჩივრებზე ლაპარაკობენ. ეს საჩივრები აღიზიანებს, როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს. სანამ არ დალაგდებიან, სანამ არ დაწყნარდებიან, მანამდე ვერაფერს ვიზამთ.

ნუ, არჩეული გამგებელი მოქმედებაზე უარს ამბობს? 

მე არ ვიმოქმედე რა, მოსახლეობამ არ მომცა ამის საშუალება, რომ მემოქმედა… ჩვენ რომ მივედით იქ კანალიზაციის სისტემაში ჩასართავად, ამას ისევ მოჰყვა მოსახლეობის პროტესტი.

თქვენთვის მნიშვნელოვანი არ არის მუსლიმი თემის ინტერესი? 

მე ანგარიშს ვუწევ იმას, რომ დაპირისპირება არ წარმოიშვას ისევ… მოდით, დასრულდეს სასამართლო პროცესები და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას.

სასამართლო პროცესი უკვე დასრულებულია ყველა ინსტანციის სასამართლოში.

სხვა კითხვაზე გადავიდეთ.

თხილის მოსავლის დიდი ნაწილი ფერმერებს გაუფუჭდათ. თქვენს წილ პასუხისმგებლობას ხედავთ თუ არა იმაში, რომ მინიმუმ მეთხილეები დროულად არ გააფრთხილეთ მცენარეების სავალდებულო შეწამვლის შესახებ? 

თხილი შეწამლა აგროსერვისცენტრმა და ეს შეკითხვა მას უნდა დაუსვათ, ან სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰკითხოთ… იყო შემთხვევები, როგორც ვიცი, როცა მოსახლეობამ უარი თქვა დაწამვლაზე. იცით რა, ყველაფერს უნდა მოვლა-პატრონობა. რომ ემსახურები თხილს 30 წელია და ხედავ პრობლემას, დროზე უნდა მიხედოს გლეხმა, ფოთლებზე ხომ ემჩნევა ეს, როგორც მანდარინს? ვინც მანდარინს კარგად უვლის, იგი ყოველთვის კარგად ყიდის მოსავალს.

ციტრუსი ქობულეთში წამყვანი კულტურაა. მეციტრუსეებისთვის რა შეიცვალა თქვენი გამგებლობის პერიოდში? 

ჩემი გამგებლობის პერიოდში მოხდა ის, რომ ერთი ვედრო მანდარინი არავის გადაუყრია… ქალაქში ე.წ. შავ ბაზარს არ მივეცით არსებობის საშუალება. მოდიოდნენ კერძო პიროვნებები და როცა სოფლიდან ჩამოდიოდა მეციტრუსე, იძულებულს ხდიდნენ დაბალ ფასად გაეყიდა მანდარინი. ეს შემსყიდველები ადიოდნენ სოფლებში და იქ ყიდულობდნენ მანდარინს. რამდენიმე მანქანა გვერდიგვერდ იდგა და იყო კონკურენცია. გლეხს 5 ლარიც რომ გადაუხადონ ერთ კილო მანდარინში, მაინც უკმაყოფილო იქნება.

ქალაქმშენებლობაზეც მინდა გკითხოთ, მათ შორის, გამგეობის შენობის გვერდით მშენებარე ორ მრავალსართულიან კორპუსზე…

მეც ვფიქრობ, რომ ქობულეთი უფრო დაბალსართულიანი კერძო სახლების ქალაქია. ადრეც იყო აქ რამდენიმე მაღალი სასტუმრო, მაგრამ შესაბამისი დაშორება იყო მათ შორის და სივრცე არსებობდა. სადაც მაღალი შენობები არსებობს და უკვე აშენდა, უარს როგორ ვეტყოდი? იქ სიმაღლის შესაბამისი კოეფიციენტი არსებობდა და როცა ერთზე უკვე გაცემულია ნებართვა, მეორეს ხომ არ ჩააყენებ განსხვავებულ მდგომარეობაში?

მესმის, რომ აპელირებთ თანასწორობაზე, მაგრამ თუ ქალაქის დაცვაა თქვენი პრინციპი, შეცვლიდით ამ კოეფიციენტსაც.

ასე არ არის. ფიჭვნარშიც იგივე ამბავია, ხალხს გამოტანილი აქვს ტროტუარებზე მაღაზიები. როცა ახალს უნდა აშენება, ვეუბნებით, რომ შიგნით შეიწიოს და ისე ვერ მივცემთ ნებართვას. ყველა იმას დავობს, რომ სხვამ თუ ააშენა წინა წლებში, ახლა თვითონ რატომ უნდა დაისაჯოს. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ სადაც უკვე აშენებულია, იქ ვეღარ შეცვლი, აშენებულის დანგრევას ვეღარ მოსთხოვ.

მაღალი პრემიებითაც დაამახსოვრეთ საზოგადოებას თავი. მაგალითად, 2016 წლის ოთხ თვეში თქვენმა პრემიამ 10 600 ლარი შეადგინა, 2015 წელს კი, სააღდგომოდ თქვენმა შრომის ანაზღაურებამ მხოლოდ ერთ თვეში 6 ათას ლარს მიაღწია.

საჯარო სამსახურში არის ძალიან დაბალი ხელფასი. შესაბამისად, ეს პრემია მუნიციპალიტეტში ხშირად გამოიყენება, როგორც დაბალი ხელფასის კომპენსაცია. მე გეუბნებით თქვენ: თუკი საჯარო სამსახურებში ხელფასი არ გაიზარდა, მუნიციპალურ სამსახურებს დატოვებენ პროფესიონალები.

თქვენ რომ ისევ საჯარო სამსახურში აპირებთ დარჩენას? 

სიტყვაზე ნუ გამომეკიდებით. მე მუნიციპალური სამსახური ვიგულისხმე, სადაც აშკარად დაბალი ხელფასია.

 

რუსთაველის უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია დაიწყო – სწავლა 25 სექტემბერს დაიწყება

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა აკადემიური და ადმინისტრაციული (ფინანსური) რეგისტრაცია, 2017 წლის 30 აგვისტოს დაიწყება და 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია იწარმოებს 10:00-დან 17:00 საათამდე.

ბსუ-ს ინფორმაციით, რეგისტრაცია იწარმოებს შემდეგ მისამართებზე:

[checklist]

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე: ბიოლოგია, ეკოლოგია, გეოგრაფია, ქიმია, ზღვის ბიოლოგია, ფარმაცია, ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაცია, მედიცინა, სტომატოლოგია  (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, II კორპუსი,  ოთახი №310);
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე: ქართული ფილოლოგია, ისტორია, ინგლისური ფილოლოგია, გერმანული ფილოლოგია, ფრანგული ფილოლოგია, რუსული ფილოლოგია, თურქული ფილოლოგია, თარგმანმცოდნეობა, ფილოსოფია, თურქეთისმცოდნეობა (მისამართი: ქ. ბათუმი,  ნინოშვილის ქ. №35, II კორპუსი, ოთახი №224);
  • ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე: მათემატიკა, ფინანსური მათემატიკა, ფიზიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, გამოყენებითი ფიზიკა (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №213);
  • განათლების ფაკულტეტზე: დაწყებითი განათლება  (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, II კორპუსი, ოთახი №117);
  • იურიდიულ ფაკულტეტზე: სამართალმცოდნეობა (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №513);
  • ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე: ფინანსები, მენეჯმენტი,  ეკონომიკა, საბუღალტრო და საგადასახადო საქმე, მარკეტინგი (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №407);
  • სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე:  ევროპისმცოდნეობა, ფსიქოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №507);
  • ტურიზმის ფაკულტეტზე: ტურიზმი (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №121);
  • ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე: მშენებლობა, ტელეკომუნიკაცია, ტრანსპორტი, სამთო და გეო-ინჟინერია, არქიტექტურა, აგრონომია, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, აგროინჟინერია   (მისამართი: ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №12, ოთახი №103);

[/checklist]

ბსუ-ს ინფორმაციით, რეგისტრაციისათვის აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);
ბ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი მოწმობის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ) ფოტოსურათი 3 ცალი (3×4), ასევე სურათის ელექტრონული ვერსია (СD დისკი);
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
ე) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების  დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხევაში).
ვ) აბიტურიენტთა საგამოცდო ბარათი ;

ბსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის დაწყებამდე სწავლის უფლების მქონე პირი ვალდებულია გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია – გადაიხადოს პირველი სემესტრის სწავლის საფასური არანაკლებ 500 ლარისა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდება 25 სექტემბერს.

II, III, IV კურსის სტუდენტთა ადმინისტრაციული (ფინანსური) რეგისტრაცია  იწარმოებს 26 სექტემბრის ჩათვლით. უნივერსიტეტის ინფორმაციით, 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია სამ ეტაპად:

I ეტაპი – 2017 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით;

II ეტაპი – 2017 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით;

III ეტაპი – 2017 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით.

ზურაბ პატარაძე ხიხანის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 28 აგვისტოს სხალთის ხეობას ესტუმრა. ზურაბ პატარაძემ   ზღვის დონიდან 2236 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ხიხანის ციხე მეღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად დაათვალიერა და იქ მიმდინარე არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგებს ადგილზე გაეცნო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ხიხანის ციხეზე იმყოფებოდნენ აჭარის კულტურული მემვიდრეობის დაცვის სააგენტოს და ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრი ხულოს მუნიციპალიტეტიდან ანზორ ბოლქვაძე.

ზურაბ პატარაძემ ზღვის დონიდან 2236 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ხიხანის ციხე მეღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად დაათვალიერა
ზურაბ პატარაძემ ზღვის დონიდან 2236 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ხიხანის ციხე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად დაათვალიერა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უფროსის, ლაშა ასლანიშვილის თქმით, ხიხანის ციხეზე სამეცნიერო კვლევა დასრულებულია. არქეოლოგიურ ექსპედიციაში 80 ათასი ლარი დაიხარჯა. ექსპედიციის შედეგად აღმოჩენილი ნაგებობის რეაბილიტაციისთვის სააგენტომ 170 ათასი ლარი დახარჯა. მალე მზად იქნება მონოგრაფია ხიხანის ციხის შესახებ. აღნიშნულ ადგილას სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება.

მიუდგომელი კლდის თხემზე აგებული ხიხანის ციხე მე-11-13 საუკუნეებით თარიღდება და მდიდარია ისტორიული წარსულითა და მნიშვნელობით. ციხე მნიშვნელოვან სავაჭრო გზებს აკონტროლებდა: სოფლებზე – თხილვანასა და ბაკოზე გადიოდა საქარავნო გზა ახალციხისკენ, მეორე გზა შავშეთისკენ გადიოდა სოფლებზე – კალოთასა და ჩიხურაზე გავლით, ხოლო სოფელ ხიხაძირის გავლით გზა ახალციხე-არტაანიდან ბათუმისკენ მიემართებოდა.

ხიხანის ციხის რეაბილიტაცია 2013 წელს დაიწყო და დღესაც გრძელდება
ხიხანის ციხის რეაბილიტაცია 2013 წელს დაიწყო და დღესაც გრძელდება

2013 წლიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება ხიხანის ციხის რეაბილიტაცია. სამუშაოების წარმოება ციხის გეოგრაფიული მდებარეობისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით მხოლოდ ზაფხულის თვეებში არის შესაძლებელი. რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა ხიხანის ციხის სასახლეს და ციხის ორ კოშკს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად დაწყებულია ხიხანის ციხის არქეოლოგიური შესწავლა.

არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყო 2013 წელს და დასრულდება მიმდინარე 2017 წელს. არქეოლოგიური სამუშაოების დასრულების შემდეგ გამოიცემა წიგნი ხიხანის ციხის არქეოლოგიური გათხრების შესახებ.

2018 წლისათვის დაგეგმილია ხიხანის ციხის კიდევ ერთი კოშკის რეაბილიტაცია.
2018 წლისათვის დაგეგმილია ხიხანის ციხის კიდევ ერთი კოშკის რეაბილიტაცია.

აღსანიშნავია, რომ ისტორიულად ხიხანის ციხეს ფლობდა აბუსერისძეთა ძლიერი ფეოდალური საგვარეულო, რომლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო XIII საუკუნის ცნობილი მწერალი ტბელ აბუსერისძე. 350 მეტრი სიგრძის ციხეს იცავდა ოთხი სწორკუთხა კოშკი და მძლავრი გალავანი.

XIII საუკუნის შემდეგ, აბუსერისძეთა საგვარეულოს დასუსტებასთან ერთად, ხიხანის ციხემ თანდათან დაკარგა თავისი მნიშვნელობა. თუმცა, ციხე XIX საუკუნის დასაწყისშიც ფუნქციონირებდა. 1815 წელს ხიხანის ციხეში გამაგრდა ოსმალთაგან განდგომილი სელიმ-ბეგ ხიმშიაშვილი. ოსმალებმა ციხე ბრძოლით ვერ აიღეს, თუმცა სელიმ ხიმშიაშვილი ღალატით ჩაიგდეს ხელში და თავი მოკვეთეს.

2018 წლისათვის დაგეგმილია ხიხანის ციხის კიდევ ერთი კოშკის რეაბილიტაცია.
2018 წლისათვის დაგეგმილია ხიხანის ციხის კიდევ ერთი კოშკის რეაბილიტაცია.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა მაღალმთიანი აჭარის, კერძოდ კი ხიხანის ხეობის განვითარების პერსპექტივებს და აღნიშნა, რომ აჭარის მთიან რეგიონს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს.

,,ჩვენ ვიმყოფებით ჩვენს ისტორიულ ადგილას – ხიხანის ხეობაში, სადაც  დაგეგმილი გვაქვს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. მაღალმთიანი აჭარის წარმატება, განვითარება, ჩვენი კულტურა, ჩვენი ტრადიციები სწორედ ამ ადგილიდან იწყება. ეს არის სიმბოლური ადგილი ჩვენი გმირობის, წარმატების, მომავლის და განვითარების. მიხარია, რომ მაღალმთიან აჭარას უკვე ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს. ტურისტულ რუქაში ხიხანის ხეობა და უშუალოდ ეს ციხესიმაგრე იმკვიდრებს თავის ადგილს. ბევრი ადამიანია დაინტერესებული ჩვენი რეგიონის კულტურით, ისტორიით, არქეოლოგიით და ტრადიციებით. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ტურისტი მომავალშიც ამოვა მთაში. ნახავს ამ ულამაზეს ადგილებს. მჯერა, ამ ხეობას დიდი პოტენციალი აქვს.

https://www.youtube.com/watch?v=soRORH447vI

დღეს დავათვალიერეთ სარეაბილიტაციო სამუშაოები უშუალოდ ციხესიმაგრეზე.  აქ მდებარეობს ცნობილი გვარის – აბუსერისძეების სასახლე. ასევე, ტერიტორიაზე განლაგებულია 4 კოშკი. ორ  მათგანს უკვე ჩაუტარდა რეაბილიტაცია, ხოლო დანარჩენი ორი კოშკის რეაბილიტაცია მომავალშია დაგეგმილი. რაც მთავარია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მუშაობს სპეციალურად შემუშავებული გენერალური გეგმის მიხედვით. ჯამში, ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო ღირსშესანიშნაობა, რომელიც ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაზრდას. მჯერა, ამ ისტორიულ ადგილს უამრავი ვიზიტორი ეყოლება,“ -აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

აჭარის მთავრობა

ბეშუმი – 1900 მეტრი ზღვის დონიდან [ფოტო]

ბეშუმი – მთის კლიმატური კურორტი ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კმ-ში, ზღვის დონიდან 1850-1900 მ-ზე, დაბა ხულოდან 30 კმ-ში მდებარეობს.

ეკა ბარამიძის ფოტორეპორტაჟი ბეშუმიდან:

21147063_1464569560305412_1137362162_o21171036_1464566873639014_1311139550_o21170873_1464569066972128_1319152014_o21170742_1464569030305465_154992692_o21171054_1464566160305752_580946370_o21146778_1464569623638739_764541234_o21191062_1464569580305410_1783539289_o21146755_1464568976972137_357905895_o21146812_1464568693638832_393456905_o21191021_1464567120305656_774883471_o21191192_1464569443638757_1246113531_o21198175_1464563813639320_1608171174_o21191448_1464569453638756_1227592224_o

 

ბათუმის თოჯინების თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ეყოლება

ბათუმის თოჯინების და მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ეყოლება. სარეკომენდაციო საბჭომ ამ პოზიციაზე დასამტკიცებლად  გიორგი ჩხაიძის კანდიდატურა წარუდგინა აჭარის განათლების მინისტრს.

სარეკომენდაციო საბჭო აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის, ინგა შამილიშვილის ბრძანებით შეიქმნა და იგი დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტდა. საბჭომ თოჯინების თეატრის გარდა, ხულოს დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურაც შეარჩია. მინისტრს შეუძლია წარდგენილი კანდიდატები დაამტკიცოს, ან რეკომენდაცია არ გაითვალისწინოს და კონკურსში მონაწილე რომელიმე სხვა კანდიდატზე გააკეთოს არჩევანი.

ხულოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში 2 ადამიანი მონაწილეობდა. სარეკომენდაციო საბჭომ დღემდე ამავე თეატრში მომუშავე სამხატვრო ხელმძღვანელს – როინ სურმანიძეს მიანიჭა უპირატესობა.

ბათუმის თოჯინების თეატრის შემთხვევაში კი, კონკურსში სამი პირი მონაწილეობდა. სარეკომენდაციო საბჭომ გიორგი ჩხაიძის კანდიდატურა მოიწონა. მას თოჯინების თეატრში მუშაობის გამოცდილება არ აქვს. გიორგი ჩხაიძე ბათუმის ექსპერიმენტული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.

„არ გვინდა, რომ ეს თეატრი იყოს მხოლოდ თოჯინების. სახელწოდებაშიც ფიგურირებს მოზარდები. შესაბამისად, ჩემი მიზანი იქნება რეპერტუარის განახლება და ახალგაზრდების მეტად დაინტერესება. გვინდა, რომ ეს თეატრი ახალგაზრდობის ერთგვარ ცენტრად იქცეს,“ – უთხრა გიორგი ჩხაიძემ „ბათუმელებს“.

აქამდე ბათუმის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ზურაბ ცინცაძე მუშაობდა. სამხატვრო ხელმძღვანელი 4 წლით ინიშნება.

 

დაყადაღებული კურორტი და მთავრობის გეგმა

სააქციო საზოგადოება „გომარდულს“ შესაძლოა ყადაღა მოეხსნას. დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურს აჭარის მთავრობამ მიმართა. მთავრობა დააფინანსებს ასევე კურორტამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციისა და გაზის მიყვანასაც. სანაცვლოდ დამფუძნებლებმა კურორტის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციების განხორციელების ვალდებულება აიღეს.

შეთანხმების სხვა დეტალებზე  „ბათუმელების“ კითხვებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ უპასუხა.

ბატონო რამაზ, დღეს მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა მთავრობის თავმჯდომარის კომენტარი, სადაც ის კურორტ გომარდულთან დაკავშირებულ გეგმებზე საუბრობს. ვიცით, რომ სააქციო საზოგადოება „გომარდული“ დაყადაღებულია. მოგვარდა ეს პრობლემა?

საბოლოოდ ჩვენ შევძელით შეთანხმება და გავწერეთ ვალდებულებების სახით, თუ რას გავაკეთებთ ჩვენ და რას გააკეთებს საინიციატივო ჯგუფი. ახლა ველოდებით ოფიციალურ დასტურს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან, რადგან ამ ორგანიზაციას ჰქონდა დავალიანება. შევთანხმდით, რომ დავალიანებები ჩამოიწერება, სანაცვლოდ ინვესტორთა ჯგუფი იქ უზრუნველყოფს გარკვეული სამუშაოების  ჩატარებას, საუბარია წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციაზე. ასევე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე. გარდა ამისა, იქ უნდა აშენდეს ახალი კოტეჯები და რესტორანი,  იმისთვის, რომ ადგილზე ასულ ადამიანებს არ შეექმნათ კვების პრობლემა. შესაძლოა იქ არსებულ კოტეჯებში კვების მომენტი იყოს გათვალისწინებული, თუმცა ერთი საერთო საზოგადოებრივი სივრცე საჭიროა, ასევე უნდა გაკეთდეს სტადიონი, რაც დაწყებული იყო და უნდა დასრულდეს. ჩვენი მხრიდან ავიღეთ გზის რეაბილიტაციის ვალდებულება, სექტემბრის მეორე ნახევარში დასრულდება ეს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ვიცით, რომ იქ დღის წესრიგში დადგა გაზის პრობლემა, არ გაამართლა გათვლამ თხევად გაზზე – ყინვის დროს გაიყინა.

დიახ, გათბობის პრობლემა იყო. თავიდან ინვესტრებს მართლაც ჰქონდათ გათვლა თხევად გაზზე. ჩვენი მხრიდან გაზის მშენებლობაზე ტენდერი უკვე დასრულდა და უახლოეს დღეებში დაიწყება სწორედ ამ  გაზსადენის მშენებლობა. საუბარია მაგისტრალურ გაზსადენზე და შიდა დაქსელვა უკვე სამომავლო პერსპექტივაა. ესეც, რა თქმა უნდა, დამატებითი პლუსი იქნება კურორტისთვის, თუ ბუნებრივი აირი შევა, საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ საინტერესო კურორტი გამოგვივა.

 გომარდულში გაზის მიყვანასაც მთავრობა დააფინანსებს?

ჩვენ ვაკეთებთ გაზსადენს სალიბაურიდან ხიჭაურამდე, მომდევნო წელს ვგეგმავთ ასევე საწყის ეტაპზე ხიჭაურიდან გოდერძის უღელტეხილამდე და უკვე შესაძლებელია ამის მშენებლობაც მომდევნო წელს პარალელურ რეჟიმში დაიწყოს.

დაახლოებით რა ოდენობის დავალიანებაზეა საუბარი?

დაახლოებით 800 000 ლარზეა საუბარი, მაგრამ როცა შეთანხმების აქტი კეთდება, ამ შემთხვევაში ხდება საბოლოო დავალიანების ჩამოწერა, აქედან გამომდინარე ზუსტი ციფრის დასახელება არ შეიძლება, რადგან ამ ეტაპზეც მიდის პროცედურულად დავალიანების დარიცხვა, თუმცა შეთანხმება მიღწეულია შემოსავლების სამსახურთან. ჩვენ ერთი ვარიანტი გვქონდა და ამ ერთ ვარიანტზე ვიმსჯელეთ, შემდეგ საბოლოო ჯამში ინვესტორებთან ერთად შევთანხმდით მეორე ვარიანტზე, რაც გულისხმობს დამატებითი ინვესტიციების ჩადებას კურორტის განვითარებისთვის. გარკვეული ნაკვეთები უნდა დაბრუნდეს სახელმწიფო საკუთრებაში, გარკვეული ნაკვეთები კი უნდა დარჩეს კომპანიას. საბოლოო ჯამში შევთანხმდით ამ ვარიანტზე, შეთანხმება შედგენილია, გადაგზავნილია შემოსავლების სამსახურში და ველოდებით საბოლოო დასტურს,  ამის შემდეგ დაიწყება ახალი ვალდებულებების ათვლა.

ანუ, უკან დაბრუნებულ მიწის ნაკვეთებზე შესაძლოა მთავრობამ საინვესტიციო წინადადებებზე იმუშაოს?

დიახ, რა თქმა უნდა.
21198474_10211765331101060_799557188_o

კურორტ გომარდულზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ დაათვალიერა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს 4400 მ. ასფალტობეტონის საფარის მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები. ამ გზის 1,5 კმ მონაკვეთზე საფარის მოწყობა 15 სექტემბერს დასრულდება.

21191474_10211765332141086_846323205_o

21247893_10211765332301090_62848986_o

„გომარდული იქნება ოთხი სეზონის კურორტი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ზამთარში ტურისტები კეთილმოწყობილ გარემოში მივიღოთ. ეს გზა მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. აქ შესაძლებელი იქნება სპორტსმენებისთვის მოსამზადებელი შეკრებების გამართვა. უკვე გამართულია წყალმომარაგების სისტემა და ელექტრომომარაგება. მოეწყობა გარეგანათება. ვმუშაობთ გაზიფიცირებაზე და ახლო მომავალში ხეობაში შემოვა ბუნებრივი აირი, რაც იქნება დიდი კომფორტი აქაურებისთვის. ეს ულამაზესი კუთხე მალე გახდება რეგიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი და ადგილობრივები აქტიურად დაკავდებიან ამ სფეროში.“- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ ადგილობრივებთან საუბრისას.

მთავრობის ინფორმაციით, აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის ბიუჯეტით, შუახევის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია: 9,4 კმ-ზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობა, 3 ახალი ხიდის მშენებლობა და 2 არსებული ხიდის რეაბილიტაცია, 41 ერთეული ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა, 15,3 კმ (5050 კუბ.მ) ბეტონის საფარის მოწყობა და 22 კმ სიგრძის სამელიორაციო არხის რეკონსტრუქცია.

21191356_10211765331181062_1729393006_o

ამავე თემაზე:

ამუშავდება თუ არა კურორტი გომარდული

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად წელსაც ჩატარდება

მეტი მონაწილე ქვეყანა, მეტი ფოლკლორი, მეტი მრავალფეროვნება!

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად  შავიზღვისპირეთში ჩატარდება და  წელს, გურიასთან ერთად  აჭარაც უმასპინძლებს. კონცერტები 31 აგვისტოს და  1-ელ სექტემბერს, ბათუმსა და შეკვეთილში გაიმართება, ხოლო 2 სექტემბერს გრანდიოზული გალა კონცერტით „ბლექ სი არენაზე“ დასრულდება.  ფესტივალი, რომლის ავტორი და ორგანიზატორი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია,  Black Sea Arena-ს,  ,,Check in Georgia”-სა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება.

წელს ფესტივალი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 7 ქვეყანას უმასპინძლებს.  მაყურებლის წინაშე ესპანეთის, იტალიის, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის, თურქეთისა და საქართველოს ფოლკლორული ანსამბლები წარსდგებიან და თავიანთი ქვეყნის უნიკალურ ხალხურ ტრადიციებს სიმღერითა და ცეკვით წარმოადგენენ.  როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აღნიშნავენ, წელს ფესტივალს დიპლომატიური კორპუსი ოფიციალურ მხარდაჭერას უცხადებს და მის წარმატებულად ჩატარებაში დიდი წვლილი შეაქვს იტალიის, თურქეთი, პოლონეთისა  და უკრაინის საელჩოებს. მათივე ძალისხმევითა და მხარდაჭერით გაიზრდება მონაწილე ფოლკლორული ანსამბლების რაოდენობაც.

4

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის, გიორგი დონაძის განცხადებით, შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციული გახდა  და დასაწყისისთვის ეს მისასალმებელია. მისივე თქმით, ფესტივალისთვის “Black Sea Arena”  იდეალური სივრცეა თავისი უზარმაზარი სცენით, ხარისხიანი განათებით, ეკრანებითა და გახმოვანებით. ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში ასევე მნიშვნელოვან როლს რეჟისურა შეასრულებს. მნიშვნელოვანია, რომ სცენარზე ცენტრის რეჟისორმა მუშაობა უკვე დაიწყო.

 „ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია პირველმა ფესტივალმა. 24 ანსამბლი, 400-მდე მონაწილეეს უკვე დიდი შედეგია. მათი რაოდენობა წელს კიდევ უფრო გაიზარდა. ამასთანავე, შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს წელს სპეციალური სტუმარი ეყოლება – ფლამენკოს შემსრულებლები ესპანეთიდან, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი “La Moneta & Flamenco”.  გალა კონცერტში, რომელიც Black Sea Arena-ზე გაიმართება, მათ 35 წუთი დაეთმობათ.  მნიშვნელოვანია, რომ  ფესტივალში მონაწილე ყველა ქვეყანა გამოირჩევა თავისი ფოლკლორით, ძალიან დიდი ყურადღება დავუთმეთ ანსამბლების შერჩევას და პროგრამის მრავალფეროვნებას. ვფიქრობთ, რომ წელს მაყურებელი დიდი სანახაობის მომსწრე გახდება,“ – ფესტივალის დეტალებზე საუბრობს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი.

3

გალა კონცერტზე ცეცხლოვან შოუს ესპანელები გვპირდებიან, რომლებიც სპეციალური სტუმრის სტატუსით ფესტივალის გალა კონცერტზე, 2 სექტემბერს წარსდგებიან მაყურებლის წინაშე.

„ლა მონეტად“ წოდებული ფუენსანტა ესპანელი ხელოვანია, რომელიც ფლამენკოს ბავშვობიდან ცეკვავს და წარმატებასაც ადრეული ასაკიდანვე მიაღწია. სამბრას და ტაბლაოს თეატრების გამორჩეულ არტისტს მიღებული აქვს უამრავი ფოლკლორული ჯილდო ესპანეთში და წამყვან მოცეკვავედაა აღიარებული. ზოგჯერ “ლა მონეტას“ წარმოდგენებში თანამედროვე მიდგომები შეინიშნება, თუმცა მათ მიღმა კარგად გააზრებული და ნამდვილად ექსპრესიული ფლამენკოს მოძრაობები ჩანს.

მათ შეუერთდებიან საუკეთესო ფოლკლორული გუნდები პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან.ყველაფერ ამას კი, რა თქმა უნდა, ქართველი შემსრულებლები მრავალხმიანობითა და ცეცხლოვანი ცეკვებით შეაზავებენ.

1

შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც საქართველოს, იტალიიის, შვეიცარიისა და თურქეთის ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ, პირველად შარშან კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და   “Check in Georgia”- ფარგლებში ჩატარდა. დიდ ქართულ  სცენაზე 4 ქვეყანა, 24 ჯგუფი და 400-მდე მონაწილე წარსდგა და  ფოლკლორის უნიკალური ნიმუშები წარმოადგინეს. ფესტივალი, რომელსაც გურიამ უმასპინძლა, 3 დღის განმავლობაში გაგრძელდა და 2 მნიშვნელოვან ლოკაციას – ოზურგეთსა და შეკვეთილს მოიცავდა. ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა, რომელიც ახალგახსნილ საკონცერტო დარბაზში “Black Sea Arena” სცენაზე გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა.

დამოუკიდებელი კანდიდატები ხულოში, შუახევსა და ქედაში – თვითმმართველობის არჩევნები 2017

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ხულოს #84 საარჩევნო ოლქში ექვსი დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა, აქედან ოთხი დიოკნისის, ერთი – დაბის და ერთიც თხილვანის მაჟორიტარული ოლქიდან.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოსახვედრად, უპარტიოდ, დიოკნისის თემში მამუკა ღორჯომელაძე, ზაურ ბოლქვაძე, ლევან მგელაძე და ლევან საგინაძე იბრძოლებენ.

რაც შეეხება დაბა ხულოს მაჟორიტარულ ოლქს, აქ გელა თავართქილაძე იყრის კენჭს, ხოლო თხილვანაში – მერაბ აბულაძე.

ქედის # 80 და შუახევის # 82 საარჩევნო ოლქებში კი, დამოუკიდებელი სტატუსის მქონე მაჟორიტარი კანდიდატების წარსადგენად შუახევში სამი, ხოლო ქედაში ოთხი საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა.

საინიციატივო ჯგუფებმა ქედაში მაჟორიტარი კანდიდატები დაბა ქედის, მახუნცეთისა და მერისის ოლქში წარმოადგინეს; მახუნცეთის ოლქში საინიციატივო ჯგუფის მიერ ორი კანდიდატია წარმოდგენილი – მანუჩარ დავითაძე და ნანული ყურშუბაძე, დაბა ქედის მაჟორიტარ კანდიდატად საინიციატივო ჯგუფის მიერ  – ასლან შაქარაძე, ხოლო მერისის ოლქში თეიმურაზ კონცელიძეა წარმოდგენილი.

რაც შეეხება შუახევის საარჩევნო ოლქს, საინიცვიატივო ჯგუფის მიერ დაბა შუახევში მაყვალა ცეცხლაძე, ზამლეთში – თამარ მიქელაძე და  ჭვანის მაჟორიტარულ ოლქში თამაზ ტაკიძის კანდიდატურებია წარმოდგენილი.

ამ დროისთვის ქედის, ხულოსა და შუახევის საარჩევნო ოლქებში გამგებლობის კანდიდატები არ არიან დარეგისტრირებულნი, გამგებლობის კანდიდატები არც საინიციატივო ჯგუფებს დაუსახელებიათ.

საინიციატივო ჯგუფების მიერ აჭარის მთიანეთში დასახელებული დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატებიდან, საკრებულოს  მოქმედი წევრი მხოლოდ მერაბ აბულაძეა, ის ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ამავე საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ ფრაქციის თავმჯდომარეა.

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ხულოში მაჟორიტარი დეპუტატობის სულ 15 დამოუკიდებელი კანდიდატი იყო დარეგისტრირებული, მათგან ხულოს საკრებულოში ორი შევიდა.

ჭოროხის დელტაში ნადირობა აკრძალულია, რადგან ტერიტორია ბათუმს ეკუთვნის

მონადირეებმა და მეთევზეებმა აჭარის მთავრობის სახლთან ჭოროხის დელტაში ნადირობის აკრძალვა გააპროტესტეს.

„ჭოროხის დელტა ქალაქის ტერიტორიაა და ქალაქში ნადირობა აკრძალულია“ – განმარტავენ გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტში.

აქ „ბათუმელებს“ განუმარტეს, რომ ჭოროხის დელტაში ნადირობა იკრძალება მას შემდეგ, რაც ეს ადგილი ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების ნაწილი გახდა.

„გასულ წელს ამ დელტაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 70 ოქმი შედგა. შარშან ერთი ეკიპაჟი მუშაობდა და გამოვლენა სრულად ვერ ხერხდებოდა. წელს ამ ტერიტორიაზე 4 ეკიპაჟი მუშაობს და შესაბამისად დაჯარიმების მაჩვენებელმა იმატა,“ – ამბობს მიხეილ მარგალიტაძე, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირების და სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი წელს 19 აგვისტოს დაიწყო და იგი პირველ მარტამდე გაგრძელდება.

გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ამ პერიოდში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა სპეციალურ ნებართვას არ საჭიროებს, თუმცა ნადირობა აკრძალულია ეროვნულ პარკებში, ნაკრძალებსა და ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

ჭოროხის დელტაში ნადირობის წესების დამრღვევი პირი 100-დან 500-მდე ლარით დაჯარიმდება.

es_+
ბათუმი, ჭოროხის დელტა
ბათუმი, ჭოროხის დელტა / აქ გარეული ფრინველების სამიგრაციო დერეფანია / თედო ჯორბენაძის ფოტოები
ბათუმი, ჭოროხის დელტა / აქ გარეული ფრინველების სამიგრაციო დერეფანია / თედო ჯორბენაძის ფოტოები

შენობა-ნაგებობებში საშუალო წლიური თბოდანაკარგები კედლებიდან 48%-ს,ხოლო იატაკიდან 13%-ს შეადგენს

სპეციალისტები გამოსავალს ენერგოეფექტური სამშენებლო მასალების გამოყენებაში ხედავენ.

ენერგოეფექტურობის ის პოზიტიური და ეფექტური  მახასიათებლები, რომლებიც არამხოლოდ ეკოლოგიას, არამედ ფინანსურ ეკონომიასაც უკავშირდება, განვითარებული ქვეყნების მოსახლეობისთვის სიახლეს აღარ წარმოადგენს. შესაბამისად, ახალ ტექნოლოგიებს წარმატებულად იყენებენ და ყველა მათი ნაბიჯი გრძელვადიან სარგებელზეა გათვლილი. რა ხდება ამ მიმართულებით საქართველოში?

ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, რომ ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვა მოსახლეობას ხელს შეუწყობს, რომ მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოცულობა შემცირდეს, შესაბამისად, შემცირდება გადასახდელი თანხის რაოდენობაც და დადებითად აისახება.

როგორც ე.ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი გელა გელაშვილი განმარტავს, 2030 წლიდან ენერგომატარებლებზე მოთხოვნა 53 პროცენტით გაიზრდება, ნახშირორჟანგის (CO2) ემისიები კი 55 პროცენტით მოიმატებს, გამოსავალი ენერგოეფექტურობაა. ამასთან, ფიზიკოსი დღეს არსებულ თბოდანაკარგებზეც მიანიშნებს და აღნიშნავს, რომ შენობანაგებობებში საშუალო წლიური თბოდანაკარგები კედლებიდან 48%-,ხოლო იატაკიდან 13%- შეადგენს და აშ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ნანო ტექნოლოგიებით დამზადებული პროდუქტების გამოყენებით  ფუნდამენტების,  კედლებისა და სახურავების ჰოდროიზოლაცია, მთლიანად ნაგებობის, მათ შორის, ცხელი და ცივი წყლის მილების,  თბოიზოლაციით უზრუნველყოფა და ა.შ. „ნანო ტექნოლოგიებით შესაძლებელია 25 მიკრონის დიამეტრის მიკროსფეროს მიღება, რომელიც არის მთავარი კომპონენტი ვესტუსის თბოიზოლატორში“.

ექსპერტები და სპეციალისტები  ენერგოეფექტურობის აუცილებლობაზე საუბრობენ და უნიკალურსა და დროულს უწოდებენ ნანო ტექნოლოგიებით დამზადებულ პროდუქტებს და მათი გამოყენების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე მიანიშნებენ.

როგორც ინოვაციური პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის „სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენსის“  თანადამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცინცაძე აღნიშნავს „ამ მიმართულებით საქართველოში ყინული უკვე დაიძრა და ეს მისასალმებელია“,  თუმცა მისივე თქმით,  მსოფლიო ბაზარზე არსებული შეთავაზებები მოსახლეობისთვის არ არის ხელმისაწვდომი, ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი პირველი ქართული სამშენებლო პროდუქტის  „ვესტუსის“ გარდა. ამასთან, კომპანიაში განმარტავენ, რომ დღეს ქართულ ბაზარზე აღნიშნულ  პროდუქტზე მოთხოვნა დიდია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ხარისხთან და ფასთან მიმართებაში „ვესტუსის“ ანალოგი საქართველოში არ მოიძებნება, რაც კვლევებმაც დაადასტურა.

როგორც ირკვევა, სამშენებლო ბაზარზე ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი პროდუქტი მოთხოვნადი ხდება.  „ვესტუსის“ გამოყენებით მოსახლეობა დაზოგავს ზამთრის პერიოდში  ძვირადღირებულ გაზს, დენს, შეიქმნის ფინანსურ და გარემო კომფორტს, ჩვენი ქვეყანა დაზოგავს მყარ ვალუტას და გახდება შედარებით ენერგოდამოუკიდებელი.

გონიო-კვარიათში ქუჩების შეკეთება-განათებისთვის 3,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

გონიო-კვარიათის დასახლებაში გარკვეული ქუჩების კაპიტალური შეკეთება და გარე განათების ბოძების დამონტაჟება იგეგმება. სამუშაოები, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს დაიწყება და 2018 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.

აფსაროსის, ანდრია პირველწოდებულის, მატათა მოციქულის, მეფე მირიანის, სვიმონ კანანელის, წმინდა ნინოს ქუჩებისა და ჩიხების შეკეთებასა და გარე განათების მოწყობისთვის ბათუმის ბიუჯეტში 3 მილიონ 742 ათას 162 ლარია გამოყოფილი.

მოწესრიგდება შემდეგი ქუჩები:

ქუჩები გონიო-კვარიათში, რომლებიც 2018 წლის 1-ელ სექტემბრამდე უნდა კეთილმოეწყოს
ქუჩები გონიო-კვარიათში, რომლებიც 2018 წლის 1-ელ სექტემბრამდე უნდა კეთილმოეწყოს

მთლიანი თანხიდან 592 ათას 424 ლარი გარე განათების სამუშაოებისთვის, ხოლო 3 მილიონ 149 ათას 738 ლარი ქუჩების კეთილმოწყობისთვისაა გათვალისწინებული.

შესაბამისად, ბათუმის მერიას ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული. ქუჩების კეთილმოწყობაზე გამოცხადებული ტენდერი 15 სექტემბერს, ხოლო, გარე განათებაზე ტენდერი – 18 სექტემბერს დასრულდება.

გონიო-კვარიათი / მანანა ქველიაშვილის ფოტოები
გონიო-კვარიათი / მანანა ქველიაშვილის ფოტოები

 

ხულოში კონკურსანტებს კომისიის ნაცვლად გამგებელი ან მისი წარმომადგენელი შეაფასებს

ხულოს მუნიციპალიტეტში ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსანტების ცოდნას გასაუბრების ეტაპზე საკონკურსო კომისიის ნაცვლად მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი შეაფასებს.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ კონკურსი გამარტივებული წესით ჩატარდება და  შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებული კანდიდატი ერთპიროვნულად გამოვლინდება.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამგეობასა და ადმინისტრაციულ ერთეულებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი ოთხ პოზიციაზე – დიდაჭარის, რიყეთის, დიოკნისის თემებში ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტისა და გამგეობაში საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში გამგებლის თანაშემწის პოზიციაზე გამოაცხადა.

კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. კონკურსის პირველი ეტაპი საბუთების გადარჩევა, მეორე კი – გასაუბრებაა.

ხულოს გამგეობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირები საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე: hg.gov.ge-ზე 1-ელ სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ.

ადმინისტრაციულ ერთეულებში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტს საშუალო, ხოლო საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში გამგებლის თანაშემწის პოზიციაზე, უმაღლესი განათლება მოეთხოვება.

თემებში ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტის  სახელფასო სარგო 460, ხოლო გამგებლის თანაშემწის – 900 ლარია.

საჯარო მოხელეების შესარჩევად გამარტივებული წესით კონკურსი ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას ბოლო სამი წლის განმავლობაში არ ჩაუტარებია.

ხულოს გამგეობის შენობა
ხულოს გამგეობის შენობა

საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ დაკავებულებს 8-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ორი პირი, „DAF“- ის მარკის ავტობუსში მოწყობილი სამალავებით, საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად,  საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო წესის დარღვევით,  ცდილობდა გადაეტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით –  48 920 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

ეს ორი პირი დაკავებულია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უაქციზო საქონელი, რომლის  საბაზრო ღირებულება ჯამში  171 220 ლარს შეადგენს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 – ე მუხლის მე-5 და მე-200 მუხლის მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 8-დან 11 წლამდე“ – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

img

ჟურნალ „ბათუმელების“ აგვისტოს ნომერი [ანონსი]

გამოვიდა ჟურნალ „ბათუმელების“ აგვისტოს ნომერი. ჟურნალს დღეიდან, 29 აგვისტოდან, მიიღებენ „ბათუმელების“ ხელმომწერები. ასევე, ჟურნალი იყიდება „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიათა ქსელში, საგაზეთო ჯიხურებსა და სტელაჟებზე.

ფოკუსი თემაზე: მითები და რეალობა „თურქულ უბანზე“
ავტორი: თედო ჯორბენაძე

პოლიტიკა: „ყველა ერთისთვის“, ოღონდ მეორე ტურში
ავტორი: დათო ქოქოშვილი

საზოგადოება: შვილები დედების წინააღმდეგ 
ავტორი: ჯაბა ანანიძე

ადამიანის უფლებები: შეზღუდვა უსაფრთხოების სახელით
ავტორი: ლელა დუმბაძე

სამართალი: გასროლა ღამის კლუბში
ავტორი: ეთერ თურაძე

უცხოეთი: რისთვის მოკვდა ლიუ სიაობო
ავტორი: მიქსონ პეი

კავკასია: საგსიანის საჭადრაკო პარტია 
ავტორი: მიკაელ ზოლიანი

ტექნოლოგიები: ელექტრომობილის დრო საქართველოში
ავტორი: ქეთი მაჭავარიანი

ინტერვიუ: დავით გაბუნია კატასტროფის ზღვარზე
ავტორი: ზურა აბაშიძე

ფოტოპროექტი: დოღი ბახმაროში
ავტორი: მანანა ქველიაშვილი

მოსაზრება: ადამიანი ეტლით
ავტორი: თომა კაკაბაძე

ლიტერატურა: ალერგია თოვლზე 
ავტორი: ლია ლიქოკელი

მოგზაური: აჭარა, რომელსაც ჯერ არ იცნობ
ავტორი: მანანა ქველიაშვილი

ბიზნესი: ფუტკრის ენაზე მოლაპარაკე 
ავტორი: ეკა ბარამიძე

სოფელი: ავარიელები
ავტორი: მანანა ქველიაშვილი

IMG_20170829_103357

სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები ქალაქში, ზღვის პირას [ფოტო]

ბათუმში, ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ ნაგავს დღემდე ყრიან. რამდენიმე თვის წინ თუ აქ ძირითადად სამშენებლო ნაგავს ყრიდნენ, ამჯერად ეს ადგილები საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაა სავსე. ვინ ყრის ნაგავს, „ბათუმელებს“ მონიტორინგი არ ჩაუტარებია, თუმცა ტერიტორია ქალაქის საკუთრებაშია.

მიმდინარე წლის აპრილის თვეში, როცა ზღვის სეზონის დაწყებამდე აქ არსებულ სიტუაციაზე ვწერდით, ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ „მერიის მიერ ნებართვა გაცემული იყო შპს „ჯეო ტრანსპორტზე“, რომ შეიტანოს მიწა, დაყაროს და მოასწოროს ტერიტორია. რაც შეეხება დაზიანებას ტროტუარის და ა.შ. თუ კომპანიამ რამე დააზიანა, თვითონვე უნდა აღადგინოს, მაგრამ ამ ეტაპზე მერიაში კომპანიის სახელზე არ ფიქსირდება საჯარიმო სანქცია“.

დღეს აქ დაყრილი ნაგვის გამო, რასაც იქვე მდებარე გამწმენდი ნაგებობაც ემატება, მძაფრი, უსიამოვნო სუნია.

ვინ ახდენს რეაგირებას ქალაქის ტერიტორიაზე დაყრილ სამშენებლო ნარჩენებსა და ნაგავზე? – ბათუმის მერიამ მის დაქვემდებარებაში არსებულ შპს „სანდასუფთავებაში“ გადაგვამისამართა, სადაც გვითხრეს, რომ აეროპორტის მიმდებარედ დაყრილი ნარჩენების შესახებ ინფორმაცია ჩვენგან გაიგეს და შესაბამის ზომებს მიიღებენ.

„სანდასუფთავებაში“ განმარტავენ, რომ ნარჩენების ქალაქში დაყრაზე ხშირად აჯარიმებენ მოქალაქეებს და სხვადასხვა კომპანიას 200-დან 1500 ლარამდე. სამართალდამრღვევის დადგენას ეს სამსახური პოლიციის დახმარებით ცდილობს, ასევე ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებით.

„ნაგავსაყრელი“ აეროპორტის მიმდებარედ / 25.08.2017
„ნაგავსაყარი“ აეროპორტის მიმდებარედ / 25.08.2017

IMG_20170826_183356

„ნაგავსაყრელი“ აეროპორტის მიმდებარედ / 25.08.2017
„ნაგავსაყარი“ აეროპორტის მიმდებარედ / 25.08.2017
„ნაგავსაყრელი“ აეროპორტის მიმდებარედ / 25.08.2017
„ნაგავსაყრის“ გამო მოშლილი ტროტუარი / 25.08.2017
„ნაგავსაყრელი“ აეროპორტის მიმდებარედ / 25.08.2017
„ნაგავსაყარი“ აეროპორტის მიმდებარედ / 25.08.2017
ზებრა გადასასვლელი
„ზებრა გადასასვლელი“
„ნაგავსაყრელი“ აეროპორტის მიმდებარედ / 25.08.2017
„ნაგავსაყარი“ აეროპორტის მიმდებარედ / 25.08.2017
პირუტყვი აეროპორტთან
პირუტყვი აეროპორტთან
ტურისტები თვითმფრინავის მოფრენის მოლოდინში / აეროპორტის ასაფრენ ზოლთან
ტურისტები თვითმფრინავის მოფრენის მოლოდინში / აეროპორტის ასაფრენ ზოლთან

 

საუბრები ევროპაზე – ჰომოფობია, როგორც პოლიტიკური იარაღი

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა  ACCESS-ის მხარდაჭერით მორიგი დისკუსია გამართა.

დისკუსიის თემა იყო “ჰომოფობია, როგორც პოლიტიკური იარაღი”. ბლოგერმა გიორგი კიკონიშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს ჰომოფობიური გარემო პოლიტიკურ პროცესზე. დისკუსიის მოდერატორი სამოქალაქო აქტივისტი თომა კაკაბაძე იყო.

 

DSC_0022

 

DSC_0052

DSC_0037

 

DSC_0044

DSC_0032

Exit mobile version