ნეტგაზეთი • RU

იაფი სახლი კრიტერიუმების გარეშე

 

სახლის აშენება უკვე გადაწყვიტეს და ტენდერიც გამოაცხადეს. თუმცა რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ოჯახი, რომელსაც ბათუმის მერიის მიერ აშენებულ  „იაფ სახლში“ ბინის შეძენა შეეძლება? – ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არც მერიაში აქვთ და არც იმ კომისიაში, რომელსაც ამ კრიტერიუმების განსაზღვრაზე უნდა ემუშავა. კომისია ერთხელაც არ შეკრებილა. შესაბამისად არ  არსებობს კითხვაზე პასუხი, როგორი იქნება ბინის საფასურის გადახდის პირობები.  

 

ბათუმის საკრებულოს სხდომა
ბათუმის საკრებულოს სხდომა

ე.წ. „იაფი სახლის“ პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი ბინების გადაცემისთვის აუცილებელი პირობებისა და კრიტერიუმების დადგენისთვის კომისიის შექმნის შესახებ ბრძანებას ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა 6 ივლისს მოაწერა ხელი. ამავე ბრძანებით კომისიას საკრებულოში ფრაქცია  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე თამაზ თურმანიძე ხელმძღვანელობს. კომისიის მდივანი კი ბათუმის მერიის ეკონომიკური სამსახურის თანამშრომელი ლაშა ნაკაშიძეა, რომელმაც „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მერიაში აღარ მუშაობს და კომისიის მდივანი ვერ იქნება. კომისიაში შედიან მერის მოადგილეები, სამსახურების ხელმძღვანელები, საკრებულოს წევრები, მთავრობის წარმომადგენლები და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

 

კომისიის წევრია შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი თამარ წივწივაძეც. კომისია 25 წევრისგან შედგება.

 

კომისიის რამდენიმე წევრმა „ბათუმელებს“  „იაფი სახლის“ კრიტერიუმებთან დაკავშირებული მუშაობის შესახებ კომენტარზე უარი ერთი მიზეზით უთხრა: კომისია არ შეკრებილა, არ უმსჯელია და, შესაბამისად, სათქმელიც არაფერია.

 

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე: „გადმომიგზავნეს მერის ბრძანება, სადაც წერია, რომ ვარ კომისიის წევრი. ამის შემდეგ არავინ დამკავშირებია. ვერ გეტყვით შეიცვალა რაიმე თუ არა. რა თქმა უნდა, უპირველესად კრიტერიუმები უნდა დადგინდეს: რა სოციალური ფენის წარმომადგენლებისთვის შენდება იაფი სახლი, როგორ უნდა მოხდეს თანხის გადახდა და ასე შემდეგ. მაქვს გარკვეული მოსაზრებები – ვფიქრობდი, რომ უნდა ყოფილიყო ბათუმის 15 წლის მცხოვრებელი მაინც, სოციალურად დაუცველიც, მაგრამ ესეც გასაწერია. როგორც ვიცი, რაღაც კრიტერიუმები აქვთ მერიაში, მაგრამ ეს არის დასახვეწი, რასაც მუშაობა სჭირდება.“

 

რატომ არ იწყებს კომისია მუშაობას? – კითხვაზე კომისიის თავმჯდომარე თამაზ თურმანიძე პასუხობს: „კომისიის წევრები დამოუკიდებლად ვმუშაობთ და ველოდებით კომისიის შემადგენლობის შეცვლას. ეს საკითხი ერთი ან ორი შეხვედრით მაინც ვერ გადაწყდება. ტენდერის დასრულებას ველოდებით, როცა ტენდერში გამარჯვებული დაიწყებს მუშაობას, ჩვენც პარალელურ რეჟიმში გავწერთ კრიტერიუმებს. კომისია დაახლოებით 20 ოქტომბერს შეიკრიბება.“  

 

მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ კრიტერიუმებზე მუშაობის დაწყება ვერ შეძლო, მერიამ ტენდერი ე.წ.  „იაფი სახლის“  მშენებლობის შესყიდვის მიზნით მაინც გამოაცხადა.

 

კრიტერიუმების შემუშავებამდე ტენდერის გამოცხადებისა და მშენებლობის დაწყების გადაწყვეტილებას რისკის შემცველ ნაბიჯად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებმაც ამ მიმართულებით ევროპული ქვეყნების გამოცდილება შეისწავლეს.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანალიტიკოსი ნათია ზოიძე: „პროგრამაში ჩასართავი ოჯახების შერჩევის კრიტერიუმები და რაოდენობა არ არის განსაზღვრული. შესაბამისად, გაუგებარია, რამდენად გამჭვირვალედ წარიმართება ბენეფიციარების შერჩევის პროცესი; ბათუმში, ისევე, როგორც დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, არ არსებობს უსახლკარო მოქალაქეთა ერთიანი რეესტრი. დღემდე მოქმედი პრაქტიკით, უბინაოები საცხოვრისებით კმაყოფილდებიან თვითმმართველობის ორგანოებში რეგისტრირებული პირადი განცხადებების საფუძველზე; არ არის გათვალისწინებული კორუფციის პრევენციული მექანიზმები; არასრულყოფილად ჩამოყალიბებული პროგრამის გამო მოქალაქეებსა და სამოქალაქო სექტორს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია „იაფი სახლის“ პროგრამის შესახებ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენელთა საჯარო განცხადებებმა კი შესაძლოა, უსახლკარო, დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს გადაჭარბებული მოლოდინი შეუქმნას ბინით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა არ არსებობს კანონი, რომელიც ქვეყანაში სოციალური საცხოვრისის შესახებ საკითხებს დაარეგულირებდა. “

 

კრიტერიუმების გაწერის გარეშე სახლის მშენებლობის დაწყების იდეა საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებსაც არ მოსწონთ.  „უნდა შექნილიყო ბინათმშენებლობის ფონდი, ამ ფონდს უნდა დაეწყო მოქალაქეების რეგისტრაცია და მათი გადამოწმება: ხომ არა აქვთ მათ სადმე მამის ან ნათესავის დატოვებული დაურეგისტრირებელი ქონება, რომ ფონდს არ დაეკარგა სამართლიანი მიდგომის პრინციპი. ეს ფონდი ააშენებდა ბინებს და პარალელურად დაიწყებდა მათ განკარგვას. განკარგვის პრინციპი იქნებოდა ის, რომ სოციალურად დაუცველ ადამიანს მიეცემოდა მოტივაცია მოქმედებისთვის, რადგან მას უკვე ბინა გაუჩნდებოდა. ამ პროექტში ფონდების მონაწილეობაც იქნებოდა შესაძლებელი, რაც იქნებოდა ჰუმანიტარული კომპონენტი. აჭარის მთავრობის დაკვეთით შვეიცარიის განვითარების სააგენტომ კვლევაც კი ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ცუდ დღეში მყოფი ადამიანები ყველაზე დიდ მზაობას გამოთქვამენ, რომ გამოისყიდონ საცხოვრისი. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ არ შეუძლიათ თანხის გადახდა. შეიძლება ამ ტიპის ადამიანებისთვის სამანევრო კომპონენტიც კი იყოს გათვალისწინებული. თუ  გვინდა ერთი კინკილა სახლის აშენება, რა თქმა უნდა, დიდი თავსატეხი გვექნება. პროგრამა თავისი არსით უნდა გულისხმობდეს –  „ვაშენებ ბევრს და, შესაბამისად, ყველაზე დაუცველი კატეგორიებიდან ვიწყებ…“ – ამბობს კობა ჩხეიძე, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე.

 

ე.წ. „იაფი სახლის“ პროგრამის შესაძლო განხორციელების შესახებ ბათუმის მერიამ ინფორმაცია 2013 წელს გაავრცელა. მაშინ ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე იყო. მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი ტიტე აროშიძე მაშინ  „ბათუმელებს“ პროგრამის კრიტერიუმებთან დაკავშირებით მერის მოსაზრებებზე ესაუბრა და თქვა, რომ კრიტერიუმების დახვეწაზე შესაბამისი კომისია იმუშავებდა.

 

დოკუმენტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროგრამის მიზანი ბათუმის მოქალაქეთა ხელმისაწვდომი და სათანადო ხარისხის საცხოვრისით უზრუნველყოფის გაუმჯობესებაა, ამ მიზნის მიღწევა-განხორციელება კი ბათუმის მოქალაქეებისათვის „ახალი საცხოვრისის ეკონომიკურად ხელმისაწვდომი გრძელვადიანი გამოსყიდვის უფლების მექანიზმების შექმნით“ იგეგმება.

 

პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით ხარვეზებზე საუბრისას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კვლევების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს: „პროგრამის განხორციელებამდე ბათუმის თვითმმართველობას არ ჩაუტარებია კვლევა პროგრამის შესაძლო ბენეფიციარებისა და მისი განხორციელების პროცესში გამოკვეთილი სავარაუდო საჭიროებების გამოსავლენად“.

 

ამჟამად ბათუმის მერიაში თავშესაფრის მაძიებელთა 2000-მდე  განაცხადია, თუმცა არც ეს პირები გამოკითხულან, თუ რამდენად შეძლებენ თანამონაწილეობის პრინციპით საკუთარი კონტრიბუციის შეტანას საცხოვრისის მისაღებად; პროგრამით ასევე არ არის განსაზღვრული საცხოვრისის მთლიანი ღირებულების რამდენ პროცენტს უნდა შეადგენდეს მოქალაქის თანადაფინანსება. დაუდგენელია პროცედურები, რომელიც ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუკი პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარი ვეღარ შეძლებს ყოველთვიური კონტრიბუციის შეტანას;

 

გასული კვირის ბოლოს გაირკვა, რომ „იაფი სახლის“ მშენებლობის შესყიდვასთან დაკავშირებულ ტენდერში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო და ტენდერი ჩაიშალა. იმავე დღეს, 9 სექტემბერს, მერიამ სატენდერო დოკუმენტაციაში მცირე ტექნიკური ცვლილებით ახალი ტენდერი გამოაცხადა.  

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე