სიახლეები

როგორ გეგმავს მერია უკანონო გარევაჭრობის აღკვეთას

05.03.2015 • 2533
როგორ გეგმავს მერია უკანონო გარევაჭრობის აღკვეთას

თენგიზ მესხიძე
თენგიზ მესხიძე

ბატონო თენგიზ, ბათუმის მერია ინტერნეტის საშუალებით იკვლევს საზოგადოებრივ აზრს უკანონო გარევაჭრობასთან დაკავშირებით. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მერია აპირებს გაამკაცროს უკანონო გარევაჭრობასთან დაკავშირებული ზომები?


 კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და კანონებით ქალაქში გარევაჭრობა უნდა იყოს აღკვეთილი. ეს მაღაზიებისთვისაა დასაშვები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მერიის შესაბამისი განყოფილება გასცემს ნებართვას. რაც შეეხება გარემოვაჭრეებს, რომლებიც თვითნებურად დებენ დახლებს ქუჩებში და ტროტუარებზე, მათზე ნებართვა არ გაიცემა, ისინი არიან უკანონო გარემოვაჭრეები და მათი ამ ქუჩებიდან გაყვანა მოხდება. ჩვენ რეიდები ჩავატარეთ და გარევაჭრობა აღვკვეთეთ. განყოფილებაში, რომელიც გარევაჭრობას აკონტროლებს, სულ ათი კაცია და ათი კაცით ერთდროულად ბათუმის მონიტორინგი რთული იქნება, მაგრამ ის ადგილები, რომლებიც გადატვირთულია უკანონო გარემოვაჭრეების მიერ, მაგალითად, წერეთლის ქუჩა და მისი მიმდებარე ტერიტორია, გათავისუფლდება გარევაჭრობისაგან. 


ეს არის ყველაზე პრობლემური ადგილები ქალაქში?


დიახ, და კიდევ ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთა. 


 რას ითვალისწინებს კანონი უკანონო გარევაჭრობის შემთხვევაში?


ჯარიმას, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ადამიანები, რომლებიც ქუჩაში, უკანონოდ ვაჭრობენ, არიან გაჭირვებული და პირდაპირ ჯარიმის გამოწერას ვერიდებით, ჯერ ვაფრთხილებთ სიტყვიერად, შემდეგ წერილს გადავცემთ და თუ ძალიან შეგვეწინააღმდეგენ, მაშინ ვაჯარიმებთ.

რამდენია ჯარიმა?


სხვადასხვა მუხლია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. ერთია უკანონო გარევაჭრობა, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 20-იდან 50 ლარამდე, მაგრამ თუ მანქანის ან ფეხით სავალი ნაწილია დაკავებული, იქ უკვე 500 ლარია ჯარიმა. 500-ლარიანი ჯარიმის გამოწერა ძალიან რთული საქმეა გაჭირვებული ადამიანისთვის და ამიტომ ჩვენ მაინც ვცდილობთ 50 ლარზე მეტით არ დავაჯარიმოთ. 


რას სთავაზობთ, სად უნდა წავიდნენ ეს ადამიანები?


მერიას აქვს მოლაპარაკება ახალ ავტოსადგურ „მეტროსთან“, რომელიც ბონი-ბარცხანის გადასასვლელზე მდებარეობს. დავათვალიერეთ ტერიტორია. ეს არის ფართო ადგილი, პარკირებით, კარგი მისასვლელით, მოასფალტებული და მოპირკეთებული. ბაზარია შიგნით გაკეთებული, თანამედროვე სტანდარტებით, დახლები უკვე აწყვია, შუქი და წყალიც მიყვანილია. მომავალ კვირას ხელმძღვანელი უნდა შევახვედროთ წერეთლის ქუჩაზე გარემოვაჭრეებს. გვინდა, გარემოვაჭრეებმა თავიდანვე თადარიგი დაიჭირონ ბაზრის მეპატრონეებთან, რადგან მერე ისე არ მოხდეს, რომ თქვან – „ჩვენ არ ვიცოდით“, „დაგვასწრეს“, „დახლი არ შეგვხვდა“ და ა.შ. ავტოსადგურის ხელმძღვანელობა გვპირდება, რომ ერთი წლის მანძილზე არ გადაახდევინებს ქირას გარემოვაჭრეებს და შემდეგ უკვე ჩვენ ამაში ვეღარ ჩავერევით. ეს პროცესი უმტკივნეულოდ უნდა განხორციელდეს, უკანონო გარემოვაჭრეების ინტერესებიც უნდა იყოს დაცული და ქალაქისაც.

როგორ შეხვდნენ მოვაჭრეები ამ შეთავაზებას?

წერეთლის ქუჩიდან წავიყვანე უფრო აქტიური გარემოვაჭრეები იქ და მოეწონათ ძალიან. ჩვენც მოგვწონს ის ადგილი. იქ არის დიდი ტერიტორია და თუ ჩვენ ამ ადგილს დავტვირთავთ, „მეტროს“ ადმინისტრაცია გვპირდება, ამ ადგილზე ახალ ბაზარსაც ააშენებს. ვფიქრობ, ეს იქნება ყველასთვის კარგი გამოსავალი და ეს არ იქნება მტკივნეული, რადგან ჩვენ ამას ეტაპობრივად განვახორციელებთ. რა თქმა უნდა, იქნება იმ კატეგორიის ხალხიც, რომელიც ამის წინააღმდეგი წავა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შედეგი გვექნება. ვეღარ მოიცდის ქალაქი. ტერიტორიები კეთილმოსაწყობია, ასფალტი დასაგებია ყოფილი კალიევის, ახლანდელი ბერიძის ქუჩაზე, ტროტუარები გასაკეთებელია, მერია ამის გამო სამუშაოებს ვერ ატარებს.

 უკანონო გარევაჭრობასთან ბრძოლის თემა ბათუმისთვის ახალი არ არის. წინა ხელისუფლებასაც ჰქონდა ამის მცდელობა, პერიოდულად ახერხებდა კიდეც, მაგრამ მოვაჭრეები ისევ უბრუნდებოდნენ ქუჩას. ახალ პოლიტიკას რა შედეგი ექნება თქვენი ვარაუდით და რა დროში შეიძლება ეს გაიწელოს?

მე ვფიქრობ, საზღვაო სეზონამდე ეს ყველაფერი უნდა მოგვარდეს. ისე ვართ ჩვენ მომართული ამ თემასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება ეს პროცესი ძალიან გაიწელოს. ბევრი განცხადება შემოდის, გარემოვაჭრეებს ადგილზე მცხოვრებლებიც უპირისპირდებიან. ჩვენ შედეგზე ვართ ორიენტირებული, ზოგს ძალით შეიძლება დასჭირდეს გაყვანა, ზოგი მისი ნებით წავა, მაგრამ საბოლოოდ შედეგამდე უნდა მივიდეთ. წერეთლის ქუჩა უნდა გაიწმინდოს, მოეწყოს ტროტუარები, ახალი ფილები დაიგოს და იმუშაობს უნდა ჩვენმა სამსახურმა, რომ არ მოხდეს თავიდან დახლების დადება და უკანონო გარევაჭრობა.

 გაქვთ მონაცემები, ბათუმში რამდენი ადამიანი ვაჭრობს უკანონოდ?


დაახლოებით 200 გაფრთხილება ამოვწერეთ ბოლო კვირის განმავლობაში, ოღონდ ეს არიან ის ადამიანები, ვინც ჩვენ მოგვაწოდა მონაცემები – სახელი, გვარი და პასპორტი, თუმცა არის ხალხი, რომელიც არც სახელსა და გვარს გვეუბნება და არც გაფრთხილებას იბარებს. რა თქმა უნდა, ბევრია ასეთი მოვაჭრე, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ აქტივისტები დავარწმუნოთ, რომ ჩვენი შეთავაზებული ადგილი კარგია, სოფლებისკენ, თბილისისკენ, ქუთაისისკენ მიმავალი სამარშრუტო ტაქსები გადადიან იქ და ის ტერიტორია კარგად დაიტვირთება, ხალხმრავალი გახდება და ბაზარიც იმუშავებს.

გარევაჭრობა წერეთლის ქუჩაზე
გარევაჭრობა წერეთლის ქუჩაზე

გადაბეჭდვის წესი