მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიამ ადაპტირებული ლიფტის მოწყობაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადა

23.04.2017
ბათუმის მერიამ ადაპტირებული ლიფტის მოწყობაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადა

ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობის [ლუკა ასათიანის ქ. N25] სარემონტო სამუშაოებისა და შშმ პირთა ადაპტირებული ლიფტის მოწყობისთვის მერიამ ელექტრონული ტენდერი პირველად გასული წლის შემოდგომაზე გამოაცხადა, საწყისი თანხით – 282 ათას 50 ლარი. ეს ტენდერი შეწყდა. ხელახალ ტენდერში კი საწყისი თანხა – 100 ათასი ლარით ნაკლები – 182 ათას 50 ლარია.

პირველი ტენდერის შეწყვეტის მიზეზად სატენდერო კომისიის ოქმში მითითებულია „სატენდერო დოკუმენტაციის პირობების სრულყოფილად ჩამოყალიბება და დახვეწა“.

არსებული პროექტის მიხედვით, შშმ პირთა ადაპტირებული ლიფტი ადმინისტრაციულ შენობას ეზოს მხრიდან მიედგმება.

ლუკა ასათიანის N25-ში მდებარე ბათუმის მინიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გასულ წელს გვითხრეს, რომ შენობის სარემონტო სამუშაოები  სააგენტოსთან შეთანხმებულია. სააგენტოსთან უნდა შეთანხმდეს ასევე ამ შენობის ფასადის ფერიც.

ტენდერში წინადადებების მიღება 2017 წლის 15 მაისს უნდა დასრულდეს.

სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოები უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ხელშეკრულების გაფორმებიდან; ამასთან, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, შემსყიდველის მხრიდან ტექნიკურ ზედამხედველსა და მიმწოდებელს შორის შესაძლებელია დაზუსტდეს სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი, რამაც მხოლოდ სამუშაოების დასრულების ვადის ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: