მთავარი,სიახლეები

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს უკანონოდ მიაშენეს

27.05.2017 • 5261
ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს უკანონოდ მიაშენეს

სასტუმრო „ინტურისტის“ ერთ-ერთ რესტორანს მოიჯარემ ხის აივანი მიაშენა. ადგილზე მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ სამუშაოები შესაბამის სტრუქტურებთან შეთანხმებული ჰქონდა.

„ჩვენ ვამატებთ მსუბუქ კონსტრუქციას, რომელიც არ დააზიანებს ძეგლს. ვაცნობიერებთ სიძველის მნიშვნელობას, ამიტომ პირიქით, მოტივირებულები ვართ შევინარჩუნოთ რაც აქ დაგვხვდა. ჩვენ მხოლოდ გავასუფთავეთ შენობა. რაც შეეხება ხის აივანს, ის მსუბუქი კონსტრუქციაა და თუ საჭირო გახდება, შეგვიძლია ორ დღეში მოვშალოთ“, – უთხრა სოსო ნადარეიშვილმა „ბათუმელებს“.

სასტუმრო „ინტურისტის“ შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და კანონმდებლობა არა მხოლოდ ძეგლზე დაშენება-მიშენების, არამედ ძეგლიდან 150 მეტრის რადიუსში მშენებლობის შემთხვევაშიც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმებას საჭიროებს.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს უკანონოდ მიაშენეს

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს უკანონოდ მიაშენეს.

სააგენტოს ნებართვებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსის მირზა ცეცხლაძის ინფორმაციით, სასტუმრო „ინტურისტზე“ აივნის მიშენების სამუშაოები რესტორნის მოიჯარეს სააგენტოსთან არ შეუთანხმებია:

„ჩვენ გავედით ადგილზე, სიტყვიერად გავაფრთხილეთ და მივეცით გონივრული ვადა, რომ შენობის ის ნაწილი, სადაც სამუშაოები ჩატარდა მიშენებამდე არსებულ მდგომარეობაში მოიყვანოს. ორშაბათს სამუშაო დღეს კი მას ამ გაფრთხილების შესახებ წერილობით შეტყობინებას გავუგზავნით.“

აპირებს თუ არა სასტუმრო „ინტურისტის“ ერთ-ერთი რესტორნის მოიჯარე მომავალში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს აივნის მიშენებისთვის ნებართვის მისაღებად შესაბამისი პროექტით მიმართოს, ამის შესახებ სააგენტოში ინფორმაცია არ აქვთ.

სასტუმრო „ინტურისტი“ რუსთაველისა და დუმბაძის ქუჩების კვეთაში მდებარეობს. მოიჯარეს ხის აივანი ბულვარის მხრიდან აქვს მიშენებული. ბულვარი, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
სასტუმრო „ინტურისტი“ ბათუმში 1939 წელს არქიტექტორ შცუსევის პროექტით ააშენეს.

18742265_1730425256986893_1308705505_o

გადაბეჭდვის წესი