მთავარი,სიახლეები

სულხან ევგენიძე: ასე უკეთესი იქნება, დავისვენებ

29.08.2017 • 3904
სულხან ევგენიძე: ასე უკეთესი იქნება, დავისვენებ

ის ისევ საჯარო სექტორში აპირებს დარჩენას. ამბობს, რომ კერძო სექტორში მუშაობა კომფორტია, მაგრამ შეთავაზებები საჯარო სამსახურში აქვს, როცა გამგებლის სავარძელს არჩევნების შემდეგ სხვას დაუთმობს.

ქობულეთის გამგებელი – სულხან ევგენიძე არ აკონკრეტებს, რა სამსახურს სთავაზობენ. გამართლებულად მიიჩნევს მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ გამგებლების კანდიდატები ახალი სახეები უნდა იყვნენ. „სურვილი რა, მეც ვფიქრობ, რომ ასე უკეთესი იქნება, დავისვენებ“, – ამბობს ის. სულხან ევგენიძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში პირველი არჩეული გამგებელია 2014 წლიდან.

ბატონო სულხან, თქვენ თუ ხართ კმაყოფილი თქვენი გამგებლობით, რის გაკეთება შეძელით ქობულეთისთვის? 

ყველაზე ცუდი პერიოდი მომიწია მე. სტიქია სტიქიაზე მქონდა, ძალიან ბევრი საქმე. მთლიანობაში ამ ოთხ წელიწადში 100 მილიონი ლარის საქმე გაკეთდა, ძირითადად ინფრასტრუქტურული ღონისძიებები დაფინანსდა. „ნაციონალებმა“ მხოლოდ კანალიზაციის სისტემა გააკეთეს აღმაშენებელზე და ისიც სესხით, იმ ფულს ახლაც ვიხდით. რა თქმა უნდა, ხალხის ნაწილი შეიძლება არის უკმაყოფილო, მაგრამ ყოველთვის ყველაფერს ვერ შეძლებ… სოფლებში, ძირითადად, პრობლემა იყო გზების, წყლის, საბავშვო ბაღების. ჩემი გამგებლობის პერიოდში აშენდა 12 საბავშვო ბაღი, თორმეტს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ორიც შენდება, მაგალითად, სოფელ წყავროკაში, სადაც აქამდე ბაღი არ არის, ახლა გამოვაცხადეთ ტენდერი მშენებლობაზე, დაახლოებით 600 ათასი ლარი ჯდება, რადგან გართულდა მიწის შერჩევა, რომელიც გეოლოგიურად მდგრადი იქნებოდა. გამოვყოფდი კანალიზაციის სისტემას დაბა ოჩხამურში, რომელიც 950 ათასი ლარი დაჯდება და ამაზეც გამოცხადებულია ტენდერი… გარდა ამისა, გაკეთდა გზა არაერთ სოფელში, წყლის რეზერვუარები, მრიცხველები, საქლორატორო სისტემები. ჩემი გამგებლობის პერიოდში 55 ეკომიგრანტ ოჯახს გადავეცით საცხოვრებელი ბინა, ხოლო 14 ოჯახს მივეცით 28 ათასი ლარი ახალი სახლის შესაძენად.

ქალაქში რა შეცვალეთ? პლაჟის კეთილმოწყობა ისევ პრობლემაა… 

ნაპირსამაგრ სამუშაოებს რაც შეეხება, მალე მოწესრიგდება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია სექტემბრის ბოლოდან დაიწყებს პლაჟის სამუშაოებს სასტუმრო „ივერიიდან“ ფიჭვნარის ჩათვლით. საუბარია საფეხურებიანი ჯებირების მოწყობაზე, ასევე ახალი ფილების დაგებასა და გარე განათებაზე. საუბარია 8 მილიონ 700 ათასი ლარის სამუშაოზე. ეს ფული მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოგვიყო და აჭარის მთავრობა დაგვიდგა თავდებად.

თქვენ ხართ პირველი გამგებელი ქობულეთში, რომელიც პირდაპირი წესით აირჩიეს. შეგიძლიათ თქვათ, რომ იყავით დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების დროს? 

კი, ვიყავი… შესაძლებელია, გარკვეულ დროს მიჭირდა მარტო გადაწყვეტილების მიღება და გავდიოდი კონსულტაციებს, ძირითადად, აჭარის მთავრობასთან და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. გარკვეული საკითხები იყო პოლიტიკური, რაც შეთანხმებას საჭიროებდა…

მაგალითად, როცა ბიძინა ივანიშვილს ხეების გადაზიდვაზე აძლევდით თანხმობას, დამოუკიდებლად მიიღეთ გადაწყვეტილება? 

და რამე დარღვევა იყო? ყველაფერი კეთდებოდა კანონის ფარგლებში… „ნაციონალები“ რაღაცას კი ამბობდნენ, მაგრამ მთავარია, რომ კანონის ფარგლებში გადაიტანეს ხეები.

კანონიერი შესაძლებელია იყოს გადაწყვეტილება, რომელიც უსამართლოა და ხალხს აღიზიანებს…

ვინ გააღიზიანა, მაგალითად? მე არავის პროტესტი არ მახსენდება, მოქალაქის, მეზობლის, ვთქვათ, რომელიც იქ ცხოვრობდა. კანონს რომ თავი დავანებოთ, ადრე ადამიანს ხმის ამოღების ეშინოდა, თუკი მისი ოჯახის წევრი სადმე მუშაობდა. ახლა ხომ ვერავინ იტყვის იმას, რომ ვინმეს ვაშინებთ? ხეების გადაზიდვაზე ნებართვა იყო კანონიერი, ფული გადახდილია ბიუჯეტში და გზის მოწესრიგებაზე კიდევ ხუთი იმდენი იხარჯება. მე ამ საკითხში პრობლემას ვერ ვხედავ.

პანსიონში რომ დღემდე ვერ შედის მუსლიმი თემი, ამაში თუ ხედავთ პრობლემას? სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მუნიციპალურმა შპს „ქობულეთის წყალმა“ კანალიზაციის სისტემაში არ ჩართო პანსიონი.

არაერთხელ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: ჩემთვის მნიშვნელოვანია ორივე მხარის ინტერესები… ბოლოს ერთმანეთს რომ შევახვედრე ეს მუსლიმი თემი და პანსიონთან მცხოვრები მოსახლეობა, იყო საუბარი იმაზე, რომ იქ აღარ გაიხსნებოდა პანსიონი და იცხოვრებდნენ პანსიონის მასწავლებლები. ისევ საჩივრებზე ლაპარაკობენ. ეს საჩივრები აღიზიანებს, როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს. სანამ არ დალაგდებიან, სანამ არ დაწყნარდებიან, მანამდე ვერაფერს ვიზამთ.

ნუ, არჩეული გამგებელი მოქმედებაზე უარს ამბობს? 

მე არ ვიმოქმედე რა, მოსახლეობამ არ მომცა ამის საშუალება, რომ მემოქმედა… ჩვენ რომ მივედით იქ კანალიზაციის სისტემაში ჩასართავად, ამას ისევ მოჰყვა მოსახლეობის პროტესტი.

თქვენთვის მნიშვნელოვანი არ არის მუსლიმი თემის ინტერესი? 

მე ანგარიშს ვუწევ იმას, რომ დაპირისპირება არ წარმოიშვას ისევ… მოდით, დასრულდეს სასამართლო პროცესები და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას.

სასამართლო პროცესი უკვე დასრულებულია ყველა ინსტანციის სასამართლოში.

სხვა კითხვაზე გადავიდეთ.

თხილის მოსავლის დიდი ნაწილი ფერმერებს გაუფუჭდათ. თქვენს წილ პასუხისმგებლობას ხედავთ თუ არა იმაში, რომ მინიმუმ მეთხილეები დროულად არ გააფრთხილეთ მცენარეების სავალდებულო შეწამვლის შესახებ? 

თხილი შეწამლა აგროსერვისცენტრმა და ეს შეკითხვა მას უნდა დაუსვათ, ან სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰკითხოთ… იყო შემთხვევები, როგორც ვიცი, როცა მოსახლეობამ უარი თქვა დაწამვლაზე. იცით რა, ყველაფერს უნდა მოვლა-პატრონობა. რომ ემსახურები თხილს 30 წელია და ხედავ პრობლემას, დროზე უნდა მიხედოს გლეხმა, ფოთლებზე ხომ ემჩნევა ეს, როგორც მანდარინს? ვინც მანდარინს კარგად უვლის, იგი ყოველთვის კარგად ყიდის მოსავალს.

ციტრუსი ქობულეთში წამყვანი კულტურაა. მეციტრუსეებისთვის რა შეიცვალა თქვენი გამგებლობის პერიოდში? 

ჩემი გამგებლობის პერიოდში მოხდა ის, რომ ერთი ვედრო მანდარინი არავის გადაუყრია… ქალაქში ე.წ. შავ ბაზარს არ მივეცით არსებობის საშუალება. მოდიოდნენ კერძო პიროვნებები და როცა სოფლიდან ჩამოდიოდა მეციტრუსე, იძულებულს ხდიდნენ დაბალ ფასად გაეყიდა მანდარინი. ეს შემსყიდველები ადიოდნენ სოფლებში და იქ ყიდულობდნენ მანდარინს. რამდენიმე მანქანა გვერდიგვერდ იდგა და იყო კონკურენცია. გლეხს 5 ლარიც რომ გადაუხადონ ერთ კილო მანდარინში, მაინც უკმაყოფილო იქნება.

ქალაქმშენებლობაზეც მინდა გკითხოთ, მათ შორის, გამგეობის შენობის გვერდით მშენებარე ორ მრავალსართულიან კორპუსზე…

მეც ვფიქრობ, რომ ქობულეთი უფრო დაბალსართულიანი კერძო სახლების ქალაქია. ადრეც იყო აქ რამდენიმე მაღალი სასტუმრო, მაგრამ შესაბამისი დაშორება იყო მათ შორის და სივრცე არსებობდა. სადაც მაღალი შენობები არსებობს და უკვე აშენდა, უარს როგორ ვეტყოდი? იქ სიმაღლის შესაბამისი კოეფიციენტი არსებობდა და როცა ერთზე უკვე გაცემულია ნებართვა, მეორეს ხომ არ ჩააყენებ განსხვავებულ მდგომარეობაში?

მესმის, რომ აპელირებთ თანასწორობაზე, მაგრამ თუ ქალაქის დაცვაა თქვენი პრინციპი, შეცვლიდით ამ კოეფიციენტსაც.

ასე არ არის. ფიჭვნარშიც იგივე ამბავია, ხალხს გამოტანილი აქვს ტროტუარებზე მაღაზიები. როცა ახალს უნდა აშენება, ვეუბნებით, რომ შიგნით შეიწიოს და ისე ვერ მივცემთ ნებართვას. ყველა იმას დავობს, რომ სხვამ თუ ააშენა წინა წლებში, ახლა თვითონ რატომ უნდა დაისაჯოს. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ სადაც უკვე აშენებულია, იქ ვეღარ შეცვლი, აშენებულის დანგრევას ვეღარ მოსთხოვ.

მაღალი პრემიებითაც დაამახსოვრეთ საზოგადოებას თავი. მაგალითად, 2016 წლის ოთხ თვეში თქვენმა პრემიამ 10 600 ლარი შეადგინა, 2015 წელს კი, სააღდგომოდ თქვენმა შრომის ანაზღაურებამ მხოლოდ ერთ თვეში 6 ათას ლარს მიაღწია.

საჯარო სამსახურში არის ძალიან დაბალი ხელფასი. შესაბამისად, ეს პრემია მუნიციპალიტეტში ხშირად გამოიყენება, როგორც დაბალი ხელფასის კომპენსაცია. მე გეუბნებით თქვენ: თუკი საჯარო სამსახურებში ხელფასი არ გაიზარდა, მუნიციპალურ სამსახურებს დატოვებენ პროფესიონალები.

თქვენ რომ ისევ საჯარო სამსახურში აპირებთ დარჩენას? 

სიტყვაზე ნუ გამომეკიდებით. მე მუნიციპალური სამსახური ვიგულისხმე, სადაც აშკარად დაბალი ხელფასია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: