როდის ხდება რეჟიმის მსახური რეჟიმის სამიზნე – ინტერვიუ

2022 წელს, მხოლოდ 6 თვეში რუსეთში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა რამდენიმე ბიზნესმენი.

„გაზპრომის“ კონტრაქტორი ლოგისტიკური კომპანიის ხელმძღვანელი იური ვორონოვი თავში მიყენებული ჭრილობით დაიღუპა.

„გაზპრომ-ინვესტის“ სატრანსპორტო სამსახურის ტოპმენეჯერზე, ლეონიდ შულმანზე ითქვა, რომ თავი მოიკლა. მას „უპოვეს“ წერილი, სადაც ფეხის გაუსაძლის ტკივილზე ჩიოდა და არ სურდა ოჯახს ტვირთად დასწოლოდა.

იმავე წლის თებერვალში საკუთარ სახლში მკვდარი იპოვეს კორპორაციული უსაფრთხოების საკითხებში გაზპრომის „ერთიანი განსახლების ცენტრის“ გენერალური დირექტორი ალექსანდრ ტიულიაკოვი. ცხედართან ქაღალდი ნახეს, თუმცა მედია არ ფლობს ინფორმაციას მის შინაარსზე.

ამავე წლის აპრილში მოსკოვში რუსი მილიონერის, ვლადისლავ ავაევის, მისი ქალიშვილისა და ცოლის ცხედრები იპოვეს. წინასწარი გამოძიების მიხედვით, ავაევმა ცოლსა და 13 წლის ქალიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

ეს სერია არ დასრულებულა. 2025 წლის 7 ივლისს რუსეთის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრის, რომან სტაროვოიტის ცხედარი იპოვეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა მიყენებული.  რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი მთავარ ვერსიად თვითმკვლელობას განიხილავს.

რუსეთში „ფანჯრიდან გადავარდა” ნავთობკომპანიის 62 წლის ტოპმენეჯერი რუსი ბიზნესმენი, “ტრანსნეფტის” ვიცე-პრეზიდენტი, ანდრეი ბადალოვი.

პუტინის რუსეთში მსგავსი ისტორიები განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გახშირდა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რადიკალურად იცვალა სახე ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამაც“. ბოლო პერიოდში ივანიშვილის კარზე ძალაუფლება არაერთმა გავლენიანმა ჩინოვნიკმა დაკარგა. მაგალითად, ორგზის პრემიერად დანიშნულმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სუს-ისა და შს მინისტრებმა, რომლებიც საპროტესტო აქციების დარბევის გამო დასავლეთის სანქციების ქვეშ მოექცნენ.

დასანქცირებულია ბიძინა ივანიშვილიც. ივანიშვილის გარემოცვაში საკადრო წმენდა დაიწყო.

ამავე დროს, დაჭრილია აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე – შსს-ს ვერსიით, მან 7 ივლისს, ცეცხლსასროლი იარაღით თვითმკვლელობა სცადა. იმავე დღეს, პროსახელისუფლებო მედიებმა გაავრცელეს წერილი, რომელიც თითქოს რიჟვაძემ თვითმკვლელობამდე დაწერა. წერილის ავთენტურობა ჯერჯერობით არ არის დადასტურებული.

როდის უპირისპირდება რეჟიმი სისტემის მსახურებს და რით ჰგავს საბჭოთა ან პუტინის რეჟიმს ივანიშვილის სისტემა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ საბჭოთა წარსულის მკვლევარს, ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანს ესაუბრა.

ირაკლი ხვადაგიანი
  • ირაკლი, რა საერთო აქვს ივანიშვილის რეჟიმს პუტინის რეჟიმთან? რაშია მსგავსება ან განსხვავება? ან კიდევ, საბჭოთა რეპრესიული სისტემიდან რა აქვთ ამ რეჟიმებს ათვისებული?

ძალიან ჰგავს ეს პროცესი და ტენდენცია იმას, რაც რუსეთშია. ორივე მათგანი, რა თქმა უნდა, გაგრძელებაა იმ საბჭოთა რეჟიმის, ოღონდ ახალი, შევსებული და რაღაცნაირად ადაპტირებული ვარიანტია საბჭოური, რუსული ტოტალიტარული გამოცდილების. თუმცა, ექსკლუზიურად საბჭოურისაც არა, რადგან ვიცით, რომ ტოტალიტარული რეჟიმები ჰგვანან ერთმანეთს, სწავლობენ ბევრ რამეს ერთმანეთისგან და ამ ყველაფერს ემატება ადგილობრივი სახასიათო ელემენტები.

ამიტომ ცხადია, როცა საუბარი გვაქვს ამ სისტემაზე, რეჟიმზე, ეს არის ერთგვარი მაფიოზური დაჯგუფება, ხშირად ბელადზე ორიენტირებული. ერთი ადამიანია ამ დაჯგუფების უპირობო ლიდერი, მმართველი და ორგანიზატორი და აქედან გამომდინარე, ის არის ძალაუფლების წყარო და არანაირი ბალანსი, გაზიარება, ერთობლივი პარტნიორული მართვა აქ არ მოიაზრება. ერთი ადამიანი და მისი მორჩილი კადრების პირამიდაა ყოველგვარი ნორმატიული ჩარჩოს მიღმა. აქ არ არის რაღაც დაწერილი წესები, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული მონაწილის ავტონომიურობას.

ან ხარ ამ სისტემის ნაწილი და ასრულებ ბელადის დავალებას, ან ხარ არავინ. აი, ეს არის საფასური და რა თქმა უნდა, ტოტალიტარიზმის ამ თანამედროვე ჰიბრიდის პირობებშიც ასეთია ლოგიკა, უბრალოდ მასშტაბები ქმნის გარკვეულ განსხვავებებს.

  • როდის უპირისპირდება რეჟიმი თავის მორჩილებს და რა სურათი გვაქვს ივანიშვილთან და მის გარემოცვაში?

რასაც წარსული და თანამედროვე გამოცდილება გვაჩვენებს, დაპირისპირება თავად რეჟიმის არსია, რადგან ის მუდმივად დგას შიდა წმენდებზე.

კასრში ვირთხების გამოყვანა ემსახურება იმას, რომ ვირთხა ჭამს თანამებრძოლს და ამ სისტემაშიც, შიგნით, მუდმივად ხდება „ბუნებრივი გადარჩევა“, სადაც უფრო სიცოცხლისუნარიანი იმარჯვებს, ინარჩუნებს პოზიციებს და ეს არის დაუსრულებელი ციკლი, რომელსაც არეგულირებს „მეპატრონე“.

აქ განსხვავდება ინტენსივობა და ანგარიშსწორების ხარისხი.

რაღაც ეტაპზე ეს არის შიდა კლანური კონკურენცია და ბრძოლა შიგნით უფრო მეტი რესურსების მოპოვებისთვის, ერთგვარი შიდა ფარული ომი, რასაც შიდა მმართველი ხედავს, მაგრამ არ უშლის ხელს, რადგან მას სჭირდება ეს იმისთვის, რომ ეს შიდა ბალანსი შეინარჩუნოს, რომ მართოს კონკურენციაში მყოფი კლანები და მისი ამოცანები შეასრულებინოს, ოღონდ არ მისცეს არცერთს ისეთი გაძლიერების საშუალება, რომ თვითონ მმართველისთვის გახდნენ სახიფათო.

ამ ეტაპზე ხდება ქონების გადანაწილება, პრივილეგიების, პოსტების და ასე შემდეგ.

ეს ეტაპები ჰქონდა ივანიშვილსაც.

როგორ მოხდა დაპირისპირება კლანებს შორის, იქნება ეს კალაძის, კობახიძის თუ ღარიბაშვილის და როდესაც კრიზისი არის უფრო მძაფრი, უფრო ეგზისტენციალური საფრთხეები აქვს მთავარ მმართველს, ამ შემთხვევაში საფასური იზრდება და მხოლოდ ფული, პრივილეგია ან პოსტი აღარ არის ის, რასაც რეჟიმის მსახური კარგავს, არამედ კარგავს სიცოცხლესაც, რისი მაგალითებიც გვაქვს რუსეთში.

  • ბიძინა ივანიშვილის ეგზისტენციალური საფრთხის გამოა ის, რაც დაემართა, მაგალითად, თორნიკე რიჟვაძეს, ირაკლი ღარიბაშვილს ან იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ემსახურნენ რეჟიმს, მაგრამ ახლა აღარ არიან საჭირო?

კი, რა თქმა უნდა. ლოგიკა ეს არის, რომ ივანიშვილს აქვს გამოწვევები, ის არის სამიზნე სანქციების, მისი ძალაუფლების გასაღები რაც არის – ფინანსური რესურსები, შემცირდა, ამიტომ მას სჭირდება ყველანაირი კონსოლიდაცია ამ ფინანსური რესურსების. პრაქტიკაში რასაც ვადევნებთ თვალს, პანიკური რეაქცია აქვს ახლა ივანიშვილს, ცდილობს ყველაფრის ამოქაჩვას, ცენტრალიზაცია უნდა განახორციელოს, გამომდინარე იქიდან, რომ არ არის საკმარისი ის რესურსები, რომელიც მას ამ წუთას გააჩნია.

რუსეთში რასაც ვხედავთ, ანალოგიურია, ხომ?! ბოლო წლების მაგალითები, რომ ფანჯრებიდან ცვივიან ყოფილი ოლიგარქები, მაღალჩინოსნები და ასე შემდეგ, იმის სიგნალია, რომ სისტემამ დაიწყო ყველანაირი რესურსების ამოქაჩვა, მობილიზება. რუსებს კრიზისი აქვთ, ეკონომიკა ჩამონგრევის პირასაა, სამხედრო საომარი მანქანა ისრუტავს ამ რესურსებს და კიდევ და კიდევ მეტი უნდა, მაგრამ ამის მიუხედავად ვერ აღწევს დასახულ მიზნებს და ეს არის, ასე ვთქვათ, დიდი რეკეტი.

  • პუტინს აქვს ომი და გასაგებია, რომ მას ამისთვის სჭირდება რესურსები, მაგრამ ივანიშვილის შფოთვები მხოლოდ სანქციებს უკავშირდება, თქვენი აზრით?

შეიძლება ვთქვათ, რომ ივანიშვილსაც აქვს ომი, ოღონდ საკუთარ ხალხთან, საქართველოს წინააღმდეგ.

ამ ეტაპამდე, სანამ ის გახდებოდა სანქციების სუბიექტი, მას ჰქონდა კომფორტი, რომ ერთი მხრივ თავისი კაპიტალით ემოძრავა და გაეზარდა ეს კაპიტალი საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებით და როგორც ხედავთ, მას მთელი ქვეყანა ისედაც განაწილებული აქვს თავისი მაფიოზური დაჯგუფების ხელში, დამატებით შემოსავალს იღებდა აქედან და ამ ვერტიკალსაც ინარჩუნებდა პრინციპით – „ძარცვე, ოღონდ იყავი ლოიალური და ჩემი წილი მოიტანე ყულაბაში“. ეს განსაზღვრავდა ერთგულებასაც და მოტივაციასაც ამ ტურბულენტური ქსელის მონაწილეებისთვის.

ის ღიად დაუპირისპირდა დასავლეთს, გარდა ამისა, რუსეთის იმედი კი აქვს, მაგრამ იმასაც ვხედავთ, რუსეთში რა მდგომარეობაა, მას იქეთ სჭირდება სახსრების მობილიზება, ამიტომ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია ივანიშვილი, რადგან ის ასევე დაპირისპირებულია ამ ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობასთან, დიქტატორული გარემო და სისტემა ჩამოაყალიბა, რასაც სჭირდება რესურსი.

სადამსჯელო რეპრესიულ აპარატს სჭირდება სტაბილური შემოსავალი, რაც განსაზღვრავს ამ დამსჯელი ვერტიკალის ლოიალურობას სისტემის მიმართ. ამის რესურსი მოაკლდა ივანიშვილს და ამ სახსრების ამოქაჩვის პროცესი მიმდინარეობს ახლა.

  • პრაქტიკამ აჩვენა, რომ რეჟიმის ჯილდოები ვერ იცავს მორჩილებს და ამის მაგალითია ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც დააჯილდოეს მედლებით, მაგრამ მაინც დაკარგეს თანამდებობა, გავლენა და მოხვდნენ მაგნიტსკის სიაშიც. ეს ნიშნავს, რომ როდესაც რეჟიმს სჭირდება მსხვერპლი, მაგალითად, ფული, ასეთ დროს რეჟიმის მორჩილიც ადვილად შეიძლება გახდეს სამიზნე?

რა თქმა უნდა და ჩვენ შეგვიძლია მათ მორალის საზომიდან ვუთხრათ, რომ აი, შენ ხომ რეჟიმს ემსახურე, პირადი კომფორტი ხომ უფრო მაღლა დააყენე ვიდრე მოქალაქეების უფლებები, დაჩაგრე და აწამე იმის ხარჯზე, რომ ჯილდო მიგეღო… ახლა ეს ჯილდოებიც გაქრა და აღმოჩნდნენ სადღაც მოსროლილი.

თუმცა ამ ადამიანების უმრავლესობას ეს არჩევანი აქვს გაკეთებული თავის დროზე და გაცნობიერებული აქვთ, რომ თუნდაც მოკლევადიანი ხეირისთვის ამ ნაბიჯზე წამსვლელები იყვნენ.

მათი მენტალიტეტი იმაზეა აწყობილი, რომ ერთი ნაბიჯით, ერთხელ, მოკლე დროში იშოვონ რაც შეიძლება მეტი და იმის იქეთ რაღაც სტრატეგიული გათვლების არც სურვილი აქვთ, არც რესურსი და არც მოტივაცია.

გრძელვადიან პერსპექტივაში, საბოლოოდ, ეს მაინც წამგებიანი და დამღუპველი იქნება მათთვის. ერთგვარი აზარტი აქვს მათთვის იმას, რომ ვიღაცას მოეთხოვა შიდა კლანურად პასუხი, მაგრამ ვიღაცები გადარჩნენ.

  • ყოფილა შემთხვევები თუნდაც საბჭოთა რეჟიმის დროს, რომ ამ სისტემიდან ვიღაც გადარჩენილა, გამომძვრალა და რა შემთხვევაში ხდება ეს?

ძალაუფლება და ფული ამ შემთხვევაში ერთი მოცემულობის ნაწილია. ძალაუფლება, პოსტი არის ვიზა, ერთგვარი ჩარჩო ფულის მოსაპოვებლად კანონის გვერდის ავლით და ხშირ შემთხვევაში – პირდაპირ დაკანონებულიც. ამ სისტემური უსამართლობის ნიმუშია სახელმწიფო ფუნქციონერების ხელფასი, რაც არის ძალიან დიდი და ამის მიღმაც ბევრი კორუფციული გარიგების და რეკეტის საშუალება ეძლევათ.

საბჭოური ტოტალიტარიზმის შემთხვევაშიც ასე იყო დიდწილად, როცა პარტიული პოსტი იყო, ასე ვთქვათ, ფულის საჭრელი მანქანა.

თუმცა ყოფილა შემთხვევა, როცა შიდა წმენდებს და ციკლურ მსხვერპლშეწირვას გადაურჩნენ ადამიანები და ეს არის ის ინტუიციური მეხსიერება, რაც ახალისებს სადამსჯელო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებს, რომ შეიძლება მათაც მოახერხონ გადარჩენა.

ამის ბევრი მაგალითია, თუნდაც საბჭოთა ბოლშევიკი ანასტას მიქოიანი, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან პოსტებს იკავებდა და არცერთი შიდა წმენდის კამპანია მას არ შეხებია. ლენინიდან ბრეჟნევამდე იცხოვრა და ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

  • რამ გადაარჩინა?

გადარჩენის შანსებს განსაზღვრავდა ის, რომ ამ სისტემის მსახურებს სწორად ეგრძნოთ, საიდან უბერავს ქარი და აღმოჩენილიყვნენ გამარჯვებულის ბანაკში.

მნიშვნელოვანი იყო, თუ ვინ უფრო ერთგულად ემსახურებოდა ბელადს, ვინ უფრო ახერხებდა მოწინააღმდეგის კომპრომეტირებას და ვინ უფრო „ჭკვიანურად“ სარგებლობდა დიდი ტერორის კამპანიების დროს შექმნილი გარემოთი, როცა თუნდაც ერთი აგენტურული შეტყობინება საკმარისი იყო ადამიანისთვის ბრალის წასაყენებლად.

  • როგორ ფიქრობთ, ივანიშვილის კორუფციულ კლანში ყველაზე სუსტი რიჟვაძე აღმოჩნდა? რადგან ასეთი შედეგი სხვების შემთხვევაში ჯერ არ დამდგარა. 

ამ ეტაპზე არ ვიცით ამ მაფიოზური დაჯგუფების შიდა სამზარეულოს შესახებ და მედიის განადგურებაც ზუსტად ამას ისახავს მიზნად, რომ არ ვიცოდეთ სინამდვილეში რა ხდება და რა პროცესები მიდის იქ. ამიტომ ჯერ ნაადრევია დასკვნების გამოტანა, რადგან არ ვიცით მომდევნო ფაზები და შიდა მასშტაბური კამპანიები ამ ოლიგარქიული რეკეტის საითკენ წავა, ვინ გახდება სამიზნე და ვინ როგორ მოახერხებს თავის დაღწევას.

საწყისი ფაზაა და ბოლო რამდენიმე თვეა რაც ამაზე ცხადად დაიწყო საუბარი. მსგავსი რეჟიმების გამოცდილება და პარალელურად მიმდინარე პროცესები გვაჩვენებს, ეს უფრო ღრმად წავა და უფრო ტრაგიკული სურათების მოწმე გავხდებით თუ არა.

  • რუსეთში ბოლო დროს გარდაცვლილი გავლენიანი პირების ისტორიებში ფიგურირებს „თავი მოიკლა“ და წერილი, რომელიც აღმოჩნდება ხოლმე გარდაცვალების შემდეგ. თორნიკე რიჟვაძის ამბავშიც გამოჩნდა წერილი. თქვენი აზრით, იგრძნობა აქაც რუსული რეჟიმის კვალი?

არაფერი ახალი აქაც არ არის, ეს ჟანრის კანონია სამწუხაროდ.

წერილის ელემენტიც არის ის, რომ ოფიციალური ჩარჩო მიუსადაგონ და სისტემამ თავი გაითავისუფლოს პასუხისმგებლობიდან. ძალიან შეთითხნილი სურათია, რაც დამახასიათებელია ამ ტიპის შიდა გარჩევებისა და წმენდებისთვის და ძალიან ჰგავს როგორც წარსულ მაგალითებს, ასევე რუსეთში თუ სხვა ტოტალიტარულ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს.

  • საბჭოთა რეპრესიებიდან ბერიას და მაშინდელი სომხეთის კომპარტიის პირველი მდივნის, აღასი ხანჯიანის შეხვედრა გაიხსენეს ამ დღეებში ფეისბუქზე. როცა ამ შეხვედრის შემდეგ ხანჯიანი მკვდარი იპოვეს, მას ორი წერილი ედო ჯიბეში ერთი ცოლისთვის და მეორე ბერიასთვის, სადაც წერდა რომ „ძლიერ გაიხლართა და სხვა გზას ვეღარ ხედავს”. არ ფიქრობთ, რომ რაღაც ამდაგვარი იყო რიჟვაძის წერილის შინაარსიც?

კი, რა თქმა უნდა, ლოგიკა ერთი არის. ნამდვილად მისი დაწერილიც რომ იყოს, ეს ხომ არის შედეგი რაღაც პროცესის და ცხადია, რა პროცესისაც, რომ მიდის ფულის ამოქაჩვის ძალისმიერი კამპანია, რომელიც ძალიან მტკივნეულია ამ კორუმპირებული სისტემის წარმომადგენლებისთვისაც.

როცა შიდა გარჩევებში ასეთი რაღაც ხდება, როგორ უნდა შეიფუთოს ეს, რომ სისტემამ აიცილოს პასუხისმგებლობა – თავისთავად, მიდის უკვე ბევრჯერ ნანახ და გადაღეჭილ მაგალითებამდე.

  • ბოლოს მაინც მინდა გკითხოთ, ისტორია გვაჩვენებს, რომ რეჟიმები არა მხოლოდ სისტემის მსახურებს ჭამს, არამედ მათ შემქმნელებსაც. ამის მაგალითია ფაშისტური და საბჭოთა რეჟიმები, თუმცა დღევანდელი ტოტალიტარული რეჟიმები თითქოს უფრო დიდხანს ინარჩუნებენ სიცოცხლეს და რატომ?

დიქტატორების დამხობის და ჩამოშლის ბევრი სურათი იყო წინა ათწლეულში, ვნახეთ ისიც, ასადს რა დაემართა, სად არის ამჯერად და როგორ შეავსო, ასე ვთქვათ, განდევნილი და დამარცხებული დიქტატორების კლუბი მოსკოვში, იანუკოვიჩის მეზობლად.

რა თქმა უნდა, ეს სია ღიაა და რუსეთის ინტერესების მსახური ყველა ავტორიტარის პერსპექტივა მსგავსია.

ან რევოლუციით მოეღებათ მათ ბოლო ან ერთობლივი შიდა და გარე პროცესების ზემოქმედებით. ჩვენთან მიმდინარეობს ეს პროცესი და დიდი ალბათობით, დიდი სურვილი მაქვს ამისი, რომ რაც შეიძლება მალე და უმტკივნეულოდ ვნახოთ, რომ ივანიშვილიც ზუსტად ამ კლუბის წევრი გახდება და კიდევ ერთი მაგალითი იქნება იმის, თუ როგორი შეუძლებელია თანამედროვე სამყაროში დიქტატურის სწრაფი და ეფექტიანი ჩამოყალიბება, როცა სხვა პროცესები ამ ყველაფერს ხელს უშლის.

ბათუმში, რუსთაველზე ავტომანქანა 2 ქალს დაეჯახა

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა ორ ქვეითს დაეჯახა. დაშავებული ქალები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. შემთხვევა 8 ივლისს მოხდა.

შსს-ს პრესცენტის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც ავტოსატრანპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე იმყოფება პოლიცია.

„კონტაქტურია, ასრულებს მარტივ დავალებებს“ – ლევან რატიანი თორნიკე რიჟვაძეზე

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ამ ეტაპზე უტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები.

„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დადებითი დინამიკით, კლინიკა გაუმჯობესებულია. კლინიკის გაუმჯობესება ნიშნავს, რომ ტრავმულ-ჰემორატიული შოკის კლინიკა აღარ არსებობს, ანუ ალაგებულია, ლიკვიდირებულია.

ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის პარამეტრები, რეჟიმები გამარტივებულია. ნევროლოგიური სტატუსის მხრივ კონტაქტი მყარდება, კონტაქტურია, ადეკვატურია. ასრულებს მარტივ დავალებებს. გრძელდება დაგეგმილი მკურნალობა პროტოკოლის გათვალისწინებით“, – აცხადებს ლევან რატიანი.

თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით შეიყვანეს კლინიკაში. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული. ბოლო მონაცემებით, თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მომხდარიდან მალევე პროსახელისუფლებო მედიებმა გაავრცელეს წერილი, რომელიც თითქოს თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა და რომელშიც რიჟვაძემ ბიძინა ივანიშვილს და კობახიძეს ოჯახის დაცვა სთხოვა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის სცადა, შსს-მ 7 ივლისს გაავრცელა.

ბათუმში, მშენებლობაზე ხარაჩოდან კაცი ჩამოვარდა

ბათუმში, ტაძრის ქუჩაზე მშენებლობიდან მუშა ჩამოვარდა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, დაშავებული კაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კლინიკაში ამ ეტაპზე ვერ გვაწვდიან ინფორმაციას დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ტაძრის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების თქმით, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა თითქმის დასრულებულია და ოჯახების ნაწილი ამ კორპუსში უკვე ცხოვრობს. ხარაჩოზე მყოფი მუშა კორპუსის ფასადს ღებავდა.

„ბათუმელები“ ელოდება ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

„თორნიკე რიჟვაძის შემთხვევა გვეუბნება, რა არის ახლა მთავარი“ – ინტერვიუ არმაზ ახვლედიანთან

„რეჟიმი უფრო და უფრო მეტი სისასტიკით ცდილობს, თავი გადაირჩინოს, გადაარჩინოს ნაძარცვი და ნაქურდალი,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი, „ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივანი არმაზ ახვლედიანი. მას თორნიკე რიჟვაძეზე ვესაუბრეთ, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი და შსს-ს ვერსიით,  თვითმკვლელობა სცადა.

„ის, ვინც თითქოს ყველაზე დაცულად გრძნობს თავს, ვინც ამ რეპრესიული სისტემის შემოქმედია, ხვალ შეიძლება თავად გახდეს მსხვერპლი, რადგან ეს არის ტოტალური, აღვირახსნილი უსამართლობა, უკანონობა. ჩემთვის თორნიკე რიჟვაძის შემთხვევა ამის დემონსტრირებაა…

ჯერ კიდევ არის მცირე შანსი, რომ შევძლოთ ამ კრიმინალური ბანდისგან საქართველოს გათავისუფლება,“ – ამბობს არმაზ ახვლედიანი.

„ბათუმელებმა“ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო არმაზ, რაზე მიუთითებს თქვენთვის თორნიკე რიჟვაძის შემთხვევა? აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე დაჭრილია და კლინიკაში რჩება.

ამ უკიდურესად სასტიკი, ავტორიტარული სისტემის პირობებში ნებისმიერი ადამიანი დაუცველია. ის, ვინც თითქოს ყველაზე დაცულად გრძნობს თავს, ვინც ამ რეპრესიული სისტემის შემოქმედია, ხვალ შეიძლება, თავად გახდეს მსხვერპლი, რადგან ეს არის ტოტალური, აღვირახსნილი უსამართლობა, უკანონობა. ჩემთვის თორნიკე რიჟვაძის შემთხვევა ამის დემონსტრირებაა.

როგორც გითხარით, დღეს ნებისმიერი ადამიანი დაუცველია, მათ შორის რეჟიმის შემოქმედიც, შემკვეთიც და შემსრულებელიც. ასეთ სასტიკ, კრიმინალურ სისტემებს ეს ისტორიულად ახასიათებს. ამის არაერთი მაგალითია წარსულში.

თორნიკე რიჟვაძის შემთხვევა გვეუბნება, რა არის ახლა მთავარი! გარდა იმისა, რომ ბატონი თორნიკე სწრაფად და სრულად უნდა გამოჯანმრთელდეს, ვერაგი, ანტიჰუმანური, ანტიეროვნული, მახინჯი, რეპრესიული სისტემა უნდა განადგურდეს, რომ ასეთი სისასტიკე, ასეთი დანაშაული, ანომალია აღარ ხდებოდეს საქართველოში.

  • რამდენად დამაჯერებელია თქვენთვის გამოძიების ვერსია და წერილი, რომელიც, პროსამთავრობო მედიასაშუალებების თქმით, თითქოს თორნიკე რიჟვაძეს ექიმებმა უპოვეს და გაავრცელეს? თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილში რიჟვაძე ივანიშვილს სთხოვს ოჯახის დაცვასო 

მაშინ, როცა ქვეყანაში ყველა და ყველაფერი დაქვემდებარებულია ერთ არალეგიტიმურ ცენტრს, დამაჯერებელი აღარაა არაფერი – ცხადია, არც წერილი და არც მისი შინაარსი!

ზედმეტია საუბარი ობიექტურობასა და ობიექტურ გამოძიებაზე, იმ ადამიანების მხრიდან წესიერებაზე, რომელთაგანაც ეს განცხადებები გვესმის. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ვერაფერს ვირწმუნებთ!

  • ამ და სხვა მაგალითის მიხედვით, რა შეგიძლიათ გვითხრათროგორ ექცევა ივანიშვილის გუნდი თავისივე წევრებს? არსებობს ვერსია, რომ თითქოს თორნიკე რიჟვაძეს ბიძინა ივანიშვილი 300 მილიონი დოლარის გადახდას აიძულებდა.

ჩვენ ბათუმელები ვართ, ვინ ვინ და ყველაზე უკეთ ვიცით, სასტიკი, ავტორიტარული რეჟიმის პირობებში რა დღეში აღმოჩნდა ჩვენი ქალაქი, ჩვენი რეგიონი… ბათუმი ამათი დანაშაულებრივი ექსპერიმენტის პოლიგონად იქცა. კორუფციამ მიიღო წარმოუდგენელი მასშტაბი. ქალაქი, უბრალოდ, გავერანდა, ბიზნეს-პოლიტიკურმა გარიგებებმა სრულად უგულებელყო, ფეხქვეშ გათელა ბათუმელების ინტერესები.

ივანიშვილის კრიმინალური დაჯგუფება ცდილობს მოაწყოს ქუჩური, კრიმინალური გარჩევები: თავად კრიმინალები ებრძვიან კრიმინალს, თავად კორუფციონერები ებრძვიან კორუფციას. რა თქმა უნდა, ეს ანომალიაა. მთელი ქვეყანა მოიცვა გაუგონარმა კორუფციამ. რეჟიმი უფრო და უფრო მეტი სისასტიკით ცდილობს, თავი გადაირჩინოს, გადაარჩინოს ნაძარცვი და ნაქურდალი.

რეჟიმი ინარჩუნებს გავლენებს ძალაუფლების მიტაცებით. სწორედ ამიტომაა, რომ გაუქმებულია დემოკრატია, გაუქმებულია სამართლიანი სასამართლო და ყველაფერი ჯანსაღი, რაც ჯერ კიდევ აქა-იქ შემოგვრჩა ქვეყანაში, ამ პოლიციური რეჟიმის პირდაპირი სამიზნეა. მითქვამს და გავიმეორებ: მზია ამაღლობელი დღეს ციხეშია სწორედ იმიტომ, რომ ამ რეჟიმისთვის ძალიან მწარე აღმოჩნდა მისი და მისი მედიასაშუალების მართალი, ობიექტური მხილება.

მათი სამიზნე ვართ ყველა, ვინც ვეწინააღმდეგებით რეჟიმს!

  • უშვებთ, რომ რეალური შეიძლება იყოს ვერსია: ივანიშვილი სთხოვდა თორნიკე რიჟვაძეს თანხას და ამის გამო მოუწია მას ჩასვლა ან ჩაიყვანეს საგარეჯოში

არ გამოვრიცხავ, ცხადია. ეს არის ქვეყანა, სადაც არც ობიექტური გამოძიება არსებობს და არც პოლიტიკური კონიუნქტურისგან თავისუფალი სასამართლო. ასეთი გარჩევები მიღებულია ახლა საქართველოში, ამის ზეობა გვაქვს ქვეყანაში.

ეს ხდებოდა მანამდეც, მაგრამ ივანიშვილმა ეს ზენიტში აიყვანა.

  • თქვენი დაკვირვებით, რა ეტაპზე ახლა ივანიშვილის რეჟიმი? თქვენ ახსენეთ, რომრეჟიმი თავის გადარჩენას ცდილობს“. იქნებ პირიქით, ამ მეთოდებით ივანიშვილი ცდილობს ტოტალური შიშის დამკვიდრებასოცნებისდაჯგუფებაში, რომ რეჟიმი არავის დაინდობს

ეს ავტორიტარიზმის ყველაზე მახინჯი ფორმაა, რომელიც უკვე დამკვიდრდა და სწრაფად იხვეწება სისასტიკესა და ვერაგობაში. შესაბამისად, თუ საზოგადოება და მის მიერ შერჩეული ახალი პოლიტიკური ძალები დროულად, უმოკლეს ვადაში ვერ შეძლებენ საქართველოს ამ უბედურებისგან გათავისუფლებას, შემიძლია გარანტირებულად გითხრათ, რომ მრავალი წლის განმავლობაში ჩავრჩებით კორუფციისა და რუსული ავტორიტარიზმის ამ გაუგონარ ჭაობში და იქიდან ამოსვლა იქნება ძალიან რთული! რაც დრო გავა, მით რთული იქნება ეს!

უნდა ვხდებოდეთ, რომ არაფერი ეროვნული, არაფერი სახელმწიფოებრივი, არაფერი ადამიანზე ორიენტირებული ამათ არც ერთ ქმედებაში არ არის, პირიქით კია, ნამდვილად!

ჯერ კიდევ არის მცირე შანსი, რომ შევძლოთ ამ კრიმინალური ბანდისგან საქართველოს გათავისუფლება, არამხოლოდ გათავისუფლება, არამედ მმართველობაში ისეთი ხალხის მოყვანა, ვინც არსით ეწინააღმდეგება ანომალიურს, არადემოკრატიულს, უსამართლოს, არაჰუმანურს…

ჩვენ გვჭირდება საქართველოში სწორედ პოლიტიკოსთა ასეთი გუნდი, მხარდაჭერილი საზოგადოების მიერ, რომელიც უმოკლეს ვადებში შეძლებს ფუნდამენტური რეფორმების დაწყებას და ბოლომდე მიყვანას; შეძლებს სამართლიანი წესრიგის დამყარებას, რის შემდეგაც საქართველო დადგება მოუბრუნებლად და უალტერნატივოდ სწორი, სამართლებრივი, ევროპული განვითარების გზაზე. წერტილი დაესმება ბათუმსა და ყველგან, საქართველოში აღვირახსნილ უკანონობას, როცა ბიზნესის და პოლიტიკის კრიმინალური გარიგება წესად იქცა.

ამას შეუძლებელს გახდის სწორი სისტემა და, რაც მთავარია, სისტემის შემოქმედი – თავდადებული, პატრიოტი, კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებსაც ეცოდინებათ, რომ რაც უნდა ვარსკვლავები ჩამოწყვიტონ ციდან, მათი მმართველობის დრო მაინც შეზღუდულია, განსაზღვრულია სამართლიანი ნორმებით, კონკრეტული ვადითა და შეკვეთით. აი, ეს სჭირდება საქართველოს.

ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ამოცანაც 2012 წელს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი შეცვალა, მაგრამ მან გაცილებით უარესი ჩაიდინა, ვიდრე სააკაშვილმა.

  • რა იცვლება ამ მოცემულობაში, როცა რამდენიმე ოპოზიციური პარტია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას დათანხმდა?

ოპოზიციის ამ ორ ნაწილს შორის დიდი სხვაობაა. ვერაფრით გავიზიარებ ამ სპეცოპერაციაში, ივანიშვილმა არჩევნები რომ დაარქვა, მონაწილეობას.

საუბედუროდ, დღევანდელ ოპოზიციურ სპექტრს არ შეუძლია საქართველოში რადიკალური ცვლილების მიღწევა, მას არ შესწევს უნარი, ივანიშვილის რეჟიმი დაასრულოს და სწორი გზით ატაროს ქვეყანა. ამას სჭირდება ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შემქმნელი პოლიტიკური კლასი, რომელიც ჯერჯერობით არ არსებობს – სიმართლე ეს არის, მაგრამ მისი შექმნა შესაძლებელია ამ პოლიციური, გაუსაძლისი რეჟიმის პირობებშიც კი, ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია! მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ანტიეროვნული რეჟიმის დამარცხებას.

ეს უნდა შევძლოთ უმოკლეს დროში ან ქვეყანა მრავალი წლით ჩარჩება უძრაობის, რეპრესიებისა და უპერსპექტივობის ჭაობში.

ალექსი ახვლედიანი ბრალს არ აღიარებს – ადვოკატი

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალექსი ახვლედიანის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

გამოძიება ალექსი ახვლედიანს კუთვნილი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება, რომელი იარაღითაც, შსს-ს ვერსიით, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა.

პროკურატურამ ახვლედიანს ბრალდება უკვე წარუდგინა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი ალექსი ახვლედიანი მისმა ადვოკატმა, ლალი აფციაურმა მოინახულა, შემდეგ კი ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

„ბრალთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ასეთია: ვინაიდან ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა სპეციალურ ქეისში, დახურულ მდგომარეობაში, ცალკე ოთახში.

ფანჩატური ვის როგორ წარმოუდგენია, არ ვიცი, მაგრამ (მე რაც მაქვს ნანახი და შემდგომში ალბათ, თქვენთვისაც გახდება ცნობილი სურათების მეშვეობით), ეს არის იზოლირებული, ჩვეულებრივი შენობა, უბრალოდ  შუშით შემინულია და იკეტება კარი. 

ეს ქეისი ჰქონდა დატოვებული ამ ოთახში. ყველაზე მარტივად შემიძლია აგიხსნათ, რომ არის იქ კამერების ჩანაწერები, ალბათ გასაჯაროვდება და ნახავთ თქვენი თვალით.

კამერები აქვს ამოღებული  გამოძიებას, სადაც ჩანს ყველაფერი ნათლად, რეალურად, იმას, რასაც მე თქვენ გიყვებით,“ – თქვა ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ლალი აფციაურის თქმით, ახვლედიანი იარაღს სპეციალურ ქეისში ინახავდა.

„ვიმეორებ კიდევ ერთხელ, იარაღს ინახავდა სპეციალურ ქეისში, რომელსაც ატარებდა თან. არ მგონია ახლა, რომ სპეციალური ქეისით ვიღაცა დადიოდეს სააბაზანოში. დატოვა დახურულ სივრცეში. არ მიიჩნევს, რომ დაუდევრად დატოვა, იმიტომ, რომ თავის საკუთარ სახლში, დახურულ, ჩაკეტილ სივრცეში აქვს დატოვებული. აღარავინ არ იყო [ფანჩატურში], წასული იყო… შესაძლებელია იქამდე იყვნენ სტუმრები, მე არ ვიცი. იმ კონკრეტულ შემთხვევაში არ იმყოფებოდა არავინ და ამას ნახავთ კამერებში,“ – თქვა ლალი აფციაურმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ჩანს თუ არა კადრებში თორნიკე რიჟვაძე, ლალი აფციაურმა თქვა: „დიახ, ეს ყველაფერი ჩანს“.

ალექსი ახვლედიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება.

ამავე თემაზე:

თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა – შსს

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის სუიციდის შემდეგ, იმავე დღეს, მისი თანამშრომელი თათბირზე მოკვდა

რუსულ მედიაში ინფორმაცია ვრცელდება რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომლის სიკვდილის შესახებ.

ანდრეი კორნეიჩუკი რუსეთის სარკინიგზო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ერთ-ერთი დეპარტამენტის ქონების მართვის განყოფილების უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

მედია Baza-ს ცნობით, 42 წლის კორნეიჩუკი ტრანსპორტის სამინისტროს შენობაში გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მინისტრის თვითმკვლელობის შესახებ. წყაროების ცნობით, ის შეხვედრის დროს მოულოდნელად წამოდგა, შემდეგ იატაკზე დაეცა და გარდაიცვალა.

რუსული პროპაგანდისტული მედია RIA წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის მწვავე უკმარისობაა.

გუშინვე, 7 ივლისს, ინფორმაცია გავრცელდა რომ საკუთარ მანქანაში აღმოაჩინეს რუსეთის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრის რომან სტაროვოიტის ცხედარი, რომელსაც ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა მიყენებული.  რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი მთავარ ვერსიად თვითმკვლელობას განიხილავს.

სტაროვოიტი პუტინის ბრძანებით 7 ივლისს პუტინის ბრძანებით გაათავისუფლეს თანამდებობიდან. გადაწყვეტილების მიზეზი დოკუმენტში არ იყო მითითებული.

მედიის ცნობით, ინფორმაციით, სტაროვოიტის ტრანსპორტის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებაზე გავლენა მოახდინა გამოძიებამ, რომელიც ეხებოდა კურსკის ოლქის საზღვართან გამაგრებითი ნაგებობების მშენებლობის დროს შესაძლო თანხის გაფლანგვას, სატრანსპორტო კოლაფსს და სფეროში სტაგნაციას.

მანამ, სანამ 2024 წლის მაისში ტრანსპორტის მინისტრად დაინიშნებოდა, რომან სტაროვოიტი კურკის ოლქის გუბერნატორი იყო.

Baza წერს, რომ რომან სტაროვოიტს, შესაძლოა სუიციდი ჩაედინა 5-6 ივლისის ღამეს, შესაბამისად, გამოდის, რომ პუტინმა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას ხელი მისი სიკვდილის შემდეგ მოაწერა.

როგორ სცადა თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა – პროკურატურის ვერსია

საქართველოს პროკურატურა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალექსი ახვლედიანისადმი წარდგენილ ბრალდებაში წერს თავის ვერსიაზე, თუ როგორ სცადა, სავარაუდოდ თვითმკვლელობა, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

პროკურატურა წერს, რომ გამოძიების თანახმად, თორნიკე რიჟვაძე 6 ივლისს, საღამოს საათებიდან სტუმრად იმყოფებოდა ქალაქ საგარეჯოში, თავისი მეგობრის, ალექსის ახვლედიანის სახლში.

პროკურატურის ვერსიით, თორნიკე რიჟვაძემ, 7 ივლისს, შუაღამის შემდეგ, დაახლოებით 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში, მალულად აიღო ალექსი ახვლედიანის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, „შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია“.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის სცადა, 7 ივლისს გაავრცელა შსს-მ.

თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით შეიყვანეს კლინიკაში. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული. ბოლო მონაცემებით თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მომხდარიდან მალევე პროსახელისუფლებო მედიებმა გაავრცელეს წერილი, რომელიც თითქოს თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა და რომელშიც რიჟვაძემ ბიძინა ივანიშვილს და კობახიძეს ოჯახის დაცვა სთხოვა.

ალექსი ახვლედიანის პატიმრობას პროკურატურა სავარაუდოდ არ ითხოვს – მას ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს, ალექსი ახვლედიანს, ბრალდება წარუდგინა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თ.რ. სტუმრად იმყოფებოდა ქალაქ საგარეჯოში, თავისი მეგობრის ა. ა.-ს სახლში.

7 ივლისს, დაახლოებით 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში, თ.რ.-მ მალულად აიღო ა. ა.-ს კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ა.ა.-ს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ა.ა. იმავე დღეს დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით,“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა – შსს

 

 

ალექსი ახვლედიანისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე სამინისტროში კითხვას არ პასუხობენ

ეკონომიკის სამინისტრო არ პასუხობს კითხვას, შეუჩერდა თუ არა უფლებამოსილება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს, ალექსი ახვლედიანს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სწორედ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

“ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სრულად იცავს შრომის კანონმდებლობას და იმოქმედებს სასამართლოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე,” – უთხრეს “ბათუმელებს” სამინისტროში.

ეკონომიკის მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორს.

პროკურატურის ინფორმაციით, ახვლედიანისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.

„ჯერ არის ვადა, გავავრცელებთ რელიზს“, – მოკლე განმარტებით შემოიფარგლა პროკურატურის პრესსამსახური ალექსი ახვლედიანის შესახებ დასმულ კითხვაზე.

ალექსი ახვლედიანი გუშინ, 7 ივლისს დააკავეს მას შემდეგ, რაც საგარეჯოში მდებარე მის სახლში, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, გამოძიების ვერსიით, თვითმკვლელობა სცადა.

გამოძიების ვერსიით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს ეკუთვნოდა იარაღი, საიდანაც გაისროლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ალექსი ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით ედავება.

ალექსი ახვლედიანი თავდაპირველად საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაში, მოგვიანებით კი თბილისში, დიღმის იზოლატორში გადმოიყვანეს.

როგორც ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა ტვ პირველს უთხრა „ალექსი ახვლედიანს მძიმე ემოციური მდგომარეობა აქვს“.

___

თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა – შსს

მოსამართლე ეკატერინე კახნიაშვილმა აქტივისტ ალბი კორძაიას 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

სამოქალაქო აქტივისტს ალბი კორძაიას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკატერინე კახნიაშვილმა 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლო პროცესი ბათუმში გაიმართა. სხდომას ალბი კორძაია არ ესწრებოდა.

„სასამართლო ბიძინა ჟამერაშვილის საქმეზე ჩატარდა დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე ეკატერინე კახნიაშვილი. განაჩენი პატიმრობა 5 დღე.

ვემზადები, მივდივარ ზაჰესის იზოლატორთან,“ – დაწერა აქტივისტმა სასამართლო პროცესზე გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ.

28 ივნისს ალბი კორძაიამ ფეისბუქზე გაავრცელა ვიდეო, თუ როგორ მოსთხოვა მათე დევიძის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების გამო პასუხი პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილს.

ალბი კორძაია ვიდეოში, რაც დღეს, 8 ივლისს, მისი პატიმრობის საფუძველი გახდა, პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილს მიმართავს და ეკითხება:

„ბიჭები ციხეში უნდა იყვნენ და შენ ბათუმში უნდა ისვენებდე?! ბიჭები გყავს ციხეში გაშვებული შე უნამუსო, შე ნამუსგარეცხილო. გამოხვედი, ცრუ ჩვენება მიეცი სასამართლოზე და მაგის მერე ბათუმში ისვენებ ბიჭო,“ – ისმის ვიდეოში ალბი კორძაიას ხმა.

„დიდი პრემია ავიღე“, – ირონიულად პასუხობს მას ამავე ვიდეოში ბიძინა ჟამერაშვილი.

ვიდეო თავად აქტივისტმა გადაიღო და გაავრცელა.

ვიდეოს გავრცელებიდან ორ დღეში, 30 ივნისს, ალბი კორძაიამ დაწერა, რომ საპატრულოდან დაურეკეს და აცნობეს, რომ ბიძინა ჟამერაშვილი მას შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდა.

რადგან სადავო ეპიზოდი ბათუმში მოხდა, საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა და მოსამართლე ეკატერინე კახნიაშვილმა აქტივისტი ხუთდღიან პატიმრობაში გაუშვა.

აქტივისტ ალბი კორძაიას ბოლო ერთ თვეში ადმინისტრაციული პატიმრობა მეორედ შეუფარდეს.

ბიძინა ჟამერაშვილი მათე დევიძის საქმის ფიგურანტი პოლიციელია. ის 7 თებერვალს დაკითხა სასამართლომ 21 წლის მათე დევიძის სასამართლო პროცესზე.

ბიძინა ჟამერაშვილი საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი.

მათე დევიძეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა საპატიმრო სასჯელის სახით 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა.

ამავე თემაზე:

„სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში“ – მათე დევიძის სიტყვა სასამართლოში

2-ჯერ გადაურჩა სიკვდილს, მისი მდგომარეობა ახლაც მძიმეა – მაღაროელის მეუღლე

ჭიათურელი მაღაროელი მერაბ სარალიძე 20 დღეა ციხეში, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

სარალიძე 29 აპრილს, გამთენიისას დააკავეს. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მერაბ სარალიძესთან ერთად დაკავებულია კიდევ სამი მაღაროელი – გიორგი მეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი.

მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღეს, 8 ივლისს, მერაბ სარალიძის მეუღლე ჟანა გოგატიშვილი ფეისბუქზე გამოეხმაურა მეუღლის შიმშილობას. მისი თქმით, მერაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„როცა მე და მერაბმა ოჯახი შევქმენით, დედა უკვე გარდაცვლილი ჰყავდა. ობლობაში გაიზარდა, დედისერთაა. არ გვქონდა საკუთარი ჭერი. შრომის იმედად დავიწყეთ თანაცხოვრება. ყველაფერს აკეთებდა, რომ შეგვძლებოდა შვილებისთვის კარგი მომავალი შეგვექმნა. მაშინაც არ აცდენია გზას, არ დაუკარგავს სინდისი და პატიოსნება, როცა უკიდურესად გვიჭირდა.

შრომით ვზრდით ორ შვილს, ვიყიდეთ სახლი, ფეხზე დავდექით და საუკეთესო თუ არა, ნორმალურ პირობებში ვაგრძელებდით ცხოვრებას.

ახლა ციხეში შიმშილობს და ძალიან მძიმეა მისი მდგომარეობა. განა რას ითხოვდნენ უსამართლოს, ჩვენც ხომ ადამიანები ვართ, ურთულეს პირობებში სიცოცხლის ფასად უწევთ შრომა. ორჯერ ძლივს გადაურჩა სიკვდილს. ერთხელ დიდი ქვა დაეცა, მძიმე ტვინის შერყევით იწვა. კასკა რომ არა, ალბათ ვერც გადარჩებოდა.

ასევე შიმშილობენ მისი მეგობრები კარავში. სამს პირი აქვს ამოკერილი, მათი მდგომარეობაც  ყოველ დღე მძიმდება.

ძალიან მიჭირს ამ რეალობის გამკლავება. ჯანმრთელობის მდგომარეობაც არ მიწყობს ხელს, რომ ორი შვილის მარტო რჩენა და გაზრდა შევძლო. პასუხებს ვეღარ ვპოულობ ჩემი შვილების შეკითხვებზე.

ბიჭი წელს შედის სკოლაში, სულ მეკითხება მამიკოს ამბავს, მოენატრა. გოგო მე-6  კლასში გადავიდა, მამას ტელეფონზე ვერ ესაუბრება, ტირის და ნერვიულობს ბავშვი. მანამდეც ჰქონდა ნერვული პრობლემები, მაგრამ ახლა გაუმძაფრდა, ექიმთან დამყავს ამის გამო.

ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება ცხოვრებისთვის, მეტს არაფერს ვითხოვთ.

მივმართავ ყველას, თუკი შეგრჩათ რაიმე ადამიანური, მიიტანოთ გულთან ჩემი და ჩემი თანამოქალაქეების გასაჭირი!

გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაკავებული მერაბ სარალიძე, აჩიკო ჭუმბურიძე, თენგო გველესიანი, გიორგი ნეფარიძე – მშრომელი, პატიოსანი ხალხი, რომელთაც კარგის მეტი არასდროს არაფერი სდომებიათ ქალაქისთვის“, – წერს ფეისბუქზე ჟანა გოგატიშვილი.

15 დღეზე მეტია პროტესტის ნიშნად შიმშილობს მაღაროელი ტარიელ მიქაცაძეც, რომელიც რამდენიმე დღის წინ ცუდად გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. ჯანმრთელობის გაუარესების გამო მოუწია კლინიკაში გადაყვანა მირზა ლოლაძესაც, რომელსაც პირი აქვს ამოკერილი. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ისინი შიმშილობას კვლავ აგრძელებენ.

მათთან ერთად შიმშილობენ შავლეგ გოგსაძე, გოგა მოდებაძე, სიმონ მიქაცაძე და ჯანიკო ლაბაძეც.

მოშიმშილე და დაკავებული მაღაროელები „ჯორჯიან მანგანეზის“ მაღაროებში მუშაობდნენ.

გიორგი მეფარიძე კი შუქრუთის მცხოვრებია და უკვე წლებია, სოფელ შუქრუთში კომპანიის სამთო-მოპოვებითი საქმიანობის შედეგად გამოწვეულ ზიანს და სახლების დანგრევას აპროტესტებს.

ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომლის მფლობელობაშია ყველა მაღარო ჭიათურაში, მუშაობა შეაჩერა და თანამშრომლები ნაწილობრივ – 60%-იან ანაზღაურებაზე გადაიყვანა, თუმცა კომპანია დასაქმებულებს არც ამ თანხას უხდის და აღარც სამუშაოების განახლებას აპირებს.

თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“.

მისი თქმით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება და იგი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

7 ივლისს, შსს-მ გაავრცელა განცხადება აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მიერ თვითმკვლელობის მცდელობაზე.

თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით შეიყვანეს კლინიკაში. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული.

მომხდარიდან მალევე პროსახელისუფლებო მედიებმა გაავრცელეს წერილი, რომელიც თითქოს თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა და რომელშიც რიჟვაძე ბიძინა ივანიშვილს და კობახიძეს ოჯახის დაცვა სთხოვა.

ამავე თემაზე: 

„თუკი ვინმე რიჟვაძეზე ზეწოლას ახორციელებდა, ეს იყო ივანიშვილი“ – კირთაძე

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 ივლისის 21 საათიდან 9 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 10 და 11 ივლისს ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 028 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 070]
  • ტანკი – 10 995 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 22 967 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 30 034 ერთეული [+41]
  • MLRS – 1 434 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 192 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 44 230 ერთეული [+172]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 439 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 54 456 ერთეული [+86]
  • სპეცტექნიკა – 3 927 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 68 251 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 614 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 162 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 576 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 27 129 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 37 832 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას განაახლებს

„პროგრესი არ არის“ – ტრამპი პუტინთან დიალოგის შემდეგ

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას განაახლებს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებას განაახლებს. გადაწყვეტილება პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო რუსეთის გააქტიურებული სამხედრო მოქმედებების ფონზე.

„როიტერსის“ ცნობით, ვაშინგტონი კიევს გადასცემს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს, მათ შორის Stinger-ისა და Patriot-ის ტიპის შეიარაღებას. იარაღის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით არ სახელდება.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მხარეებს შორის მოლაპარაკება მოიცავს არა მხოლოდ იარაღის მიწოდებას, არამედ ერთობლივ წარმოებასაც.

აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას საკუთარი თავის დაცვა უნდა შეეძლოს.

პენტაგონის ცნობით, ახალი დახმარება მიზნად ისახავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას. მიწოდება ეტაპობრივად განხორციელდება.

______________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/YURI GRIPAS

ხულოს საკრებულოში ოპოზიციონერებს ფრაქციის შექმნაზე უარი უთხრეს – რა გადაწყვიტა სასამართლომ

ხელვაჩაურის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი, რომელიც ხულოს საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციის შექმნას ეხებოდა.

ხულოს საკრებულომ ოპოზიციონერ წევრებს ფრაქციის შექმნაზე უარი უთხრა. საკრებულოს წევრებს ფრაქციის შექმნის უფლებას კანონი აძლევს.

როგორც „ბათუმელებს“ ბესიკ შაინიძემ უთხრა, ხულოს საკრებულოს წევრმა კოალიციიდან -„ძლიერი საქართველო“, ხელვაჩაურის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნუგზარ მგელაძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი. კერძოდ, მოთხოვნა დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, რომ ხულოს საკრებულომ ხელახლა უნდა იმსჯელოს ოპოზიციური ფრაქციის შექმნაზე.

„მოსამართლემ ასევე თქვა, რომ ფრაქციის შექმნა არ მოდის წინააღმდეგობაში კანონთან და საკრებულოს უარის თქმა საფუძველს მოკლებულია, თუმცა ის ვერ დაავალდებულებს საკრებულოს ახალი ფრაქციის შექმნას, ამაზე უნდა იმსჯელოს საკრებულომ,“ – გვითხრა ბესიკ შაინიძემ, ხულოს საკრებულოს წევრმა.

ხულოს მოქმედი საკრებულოს სამ წევრს: ბესიკ შაინიძეს პარტიიდან – „ლელო“, ზაზა ვანაძეს – „სტრატეგია აღმაშენებელი“ და მინდია რიჟვაძეს – „გახარია საქართველოსთვის“ ფრაქციის შექმნა 2024 წლის ბოლოს გადაუწყვეტიათ, მას შემდეგ, როცა გახარიას თანაგუნდელი უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახდა და ოპოზიციური ფრაქცია დაიშალა.

ხულოს საკრებულომ ახალი ფრაქციის რეგისტრაციაზე 2024 წლის 23 დეკემბერს უარი თქვა. ხულოს საკრებულოს უმრავლესობა იმ არგუმენტს დაეყრდნო, რომ წინასაარჩევნოდ „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად კოალიციაში გაერთიანდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი, უკვე აქვს ფრაქცია ხულოს საკრებულოში.

ამ თემაზე:

ხულოს საკრებულოში ოპოზიციონერებს ფრაქციის შექმნაზე უარი უთხრეს – დავა სასამართლოში

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

თიბისიმ და Glovo-მ ერთგულ მომხმარებლებს გრძელვადიანი შეთავაზებები მოუმზადეს – 7 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით, Glovo-ში ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 10-ჯერ გადახდისას, მათ ერთგულ ყულაბაში, 50 ლარი დაუბრუნდებათ.

შეთავაზება მოქმედებს Glovo-ს აპლიკაციის ნებისმიერ კატეგორიაში, ნებისმიერი ოდენობის თანხის შეკვეთაზე. მთავარია, ტრანზაქციებს შორის ინტერვალი არ იყოს 10 წუთზე ნაკლები.

შეთავაზების განმავლობაში, მომხმარებლებს 50 ლარი ერთგულ ყულაბაში ერთჯერადად დაუბრუნდებათ, საიდანაც თანხის გადარიცხვა თიბისის ნებისმიერ საკუთარ ანაგრიშზე შეუძლიათ.

აღნიშნული შეთავაზების დეტალური პირობები იხილეთ ბმულზე.

ასევე, 7 ივლისიდან, თიბისის მომხმარებელი Glovo-ში დამატებითი შეთავაზებით ისარგებლებენ- 3 თვის განმავლობაში, ახალი თიბისი ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით Glovo Prime-ის გამოწერისას, გადახდილი თანხის 100% მომენტალურად დაუბრუნდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ პაკეტს სრულიად უფასოდ შეიძენენ. ახალი თიბისი კონცეპტ ბარათების მომხმარებლებისთვის კი, ამ პაკეტის 100%-იანი ქეშბექით შეძენა, 6 თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

Glovo Prime-ის  შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად, გადადით  ბმულზე.

აიღე, ახალი თიბისი ბარათი და მუდმივად ისარგებლე გამორჩეული შეთავაზებებით.

ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, „ზარალა“, 70 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

7 ივლისს, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს [„ზარალა“], რომელსაც პროკურატურა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება, 70 000 ლარიანი გირაო დააკისრეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მოსამართლე ნანა შამათავას თქმით, აღკვეთის ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრი სასჯელი, პატიმრობის გამოყენება არ არის საჭირო.

პროკურატურა ბიზნესმენის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ გადაწყვეტილება ადგილზე თათბირის შედეგად მიიღო.

ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი 6 ივნისს დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბიზნესმენი დააკავეს გამოძიების ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ბრალი, რომელსაც გიორგი რამიშვილს ედავებიან, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თავად გიორგი რამიშვილმა 7 ივლისს სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ „მისი შეცდომისთვის 4-დან 7 წლამდე სასჯელი ძალიან ზედმეტია“.

„ეს არის შეცდომა, რაც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს. უცხოეთში მივდიოდი. ჩანთიდან რამდენჯერმე რაღაც ამოვიღე კიდეც და ვერ შევამჩნიე, პატარა იარაღია. მივაწოდე ჩანთა კონტროლს და იქვე აღვნიშნე, რომ რაღაცა შეცდომა იყო. მაგრამ ასეთი რანგის შეცდომის დასჯა 4-დან 7 წლამდე ძალიან ზედმეტია.

ძალიან ვნანობ. კანონი არასდროს დამირღვევია, რაც თავი მახსოვს. ყველა ჩემს მანქანას მართავს მძღოლი. ჯარიმა კიდევ იმისაა, რომ გადაიხადო. შემთხვევით იყო ჩანთაში და რომ მცოდნოდა, ხომ 100%-იანი შანსია, რომ ამოვარდება. არ იქნებოდა ადეკვატური.

გაქცევაზე და მიმალვაზე ლაპარაკი ზედმეტია. ოჯახი აქ მყავს, 7000 თანამშრომელი. რა მჭირს გასაქცევი? არასდროს მსგავსი რამ არ მომხდარა“, – განაცხადა მან.

გიორგი რამიშვილი „სილქ როუდ“ ჯგუფის დამფუძნებელია. ასევე „ევრონიუს-ჯორჯიას“ დამფუძნებელი კომპანიის – „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეცაა.

გიორგი რამიშვილის სახელს  წინა ხელისუფლების დროს სხვადასხვა ბიზნესპროექტი უკავშირდება, მათ შორის, ყველაზე ცნობილი ტრამპ თაუერის მშენებლობა, ასევე, 16 სასტუმროს მშენებლობა აჭარის სანაპირო ზოლში.

მისი სახელი 2018 წელს სპორტის მაშინდელი მინისტრის, ლევან ყიფიანისა და ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სკანდალის შემდეგაც გამოჩნდა. მაშინ ითქვა, რომ ისინი კონფლიქტის შემდეგ გიორგი რამიშვილმა შეარიგა, რომელიც ოთარ ფარცხალაძის მეჯვარეა.

____________

ფოტო: „ტვ პირველი“

რას წერენ თორნიკე რიჟვაძეზე აჭარის არალეგიტიმური მთავრობის წევრები – გამოხმაურება ფეისბუქზე

თორნიკე რიჟვაძის ამბავს აჭარის არალეგიტიმურ მთავრობაში არ იმჩნევენ. მინისტრები და დეპუტატები, რომლებიც ყოველდღიურად, ან დღეში რამდენჯერმე დებდნენ საქებარ და მაამებელ პოსტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შესახებ და თორნიკე რიჟვაძეს „ბატონ თავმჯდომარედ“ მოიხსენებდნენ, დღეს დუმილს არჩევენ.

ან მას რამდენიმე სიტყვით გამოჯანმრთელებას უსურვებენ.

თორნიკე რიჟვაძე, აჭარის არალეგიტიმური მთავრობის უკვე ყოფილი თავმჯდომარე, კლინიკაშია ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით მიყენებული მძიმე ჭრილობით და მართვით სუნთქვაზე. გამოძიების ვერსიით, თორნიკე რიჟვაძემ თავის მოკვლა სცადა.

„ბათუმელებმა“ აჭარის არალეგიტიმური ხელისუფლების რამდენიმე აქტიური წარმომადგენლის ფეისბუქპროფილს გადახედა.

თორნიკე რიჟვაძის შემცველი, აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი თორნიკე რიჟვაძის შესახებ არაფერს წერს. ბოლო ფეისბუქპოსტი მას 4 დღის წინ აქვს გამოქვეყნებული  – აბიტურიენტებს ულოცავს ეროვნული გამოცდების დაწყებას.

სულხან თამაზაშვილის ფეიქბუპოსტი

სულხან თამაზაშვილის მსგავსად 4 დღის წინ აქვს გამოქვეყნებული ბოლო პოსტი აჭარის არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ფატი ხალვაშს – თითქოს დღეს არაფერი მომხდარა. ცოტა ქვევით თუ ჩასქროლავთ, ნახავთ, რომ ფატი ხალვაში ზედიზედ და ყოველდღიურად აზიარებდა თორნიკე რიჟვაძის აქტივობებს – მანამდე, ვიდრე თორნიკე რიჟვაძემ ფეისბუქში დაწერა, რომ პოსტს ტოვებს და „ოცნების“ წევრად რჩება.

სქრინი ფატი ხალვაშის ფეისბუქგვერდიდან

არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს შორის „ოცნებიდან“ ფეისბუქგვერდზე თორნიკე რიჟვაძის ამბავი მხოლოდ ცოტნე ანანიძეს შეუმჩნევია. „გამოჯანმრთელებას ვუსურვებ თორნიკე რიჟვაძეს“, – დაუწერია ფეისბუქგვერდზე ცოტნე ანანიძეს.

ეს დეპუტატი და „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი არაფერს ამბობს რეალობაზე, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თვითმკვლელობამდე მიდის: ვინ ემუქრებოდა მას? რატომ ვერ დაიცვა თავი „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელსაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით 300 მილიონის ივანიშვილისთვის მიტანას სთხოვდნენ? როგორ მოხვდა თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოში და რატომ?

თორნიკე რიჟვაძის საქმის შესახებ არც პროკურატურას გაუვრცელებია ინფორმაცია.

„ოცნების“ რამდენიმე დეპუტატს თორნიკე რიჟვაძის შესახებ ფეისბუქში არაფერი დაუწერიათ, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რამდენიმე მათგანი, მაგალითად, დავით გაბაიძე და დავით ბაციკაძე დღეს, თორნიკე რიჟვაძის მოსანახულებლად თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივიდნენ.

იმის მიუხედავად, რომ აქამდე ლაშა სირაბიძე აქტიურად დებდა პოსტებს თორნიკე რიჟვაძის შესახებ, დღეს ის საერთოდ არ იმჩნევს ამბავს ყოფილი თავმჯდომარის შესახებ.

სქრინი ლაშა სირაბიძის ფეისბუქგვერდიდან

თორნიკე რიჟვაძე აქტუალური არც დავით თედორაძისთვისაა. მის ფეისბუქგვერდზე ბოლო ამბავი „მწერებთან და მღრნელებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებებს ეხება“. ეს პოსტი არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს დეპუტატს 24 ივნისს გამოუქვეყნებია.

სქრინი დავით თედორაძის ფეისბუქგვერდიდან

თორნიკე რიჟვაძის დაჭრას არც ის მინისტრები იმჩნევენ, რომლებიც თორნიკე რიჟვაძის მთავრობაში მინისტრები იყვნენ. აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, ასევე განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი თორნიკე რიჟვაძის ამბავს სოციალურ ქსელში არ გამოხმაურებიან.

თორნიკე რიჟვაძის ამბავს არც ელისო ბოლქვაძე გამოხმაურებია, აჭარის არალეგიტიმური მთავრობის კულტურის მინისტრი. მის ფეისბუქპროფილზე ბოლო ამბავი 4 მარტსაა გამოქვეყნებული: როგორ წარადგინა თორნიკე რიჟვაძემ ელისო ბოლქვაძე მინისტრად.

ელისო ბოლქვაძის ფეისბუქგვერდი

თორნიკე რიჟვაძის შესახებ ახალ ამბავს არ გამოხმაურებია ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე, თუმცა ყოფილი მერი – არჩილ ჩიქოვანი იმ კლინიკაში მივიდა, სადაც თორნიკე რიჟვაძის გადარჩენისთვის იბრძვიან. არჩილ ჩიქოვანმაც თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა თანამდებობის დატოვებაზე. ორივე მათგანმა თანამდებობა ფეისბუქპოსტით დატოვა.

პოსტი გამოუქვეყნებია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი თავდგირიძეს. ის აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს გამოჯანმრთელებას გისურვებთ.

ირაკლი თავდგირიძის ფეისბუქგვერდი
  • რა ხდება?

შს სამინისტროს ცნობით, დღეს, 7 ივლისს, საგარეჯოში მდებარე კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

პროპაგანდისტული მედიის ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა და ივანიშვილს, ასევე ირაკლი კობახიძეს ოჯახის დაცვა სთხოვა. ამავე დროს, წერილის შესახებ შს სამინისტროს არაფერი განუცხადებია.

კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ არავითარი წერილი ჟურნალისტებისთვის მედპერსონალს არ მიუწოდებია.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძე მძიმე მდგომარეობით იმყოფება, უარყოფენ მედიისთვის რაიმე წერილის მიწოდებას.

პაციენტის შესახებ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება კანონმდებლობით აკრძალულია.

„რეჟიმი ჭამს საკუთარ შვილებს. დიქტატურა ასე მთავრდება“ – ნიკა გვარამია

„რეჟიმი ჭამს საკუთარ შვილებს. დიქტატურა ყოველთვის ასე მთავრდება. გამონაკლისები ისტორიაში არ ყოფილა.

მიდით ქოცებო, მიაწექით. გაიფარჩაკეთ ბოლომდე თავი.

ბოლოს მაინც ჩვენ ვიმარჯვებთ!

ოლიგარქია უნდა დაემხოს!“ – წერს ნიკა გვარამია ფეისბუქზე.

ამავე სტატუსში ის მხარდაჭერას უცხადებს მსახიობ ვანიკო თარხნიშვილს, რომელსაც გუშინ, 6 ივლისს, უცნობი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მსახიობი ამ თავდასხმას საპროტესტო სიმღერას – „ოლე ოლა“.. უკავშირებს.

„ჩემი მხარდაჭერა ყველაზე კეთილ და მშვიდობიან კაცს, ვანიკო თარხნიშვილს!

„რაც შეეხება ლელოს და გახარიას პარტიის გადაწყვეტილებას, ტალეირანის სიტყვებით რომ ვთქვათ „ეს დანაშაულზე მეტია, ეს შეცდომაა“. სამწუხაროა“ – წერს ნიკა გვარამია.

დღეს, 7 ივლისს, შსს-მ გაავრცელა განცხადება აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მიერ თვითმკვლელობის მცდელობაზე.

რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით შეიყვანეს კლინიკაში, ახლა ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

დღეს დილითვე პროპაგანდისტულმა მედიებმა გაავრცელეს წერილი, რომელიც თითქოს თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა.

პარტია „ახალის“ ლიდერი, ნიკა გვარამია ციხეშია. მას 8 თვით მიუსაჯეს პატიმრობა და 2 წლით აეკრძალა საჯარო სექტორში თანამდებობის დაკავებაც ე.წ. „წულუკიანის კომისიაზე“ გამოუცხადებლობის გამო.

_______________

ამავე თემაზე:

„თუკი ვინმე რიჟვაძეზე ზეწოლას ახორციელებდა, ეს იყო ივანიშვილი“ – კირთაძე

რუსეთში ყოფილმა მინისტრმა გათავისუფლების შემდეგ თავი მოიკლა – მედია

დღეს, 7 ივლისს, იპოვეს რუსეთის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრის, რომან სტაროვოიტის ცხედარი, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა მიყენებული.  რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი მთავარ ვერსიად თვითმკვლელობას განიხილავს.

რუსული პროპაგანდისტული მედია Tass-ი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურ წარმომადგენელზე, სვეტლანა პეტრენკოზე დაყრდნობით წერს, რომ ყოფილმა მინისტრმა რომან სტაროვოიტმა საკუთარ მანქანაში მოიკლა თავი ცეცხლსასროლი იარაღით.

სტაროვოიტი პუტინის ბრძანებით დღეს, 7 ივლისს დილით გაათავისუფლეს თანამდებობიდან. რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიზეზი დოკუმენტში არ იყო მითითებული.

სტაროვოიტი ტრანსპორტის სამინისტროს 2024 წლის მაისიდან ხელმძღვანელობდა.

„თორნიკე რიჟვაძის ისტორია ყველა ქოცისთვის გამოფხიზლების საფუძველი უნდა იყოს“ – ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ფეისბუქზე ეხმიანება დღეს, 7 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა.

„თორნიკე რიჟვაძის შავბნელი ისტორია (თვითმკვლელობის ვერსია აშკარად შეთხზულია) ყველა ქოცისთვის გაკვეთილი და გამოფხიზლების საფუძველი უნდა იყოს – მინისტრისთვის თუ პროკურორისთვის, პროპაგანდისტისთვის თუ ბიზნესმენისთვის – ყველა ივანიშვილის მოღალატეობრივი სისტემის ჭანჭიკი ხართ და ეს სიბნელე თქვენამდეც მოვა, აუცილებლად მოვა.

ზოგს დაგიჭერთ, ზოგს ქვეყნიდან გაგაქცევთ (ვისაც არ გაგიმართლებთ, ოხანაშვილი დაგადგებათ თავზე და გაიაშვილის დახმარებით, აირზენას სპეცრეისით ისევ საქართველოში აღმოჩნდებით, გახარიასავით ხომ არ უმართლებს ყველას).

მძიმე სათქმელია და კი, ზოგს თვითმკვლელობამდე მიგიყვანთ და ზოგს უბრალოდ გაგაქრობთ.

ნურავის დაავიწყდება რა აქვს ამ კაცს ნაკეთები 90-იანი წლების რუსეთში. ან ხელისუფლებაში როგორ მოვიდა, მას 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ერთი ციდა გვამზე გადავლაც შეუძლია.

მისთვის ადამიანის სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს, განსაკუთრებით, მათი სიცოცხლის, ვინც იყიდა.

ის ხომ თვლის, რომ თქვენი სხეულიც და სულიც მას ეკუთვნის. ასე იცის ეშმაკთან გარიგებამ. გერმანელი ავტორები უყვარს თქვენს პატრონს და „ფაუსტი“ წაიკითხეთ, ბიჭებო.

წაიკითხეთ და მერე ხმა ამოიღეთ სანამ მიწიერი ჯოჯოხეთის დასრულება ერთად შეგვიძლია ამ ქვეყანაში. სანამ განკითხვის დღეს მარტო დარჩებით.

თავისუფლება პოლიტპატიმრებს! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ! – წერს თინა ბოკუჩავა.

შს სამინისტროს ცნობით, დღეს, 7 ივლისს, საგარეჯოში მდებარე კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„დღეს ამ ქვეყანაში ყველა საფრთხეშია, დაცული არავინაა“ – სალომე ზურაბიშვილი

„ქვეყანაში სრული განუკითხაობაა. ყველაფრის უფლება საკუთარ ხელში აიღეს იმ ადამიანებმა, ვისაც „მმართველი პარტია“ ჰქვია. დაწერილი სცენარებითა და მოგონილი ზღაპრებით ჰგონიათ, რომ ხალხის მოტყუება შესაძლებელია,“ – წერს ფეისბუქზე სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ბიზნესმენების დაკავებას და ყოფილი მაღალჩინოსნის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს ეხმაურება.

„ამ დროს, ამ მოჩვენებითი რეალობის ფარდის მიღმა, ქვეყანა დააბრუნეს მაფიოზურ-კრიმინალურ სივრცეში.

ამ ყველაფერში ჩანს რუსული კვალი-ეს მეთოდები, ეს განუკითხაობა, ეს ცრუ რეალობა და ადამიანური ღირსებისგან დაცლილი რეჟიმი. დემოკრატიაზე და ევროპულ მომავალზე უარის თქმას ლოგიკურად მოჰყვება ეს მაფიოზური „მმართველობა“.

დღეს ამ ქვეყანაში ყველა საფრთხეშია! დაცული არავინაა!

შექმნილი ვითარება-ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება, ძალადობის მუქარა ან სავარაუდო მიყვანა თვითმკვლელობამდე, ცნობადი ბიზნესმენების დემონსტრაციული რეკეტი-ნიშნავს ერთს: სახელმწიფო დანგრეულია!

ძალადობასა და შიშზე დაფუძნებული მმართველობა, რომელიც აღარ არჩევს „თავისიანებსა“ და „სხვებს“, დიქტატურის კლასიკური ბოლო ეტაპია და მოვლენები სწრაფად ვითარდება,“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.

შსს-ს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, დღეს, 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალექსი ახვლედიანის სახლში თვითმკვლელობა სცადა აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. შსს-ს თანახმად რიჟვაძეს გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობა.

შს სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა – შსს

ყველაფერი რაც ხდება, რეჟიმის სისუსტის ნიშანიცაა – თამთა მიქელაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობას და „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესს ფეისბუქზე ეხმიანება.

მისი შეფასებით ის რაც „ქართული ოცნების“ ირგვლივ ხდება რეჟიმის სისუსტის ნიშანიცაა.

„ვერ შეძლებ თან ოლიგარქიული ავტოკრატია აშენო და თან მხოლოდ შენ ჭამო“-წერს თამთა მიქელაძე.

„როგორი ლინზით შეიძლება დავინახოთ, რაც ახლა „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების და მსხვილი ბიზნესმენების თავს ხდება?!

ერთი შეხედვით, ეს შიდა ელიტური წმენდა და ლოიალურობის გაღრმავების მცდელობაა „ქართული ოცნების“ ვერტიკალის გამყარებისთვის.

განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესმენის, გიორგი რამიშვილის დაკავება, შეიძლება აჩვენებდეს რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური სფეროდან უკვე ბიზნესის სფეროსთვის ერთგულების მოთხოვნის ღია გადანაცვლებას [მით უმეტეს, რომ გიორგი რამიშვილის საქმიანობა გამოირჩევა ნელთბილი აქტიურობით მედიის, საინფორმაციო და საზოგადოებრივ სფეროში].

თუმცა აშკარაა, რომ კორუფციასთან ბრძოლას და „დაზიანებული ბექგრაუნდის“ მქონე ბიზნესების დასჯას ჯერ საკმარისი მადით ვერ ირგებს რეჟიმი, როგორც მორალური თვითწმენდის და თვითლეგიტიმაციის გაზრდის პროცესს.

წმენდა ძალიან ახლო წრეში ხდება და ეშინიათ, რომ ამას მძიმე ელექტორალური ფასი შეიძლება ქონდეს. რიჟვაძის ტრაგედიამ (ნამდვილად მძიმე იყო ჩემთვის ამ ამბის გაგება დღეს) ამის მორალური ფასი კიდევ უფრო დაამძიმა.

ამავდროულად ყველაფერი რაც ხდება რეჟიმის სისუსტის ნიშანიცაა. ვერ შეძლებ თან ოლიგარქიული ავტოკრატია აშენო და თან მხოლოდ შენ ჭამო.

ასეთი რეჟიმების ფუნქციონირების მატრიცაც ისაა, რომ სხვებიც უნდა დააკმაყოფილო თუ გინდა, რომ წონასწორობა და კმაყოფილება შეინარჩუნო სისტემაში (თან ასეთ პატარა ქვეყანაში და ეკონომიკაში და ძალაუფლების დასუსტების ასეთ რეალობაში, რომელშიც “ქართული ოცნებაა” [პუტინმა ოლიგარქების დაქვემდებარება მისი აღმავლობის ფაზაში 2000-იან წლებში დაიწყო და მათი სიმრავლის და დიდი მასშტაბების გამო ბალანსის მიდგომას მაინც იყენებდა].

ეს პროცესები შეიძლება ელიტური ალიანსების რღვევის და შიდა წინააღმდეგობების სახიფათო დასაწყისიც იყოს, საბოლოოდ. წმენდის პროცესებმა შეიძლება დააზიანოს „ქართული ოცნების“ ისედაც შესუსტებული სოციალური ალიანსები რეგიონებში, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც პოლიტიკური გავლენა ტრადიციულად პირად კავშირებს ეყრდნობოდა (აჭარა (რიჟვაძე), კახეთი (ღარიბაშვილი), ვანი (ლილუაშვილი) და ა.შ).

ამიტომ ივანიშვილის სიხარბე და ირაკლი კობახიძის სიხისტე შეიძლება საბოლოოდ მათი სისუსტის მთავარი მიზეზი აღმოჩნდეს. თუმცა, პროცესებს დალოდება სჭირდება“-წერს თამთა მიქელაძე.

„თუკი ვინმე რიჟვაძეზე ზეწოლას ახორციელებდა, ეს იყო ივანიშვილი“ – კირთაძე

„მცირეწლოვანი შვილების პატრონმა, ახალგაზრდა კაცმა თავის მოკვლა რომ გადაწყვიტა, ეს არის უმძიმესი ამბავი და კარგად აჩვენებს სად ვცხოვრობთ. ამიტომ, თუკი ვინმე რიჟვაძეზე ზეწოლას ახორციელებდა, ეს იყო რეჟიმი და პირადად ბიძინა ივანიშვილი“- ამბობს „ახლების“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძე „ბათუმელებთან“.

დღეს, 7 ივლისს, შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია აჭარის  მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობაზე.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, თორნიკე რიჟვაძეს საგარეჯოში მდებარე კლინიკა „ჯეოჰოსპიტალში“ შეყვანისას გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე თორნიკე რიჟვაძე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა, რომელიც ამ ფაქტის შემდეგ დააკავეს. 

დღესვე, პროსახელისუფლებო მედიამ გაავრცელა ტექსტი, რომელიც, ამ მედიების ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობამდე დაწერა და ეს წერილი თითქოს ექიმებმა მიაწოდეს მედიას.

ამავე დროს, რაიმე სახის წერილის მედიისთვის გადაცემის ფაქტს არ ადასტურებენ არც საგარეჯოს საავადმყოფოში და არც თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძე იმყოფება ახლა.

ნამდვილად სცადა თუ არა თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა და რა ხდება „ქართულ ოცნებაში“? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა გიორგი კირთაძეს.

  • ბატონო გიორგი, რას ფიქრობთ თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტზე და იმ წერილზე, რომელიც თითქოს მან დაწერა?

ჯერ ერთი, არანაირი საფუძველი არ მაქვს რეჟიმის მიერ გაკეთებულ განცხადებას დავუჯერო და რეალურიც რომ იყოს, რა მძიმე მდგომარეობაში ვართ ყველანი, ხომ კარგად ვხედავთ.

ვინ ახორციელებდა რიჟვაძეზე ზეწოლას, „ბათუმელები“, მზია ამაღლობელი, მე თუ ვინ?!

ხომ ცხადია, რა მასშტაბის რთულ სიტუაციაში ვართ. სრულ ქაოსშია ქვეყანა, კრიმინალში და რაღაც მაფიოზურ გარჩევებშია გადასული და ეს ჩანს ძალიან ნათლად.

ასევე ნათლად ჩანს, რომ რეჟიმი არ ინდობს იმ ადამიანებსაც კი, ვინც უსიტყვოდ მსახურობდა მასთან ბევრი წლის განმავლობაში მათ შორის და სამწუხაროდ, თორნიკეც იყო ერთ-ერთი.

ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რა მასშტაბის ქაოსში და კრიმინალშია შესული რეჟიმი.

ჩემი პირადი შთაბეჭდილება არის, რომ ის, რასაც რეჟიმი ავრცელებს, ყველაფერი არის ტყუილი და არ შეესაბამება სიმართლეს.

არავის სჯერა იმის, რომ ეს წერილი ექიმებმა  გაავრცელეს. მე არ მჯერა, რომ 36 წლის კაცი, თორნიკე რიჟვაძე თავს იკლავს.

და ასეც რომ იყოს, რატომ ჩათვალა რეჟიმმა, რომ 36 წლის კაცი თავს რომ იკლავს რეჟიმის ზეწოლით, ეს უფრო მარტივად ასახსნელია საზოგადოებისთვის, ვიდრე „გაუვარდა“, ან თუნდაც „ესროლეს“.

იმ მასშტაბის ზეწოლა თუ იყო თორნიკე რიჟვაძეზე, რომ მცირეწლოვანი შვილების პატრონმა, ახალგაზრდა კაცმა თავის მოკვლა გადაწყვიტა, ეს არის უმძიმესი ამბავი და კარგად აჩვენებს, სად ვცხოვრობთ.

  • წერილის დეტალებსაც მინდა შევეხოთ, სადაც არის ასეთი ფრაზა: „კორუფციას და ბარიგების მფარველობას მაბრალებენ“. ვინ შეიძლება იყოს ეს „ბრალმდებელი“?

ეს არის ის, რაზეც არაოფიციალურად საუბრობდნენ, მაგრამ ჩვენ ღია ტელეეთერებით ვერ ვისაუბრებდით იმაზე, რისი ფაქტებიც არ გვქონდა. თვითონ პროპაგანდისტულმა არხებმა შეგნებულად გაუვრცელეს მას ეს ინფორმაცია, ეს ხომ ფაქტია.

ძალიან კარგად გამოჩნდა, როგორ მოექცნენ მას – მათი რეჟიმის ერთ-ერთი გავლენიანი წევრი იყო რიჟვაძე წლების განმავლობაში, ის იყო პოლიტიკური საბჭოს წევრი და პარტიის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ქვეყანაში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი.

  • პროსახელისუფლებო მედიის მიერ გავრცელებულ წერილში წერია – „ბიძინა ივანიშვილს და პრემიერს ვთხოვ ჩემი ოჯახის მფარველობას“. ეს ნიშნავს, რომ თვითმკვლელობის ამბავი არ დაუკავშირონ ივანიშვილს და მის გარემოცვას?

ხომ თეთრი ძაფით არის ყველაფერი ნაკერი და ყველა კარგად ხვდება, რომ თუკი ვინმე რიჟვაძეზე ზეწოლას ახორციელებდა, ეს იყო რეჟიმი და პირადად ბიძინა ივანიშვილი.

სხვაგვარად, თორნიკე რიჟვაძეზე ვის შეიძლება მოეხდინა იმ მასშტაბის ზეწოლა, რომ კაცი თვითმკვლელობამდე მისულიყო. ეს ხომ ორჯერ ორია.

მე ვერც კი წარმომიდგენია, სხვა საიდან შეიძლება ყოფილიყო ეს ზეწოლა. ხომ ყველასათვის ცხადია, რომ რიჟვაძეზე ზეწოლა ვისაც შეეძლო, ეს იყო ბიძინა ივანიშვილი და რეჟიმი.

ეს „ბარიგების“ თემაც შემოიტანეს თვითონ პროპაგანდისტულ არხებზე, თვითონვე დაწერეს ეს.

მე არ მჯერა იმის, რასაც რეჟიმი ამბობს, არანაირი ნდობა არ მაქვს ბუნებრივია მათი და არც იმის მჯერა, რომ 36 წლის კაცი, რომელსაც ორი პატარა ელოდებოდა სახლში, თავს იკლავდა. ურთულესი ამბავია პირადად მისთვისაც და განზოგადებულად, ქვეყანაში რა დღეში ვართ, ამ ამბით ყველაზე კარგად გამოჩნდა.

გუშინ ბიზნესმენი დააკავეს იარაღით ასევე, დღეს – ეს ამბავი, მანამდე კიდევ მილიონი ასეთი და რეჟიმი არის სრულ ქაოსში.

  • ამ წერილში არის კიდევ ასეთი ფრაზა – „მაპატიეთ ძმებო, ვერ გიტოვებთ მილიონებს“. ვინ არიან ეს „ძმები“, თქვენი აზრით?

არ ვიცი, რას გულისხმობდა რეჟიმი ამ ფრაზაში.

კიდევ უფრო მძიმე რაღაცებია ამ წერილში. მე პირადად არ მჯერა, რომ ეს რიჟვაძის დაწერილი წერილია, მგონია, რომ ბევრად მძიმე ამბავთან შეიძლება გვქონდეს საქმე.

თუმცა ის, რაც რეჟიმმა თქვა, ესეც არანაკლები სიმძიმისაა.

  • როგორც ვიცით, აშშ-სგან დასანქცირებულია ივანიშვილი და ახლა კიდევ ელოდება ბრიტანეთის სანქციებს. თუ „მეგობარი აქტი“ შევა ძალაში, ესეც გამოიწვევს მის დასანქცირებას, ამიტომ როგორ ფიქრობთ, ივანიშვილი ახლა ცდილობს, რომ მისი გარემოცვიდან ამოიღოს ფული, რომელიც შესაძლოა მას სჭირდება თვითმმართველობის არჩევნების მოსაგებად, თუ სხვა პროცესთან გვაქვს საქმე?

მე არ მჯერა, რომ ეს რაიმე ფორმით თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდებოდეს, ეს არჩევნები ივანიშვილს მხოლოდ რეჟიმის ლეგიტიმაციისთვის სჭირდება და მეტი არაფრისთვის. იმ მოცემულობაში, რაშიც ვართ, ის არჩევნებს არ ატარებს, ფარსს და ტყუილს ატარებს და ამაში გამარჯვებისთვის, ჩემი აზრით, ფული არ სჭირდება.

მე მგონია, რომ ივანიშვილმა, რომელმაც ამ სანქციებით დიდი ფული დაკარგა, გადაწყვიტა, რომ იმ ადამიანებისგან ამოიღოს ის ფული, რომლებმაც ამ ქვეყანაში დიდი ფული იშოვეს.

აბა, მოიტანეთ ეგ ფული ბიჭებოო, ალბათ ამას ეუბნება.

  • სანქციებით დაკარგული ფულის კომპენსირებას აკეთებს?

ჩემი აზრით, ეგ არის. მთავარი კორუმპირებული ადამიანია ივანიშვილი და როგორ შეიძლება სხვის კორუფციას დასდევდეს. თუ კორუფციასთან ბრძოლას მართლა ვიწყებთ, პირველი ბიძინა ივანიშვილია დასაჭერი. აღარ გავიხსენებ იმ მილიონ ამბავს, რომლებზეც წლებია უკვე ვსაუბრობთ.

ამიტომ მგონია, რომ ივანიშვილი თავისი დაკარგული ფულის კომპენსირებას ცდილობს ახლა.

  • სადამდე შეიძლება წავიდეს სიტუაცია, თუკი ეს რეჟიმი თვითმმართველობის არჩევნებსაც ჩაატარებს და დარჩება?

უკვე ნათლად ჩანს, რომ ყოველი მომდევნო დღე წინაზე უარესია და სულ ქაოსში, განუკითხაობასა და კრიმინალში გადადის რეჟიმი, ამიტომ ეს რეჟიმია დასასრულებელი, სხვა გზა უბრალოდ აღარ გვაქვს.

სანამ ადამიანების მკვლელობა იქცა ჩვეულებრივ ამბად (ცემა-ტყეპა უკვე იქცა ჩვეულებრივ ამბად), მანამდე რეჟიმი დასასრულებელია.

კლინიკა უარყოფს რიჟვაძის წერილის ჟურნალისტებისთვის მიწოდებას – პირველი კომენტარი საავადმყოფოდან

პროსახელისუფლებო მედია ირწმუნება, რომ ექიმებმა კლინიკაში მიყვანილ დაჭრილ პაციენტს, თორნიკე რიჟვაძეს, თვითმკვლელობის მცდელობის წინ დაწერილი წერილი უპოვეს და ჟურნალისტებს გადასცეს.

რაიმე სახის წერილის მედიისთვის გადაცემის ფაქტს არ ადასტურებენ არც საგარეჯოს საავადმყოფოში და არც თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

ამ ეტაპისთვის (7 ივლისი, 14:00 საათი) არ არსებობს არავითარი დოკუმენტური მტკიცებულება, რომ თორნიკე რიჟვაძემ ნამდვილად დაწერა სახელისუფლებო მედიის მიერ გავრცელებული შინაარსის წერილი თვითმკვლელობამდე.

ამასთან, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, აკრძალულია პაციენტის პირადი ინფორმაციის მსგავსი ფორმით გავრცელება.

მძიმედ დაჭრილი თორნიკე რიჟვაძე თავდაპირველად საგარეჯოში, „ჯეო ჰოსპიტალში“ შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ გამორიცხა, რომ რაიმე წერილი არის ნაპოვნი ან და გავრცელებული საუნივერსიტეტო კლინიკიდან.

„არა, რა წერილი, როგორ გეკადრებათ, რა ჩვენი საქმეა, არც ვიცი, რაზე ლაპარაკობთ“, – თქვა ლალი ტურძელაძემ.

„ბათუმელები“ ასევე დაუკავშირდა საგარეჯოს კლინიკას, სადაც მძიმედ დაჭრილი თორნიკე რიჟვაძე თავდაპირველად შეიყვანეს. კლინიკაში აცხადებენ, რომ მათთან მკაცრი პროტოკოლია, ზედმიწევნით იცავენ კანონს და მის მოთხოვნებს, შესაბამისად, სამედიცინო პერსონალმა დაიცვა კანონის მოთხოვნები.

კლინიკაში არ ადასტურებენ, რომ მათ გადასცეს წერილი ჟურნალისტებს, რადგან ეს კანონით აკრძალულია.

„არსებობს კანონით დადგენილი ფორმა და მოთხოვნის შემთხვევაში პაციენტის პირადი ნივთები გაიცემა მხოლოდ მის ახლობლებზე, ანუ ოჯახის წევრზე. ასევე, კანონითვე პირდაპირაა განსაზღვრული შემთხვევები, როდესაც პაციენტის პირადი ნივთები გადაეცემა პოლიციას,“ – განმარტეს კლინიკაში.

კლინიკაში არ აქვთ ინფორმაცია, იმყოფებოდნენ თუ არა თორნიკე რიჟვაძის ოჯახის წევრები კლინიკაში.

პროსახელისუფლებო მედიის მიერ გავრცელებული ტექსტის მიხედვით, თორნიკე რიჟვაძე თვითმკვლელობის მცდელობის წინ მიმართავს ბიძინა ივანიშვილს და მას „საკუთარი ოჯახის დაცვას სთხოვს“. 

პროსახელისუფლებო მედიას წერილის დამადასტურებელი ფოტომასალა არ გაუვრცელებია. მათ მიერ გავრცელებულ ტექტსში არ ჩანს, თუ ვისგან სთხოვს ბიძინა ივანიშვილს ოჯახის დაცვას თორნიკე რიჟვაძე.

შსს-ს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, დღეს, 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალექსი ახვლედიანის სახლში თვითმკვლელობა სცადა აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. შსს-ს თანახმად რიჟვაძეს გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობა.

შს სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. მალევე პროსახელისუფლებო მედიამ გაავრცელა წერილი, რომლის ნამდვილობა დადგენილი არაა.

შსს-ს თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით დაკავებულია ერთი პირი.

„ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ ეს პირი ალექსი ახვლედიანია.

პროსამთავრობო მედია რიჟვაძის დაწერილი წერილის ფოტოს კი არ აქვეყნებს, არამედ ტექსტს -კომენტარი

იურისტი გურო იმნაძე ფეისბუქზე ეხმიანება პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ წერილს, რომელიც, ამ მედიების მტკიცებით, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დაწერა თვითმკვლელობის მცდელობის წინ.

„მოკლედ, იმედი და პოს-ტვ იმას ამტკიცებენ, რომ სტუმრად მყოფმა რიჟვაძემ უცებ, მოულოდნელად მიაგნო მასპინძლის იარაღს და იქიდან გასროლით სცადა თვითმკვლელობა. ოღონდ, სანამ ამ სპონტანურ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მანამდე წერილიც დაწერა, სადაც იარაღის პატრონს მადლობას უხდის, ხოლო ივანიშვილს და კობახიძეს შველას სთხოვს, რომ ვიღაცები ბარიგების მფარველობას და კორუფციას აბრალებენ (ეს ვიღაცები ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ გეკა გელაძე და სანდრო დარახველიძეა).

მერე ამ წერილს პოულობს მედდა, რომელიც ამის თაობაზე საგამოძიებო უწყებას კი არ აფრთხილებს, რომელიღაცა „ჭ“ კლასის პროპაგანდისტულ მედიას აწვდის ინფორმაციას (ჩვენთან მედდებმა ხომ ზეპირად იციან ყველა ჟურნალისტის და პროდიუსერის ნომერი).

ოღონდ, ეს მედია დაწერილი წერილის ფოტოს კი არ აქვეყნებს, არამედ მხოლოდ ტექსტს.

როგორც ჩანს, მედდამ, რომელსაც უამრავი საქმე უნდა ჰქონდეს წესით, წერილისთვის ფოტოს გადაღების ნაცვლად, ასო-ასო და წერტილ-მძიმე აკრიფა რიჟვაძის წერილი.

„არაფერია ნამდვილი და ყველაფერია შესაძლებელი“ – წერს გურო იმნაძე.

შს სამინისტროს ცნობით, დღეს, 7 ივლისს, საგარეჯოში მდებარე კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

პროსახელისუფლებო მედია – „პრაიმ ტაიმი“ და „იმედი“ ირწმუნება, რომ ექიმებმა თორნიკე რიჟვაძის წერილი იპოვეს და ჟურნალისტებს გადასცეს.

სანდო წყაროებმა „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ არავითარი წერილი ჟურნალისტებისთვის მედპერსონალს არ მიუწოდებია.

საგარეჯოს კლინიკას, სადაც რიჟვაძე შეიყვანეს, ამ საკითხზე, ჯერჯერობით, განმარტება არ გაუკეთებია.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძე მძიმე მდგომარეობით იმყოფება, უარყოფენ, მედიისთვის რაიმე წერილის მიწოდებას. პაციენტის შესახებ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება კანონმდებლობით აკრძალულია.

___________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

„სისხლიანი გარჩევები ხალხისთვის მოპარული ფულის განაწილებისთვის“ – გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ფეისბუქზე „სისხლიან გარჩევას“ უწოდებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. გახარია, სავარაუდოდ, გულისხმობს დღეს, 7 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა.

„უმართავი ქაოსი და განუკითხაობა შეგვეხება ყველას.

სისხლიანი გარჩევები – ხალხისთვის მოპარული ფულის განაწილებისთვის.

მხოლოდ გონიერი მოქმედებით და სიმართლით გავიყვანთ საქართველოს სამშვიდობოს“ – წერს გიორგი გახარია.

შს სამინისტროს ცნობით, დღეს, 7 ივლისს, საგარეჯოში მდებარე კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ შეყვანილი იქნა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

პროპაგანდისტული მედიის ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა და ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა. ამავე დროს, წერილის შესახებ შს სამინისტროს არაფერი განუცხადებია.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 7 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 027 540 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 100]
  • ტანკი – 10 995 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 22 963 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 29 993 ერთეული [+33]
  • MLRS – 1 432 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 192 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 44 058 ერთეული [+233]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 439 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 54 370 ერთეული [+118]
  • სპეცტექნიკა – 3 927 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 663 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 68 049 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 614 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 156 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 576 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 27 079 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 37 760 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„პროგრესი არ არის“ – ტრამპი პუტინთან დიალოგის შემდეგ

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

დაკავებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი

დაკავებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, პირი, რომელიც დღეს, 7 ივლისს, საგარეჯოში დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, სწორედ ალექსი ახვლედიანია.

დღეს, 7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ დაჭრილია აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. ის საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ გულმკერდის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალექსი ახვლედიანის დედის სახლში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული,“ – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსი ახვლედიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად 2023 წლის მაისში დანიშნეს.

თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა – შსს

თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა – შსს

7 ივლისს, საგარეჯოში მდებარე კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ შეყვანილი იქნა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

„თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული“ – წერია შსს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თორნიკე რიჟვაძე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსანდრე ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა, როცა თვითმკვლელობა სცადა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თავად ალექსანდრე ახვლედიანი დაკავებულია.

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი რამიშვილი (ზარალა) თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს

შს სამინისტრომ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის (ზარალა) დაკავებაზე განცხადება გაავრცელა.

შსს-ს განცხადებით, გიორგი რამიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 1967 წელს დაბადებული გ.რ.-ს დაკავების შესახებ.

სამართალდამცველებმა, მიმდინარე წლის 6 ივლისს,  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, გ.რ.-ს ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.

დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია გ.რ.-ს სახელზე, თუმცა აღნიშნულ პიროვნებას ტარების უფლება არ ჰქონდა“-აცხადებს შსს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

_______________

ამ თემაზე:

ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი (ზარალა) დააკავეს

საკონსტიტუციოს თავმჯდომარის ხელფასი 14 600 ლარი იქნება, დანამატის გარეშე

„ოცნების პარლამენტის“ მიერ მიღებული ცვლილებით გაიზარდა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობა. კანონი 2025 წლის 27 ივნისს გამოქვეყნდა და შევიდა ძალაში.

თუ აქამდე, მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 7 000 ლარი იყო [დანამატის გარეშე], ეს გაიზარდა და იქნება 14 600 ლარი [ასევე დანამატის გარეშე].

აღსანიშნავია, რომ თანამდებობრივი სარგოს გარდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ცალკე ყოველთვიურად დანამატებსაც იღებენ. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური დანამატის ოდენობას კი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განსაზღვრავს.

მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას 2024 წელს, დეკლარაციის მიხედვით მიღებული აქვს ჯამში 149 785 ლარი [თვეში 12 482 ლარი], ანუ ყოველთვიურად 5 482 ლარს დანამატს იღებდა.

თუ ამ დანამატის ოდენობას ავიღებთ, მოქმედი თავმჯდომარე რევაზ ნადარაია ახალი ცვლილებით უკვე თვეში 20 082 ლარს მიიღებს [14 600 ლარი თანამდებობრივი სარგო + 5 482 ლარი დანამატი].

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების ოდენობები იყო:

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა – 7 000 ლარი;
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისა, საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნისა – 6 300 ლარი;
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისა – 6 000 ლარი.

კანონში შეტანილი ცვლილებით კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დადგენილი საბაზო თანამდებობრივი სარგოს ნამრავლით შემდეგ სახელფასო კოეფიციენტზე:

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა – 10.00-ზე;
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისა, საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნისა – 9.00-ზე;
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისა [რომელსაც არ უკავია ზემოთ აღნიშნული თანამდებობები] – 8.50-ზე.“.

ვინაიდან 2025 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტში საბაზო თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია 1 460 ლარით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების თანამდებობრივი სარგო ყოველთვიურად [დანამატის გარეშე] იქნება:

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის: 10 * 1460 = 14 600 ლარი [ნაცვლად 7 000 ლარისა]
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისა, საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნისა: 9 * 1460 = 13 140 ლარი [ნაცვლად 6 300 ლარისა]
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის [რომელსაც არ უკავია ზემოთ აღნიშნული თანამდებობა]: 8.5 * 1460 = 12 410 [ნაცვლად 6 000 ლარისა]

„ოცნებამ“ ხელფასები საერთო სასამართლოების მოსამართლეებსაც გაუზარდა.

მთავარი ფოტო: რევაზ ნადარაია, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

ამ თემაზე ვრცლად:

რას ცვლის „ოცნება“ დაჩქარებული წესით სასამართლოების შესახებ კანონში

ბათუმი-თბილისის მატარებელი ავტომანქანას შეეჯახა

სუფსაში მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა ბათუმი-თბილისის მატარებელი. დაზიანებულია ავტომობილი.

მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობს.

პოლიციის ინფორმაციის, ავარიის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „საქართველოს რკინიგზას“ და ჰკითხა, აღდგა თუ არა მატარებლის მოძრაობა. რკინიგზა ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი (ზარალა) დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი (იგივე „ზარალა“).

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი რამიშვილი სსკ-ის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გიორგი რამიშვილი „სილქ როუდ“ ჯგუფის დამფუძნებელია.

რამიშვილი ევრონიუსი-საქართველოს დამფუძნებელი კომპანიის – „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეცაა.

გარკვეულ პერიოდში გიორგი რამიშვილი ბათუმის კონცხზე ბიძინა ივანიშვილის ფონდთან თანამშრომლობით აპირებდა ბათუმში 6 ცათამბჯენის მშენებლობას.

გიორგი რამიშვილის სახელს  წინა ხელისუფლების დროს სხვადასხვა ბიზნესპროექტი უკავშირდება, მათ შორის, ყველაზე ცნობილი ტრამპ თაუერის მშენებლობა, ასევე, 16 სასტუმროს მშენებლობა აჭარის სანაპირო ზოლში.

მისი სახელი 2018 წელს სპორტის მაშინდელი მინისტრის, ლევან ყიფიანისა და ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სკანდალის შემდეგაც გამოჩნდა. მაშინ ითქვა, რომ ისინი კონფლიქტის შემდეგ გიორგი რამიშვილმა შეარიგა, რომელიც ოთარ ფარცხალაძის მეჯვარეა.

Exit mobile version