მთავარი,სიახლეები

კლინიკა უარყოფს რიჟვაძის წერილის ჟურნალისტებისთვის მიწოდებას – პირველი კომენტარი საავადმყოფოდან

07.07.2025
კლინიკა უარყოფს რიჟვაძის წერილის ჟურნალისტებისთვის მიწოდებას – პირველი კომენტარი საავადმყოფოდან

პროსახელისუფლებო მედია ირწმუნება, რომ ექიმებმა კლინიკაში მიყვანილ დაჭრილ პაციენტს, თორნიკე რიჟვაძეს, თვითმკვლელობის მცდელობის წინ დაწერილი წერილი უპოვეს და ჟურნალისტებს გადასცეს.

რაიმე სახის წერილის მედიისთვის გადაცემის ფაქტს არ ადასტურებენ არც საგარეჯოს საავადმყოფოში და არც თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

ამ ეტაპისთვის (7 ივლისი, 14:00 საათი) არ არსებობს არავითარი დოკუმენტური მტკიცებულება, რომ თორნიკე რიჟვაძემ ნამდვილად დაწერა სახელისუფლებო მედიის მიერ გავრცელებული შინაარსის წერილი თვითმკვლელობამდე.

ამასთან, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, აკრძალულია პაციენტის პირადი ინფორმაციის მსგავსი ფორმით გავრცელება.

მძიმედ დაჭრილი თორნიკე რიჟვაძე თავდაპირველად საგარეჯოში, „ჯეო ჰოსპიტალში“ შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ გამორიცხა, რომ რაიმე წერილი არის ნაპოვნი ან და გავრცელებული საუნივერსიტეტო კლინიკიდან.

„არა, რა წერილი, როგორ გეკადრებათ, რა ჩვენი საქმეა, არც ვიცი, რაზე ლაპარაკობთ“, – თქვა ლალი ტურძელაძემ.

„ბათუმელები“ ასევე დაუკავშირდა საგარეჯოს კლინიკას, სადაც მძიმედ დაჭრილი თორნიკე რიჟვაძე თავდაპირველად შეიყვანეს. კლინიკაში აცხადებენ, რომ მათთან მკაცრი პროტოკოლია, ზედმიწევნით იცავენ კანონს და მის მოთხოვნებს, შესაბამისად, სამედიცინო პერსონალმა დაიცვა კანონის მოთხოვნები.

კლინიკაში არ ადასტურებენ, რომ მათ გადასცეს წერილი ჟურნალისტებს, რადგან ეს კანონით აკრძალულია.

„არსებობს კანონით დადგენილი ფორმა და მოთხოვნის შემთხვევაში პაციენტის პირადი ნივთები გაიცემა მხოლოდ მის ახლობლებზე, ანუ ოჯახის წევრზე. ასევე, კანონითვე პირდაპირაა განსაზღვრული შემთხვევები, როდესაც პაციენტის პირადი ნივთები გადაეცემა პოლიციას,“ – განმარტეს კლინიკაში.

კლინიკაში არ აქვთ ინფორმაცია, იმყოფებოდნენ თუ არა თორნიკე რიჟვაძის ოჯახის წევრები კლინიკაში.

პროსახელისუფლებო მედიის მიერ გავრცელებული ტექსტის მიხედვით, თორნიკე რიჟვაძე თვითმკვლელობის მცდელობის წინ მიმართავს ბიძინა ივანიშვილს და მას „საკუთარი ოჯახის დაცვას სთხოვს“. 

პროსახელისუფლებო მედიას წერილის დამადასტურებელი ფოტომასალა არ გაუვრცელებია. მათ მიერ გავრცელებულ ტექტსში არ ჩანს, თუ ვისგან სთხოვს ბიძინა ივანიშვილს ოჯახის დაცვას თორნიკე რიჟვაძე.

შსს-ს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, დღეს, 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალექსი ახვლედიანის სახლში თვითმკვლელობა სცადა აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. შსს-ს თანახმად რიჟვაძეს გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობა.

შს სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. მალევე პროსახელისუფლებო მედიამ გაავრცელა წერილი, რომლის ნამდვილობა დადგენილი არაა.

შსს-ს თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით დაკავებულია ერთი პირი.

„ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ ეს პირი ალექსი ახვლედიანია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: