„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ფეისბუქზე ეხმიანება დღეს, 7 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა.
„თორნიკე რიჟვაძის შავბნელი ისტორია (თვითმკვლელობის ვერსია აშკარად შეთხზულია) ყველა ქოცისთვის გაკვეთილი და გამოფხიზლების საფუძველი უნდა იყოს – მინისტრისთვის თუ პროკურორისთვის, პროპაგანდისტისთვის თუ ბიზნესმენისთვის – ყველა ივანიშვილის მოღალატეობრივი სისტემის ჭანჭიკი ხართ და ეს სიბნელე თქვენამდეც მოვა, აუცილებლად მოვა.
ზოგს დაგიჭერთ, ზოგს ქვეყნიდან გაგაქცევთ (ვისაც არ გაგიმართლებთ, ოხანაშვილი დაგადგებათ თავზე და გაიაშვილის დახმარებით, აირზენას სპეცრეისით ისევ საქართველოში აღმოჩნდებით, გახარიასავით ხომ არ უმართლებს ყველას).
მძიმე სათქმელია და კი, ზოგს თვითმკვლელობამდე მიგიყვანთ და ზოგს უბრალოდ გაგაქრობთ.
ნურავის დაავიწყდება რა აქვს ამ კაცს ნაკეთები 90-იანი წლების რუსეთში. ან ხელისუფლებაში როგორ მოვიდა, მას 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ერთი ციდა გვამზე გადავლაც შეუძლია.
მისთვის ადამიანის სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს, განსაკუთრებით, მათი სიცოცხლის, ვინც იყიდა.
ის ხომ თვლის, რომ თქვენი სხეულიც და სულიც მას ეკუთვნის. ასე იცის ეშმაკთან გარიგებამ. გერმანელი ავტორები უყვარს თქვენს პატრონს და „ფაუსტი“ წაიკითხეთ, ბიჭებო.
წაიკითხეთ და მერე ხმა ამოიღეთ სანამ მიწიერი ჯოჯოხეთის დასრულება ერთად შეგვიძლია ამ ქვეყანაში. სანამ განკითხვის დღეს მარტო დარჩებით.
თავისუფლება პოლიტპატიმრებს! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ! – წერს თინა ბოკუჩავა.
შს სამინისტროს ცნობით, დღეს, 7 ივლისს, საგარეჯოში მდებარე კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.






