ბათუმისთვის ელექტროავტობუსების შეძენის საკითხი გადაიდო

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებს სულ ცოტა 25 ახალი, დიზელზე მომუშავე ავტობუსი უნდა დაემატოს. მიუხედავად იმისა, რომ ავტოპარკის განახლებაზე საუბარი რამდენიმე წელია მიდის, ახალი ავტობუსების შესაძენად ტენდერი ამ დრომდე არ გამოცხადებულა. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ამბობენ, რომ ტექნიკურ დოკუმენტაციას ამჯერად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი [EBRD] სწავლობს, ტენდერს კი ბანკისგან მიღებული საბოლოო დოკუმენტების საფუძველზე გამოაცხადებენ.

EBRD-ისგან „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ „საბოლოო ტექნიკურ დოკუმენტაციას“ ერთ კვირაში ელოდებიან. „შესაძლოა შესასყიდი ავტობუსების რაოდენობა გაიზარდოს“ – აცხადებენ კომპანიაში. ახალ ავტობუსებს ბათუმისთვის EBRD-ის სესხით შეიძენენ.

ბათუმისთვის 10 ელექტროავტობუსის შეძენის საკითხი კვლავ გაურკვეველია.

„ამჯერად ტენდერი გამოცხადდება ევრო-5 დიზელზე მომუშავე ახალი ავტობუსების შეძენაზე… რაც შეეხება რაოდენობას, ამას უახლოეს დღეებში დავაზუსტებთ და გავასაჯაროებთ. ელექტროავტობუსების შეძენა მომდევნო ეტაპზე მოხდება. ეს შეთანხმებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთანაც“ – განაცხადა, დაახლოებით ერთი თვის წინ „ბათუმელებთან“ ბადრი ფარტენაძემ, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელმა.

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე 13 გონიოელს მიწა დაუბრუნეს

ბათუმის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 13 გონიოელს მიწის საკუთრება აღუდგინა. გადაწყვეტილება კომისიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე დავით კოპინაძემ თქვა, რომ კომისიის წევრებმა თითოეული შემთხვევა დეტალურად შეისწავლეს. „დადგინდა, რომ მიწის საკუთრების მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი მოწმობები არ გააჩნიათ,”- დასძინა კომისიის თავმჯდომარემ.

“ტაში უნდა დაგიკრათ ალბათ. დიდი მიღწევაა, თუკი ამდენი წლის და 36 სასამართლო პროცესის შემდეგ ეს დაადგინეთ,” – მიმართა კომისიას ანა ბერძენიშვილმა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”იურისტმა. ეს ორგანიზაცია გონიოელების ინტერესებს იცავს.

კომისიამ ასევე ხელახლა მიიღო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან პასუხი.

“სააგენტო არ არის წინააღმდეგი ამ მიწების საკუთრებაში გადაცემის. მთავარია, მოსახლეობა წინასწარ იყოს ინფორმირებული ძეგლის დაცვის ზონაზე,” – აღნიშნა დავით კოპინაძემ.

სააგენტომ წინა წელსაც იგივე პოზიცია დააფიქსირა და ამის მიუხედავად ბათუმის მუნიციპალიტეტის მიწის კომისიამ საკუთრების აღდგენაზე უარი თქვა.

54 გონიოელის სარჩელი ბათუმის მერიის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე დააკმაყოფილა. ამის შემდეგ მიწის საკუთრების აღიარების კომისია 31 აგვისტოს შეიკრიბა და თქვა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პოზიციის გაგება იყო საჭირო. მაშინ კომისიის სხდომაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტმა განაცხადა, რომ სააგენტოს პოზიციაზე აპელირებით მიწის კომისია მიზანმიმართულად აჭიანურებდა პროცესს, რადგან ერთსა და იმავე საკითხზე მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განსხვავებული პოზიცია ვერ ექნებოდა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მხოლოდ ოთხმა გონიოელმა მოახერხა მიწის საკუთრების დარეგისტრირება, 21 მოქალაქე რეგისტრაციის პროცესშია, ხოლო 29 მათგანის საქმეს ამ დრომდე ხელახლა სწავლობს ბათუმის მერიის მიწის საკუთრების აღიარების კომისია.

IMG_20171013_164727

 

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ხულოში

ხულოს საკრებულოს მოქმედი წევრი, პროფესიით იურისტი, ნუგზარ სოლომონიძე „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატია ხულოში. ხულოს საკრებულოში 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ენმ-ის კვოტით შევიდა, მას შემდეგ, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ თანაგუნდელები გამოეყო და ცალკე პარტია ჩამოაყალიბეს, ნუგზარ სოლომონიძე „ევროპული საქართველოში“ გადავიდა. 2000-2002 წლებში ის კურორტ ბეშუმის იურისტად, ხოლო 2010-2013 წლებში დიაკონიძეების თემში წამყვან სპეციალისტად მუშაობდა.

ბატონო ნუგზარ, რატომ გაემიჯნეთ „ნაციონალურ მოძრაობას“?

ისეთები იყვნენ გუნდში, რომ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებდნენ, ეს იყო მიზეზი. „ევროპული საქართველო“ კი ხალხის აზრს ითვალისწინებს.

რატომ გინდათ მერობა?

ჩემს ხალხს რაც სჭირდება, აინტერესებს და გულისტკივილი აქვს, მინდა მაქსიმალურად დავეხმარო.

რა სჭირდება ხალხს ხულოში?

ყველაფერი… დახმარებები, რომელიც შეუჩერეს, მინდა აღვუდგინო, არაკანონიერად მოხდა შემწეობის შეწყვეტა, შემოსავლის წყარო არ გასჩენია მოსახლეობას, სოფლის პროგრამები გააუქმეს.

რა უნდა გაკეთდეს, რომ მოსახლეობას შემოსავლის წყარო გაუჩნდეს?

ხულოში, დაახლოებით 9 000 აბონენტია, რომელიც ელექტროენერგიას მოიხმარს, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში თითოეულ ოჯახს საჩუქრად 200 კილოვატი გადაეცემა, ჰესების მშენებლობით ბიუჯეტში მილიონი ლარი შემოდის, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს აქედან გადავიხდით – 200 კილოვატი რომ ვაჩუქოთ მოსახლეობას, არაფერი დააკლდება ბიუჯეტს.

ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოსახლეობას შემოსავალს გაუჩენს?

200 კილოვატი, რომელიც დაახლოებით 30 ლარია და გადასახდელი რომ არ ექნება გლეხს, იგივე შემოსავლის წყაროა. ჩემი გამარჯვების შემთხვეევაში პენსია 40-ლარით გაიზრდება.

მუნიციპალიტეტი გაუზრდის პენსიას, როგორ?

პრემიების სახით, ხარჯის სახით, საწვავის სახით.

თქვენ  ხულოს მოქმედი საკრებულოს წევრი ხართ, რა ვერ გააკეთეთ სამი წლის განმავლობაში და რატომ?

საკითხები, რასაც ვითხოვდით არ შესრულდა, საკრებულოში შესვლის პირველ წელს ცენტრალურ ბიუჯეტს მილიონ 700 ათასი ლარი დაუბრუნეს, პროექტები ვერ სრულდებოდა, დღემდე ცენტრალურ ბიუჯეტში ხულოდან 3 მილიონამდე თანხაა დაბრუნებული, მიზეზი ის არის, რომ პროექტები არ აქვთ დროულად დაგეგმილი. გასულ წელს, ბეშუმში გზის, წყლისა და შუქის მოწყობის პროექტები ერთად ჩადეს.

რა ინიციატივა გქონდათ და რომელი იყო არსებითი?

ფრაქციის სახელით ვითხოვდით მოსახლეობისთვის თუნუქის ფურცლების დარიგებას, ყოფილ სასამართლოს შენობაში მცხოვრები ოჯახების გადაყვანას ვითხოვდით ახალ სოციალურ სახლში, ასევე გვინდოდა, რომ საყოფაცხოვრებოს შენობაში მცხოვრებ 12 ოჯახს საცხოვრებელი საკუთრებაში გადასცემოდა. ეს შენობა ნაციონალების დროს გადაეცა მოსახლეობას და დღემდე დასაკანონებელი აქვთ.

თქვენ ამბობთ, რომ ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს გადაეცა მოსახლეობას ბინები, თავის დროზე რატომ არ დაუკანონეთ?

მოსახლეობა რომ შევასახლეთ მალე ხელისუფლებაში „ოცნება“ მოვიდა და არ დაუკანონეს.

თქვენი მოთხოვნებიდან რომელიმე თუ გაითვალისწინა საკრებულომ?

არ ვიცი… ერთადერთი მოთხოვნა – თუნუქის სახურავების შეძენა გაითვალისწინეს, საკრებულოს სხდომაზე არ გადიოდა ჩვენი საკითხები.

ხულოს საკრებულომ, რამდენი ისეთი პროექტი მიიღო, რომელიც სოფლის განვითარებას ხელს შეუწყობდა?

ასეთი პროექტები არ ყოფილა. ჩვენ, დამატებით თანხის გამოყოფას ვითხოვდით მოტობლოკების შესაძენად. სამინისტროს პროგრამით მოტობლოკები და რაც მოდიოდა, თავიანთ აქტივისტებს დაუნაწილეს.

როგორც მოქმედი საკრებულოს წევრი, პროექტების ხარჯვით ნაწილსა და შესრულებული სამუშაოების ხარისხზე მონიტორინგს თუ ახორციელებთ?

ბოლო სამი-ოთხი თვე ამისთვის არ მეცალა.

ადგილობრივ ბიუჯეტს მხარს არ უჭერდით, თქვენი აზრით რა მოთხოვნებს ვერ პასუხობს მუნიციპალური ბიუჯეტი?

იყო საკითხები, რასაც  მხარს არ ვუჭერდით, მაგალითად, დიაბეტის პროგრამა, ზოგიერთი პროექტები კი არამიზნობრივად იყო გაწერილი, მუნიციპალური ბიუჯეტი არასწორად იგეგმება. თუ ოჯახს სახურავის გადასახურად 10 კუბური მეტრი სამასალე მერქანი სჭირდება, მხოლოდ 3 კუბამეტრს აძლევენ, ეს  არ ჰყოფნის, არაერთხელ ვთხოვეთ ან 2-3 ოჯახს მივცეთ და დაასრულოს მშენებლობა, ან ნაწილ-ნაწილ ნუ აძლევთ-მეთქი.

თქვენ საუბრობთ, რომ სამოქმედო გეგმა არასწორად დგინდება, თქვენ თუ გაქვთ დეტალურად გაწერილი ხულოს განვითარების სამოქმედო გეგმა?

გვაქვს გაწერილი, გამარჯვების შემთხვევაში გადაწყდება, რაც სჭირდება მოსახლეობას. გზა წყალი… ყველაფერი, ზოგ სოფლებში გზები საერთოდ არ არის, ავარიულ მდგომარეობაშია.

 ყველა პარტიის თუ კანდიდატის მთავარი დაპირება არის წყლის, გზისა და შუქის პრობლემების მოგვარება. რატომ ვერ გვარდება ეს პრობლემები და რატომ უნდა დაგიჯეროთ ამომრჩეველმა, რომ ამის გაკეთებას მაინც და მაინც თქვენ მოახერხებთ? 

შესრულდება, მუნიციპალიტეტს საკმარისი ბიუჯეტი გააჩნია, დამატებით თანხები შემოდის ბიუჯეტში ჰესების მშენებლობით.

თუმცა, თქვენ უკვე თქვით, რომ ჰესებიდან ქონების გადასახადის სახით შემოსული თანხა მოსახლეობის მიერ გახარჯული ელექტრო ენერგიის საფასურის გადახდას მოხმარდება…

ამის რესურსები არსებობს.

მოსახლეობა მიიჩნევდა, რომ ჰესების მშენებლობით მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა – სახლები დაებზარათ და სასმელი წყლები დაიკარგა. ისინი ხშირად მართავდნენ საპროტესტო აქციებსაც. თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? 

მე ვიყავი გზების გადაკეტვებისა და აქციების მომწყობიც, სოფელ დიაკონიძეებში ვცხოვრობ და დაშრა პირადად ჩვენი მამაპაპისეული წყარო, რომლითაც ცხრა ოჯახი ვსარგებლობდით. მოგვიყვანეს წყალი, მაგრამ არასაკმარისია. არის ოჯახები, რომლებსაც წყალი არ მიუყვანეს, კომპანია გაჩერების სანაცვლოდ 3000-5 000 ლარს სთავაზობს მათ. არაერთხელ მოვითხოვეთ, ხალხისთვის მიეხედათ. ხელშეკრულება, რომელიც მოსახლეობასა და კომპანიას შორის გაფორმდა, წყლის დაკარგვის შემთხევაში, ექვსი თვის ვადაში, თუ ალტერნატივა არ გამოჩნდა, ის ოჯახი უნდა დაეკმაყოფილებინათ აჭარის ტერიტორიაზე [საცხოვრებლით]. არც ეს შესრულდა. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში კომპანიას იძულებულს გავხდი, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს.

სასამართლოს მიმართავთ?

რა თქმა უნდა. მოვიწვევ ექსპერტებსაც, კომპანია არ აღიარებს, რომ წყალი მის გამო დაიკარგა.

ხულოში ძირითადად მეცხოველეობას და მეკარტოფილეობას მისდევს მოსახლეობა, რა შეიძლება გაკეთდეს მუნიციპალურ დონეზე სოფლის მეურნეობის ამ სფეროების გასავითარებლად?

დიოკნისის თემში არის რძის გადამამუშავებელი საწარმო, ასეთი საწარმო სჭირდება ხიხაძირის თემს, ღორჯომსა და დეკანაშვილებს, 3-4 ხეხილის მიმღები საწარმოც რომ დაემატოს, მოსახლეობას შემოსავალი გაუჩნდება. ინვესტორს მოვიძიებთ.

რას გააკეთებთ ხულოსთვის მომდევნო ოთხ წელიწადში, რას შეცვლით?

ბევრ რამეს, 2 500 ოჯახი სპეციალურ დახმარებას რომ იღებდა და დღეს 900 ოჯახი იღებს, გადავამოწმებთ, მართლა გამდიდრდნენ ოჯახები, თუ ისევ ისეთ პირობებში აგრძელებენ ცხოვრებას, სოფლის პროგრამებს დავაბრუნებთ.

მოსახლეობასთან ერთად ხელისუფლებას იძულებულს გავხდი, რომ ის გააკეთოს, რაც მოსახლეობას სჭირდება, ცენტრალურ ხელისუფლებაზე დამოკიდებული არ ვიქნები.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნიორს ვერ ყიდულობს

„ლუბაშას“ ჯიშის ნიორის სათესლე მასალის ფერმერებისთვის გადასაცემად, „აგროპროექტების მართვის ცენტრს“ 48 ტონა ნიორის სათესლე მასალა უნდა შეესყიდა. ნიორი მთაში ოქტომბრის თვის ბოლომდე უნდა დაირგოს და სათესლე მასალას ამ დროისთვის 258 ბენეფიციარი ითხოვს. მათ ნიორი, 2017 წლის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსებით უნდა გადაეცეთ, თუმცა „აგროპროექტების მართვის ცენტრში“ პროგრამის ჩავარდნას არ გამორიცხავენ.

როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს „აგროპროექტების მართვის ცენტრში“ განმარტავენ, სათესლე მასალის შესყიდვა ამ დრომდე შეწყვეტილი და ჩავარდნილი ტენდერების გამო ვერ მოხერხდა.

მიმდინარე წელს, მაისის თვეში გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი [თანხა: 480 ათასი ლარი] არ შედგა, ვინაიდან მონაწილეობის სურვილი კომპანიებმა არ გამოთქვეს.

განმეორებით ტენდერი ცენტრმა იმავე ოდენობის სათესლე მასალაზე [48 ტონა] გაზრდილი თანხით – 624 ათასი ლარი – ივლისში გამოაცხადა. მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო, თუმცა ცენტრმა ტენდერი შეწყვიტა.

„აგროპროექტების მართვის ცეტრის“ დირექტორის, ჯამბულ აბულაძის თქმით: „ბაზრის კვლევით 2016 წელს კილოგრამი სათესლე ნიორის საორიენტაციო ფასი 10 ლარი იყო, ბიუჯეტიც შესაბამისად ამ გათვლებით დაიგეგმა. განმეორებითი ბაზრის კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ კილოგრამის შესყიდვა 13 ლარში იყო შესაძლებელი, რამაც მთლიანობაში  624 000 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ტენდერის შეწყვეტას, მეორედ გამოცხადებულ ტენდერში პირველი პრედენტენტის წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა სატენდერო მოთხოვნებს და კომისიის გადაწყვეტილებით დისკვალიფიკაცია მიენიაჭა, კომისიის ეს გადაწყვეტილება ამ კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გაასაჩივრა. სააგენტომ ჩვენს სატენდერო კომისიას დაავალა განმეორებით განეხილა საკითხი. კომისიამ ისევ დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო, კომპანიამ კი ეს გადაწყვეტილება ხელმეორედ გაასაჩივრა. პრეტენდენტის მოთხოვნა სააგენტომ აღარ დააკმაყოფილა და კომისიის მიღებული გადაწყვეტილება  სამართლიანად ჩათვალა. ეს ყველაფერი დროში გაიწელა, სატენდერო პირობებით, სათესლე მასალის მიწოდების ვადები ირღვეოდა, რის გამოც ტენდერი შევწყვიტეთ“.

სახელმწიფო შესყიდვაში მონწილე კომპანიებიდან „MARGIO LTD“ ნიორის შესყიდვას სააგენტოს 545 000 ლარად სთავაზობდა, „ჰერმესი“ – 523 380 ლარად და „მათე +“ – 499 201 ლარად.

სათესლე ნიორის შეძენაზე მესამედ, სექტემბერში გამოცხადებული ტენდერის შედეგებიც გასაჩივრდა. ტენდერში ორმა კომპანიამ „მსოფლიო ტექნიკა“ და „MARGIO LTD“ მიიღო მონაწილეობა. ნიორის შესყიდვას ორივე 624 000 ლარად სთავაზობდა ცენტრს. სატენდერო კომისიამ კი გამარჯვებულად „MARGIO LTD“ გამოაცხადა, რაც „მსოფლიო ტექნიკამ“ გაასაჩივრა.

„თანაბარი ფასის შემთხვევაში გამარჯვებულად ის ვლინდება, ვინც პირველი ღებულობს ტენდერში მოანწილეობას. ჩვენ ველოდებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილებას. სააგენტომ საჩივარი განიხილა, თუმცა კომისიას გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთვის ათდღიანი ვადა აქვს, სავარაუდოდ ორ დღეში აიტვირთება გადაწყვეტილება“ – გვითხრა ჯამბულ აბულაძემ.

იმ შემთხვევაში თუ კომისიის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გასაჩივრდება და შესაბამისად, სატენდერო პერიოდიც გაიწელება, ჯამბულ აბულაძე პროგრამის ჩავარდნას არ გამორიცხავს: „ნიორის დარგვა ბეშუმში აშკარად გვინდება… შევხედავთ, თუკი ისეთ ვადებში გადავედით, რომ შეუძლებელია დათესვა, ასეთ შემთხვევაში ადეკვატური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა პროგრამა წელს არ განხორციელედეს, ყველაფერი ელექტრონულ ტენდერზეა დამოკიდებული“.

ამ დროისთვის ნიორის სათესლე მასალის მიმღები ბენეფიციარებიც არ არის შერჩეული. ვინ მიიღებს სათესლე ნიორს სახელმწიფოს 30%-იანი თანადაფინასებით და რა ოდენობით? – საბოლოო გადაწყვეტილებას ბენეფიციართა შესარჩევი კომისია იმსჯელებს.

ცენტრის ინფორმაციით, კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იქნებიან, უპირატესობა კი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს მიენიჭება. კოოპერატივის შემთხვევაში, მოთხოვნის საფუძველზე მაქსიმუმ ოთხ ჰექტარზე გაიცემა ნიორი. ამ დროისთვის ნიორის თესლს, 258 ფერმერი ითხოვს. მთლიანობაში, მოთხოვნა 40 ჰექტარზე მოდის, პროგრამულად 48 ტონა ნიორი 32 ჰექტარზე უნდა დაითესოს.

ნიორი„ნიორის თესლს, ძირითადად, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებიდან ითხოვენ. არის მოთხოვნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხინოდან. რაც შეეხება კრიტერიუმებს, მთავარი მოთხოვნაა ფერმერს მიწის საკუთრების, ან სარგებლობის დამადასტურებელი ცნობა გააჩნდეს. პირველ ეტაპზე კოოპერატივებთან ერთად უპირატესობა მიენიჭება მას, ვინც გაცილებით მეტ ფართზე აპირებს ნიორის მოყვანას“.

ფერმერი, ნიორის სათესლე მასალის ფასს, ტენდერით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ის ოდენობით გადაიხდის. მაგალითად, თუ ამ შემთხვევაში სააგენტო კომპანიის საჩივარს არ დააკმაყოფილებს, ფერმერები 1კგ ნიორში 3 ლარსა და 90 თეთრს გადაიხდიან, მაგრამ, თუ ნიორის შესასყიდად სააგენტო განმეორებით ტენდერს გამოაცხადებს, ნიორის ღირებულება უკვე ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ შეთავაზებული ღირებულებიდან განისაზღვრება.


ამავე თემაზე:

ხულოში ართმელაძეების ოჯახის მიერ გამოყვანილი ეკოლოგიურად სუფთა ნიორი ევროპის ბაზარზეც გაიყიდა

კოლეჯი ,,გოლდენსიი” მიღებისა და დასაქმების ახალ ტალღას იწყებს

შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯი ,,გოლდენსიი” მიღებისა და დასაქმების ახალ ტალღას იწყებს. კოლეჯი სასწავლო პროცესს ახორციელებს დუალური პრინციპით. სტუდენტები სასწავლო პროცესს გადიან დამსაქმებლებთან, რაც მათ აძლევს შანსს,  მარტივად მიიღონ საბოლოო შედეგი – დასაქმდნენ.

გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ჩვენი კოლეჯის სტუდენტები, რომლებიც თორიულ და პრაქტიკულ სწავლას დამსაქმებელთან გადიოდნენ, დასაქმდნენ სწორედ იმ სამუშაო ადგილას, სადაც მიმდინარეობდა სასწავლო კურსი (სასტუმრო ლეოგრანდი,სასტუმრო პიაცა).

[highlight color=”red”]კოლეჯში არ არის მისაღები გამოცდები, სწავლის მსურველთათვის შეზღუდული არ არის ასაკი!!![/highlight]

ლეილა გოგიტიძე – შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „გოლდენ სიი“-ის დირექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ლინგვისტი
ლეილა გოგიტიძე – შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „გოლდენ სიი“-ის დირექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ლინგვისტი
კოლეჯი აცხადებს მიღებას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

[checklist]

  • სასტუმროს საქმისმწარმოებელი
  • სარესტორნოს საქმისმწარმოებელი
  • ბართენდერი
  • გიდი
  • ოფისისმენეჯერი (მდივან – რეფერენტი)
  • ელექტრიკოსი
  • მზარეული
  • ბუღალტერი
  • მასაჟისტი
  • სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი

[/checklist]

შავიზღვის საერთაშორისო კოლეჯი ,,გოლდენსიი” არის გზა თქვენი წარმატებისაკენ!

დეტლური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577190653; 579120775

მისამართი: დ.თავდადებულის 49.

ელ.ფოსტა: Leila.gogitidze@gmail.com; batumigoldensea@gmail.com

სტუდენტები „კოლიზეუმ მარინაში“ შეფმზარეულის მეთვალყურების ქვეშ გადიან სასწავლო პრაქტიკას
სტუდენტები „კოლიზეუმ მარინაში“ სასწავლო პრაქტიკაზე
სასტუმრო „ლეოგრანდში“ სტუდენტებისთვის სპეციალური სასწავლო სივრცეა მოწყობილი, სადაც პრაქტიკასთან ერთად თეორიულ სწავლებასაც გადიან სტუდენტები. სასწავლო პროცესს უძღვება გაყიდვებისა და რეზერვაციის მენეჯერი ნინო მოწყობილი
სტუდენტები სასტუმრო „ლეოგრანდში“
გიდის სპეციალობის სტუდენტები ბოტანიკურ ბაღში
გიდის სპეციალობის სტუდენტები ბოტანიკურ ბაღში

ბათუმის მერობის კანდიდატების ქონება და გამოცდილება – „გამჭვირვალობის“ კვლევა

ორგანიზაცია „გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების ხელმძღვანელმა მალხაზ ჭკადუამ დღეს ჟურნალისტებს კვლევა წარუდგინა, რომელიც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ ბათუმის მერობის კანდიდატებად დასახელებული პირების, ასევე პარტიული სიების პირველი ნომრებისა და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატებად დასახელებული პირების ქონებას, ბიზნესინტერესებსა და მათ სამუშაო გამოცდილებას ეხება.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“

ლაშა კომახიძე – ბათუმის მერობის კანდიდატი

1998-2000 წლებში „საქართველოს საზღვაო ბანკში“ ანალიტიკური განყოფილების სპეციალისტად, საინვესტიციო განყოფილების უფროსად მუშაობდა, 2001-2003 წლებში კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ასლან აბაშიძის თანაშემწედ, ეკონომიკური საბჭოს მდივნად, შემდეგ კი ავტონომიური რესპუბლიკის ხაზინის უფროსად მსახურობდა. 2004-2008 წლებში კერძო ბიზნესორგანიზაციებში მენეჯერის პოზიციაზე (შპს „გორგია“, შპს „დეკო“) გადაინაცვლა. 2008-2016 წლებში აჭარაში გაეროს განვითარების პროგრამაში სხვადასხვა პროექტის მენეჯერი იყო, მათ შორის ENPARD-ს ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (2013 – 2016 წწ.). 2016 წლიდან, ვიდრე მერობის კანდიდატად დასახელდებოდა, იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი.

ქონება და ბიზნესინტერესები:

2016 წლის 16 სექტემბერს საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ლაშა კომახიძე ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე, 86-ში, 70.27 კვ. მ. საცხოვრებელ ფართობს და ამავე მისამართზე 73.70 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ ფართობს ფლობს.

მერობის კანდიდატს ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ კომპანია Plastic Card Distribution-ში 30%-იანი წილის მართვის უფლება პარტნიორისათვის აქვს გადაცემული ისევე, როგორც კომპანია K & K-ს შემთხვევაში (ლაშა კომახიძე კომპანიის 50%-იან წილს ფლობს).

არც ერთ ამ კომპანიას ლაშა კომახიძის სოფლის მეურნეობის მინისტრობამდე და შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია.

სულიკო თებიძე – პარტიული სიის პირველი ნომერი

„ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ნომერი, 2012 წლიდან 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრის პირველი მოადგილე იყო. 2008-2011 წლებში ბათუმის მე-18-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, დირექტორობამდე – პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა.

ქონება:
2017 წლის 24 იანვარს წარდგენილ ქონებრივ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ სულიკო თებიძე ბათუმში სამ ბინას (6300 აშშ დოლარად; 18000 ლარად და 49240 აშშ დოლარად შეიძინა) ფლობს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, სულიკოს თებიძისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე არც ერთი კომპანია რეგისტრირებული არ არის.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

ლევან ანთაძე – ბათუმის მერობის კანდიდატი

ლევან ანთაძე 2008-2012 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი იყო. მინისტრობამდე მერის მოადგილე და “ბათუმის წყლის” დირექტორის პოზიციებზე მუშაობდა. 2012 წლის შემდეგ კი ჯერ სადაზღვევო სექტორში, შემდეგ კი ჰოსპიტალური ქსელის “მედალფას” აჭარა-გურიის რეგიონული დირექტორი იყო.
ქონება:
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ლევან ანთაძე ფლობს ორ ბინას ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ლუკა ასათიანის ქუჩებზე. ლევან ანთაძეს და არც მის მეუღლესკომპანიებში აქტივები არ აქვთ.

მირდატ ქამადაძე – საარჩევნო სიის პირველი ნომერი

2004 – 2007 წლებში იყო აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს იურიდიული სამსახურის უფროსი. 2007-2012 წლებში კი იურიდიული კომპანია შპს “ბი-ჯი-აი ედვაიზორი სერვისიზ ჯორჯიას” იურისტი. 2012 – 2015 წლებში იურიდიული კომპანია შპს “იურიდიული ოფისის” დამფუძნებელი და ამავე კომპანიის იურისტი იყო. 2015 წლიდან დღემდე არის იურიდიული კომპანია შ.პ.ს GLG-ის დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი. 2016 წლის 8 სექტემბერს, ქამადაძემ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 5 ათასი ლარი შესწირა.

საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“

პეტრე ზამბახიძე – ბათუმის მერობის კანდიდატი 

2016 წელს პეტრე ზამბახიძე “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიით მეოთხედ გახდა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი. საბჭოში პირველ არჩევამდე ზამბახიძე აჭარის საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, უფრო ადრე კი სხვადასხვა საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდა.
2013-2016 წლებში პეტრე ზამბახიძემ ჯამში 2600 ლარი გადარიცხა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანგარშიზე.

ქონება:
2017 წლის 16 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ზამბახიძე ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მემკვიდრეობით მიღებულ ბინას ფლობს.
მერობის კანდიდატი არც ერთი კომპანიის მეწილე არ არის.

რაულ თავართქილაძე – პარტიული სიის პირველი ნომერი

რაულ თავართქილაძე, “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატის პეტრე ზამბახიძის მსგავსად, წლების განმავლობაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყო. სხვადასხვა დროს იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე. “ნაციონალური მოძრაობის” დატოვების შემდეგ ხელმძღვანელობს “ევროპული საქართველოს” ბათუმის ორგანიზაციას.

ქონება: 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, რაულ თავართქილაძე კურორტ ბეშუმში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დეკანაშვილებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს ფლობს.
2014 წელს 1 200 ლარის ღირებულების არაფულადი შემოწირულობა განახორციელა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ.

„დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო“

ომარ ფარტენაძე – მერობის კანდიდატი და საარჩევნო სიის პირველი ნომერი

ომარ ფარტენაძე ბათუმის საკრებულოს მოქმედი წევრია. თვითმმართველობის ორგანოში “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” პროპორციული სიით არჩევამდე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა, მანამდე კი ამავე უნივერსიტეტში სხვდასხვა ადმინისტრაციულ და აკადემიურ თანამდებობას იკავებდა. .
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ომარ ფარტენაძე ბათუმში, მთისძირის ქუჩაზე ფლობს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთს, სხვენს მემედ აბაშიძის ქუჩაზე და მშენებარე კორპუსში საცხოვრებელ ფართობს კლდიაშვილის ქუჩაზე. 2014 წელს მან “ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას” 275 ლარი შესწირა.

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

თენგიზ თავდგირიძე – მერობის კანდიდატი

2012 წლის აგვისტო-დეკემბერში ხელმძღვანელობდა ბათუმის მუნიციპალურ არასამეწარმეო იურიდიული პირს – ხელოვნებისა და კულტურის ცენტრს.
თენგიზ თავდგირიძე „საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების აჭარა-ლაზეთის სადროშოს დარბაზს“ ხელმძღვანელობს. არის შპს “განძის” დირექტორი და 50%-იანი მეწილე – რეესტრის მონაცემებით, კომპანიის საქმიანობის კონკრეტული სფერო განსაზღვრული არ არის; ასევე მოსახლეობის ინტერესთა დამცველი კავშირი „ბარცხანელისა” და ქართულ-აფხაზური მეგობრობის საზოგადოება “ძმობის” გამგეობების თავმჯდომარეა.

არჩილ მამულაძე – პარტიული სიის პირველი ნომერი

ქონება და ბიზნესინტერესები:
საჯარო რეესტრის მონაცემებით, პროფესიით იურისტი და ეკონომისტი 2010 წელს რეგისტრირებული კომპანია “ოზანის” დირექტორია, კომპანიის ორივე მეწილე თურქეთის მოქალაქეა. 2010 წელს თურქეთის მოქალაქეების მონაწილეობით დარეგისტრირდა სხვა კომპანიაც – შპს ეფ ბი ემი, რომლის 5%-ს “პატრიოტთა ალიანსის” წევრი არჩილ მამულაძე ფლობს. რეესტრის მონაცემებით, მამულაძე ბათუმში, თამარის დასახლებაში 52 კვ. მ ბინას ფლობს.

„შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“

ჯელალ ქიქავა – მერობის კანდიდატი და პარტიული სიის პირველი ნომერი

ლეიბორისტების პარტიული სიის პირველი ნომერი შპს “ჯელო-ტრანსის” დირექტორი და 100%-იანი მეწილეა. კომპანიას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია. ქიქავა ხელვაჩაურში, ორთაბათუმში ფლობს არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთს (ს/კ 22.22.07.005), ბინას ბათუმში, რუსთაველის ქუჩის 10 ნომერში.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატები

ჯუმბერ ვარდმანიძე – ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი

ჯუმბერ ვარდმანიძე ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობამდე ბათუმის საზღვაო აკადემიაში ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში მუშაობდა, ასწავლიდა ისტორიას სხვადასხვა უნივერსიტეტში.

ქონება:

2017 წლის 28 სექტემბერს წარდგენილი დეკლარაციით, ფლობს ორ-ორ მიწის ნაკვეთს და საცხოვრებელ სახლს მახინჯაურში. 2015 წელს კი ბათუმში, ჭავჭავაძის #6-ში 121 კვ. მ. კომერციული ფართი საჩუქრად გადასცეს.ჯუმბერ ვარდმანიძეს დეკლარაციაში მითითებული არ აქვს მისი მეუღლის ია ზეიშვილის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაბა მახინჯაურში. ჯუმბერ ვარდმანიძეს და ოჯახის წევრებს კომერციულ ორგანიზაციებში ინტერესები არ აქვთ.

მირიან ქათამაძე – ქობულეთის მერობის კანდიდატი

სამუშაო გამოცდილება:
2006-2014 წლებში “ბათუმის საზღვაო ნავსადგურში” იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შემდეგ კი მმართველი დირექტორი გახდა; ეწეოდა კერძო საადვოკატო საქმიანობას. ქობულეთის მერობის კანდიდატობამდე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე იყო.

ქონება და ბიზნესინტერესები:

2017 წლის 27 თებერვალს წარდგენილ ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ფლობს ბინას ბათუმში, ლუკა ასათიანის #51-ში, რომელიც 2011 წელს 42000 აშშ დოლარად შეიძინა. ქონებრივი დეკლარაციის წარდგენიდან თითქმის ერთ თვეში, ქათამაძის მეუღლემ ამავე მისამართზე 137 კვ.მ. ბინა შეიძინა. ეს შენაძენი მირიან ქათამაძემ 2018 წლის ქონებრივ დეკლარაციაში უნდა ასახოს.
ამავე დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მირიან ქათამაძემ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება “მგელაძე, ფალავანდიშვილი, ქათამაძე და პარტნიორების” 25%-იანი წილის ფლობიდან 2016 წელს 40 000 ლარი მიიღო (ამჟამად წილის მართვის უფლება ქათამაძის საქმიან პარტნიორს – კახა ფალავანდიშვილს აქვს გადაცემული). 2017 წლის 6 იანვრამდე აღნიშნულ საზოგადოებას მირიან ქათამაძე დირექტორობდა. ამავე დღეს მირიან ქათამაძემ კიდევ ერთი კომპანიის დირექტორობა დათმო – შპს “რელაებლ ლეგალ კონსალტინგის” დირექტორი და 100%-იანი მეწილე მისი ძმა მირზა ქათამაძე გახდა.

ლევან გორგილაძე – ქედის მერობის კანდიდატი

ლევან გორგილაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა ექიმთერაპევტად, ბათუმის სამედიცინო-კრიმინალისტიკური ლაბორატორიის გამგედ. 2012-2016 წლებში აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. ამჟამად ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის დირექტორია.

ქონება და ბიზნესინტერესები:
ლევან გორგილაძე ამ დრომდე არის შპს ლევგორ 100%-იანი მეწილე. 2012 წელს რეგისტრირებული კომპანიის საქმიანობის სფერო სამედიცინო მომსახურების გაწევა და საზოგადოებრივი კვების ორგანიზებაა. სახელმწიფო შესყიდვებისა და კონკურენციის სააგენტოს მონაცემებით, კომპანიას სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა არ მიუღია.

ლევან გორგილაძე ფლობს 92 კვ.მ საცხოვრებელ ბინას ბათუმში, გორგასლის #159ბ-ში, ასევე 70 კვ.მ ბინას ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის #9-ში და 120 კვ.მ ბინას ფარნავაზ მეფის #43-ში.

შუახევის მერობის კანდიდატი – ფრიდონ ფუტკარაძე

2004-2005 წლებში მუშაობდა გამომძიებლად შუახევში, შემდეგ შსს-ს აჭარის სამმართველოს უფროს გამომძიებლად, ხულოს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 2012-2014 წლებში იყო შსს-ს შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსი, კანდიდატად დასახელებამდე კი შსს-ის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უფროსი.

ქონება და ბიზნესინტერესები:
2017 წლის 23 ივნისს წარდგენილ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ ფრიდონ ფუტკარაძემ 1990 წელს მემკვიდრეობით მიიღო ბინა, სახლი და მიწის ნაკვეთი შუახევში. ფრიდონ ფუტკარაძეს დეკლარაციაში არ მიუთითებია, რომ მისი მეუღლე ნესტან ფუტკარაძე ფლობს 50%-იან წილს 2009 წელს რეგისტრირებულ კომპანია “ეკოტური GE”-ში. შპს-ს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია.

გოჩა მელაძე – ხულოს მერობის კანდიდატი

2006-2007 წლებში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში იურისტად მუშაობდა, 2008-2009 წლებში კი აჭარის გარემოს სამმართველოს იურიდიულ განყოფილებაში, 2009-2011 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის იურიდიული სამმართველოს იურისტი იყო. 2011-2017 წლებში „ბათუმის პორტში“ ჯერ ოფიცერი, შემდეგ ცვლის უფროსი, საბაჟო-გამშვები პუნქტ “სარფის” ცვლის უფროსი. 2017 წლის დასაწყისიდან ხულოს მერობის კანდიდატად დასახელებამდე იყო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „გოდერძი რიზორტის“ დირექტორის მოადგილე.

მერიამ „ოცნების“ კანდიდატის ოჯახის კომპანიას მილიონნახევრიანი ხელშეკრულება გაუფორმა

ბათუმის მერიამ მილიონნახევრიანი ხელშეკრულება გაუფორმა „აჭარგანათებას“. კომპანია ბათუმში რუსთაველის დასახლებაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის ირაკლი თოფურიძის ოჯახს ეკუთვნის. კომპანიის დირექტორი, ნიკოლოზ თოფურიძე, ირაკლი თოფურიძის ძმაა, კომპანიის 52 პროცენტის მფლობელი ზოია დოლიძე კი – დედა.

ბათუმის მერიამ კომპანიას ზუსტად მილიონ 509 999 ლარის ღირებულების სამუშაო დაუკვეთა. „აჭარგანათებამ“ საახალწლოდ ბათუმის მორთულობა და ნაძვის ხეების მონტაჟი და უნდა უზრუნველყოს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანია ასევე ვალდებულია უზრუნველყოს დამონტაჟებული საახალწლო ნაძვის ხეებისა და მანათობელი აქსესუარების კონსტრუქციების მოვლა-პატრონობა მათ დემონტაჟამდე.

მერიამ ამ სამუშაოების შესასრულებლად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, ტენდერში მხოლოდ „აჭარგანათება“ მონაწილეობდა და გამარჯვებაც მას დარჩა. მერიას შესყიდვის ღირებულებად მილიონ 510 000 ჰქონდა განსაზღვრული, ტენდერის შედეგად შესყიდვის ღირებულება არ შემცირებულა.

22522429_1883141911715226_1465460435_o

22532283_1883142051715212_1800220308_o

22471865_1883142201715197_1313115928_o

ვის საარჩევნო პროგრამაში მოხვდა ფაროსანა

აზიური ფაროსანას გამო დღეს ბათუმის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. მანამდე, 25 სექტემბერს, ფაროსანას შესევის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა ბათუმის 23-ე საჯარო სკოლის მეორე სართულზე. ფაროსანამ სოფლებში თხილის მოსავლის დიდი ნაწილი დააზიანა.

ფაროსანა მოხვდა „ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო პროგრამაშიც, სადაც ვკითხულობთ:

„ბათუმის განაპირა უბნებში, განსაკუთრებით სოფლის ტიპის დასახლებებში, ხშირია სხვადასხვა მავნებლების გააქტიურე­ბა. განსაკუთრებით საგრძნობია ამერიკული პეპელას, აზი­ური ფაროსანასა და სხვა პარაზიტების მოქმედება. ქალაქ ბათუმის მერია, საქართველოს სურსათის უვნებლობის სამ­სახურსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველ­ყოფს მავნებლების წინააღმდეგ ეფექტიანი ღონისძიებების გატარებას,“ – აღნიშნულია პროგრამაში.

საუბრობენ თუ არა სხვა პოლიტიკური სუბიექტები თავიანთ პროგრამებში ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაზე?

ლევან ანთაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატი: „ცალკე ფაროსანაზე საარჩევნო პროგრამაში საუბარი არ არის. ფაქტია, რომ ეს ღონისძიებები საჭიროა და მთავრობამ ამას თავი ვერ გაართვა. „ქართულმა ოცნებამ“ რომ ეს ახლა პროგრამაში ჩაწერა, ეს ცვლის რამეს?“

ფაროსანა არც პეტრე ზამბახიძის საარჩევნო პროგრამაშია. „ევროპული საქართველოს“ ბათუმის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ ის ამომრჩეველს ჰპირდება თვითმმართველობის ეფექტურ მუშაობას „ეფექტურმა თვითმმართველობამ კი მსგავს პარაზიტებთან გამკლავება უნდა შეძლოს“, – დასძენს პეტრე ზამბახიძე.

ფაროსანა საარჩევნო პროგრამაში არა, მაგრამ „პატრიოტთა ალიანსის“ ბათუმის მერობის კანდიდატის ოჯახში შესულა.

„ბარცხანაში ვცხოვრობ, ორი-სამი ცალი მოვკალი უკვე… პროგრამაში არ ჩაგვიწერია, რადგან ფაროსანა ძირითადად რაიონებს აწუხებს. პროგრამაში ჩაწერა არაფრის მომცემია, საქმე უნდა გაკეთდეს,“ – გვითხრა თენგიზ თავდგირიძემ.

 

 

ფაროსანას გამო ბათუმში საბავშვო ბაღებმა სააღმზრდელო პროცესი შეაჩერეს

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ საბავშვო ბაღებში სამუშაო პროცესი სამი დღით შეწყვიტა. გაერთიანების განცხადებით, მიზეზი ბაღებში აზიური ფაროსანას შეწამვლის სამუშაოებია.

„მწერის გასანადგურებლად შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური სპეციალური ხსნარებით დაამუშავებს და შეწამლავს საბავშვო ბაღების ეზოებს. სამი დღით სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტა აღსაზრდელების უსაფრთხოების გამო გადაწყდა,“ – აღნიშნულია ბათუმის საბავშო ბაღების განცხადებაში.

სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ბათუმის საბავშო ბაღებში 18 ოქტომბრის ჩათვლით შეჩერდება.

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ნატალია ზაქარეიშვილი ამბობს, რომ შაბათ-კვირას საბავშვო ბაღების ეზოები და შენობები შეიწამლება, თუმცა მეორე დღესვე შენობაში ბავშვების შეყვანა არ შეიძლება, ეზოები და შენობა ჯერ სპეციალური ხსნარით დამუშავდება, შემდეგ დასუფთავდება და სააღმზრდელო პროცესი 19 ოქტომბერს განახლდება. რაც შეეხება კერძო საბავშვო ბაღებს, ისინი დამოუკიდებლად იღებენ მუშაობის შეჩერებისა თუ განახლების გადაწყვეტილებას.

ამავე თემაზე: 

ფაროსანას გამო ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა 

 

ძარცვისთვის „სანტას“ 4 წელი მიუსაჯეს

27 წლის ჯემალ მარშანიას მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჯემალ მარშანიას ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაუდასტურა, რომ მან ახალი წლის საღამოს სანტას ფორმაში გამოწყობილმა სათამაშო იარაღის მუქარით გაძარცვა „იალჩინ მარკეტში“ მდებარე სავალუტო ჯიხური.

საუბარია გასული წლის 31 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე. სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით ჯემალ მარშანია 14 იანვარს დააკავეს. მას კონკრეტულად 9 800 ლარის გატაცებას ედავებოდნენ. დაკავებულმა პოლიციის განყოფილებაში წარდგენილი ბრალი აღიარა, თუმცა სასამართლო ეტაპზე ბრალდება უარყო და თქვა, რომ სანტას ფორმა, რომელიც პოლიციელებმა ჩხრეკის დროს მის ავტომანქანაში იპოვეს, საკუთარი შვილების გასართობად ჰქონდა.

ვიდრე მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდა, ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ ბრალდებულისთვის არ ჩაუცვამთ სანტას ფორმა და არ ჩატარებულა ექსპერიმენტი – იყო თუ არა ჯემალ მარშანია ის, ვინც „იალჩინ მარკეტის“ ვიდეოათვალთვალო კამერის ჩანაწერზე დაფიქსირდა.

„ბატონო მოსამართლევ, დააკვირდით, კადრში ჩანს ჩაფსკვნილი სანტა, ეს კიდევ სუსტია. კადრში ჩანს, რომ ქუდს სამი კანტი აქვს, მანქანაში ნაპოვნ სანტას ფორმას – ორი. ჩაგეცვათ ეს ფორმა ბრალდებულისთვის, იქნება და არ ეტევა საერთოდ. გარდა ამისა, ავტომანქანის ჩხრეკა ჩატარდა უკანონოდ. არ მომხდარა მისი დალუქვა. მარტივად შესაძლებელია, რომ პოლიციელებმა იყიდეს სანტას ფორმა და ჩადეს ავტომანქანაში, რომ მერე ეთქვათ, დანაშაული გავხსენითო,“ – აღნიშნა ადვოკატმა სოსო ჯალაღონიამ.

დაცვის მხარე დნმ-ის კვალზეც ამახვილებდა ყურადღებას. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ჯემალ მარშანიას დნმ-ის კვალი ქუდზე დაფიქსირდა.

„თუმცა ექსპერტებმა დაგვიდასტურეს, რომ ცდომილება არის დიდიო. ქუდი ჯემალს პოლიციის განყოფილებაში დაახურეს, როცა ის გამოკითხეს და ძალადობის გზით აიძულეს მათთვის სასურველი ჩვენების მიცემა,“ – დასძინა ადვოკატმა.

მსჯავრდებულის ახლობლების თქმით, ჯემალ მარშანია სამართალდამცველებმა აიძულეს, მათ შორის, ფიზიკური ძალადობის გზით, მიეცა გამოძიებისთვის სასურველი ჩვენება. ახლობლები ვერ აკონკრეტებენ, რა ინტერესი შეიძლება ჰქონოდა გამოძიებას კონკრეტულად ჯემალ მარშანიას მიმართ, ან რატომ არ განაცხადა მან ძალადობის შესახებ აქამდე.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა საბოლოოდ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა და ყაჩაღობის ნაცვლად, ძარცვისთვის მიუსაჯა სასჯელი. თუკი ჯემალ მარშანიას ყაჩაღობისთვის გაასამართლებდნენ, მას 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა.

დაცვის მხარე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივბრებას აპირებს.

რატომ უნდა შეიძინოთ ბინა ბათუმის ბულვარში მშენებარე „ალიანს პალასში“ – ათი ფაქტი

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფი“ შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმის ბულვარში უმაღლესი კლასის, 41-სართულიან ცათამბჯენს აგებს. ეს მრავალფუნქციური, პრემიუმ-კლასის აპარტამენტებია გამართული ინფრასტრუქტურით, თანამედროვე ცხოვრებას მორგებული საჭიროებებითა და კომფორტით.

ქვემოთ ჩამოთვლილი ათი ფაქტი ბათუმში „ალიანს პალასის“ უნიკალურობას გამოკვეთს.

[checklist]

  • „ალიანს პალასი“ მათთვისაა, ვისაც მრავალფუნქციური გარემო იზიდავს. ცათამბჯენის პირველ ხუთ სართულზე ცნობილი ბრენდის, Courtyard Marriott-ის სასტუმრო განთავსდება. რესტორნები და კაზინო – აქ ყველაფერია თქვენი გართობისათვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდასაჭერად – „ალიანს პალასი“ ერთ სივრცეში აერთიანებს სპა და ფიტნეს სერვისებსაც.
  • ზედა სართულებზე განთავსდება კომფორტული აპარტამენტები. „ალიანს პალასი“ ყველაზე მაღალი ცათამბჯენია ბათუმში, საიდანაც ჩიტების ფრენის სიმაღლიდან დაჰყურებთ ქალაქს.

[/checklist]

[checklist]

  • „ალიანს პალასში“ აპარტამენტის ფლობა ნიშნავს ზღვიდან მონაბერ სუფთა ჰაერს თქვენს სახლში. ყველა აპარტამენტს აქვს აივანი, საიდანაც საოცნებო ხედი იშლება მთელ ქალაქსა და შავი ზღვის სანაპიროზე.
  • ენერგოეფექტური, უსაფრთხო, მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები – მაღალი ხარისხი „ალიანს ჯგუფის“ სავიზიტო ბარათია.
  • თავისუფლება მომაბეზრებელი წვრილმანებისგან – თქვენ მხოლოდ ცხოვრებით ტკბობა გევალებათ. „ალიანს პალასის“ კონსიერჟები, დამლაგებლები, ტექნიკური და უსაფრთხოების სამსახურები თქვენს ნაცვლად იზრუნებენ ყოველდღიურ, ყოფით წვრილმანებზე.

[/checklist]

[checklist]

  • თქვენ არ გიწევთ ზრუნვა სად გააჩეროთ ავტომობილი, „ალიანს პალასს“ საკუთარი მიწისქვეშა ავტოპარკინგი აქვს.
  • ერთი კვადრატული მეტრი ბინის ფართობის ღირებულება „ალიანს პალასში“ 1400$-ია. შეთავაზებისა და სერვისების გათვალისწინებით ეს საუკეთესო ფასია პრემიუმ-კლასის აპარტამენტებისთვის.
  • „ალიანს პალასში“ შეძენილი აპარტამენტი ინვესტიციაა. შეგიძლიათ თვითონ გააქირავოთ აპარტამენტი ან მართვის საერთაშორისო კომპანიას მიანდოთ ეს საქმე.
  • მთლიანი თანხის გადახდა გსურთ? თქვენი მონდომება შეუმჩნევლად არ დარჩება და ისარგებლებთ ექსკლუზიური, სპეციალური ფასდაკლებით.

[/checklist]

Fusion Studio TIFF File

[checklist]

  • შეგიძლიათ აპარტამენტის ღირებულების 30 პროცენტი წინასწარ გადაიხადოთ, შემდეგ კი კომპანიის შიდა უპროცენტო განვადებით ისარგებლოთ და ეტაპობრივად დაფაროთ ხარჯები ან ერთ დღეში მიიღოთ კომპანიის პარტნიორი ბანკებისგან იპოთეკური სესხი – შემოსავლის შემოწმების გარეშე.

[/checklist]

„ალიანს პალასის“ უპირატესობების ჩამონათვალი კიდევ შეიძლება გაგრძელდეს. ამ უპირატესობებს ამყარებს სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფის“ მრავალწლიანი ისტორია.

კომპანიას ოცზე მეტი გრანდიოზული პროექტი აქვს განხორციელებული საქართველოში და ბოლო თერთმეტი წლის მანძილზე ორას მილიონ დოლარზე მეტი აქვს დაბანდებული უკვე დასრულებულ პროექტებში. ასევე, „ალიანს ჯგუფი“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც სასტუმრო-აპარტამენტების ბიზნეს-მოდელი დაამკვიდრა.

იჩქარეთ, „ალიანს პალასში“ აპარტამენტების მშენებლობა 2018 წლის ივნისში დასრულდება და მომავალი ზაფხული თქვენ უკვე შეგეძლებათ გაატაროთ თქვენი ოცნების სახლში, ბათუმის სანაპიროზე.

დაგვიმეგობრდით ფეისბუქზე – Alliance Group 

„ჭოროხის გზის“ ერთკილომეტრიანი მონაკვეთი 1 მილიონად გაკეთდება

„ჭოროხის გზის“ [მონაკვეთი: მახოს ხიდი-გონიოს ხიდი] ერთკილომეტრიან მონაკვეთს კომპანია „ტ.ტ.“ შეაკეთებს, რომელთანაც აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტმა ხელშეკრულება მიმდინარე წლის 27 სექტემბერს 1 031 073 ლარზე გააფორმა. სამუშაოები 2017 წლის 20 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

შესაბამის ტენდერში „ტ.ტ.“-ს გარდა „ზიმო 7“-იც მონაწილეობდა, რომლის შეთავაზება 1 073 737 ლარი იყო. გზის ერთკილომეტრიან მონაკვეთზე წელს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობაა დაგეგმილი.


„წელს შესრულდება პირველი ეტაპის სამუშაოები, რომლებიც გზის ერთკილომეტრიან მონაკვეთზე ჩატარდება. მეტი ვერ მოესწრება. მთლიანობაში გზა 5,7 კილომეტრი სიგრძისაა და მისი სრული რეკონსტრუქცია 2018 წლის აგვისტომდე დასრულდება. ალბათ, მომავალი წლის იანვარში გამოვაცხადებთ მეორე ტენდერს. მთლიანობაში, ამ გზისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 8 მილიონ 229 ათასი ლარი დაიხარჯება,“ – გვითხრეს აჭარის გზების დეპარტამენტში.

კითხვაზე, არის თუ არა გათვალისწინებული ის ფაქტორი, რომ ამ ტერიტორიაზე ბათუმის შემოვლითი გზა უნდა აშენდეს, დეპარტამენტში გვიპასუხეს, რომ „ჭოროხის გზას“ და დასაგეგმ „შემოვლით გზას“ ერთმანეთთან საერთო არ ექნება.

„ჭოროხის გზის“ სრული, კაპიტალური შეკეთება-რეაბილიტაციით, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად განიტვირთება ტრაილერებისგან და სატვირთო ავტომანქანებისგან ბათუმი-ახალციხის გზა ანგისიდან მახოს ხიდამდე მონაკვეთში,“ – აცხადებენ დეპარტამენტში. მათივე ინფორმაციით, გზაზე სამუშაოების პარალელურად ნაპირგამაგრების სამუშაოებიც ჩატარდება რაც პროექტითაა გათვალისწინებული. ამავე პროექტით დაგეგმილი მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, „ჭოროხის გზაზე“ მძიმეწონიანი ავტომანქანებიც თავისუფლად იმოძრავებენ.

„ჭოროხის გზა“
„ჭოროხის გზა“

 

Lasertag-ი (ლაზერული ფეინთბოლი) უკვე ბათუმშია

Lasertag (ლაზერული ფეინთბოლი) არის მაღალტექნოლოგიური თამაში, რომელიც იძლევა საშუალებას მოწყვიტოთ ბავშვები კომპიუტერულ თამაშებს, ხოლო მოზარდებმა დაისვენოთ დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ. ასევე, შეგიძლიათ აღნიშნოთ დაბადების დღეები და აჩუქოთ დაუვიწყარი წუთები თქვენს შვილებს.

20604195_468308373556246_223393525100674517_n

Lasertag (ლაზერული ფეინთბოლი) არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო თამაში, რომელიც მოიცავს 800 კვმ სათამაშო მოედანს და თამაშისას არ გამოიყენება ტყვია. თითოეულ მონაწილეს ლაზერული იარაღით შეუძლია ინფრაწითელი სხივებით სროლა. (მსგავსი სხივები გამოიყენება სატელევიზიო დისტანციურ საშუალებებში).

20375690_467799463607137_7451520227757229134_n

Lasertag (ლაზერული ფეინთბოლი) არ არის მხოლოდ გასართობი, არამედ ის არის სპორტული თამაში, რომელიც ანვითარებს რეაქციას, სისწრაფეს, გუნდურობას, გამძლეობას და სიზუსტეს. Lasertag (ლაზერული ფეინთბოლი) თამაშების სცენარები შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს: დროშის აღება, მძევლების გათავისუფლება და ა.შ.

20374594_464948377225579_7682489069389129434_n

იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოთ ზემოაღნიშნულ ღონისძიებაში, საკმარისია ეწვიოთ სასტუმროში “მარინა კოლიზეუმი” განთავსებულ ლაზერულ კლუბს Lasertag Georgia-ას შერიფ ხიმშიაშვილის ქ. # 16.

[highlight color=”red,”]შეგიძლიათ დაგვირეკოთ დაჯავშნოთ თამაში და დაბადების დღეების აღნიშვნა წინასწარ მობ.: 595 13 20 20[/highlight]

20430142_466060910447659_8369428467534790805_n

 

გოდერძი-ბეშუმის გზის რეაბილიტაციის 5-მილიონიან ტენდერში 4 კომპანია მონაწილეობს

გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციოდ საქართველოს მიმდინარე და მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტებიდან, მთლიანობაში, 4 997 679 ლარი გამოიყოფა. გზის რეაბილიტაციაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დასრულდა. დეპარტამენტს სამუშაოების შესრულება ოთხმა კომპანიამ შესთავაზა. ესენია: „არალი“, „არნაბი 21“, „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1“ და „ზიმო-7“.

„წინადადებების განხილვა ჯერ არ დაწყებულა. დეპარტამენტი შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას, ტექნიკურ მონაცემებს, შემოთავაზებებს და ამის მიხედვით შეირჩევა კომპანიები. შემდეგ მოხდება მათი ფასების გახსნაც, თუ ვინ რამდენად შეასრულებს სამუშაოს და დაბალი შემოთავაზების მქონე კომპანია გამოცხადდება გამარჯვებულად. გააჩნია რა მასალებია წარმოდგენილი, შესაძლოა დაზუსტება გახდეს საჭირო, ამდენად, პროცესს შესაძლოა ერთ თვეზე მეტი დრო დაჭირდეს,“ – გვითხრეს გზების დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოში.


გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის გზაზე ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოებია:

ტრასის აღდგენა და გამაგრება; არსებული ბუჩქნარის და მცირე ზომის ხეების გაკაფვა; არსებული ელ. გადამცემი ბოძების და კაბელების გადატანა; გვერდულებისა და კიუვეტების გაწმენდა; მიწის სამუშაოები; რკინა-ბეტონის კიუვეტების მოწყობა; რკინა-ბეტონის მილების შეკეთება-მოწყობა; გაბიონის საყრდენი კედლების მოწყობა; არსებული რკინა-ბეტონის ხიდის შეკეთება; სარწყავი წყლისათვის ლითონის მილების მოწყობა; საგზაო სამოსის მოწყობა ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარით; საგზაო ნიშნების მოწყობა; სავალი ნაწილის მონიშვნა და სხვ.

გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის [კმ 1 – კმ 6 მონაკვეთი] სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან – 14 თვე. მიმწოდებელი ვალდებული იქნება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყება ხელშეკრულების გაფორმებიდან – 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

ბეშუმი – მთის კლიმატური კურორტია ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კმ-ში, ზღვის დონიდან 1850-1900 მ-ზე. კურორტი დაბა ხულოდან 30 კმ-ში მდებარეობს.

კურორტი ბეშუმი
კურორტი ბეშუმი

ბილ ვიოლა – ვიდეოარტისტი, რომელიც ცხოვრებას ნაწილებად შლის

ბილ ვიოლა ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეო-არტისტია. დაბადება, გარდაცვალება, შიში, სევდა, სიხარული – 66 წლის არტისტის ნამუშევრები ემოციებს შთამბეჭდავი ფერებით, შენელებული კადრებით გადმოსცემს. ცხოვრების ნაწილებად დაშლა და მშვიდად თვალიერება ბილ ვიოლას მეთოდია.

ვიდეო-არტი მისი პირველი ნამუშევრების გამოჩენისთანავე იქცა თანამედროვე ხელოვნების განუყოფელ ნაწილად. არტისტის ნამუშევრებს პერიოდულად მსოფლიოს ყველა დიდ მუზეუმსა და გალერეაში აჩვენებენ.

ვიოლა 70-იანი წლების დასაწყისიდან შეუდგა ვიდეოარტზე მუშაობას, დღემდე ექსპერიმენტულ ხელოვნებას ქმნის და ხშირად ციფრული და აუდიოვიზუალური ტექნოლოგიების რევოლუციონერადაც მოიხსენიებენ.

წელს, 2017 წლის 30 ივნისიდან 9 ნოემბრამდე ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმი ბილ ვიოლას რეტროსპექტივას მასპინძლობს, რომელზეც 70-იანი წლებიდან დღემდე შექმნილი ვიდეოარტები იქნება წარმოდგენილი. რეტროსპექტივის მნახველებს საშუალება ეძლევათ არტისტის განვითარების გზას დააკვირდნენ 70-იანი წლებიდან დღემდე.

როგორც Louisiana Channel-ისთვის 2013 წელს მიცემულ ინტერვიუში ამბობს, ბილ ვიოლასთვის კამერა სულებზე დაკვირვების საუკეთესო საშუალებაა. არტისტის მიერ სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ეს ვიდეოარტები ცხოვრების ბევრი მომენტის შეჩერებას და დაკვირვებას გაიძულებთ.

Egg Hatch – I Do Not Know What It Is I Am Like

Reflecting Pool

The Dreamers

The Lovers

ხულოში გამოყვანილი ნივრით ევროპის ბაზარზე

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთში მცხოვრებ ართმელაძეების ოჯახს ნიორი ორი წელია გამოჰყავს. ართმელაძეებმა ნიორი პირველად სოფლიდან 17 კილომეტრით დაშორებულ მთა ლოდიძირზე 2015 წლის შემოდგომაზე დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრზე დარგეს და პირველი მოსავალიც – ერთი ტონა ნიორი შარშან შემოდგომაზე მიიღეს. ხულოში ართმელაძეების ოჯახის მიერ გამოყვანილი ეკოლოგიურად სუფთა ნიორი ევროპის ბაზარზეც გაიყიდა.

ფოტო ჯემა ართმელაძის ფეისბუქ გვერდიდან
ფოტო ჯემალ ართმელაძის ფეისბუქგვერდიდან

„სახელმწიფო პროგრამით 150 კილოგრამი სათესლე ნიორი უფასოდ მივიღე. როცა სათესლე ნიორი შემოიტანეს, კარტოფილი ახალი აღებული გვქონდა და მთაში იმ ნაკვეთზე, სადაც კარტოფილს ვრგავდი, ნიორი დავრგეთ. მართალია, მთაში ცივა და ზამთარიც დიდხანს გრძელდება, თუმცა ნიორი, რომელიც გამოგვყავს, ყინვაგამძლეა და ადგილობრივ კლიმატურ პირობებს შეგუებული. ნიორი რომ მოვიდეს, 210 დღე სჭირდება, თუმცა რადგანაც მთაში მქონდა დარგული, სადაც ზამთარი დიდხანს გრძელდება, საჭიროზე მეტ ხანს გავაჩერე. პირველი მოსავალი გასულ წელს შემოდგომაზე მივიღე, კარგი მოსავალი მოვიდა, დაახლოებით ერთი ტონა, გადავარჩიეთ, დავაფასოეთ და 300 კილოგრამი საზღვარგარეთაც წაიღეს გასაყიდად“, – ამბობს ჯემალ ართმელაძე. თუმცა მისთვის უცნობია კონკრეტულად რომელ ქვეყანაში გაიტანეს მისი მოყვანილი ნიორი.

რაც შეეხება დანარჩენ მოსავალს, ართმელაძეებმა ის იქვე, სოფელში გაყიდეს: „ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულის ყიდვის მსურველი საკმარისი იყო, ნივრის გამოყვანაში შხამქიმიკატები არ გამომიყენებია, მხოლოდ  ორგანული და ბიოლოგიური სასუქი გამოვიყენე. ერთ კილოში 10 ლარს მიხდიდნენ. კმაყოფილი ვარ პირველი მოსავლით, საკუთარ მეურნეობაში მოყვანილი ნიორი, გასული წლის შემოდგომაზე, სახლის მიმდებარედ ბოსტანში დავრგე და მეორე მოსავალიც წელს აგვისტოში ავიღე, 300 კილომდე. ნიორი გასაყიდად ბათუმში არ ჩამაქვს, სახლში მაკითხავენ და ადგილზე ვყიდი“.

ართმელაძეებს სარეალიზაციოდ ნივრის გარდა კარტოფილიც გამოჰყავთ, თუმცა ახლა ნიორის დარგვას იმ ტერიტორიებზეც აპირებენ, სადაც მანამდე კარტოფილს რგავდნენ. ამბობენ, რომ უფრო მომგებიანია და მოსავლის გადატანაც შედარებით მარტივია.

„ნივრის თესლი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თანადაფინანსებით უნდა შემოიტანოს, როგორც ვიცი, ერთი კილოგრამი 4 ლარი ეღირება, იმ ოდენობის თესლს შევისყიდი, რომ  3 500 მეტრზე დავრგო, კარგი მოსავლის პირობებში ერთი კილო ნიორიდან  7-10 კილოგრამი მოსავალი უნდა მიიღო“, – ამბობს ჯემალი.

ჯემალ ართმელაძე ფერმერულ საქმიანობას პროფესიასაც უთავსებს, პროფესიით იურისტ – ეკონომისტია და ხულოს ბაღების გაერთიანებაში მუშაობს. ამბობს, რომ რთულია სამსახურს სოფლის მეურნეობა შეუთავსო, თუმცა ამას ოჯახის კეთილდღეობისთვის აკეთებს.

„ძირითადად ხელით ვმუშაობთ, ვთესავთ, ვმარგლავთ, გვალვის დროს ვრწყავთ და ბოლოს ვიღებთ. მიღებულ მოსავალს გადარჩევა და დაბინავება უნდა. მართალია, ტექნიკას შეუძლია ნიორი დათესოს, თუმცა ჯერ არ გამომიყენებია. სამომავლოდ ნიორის დარგვას მექანიზატორით ვაპირებთ, ნებისმიერი ბოსტნეულისა თუ ხილის გამოყვანა რთული და შრომატევადია, მაგრამ მთავარია, მომგებიანი იყოს. ხულოში, ძირითადად, მეკარტოფილეობაა გავრცელებული. ერთი და იმავე მიწის ნაკვეთზე შეიძლება კარტოფილიც დარგო და ნიორიც, წონით შეიძლება მეტი კარტოფილი მოიყვანო, ვიდრე ნიორი, თუმცა ნიორი უფრო ძვირია. თან მისი წაღება გასაყიდად უფრო მარტივია“.

მიუხედავად იმისა, რომ მთაში გამოყვანილ ნიორზე მოთხოვნა საზღვარგარეთაც დიდია, ამბობს, რომ ურჩევნია ადგილზე ნაკლებ ფასად გაყიდოს, ვიდრე თავად გაიტანოს ევროპაში.

„აგროწესების დაცვით თუ არ შეინახე, ერთი კილო ნიორი წონაში 30-40%-ს იკლებს. ჩვენ, ფერმერებს, გვირჩევნია ადგილზე ნაკლებად ჩავაბაროთ ნიორი და იყოს რეალიზატორი, რომელიც საზღვარგარეთ გაიტანს, ვიდრე ჩვენ წავიღოთ. რეალიზატორმა უკეთ იცის შენახვის წესები, სოფელში მცხოვრებლები ასეთ დეტალურ ინფორმაციას მოკლებული ვართ“.

ფოტო ჯემა ართმელაძის ფეისბუქ გვერდიდან
ფოტო ჯემალ ართმელაძის ფეისბუქგვერდიდან

ტარიელ შავაძე ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონია

ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ტარიელ შავაძე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 70 წონით კატეგორიაში, მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ჩემპიონატი, რომელიც ბულგარეთში ჩატარდა, შავაძემ ფინალურ თამაშში სომეხ არამიას პოღოსიანს 1:0 მოუგო, მანამდე კი  ფრედერიკ მიშელ პაულსი ანგარიშით 3:0, ანდრეს ჰამერსი – 8:0 და ერგუდერ ბეკისდამატსი – 10:0 დაამარცხა.

ტარიელ შავაძე წარმოშობით ხულოდანაა,  წლებია გერმანიაში ცხოვრობს და საქართველოს სახელით ასპარეზობს.

ფოტო - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია
ფოტო – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

ხვალიდან აჭარაში ორი დღით, პერიოდულად გამოიდარებს, თუმცა შემდეგ ისევ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი – ასეთია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი.

„ხვალ, 13 ოქტომბერს, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში 20-15 გრადუსი იქნება, მთაში – 10-15 გრადუსი.

14 ოქტომბერს შენარჩუნდება უნალექო ამინდი, 15 და 16 ოქტომბერს კი აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ელვა და ჭექა, ზოგან ძლიერი. ზღვაში შტორმი არის არის, ღელვა 2-3 ბალია,“ –  უთხრეს „ბათუმელებს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში.

„ევროპული საქართველოს“ სიის პირველი ნომერი ხელვაჩაურში: ხალხს ციფრებით ლაპარაკი არ აინტერესებს

ხულოს საკრებულოს წევრი მურად გორგაძე ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეობას აპირებს. იგი ხულოს საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით შევიდა, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი. ახლა „ევროპულ საქართველოშია“ და ამბობს, რომ ხელვაჩაურში „ყველა პრობლემას აღმოფხვრის“.

როგორ და რა ფინანსური რესურსით? – ამ კითხვებზე საპასუხოდ მურად გორგაძემ გვითხრა, რომ ციფრები არ ახსოვს, თუმცა პროგრამა გაწერილია და იგი სამუშაო ოთახში დატოვა, რადგან, მისი აზრით, „მოსახლეობას ციფრებით ლაპარაკი არ აინტერსებს.“

ბატონო მურად, რატომ გადაწყვიტეთ ხულოს საკრებულოდან ხელვაჩაურში გადასვლა?

მე ხელვაჩაურში ვცხოვრობ ბოლო რამდენიმე წელია. მამა-პაპისეული მიწა ხულოში მაქვს და წინა არჩევნებზე მოსახლეობამ იქ გამომიცხადა ნდობა. მე კარგად მიცნობენ ხულოში და ხელვაჩაურშიც. მოსახლეობას ეჭვი არ ეპარება, რომ მათთვის ვზრუნავ და არა ჩემი ჯიბისთვის…

რის გამო დატოვეთ „ნაციონალური მოძრაობა“ და შეუერთდით „ევროპულ საქართველოს“?

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ვიყავი 2010 წლიდან, მანამდე ბანკის ოპერატორად ვმუშაობდი, თემის რწმუნებულიც ვიყავი… ეს პარტია არ მომწონდა, რადგან ერთპიროვნულად ხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება. ეს იყო ჩემთვის მიუღებელი. იყო აზრთა სხვაობები, რასაც მე არ ვეთანხმებოდი.

ამის დასანახად ექვსი წელი დაგჭირდათ?

არა, რა შუაშია, როცა გამოჩნდა პარტია, რომელიც ჩემს შეხედულებებთან ახლოს იყო, იქ გადავედი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბოლო დროს მიიღეს დაუკითხავად რაღაც გადაწყვეტილებები, რაშიც ჩვენი ხედვები არ გაითვალისწინეს და ამან გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. ყველა დეტალის მოყოლა ახლა არ მინდა.

„ევროპული საქართველო“ რის გამო აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო?

ევროპული ღირებულებები და სრული დემოკრატია. ეს არის ამ პარტიაში. მოსახლეობის დევნა კი არა, მათთან ახლოს ყოფნაა საჭირო, მათი აზრის გათვალისწინება. ჩვენ დეტალურად უნდა ჩვწვდეთ მათ სულში, რა არის მათთვის მტკივნეული. პოლიტიკოსების ერთმანეთის ლანძღვა-გინება მოსახლეობისთვის მიუღებელია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ როცა აქციები დააანონსა პარლამენტში, ჩვენმა გუნდმა თქვა, რომ ერთმანეთის სიძულვილი არ გვინდა, ჩვენ უნდა განვავითაროთ ქვეყანა დემოკრატიული გზით. ასეცაა, პარლამენტარმა უნდა ილაპარაკოს პარლამენტში, კანონი უნდა მიიღოს.

როცა ამდენი წელი იყავით „ნაციონალურ მოძრაობაში“, მაინც ამ პარტიასთან დაკავშირებულად ხომ არ აღგიქვამთ ამომრჩეველი?

არა, რადგან მე ვარ პიროვნება. მთელი ცხოვბრება ხალხის სამსახურში ვარ და ვაკეთებ სწორ საქმეს, არასწორი ნაბიჯი ჯერ არ გადამიდგამს. მე ვარ მურად გორგაძე და ცუდი გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, ხალხი კარგად მიცნობს. იციან, რომ მე მათ სამსახურში ვარ. სადმე სამსახურში თუ იქნები, შენი ჯიბისთვის კი არა, ხალხისთვის უნდა იზრუნო, მათი ინტერესები გაითვალისწინო. ხალხი ამას ხედავს და აფასებს, თორემ პარტიაში რომელში იქნები, ამას დიდად არ აქცევს ყურადღებას ხალხი.

მაშინ დამოუკიდებელი დეპუტატობა რატომ არ სცადეთ?

მომწონს „ევროპული საქართველო“ და ამ პარტიაში ვარ ახლა. დამოუკიდებელ დეპუტატს ბევრი რესურსი სჭირდება, თან მარტო რთულია, როცა პარტია გიმაგრებს ზურგს, ეს ბევრს ნიშნავს…

რას ჰპირდებით მოსახლეობას, თუკი ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი გახდით?

თუ ჩვენი პარტია მოვიდა სათავეში, გლობალური საკითხია, მაგრამ ვაპირებთ პენსიების გაზრდას. ვიდრე პირველად მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მოსახლეობამ მინიმუმი უნდა მიიღოს. ჩვენ ვაპირებთ გზების მოწესრიგებას ყველა სოფელში, გაზიფიცირებას. მთავარი პრობლემა ხელვაჩაურში არის უწყლობა. უამრავი ფული დახარჯა ამისთვის მუნიციპალიტეტმა, მაგრამ უხარისხოდ გაკეთდა საქმე, ხელმეორედ არის გასაკეთებლი. ჩვენ ყველა ამ პრობლემას აღმოვფხვრით…

რა ფინანსური რესურსით გაზრდით პენსიას ხელვაჩარში 30 ლარით?

ბიუჯეტიდან გადის ის ბიუროკრატიული ხარჯები, რაც დანამატებს და პრემიებს ხმარდება. ბიუჯეტში არის აბსოლიტურად საკმარისი თანხები, რომ პენსია 30 ლარი გაიზარდოს. ამონაწერი გვაქვს, მაგრამ ახლა თან არ მაქვს, რომ კონკრეტულად გიპასუხოთ.

ანუ პრემიების და დანამატების გაცემას საერთოდ აღარ აპირებთ?

ეს ხარჯები უნდა შემცირდეს. პრემია უნდა მიიღოს მხოლოდ იმან, ვინც იმსახურებს. გარდა ამისა, კიდევ ბევრია იქ ბიუროკრატიული ხარჯები, ძვირადღიორებულებული მანქანები, მივლინებები, ის თანხა, რაც ვერ გაიხარჯა და უკან ბრუნდება… ხელვაჩაურის ბიუჯეტი დაახლოებით 20 მილიონია. ბიუეჯტის სწორად გამოყენების შემთხვევაში, პენსიაც გაიზრდება, გაზის პრობლემაც მოგვარდება და წყლისაც.

შეაჩერებთ რომელიმე პროექტს, თუ საიდან გამოათავისუფლებთ ამდენი პროექტისთვის ფულს?

არაფერს არ შევაჩერებთ. პენსიას რაც შეეხება, დათვლილია თითოეულ მუნიციაპლიტეტში სად რა ოდენობის თანხა შეიძლება დაემატოს პენსიას. ამიტომ ვამბობთ, რომ ხელვაჩაურში 30 ლარით გაიზრდება პენსია და არა 50 ლარით. ეს კეთდება იმისთვის, რომ პირველადი მოთხოვნების დაკმაყოფილება ადამიანებმა შეძლონ.

რატომ იქნება ეფექტური პენსიის გაზრდა, იქნებ სხვა პროგრამის ამოქმედებამ უფრო გაამართლოს? პოპულისტურად ჟღერს თქვენი ეს გზავნილი და ამიტომ  გეკითხებით.

პოპულიზმი არაფერ შუაშია. პირიქით, ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ ხალხის ინტერესები. ამ თანხით პენსიონერები მინიმუმ იმას მაინც შეძლებენ, რომ გაძვირებული მედიკამენტის შეძენა შეძლონ. პროგრამულად ყველაფერს ვერ გაწერ… ეს არის ის, რის გაკეთებსაც ჩვენ მოსახლეობას პირველ ეტაპზე ვპირდებით. შემდეგ უნდა მოვიძიოთ ინვესტიციები, უნდა მოხდეს განვითარება…

რომელ სფეროში ელით ინვესტორების დაინტერესებას, თქვენი აზრით, რა რესურსი აქვს ხელვაჩაურს?

პირველ რიგში, ეს არის ტურიზმი. ხელვაჩაურში ძალიან ბევრი ხეობაა მიუხედავი. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო და ხელშეწყობა გამგეობისგან. ამ კუთხით დღეს არაფერს არ აკეთებენ…

თქვენ ახსენეთ, რომ გზებს მოაწესრიგებთ ყველა სოფელში…

საკმარისი თანხები არის რაიონის ბიუჯეტში, რომელიც არასწორად აქვთ გათვლილი და უხარისხოდ აკეთებენ. გამგეობაში ზედამხედველობის სამსახური რისთვის არსებობს? იმან უნდა გააკონტროლოს, რა როგორ კეთდება. ახლა აკეთებენ და მერე ხელმეორედ არის გასაკეთებელი იგივე საქმე. პრობლემა არის მენეჯმენტის. ტენდერს რომ გამოაცხადებ, იქ უნდა გაიმარჯვოს კომპეტენტურმა პიროვნებამ და არა ისე, რომ გუშინ გაიხსნა შპს და დღეს ტენდერს იგებს. ასეა დღეს სალიბაურში, ერგეში, ქვედა ჯოჭოში საერთოდ არ აქვს მოსახლეობას წყალი 21-ე საუკუნეში. ამ სოფლებში დახარჯულია ფული წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად, მაგრამ უწყლოდაა ხალხი.

ბათუმის გაფართოვებაზეც საინტერესოა თქვენი პოზიცია. უნდა დაუბრუნდეს თუ არა ხელვაჩაურს ის ტერიტორია, რაც ბათუმის საზღვრებში მოექცა?

ჩემი აზრით, მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენი აჭარა ერთია, ბათუმი და ხელვაჩაური რამ გაყო. მთავარია, საქმე გაკეთდეს და მოსახლეობამ სარგებელი დაინახოს და არა ის, რომ გამგეობა არის შექმნილი ბიუჯეტის უმოწყალოდ გასაფლანგავად.

გაზიფიცირებაც სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული. ამის ფულს სად ნახავთ?

რაიონის ბიუჯეტის სწორი დაგეგმარებით ეტაპობრივად ჩვენ ყველა სოფელს მივაწოდებთ გაზს. დეტალურად გაწერილი ეს არ მაქვს, რომ მოგაწოდოთ… მუშაობენ ამაზე ექსპერტები, ეკონომისტები. ჩვენ რასაც ვეუბნებით მოსახლეობას, ყველაფერი დათვლილია და გათვლილი.

ვისთვის შეიმუშავეთ ეს პროგრამა, თუ თქვენ არ გახსოვთ და ამომრჩეველს არ აცნობთ?

მოსახლეობას ციფრებით ლაპარაკი არ სჭირდება, მოსახლეობას სჭირდება რეალობა და გაკეთებული საქმე. თქვენ ეს კითხვები დაგვისვით, როცა ხელისუფლებაში მოვალთ. მერე შეგვახსენეთ, რასაც არ გავაკეთებთ.

 

 

 

 

 

ევრო 2000-ის მასწავლებელმა გაიმარჯვა ესეების კონკურსში – „მასწავლებლები კონსტიტუციაზე“

საგანმანათლებლო პორტალმა EDU.ARIS.GE საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა ესეების კონკურსი – „მასწავლებლები კონსტიტუციაზე – 2017“.

კონკურსში გამარჯვებული პედაგოგები 2017 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ საზეიმო მიღებაზე მიიწვიეს.

პრეზიდენტმა გამარჯვება მიულოცა და პირადად გადასცა ჯილდო სკოლა ევრო–2000–ის დაწყებითი კლასების პედაგოგს ცირა ქობულაძეს
პრეზიდენტმა გამარჯვება მიულოცა და პირადად გადასცა ჯილდო სკოლა „ევრო 2000“-ის დაწყებითი კლასის პედაგოგს, ცირა ქობულაძეს

სკოლა „ევრო 2000“-დან მიღებაზე მიწვეულები იყვნენ დაწყებითი კლასის პედაგოგი – ცირა ქობულაძე და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნანი ცეცხლაძე.

პრეზიდენტმა გამარჯვება მიულოცა და პირადად გადასცა ჯილდო სკოლა „ევრო 2000“-ის დაწყებითი კლასის პედაგოგს, ცირა ქობულაძეს.

 

სკოლა ევრო–2000–ის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნანი ცეცხლაძეს გადაეცა სპეციალური სერტიფიკატი
სკოლა „ევრო 2000“-ის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, ნანი ცეცხლაძეს  სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა

სპეციალური სერტიფიკატებითა და ფულადი პრიზებით პრეზიდენტმა საქართველოს რეგიონებიდან და მუნიციპალიტეტებიდან სულ 16 გამარჯვებული პედაგოგი დააჯილდოვა. მათ შორის ერთ-ერთი, ვისაც სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა, არის სკოლა „ევრო 2000“-ის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნანი ცეცხლაძე.

სკოლა „ევრო 2000“-ის დირექცია, ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ცირა ქობულაძესა და ნანი ცეცხლაძეს კონკურსში გამარჯვებას და უსურვებს ახალ წარმატებებს პედაგოგიურ მოღვაწეობაში.

ზღვისპირა ქალაქის შემოდგომა – ბათუმში ტურისტული სეზონი სრულდება

ერთი შეხედვით, ტურისტებისგან უცებ დაცლილ ქალაქზე სევდიანი არაფერია. ბულვარის კაფეში მთქნარებით უყურებს მიმტანი გოგო თურქულ სერიალს. შემოდგომის წვიმების სეზონი იწყება, ზღვა საშიშრად ტყვიისფერდება. შეფუთულია ატრაქციონები. ქალაქი ათასობით დამსვენებელმა დატოვა. სამუშაო საათებში ყველაზე ხალხმრავალ ქუჩებშიც კი კანტიკუნტად ნახავთ ადამიანებს. სამაგიეროდ წვიმიან ბულვარში შეგხვდებიან შეყვარებულები, მზე და წვიმა თანაბრად რომ უხარიათ.

პლაჟზე ცარიელი შეზლონგები დარჩა, ბუნგალო წვიმისა და ქარისგან გაიქუცა, მაგრამ უცებ გვერდით ჩაგიქროლებს წელს ზევით შიშველი, ყოჩაღი ბაბუ, რომელიც თქეშს არ ეპუება და სირბილით აპირებს სანაპირო ზოლის დალაშქვრას. შეიძლება ამ დროს კამერა დაგიჯდეს და ვერ გადაიღო, მაგრამ გრძნობ, რომ ამ ქალაქს კარგი იუმორი აქვს და არასდროსაც არ იწყენს, უბრალოდ თვითონაც ცოცხალია, ზაფხულის სადღეღამისო მხიარულებითა და კაშკაშა ფერებით იღლება და ადამიანივით სჭირდება სიმშვიდე და დასვენება.

მობუზულია პატარა პალმაც. საზღვაო სეზონი დასრულდა – უფლება აქვს უღიმღამოდ გამოიყურებოდეს და მომავალ ზაფხულამდე უხასიათოდ იყოს.

DSC_2575

 

დაცარიელებული სკამები

DSC_2527

ბამბუკები

DSC_2532

ნეკერჩხალი

DSC_2522

 

დაცარიელებული ხეივანი

DSC_2520

 

წვიმიანი ბულვარი

DSC_2676

 

სუვენირების გამყიდველი მოქუფრულ ქალაქს შემორჩენილ ტურისტებს აყოლებს თვალს და მშვიდად ეწევა

DSC_2680

 

ესეც ტურისტები. დროზე უნდა გაასწრონ წვიმას ბულვარიდან.

DSC_2568

 

DSC_2510

ცარიელი ღია კაფეების ყველაზე ხშირი სტუმარი წვიმაა.

DSC_2564

 

 ტურისტები მყუდრო, გადახურულ ადგილს პოულობენ და წვიმა აღარ აშინებთ. ერთნაირი საწვიმრებით მოივლიან ქალაქს.

DSC_2686

 

რას ყიდდნენ ამ თეთრი დახლიდან? სასმელს, სუვენირებს თუ ნაყინს?

DSC_2673

 

ეშმაკის ბორბალი მარტო დარჩა.

DSC_2633

 

ბატუტის გაბერილი, ჯადოსნული სასახლე მთელი ზაფხული ართობდა პატარებს. ახლა კი წარსულის ფერად, მაგრამ მტვრით დაფარულ მოგონებასავით ჩაფუშულა ზღვის პირას.

DSC_2665

 

 ნიჟარებს და ფერად კენჭებს აგროვებენ სანაპიროზე, მერე რა რომ წვიმს!

DSC_2650

 

მოულოდნელი ყვითელი ქოლგა მოქუფრულ ნავსადგურში

DSC_2636

 

პალმები ქარში

DSC_2647

ეს ატრაქციონი ჯერ არ შეუფუთავთ. იქნებ კიდევ გამოანათოს შემოდგომის მზემ.

DSC_2696

მეთევზეებისთვის ამინდს მნიშვნელობა არ აქვს. საწვიმარი, ქოლგა, ცოტა არაყი და წასახემსებელი.

მთავარია თევზი მოდის –  ყველაფერი კარგადაა.

DSC_2581

DSC_2590

 როცა ზაფხული მთავრდება, ქუჩები ცარიელდება და ტურისტები პლაჟს ტოვებენ, უამინდობის მიუხედავად, სანაპიროსთან რჩებიან ძველი გემები და მეთევზეები.

DSC_2603

2017 წლის ტურისტული სეზონი ბათუმში ნელ-ნელა მთავრდება.

22407806_1881172828578801_1368467014_n

 

ბათუმის დელფინარიუმი საერთაშორისო სემინარს უმასპინძლებს

12 და 13 ოქტომბერს, ბათუმის დელფინარიუმი საერთაშორისო სემინარს გამართავს, რომელიც დელფინარიუმის, თბილისის ზოოპარკის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰოლანდიელი მეცნიერების ერთობლივი ინიციატივით ტარდება.

როგორც დელფინარიუმის ადმინისტრაცია იტყობინება, სემინარის მიზანი შავი ზღვის ძუძუმწოვრების პოპულაციის კვლევა, დაავადებების კონტროლი და დიაგნოსტიკის მიმართულების განვითარება.

„სემინარის ფარგლებში ქართველ სპეციალისტებს გამოცდილებას გაუზიარებენ წამყვანი ჰოლანდიელი პათანატომები და ვეტექიმები.

ზღვის ძუძუმწოვრებთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე პროექტებს, ჩატარებულ სამუშაოებსა და კონკრეტულ მაგალითებს განიხილავენ ქართველი მეცნიერები“.

ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო პერიოდში საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, გახშირდა დელფინების გამორიყვის ფაქტები. გამომწვევ მიზეზებს სხვადასხვაგვარად ხსნიან.

„საზოგადოებისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი მასობრივი დაავადებების ვერსიაა. დელფინების გამორიყვის მიზეზების დასადგენად საფუძვლიანი სამეცნიერო მუშაობაა საჭირო, რაც სხვადასხვა სახის პათანატომიურ კვლევებს, ანალიზებსა და შესაბამის გამოცდილებას გულისხმობს. სწორედ ამ მიმართულების განვითარებისთვის დაუკავშირდნენ ერთმანეთს ქართველი და ჰოლანდიელი სპეციალისტები“-ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

ჰოლანდიელი მეცნიერების ჯგუფი ამ მიმართულებით  საქართველოსთან პარტნიორობის გაგრძელებას სამომავლოდაც აპირებენ.

 

ცვილის მუზეუმის ბედი ისევ გაურკვეველია – მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განმარტება

„დღემდე გამოკეტილი ცვილის ფიგურებისა და ბათუმის მუზეუმები აჩვენებს ხელისუფლების დამოკიდებულებას ტურიზმის მიმართ, ასევე უნიათობას და კორუფციას,“ – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ბათუმში, ლევან ანთაძემ. იგი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებისგან ვერ მიიღო პასუხი, რატომ დაიხურა მოქმედი ცვილის მუზეუმი, ან რატომ ვერ გაიხსნა სამი წლის განმავლობაში ხულოს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აბანოში მოწყობილი ბათუმის მუზეუმი.

როდის გაიხსნება ბათუმში ეს მუზეუმები მართლაც გაურკვეველია, თუმცა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი ლაშა ასლანიშვილი მიიჩნევს, რომ „ეს თემა უნდა დასრულდეს“.

ლაშა ასლანიშვილმა გვითხრა იგივე, რაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გასული წლის მაისში. მაშინ გია თავამაიშვილმა [ყოფილი მინისტრი] „ბათუმელებს“უთხრა, რომ ცვილის ფიგურების მუზეუმის შენობა არქიტექტორთა კავშირს ეკუთვნის და მიმდინარეობს მოლაპარაკება. „ქალაქის მერია და არქიტექტორთა კავშირი საუბრობდნენ ფართობზე, რომელიც მერიას უნდა გამოეყო,“ – აღნიშნა მაშინდელმა განათლების მინისტრმა.

„მიმდინარეობს მოლაპარაკება და ეს არაა მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული, ამაში ჩართულია ბათუმის მერია, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო…“ – გვითხრა დღეს ლაშა ალსანიშვილმა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსმა.

სააგენტოს ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ცვილის ფიგურების მუზეუმის საკითხი ერთ თვეში გადაწყდება, თუმცა ვერ გვისახელებს შეხვედრის თარიღს, როდის არის დაგეგმილი არქიტექტორთა კავშირსა და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა. ლაშა ასლანიშვილმა ვერც ის გვითხრა, რატომ დასჭირდა თითქმის ორწლიანი მოლაპარაკება დაკეტილი მუზეუმის გახსნას.

რაც შეეხება ახალ მუზეუმს, რისთვისაც ნახევარი მილიონი ლარი ბიუჯეტიდან 2014 წელს გამოიყო. ლაშა ასლანიშვილი განმარტავს, რომ ბათუმის მუზეუმის კონცეფციაზე აქტიურად მუშაობენ, მათ შორის გერმანელ სპეციალისტებთან. სააგენტოს უფროსი განმარტავს, რომ სააგენტოს ყოფილი უფროსი, ბიძინა აფხაზავა აპირებდა ამ მუზეუმისთვის ექსპონატების გადაცემას, რაზეც მოგვიანებით უარი თქვა. „შესაბამისად, ახალი კონცეფციის შემუშავება გახდა საჭირო,“ – დასძენს ის.

ბათუმის მუზეუმი ხულოს ქუჩაზე, ძველი აბანოს შენობაშია, სადაც რამდენიმე თვეა წყალი ჩადის გუმბათებიდან. ლაშა ასლანიშვილი სპეციალისტების რეკომენდაციას ელოდება, რომ დადგინდეს, რის გამო ჩადის წყალი მუზეუმში.

„ამის შემდეგ გაირკვევა, რა სამუშაოებია იქ ჩასატარებელი. პირდაპირ გეტყვით, რომ ტენდერი თუ იქნება საჭირო, ის წელს აღარ გამოცხადდება, რადგან მოდის ზამთარი და ნებისმიერი სამუშაოები იქნება შენობისთვის დამაზიანებელი“, – გვითხრა ლაშა ასლანიშვილმა.

რატომ არ მიმართა მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ სპეციალისტს აქამდე? – „აქამდე სპეციალისტიც ვერ ვნახეთ, ვინც რეკომენდაციას გაგვიწევდა…“ – ამბობს ლაშა ასლანიშვილი.

მთავარ ფოტოზე: ცვილის ფიგურების მუზეუმი ბათუმში 

ამავე თემაზე: ორი დაკეტილი მუზეუმი ბათუმში

„პატრიოტთა ალიანსის“ სიის პირველი ნომერი ქედაში: ალიანსი უცხოელების წინააღმდეგი არ არის

ქედის საკრებულოს მოქმედი წევრი და ამავე საკრებულოს  ფრაქცია „ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარე გენად არძენაძე „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის პირველი ნომერია 2017 წლის არჩევნებში. ის 2012-2014 წლებში „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი იყო დანდალოს თემში. 2014 წლის თებერვლიდან-ივლისამდე, ქედის გამგეობის განათლების სამსახურში ტურიზმის განყოფილების უფროსის თანამდებობა ეკავა.

ბატონო გენადი, ქედის საკრებულოში უპარტიოდ შეხვედით, მაგრამ სახელისუფლებო პარტიის ინტერესებს ატარებდით. ახლა რატომ გადაწყვიტეთ თვითმმართველობის არჩევნებზე ქედის საკრებულოში „პატრიოტთა ალიანსიდან“ მოხვდეთ?

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რომ მოსულიყო 2012 წელს ამისთვის ვიბრძოდი. მას შემდეგ სამი არჩევნები ჩავატარეთ და სამივე არჩევნებზე დანდალოს თემში „ქართული ოცნების“  პარტიის შტაბის უფროსი ვიყავი. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიულ სიაში გადანაცვლებები წავიდა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დამოუკიდებლად მებრძოლა. რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს“ – საკრებულოში მოღვაწეობის სამწლიან პერიოდში მოსაზრებები დამიგროვდა, რომ ჩემი პროექტები განვახორციელო.

რატომ უნდა დაგიჯეროთ ამომრჩეველმა, რომ ხართ ოპოზიცია და არა მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირი?

დამიჯერებენ. დანდალოს თემში 20 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა, ჩემი მოთხოვნით ბევრი რამე გაკეთდა, ბევრ რამეს მივაღწიე. ხალხი მენდობა, ბოლო სამი წლის მანძილზე თითქმის შეუძლებელი შევძელით.

კონკრეტულად რა შეძელით?

საბავშვო ბაღის, ცენტრების, ხიდების მოწყობა…

რომ არ ყოფილიყო თქვენი მოთხოვნა, ეს არ შესრულდებოდა?

ბიუჯეტიდან რა თანხებიც არის გახარჯული დანდალოს თემზე,  ყველაზე მოთხოვნა მე მაქვს გაკეთებული.

რა ვერ გააკეთეთ სამი წლის განმავლობაში და რატომ?

ბევრი რამ, არ ვიყავი უმრავლესობაში და ეგ იყო მიზეზი.

შშმ პირებისთვის, მარტოხელებისა და პენსიონერებისთვის ბევრი პროგრამის განხორციელება შეიძლებოდა, მაგრამ, რადგან უმცირესობაში ხარ, უმრავლესობა შენს მოსაზრებას არ ითვალისწინებს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სოფელ ჯალაბაშვილებიდან 36 ოჯახი დაბა ქედაში ჩავასახლეთ, მე მქონდა პროექტი, რომ მათთვის საცხოვრებელი სახლი დანდალოში აშენებულიყო. ასე ოჯახები სოფელსაც შეხედავდნენ და შემოსავალიც ექნებოდათ. ჩემი მოსაზრება არ გაითვალისწინეს, დღეს კი მოსახლეობა გამგეობის კარებთანაა ყოველდღიურად, დახმარებას და დასაქმებას ითხოვენ.

ახლა როგორ გესახებათ ამ პრობლემის მოგვარება?

მე ეს საკითხი თავის დროზე დავსვი, რაც არ გაითვალისწინეს.

ამბობთ, რომ უმცირესობაში იყავით, მაგრამ თუ გქონდათ შენიშვნები, ბიუჯეტს მხარს რატომ უჭერდით?

ჩვენ ვკამათობდით ბიუროსა და ფრაქციის სხდომებზე, საკრებულოს სხდომაზე ცირკის მოწყობას ჩვენ არ ვაპირებთ.

დღემდე ქედის საკრებულოს „ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის“ ფრაქციის თავმჯდომარე ხართ და თან ამბობთ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ არ ასოცირდებით. ეს როგორ?

2012 წელს მოსახლეობას დაპირებებს რომ ვაძლევდით, იმ დაპირებების მიხედვით არ მინდოდა სიტუაცია გამემწვავებინა. ბევრჯერ მქონდა შესაძლებლობა ბიუჯეტი ჩამეგდო, – ამის პასუხისმგებლობას ვერ ავიღებდით, მითუმეტეს ბიუჯეტს იმ ფორმით მაინც მიიღებდა საკრებულო.

თუმცა, მცდელობა არც გქონიათ…

შარშან ბიუჯეტი პირველი მოსმენით არ დავამტკიცეთ. „ქართული ოცნებიდან“ თითქმის შვიდი ადამიანი, რომელიც 2012 წელს ერთად ვებრძოდით არსებული რეჟიმს, დღემდე დაუსაქმებელია და ახლა ჩვენს გუნდშია. ისე გამოდის, რომ ვისაც 2012 წელს ვებრძოდით, დღესაც იმას ვებრძვით.

თქვენ ამბობთ, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორების დასაქმება აუცილებელი იყო? მთავარი კომპეტენცია არ არის?

განათლებულებიც არიან და კომპეტენტურებიც, თუმცა მათი დასაქმების ნება არ იყო, 20-30 წელია არიან სამსახურის უფროსებად ქედაში, თითქოს მათ ეკუთვნოდეთ ეს ადგილები. ახალგაზრდობას საშუალებას არ აძლევენ ნიჭი და შესაძლებლობა გამოამჟღავნონ.

ქედის საკრებულოს სამი წლის განმავლობაში არც ერთი პროექტი არ მიუღია, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობდა ხელს. იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობის ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაზე მოდის. რატომ არ დაინტერესდით ამ საკითხით?

დაინტერესებული ვიყავით, მაგრამ თანხები საბავშვო ბაღების მშენებლობასა და ინფრასტრუქტურაზე მიდიოდა.

სოფლის მეურნეობა პრიორიტეტი არ იყო სოფლისთვის?

სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული იყო, მაგრამ ამ დარგს ყურადღება ვერ მივაქციეთ.

რამდენი ინიციატივა გქონდა, რაც საკრებულოში ხართ? 

სამი ინიცირება მქონდა. აქედან მხოლოდ ერთი – „გაჭირვებული ოჯახებისთვის სახურავების შეძენის“ საკითხი გაითვალისწინეს.

გაქვთ თუ არა კონკრეტულად გაწერილი სამოქმედო გეგმა? ძირითადი პროექტები და პრიორიტეტები რა იქნება სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით?

პარტიას სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტიული გეგმა გააჩნია, რასაც მოსახლეობას შეხვედრებზე ვაცნობთ.

ჩვენი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის დარგების განვითარება, სწორედ იმ დარგებისა, რომლებიც რენტაბელური იყო. მე ხშირად ვსაუბრობდი ღვინის ქარხანაზე, რომელიც როგორც საჭიროა ისე არ მუშაობს, ღვინის იმ მაღაზიაზე, რომელიც მახუნცეთში უკანონოდ ააშენებინეს…

თქვენ ამბობთ, რომ ქედის თვითმმართველობა გარკვეულ ბიზნესმენებს ლობირებს?

რა თქმა უნდა, ამ ლობირებით დაზარალდა მახუნცეთის მოსახლეობა.

მე მქონდა ინიციატივა, რომ მახუნცეთის ცენტრში საკოლმეურნეო ტიპის ბაზარი მოწყობილიყო, სადაც მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემოდა საკუთარი პროდუქტი გაეყიდა. ამის ნაცვლად ბიზნესმენს ღვინის სახლის მოწყობის უფლება მისცეს კანონის დარღვევით. არანაირი ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს, არც მიწაა გასხვისებული, არც პროექტი არსებობს, შენობა არაკანონიერად დგას. მახუნცეთის ცენტრში შუქი ვერ მიუყვანეს ადამიანებს და ლამპებზე ვაჭრობენ.

„პატრიოტთა ალიანსი“ წინააღმდეგია საქართველოში უცხოელების შემოსვლის. ამაზე თქვენ რას ფიქრობ?

„პატრიოტთა ალიანსი“ უცხოელების წინააღმდეგი არ არის, პირიქით უნდა დავაინტერესოთ უცხოელები, რომ შემოვიდნენ ქედის მუნიციპალიტეტში.

თქვენი შეფასებით, ქედის თვითმმართველობა რამდენად დამოუკიდებელია? 

ბიუჯეტის დანართი ბათუმში იგზავნება, საიდანაც აძლევენ შენიშვნებს თუ რა ცვლილება უნდა გატარდეს და შემდეგ შემოდის საკრებულოში. ეს არასწორია. ვფიქრობ, ბიუჯეტი სოფელში, მოსახლეობასთან ერთად უნდა განიხილებოდეს, თემების მოთხოვნა უნდა იყოს ასახული.

თვითმმართველობა მოსახლეობის ჩართულობით მართვის სისტემას გულისხმობს. რას გააკეთებთ იმისთვის, რომ მოსახლეობა გააქტიურდეს ამ კუთხით?

ჩვენი ყველა თემში მოსახლეობასთან ერთად განვიხილავთ ბიუჯეტს.

ქედაში ჰესების მშენებლობაა დაგეგმილი – გვირაბი გეოლოგიურად აქტიურ ზონაში, სოფელ ჯალაბაშვილებში უნდა გავიდეს. თუ პირველადი გეგმა არ შეიცვალა პროექტის წინააღმდეგ წახვალთ?

მოსახლეობის ინტერესი გათვალისწინებული უნდა იყოს, მოსახლეობა არ უნდა დაზარალდეს, მე დავეყრდნობი იმ დასკვნებს რაც იქნება.

ბათუმში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი [SEDM] მიმდინარეობს. მინისტერიალის ფარგლებში რამდენიმე ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ხვდება ერთამენთს. მინისტერიალის მიზანია რეგიონში უსაფრთხოების და მშვიდობის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია.

მინისტერიალი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ გახსნა.

„ეს შეხვედრა ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგანაც დღეს საქართველო პირველად მასპინძლობს სამხრეთ აღმოსავლეთის თავდაცვის მინისტერიალს საქართველოს ტურისტულ დედაქალაქ ბათუმში…  21-ე საუკუნის დასაწყისი ძლიერი გეოპოლიტიკური რყევებით გამოირჩევა, რაც მთელ მსოფლიოში გამოვლინდა კონვენციური და არაკონვენციური გამოწვევების სახით.  ეს გამოწვევები პირდაპირ გავლენას ახდენენ ჩვენზე – შავი ზღვისა და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე. სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის პლატფორმა უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ,  გავაღრმავოთ რეგიონული თანამშრომლობა და გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა. ასეთი კონფერენციის ჩატარების ინიციატივა გამომდინარეობდა ხედვიდან, რომ ერთიანი ევროპა უკეთესად გაუმკლავდება კომპლექსურ და მუდმივად ცვალებად უსაფრთხოების გარემოს,“ – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს საფუძველი ჩაეყარა 1996 წელს რეგიონის მინისტრების შეხვედრის დროს ტირანაში (ალბანეთი) ამერიკის შეერთებული შტატების ხელშეწყობით.

მინისტერიალის წევრები არიან: ალბანეთი, ბულგარეთი, ხორვატია, მაკედონია, საბერძნეთი, იტალია, რუმინეთი, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა (2005წ), აშშ, ბოსნია-ჰერცეგოვინა (2007წ), სერბეთი (2010წ) და მონტენეგრო (2010წ). დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს მოლდოვა. საქართველო SEDM-ის წევრი ქვეყანაა 2015 წლის 10 სექტემბრიდან.

SEDM-ის ფარგლებში რამდენიმე ინიციატივა მოქმედებს, მათ შორის სამხედრო ჰოსპიტლების სატელიტური ურთიერთკავშირის პროგრამა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სიმულაციური ქსელი და ქალი ლიდერები თავდაცვასა და უსაფრთხოებაში. ამ პროექტის ხელმძღვანელი ამჟამად რუმინეთია. 2017 წლის ბოლოს პროექტის ხელმძღვანელობა როტაციის პრინციპით საქართველოს უწევს.

IMG_0502
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი

აჭარის რეგიონში გაზიფიცირების პროცესი გრძელდება

[highlight color=”green”]დაიწყო ისტორიული მნიშვნელობი პროექტი -მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება[/highlight]

10 ოქტომბერს შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში ისტორიული მნიშვნელობის პროექტი – მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო. ბათუმი-ქედის მონაკვეთის (ხიჭაურის დასახლებამდე) გაზსადენი მილის მშენებლობის სამონტაჟო სამუშაოების დაწყების ღონისძიებაზე შეკრებილ ადგილობრივებს ზურაბ პატარაძემ სიტყვით მიმართა და ისტორიული პროექტის დაწყება მიულოცა.

01

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ზრუნავს მთის განვითარებაზე და ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს. მისი თქმით, „მთის კანონი“, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა, კურორტ “გომარდულის“ და „გოდერძის“ განვითარებისთვის დაწყებული ღონისძიებები, გოდერძის სუბალპური ბაღის მშენებლობა და კურორტ „ბეშუმის“ რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა აჭარის მთის მოსახლეობის კეთილდღეობას, სამთო ტურიზმისა და მთლიანად აჭარის რეგიონის განვითარებას ემსახურება.

03

[highlight color=”green”]გაზსადენის მშენებლობა დაიწყო ასევე სოფელ გვარასა და სოფელ ქობულეთში[/highlight]

9 ოქტომბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვარასა და სოფელ ქობულეთში გაზსადენის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. გაზსადენის მშენებლობის დაწყების სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის ხელმძღვანელ პირებთან და კომპანია „სოკარ-ჯორჯია-გაზის” რეგიონულ დირექტორთან დავით ლეკიშვილთან ერთად დაესწრო.

მთავრობის თავმჯდომარე სოფელ გვარასა და სოფელ ქობულეთში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და სიტყვით მიმართა. მისი თქმით, მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, აჭარის მთავრობა აგრძელებს რეგიონის გაზიფიცირების მიმართულებით მუშაობას: ქობულეთის მუნიციპალიტეტის 12 სოფელში ცენტრალური გაზსადენების მშენებლობა მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის არეალებში. სოფელ ქობულეთში 707 აბონენტი მომარაგდება ბუნებრივი აირით (50 კმ), ხოლო სოფელ გვარაში 316 აბონენტი (23,2 კმ). მთლიანობაში მოეწყობა 321,5 კილომეტრი, რაც უახლოეს მომავალში უზრუნველყოფს 4400 საცხოვრებელი სახლის ბუნებრივი გაზით მომარაგებას.

06

აჭარის მთავრობა

 

 

 

 

 

კაცის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

პოლიციამ ბათუმში, გონიოს დასახლებაში, კაცის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებულია 1979 წელს დაბადებული ბ.პ., რომელიც ქალაქ გორის მცხოვრებია. ის იმ კლუბის დაცვის თანამშრომელია, რომლის მიმდებარედაც შემთხვევა მოხდა.

ბათუმში, გონიოს დასახლებაში მოქალაქე ნ.დ. დანით ორი დღის წინ დაჭრეს. შემავალი ჭრილობის მქონე ნ.დ. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევა ღამის კლუბ „დენიზის“ ეზოში მოხდა, სადაც სასტუმროც მუშაობს. მოქალაქის დაჭრა, სავარაუდოდ, დაცვის თანამშრომელსა და იქვე მომუშავე ტაქსის მძღოლებს შორის შელაპარაკებას მოჰყვა. ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ დააკავეს.

ბრალდებულის დაკავებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ შემთხვევას ხელვაჩაურის პოლიცია იძიებს და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის შესაბამისად მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

შსს: ბათუმში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ.ქ. ბათუმში დააკავეს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბრაუნინგის სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი და 41 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს [საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით].

Sss

 

ნოდულარული დერმატიტის შემთხვევები აჭარაში – „ვითარება კონტროლს ექვემდებარება“

მსხვილფეხა საქონელში ნოდულარული დერმატიტის ბოლო შემთხვევა აჭარის მთის სოფლებში სექტემბრის მიწურულს გამოვლინდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  დერმატიტით ცხოველთა დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა შუახევში, შუბნის თემის ექვს სოფელში დაფიქსირდა. სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის, ლაშა ავალიანის შეფასებით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და დაავადების გავრცელების საფრთხე არ არსებობს. მისივე ინფორმაციით, შუბნის თემში ნოდულარულ დერმატიტზე ამ დროისთვის 4 400-ზე მეტი მსხვილფეხა პირუტყვია აცრილი.

„დაავადების გამოვლენისთანავე დავიწყეთ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის აცრა, ექვსივე სოფლის თითქმის ყველა პირუტყვი აიცრა, დაავადების გავრცელებისგან თავი რომ დავიზღვიოთ, ვაქცინაციის გეგმაში შუბნის თემის მიმდებარე სოფლები ჩავრთეთ. თემიდან  3-5 კილომეტრით დაშორებულ სოფლებში ეტაპობრივად აიცრება საქონელი, ვაქცინაციის ძირითადი ღონისძიებები ნოემბრის შუა რიცხვამდე დასრულდება, ამ დროისთვის კი აჭარის რეგიონში, სულ 16 000 პირუტყვია აცრილი“ – ამბობს ლაშა ავალიანი.

ნოდულარული დერმატიტი მსხვილფეხა პირუტყვის ვირუსული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ცხელებით და კანქვეშა კვანძების წარმოქმნით. საქონელს უზიანდება თვალი, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსი.

მსხვილფეხა საქონლის ეს დავადება ადამიანზე არ გადადის, რაც შეეხება ცხოველთა დასნებოვნებას, დაავადების ძირითადი გამავრცელებელია მწერებია. ვაქცინაცია დაავადების გამოვლენის შემთხვევაში იწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, ნოდულარული დერმატიტის ერთეული შემთხვევები გამოვლინდა ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც.

„დაავადების ამოცნობა ვიზუალურად ადვილია,  საქონელს კვანძოვანი გამონაყარი უჩნდება. თუ ასეთ გამონაყარს შეამჩნევენ მოქალაქეები, შეატყობინონ ადგილობრივ ვეტერინარულ სამსახურებს, რომ დროულად მოხდეს ვაქცინაცია. რაც შეეხება დაავადებული საქონლის ხორცსა და რძის პროდუქტებს, მნიშვნელოვანია ის, რომ  დაავადება ადამიანზე არ გადადის, თუმცა ვაქცინაციის შემთხვევაში, ვაქცინირებული ცხოველის რძის მიღება ერთი კვირის განმავლობაში რეკომენდებული არ არის.  რადგანაც დაავადების ძირითადი გამავრცელებელი მწერებია, მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი ცხოველი მწერების საწინააღმდეგო პრეპარატით დაამუშავონ, ასევე უნდა დამუშავდეს ცხოველის სადგომიც. ეს ერთგვარი პრევენცია იქნება.  რაც შეეხება ქედასა და ხულოს მუნიციპალიტეტების სოფლებს სადაც დაავადების ერთეული შემთხვევა დაფიქსირდა, იქ ჩატარდა ვაქცინაცია და პროცესი მიმდებარე ტერიტორიებზე გრძელდება“ – აცხადებენ სააგენტოში.

კომპანია: ორ დღეში ჭავჭავაძის ქუჩაზე ლითონის ღობე მოეწყობა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე  [ბარათაშვილის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე] მდებარე გზაგამყოფზე ლითონის ღობე მოეწყობა. ამ ეტაპზე გზაგამყოფს ქვის ქოთნებისგან ათავისუფლებენ. ღობის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან 57 756 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს,

ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ შესაბამის ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა. სატენდერო თანხა 66 299 ლარი იყო, კომპანია NEW ENERGY-მ კი მერიას სამუშაოს შესრულება ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზა და მასთან ხელშეკრულება, 57 756,56 ლარზე, მიმდინარე წლის 11 სექტემბერს გაფორმდა.

ხელშეკრულების მიხედვით ღობის მოწყობა 12 ოქტომბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ფაქტობრივად დღეს, 10 ოქტომბერს, დაიწყო.

„ლითონის შესაბამისი კონსტრუქციები გამზადებული გვაქვს. დღეს, ალბათ, დავიწყებთ დამონტაჟებას და ორ დღეში დავასრულებთ. რაც შეეხება არსებულ მცენარეებს, ქოთნებიანად გადაგვაქვს მერიის საწყობში“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ კომპანია NEW ENERGY-ს დირექტორმა ლაშა აბულაძემ.

ჭავჭავაძის ქუჩა, ბათუმი / 10.10.2017
ჭავჭავაძის ქუჩა, ბათუმი / 10.10.2017
ჭავჭავაძის ქუჩა, ბათუმი / 10.10.2017
ჭავჭავაძის ქუჩა, ბათუმი / 10.10.2017

DRC – დავების ეფექტური გადაწყვეტა ძლიერი ეკონომიკისთვის

DRC-დავების განმხილველი ცენტრი მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო ინსტიტუტია, რომელიც იხილავს ქონებრივ, მათ შორის სესხის, ნასყიდობის, ნარდობის, შრომის და სხვა სამოქალაქო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებულ დავებს.

DRC-ის პარტნიორია BAG-ი – საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ქვეყნის ლიდერი კომპანიებისა და ბიზნესმენების გაერთიანება, რომელიც არბიტრაჟის, როგორც დავების ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებით, ხელს უწყობს DRC-ის ჩამოყალიბდეს როგორც ლოკალური, ასევე საერთაშორისო კომერციული დავების განმხილველ ინსტიტუტად.

DRC-ი გირჩევთ, საარბიტრაჟო შეთანხმება მიაღწიოთ დავის წარმოშობამდე, ცალკე ხელშეკრულებით ან ძირითად ხელშეკრულებაში (სესხის, შრომის, ნასყიდობის, ნარდობის ან სხვა ტიპის ხელშეკრულებაში) საარბიტრაჟო დათქმით. DRC-ი, როგორც პოტენციური დავის განმხილველი საარბიტრაჟო დაწესებულება, გათვალისწინებულია საქართველოში არსებულ სამოქალაქო კონტრაქტების ძალიან დიდ ნაწილში. შესაბამისად, ყოველწლიურად 1200-ზე მეტი დავა განიხილება DRC-ის მიერ და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

22403925_1576733629016515_1895268966_o

DRC-ს ენდობა არა მხოლოდ ქართული ბიზნესი, არამედ უცხოურიც, რადგან მას გააჩნია როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო დავათა განხილვის გამოცდილებაც, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული მოქნილი და ეფექტური საარბიტრაჟო წესები. უფრო მეტიც, DRC-ი, გათვალისწინებულია FIDIC-ის (ინჟინერ კონსულტანტთა საერთაშორისო ფედერაციის) წესების საფუძველზე უცხოური უმსხვილესი კორპორაციების კონტრაქტებში. ერთ-ერთი ასეთი კონტრაქტის საფუძველზე წარმოშობილ დავაზე DRC-ის, როგორც დამნიშვნელი ორგანოს მიერ დანიშნულ იქნა „დავების საბჭოს წევრი“, რომლითაც DRC-ის მიერ შეიქმნა მნიშვნელოვანი პრეცედენტი ქართულ საარბიტრაჟო წარმოებაში.

DRC-ის სტრუქტურა და საარბიტრაჟო განხილვის წესები უზრუნველყოფენ დავის სწრაფად, ნაკლები დანახარჯებით განხილვას, მხარეთა მაქსიმალურ ავტონომიას და ჩართულობას როგორც საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნის, ასევე საარბიტრაჟო განხილვის პროცედურებში, და დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და აღსრულებადი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებას.

DRC-ის გააჩნია არბიტრთა სია. მის შემადგენლობაში შემავალი ყველა არბიტრი გახლავთ მაღალი რეპუტაციის მქონე იურისტი, რომლებიც ასევე არიან „საქართველოს არბიტრთა ასოციაციის“ წევრები. მათი უშუალო მონაწილეობით შემუშავდა და დამტკიცდა „არბიტრთა ეთიკის კოდექსი“.

[highlight color=”red”]რეკომენდებული საარბიტრაჟო დათქმა:[/highlight]

„ნებისმიერი დავა, წარმოშობილი წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის ნებისმიერი საკითხი ხელშეკრულების ანდა საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობასა და შეწყვეტის შესახებ განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით უნდა გადაეცეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს „დავების განმხილველ ცენტრს“ (DRC-ს, რომლის სარეგისტრაციო კოდია 204547348)“.

მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას #71, მე-2 სართული, ოფისი #11 ტელეფონი: 032 2 207 327 ვებგვერდი: www.drc.ge

მაღალმთიან აჭარაში 65 162 მეტრი სიგრძის გაზსადენის მშენებლობა იწყება

მაღალმთიან აჭარაში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების დაწყების ცერემონია დღეს, 10 ოქტომბერს შუახევის მუნიციპალიტეტში, ხიჭაურში გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თამჯდომარე, ზურაბ პატარაძე ესწრებოდა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.

გაზსადენმა ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტები უნდა უზრუნვეჰყოს ბუნებრივი გაზით. გაზსადენი სოფელ სალიბაურიდან სოფელ ერგემდე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას მიუყვება. სოფელ ერგედან ხიჭაურის დასახლებამდე კი – ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზას.

გაზსადენის საერთო სიგრძე 65 162 მეტრია. ის 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. გაზსადენის სამშენებლო ღირებულება 25 850 000 ლარია.

პროექტი 2019 წლის 1 მარტს უნდა დასრულდეს.

სამუშაოებს შპს „ენერჯი ინვესტი 2009“ ახორციელებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ პროექტის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ზრუნავს მთის განვითარებაზე და ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს, როგორიცაა: ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა, კურორტ „გოდერძის“ განვითარება, გოდერძის სუბალპური ბაღის მშენებლობა და კურორტ „ბეშუმის“ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. 

„18 თვეში ჩვენ მივიღებთ ახალ გაზის მილს და წარმატებულ პროექტს. პარალელურად დაიწყება თითოეული სოფლის დაქსელვა და გაზიფიცირება. ჩვენი მთავარი სტრატეგია არის მთის გაძლიერება, ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რაც მოსახლეობას მისცემს გაძლიერების საშუალებას. გაზიფიცირების მეორე ეტაპი არის შუახევი – გოდერძის უღელტეხილი“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

„სამყარო ლამაზია, როცა გიყვარს“ – 10 ილუსტრაცია სიყვარულზე

სამხრეთკორეელი არტისტი  Hyocheon Jeong-ი ილუსტრაციებით გვიამბობს, როგორები ხდებიან ადამიანები ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო პერიოდში – როცა უყვარდებათ.

27 წლის მხატვარი განწყობის გადმოსაცემად იყენებს პასტელურ ტონებს და კაშკაშა, მყვირალა ფერებსაც. ილუსტრაციებში წყვილის იდილიას არავინ არღვევს, სამყაროში ისინი თითქოს მარტო არიან. ნახატებზე მათ  გვერდით ერთადერთი სულიერი ჩნდება ხანდახან – კატა, რომელიც მყუდრო გარემოს არ არღვევს.

მხატვრის შთაგონების წყარო მეგობრების, უცხო ადამიანების და საკუთარი ისტორიებია.

1. ძილი შენს მკლავებში

15803329_1582214005128988_4571708076289163264_n-59b13e9ec2f94__700

2. საოჯახო სადილი მყუდრო სამზარეულოში

19367128_1916377945270767_5140884353605173248_n-59b13ead39d6e__700

3. როცა გეხუტები, აღარაფერი მაშინებს

12346076_503064429875928_1455906342_n-59b13e9be375c__700

4. წვიმაში სეირნობა

17494085_812493702235809_7814692063064096768_n-59b13ea3d6a5e__700

5.განტვირთვა კარგი შოუს ნახვის შემდეგ

6.ფრთხილი შეხება

image-11-59b13ec2b7912__700

7.. განათებული ქალაქი ღამით

17817929_1781566742160621_1627612182197829632_n-59b13ea753037__700

8. ღამის ცეკვები

19120678_1878105899110324_4483692827615690752_n-59b13eab3d4a7__700

9. მსუბუქი კოცნა

image-10a-59b13ecaeca26__700

10. მოულოდნელი ვნება

10950635_435584413297964_74470951_n-59b13e97b8c3a__700

 

წყარო: grafolio.com

„მომავალი მერიც ამოვა“ – საჯარო მოხელეები „ოცნების“ მერობის კანდიდატზე [ვიდეო]

სოფელ მაჭახლისპირში ადგილობრივმა მოსახლეობამ, 9 ოქტომბერს აქცია გამართა – გზის საფარის მოწესრიგების მოთხოვნით მათ გზა რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ. აქციის მონაწილეებთან მოგვიანებით მივიდნენ აჭარის მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ხელვაჩაურში თეიმურაზ ბასილაძე და ხელვაჩაურის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მინდია ბასილაძე.

აქციის მონაწილეებსა და საჯარო მოხელეებს შორის ასეთი დიალოგი შედგა:

აქციის მონაწილე: რატომ არ მოდის და არ მელაპარაკება მთავრობა?
თეიმურაზ ბასილაძე: გამგებლის მოვალეობის შემსრულებელია ამ წუთში [აქ].
მინდია ბასილაძე: მომავალი მერიც ამოვა.
თეიმურაზ ბასილაძე: მერი მოდის მომავალი, დაგვირეკა.

აქციის მონაწილე: ვარდმანიძემ რა უნდა ქნას, იმ ბატონმა?
თეიმურაზ ბასილაძე: მერი უნდა იყოს მომავალი.

აქციის მონაწილე: ჯერ ხომ არ მოსულა ხელისუფლებაში მაგი კაცი?
მინდია ბასილაძე: ღვთის წყალობით მოვა, თქვენი დახმარებით.

ჯუმბერ ვარდმანიძე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.

არის თუ არა საჯარო მოხელეების მხრიდან მოქალაქეებთან კანდიდატის მერად მოხსენიება ფარული აგიტაცია ან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება?

„იმ შემთხვევაში თუ ეს პიროვნება ნამდვილად საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელია, მისი მხრიდან გამოხატული ქცევა შეგვიძლია მივიჩნიოთ წინასაარჩევნო აგიტაციის შემცველ მოქმედებად და არის საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევა“, – განაცხადა გიორგი ხიმშიაშვილმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

„მომავალი მერი, არ ვიცი ახლა ვინ ახსენა. მე ვახსენე მომავალი მერი?.. იქ ემოციური საუბარი იყო, თან ისეთ თემებზე, რომ ხელისუფლება არ მოდის, კანდიდატები არ მოდიან… მე არ ვიცი [ჯუმბერ ვარდმანიძე] მერი იქნება, არ იქნება, მაგრამ იქ მითხრეს, რომ მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამოდისო… ვერ დავადასტურებ რა ვთქვი და რა არა,  შეიძლება ვთქვი, წამომცდა და ამას თუ გამოიყენებენ აგიტაცია გასწიაო, არ ვიცი“, – აღნიშნა ჩვენთან სატელეფონო საუბარში თეიმურაზ ბასილაძემ, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე მძიმეწონიანი მანქანები გადაადგილდება, დგება მტვერი და მოსახლეობა ითხოვდა გზის  სისტემატიურ მორწყვას: „ეს დეპარტამენტის კომპეტენციას სცილდება. მაგრამ შევპირდი, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან გავივლი საკითხს – რამდენიმე ადგილზე ბარიერებისა და სიჩქარის შეზღუდვის მანიშნებელი საგზაო ნიშნების დაყენებაზე. ასეთი მოთხოვნაც იყო და, ვფიქრობ, ეს დადებითად გადაწყდება“.

„მაქ გზის შეკეთების პროექტი [საგზაო ინფრასტრუქტურის ჩათვლით] პრაქტიკულად შესყიდული გვაქვს. ეს არის დაახლოებით 4,4 კმ სიგრძის გზის მონაკვეთი  – აჭარისწყლის ხიდიდან ჰესის მიმდებარე ტერიტორიამდე. 2 მილიონ ლარზე მეტი ჯდება და 2018 წლის ბიუჯეტში აისახება. ეს საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია“, – აცხადებს თეიმურაზ ბასილაძე.

ამავე თემაზე:

იყენებს თუ არა ადმინისტრაციულ რესურსს ქედის გამგებელი „ოცნების“ სასარგებლოდ?

ენმ-მ ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების ფოტომასალა გაასაჯაროვა

 

 

ვინ მიიღებს თვეში 200-ლარიან სტიპენდიას ბათუმის მერიისგან

29 ოქტომბრამდე გრძელდება ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება. სტიპენდიას თვეში 200 ლარის ოდენობით 50 სტუდენტი მიიღებს, რომლებიც ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე სწავლობენ, უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის მომენტისთვის რეგისტრირებულნი არიან ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მიღებული აქვთ დადებითი შეფასება (A)-ფრიადი (91 ქულა და მეტი) წინა სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად.

სტიპენდიის გაცემის დროს პირველ ეტაპზე განიხილება იმ სტუდენტთა დაფინანსების საკითხი, რომლებიც სწავლობენ შემდეგ საგანმანათლებლო მიმართულებებზე:

[checklist]

  • ინჟინერია (მშენებლობა)
  • არქიტექტურა
  • ეკოლოგია/გარემოსმცოდნეობა
  • კულტურული მემკვიდრეობა
  • რესტავრაცია/კონსერვაცია
  • არქეოლოგი
  • განათლების მეცნიერებები და მასწავლებლის განათლება.

[/checklist]

სტიპენდია გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით.  სტიპენდია გაიცემა არაუგვიანეს 2017 წლის ნოემბრისა და ერთობლივად მოიცავს  6 სასწავლო თვეს.

თუ პირველი ეტაპზე ვერ შეირჩა 50 საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტი, დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე, ქვეპროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაცვით, მოხდება სხვა დანარჩენ საგანმანათლებლო მიმართულებებზე/დარგებზე/სპეციალობებზე ჩარიცხულ  საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტთა შერჩევა.

სტიპენდია არ გაიცემა აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის მერვე სემესტრისა და მეორე საფეხურის მეოთხე სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრების დოკუმენტების საფუძველზე.

სტიპენდიის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციაა: განცხადება; საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი; 2 ფერადი ფოტოსურათი (3X4); მოქალაქის საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმეტი; ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის ჩარიცხვის თარიღის, ფაკულტეტის, სპეციალობისა და კურსის მითითებით; ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტის წინა სემესტრის შედეგების შესახებ; ინფორმაცია სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების შესახებ – თუ განმცხადებელი ბაკალავრია; ინფორმაცია საერთო სამაგისტრო პროგრამებზე მისაღებ გამოცდაზე სპეციალობაში მიღებული შეფასების შესახებ – თუ განმცხადებელი მაგისტრანტია.

ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის ბათუმის მერიის ქვეპროგრამაა და მისი მიზანი ბათუმელ სტუდენტთა  სწავლის სტიმულირებაა.

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში სამი გემი დააჯარიმეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების 3 ფაქტი გამოავლინეს.

მალტისა და მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა – ფოთის, ხოლო ხორვატიის დროში ქვეშ მცურავმა გემმა, სუფსის ნავსადგურში, სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარეს.

გემის კაპიტანებს 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დაეკისრათ, რასაც დაემატება გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა – ინფორმაციას გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. 

გემები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს, დაკისრებული საჯარიმო სანქციებისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებენ.

მთავარ ფოტოზე: გემები შავ ზღვაში. მანანა ქველიაშვილის ფოტო. 

Exit mobile version